«Литер» (ყაზახეთი): გამარჯობა, საქართველო! // „ექსპო-2017“-ის ქართულმა პავილიონმა მნახველთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო
«El Nacional» (ვენესუელა): ფილმი „მანდარინები“: ორი მტრის საერთო მეგობარი // როგორ უნდა დასძლიონ ადამიანებმა ერთმანეთისადმი სიძულვილი? რას ნიშნავს თავის გაწირვა იდეოლოგიისათვის?
«Sverige Radio» (შვედეთი): საქართველოში სუროგატულ დედებს ფულს ყოველთვის არ უხდიან
—————–
«Литер» (ყაზახეთი), 16 ივნისი, 2017 წელი
https://liter.kz/ru/articles/show/33736-gamardzhoba_gruziya_
გამარჯობა, საქართველო!
„ექსპო-2017“-ის ქართულმა პავილიონმა მნახველთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო
სტატია ეხება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გახსნილ საერთაშორისო გამოფენა „ექსპო-2017“-ს, სადაც ქართული პავილიონიც მოქმედებს. აღნიშნულია, რომ ამ სპეციალიზებული გამოფენის ჩარჩოებში ჩატარდა საქართველოს დღეები, რომელშიც მონაწილეობა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მიიღო. იგი ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა (ავტორი – მირა მუსტაფინა).
ქართული პავილიონის მთავარ ობიექტთან – ენერგეტიკულ ტურბინასთან ერთად, აქ წარმოდგენილია ქართველი ოსტატების ხელნაკეთი ნივთები და ქართული ღვინოების ფართო ასორტიმენტი, რომელიც ზაფხულის სამი თვის განმავლობაში, ალბათ, ყველა მნახველს ეყოფა. ღვინო გასაგებია, მაგრამ მნახველთა დიდ ინტერესს იწვევს საქართველოს წარმატებები ე.წ. „მწვანე ეკონომიკაზე“ გადასვლის საკითხში. აქცენტი გაკეთებულია ელექტროენერგეტიკაზე: საქართვე-ლოში 26 ათასი მდინარეა, მათგან სამას მდინარეს შესაშური პოტენციალი გააჩნია ელექტროენერგიის წარმოებისათვის. ქვეყანაში 68 მოქმედი ჰიდროელექტროსადგურია და მათი წილი გამომუშავებულ ელექტროენერგიაში თითქმის 80%-ს შეადგენს. პავილიონში გამოფენილ რუკაზე ყველას შეუძლია ამ ჰეს-ების ადგილმდებარეობის გაცნობა. საინტერესოა, რომ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის – ქუთაისის ირგვლივ 7 ჰიდროელექტროსადგურია აგებული. საქართველოში ქარის ენერგიის მართვასაც ცდილობენ: მიმდინარე წელს გორთან ქარის ელექტროსადგურიც ამუშავდა, რომლის სიმძლავრე 21 მეგავატს შეადგენს. ამ ფაქტებით გასაგები ხდება, თუ რატომაა პავილიონის მთავარი ობიექტი ენერგეტიკული ტურბინა.
ქართული პავილიონის დამთვალიერებლები საქართველოს გაცნობას იმ სტენდიდან იწყებენ, რომელიც ქართული უნიკალური ანბანის შესახებ მოგვითხრობს. მსურველს შეუძლია სპეციალური 5D-სათვალით უკვე თანამედროვე საქართველოში ვირტუალურად იმოგზაუროს. ერთ-ერთ სტენდზე გამოსახულია რუკა, რომელზეც ნაჩვენებია, თუ რას სთავაზობს ტურისტებს და რით არიან ცნობილი ბათუმი, ქუთაისი, წყალტუბო, ბორჯომი, ყაზბეგი, მცხეთა, თელავი, სიღნაღი… და რომელი ზეიმი ჩაივლის ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ცეცხლოვანი, გრაციოზული ქართული ცეკვების გარეშე? საქართველოს კულტურა ისეთივე მიმზიდველი მრავალფეროვანია, როგორც მისი მზიური და დიდებული ბუნება, როგორც ამ ტალანტიური და ამაყი ხალხის ყოფა-ცხოვრება.
ამფითეატრის ღია სცენაზე გამოდიან ახალგაზრდა შემსრულებლები, სხვადასხვა საერთაშორისო პრემიებისა და პრიზების მფლობელი მომღერლები მაია ბარათაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, მარიკო ებრალიძე, თემურ საჯაია, ალეკო ბერძენიშვილი. განუმეორებელი ხიბლი მისცა საქართველოს ეროვნულ დღეს სახალხო არტისტმა ეკა მამალაძემ, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახალხო არტისტებმა ნანი ბრეგვაძემ და თამარ გვერდწითელმა, რომლებსაც მაყურებელი, ტაშის გრიალში, სცენიდან დიდხანს არ უშვებდა…
როგორც საქართველოს სახელმწიფო ორკესტრის რეჟისორმა, საქართველოსა და უკრაინის სახალხო არტისტმა გივი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ყაზახი მაყურებლის გულწრფელი დამოკიდებულება, გამოფენაზე არსებული სიყვარულისა და მეგობრობის ატმოსფერო, ასტანის სტუმართმოყვარეობა დიდ ხანს დარჩება ქართველების მახსოვრობაში.
———
გაზეთში გამოქვეყნებულია აგრეთვე ინტერვიუ თამარ გვერდწითელთან, რომელსაც ჟურნალისტი ლიუბოვ არტიმოვიჩი ესაუბრება.
«El Nacional» (ვენესუელა), 16 ივნისი, 2017 წელი
http://www.el-nacional.com/noticias/entretenimiento/nuestro-amigo-comun-mandarinas_187606
ფილმი „მანდარინები“: ორი მტრის საერთო მეგობარი
როგორ უნდა დასძლიონ ადამიანებმა ერთმანეთის სიძულვილი? რას ნიშნავს თავის გაწირვა იდეოლოგიისათვის?
ნარცისა გარსია
ესტონეთი და საქართველო საბჭოთა კავშირის მიერ იყვნენ ოკუპირებული და შემდეგ მის შემადგენლობაში მოხვდნენ. მოგვიანებით ესტონეთი გერმანელმა ნაცისტებმა დაიკავეს. თავდაპირველად ესტონელები გერმანიის ვერმახტს საბჭოთა კავშირისაგან გამათავისუფლებელ არმიად მიიჩნევდნენ, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ისიც ოკუპანტი იყო და ლაპარაკი უკვე კიდევ ერთ ოკუპაციაზე დაიწყეს. II მსოფლიო ომის შემდეგ ესტონეთი კვლავ საბჭოთა სოციალისტურ მოკავშირე რესპუბლიკა გახდა. ასე იყო 1990 წლამდე, როცა ესტონეთში დამოუკიდებლობისათვის გამოსვლები დაიწყო. იმ დროს ბალტიის სამმა რესპუბლიკამ – ესტონელებმა, ლიტველებმა და ლატვიელებმა ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა მშვიდობიანად მოითხოვეს საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობა. 1991 წლის ამ მოვლენას „მომღერალი რევოლუცია“ უწოდეს.
რაც შეეხება საქართველოს, იქ იოსებ სტალინია დაბადებული. საქართველო 1921 წლიდან საბჭოთა სოციალისტურ მოკავშირე რესპუბლიკა იყო, 1991 წელს კი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იმ ხანებში საქართველოს აფხაზეთში ომი ჰქონდა აფხაზ სეპარატისტებთან და ჩეჩენ ბოევიკებთან. აფხაზებს საქართველოსაგან გამოყოფა სურდათ და რუსების დახმარებით იბრძოდნენ, ქართველებს კი ერთიან სახელმწიფოდ სურდათ დარჩენილიყვნენ.
სამოქალაქო ომი (ეთნიკური კონფლიქტი) მეტ-ნაკლებად 1993 წელს დასრულდა, შემდეგ კი, 2008 წელს კვლავ დაიწყო უკვე საქართველო-რუსეთის ომის სახით, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა. აღასანიშნავია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს მსოფლიოში არცერთი სახელმწიფო არ აღიარებს, სამი ქვეყნის – რუსეთის, ნიკარაგუის და ვენესუელის გარდა.
ქართულ კინომატოგრაფიას, ისევე როგორც სხვებს საბჭოთა კავშირის პერიოდში, ჰქონდა თავისი „ოქროს საუკუნე“ – 1960-იანი წლების დასაწყისიდან 1980-იან წლებამდე. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეკონომიკური კრიზისისა და ფინანსური პრობლემების გამო, კინოფილმების გადაღება შეჩერდა. მოგვიანებით ბევრმა რეჟისორმა, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დახმარებით, 2001 წლიდან ფილმების გადაღება განაახლა. ერთ-ერთი ასეთი რეჟისორია ზაზა ურუშაძე, რომელიც კინემატოგრაფიაში 1989 წლიდან მოღვაწეობს. 2013 წელს მან გადაიღო თავისი მეხუთე ფილმი სახელწოდებით „მანდარინები“.
„ომი იდიოტობაა“, – განაცხადა რეჟისორმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც მან ესპანურ გაზეთს მისცა. თუ ამ ფრაზას განვაზოგადებთ, ის ფილმ „მანდარინებსაც“ ეხება. ფილმი მცირებიუჯეტიანია, მასში ოთხი გმირი მონაწილეობს. მსახიობები თავიანთ როლებს სრულიად ბუნებრივად ასრულებენ, თეატრალურობის გარეშე. საინტერესოდაა გადმოცემული ერთ-ერთი გმირის – მარგუსის სახე: იგი მაყურებელს პრაგმატიკოსად წარუდგება, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ მანდარინის („აფხაზეთის ოქროს“) მოსავალი არ დაკარგოს.
ომის დროს აფხაზეთში მდებარე ესტონურ სოფელში დურგალი ივო (ლემბიტ უფსაკი) ცხოვრობს, რომელიც სიკვდილისაგან გადაარჩენს დაჭრილ ჩეჩენ მებრძოლს აჰმედს (გიორგი ნაკაშიძე) და ქართველს (მიშა მესხი), თავის მეგობარ ექიმთან და მეზობელ მარგუსთან ერთად. ორი მებრძოლიდან ერთ-ერთი სწრაფად მომჯობინდება და ივოს მთავარი საზრუნავია ისინი - მტრები – ერთ სახლში როგორმე ერთმანეთს დააშოროს. თითქოსდა უფალმა ისე ისურვა, რომ დიდი კონფლიქტი შემცირებული სახით – ერთი სახლის მასშტაბით გაგრძელებულიყო.
როგორ უნდა დასძლიონ ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ სიძულვილი? რას ნიშნავს იდეოლოგიისათვის თავის გაწირვა? „მანდარინები“ შედარებით წყნარი ფილმია, მკაცრი და იმავდროულად მელანქოლიური, თუმცა კოვბოურ ფილმებსაც მოგვაგონებს. მასში კითხვებზე პასუხი არ არის, თუმცა, როგორც ზაზა ურუშაძე ამბობს, მთავარია ადამიანი ძალადობაზე მაღლა დადგეს, ერთმანეთს პატივი სცენ, მით უმეტეს, ერთი საერთო სივრცის პირობებში. და ეს ყველაფერი ივოს სახლში ხდება, რომელიც ორ მტრულად განწყობილ ადამიანზე კეთილ გავლენას ახდენს.
———-
«El Nacional» - ვენესუელის ყოველდღიური გაზეთი. ტრადიციულად მემარცხენე ცენტრისტული მიმართულების მქონე გამოცემა, თუმცა ბოლო ხანს უფრო ცენტრისტული გახდა. მართალია, 1998 წელს მხარი დაუჭირა უგო ჩავესს, მაგრამ დღეს უკვე ოპოზიციურ მოძრაობას ემხრობა. ტირაჟი – 170 ათასი ეგზ.
«Sverige Radio» (შვედეთი), 16 ივნისი, 2017 წელი
http://sverigesradio.se/sida/artikel.aspx?programid=83&artikel=6718444
http://sverigesradio.se/sida/avsnitt/904277?programid=909
საქართველოში სუროგატულ დედებს ფულს ყოველთვის არ უხდიან
ლოლო კოლმარი
საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი უშვილო შვედი წყვილი ჩადის, რომ შვილები სუროგატული დედის მეშვეობით იყოლიონ. მათი უმრავლესობა საქართველოს საერთაშორისო სუროგატულ სააგენტო „ახალ სიცოცხლეს“ მიმართავს, მაგრამ „ახალი სიცოცხლე“ გარანტიას არ იძლევა, რომ სუროგატული დედა ფულს აუცილებლად მიიღებს.
„ჩვენ თვეში დაახლოებით ოთხი-ხუთი შვედი წყვილი მოგვმართავს“, – ამბობს სოფიო უკლება, „ახალი სიცოცხლის“ კოორდინატორი.
შვედეთში სუროგატული დედობა აკრძალულია, მაგრამ საქართველოში ამ სფერეოს მარეგულირებელი კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია, ანუ სუროგატულ დედას ბავშვის [დაკვეთით] გაჩენა შეუძლია. „არა, მას არ აქვს ბავშვის ყოლის უფლება, იგი მხოლოდ ბავშვს მუცლით ატარებს. საქართველო კარგი ადგილია სუროგატული დედობისათვის, მაგრამ კანონი მაინც სრულყოფილი არ არის, – ამბობს სოფიო უკლება, – თუ მომავალი მშობლები კონტრაქტის თავიანთ ნაწილს დაარღვევენ, არ არსებობს იმის გარანტია, რომ სუროგატული დედა თავის კუთვნილ ფულს მიიღებს“.
მარიამი თბილისში, ერთ-ერთი მაღლივი შენობის ღარიბულ ბინაში ცხოვრობს. იგი სუროგატული დედა გახდა, რათა საკუთარი შვილების გასაზრდელად ფული ჰქონოდა. სამწუხაროდ, მან ნაადრევად იმშობიარა და ბავშვი (ვაჟი) ჯანმრთელი არ დაიბადა. მშობლებმა იგი სამშობლოში (შვედეთში) წაიყვანეს, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ის გარდაიცვალა. შვედმა წყვილმა გადაწყვიტა, რომ მარიამისათვის ფული არ გადაეხადა. „ახალი სიცოცხლე“ მარიამს ადვოკატით ეხმარება, მაგრამ სამი წელი გავიდა და მას ჯერ ფული არ მიუღია. „მაგრამ მე უკან არ დავიხევ“, – ამბობს მარიამი, – „ბრძოლა უნდა გავაგრძელო იმიტომ, რომ ეს არის ჩემი შვილების კუთვნილი თანხა. მე სუროგატული დედა ჩემი შვილების გამო გავხდი და მათთვის გავაგრძელებს ბრძოლას. ჩემმა შვილებმა დღეს ეს არ იციან, მაგრამ როცა გაიზრდებიან, მიხვდებიან, თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი“.
„ახალი სიცოცხლე“ სუროგატული დედობის მსურველებს წერილობით აფრთხილებს, რომ მას არ შეუძლია იყოს ანაზღაურების გარანტორი, რადგან კონტრაქტი სუროგატულ დედასა და მომავალ მშობლებს შორის ფორმდება. „ახალი სიცოცხლე“ მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს და მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ მშობლების მხარე კონტრაქტს დაარღვევს.
ნატო შავლაყაძე ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის თავჯდომარეა და იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს ქალებს და ბავშვებს. მისი აზრით, სუროგატული დედობის ნებადართულობასთან ერთად აუცილებელია ამ სფეროში საკანონმდებლო სრულყოფაც, ანუ დედის უფლებებიც დაცული უნდა იყოს. „ჩვენ სრულყოფილი კანონი გვჭირდება. ეს აშკარაა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მსგავსი კომპანიების კონტროლის უფლება არ გვაქვს“, – ამბობს ნატო შავლაყაძე.
——
ანონსი: მაიკლი და ემილი შვედეთიდან თბილისში მიემგზავრებიან. ისინი შვიდი წლის განმავლობაში ცდილობდნენ ბავშვის გაჩენას, მაგრამ ამაოდ. ახლა კი ნინომ, სუროგატულმა დედამ, ეს-ესაა მათ შვილი გაუჩინა, საკეისრო კვეთით. ნინო 25 წლისაა. რამ აიძულა იგი თავისი სხეული გაექირავებინა? რატომ გახდა ნინო სუროგატული დედა? როგორ უნდა მისცეს მან სხვას ბავშვი, რომელსაც ცხრა თვე მუცლით ატარებდა? ეს ყველაფერი ჩვენს მორიგ გადაცემაში.