globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 17th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

წყალდიდობა თბილისში (მიმოხილვა: «Новое время», «Эхо», «Deutsche Welle»)

«ТВ Центр» (რუსეთი): რუსეთი და საქართველო: ახალი სირთულეები?

———————-

წყალდიდობა თბილისში

(მიმოხილვა: «Новое время», «Эхо», «Deutsche Welle»)

უცხოურ მასმედიაში კვლავ გრძელდება მასალების გამოქვეყნება თბილისში მომხდარი წყალდიდობის შესახებ: აქცენტი ამჯერად უკვე გადატანილია სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის მიმართულ სამუშაოებზე, დაზარალებული მოსახლეობის სოციალური პირობების უზრუნველყოფასა და ზარალის ანაზღაურებაზე. ყურადღება ეთმობა აგრეთვე უცხოეთის ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაწეულ ფინანსურ დახმარებას. მასალებში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა და საზოგადოება მობილიზებულია სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორებისათვის.

სომხეთის ყოველკვირეულ რუსულენოვან გაზეთ «Новое время»-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „თბილისში წყალდიდობაა“, რომელშიც ვრცლადაა ასახული სტიქიური უბედურების ზონაში არსებული სიტუაცია. მასალა მომზადებულია უცხოურ მასმედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციებისა და პუბლიკაციების საფუძველზე, შესაბამისად, შექმნილია ფაქტების, მოვლენებისადა კომენტარების საკმაოდ სრული სურათი: რატომ მოხდა წყალდიდობა, რამ გამოიწვია ასეთი ზარალი, რა სავარაუდო დარღვევები შეიძლება არსებობდეს ვერეს ხეობაში განხორციელებული მშენებლობის დროს, რით შეიძლება სომხეთი და ერევნის ზოოპარკი თბილისელ კოლეგებს დაეხმაროს და ასე შემდეგ (1). სომხურ მასმედიაში თანაგრძნობაა გამოხატული აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის გამოც – როგორც ცნობილია, დაღუპულებში სამი სომეხი ეროვნების მქონე მოქალაქეცაა და ეს ფაქტი სომხურ მედიაში ხაზგასმულადაა წარმოჩენილი (2).

აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ «Эхо»-ში დღეს, 17 ივნისს, დაბეჭდილია სტატია სათაურით „თბილისში თავსხმა წვიმის გამეორებას არ გამორიცხავენ“ (ავტორი – აიდარ შაკური). ფაქტიურად ეს მასალაც უცხოურ და ქართული წყაროების მიხედვითაა დაწერილი, რომელშიც ყურადღება შემდეგ საკითხებზეა გამახვილებულია: მდინარე ვერეს ადიდების მიზეზებზე, ადამიანთა მსხვერპლზე, ზოოპარკის ცხოველთა დაღუპვაზე, მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე. „ბუნებრივ კატასტროფებს 21-ე საუკუნეშიც ეწირება ადამიანთა სიცოცხლე და დიდი ზარალიც მოაქვთ. ასე მოხდა თბილისშიც, თუმცა რუსულმა მასმედიამ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ იჩქარა და სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალში… მიხეილ სააკაშვილის დაადანაშაულა – აი, შეხედეთო, წყალდიდობა არ მოხდებოდა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მდინარე ვერეს ხეობაში გზები და სხვა ობიექტები რომ არ აეშენებინათო. კიდევ კარგი, ეს ვარაუდები არ დადასტურდა“, – აღნიშნულია სტატიაში (3).

გერმანულმა რადიოსადგურ «Deutsche Welle»-ს ეთერში გადაიცა ვრცელი რეპორტაჟი, რომლის ტექსტური ვერსიის სათაურია „თბილისი სტიქიის შემდეგ: ურთიერთდახმარება და სოლიდარობა“ (ავტორი – ამალია ოგაჯანიანი). „ამ დღეებში თბილისის სოლიდარობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის სულისკვეთებითაა გამსჭვალული. მთელი ქალაქი სტიქიური უბედურების შედეგების სწრაფი აღმოფხვრა, მოხალისე ახალგაზრდები ქუჩებს წმენდენ და დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობენ, მიმდინარეობს მედიკამენტებისა და ტანსაცმლის, საკვები პროდუქტების შეგროვება. ბუნებრივია, ხელისუფლებაც აქტიურად უწევს დახმარებას დაზარალებულებს“, – ხაზგასმულია პუბლიკაციაში, რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული წყალდიდობის შემდგომი სიტუაცია თბილისში (4).

და ბოლოს, დასავლურმა და რუსულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც წყალდიდობით დაზარალებული საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს: „თბილისში მომხდარი ძლიერი და ადამიანთა მსხვერპლის გამომწვევი წყალდიდობის პასუხად, ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას სამ მილიონამდე ევროს გამოუყოფს (საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით). გარდა ამისა, დაზარალებულ ოჯახებისათვის ჰუმანიტარული დხამრების გაწევის მიზნით, ევროკომისია დამატებით გამოჰყოფს 400 ათას ევროს – საკვები პროდუქტებით, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკით, სამედიცინო და სანიტარული დახმარების გაწევის უზრუნველსაყოფად. ეს თანხა ჩაირიცხება საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის ანგარიშზე“, – ნათქვამია ევროკომისიის ინტერნეტ-საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. იქვეა ევროკომისრების იოჰანეს ხანისა და ქრისტოს სტილინიდისის მიერ გამოთქმული სამძიმარი და თანაგრძნობაც (5-6).

წყაროები:

(1) http://www.nv.am/tema-dnya/44019-2015-06-16-07-16-43

(2) http://news.am/rus/news/272014.html

(3) http://www.echo.az/article.php?aid=85495

(4) http://www.dw.de/тбилиси-после-стихии-взаимопомощь-и-солидарность/a-18519768

(5) http://europa.eu/rapid/press-release_IP-15-5209_en.htm

(6) http://ria.ru/world/20150616/1073288481.html

«ТВ Центр» (რუსეთი), 15 ივნისი, 2015 წელი

http://www.tvc.ru/channel/brand/id/36/show/episodes/episode_id/40064/

რუსეთი და საქართველო: ახალი სირთულეები?

რუსეთის ტელეკომპანია «ТВ Центр»-ის ეთერში გუშინ, 16 ივნისს, საღამოს, გადაიცა  პროგრამა «Право голоса» («ხმის უფლება“), რომელშიც საქართველო-რუსეთის ურთიერტობების პრობლემებზე იმსჯელეს. გადაცემაში მონაწილეობდნენ ლეონიდ კალაშნიკოვი (რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ილია შაბლინსკი (რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრი), იგორ გვრიტიშვილი (პოლიტოლოგი და ჟურნალისტი), ვლადიმირ ხომერიკი („რუსი და ქართველი ხალხების ერთობის“ პრეზიდენტი), სერგეი სტანკევიჩი (სობჩაკის ფონდის ექსპერტი), ვლადიმირ ჟარიხინი (დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე), ანდრეი ეპიფანცევი (პოლიტოლოგი) და სხვები.

გადაცემის დაწყებამდე პროგრამის წამყვანის რომან ბაბაიანის ინიციატივით, სტუდიაში მყოფებმა წუთიერი დუმილით სამძიმარი და თანაგრძნობა გამოუცხადეს ქართველ ხალხს წყალდიდობით გამოწვეული მსხვერპლისა და ზარალის გამო.

რომან ბაბაიანი: რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს საქართველოსა და უკრაინის მიმართ გატარებული პოლიტიკისათვის – ასე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჩერნოგორიაში გამართულ ევროპულ ფორუმზე. რატომ დაიწყო საქართველომ ბოლო ხანებში ანტირუსული განცხადებების გაკეთება? და რატომ ან რისთვის უნდა გადაიხადოს ფასი რუსეთმა?

ლეონიდ კალაშნიკოვი: „ზოგს ჰგონია, რომ ეს განცხადებები მოულოდნელი იყო. ამის მიზეზია ვაშინგტონის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. 2012 წლის არჩევნების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პირველი ეტაპი მეტ-ნაკლებად მისაღები იყო: რუსეთთან ურთიერთობის დათბობა მართლაც შეიმჩნეოდა, მაგრამ ახლა წინ არჩევნებია და საჭიროა აშშ-ისა და დასავლეთის კეთილგანწყობის გაძლიერება. ეს პირველი მომენტი.  მეორე უფრო ღრმაა – უკრაინის ამბები. საქართველო უერთდება ანტისრულ ტენდენციას და იმედოვნებს, რომ იქნება დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციებით რუსეთი მართლაც დასუსტდეს… ამიტომაც თბილისი დასავლეთთან ერთად უნდა იყოს. გარდა ამისა,  საქართველოს მატერიალურ დახმარების მიღების იმედიც აქვს. ჩემი აზრით, მოსახლეობა  ძირითადად ანტირუსულად არ არის განწყობილი.

ილია შაბლინსკი: საქართველოს მოსახლეობას ძირითადად ანტირუსული განწყობა მართლაც არ აქვს, მაგრამ არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ეს ორი რეგიონი საქართველოს ნაწილებია, რუსეთმა კი, თავის მხრივ, ხელი შეუწყო მათ ჩამოშორებას საქართველოსაგან. სწორედ ესაა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საფუძველი.

რომან ბაბაიანის აზრით, სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის გამო: „მოდით, სერიოზულად ვისაუბროთ. განა რუსეთმა პირველმა დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავება? გავიხსენოთ ზვიად გამსახურდიას გატარებული კურსი, როცა დაძაბულობა იწყებოდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან… მოსკოვი მოგვიანებით ჩაერია და სისხლისღვრა შეწყვიტა…

ილია შაბლინსკი: ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს რუსეთი საქართველოს ინტერესებს ითვალისწინებდა, მოსკოვი შეუერთდა სანქციებს აფხაზეთის წინააღმდეგ, ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით. ეს ედუარდ სევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მოხდა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს ორი რეგიონი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩამოეცილებინა.

რომან ბაბაიანი კვლავ რუსეთის პოზიციას იცავს და ამის დამადასტურებლად იხსენებს 2004-2005 წლებს, როცა ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში თბილისმა ცხინვალთან დამოკიდებულება გაამწვავა, კონფლიქტის ზონაში ქართულმა მხარემ სროლები დაიწყო.

იგორ გვრიტიშვილმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მიმართ. მისი თქმით, აუცილებელია ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებული პირების მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება.

სერგეი სტანკევიჩი: როცა ვამბობთ, რომ რუსებს უკიდურესობა გვიყვარს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველები რუსებზე ორჯერ მეტად უკიდურესები არიან.  მაგალითად, ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად თითქმის 100%-ით აირჩიეს, მაგრამ რამდენიმე თვეში დაამხეს. ედუარდ სევარდნაძეც ასევე 90%-ით აირჩიეს, მაგრამ შემდეგ რევოლუციით დაამხეს. მიხეილ სააკაშვილსაც იგივე მოუვიდა – ხმების აბსოლუტური უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი საბოლოოდ იძულებულოი გახდა სამშობლოდან გაქცეულიყო. ანუ მოსახლეობა ლიდერებს სწრაფად ენდობა, შემდეგ ნდობას იმედგაცრუება მოსდევს, შემდეგ ისევ ახალი ოცნებები. როგორც ჩანს, დღევანდელმა მოსახლეობამ უკვე ლიდერისადმი ნდობა კი არა, უფრო მეტად დასავლეთისადმი ნდობა აირჩია.

ვლადიმირ ხომერიკი: ედუარდ შევარდნაძის კურსი მცდარი იყო. იგი პოლიტიკური მეძავივით მოქმედებდა და ელოდებოდა, რას შესთავაზებდა რუსეთი და დასავლეთი. დროს აჭიანურებდა დსთ-ში შესასვლელად.

ანდრეი ეპიფანცევი: საქართველო მიხეილ სააკაშვიკლის სემდეგ გარკვეული ნაბიჯები გადადგა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შესარიგებლად. ჩამოყალიბდა პაატა ზაქარეიშვილის უწყება… საქართველომ, ერთი მხრივ, დადებითი ხასიათის ნაბიჯები გადადგა რუსეთისაკენ (უვიზო რეჟიმი, ვაჭრობა…), მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ანტირუსულ განცხადებებს აკეთებს. ამ მხრივ ნიშანდობლივია საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებიც: რარაც „ერალაშია“ შექმნილი – ქართველებს დასავლეთიც სურთ და ევრაზიული კავშირიც. ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართული საზოგადოება გახლეჩილია. არ არის ისეთი პარტია, რომელიც პოლიტიკურ კურსს შეცვლის.

სტუდიაში ისაუბრეს აგრეთვე საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შესაძლებლობაზეც, რაც გამორიცხულად იქნა მიჩნეული.

საბოლოო ჯამში დისკუსიის დროს, პროგრამის წამყვანის რომან ბაბაიანის პირით დაახლოებით ასეთი რამ ითქვა:  „ჩვენ ყველას გვიყვარს საქართველო, მაგრამ რუსეთი საქართველოს მხოლოდ მაშინ დაეხმარება, თუ თბილისი ანტირუსულ განცხადებებს შეწყვეტს, თუ დროებით დაივიწყებს აფხაზეთისა და ოსეთის სტატუსის საკითხს…“.

Comments are closed