globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 17th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL - რადიო თავისუფალი ევროპა – რადიო თავისუფლება» (აშშ): შვიდწლიანი სასჯელით დასრულებული „კაბელების საქმე“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): შვიდი წლით პატიმრობა: „კაბელების საქმის“ მძიმე ფინალი

«Radio Voice of America – радио Голос Америки» (აშშ): ანკარა, ბაქო და თბილისი სამმხრივი სამხედრო წრთვნების ჩატარებას აპირებენ // საქართველომ წრთვნების ჩასატარებლად თურქეთს და აზერბაიჯანს თავისი ტერიტორია შესთავაზა

«Эхо» (აზერბაიჯანი): თავდაცვის მინისტრების სამიტი: აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას აღრმავებენ

———————–

«RFE//RL - რადიო თავისუფალი ევროპა – რადიო თავისუფლება» (აშშ), 17 მაისი, 2016 წელი

http://www.tavisupleba.org/content/kabelebis-saqme/27738524.html

შვიდწლიანი სასჯელით დასრულებულიკაბელების საქმე

ეკა ქევანიშვილი

ე. წ. „კაბელების საქმე“ დასრულდა. შვიდწლიანი პატიმრობა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების 2 წლის ვადით ჩამორთმეული უფლება ხუთივე ბრალდებულს – მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გადაწყვეტილება 16 მაისს დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს – ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს – გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა. განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს დარბაზში დამსწრეთა მხრიდან ხმაური მოჰყვა. დაცვის მხარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, თავისუფალმა დემოკრატებმა კი შაბათისთვის საპროტესტო აქცია დაგეგმეს.

16 მაისს საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ ე. წ. „კაბელების საქმის“ დასკვნით სხდომაზე ხუთიდან ერთ-ერთი ბრალდებულის, გიზო ღლონტის, განაჩენის გამოცხადებას. შვიდწლიანი პატიმრობა მას და მის კიდევ ოთხ კოლეგას – ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს – თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაც პროკურატურა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

ბრალდებულები, რომლებიც ე. წ. „კაბელების საქმეზე“ 2015 წლის 19 ივნისის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ თავდებით იყვნენ გათავისუფლებულები, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოქვეყნებისთანავე სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს. „გადაწყვეტილება უსამართლოა და შემდგომ ინსტანციაში აუცილებლად გასაჩივრდება“, – განუცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ბრალდებულთა ადვოკატმა ლევან სამუშიამ. „დანაშაული არ არსებობს“, – თქვა მან, – „ამ ხალხს ჯილდოები ეკუთვნით იმისთვის, რომ საქვეყნო საქმე გააკეთეს. არანაირი საფუძველი მათი დაპატიმრების არ არსებობს. ეს არის მხოლოდ უზენაესი ხელისუფალის სურვილი, მეტი არაფერი. მოსამართლე სამოტივაციო ნაწილში იმას თუ დაწერს, რომ ‘უბრძანეს და გააკეთა“.

16 მაისს თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მონისტრმა ირაკლი ალასანიამ თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად საგანგებო ბრიფინგიც გამართა და მომხდარი ასე შეაფასა: „დღეს ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას, სამშობლოს პატიოსან სამსახურს. უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბოგინობს ჩვენს ქვეყანაში. შეიცვალა მხოლოდ ამ საშინელი სისტემის მთავარი არქიტექტორი და ის ახლა არის ბიძინა ივანიშვილი. ვიდრე პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოყენების მანკიერ წრეს არ გავწყვეტთ, ჩვენ უსამართლობის მსხვერპლნი ვიქნებით. როცა სამართლიანობა არ არის, არაფერი რჩება ღირებული, რასაც შეიძლება ადამიანი ჩაეჭიდოს, რამაც შეიძლება მისცეს მის ცხოვრებას აზრი.

მოსამართლე ბუგიანიშვილმა დამნაშავედ ცნო ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული, არ გააჩნდათ მოტივი, ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოსთვის ყველაზე მომგებიანი და ხარისხობრივად უნაკლო კონტრაქტი გააფორმეს და ადამიანები, რომლებიც არ განკარგავდნენ იმ თანხას, რომელთა გაფლანგვაშიც მათ ბრალს სდებენ”.

თავდაცვის სამინისტროს ხუთივე თანამშრომელი სწორედ ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მას შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ამ საქმეზე 50 სასამართლო პროცესი გაიმართა. ირაკლი ალასანიამ 16 მაისს ასეევ განაცხადა, რომ ივანიშვილი ქვეყნის მართვის ყველა ძალოვან ბერკეტს დაეპატრონა, მის პარტიაში კი ერთი ადამიანიც არ არის ისეთი, ვინც ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგებოდა. ამიტომ, აცხადებს ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატები ბრძოლის ახალ რელსებზე გადადიან და ეცდებიან ყველა კანონიერი გზით ციხიდან დაიხსნან, მისი თქმით, უდანაშაულო ადამიანები:

„ჩვენ, კონსტიტუციური ნორმების სრული დაცვით და კანონიერი გზით, – მათ შორის აქციებით, – ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის. ხუთი ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენი პარტიის დღის წესრიგს. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენ გვექნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, მივაწვდით ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა მეგობარი ქვეყნის დედაქალაქს. თუ საქართველოს ამ უსამართლობაში დავტოვებთ, შედეგიც უმძიმესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“.

მძაფრი იყო „თავისუფალი დემოკრატების“ სხვა წევრების შეფასებებიც. ნინო გოგუაძემ ბიძინა ივანიშვილს განაჩენის გამოცხადების შემდეგ „პირადი მტერიც“ კი უწოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე. წ. „კაბელების საქმეზე“ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მასში ვკითხულობთ, რომ, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიზრახეს სს „სილქნეტის’’ სასარგებლოდ, სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა. დანაშაულებრივი განზრახვის დაფარვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნათა უგულებელყოფით, გადაწყვიტეს ფიქტიურად მოეხდინათ ბაზრის კვლევა, მიმწოდებლის მოძიება, შესაძენი ქონების, საქონლის, მომსახურების პირობებისა და ღირებულების დადგენა.

16 მაისს მოსამართლის გადაწყვეტილებას ასევე გამოეხმაურა ე.წ. „კაბელების საქმის“ პროკურორი ნინო აღლემაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო ქვეყანაში ადეკვატურად პასუხობს საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას:

„ამ საქმეში მტკიცებულებები იყო დოკუმენტები, რომელთაც, როგორც წესი, აქვს უტყუარობის უმაღლესი ხარისხი. სწორედ ეს დოკუმენტური მტკიცებულებები გახდა მოსამართლის განაჩენის საფუძველი. და ამ დოკუმენტებს ჩაუტარდა არაერთი ექსპერტიზა და ჩვენ ძალიან კვალიფიციური ექსპერტები წარვადგინეთ კიდევ სასამართლოში“.

პროკურორმა აღლემაშვილმა შენიშნა, რომ სახელმწიფო ბრალდების ხელში იმდენად უტყუარი მტკიცებულებები იყო, რომ გამამტყუნებელ განაჩენს ალტერნატივა არ ჰქონდა.

„კაბელების საქმის“ განაჩენი ოპოზიციური პარტიების მიერ უკვე შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რასაც მმართველ გუნდში არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ არ შეიძლება ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს გადააბრალონ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ, 16 მაისს განაცხადა, რომ არასწორია ამ საქმის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეფასება: „დღეს მოდაშია, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერო. შეფასება რთულია – ასეთი მაღალი სასჯელი ნებისმიერი ადამიანისთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული და ხშირად ემოცია უფრო მეტია ხოლმე, ვიდრე საქმესთან დაკავშირებული განსჯა. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. არსებობს სასამართლო სისტემა, მისი გადაწყვეტილებები და არსებობს გასაჩივრების შესაძლებლობაც“.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კი შეფასებისას განაცხადა, რომ დასაწყისიდანვე ამ საქმის გარშემო არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობდა: „ჩვენ ვლაპარაკობდით პროცედურულ დარღვევებზეც, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო, რამაც ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომა შეუზღუდა. აუცილებლად გავეცნობით ამ საქმეს და შევისწავლით, რამდენად იყო მოსამართლის გადაწყვეტილება დასაბუთებული“.

ე.წ.„კაბელების საქმეს“ გამოეხმაურა სამოქალაქო სექტორიც – კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის თქმით, ამ საქმის პროცედურული მიმდინარეობა და პოლიტიკოსთა განცხადებები სასამართლოზე ხელისუფლების ზეწოლას ადასტურებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი არის „უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი“ და რომ საიას მიაჩნდა და მიაჩნია, რომ „ამ საქმეზე დაკავებული პირები არიან უდანაშაულოები. ბრალდების დაუსაბუთებლობას ადასტურებს საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულების და არაერთი მოწმისა და ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენება, ასევე წერილობითი მტკიცებულება“. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ეყოფა გამბედაობა – საქმის განხილვისას იმსჯელებს მხოლოდ სამართლებრივად და გამოიტანს ერთადერთ სამართლიან განაჩენს და უდანაშაულო პირებს გაამართლებს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 მაისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-mod-officials-cable-case/3332010.html

შვიდი წლით პატიმრობა: „კაბელების საქმისმძიმე ფინალი

ზაზა წულაძე

„ამ საქმეზე არსებობდა და ახლა არსებობს კითხვის ნიშნები“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისთვის გამოცხადებულ, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის გახმაურებულ საქმეზე დღეს დადგა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა: 50 წლის ნუგზარ კაიაშაურს, გაერთიანებული შტაბის J6-ის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსს, 43 წლის დავით წიფურიას, იმავე დეპარტამენტში, ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსს;

34 წლის გიორგი ლობჟანიძეს, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის, არაელექტრონული შესყიდვების სამმართველოს უფროსს; არჩილ ალავიძეს, იმავე დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს და 51 წლის გიზო ღლონტს, სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს;

ეს პირები განაჩენის გამოცხადებისთანავე დააპატიმრეს, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური და არეულობა მოჰყვა. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კერძოდ ბრძანა

„ამ საქმესთად დაკავშირებით თავიდანვე იყო გარკვეული კითხვის ნიშნები. ჩვენ ვსაუბრობდით პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის იმაზე, რომ თავიდანვე გრიფი – საუდუმლო დაედო საქმეს, რამაც შეუზღუდა ადვოკატებს წვდომა გამოძიების მასალებზე. ჩვენ აუცილებლად გავეცნობით საქმეს, ამ განაჩენს და შევისწავლით, რამდენად იყო დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება“.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა. ამ დროს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით ევროპაში იმყოფებოდა. 30 ოქტომბერს, დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

პირველ ნოემბერს, თბილისში დაბრუნებულმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იგი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ალასანიამ პროკურატურის მოქმედებას „პოლიტიკურად მოტივირებული იერიში“ უწოდა, „მისი და ევროატლანტიკური კურსის“ წინააღმდეგ. უკვე 4 ნოემბერს, მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი „საგამოძიებო ორგანოებთან დაპირისპირების გამო“ თანამდებობიდან გადააყენა.

გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც „კაბელების საქმის“ სახელით გაიცნო საზოგადოებამ, ეხებოდა, სახელმწიფოს თავდაცვისა და კიბერუსაფთხოების უმნიშველოვანეს კომპონენტს: თბილისი-კოჯორი-წალკა-ახალქალაქი-ახალციხე-ხულო-ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას, შესაბამისი ქსელური აპარატურის შეძენითა და მონტაჟით.

ბრალდება ამტკიცებდა, რომ 2013 წლის სექტემბერში, დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, საიდუმლო ტენდერში – კომპანია „სილქნეტს“ გაამარჯვებინეს. ჯამში, სახელმწიფოს ეს პროექტი 6 720 877 ლარი დაუჯდა, როცა იგივე მომსახურების მიღება , ბრალდების მტკიცებით, „სილქნეტის“ კონკურენტ „დელტაკომისგან“ (სწორედ ამ კომპანიამ იჩივლა 2014 წლის აპრილში – ზ.წ) გაცილებით იაფად – 2 618 004 ლარად შეიძლებოდა. შესაბამისად, დაკავებულებს ბრალად დაედოთ, სხვაობის – 4 102 872 ლარის გაფლანგვა.

ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ და პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ. დაცვის მხარე პროკურატურას ბრალს სდებდა, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით ჩართულ ავთანდილ გუნთიაშვილზე ზეწოლაში, რომელმაც 2015 წლის მარტში, მოულოდნელად ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას ხელი არ მოაწერა და საჯარო სამსახურში გააგრძელა მოღვაწეობა.

ასევე ისმოდა ბრალდებები „დელტაკომის“ მიმართ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას აზრით, პროკურატურამ სწორედ ეს კომპანია გამოიყენა მის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე 50 პროცესი გაიმართა და ჯამში, 77 მოწმე დაიკითხა. საბოლოოდ, მოსამართლე ბუგიანიშვილმა პროკურატურის პოზიცია გაიზიარა. პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლის განაჩენით კმაყოფილია: „დღევანდელი გადაწყვეტილება არის დადასტურება იმისა, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო ქვეყანაში ადექვატურად პასუხობს საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას“.

თავდაცვის სამინისტოს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები ციხეში უკვე მეორედ შეაბრუნეს. 2014 წლის ოქტომბერში დაკავების შემდეგ, ისინი, 2015 წლის ივნისში, მოსამართლემ, ხუთი პარლამენტარის თავდებობის სანაცვლოდ, გირაოთო გაათავისუფლა. 2015 წლის აგვისტოში კი, ოთხი მათგანი: კაიშაური, წიფურია, ლობჟანიძე და ალავიძე თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზეც აღადგინეს.

სასამართლოს განაჩენს დღესვე სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელმაც განაცხადა, რომ „უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბოგინობს ჩვენს ქვეყანაში, შეიცვალა მხოლოდ ამ საშინელი სისტემის მთავარი არქიტექტორი – ის ახლა არის ბიძინა ივანიშვილი.“

21 მაისს, „თავისუფალი დემოკრატები“ მთავარი პროკურატურის წინ საპროტესტო აქციას გეგმავენ. პარალელურად, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

«Radio Voice of America – радио Голос Америки» (აშშ), 17 მაისი, 2016 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/nc-defense-ministers-meet-in-gabala/3332534.html

ანკარა, ბაქო და თბილისი სამმხრივი სამხედრო წრთვნების ჩატარებას აპირებენ

საქართველომ წრთვნების ჩასატარებლად თურქეთს და აზერბაიჯანს თავისი ტერიტორია შესთავაზა

რადიო „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის მიერ მომზადებულ მასალაში (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი), რომელიც გაბალაში გამართულ აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამიტს ეხება, ყურადღება გამახვილებულია ქართული სამხედრო უწყების ხელმძღვანელის თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე შემდეგი საკითხების შესახებ:

ა) მინისტრმა მზადყოფნა გამოხატა, რომ სამმხრივი საქართველო-აზერბაიჯან-ტურქეთის სამხედრო სწავლებები საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდეს;

ბ) მინისტრმა შესთავაზა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, რომ მონაწილეობა მიიღოს თბილისთან ახლოს გახსნილ ნატოს საწრთვნელი ცენტრი პროექტებში;

გ) მინისტრმა თურქეთ-აზერბაიჯანთან განვითარებული სამხედრო თანამშრომლობის ფონზე  დამოკიდებულება რუსეთის მოკავშირე სომხეთის მიმართაც გამოხატა: „სომხეთის მიმართულებით ვმუშაობთ. ის ჩვენი მეზობელია. მაგრამ იმავდროულად ჩვენ ვთნამშრომლობთ თურქეთთანაც, რომელიც ნატოს წევრია. რადგანაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს, ეს ფაქტორი განაპირობებს თურქეთთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. სომხეთმა სულ სხვა არჩევანი გააკეთა, ის ევრაზიული კავშირის წევრი გახდა, რომელშიც ჩვენ შესვლა არ გვსურს. სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვარვს სომხეთთან ჩვენი თანამშრომლობის დონეს – მეგობრული, მაგრამ არასტრატეგიული“;

დ) მინისტრმა კომენტარი გაუკეთა მთიანი ყარაბაღის პრობლემას და ზოგადად კავკასიის კონფლიქტებისადმი საქართველოს პოზიცია გაჟღერა: თბილისს სჯერა, რომ კონფლიქტები შეიძლება  მშვიდობიანად მოგვარდეს და ამ თვალსაზრისით, „საქართველო მზადაა ყველასთან ითანამშრომლოს, მათ შორის რუსეთთანაც“.

პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე კომენტარი გაბალის შეხვედრის შესახებ:

„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან საუბარში კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია აღნიშნავს, რომ საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო პარტნიორობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს: ერთი მხრივ, ეს თანამშრომლობა ნავთობისა და გაზსადენების საკითხში ვითარდებოდა, რაც რუსეთის ეჭვებს იწვევდა – მოსკოვს არ უნდოდა მონოპოლიის დაკარგვა ევროპისათვის ენერგორესურსების მიწოდების სფეროში. თუმცა, მეორე მხრივ, რადგანაც იმ პერიოდში რუსეთ-თურქეთს შორის „მეგობრული ურთიერთობა აღმავალი ხაზით ვითარდებოდა, მოსკოვი თვალს ხუჭავდა და მისგან „მკვეთრი კრიტიკა არ ისმოდა“. სიტუაცია შეიცვალა [სირიის მოვლენებში რუსეთის ჩართვის შემდეგ]: თურქეთი სულ უფრო ხშირად განიხილავს რუსეთს როგორც ოპონენტის, მოწინააღმდეგის როლში და ამ ფონზე სამი მეზობელი ქვეყნის თანამშრომლობაში სამხედრო კომპონენეტის გაჩენა მოსკოვისათვის, რასაკვირველია, გამაღიზიანებელი იქნება.

„ზოგადად კი, საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია მთელი რიგი ასპექტების, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის“, – ასეთ დასკვნას აკეთებს ექსპერტი.

„ნიშანდობლივია, რომ გუშინ, 16 მაისს საქართველოში „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ენერგოდერეფნის 20 წლისთავი აღნიშნეს. მისი ისტორია ბაქო-სუფსას ნავთობსადენის მშენებლობით იწყება (ექსპლოატაციაში შევიდა 1999 წელს), რომელსაც უკვე სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა მილსადენები მოჰყვა. ენერგოდერეფნის 20 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში 16 მაისს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი არტურ რასი-ზადე, რომელმაც შესხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან“, – აღნიშნულია „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის მიერ მომზადებულ მასალაში.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 17 მაისი, 2016 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=100683

თავდაცვის მინისტრების სამიტი:

აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას აღრმავებენ

აზერბაიჯანის პრესა ყურადღებას უთმობს ქალაქ გაბალაში გამართული აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების – ზაქირ ჰასანოვის, თინათინ ხიდაშელისა და ისმეთ ილმაზის შეხვედრის შედეგებს.

აი, რას წერს გაზეთი „ეხო“ (ავტორი – ჯამილია ალეკპეროვა):

„აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ტავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია მხარეების მიერ იმ მემორანდუმის განხილვა, რომელიც სამი მეზობელი სახელმწიფოს თანამშრომლობის პოლიტიკურ-სამართლებრივ ბაზას ქმნის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროში“, – განაცხადა გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში ბაქოში მოქმედი პოლიტოლოგთა კლუბის „სამხრეთ კავკასიის“ ხელმძღვანელმა ილგარ ველიზადემ. მისი თქმით, ზოგადად, თავდაცვის მინისტრების შეხვედრას გეგმიური ხასიათი ჰქონდა, თუმცა სიმპტომატურია, რომ სამიტი მთიანი ყარაბაღის პრობლემის გამწვავების შემდეგ გაიმართა. „ეს კონფლიქტი საქართველოსაც აწუხებს. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, სიტუაციის გამწვავების დროს, ბაქოში და ერევანში თავის კოლეგებს დაურეკა. შესაბამისად, რეგიონის უსაფრთხოების საკითხი წინა პლანზე გამოდის. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტორი, რომ საქართველო  ყველა იმ ენერგეტიკულ თუ სატრანსპორტო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს, რომლებსაც თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ“, – აღნიშნა ილგარ ველიზადემ.

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული სამი მეზობელი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის  მიმდინარეობა, ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს: გვირგვინების მიტანა გაბალაში შაჰიდების (სამშობლოსათვის შეწირული გმირების) ხეივანში მდებარე მარადიული ცეცხლთან, ასევე ჰეიდარ ალიევის ძეგლთანაც. ავტორი ასევე ვრცლად ასახავს ერთობლივ პრეს-კონფერენციის თემებსა და მინისტრების განცხადებებს.

აზერბაიჯანელმა თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა ჟურნალისტებს განუმარტა  ერთობლივი სამხედრო წრთვნების ჩატარების მნიშვნელობა რეგიონის კომუნიკაციების დაცვის თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ სამიტზე ამ საკითხის განხილვას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. მისი თქმით, მზარეებმა მოილაპარაკეს, რომ ხელი მოეწერება სპეციალურ მემორანდუმს სამხედრო წრთვნების ჩატარების მიზნით.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობას საფუძველი 25 წლის წინ ჩაეყარა, მემორანდუმი, რომელიც უნდა გაფორმდეს, უფრო დეტალური თანამშრომლობის ნიადაგს შექმნის“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. თინა ხიდაშელი შეეხო თბილისთან ახლოს მიმდინარე ერთობლივ ქართულ-ამერიკულ სამხედრო მანევრებს („ღირსეული პარტნიორი – 2016“) და აღნიშნა, რომ მომავალში მსგავსი წრთვნები რეგულარულად გაიმართება და მასში, ქართველებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ  ფრანგი, გერმანელი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეებიც.

Comments are closed