globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 17th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Версии» (უკრაინა): საქართველო როგორც ყოფილი „სააკაშვილეთი“

«РИА Новости» (რუსეთი): რაულ ხაჯიმბა მოსკოვში: „რუსეთზე დამოკიდებული „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის პერსპექტივები

——————————————————–

«Версии» (უკრაინა), 17 აპრილი, 2015 წელი

http://versii.com/news/325736/

საქართველო როგორც ყოფილი „სააკაშვილეთი“

ეგორ სმირნოვი

(შემოკლებით)

უკრაინა მტკიცედ მიაბიჯებს „გვიანდელი სააკაშვილის“ გზაზე. მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში საქართველოში უკვე ყველაფერი კარგი დასრულებულია – ფული, ინფრასტრუქტურული პროექტები, პოლიციის რეფორმა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, დაწყებულია ტოტალური „ბნელეთის მოციქულობის“ პერიოდი: ბრძოლა საბჭოური სიმბოლიკის წინააღმდეგ, ბრძოლა პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ, „დიქტატორული დემოკრატიის“ დამყარების მცდელობა საკონსტიტუციო ცვლილებების მეშვეობით… საბოლოოდ ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მიხო კიევშია, მისი ოპონენეტები კი საქართველოს ხელისუფლებაში. ქვეყანა, რომელიც ასე ამაყობდა თავისი მიღწევებით, დღეს მხოლოდ ხანმოკლე „კეთილდღეობის“ მოგონებებით ცხოვრობს…

„ვარდების რევოლუციასა“ და „ნარინჯის რევოლუციას“ ერთმანეთისაგან მხოლოდ ერთი წელი აშორებთ. ის, რაც მათ აერთიანებდათ, შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: ორივეს მხარი შეერთებულმა შტატებმა დაუჭირა, ორივეს მიზნის მისაღწევად ერთანაირი სტრატეგია ჰქონდათ. მაგრამ არის ერთი „მაგრამ“: უკრაინაში და საქართველოში არსებული რეალური სიტუაცია ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა.

2003 წლისათვის უკრაინაში ეკონომიკური აღმავლობის დრო იდგა, მიმდინარეობდა საპრივატიზაციო ბუმი. მეტალურგიის მკვეთრი განვიტარება „უკრაინული სასწაულის“ ლოკომოტივი გახდა. 2003 წლის მონაცემებით ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სენსაციური ზრდა დაფიქსირდა – 9,3% და ეს მაშინ, როცა პროგნოზი მხოლოდ 4,8% იყო. სამრეწველო წარმოების მატებამ 16%-ს მიაღწია. მომავალ 2004 წელს მშპ-ის მატება კვლავ რეკორდული დაფიქსირდა – 12%, რაც უკრაინის დამოუკიდებლობის წლების ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

საქართველო კი იმ დროს დღევანდელ უკრაინაზე უარეს მდგომარეობაში იყო. ქვეყანამ სამი დამანგრეველი ომი გადაიტანა, არ ჰქონდა მრეწველობა, არ ჰქონდა მტკიცე ხელისუფლების სისტემა, დედაქალაქი გათბობისა და განათების გარეშე (თბილისი აივნებზე დღესაც ნახავთ იმ პერიოდიდან შემორჩენილ „ბურჟუიკებს“), ხშირად არ იყო წყალი… დანგრეული და მოშლილი ინფრასტრუქტურა, ადამიანებს ქუჩაში გამოსვლისა ეშინოდათ, ათასი ჯურის „მოხალისეთა ბატალიონები“ რეკეტს ეწეოდნენ და იარაღით დარბოდნენ, მათი „მეთაურები“ კი რესტორნებში ქეიფობდნენ და ქალებს აუპატიურებდნენ. საგადასახადო სისტემა თითქმის არ არსებობდა: ფულს ყველა „კრიშას“ („მფარველს“) უხდიდა, რომელთა როლში, ჩვეულებრივად, ძალოვანი ჩინოვნიკები გამოდიოდნენ. მოხუცი პრეზიდენტი ედუარ შევარდნაძე სიტუაციას ვერარ აკონტროლებდა. მოკლედ, ირგვლივ სიღატაკე და შიში სუფევდა…

და როცა 2003 წლის ნოემბერში, მრავალდღიანი საპროტესტო მიტინგების დროს პარალემენტის შენობაში მიხეილ სააკაშვილი შეიჭრა, ედუარდ შევარდნაძეს წინააღმდეგობა, ფაქტიურად, არც გაუწევია – იგი იმ ტრიბუნიდან, საიდანაც მოხსენებას აკეთებდა, წყნარად გაიყვანეს… მიხეილ სააკაშვილი კი უცებ შეხტა იმავე ტრიბუნაზე და ხარბად შესვა პრეზიდენტის მიერ ჭიქაში ჩატოვებული ჩაის ნაყენი. სწორედ ის ჩაის ჭიქა ითვლებოდა გამარჯვების ერთგვარ სიმბოლოდ და არა ვარდები, როგორც ამერიკელებმა მოგვიანებით გააპიარეს.

შემდეგ საქართველოში ფულმა იწყო დინება: სხვადასხვა გათვლებით, დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი, თანაც პირველი სამი მილიარდი თითქმის მომენტალურად. ისეთი ღარიბ-ღატაკი ქვეყნისათვის, როგორიც ამაყი «Сакартвело» იყო იმ წლებში, ამდენი ფული კოლოსალური რაოდენობის ინვესტიციას წარმოადგენდა. ეს თითქმის იგივეა, უცებ უკრაინისთვის რომ 50 მილიარდი დოლარი მოეცათ.

საქართველოში სამსენებლო ბუმი დაიწყო: აშენებდნენ გზებს, ხიდებს, სამთო კურორტებს, სასტუმროებს, ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში. ქართველები უყურებდნენ ამ მშენებლობებს და სიამაყისაგან ჭკუიდან გადადიოდნენ. მას შემდეგ, რაც  ბათუმში და თბილისში  აეროპორტის მშენებლობის უფლება თურქებს გადაეცა, უმოკლეს ვადაში აგებული „საჰაერო ჭიშკრებით“ ქვეყანას ტურისტთა ნიაღვარი მოაწყდა. იმავე ხანებში ამერიკული სტანდარტებით გატარდა ქართული პოლიციის რეფორმა, რომლის „ასლი“ შეიძლება კიევში ვნახოთ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის საქმიანობას.

საქართველოში პოლიციის რეფორმა მართალაც კარგი გამოვიდა. შინაგან საქმეტა სამინისტროს მინის შენობა ახალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე სისტემის სიმბოლოს წარმოადგენდა. მოსახლეობა, რომელიც მიჩვეული იყო ფორმიანი ადამიანებისაგან მხოლოდ ძალადობას და შეურაცხყოფას, ახლა გაოცებული შეჰყურებდა, თუ როგორ ეხმარებოდნენ პოლიციელები დაღლილ ბებიებსა და გზაარეულ გოგონებს… იბადებოდა ლეგენდები… ამ სასწაულის გამო მიხეილ სააკაშვილს ყველაფერს პატიობდნენ: ქალებით გატაცებას, ექსტრავაგანტურ პროექტებს, ბოტოქსის კეთებას და სახელმწიფო ხარჯზე ქეიფს…

მაგრამ, ცხადია, ასეთი ვითარება დიდხანს არ გაგრძელდებოდა. 2008 წელს საქართველოს ამერიკული ფული შემოაკლდა, ინვესტორებს კი მოთმინება გამოელიათ. აშკარა გახდა, რომ ევროსტანდარტებით გარემონტებულ ქართულ ეკონომიკას არანაირი ნათელი პერსპექტივა არ გააჩნდა. ასევე ცხადი იყო, რომ მასშტაბურ კაპიტალდაბანდებათა მიუხედავად , მართლაც მშვენიერი პროექტი „სიღნაღი – სიყვარულის ქალაქი“ საქართველოს ტურისტულ მექად ვერ გადააქცევდა. ასევე გასაგები გახდა, რომ წარმატებით გატარებულმა  ადმინისტრაციულმა რეფორმამ (შემცირდა მაკონტროლებელი ორგანოებისა და ისპექციათა რაოდენობა) ეკონომიკის სრული გადატვირთვა არ გამოიწვია.

დიახ, გადასახადების გადახდის დონემ მართლაც აიწია (2003 წლის 10%-დან 2008 წლის 25%-მდე), მაგრამ… გარდაქმნების ფანტასტიკური პროცესი ამით დასრულდა. 2008 წლიდან მშენებლობის ბუმმა იკლო, ასევე მკვეთრად დაეცა ტურისტთა რაოდენობა. ვაჭრობისა და სოფლის მეურნება იმ დონეზე გაიყინა, როგორიც რეფორმების გატარების დროს იყო. ბიზნესში მხოლოდ ავტომობილების რეექსპორტი მატულობდა (მეზობელ აზერბაიჯანში გატანით). სოფლის მეურნების ინდუსტრია, ფაქტიურად არ განვიტარებულა, ქართულმა ღვინოები ევროპაში ფეხი მტკიცედ ვერ მოიკიდა.

მართალია, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი რუსეთთან წაგებული ომის შედეგადაც კი არ დაცემულა, მაგრამ მის რეპუტაციას ბოლო მოუღო რეფორმების შედეგებისადმი იმედგაცრუებამ, მოსახლეობაში სკეპტიციზმი მატულობდა. კარგია, რომ კორუფცია აღარ არის, მაგრამ ფულის გამომუშავება რომ აუცილებელია? ბიზნესი კი არ იზრდება. სასიამოვნოა, რომ პოლიცია ზრდილობიანია და ბებია-ბაბუებს, გოგონებს ეხმარება, მაგრამ იმავე პოლიციის ზოგიერთი დეპარტამენტის თანამშრომლები რომ ღამ-ღამობით დადიან და პოლიტიკური ოპონენეტების ოჯახებს აწიოკებენ? ადამიანებს რომ კანონდარღვევით იჭერენ?

კრიმინალების მიმართ „ნულოვან ტოლერანტობას“ მოსახლეობამ თავდაპირველად მხარი დაუჭირა. „კანონიერ ქურდებს“ მარტო იმისთვის იჭერდნენ და ციხეებში გზავნიდნენ, რომ ისინი ამბობდნენ, ქურდი ვარო. პრეზიდენტის ესკორტს  სიხარულისაგან აღტაცებულნი ქართველები ხელს უქნევდნენ. მაგრამ ნდობის კრედიტი ამ შემთხვევაშიც ამოიწურა: დადგა კონფლიქტებისა და რეპრესიების პერიოდი.

მიხეილ სააკაშვილმა თავისიანების დაპატიმრება დაიწყო, რომლებიც მისი ოპონენტები გახდნენ. პირველმა პრეზიდენტს „ბრძოლაში გამოწვევის ხელთათმანი“ ირაკლი ოქრუაშვილმა – თავდაცვის ექს-მინისტრმა გადაუგდო. მან ტელევიზიით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილი ბევრ უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი „შემთხვევითი“ არ ყოფილა… მმართველი გუნდი მიატოვა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმაც: მან უარი თქვა შეესრულებინა პრეზიდენტის ბრძანება საჯაროდ ემხილებინა ოპოზიციის ლიდერები (მათ შორის ოქრუაშვილიც) რუსეთის სპეცსამსახურების აგენტობასა და ჯაშუშობაში. არ გეცნობა მეთოდები, მკითხველო? მოგვიანებით პრეზიდენტთან ურთიერთობა გაწყვიტა მიხოს კიდევ ერთმა თანამებრძოლმა – პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ…

ოდესღაც „საყვარელი პრეზიდენტისა და ხელმძღვანელისადმი“ მოსახლეობის ანტიპათია იზრდებოდა. [საპარლამენტო არჩევნების წინ] ხალხის მოთმინების ფიალისათვის უკანასკნელი წვეთი გახდა ციხეებში მსჯავრდებულთა წამების ამსახველი ფაქტები გამომჟღავნება, რომლის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში ათი ათასიანი საპროტესტო მიტინგები გაიმართა. ეს იყო „უკმაყოფილების აისბერგის“ მხოლოდ წვერი, სიღრმეში კი პროტესტის მუხტი ძლიერდებოდა. ამ დროისთვის უკვე ჩამოყალიბებულია ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“…

საქმე მხოლოდ სისხლის სამართლის მსჯავრდებულთა წამებაში კი არ იყო, არამედ იმაში, რომ ამგვარი უკანონო ქმედებები სახელმწიფოს მეთაურის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მტრებზეც გაავრცელეს. ასეთი საქმიანობით იყო დაკავებული ჯალათთა მთელი რაზმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ შექმნა. ამ რაზმის წევრთა ნაწილი დღეს შეიძლება უკრაინაშიც ვნახოთ, ისინი ჩვენი ხელისუფლების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ინიშნებიან.

საქართველოს გარეთ ნაკლებადაა ცნობილი ის ამბავი, რომ ხსენებულ ჯალათთა ხელით დაიღუპა პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა. იგი მხეცური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ხმები დადის, რომ იმ ადამიანთაგან ზოგიერთი, რომლებიც დღეს უკრაინაში რეფორმების ბორბალს ატრიალებს, პირადად ესწრებოდა პოლკოვნიკის არაადამიანურ წამებასა და დამცირებას.

ვერხოვნა რადამ გასულ კვირას კანონთა პაკეტი მიიღო საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუმცა ამას უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ვერ ვუწოდებთ – საქართველოში ასეთ სიმბოლიკასთან ბრძოლა ოთხი წლის წინ დაიწყო: რაღაცით ხომ უნდა „გადაფარულიყო“ ეკონომიკური წარუმატებლობა? ჰოდა, საქართველოს პარლამენტმა, მაშინდელი დეპუტატის გია თორთლაძის ინიციატივით, საბჭოთა და ფაშისტურ სიმბოლიკასთან ბრძოლის კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვით დაწესდა გარკვეული შეზღუდვები ყოფილი საბჭოთა ნომენკლატური მიმართ, უნდა მომხდარიყო ლუსტრაცია-კასტრაცია, უნდა აღებულიყო საბჭოთა მოღვაწეების ძეგლები და ასე შემდეგ… მაგრამ დღეს საბჭოური ჩაქუჩ-ნამგალი და კომუნისტური ეპოქის ლოზუნგ-პლაკატები ჯერ კიდევ ბევრია შემორჩენილი როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

ევროპასა და ამერიკაში ნელ-ნელა დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ტოტალიტარულ დემოკრატიად გადაიქცა, რომლის დროსაც, ხალხის მმართველობის ფასადის მიღმა, პოლიციური სახელმწიფო იმალებოდა. ვაშინგტონში იმედი გაუცრუვდათ თავიანთ კაცში იმდენად, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეასრულა დასახული ამოცანა რუსეთთან ომის საკითხში და ბრიყვულად ყველაფერი წააგო…

«РИА Новости» (რუსეთი), 17 აპრილი, 2015 წელი

http://ria.ru/abkhazia/20150416/1059060108.html

http://www.apsnypress.info/news/fenomen-ardzinba-v-tom-chto-on-sumel-zastavit-narod-poverit-v-mechtu-v-vozmozhnost-sozdaniya-nezavis/

რაულ ხაჯიმბას ვიზიტი მოსკოვში: „რუსეთზე დამოკიდებული „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის პერსპექტივები

აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა 14 აპრილიდან მოსკოვში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, აწ უკვე გარდაცვლილი ვლადისლავ არძინბას ქვრივი სვეტლანა ჯერგენია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ასტამურ ტანია, საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა და აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ვასილ ავიძბა.

გუშინ რაულ ხაჯინბა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა, რომლის დროსაც ვლადისლავ არძინბას დამსახურებასა და მის სახელმწიფოებრივ როლზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არძინბა სწორედ ამ სამეცნიერო დაწესებულებაში მუშაობდა.

მოგვიანებით, გუშინვე, რაულ ხაჯიმბა მოსკოვში არსებულ აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მან განაცხადა, აფხაზეთი იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი არცერთი ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს. „ამას საჯაროდ და ხმამაღლა ვამბობ: აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ იმისთვის არ გაგვიწირია ათასობით ახალგაზრდის სიცოცხლე, რომ  ჩვენი სახელმწიფოებრიობა ერთ წუთში გაქრეს“, – აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ. „კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი რუსეთს და იმ სახელმწიფოებს, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებისათვის. მზად ვართ მათთან ურთიერთობა გავაღრმავოთ“.

შეხვედრის დროს რაულ ხაჯიმბა შეეხო რუსეთის მიერ აფხაზეთისათვის გაწეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარების საკითხს. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთს მხოლოდ რუსეთის იმედზე ყოფნა არ გამოადგება და საჭიროა ქვეყანამ საკუთარი რესურსები გამოძებნოს ბიუჯეტის შესავსებად. „ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში აფხაზეთის ბიუჯეტი დაახლოებით სამ მილიარდ რუსულ რუბლს შეადგენს და აღარ იზრდება, ამიტომაც რუსეთის დახმარება მნიშვნელოვანია, თუმცაღა მხოლოდ მოსკოვის იმედზე ყოფნა აღარ გამოგვადგება. ჩვენ ჩვენი რეზერვები უნდა გამოვიყენოთ, რომელთა მოცულობა  საკმაოდ დიდია. აუცილებელია გადასახადების სფეროში კონტროლის გამკაცრება“.

პრეზიდენტის თქმით, დღეს აფხაზეთში გადასახადს გადამხდელთა მხოლოდ 25-30% იხდის, სხვები კი შემოსავლებს მალავენ და ჩრდილში არიან. „ამ პრობლემის გადაჭრა აუცილებელია და თუ ამას მოვაგვარებთ, ბიუჯეტის შემოსავლები რამდენჯერმე მოიმატებს“.

რაც შეეხება რუსეთის 5 მილიარდიან დახმარებას, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი – 1  მილიარდი რუბლი, ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება, დანარჩენი კი, ტრადიციულად, სოციალური უზრუნველყოფისთვის დაიხარჯება, – აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.

აფხაზეთის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთში დღეს დასრულდება.

Comments are closed