globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 17th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ დევიდ კრამერთან: „საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერა ყოველთვის ექნება“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ჩინეთი-საქართველო: ახლოს, როგორც არასდროს?! // „პეკინი საქართველოს უყურებს როგორც პლატფორმას დიდ მოთამაშეებთან ვაჭრობისთვის“

«Nowa Europa Wschodnia» (პოლონეთი): ბრძოლა არაღიარებული სახელმწიფოებისათვის // დონალდ ტრამპმა პირველად გამოხატა პოზიცია აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საკითხთან მიმართებით, რასაც საქართველო მოუთმენლად ელოდა

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველო იური ლუჟკოვის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას აპირებს // მოსკოვსა და თბილისს შორის მორიგი ხმაურიანი სკანდალი მწიფდება

«Каспiй» (აზერბაიჯანი): შემოწმება დაუსჯელობაზე?! // თავდასხმა საქართველოს მთავარ აუდიტორზე

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 მაისი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/david-kramer-on-us-georgia-relations/3853270.html

ინტერვიუ დევიდ კრამერთან: „საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერა ყოველთვის ექნება

ია მეურმიშვილი

ამერიკაში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება, რაზეც კონგრესისა და ადმინისტრაციის მიერ გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯები მეტყველებს. თუმცა, საქართველომ ამ მხარდაჭერის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად მუშაობა უნდა გააგრძელოს – აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე დევიდ კრამერი. მას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე ვაშინგტონში “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

- ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს და მთლიანად რეგიონის მიმართ დამოკიდებულებაში არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც გაწუხებთ?

- ყველაზე მეტად ის მაწუხებს, თუ რას იზამს რუსეთი. საქართველოში რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიას, არის უწყვეტი მცდელობა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანონ. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. ამასთან ერთად, მნიშვნევლოვანია ვაშინგტონში ახალმა ადმინისტრაციამ, რაც შეიძება მალე, გააკეთოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მიმართ შემუშავებული პოლიტიკის არტიკულირება, რომ ეს ქვეყნები იმ რუხი ზონიდან გამოვიდნენ, რომელშიც დღეს არიან.

- სად ხედავთ ამ პოლიტიკის შემუშავებაში კონგრესის როლს?

- კონგრესის როლი დღემდე ძალიანი დადებითია. სულ რამდენიმე დღის წინ კონგრესმა ორპარტიული წერილი გაუგზავნა პრეზიდენტს, სადაც საქართველოს მხარდაჭერას და თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების დაწყებას სთხოვდა. კონგრესში კარგად ესმით საქართველოს მნიშვნელობა ამერიკისთვის. არ მგონია აქ რამე შეიცვალოს. საქართველოს ყოველთვის ეყოლება მეგობრები ორივე პარტიის რიგებში. თუმცა, ეს საქართველომ არ უნდა მიიღოს როგორც რაღაც ისეთი, რაც ეკუთვნის. ამ ურთიერთობას მოვლა და შენარჩუნება სჭირდება. საელჩომ უნდა გააგრძელოს კონგრესთან აქტიური ურთიერთობა, მთავრობის წევრები კი ყოველთვის, შეძლებისდაგვარად, უნდა ეწვივნონ კონგრესს, როცა ვაშინგტონში არიან.

- თქვენ მცოცავი ანექსია და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უწყვეტი თავდასხმები ახსენეთ. რა შეიძლება გაკეთდეს ამ პროცესის შესაჩერებლად?

- ამას ევროპელების, ამერიკის, კანადის, იაპონიის და სხვა დემოკტარიების ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება. რუსეთს მუდმივად უნდა შვახსენოთ ის, რომ მან არ შეასრულა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. პასპორტიზაციით და მცოცავი ანექსიით რუსეთი ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს საქართველოსთან კავშირის გზებს უჭრის. ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაგებინოთ რუსეთს, რომ არასოდეს ვაღიარებთ ამ რეგიონების ამჟამინდელ მდგომარეობას და არასოდეს ვაღიარებთ მათ რუსეთში გაერთიანებას. ეს არის კონფლიქტური სიტუაცია, სადაც რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა. რუსეთს ასევე უნდა გავაგებინოთ, რომ თუ ვითარება დაიძაბა, რუსეთს შეიძლება სანქციები დაუწესდეს.

- ამ მიმართულებით ვაშინგტონის მხრიდან ნაბიჯებს ხედავთ?

- ჯერ-ჯერობით არა. უკრაინის შემთხვევაში წინა ადმინისტრაციის დროს იყო მცდელობა რუსეთთან კომუნიკაციის პირდაპირი არხი ყოფილიყო, თუმცა ამან დიდი შედეგი ვერ მოიტანა. საქართველოს შემთხვევაში ამ მიმართულებით ჯერ არაფეი გამიგია.

- რუსეთის მიმართ პოლიტიკის შემუშავება ნელი ტემპით მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, დრო წარმოადგენს თუ არა მნიშვნელოვან ფაქტორს საქართველოსთვის? არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოს შესაძლოა მეტი ზიანი მიადგეს რუსეთის პოლიტიკის შემუშავების გაჭიანურების შემთხვევაში?

- პრობლემა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო. მაშინ გვქონდა პოლიტიკა, რომლიც რუსეთზე იყო მორგებული. ეს პოლიტიკა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე დარჩა ძალაში. ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში ეს თითქოს გრძელდება – სახელმწიფო მდივანი ტილერსონი მოსკოვსი ჩავიდა, მაგრამ კიევში ან თბილისში მსგავსი ვიზიტები არ ყოფილა. სწორედ აქ შეუძლია კონგრესს ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში იმაში დარწმუნებით, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ხარჯზე არ მოხდეს.

- საქართველოს შეუძლია ქვეყნის შიგნით რამის გაკეთება იმისთვის, რომ ადმინისტრაციას ამერიკისთვის საკუთარი მნიშვნელობა დაანახოს?

- ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაიგოს ის, რომ საქართველოს ევროპასთან სიახლოვით უკეთესი მომავალი ექნება. ეს არ ნიშნავს საქართველოს რუსეთისგან გათიშვას. რუსეთი ყოველთვის საქართველოს მეზობელი იქნება. თუ საქართველოს წარმატების მიღწევა უნდა, რამდენიმე ეროვნული მნიშვნელობის თემაზე, როგორიცაა ევროინტეგრაცია, ქვეყანაში პოლიტიკური ერთობა უნდა არსებობდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დასავლეთმა საქართველოში უნდა დაინახოს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 მაისი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-and-china-sign-free-trade-agreement/3852730.html

ჩინეთი-საქართველო: ახლოს, როგორც არასდროს?!

„პეკინი საქართველოს უყურებს როგორც პლატფორმას დიდ მოთამაშეებთან ვაჭრობისთვის“

ზაზა წულაძე

შვეიცარიის შემდეგ, საქართველო მეორე ევროპული ქვეყანა გახდა, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (FTA) ხელშეკრულება გააფორმა. მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის 2015 წლის მარტში დაიწყო და ბოლო, 7 თვიანი ინტენსიური დიალოგის შემდეგ, საბოლოო შეთანხმება 13 მაისს პეკინში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჟონგ შანგმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერეს.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან (მოიცავს ასევე ჰონგკონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონს) ქართული ექსპორტისთვის მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარს ხსნის, რომელიც 1,373 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. საბაჟო გადასახადისგან, ქართული საექსპორტო პროდუქციის, დაახლოებით 94% თავისუფლდება, მათ შორის ღვინო, ლუდი, მინერალური წყლები, წვენები, თხილი, თაფლი, ჯემები, ჩაი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, შოკოლადის ნაწარმი, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, აზოტოვანი და მინერალური სასუქები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია და სხვა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე ამბობს: „ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო კონკურენტიანი გახდეს, ასევე იძლევა, სექტორების მიხედვით, ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექსპორტის ზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის“.

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის, 2017 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, ჩინეთი ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა, რუსეთისა და თურქეთის შემდეგ; ხოლო, იმპორტის მიხედვით, მე-4 ადგილზე, თურქეთი-რუსეთი-აზერბაიჯანის ტრიოს უკან. თუ 2012 წელს, ჩინეთში მხოლოდ 25 მილიონ 674 ათასი აშშ დოლარის ქართული საექსპორტო პროდუქცია შევიდა, უკვე 2016 წელს, ამ ციფრმა 169 მილიონ 586 ათასი დოლარი შეადგინა, ანუ ექსპორტი თითქმის, 7-ჯერ გაიზარდა.

საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს ღვინოზე აკეთებს, 2017 წლის იანვარ-აპრილში, ჩინეთში 2 391 981 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 207%-ით მეტია. ამ მაჩვენებლით ჩინურმა ბაზარმა უკვე გადაასწრო ისეთ ტრადიციულ ღვინის ბაზრებს, როგორებიც უკრაინა-პოლონეთია და რუსეთის შემდეგ (11 076 015 ბოთლი) მეორე ადგილზეა. ჩინური იმპორტის ბუმი კი საქართველოში 2011 წლიდან – 527 მილიონიდან დაიწყო, პიკს 2014 წელს მიაღწია – 733 მილიონი და 2016 წელს – 547 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს ჩინეთიდან: აქაც საუკეთესო მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა – 218 მილიონი დოლარი, რასაც მომდევნო წლებში მკვეთრი კლება მოჰყვა და 2016 წელს – სულ 27 მილიონი დოლარი შეადგინა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის გიორგი ღაღანიძის აზრით, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის შეზღუდულობიდან და ერთგვაროვნებიდან გამომდინარე, ჩინეთის ბაზრისკენ გარღვევის მოლოდინი არასწორია: „ევროკავშირთან სანამ გავაფორმებდით DCFTA-ს შედგა სერიოზული კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ უცებ ევროკავშირის ბაზარზე ჩვენ ექსპორტს ვერ გავზრდით. ეს ასეც მოხდა. მაშინაც, როგორც ახლა საუბარი იყო, რომ ეს პოტენციალი უნდა გამოგვეყენებინა. ის, რომ ჩინეთს საქართველოსთან FTA-ს გაფორმების სურვილი გაუჩნდა აიხსნება სწორედ პოტენციალით, პეკინი საქართველოს უყურებს როგორც პლატფორმას დიდ მოთამაშეებთან ვაჭრობისთვის. ჩვენი პრობლემა ბაზრებზე წვდომაში არ გახლავთ, პრობლემაა არის საექსპორტო პროდუქციის მოცულობასა და ხარისხში“.

ჩინეთისთვის საქართველოსთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რიგით მეთხუთმეტეა. წინა 14 ორმხრივი დოკუმენტი პეკინს გაფორმებული აქვს აზიის (პაკისტანი, სინგაპური, ტაილანდი, ტაივანი, სამხრეთ კორეა), ევროპის (შვეიცარია), ამერიკის (ჩილე, პერუ, კოსტა-რიკა) და ოკეანეთის (ავსტრალია, ახალი ზელანდია) 11 ქვეყანასთან; ორ სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონთან (ჰონკონგი, მაკაო) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში (ASEAN) შემავალ (ფილიპინები, მალაიზია, ვიეტნამი, ბრუნეი, კამბოჯა, ლაოსი, ინდონეზია, მიანმარი, ტაილანდი, სინგაპური, აღმოსავლეთ ტიმორი) 11 სახელმწიფოსთან.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს ევროკავშირთან (DCFTA) თავისუფალი ვაჭრობის ევროპის ასოციაციის (EFTA) ოთხ ქვეყანასთან (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია), თურქეთთან და დსთ-ს რვა (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი) სახელმწიფოსთან.

«Nowa Europa Wschodnia» (პოლონეთი), 16 მაისი, 2017 წელი

http://www.new.org.pl/5510-walka-o-parapanstwa

ბრძოლა არაღიარებული სახელმწიფოებისათვის

დონალდ ტრამპმა პირველად გამოხატა პოზიცია აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საკითხთან მიმართებით, რასაც საქართველო მოუთმენლად ელოდა

„აფხაზეთში ამას წინათ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების, ხოლო სამხრეთ ოსეთში – საპრეზიდენტო არჩევნებისა და სახელწოდების შეცვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ დასავლურმა საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავ განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ადრე გაკეთებულ განცხადებებს, რომ სოხუმი და ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილები არიანო და მოსკოვისადმი მოწოდებას – 2008 წლის შეთანხმების პირობებს ნუ არღვევო, დღეისთვის რამდენიმე ინსტრუმენტი დაემატა, რომელიც საშუალებას იძლევა კონკრეტული შედეგი იქნეს მიღწეული ქართული მიწების გაერთიანების საქმეში“, – ნათქვამია პოლონურ ჯურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ვოიცეხ ვოიტასოვიჩი).

პუბლიკაციაში განხილულია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი და მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები, სოხუმისა და ცხინვალის ურთიერთობა მოსკოვთან, ეთნიკურ ქართველთა სტატუსი აფხაზეთში (გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაციის პრობლემა) და ა.შ. ავტორის აზრით, კრემლი სოხუმს და ცხინვალს კვლავ „მფარველობს“ და სხვადასხვა ხელშეკრულებების გაფორმებით მათთან კავშირებს აძლიერებს, თუმცაღა ენთუზიაზმის გარეშე ეკიდება სამხრეთ ოსეთის რუსეთისადმი მიერთების იდეას („მოსკოვი ამით ვერანაირ სარგებელს ვერ ღებულობს“).

ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსადმი დასავლეთის მიერ გამოჩენილ მხარდაჭერაზე, კერძოდ, აპრილის მეორე ნახევარში ევროპის საბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისატრების მოადგილეების სხდომაზე ორგანიზაციის გენმდივანმა ტუბიორნ იანგლადმა წარადგინა ვრცელი მოხსენება საქართველოში მიმდინარე კონფლიქტების შესახებ. მის დასკვნაში მტკიცედაა დაფიქსირებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„საქართველოს პოლიტიკას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან მიმართებით მხარს უჭერს ვაშინგტონიც“, – ხაზს უსვამს ავტორი და მკითხველს აცნობს აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ [და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ] ცნობილ გადაწყვეტილებას (კანონს), რომელიც ადმინისტრაციას უკრძალავს იმ ქვეყნებისადმი ფინანსურ დახმარებას, რომლებიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს – აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლად აღიარებს. გარდა ამისა, პუბლიკაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველო-აშშ-ის მოლაპარაკების მნიშვნელობას, რომელიც რვა მაისს ვაშინგტონში გაიმართა (პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა რექს ტილერსონთან და დონალდ ტრამპთან) და რომლის დროსაც შეერთებულმა შტატებმა კვლავ მტკიცედ გამოხატა თბილისისადმი მხარდაჭერა.

„მართალია, ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობისა და აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ არსებულ სიტუაციას კარდინალურად არ ცვლიან, მაგრამ იმავდროულად, ეს არის მკვეთრი სიგნალი მოსკოვისათვის. ეს ნაბიჯები მოწმობს იმა, რომ დასავლური საზოგადოება არ შერიგებია საქართველოს ნაწილების ოკუპაციას რუსეთის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართ შემცირდა, ამ ფონზე ქართულმა დიპლომატიამ მაინც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. იმას, რასაც დასავლეთი და განსაკუთრებით ვაშინგტონი აკეთებს საქართველოსთვის, სამომავლოდ საგრძნობი პოზიტივის მოტანა შეუძლია აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების საქმეში“, – აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.

«Независимая газета» (რუსეთი), 17 მაისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-05-16/5_6989_georgia.html

საქართველო იური ლუჟკოვის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას აპირებს

მოსკოვსა და თბილისს შორის მორიგი ხმაურიანი სკანდალი მწიფდება

სტატია ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, კერძოდ, ბოლო დღეებში მომხდარ ფაქტს – საქართველოში მოსკოვის ექს-მერის იური ლუჟკოვის ყოფნას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს: როგორც ოფიციალური თბილისისა და ქართული საზოგადოების რეაქციას, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ანტიქართულ ნაბიჯს (ავტორი – იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი).

ავტორი საკმაოდ დეტალურად აღწერს იური ლუჟკოვის ქართულ ვოიაჟს, მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად და მიუთითებს, რომ მოსკოვის ექს-მერის საქართველოში შესვლა და ყოფნა ხელისუფლებამ, უეჭველია, მშვენივრად იცოდა. რასაკვირველია, ისიც კარგად უწყოდა. რომ იური ლუჟკოვი აფხაზეთშიც იყო ნამყოფი თბილისის ნებართვის გარეშე. როგორც ჩანს, ოფიციოზს ამ საკითხზე სკანდალის ატეხვა ნამდვილად არ უნდოდა. ყველაფერი მშვიდად და წყნარად ჩაივლიდა, ადგილობრივ ჟურნალისტებს ყოფილი მერის მიმართ ყურადღება რომ არ გამოეჩინათ. ჰოდა, იური ლუჟკოვის ინტერვიუმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია“, – წერს ავტორი და მკითხველს ექს-მერის განცხადების შინაარსს აცნობს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის შესახებ – საქართველოსთვის უმჯობესი იქნება სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროსო.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იური ლუჟკოვს ეს რომ არ ეთქვა, ხელისუფლება მის უკვე გამჟღავნებულ ვიზიტზე მაინც თვალს დახუჭავდა, მაგრამ ხმაური სწორედ ყოფილი მერის ამ განცხადებამ გამოიწვია. შესაბამისად, ყურის მოყრუება და თვალის დაბრმავება უკვე აღარ გამოვიდოდა… მართალია, რუსმა სტუმარმა საქართველო დატოვა, თუმცა პარლამენტში მაინც გადაწყვიტეს, რომ იგი „შავ სიაში“ შეეტანათ, ანუ ამიერიდან ექს-მერს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა  აეკრძალებოდა. იური ლუჟკოვმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ამგვარი პოლიტიკა ხელს არ შეუწყობს რუსი და ქართველი მოქალაქეების კონტაქტების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებასო“. იური ლუჟკოვთან დაკავშირებულ ინციდენტს რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებაც მოჰყვა: დიპლომატიურმა უწყებამ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისაგან თავის შეკავება ურჩია – ფრთხილად იყავით, აწონ-დაწონეთ ყველაფერი, რადგან არაა გამორცხული, საქართველოში ყოფნისას იური ლუჟკოვის ბედი გაიზიაროთო. გახსოვდეთ, რომ თბილის-მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების დაცვის უზრუნველსაყოფად შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვსო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი რეაქციის გამო ქართველებმა განაცხადეს, რომ აი, ამითაც დასტურდება, რომ იური ლუჟკოვის ვიზიტი პროვოკაციული იყოო. ავტორი იმოწმებს „ქართული ოცნების“ დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის ნათქვამს: „იური ლუჟკოვმა ქართული კანონმდებლობა კარგად იცოდა, მაგრამ მას მაინც მიაფურთხა. ჩვენთვის ასეთი პოზიცია მიუღებელია. ალბათ, იგი ვეღარასოდეს ვერ ნახავს საქართველოს“.

სიტუაციას კომენტარი გაუკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემაც, რომლის თქმით, თუ რუსეთის მოქალაქეები პატივს სცემენ საქართველოს კანონებს, მაშინ მათ, ლუჟკოვისაგან განსხვავებით, არავითარი პრობლემები არ ექნებათ.

სტატიის დასასრულს ავტორი იხსენებს მოსკოვის ექს-მერის საქმიანობის პოლიტიკურ მომენტებს: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პერიოდში იური ლუჟკოვი საქართველოსადმი კეთილგანწყობილ ერთ-ერთ რუს პოლიტიკოსად ითვლებოდა. მისი ძალისხმევით, მოსკოვის მერიის სახსრებით ნანგრევებიდან აღდგა თბილისი პირველი საშუალო სკოლა. სიტუაცია გაუარესდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. იგი არ მალავდა თავის გაღიზიანებას იური ლუჟკოვისა და ასლან აბაშიძის მეგობრობის გამო. თანდათანობით მოსკოვის მერმა საქართველოს მეგობრების სიიდან არაკეთილმსურველების რიგებში გადაინაცვლა. ახლა კი, როგორც ჩანს, მას საქართველოში შესასვლელ კარს საბოლოოდ დაუხურავენ“.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 17 მაისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

შემოწმება დაუსჯელობაზე?!

თავდასხმა საქართველოს მთავარ აუდიტორზე

„საქართველოში მორიგი არაორდინარული შემთხვევა მოხდა“,- ასე იწყება სტატია, რომელშიც საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიაზე მომხდარი თავდასხმა, რომელშიც ექს-მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც მონაწილეობდა (ავტორი – რაუფ ტოფიკოღლუ).

პუბლიკაცია ძირითადად „რუსთავი-2“-ის მიერ გავრცელებულ მასალებს ეყდნობა. მასში მიმოხილულია როგორც საკუთრივ ინციდენტის გარემოებები და მიზეზები (ქონების უკანონოდ დაგროვების მხილება), ასევე საზოგადოებისა და ხელისუფლების რეაქცია (ოპოზიციამ, კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავდამსხმელების დასჯა მოითხოვეს. პარლამენტის სპიკერმა ნეგატიურად შეაფასა მომხდარი ფაქტი და მისი გამოძიება მოითხოვა. „დამნაშავენი აუცილებლად დასჯილნი იქნებიან“).

„ცხადია, მომხდარი ფაქტი ძალზე სამწუხაროა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დღემდე ჯერ კიდევ არსებობს ისეთი წარმოდგენა საქართველოზე, რომ ის დემოკრატიული გარდაქმნების სიმბოლოს, „დემოკრატიის შუქურას“ წარმოადგენს. კი, მიღწევები არის, ისინი არ გამქრალან, მაგრამ მომხდარი მაინც რაღაც არასასიამოვნოს მოწმობს.

გაზეთ «Каспiй»-ის რედაქციამ კომენტარი სთხოვა სტრატეგიული კვლევების კავკასიური ინსტიტუტის პოლიტიკურ ანალიტიკოსს გელა ვასაძეს: „სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს ამგვარი ფაქტები სრულიად შესაძლებელი იყო, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ დღევანდელი ხელისუფლება უფრო ცინიკურად იქცევა, საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევს და ეს არავის უკვირს. რაც შეეხება იმ კონკრეტულ საქმეს, ამ შემთხვევაში რაიმეს თქმა ძნელია. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში არსებულ სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის ბრძოლა ძლიერდება, რასაც ქვეყნისათვის ძალიან ნეგატიური შედეგების მოტანა შეუძლია“, – განაცხადა გელა ვასაძემ.

Comments are closed