globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 17th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ტომას მელიასთან: „დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ინვესტორების მოზიდვა გართულდება“

«Вестник Кавказа» (რუსეთი): საქართველო-რუსეთი: „ქართულ ოცნებას“ „ყინულმჭრელი“ დაჭირდა

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „მოსკოვთან ძალიან ახლოს მდებარეობსო“ // საქართველომ ჟუკოვსკის აეროპორტი რეგიონულად არ ჩათვალა

«Свободная пресса» (რუსეთი): საქართველო რუსეთთან ისევ ომობს, თუმცა ახლა ბრძოლა მიდის ტურისტული ნაკადისთვის, რომელსაც მილიონები მოაქვს

«Эхо» (აზერბაიჯანი): სომხეთის იმედები „სატრანსპორტო დერეფნებზე“  ოფიციალურად დასამარდა

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/interview-with-thomas-melia/3946576.html

ინტერვიუ ტომას მელიასთან: დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ინვესტორების მოზიდვა გართულდება“

ია მეურმიშვილი

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის ყოფილი მოადგილე და ამჟამად ჯორჯ ბუშ უმცროსის ინსტიტუტის მკვლევარი ტომას მელია აცხადებს, რომ საზღვარგარეთ საქართველოზე არსებული შეხედულების შეცვლა დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნით უნდა დაიწყოს.

- USAID-ში მუშაობის დროს საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელზეც მუშაობდით. რამდენად დაეხმარა სააგენტო ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში?

- ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც საქართველოს ბოლო 25 წლის განმავლობაში აქვს, ქართველების დამსახურებაა. ზოგჯერ მათ, ვფიქრობ, ავიწყდებათ ის, რომ წლების განმავლობაში [დემოკრატიის ხარისხი] სტაბილურად უმჯობესდება. შეერთებული შტატები და სხვა დასავლელი პარტნიორები საქართველოს რჩევით, ინფორმაციით, ექსპერტიზით და ზოგჯერ ფულით ეხმარებიან. საქმეს საქართველოს მთავრობა აკეთებს, USAID კი ექსპერტიზას უზრუნველყოფს იმისთვის, რომ მთავრობამ კარგი და ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს.

​- დაახლოებით რა ოდენობის თანხა აქვს USAID-ს საქართველოს პროგრამებში დახარჯული?

- თუ სწორად მახსოვს, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ამერიკის მთავრობამ საქართველოს დახმარების სახით 4.3 მილიარდი დოლარი მისცა. ამ თანხის დიდი ნაწილი ბოლო 10 წელში იქნა გაცემული. აქედან, დაახლოებით, 1.5 მილიარდი USAID-ს პროგრამებში დაიხარჯა.

- თქვენ ახსენეთ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. კონკრეტულად როგორ აფასებთ ქართულ დემოკრატიას?

- ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, საქართველო ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს. სისტემების რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო კარგ მდგომარეობაშია. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით ამ რეგიონში, დემოკრატიული პრინციპები უფრო მეტ ქვეყანაში შესუსტდა, ვიდრე გაძლიერდა. საქართველო კი მეტწილად წინ მიიწევს.

- არსებობს საწინააღმდეგო შეფასება. ექსპერტები რუსთავი 2-ის მაგალითზე მედიაზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობენ. ასევე არის ადამიანების და ბიზნესების უფლებების დარღვევის ბრალდებებიც…

- დემოკრატიას ბევრი განზომილება აქვს და მაშინ, როცა ერთი შრე ვითარდება, შეიძლება მეორე სუსტდებოდეს. ის, რომ გასულ დეკემბერს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა დაიწყო კარგი ნიშანია. მთავარია როგორ მოხდება ამ რეფორმის აღსრულება.

კარგია ის, რომ გატარდა მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც ქმნის იმის ფუნდამენტს, თუ ვის ეკუთვნის მიწა და ვის შეუძლია ამ საკუთრების ბანკში ჩადებით სესხის გამოტანა ბიზნესის განვითარების მიზნით. თუმცა ამ რეფორმის აღსრულება ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ ხდება. მიწის რეგისტრაციის სისტემა ქვეყნის მასშტაბით არის ასაწყობი.

“რუსთავი2”-ის საქმე კომპლექსურია, რადგან ის საკუთრების უფლების კანონებსაც უკავშირდება. რთულია “რუსთავი2”-ის მფლობელის დადგენა. ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით სწორედ იმის გამო შეაჩერა, რომ საქმესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. კითხვები კომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე; იმაზე, თუ რა გავლენა ექნება ამას ზოგადად მედიის თავისუფლებაზე იმ შემთხვევაში თუ არხს, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს ოპოზიციურ ხმას გამოხატვის საშუალებას აძლევდა მფლობელი ისე შეეცვლება, რომ ოპოზიციას მედიაში აზრის გამოთქმის საშუალება შეეზღუდება.

საბოლოო ჯამში, როგორც ამ დავის, ისევე სხვა საქმეების გადაწყვეტა მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეეძლება, რომელიც გადაწყვეტილებას სამხილზე დაყრდნობით მიიღებს. ამ მხრივ საქართველოს მუშაობა სჭირდება. ქვეყანამ უნდა შეცვალოს არსებული შეხედულება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გავლენას ასახავს.

- 2012 წლის სექტემბერში თქვენ საქართველოში არჩევნების წინ ოფიციალური ვიზიტით ჩახვედით. ერთ-ერთი შეხვედრა ბატონ ბიძინა ივანიშვილთანაც გამართეთ. როგორ იხსენებთ იმ შეხვედრას? როგორ შეადარებდით იმ საქართველოს, რომელზეც წარმოდგენა მაშინდელ ოპოზიციასთან შეხვედირის დროს შეგექმნათ ქვეყანას, რომელსაც დღეს ხედავთ?

- ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მის გუნდთან შეხვედრა კარგად მახსოვს. არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი. მე ამერიკის სააგენტოთაშორისო დელეგაციას ვხელმძღვანელობდი, რომელიც არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ ძალას შეხვდა. მახსოვს, „ქართულ ოცნებას“ მაშინ მედია საშუალებებზე წვდომა შეზღუდული ჰქონდა. ასევე მახსოვს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელზე მუშაობასაც „ქართული ოცნება“ უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში აპირებდა, სოფლის მეურნეობის განვითარება იყო.

ვფიქრობ, 2012 წლის შემდეგ საქართველოში დემოკრატია ვითარდება, თუმცა არის დასახვეწი სფეროები. სასამართლო სისტემაზე მუშაობაა საჭირო და გასაუმჯობესებელია ეკონომიკური ფუნდამენტები. უკეთესი იქნება ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს ქონა, სადაც საწინააღმდეგო აზრის მოსმენა უფრო ხშირად იქნება შესაძლებელი. ასევე კარგი იქნება, თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები უფრო ხშირად ითანამშრომლებენ.

კოაბიტაციის რთულ პერიოდში, მახსოვს ორი დავითი – დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი. მათ პარლამენტში თანამშრომლობა შეძლეს, შეძლეს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა და ამით ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ბევრი საქმე გააკეთეს.

კარგი იქნება, თუ ადამიანები (როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოშ)ი, შეძლებენ იმის გაცნობიერებას რომ პოლიტიკური მეტოქეები მტრები კი არ არიან, არამედ ისინი პოლიტიკურ ალტერნატივას წარმოადგენენ. ამის გამო, არჩევნები ან მმართველობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ უნდა იყოს. როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში მმართველობაში უფრო მეტია განგრძობითობა, ვიდრე ცვლილება მაშინ, როცა ქვეყნის მმართველი თანამდებობიდან მიდის. პოლიტიკური დებატების დროს, ზოგჯერ ეს გვავიწყდება.

- როგორც იცით საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს. ეს საკითხი საზოგადოების პოლარიზაციის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. თქვენ რას ფიქრობთ ამ პროცესზე?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს საკითხი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ. ვფიქრობ უნდა გვახსოვდეს კონტექსტი, რომ წინა მთავრობამ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. დღევანდელი ძალისხმევა ზოგიერთი ძველი ცვლილების გაუქმების მცდელობაა – მაგალითად, პრეზიდენტის როლი. ყოველი მეორე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ახალ საარჩევნო ჩარჩოებში იმართება. არ მიკვირს, რომ მთავრობა ახლაც ცდილობს საარჩევნო კანონის შეცვლას. ამ პროცესში ქვეყანამ ორი რამ უნდა გაითვალისწინოს:

პირველ რიგში მათ უნდა წარმოიდგინონ, როგორი უნდა იყოს ეს ინსტიტუტები 10-20-30 წლის შემდეგ, როცა ის ადამიანები, რომლებსაც დღეს წამყვანი პოზიციები უკავიათ პოლიტიკაში, აღარ იქნებიან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ძალთა ბალანსი ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ისინი ამას ჯერ არ ითვალისწინებენ და ხდება ამ გადაწყვეტილებების პერსონიფიცირება.

მეორე გასათვალისწინებელი საკითხი ის არის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება აქვს. საქართველოს პარლამენტის ლიდერებმა კარგი ქნეს, რომ ვენეციის კომისიას შეფასებები სთხოვეს და რეკომენდაციების დიდი ნაწილი პროექტში გათვალისწინებული იქნა.

- კრიტიკის ერთ-ერთი საგანი ის არის, რომ პროცესი პოიტიკურად სათანადოდ წარმომადგენლობითი არ არის…

- ეს ის პოლარიზაციაა, რომელზეც ვსაუბრობთ. ახლანდელმა საპარლამენტო ოპოზიციამ 2013 წელს პრეზიდენტ მარგველაშვილის ინაუგურაციას ბოიკოტი გამოუცხადა. ეს ცუდი ნიშანი იყო ქვეყანაში ორპარტიული თანამშრომლობისთვის. ასეთი მნიშვნელოვანი პროცესიდან გათიშვა შეშფოთების მიზეზს აჩენს. ერთის მხრივ მესმის რატომ მიიღეს მათ [ოპოზიციამ] ეს გადაწყვეტილება. ამერიკაში პოლიტიკასა და სპორტში ერთი გამონათქვამი გვაქვს – თუ თამაშობ, ითამაშე რომ მოიგო. თუ გინდა შედეგზე გავლენა იქონიო, პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღო მაშინაც კი, როცა უპირატესობა არ გაქვს. კარგი იდეებით და ჯანსაღი ურთიერთობებით ზოგჯერ ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება გავლენის მოხდენა.

- ცოტა ხნის წინ თქვენ კომენტარი გააკეთეთ „საქართველოს მანგანეზის“ საქმესთან დაკავშირებით და თქვით, რომ პროცესი არ არის ისეთი გამჭვირვალე და სამართლიანი, როგორიც შეიძლება იყოს. როგორ ასაბუთებთ ამ შეხედულებას? და ზოგადად, როგორ აფასებთ საინვესტიციო გარემოს საქართველოში?

- უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, არა მხოლოდ ამერიკიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ საერთაშორისო ბიზნეს თანამეგობრობაში შეხედულება, რომ საქართველოში ინვესტიციები სათანადოდ არ არის დაცული ისესვ არსებობს. საკუთრების უფლება სათანადოდ არ არის დაცული.

ვიცი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და ეს თემა საკონსტიტუციო ცვლილებებსაც უკავშირდება. ამ საკითხთან მთელი რიგი გასათვალისწინებელი კომპონენტებია დაკავშირებული. ამაში შედის კომერციული დავის გადასაჭრელად არბიტრაციის გამოყენება; იმის გადაწყვეტა, უნდა არსებობდეს თუ არა სპეციალური ბიზნეს სასამართლოები; ასეთი დავების გადასაჭრელად მოსამართლეების მონახვა და მათი გადამზადება. ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს.

გასულ თვეს, საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიზნეს ასოციაციამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო, სავარაუდოდ, პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა კონკრეტული შედეგების მიღების მიზნით.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მართალია ეს შეხედულება. სანამ ის არსებობს, უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში შემოსვლისგან თავს შეიკავებენ. სასამართლო სისტემის სანდოობის გაზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს.

„საქართველოს მანგანეზს“ რაც შეეხება – ის საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და ექსპორტიორია. რამდენიმე კვირის წინ თბილისის სასამრთლოს მიერ კომპანიის მმართველობის სტრუქტურის ძალიან მოკლე დროში შეცვლა ისეთი მოვლენაა, რომელიც ინვესტორებს გარემოს არასანდოობაზე აფიქრებინებს.

- არსებობს შეხედულება, რომ მთავრობა შეიძლება რამდენიმე მსხვილი კომპანიის საკუთარ მფლობელობაში გადატანას ან მათზე გავლენის გაზრდას ცდილობდეს. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც საქართველოში, ასევე შეერთებულ შტატებში ხალხს ამ თემაზე ესაუბრებით და მოვლენებს თვალს ადევნებთ, თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ? როგორ ფიქრობთ, მთავრობა ცდილობს ბიზნესზე მეტი გავლენის მოპოვებას?

- ვფიქრობ, საკითხის სწორი ფორმულირება გააკეთეთ – რამდენად ცდილობს მთავრობა ან მთავრობაში ზოგიერთი ადამიანი კონკრეტული კომერციული შედეგის დასადგომად პროცესებზე გავლენის მოხდენას. ნებისმიერ სასამართლო საქმეში მნიშვნელოვანია არსებობდეს პროცესი, რომლის დროსაც მხარეები წარმოადგენენ ფაქტებს, რომლებსაც მოსამართლე ყურადღებით განიხილავს. როგორც წესი, არ არსებობს ასეთი საქმეების დაჩქარების საჭიროება.

ის, რომ სააპელაციო პროცესის შედეგად „ფილიპ მორისის“ საქმეზე წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა შეცვლილი და ის, რომ „საქართველოს მანგანეზის“ შემთხვევაში სწრაფად მოხდა მოლაპარაკება გარემოს დაცვის გარკვეულ საკითხებზე მას შემდეგ, რაც ამ საქმეებზე საერთაშორისო ყურადღება გამახვილდა, არ ვფიქრობ იმაზე მიუთითებდეს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაცამ გადაწყვეტილება შეცვალა და არა იმაზე, რომ პროცესი გაუჯობესდა. ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად მიიღება უფრო მეტ კითხვას წარმოქმნის, ვიდრე პასუხს.

- შეჯამების მიზნით, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ საინვესტიციო გარემო გააუმჯობესოს?

- უნდა გაკეთდეს ყველაფერი პრაქტიკული და შესაძლებელი იმისთვის, რომ გაძლიერდეს სასამართლო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მეორე საკითხი – მიწის რეგისტრაცია ეროვნულ დონეზე უნდა მოხდეს იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნის მიწის რომელი ნაკვეთი, ვის აქვს მისი ყიდვა-გაყიდვის უფლება. ასევე მნიშვნელოვანია შემუშავდეს მეთოდები ისეთი დავების გადასაჭრელად, რომლებიც ხშირად წამოიჭრება ხოლმე. მაგალითად დაწესდეს არბიტრაციის და კომერციული დავების გადაჭრის მეთოდები. საგადასახადო კოდექსის გამარტივება ასევე დამატებითი დადებითი ფაქტორი იქნება.

ვფიქრობ, ხალხმა უნდა იცოდეს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესების სასარგებლოდ, სისტემის მანიპულირების და სისუსტეების ბოროტად გამოყენების საშუალების მიცემას მოჰყვება.

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 16 ივლისი, 2017 წელი

http://vestikavkaza.ru/analytics/Gruzinskoy-mechte-potrebovalsya-ledokol.html

საქართველო-რუსეთი: „ქართულ ოცნებას“ „ყინულმჭრელი“ დაჭირდა

სტატიაში განხილულია საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა (ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსიდან“) ვიზიტი რუსეთში და მათი შეხვედრა სახელმწიფო სათათბიროს წევრებთან, გადმოცემულია ქართველი და რუსი დეპუტატების დიალოგის შედეგები და სამომავლო მიაი პერსპექტივები (ავტორი – გიორგი კალატოზიშვილი).

„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამართულ მოლაპარაკებაზე გადაწყდა „არაფორმალური ჯგუფის“ შექმნა სამომავლო ურთიერთობისათვის. ქართული დელეგაციის წევრმა ადა მარშანიამ პრეს-კონფერენციაზე შეხვედრის შედეგებს „გარღვევა“ და „დიდი მიღწევა“ უწოდა. იბადება კითხვა – რატომ „არაფორმალური ჯგუფი“? ორივე პარლამენტის რეგლამენტი ხომ ითვალისწინებს მიზნობრივი ჯგუფების შექმნას სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობის მიზნით? საქმე იმაშია, რომ რადგანაც დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, საქართველოს პარლამენტში რუსეთთან საკონტაქტო ჯგუფის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია: მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საეჭვოა, რომ ხმა მისცეს მის ჩამოყალიბებას – ეშინიათ, ვაითუ მიხეილ სააკაშვილის მომხრე„ ნაციონალებმა“ „პრორუსულობა“ დაგვწამონო. „მეოცნებეები“ ძალზე უფრთხიან „ნაციონალების“ ბრალდებებს „გამყიდველობასა“ და „კაპიტულანტობაზე“.

„პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციური პარტიაა. მართალია, არა დასავლური, მაგრამ „ეროვნულად ორიენტირებული“. პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მიხეილ სააკაშვილის პარტიის დამარცხებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. „პატრიოტებს“ მცირერიცხოვანი ფრაქცია აქვთ, მაგრამ მაინც მესამე პოლიტიკური ძალად ითვლება საქართველოს პარლამენტში, ანუ „პატრიოტთა ალიანსი“ „ოცნებისათვის“ ყინულმჭრელის როლს ასრულებს მოსკოვთან პირდაპირი საგნობრივი დიალოგის განახლების საქმეში.

საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და მთავრობას ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ სწორედ საკანონმდებლო ორგანო განსაზღვარავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. უფრო მეტიც – „პატრიოტებმა“ არა მარტო პრეცედენტი შექმნეს და რუსეთთან დიალოგისთვის „ახალი ფანჯარა გაჭრეს“, არამედ მიანიშნეს რუს კოლეგებთან მიღწეულ წინასწარ შეთანხმებაზეც – განიხილონ ურთიერთობის პრობლემატიკა „რუსეთი-საქართველო-ნატოს სამკუთხედში“. ძნელი არაა იმის მიხვედრა, თუ როგორ განვითარდება დიალოგი ამ პრობლემის მიმართ: საქართველო ხომ დღემდე აცხადებს, რომ ნატოსთან ინტეგრაციის კურსი შეუქცევადია და ეს საკითხი მესამე ქვეყნანასთან მოლაპარაკების საგანი არ უნდა გახდეს, მოსკოვი კი მუდამ იმეორებს, რომ მისთვის კავკასიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება მიუღებელია.

ამიტომაც, ერთი შეხედვით ნაკლებადმნიშვნელოვანი მცირერიცხოვანი ფრაქციის დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდა და უფრო ფართო კონტექსტს ქმნის სამომავლო მოლაპარაკებისათვის, რომელიც უფრო შინაარსიანი იქნება სხვა შედარებით გავლენიანი მოთამაშეების მონაწილეობით.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 17 ივლისი, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3359461

„მოსკოვთან ძალიან ახლოს მდებარეობსო…“

საქართველომ ჟუკოვსკის აეროპორტი რეგიონულ აეროპორტად არ ჩათვალა

„მოსკოვიდან 40 კმ-ის მოშორებით არსებულმა ჟუკოვსკის აეროპორტის რეგიონულმა სტატუსმა მორიგი სკანდალი გამოიწვია: საქართველოს ავიაციის ხელმძღვანელობამ უარი განუცხადა რუსულ „ურალის ავიახაზებს“ ჟუკოვსკიდან თბილისში რეისების შესრულებაზე, რადგან ჩათვალა, რომ ეს აეროპორტი მოსკოვს მიეკუთვნება და თუ ნებარ დართავს, ამით სამთავრობოთაშორისო სეთანხმება დაირღვევაო“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ელიზავეტა კუზნეცოვა).

„საქართველოს ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა გასული კვირის ბოლოს, შაბათს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ კვირაში ოთხი ავიარეისი გააუქმა თბილისი-მოსკოვის მიმართულებითო. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთმა საქართველოს ჯერ ყაზანის მიმართულებაზე უთხრა უარი, შემდეგ „მოულოდნელად შეატყობინა“ გადაწყვეტილება მოსკოვის რეისებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საქართველო-რუსეთს შორის დადებული შეთანხმებით, ორივე მხარის ავიაკომპანიებს ერთნაირი რაოდენობის ავიარეისების შესრულება შეუძლიათ (დღეში სამჯერ ორივე მხრის მიერ), მაგრამ „გადაწყვეტილებამ ქართული მხარე უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენაო“, – ასე თვლის Georgian Airways, რადგან ამ რეისებზე ბილეთები უკვე გაყიდული იყო.

საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2006 წელს გაუქმდა, შემდეგ მცირე ხნით 2008 წლის აგვისტომდე განახლდა, თუმცა სამხრეთ ოსეთის ომის გამო ისევ შეწყდა. 2010 წელს ერთი მხრივ, რუსულმა ავიაკომპანიებმა „ციმბირმა“-მა („სიბირ-7“) და „ურალის ავიახაზებმა“ („ურალსკიე ავიალინიი“), მეორე მხრივ – ქართულმა „ჯორჯიან ეირუეიზ“-მა ჯერ ჩარტერული რეისების შესრულება დაიწყეს, შემდეგ კი, 2014 წლის დასასრულს, მოლაპარაკება გამართეს რეგულარული მიმოსვლის თაობაზე. მაგრამ იმ ხანებში თბილისმა „ღია ცის“ რეჟიმი შემოიღო, რამაც დისპროპორცია გამოიწვია: ქართული მხრიდან მხოლოდ ერთი ავიაკომპანია – Georgian Airways-ი დაფრინავდა, რუსეთიდან კი მინიმუმ სამი. ამჟამად, მოლაპარაკების თანახმად, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში თბილის-მოსკოვს შორის ნებადართულია კვირაში 18 რესისი სესრულება თითოეული მხრიდან, ხოლო გაზაფხულ-საფხულში – 21-21 რეისი. სხვა ქალაქებში ფრენის სიხშირე შეზღუდული არ არის. რუსეთის მხრიდან რეგულარულ რეისებს ასრულებს „აეროფლოტი“ და მისი ლოუკოსტერი – ავიაკომპანია „პობედა“, „ურალსკიე ავიალინიი“, „სიბირ-7“, „ნორდავია“ და „ნორდსტარი“.

რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროში თავიანთი მოქმედება გაამართლეს და მას „სარკისებრი“ (არეკვლითი) პასუხი უწოდეს, რადგან საქართველო მაისის დასაწყისიდან არ თანხმდება „ურალის ავიაკომპანიის“ თვითმფრინავების ფრენებს „პოდმოსკოვიეს“ (მოსკოვის ოლქის) ჟუკოვსკის აეროპორტიდან. „კომერსანტსი“ წყაროს ცნობით, რომელმაც სიტუაცია კარგად იცის, საქმე შემდეგში მდგომარეობს: ეს ფრენები თავიდანვე სეთანხმებული იყო ავიაორგანოებს შორის მიმოწერით, „მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება ჟუკოვსკის აეროპორტის სტატუსის გამო იქნა მიღებული“.

მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსეთი ჟუკოვსკის აეროპორტს (40 კმ. მოსკოვიდან) რეგიონულად მიიჩნევს, რის გამოც ის არ იზღუდება საერთაშორისო რეისების რაოდენობაში  (შეზღუდვები, შეთანხმების მიხედვით, მოქმედებს ვნუკოვოს, შერემეტიევოს და დომოდედოვოს აეროპორტებზე). სხვათა შორის, „ურალის ავიახზებს“ მსგავსი უთანხმოება აქვს ტაჯიკეთის და ისრაელის ავიაკომპანიებთანაც.

Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი გივი დავითაშვილმა დაადასტურა, რომ უთანხმოება მართლაც ჟუკოვსკის აეროპორტის სტატუსის გამო არსებობს, რადგან ქართული მხარე მას რეგიონულად კი არა, მოსკოვის აეროპორტად თვლის. მით უმეტეს, რომ „ავიაკომპანიებს შორის ჟუკოვსკის აეროპრტზე მოლაპარაკება არ წარმოებულა“. გივი დავითაშვილმა აღნიშნა, რომ „ჟუკოვსკის გამო რუსეთმა ყაზანში ფრენების ნება არ დაგვრთო და ამრიგად, მოსკოვში რეისების შემცირებაზე მიღებული გადაწყვეტილება ან კონკურენციის საკითხია, ან რუსული პოლიტიკის შედეგი“. Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა ეკონომიკის სამინისტროს „ზომების დაუყონებლივი მიღება“ სთხოვა.

ავიაციის ანალიტიკური სააგენტო „ავიაპორტის“ ხელმზღვანელის ოლიგ პანტელეევის ტმით, ასეთი სიტუაცია, რომელიც ჟუკოვსკის აეროპორტის სტატუსის გამო შეიქმნა, შეიძლება კიდევ განმეორდეს, ამიტომ კომპრომისის ძიება აუცილებელია: ქარტული მიმართულება დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია რუს ტურისტებში. საქართველოს აეროპორტებში იანვარ-მაისში ავიამგზავრების ნაკადი 47%-ით გაიზარდა, ხოლო ტურისტთა რაოდენობა – 25%-ით (980 ათასამდე).

———

ამ თემაზე იმსჯელეს აგრეთვე 16 ივლისს რუსეთის რადიოსადგურ „კომერსანტის“ ეთერშიც. კითხვაზე, თუ როგორ აისახება რეისების შემცირება საქართველოს ტურისტულ დარგის მდგომარეობაზე, რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ კანტოროვიჩი პასუხობს:

„ტურიზმის თვალსაზრისით, რასაკვირველია, უმჯობესია „ღია ცის“ რეჟიმი, ანუ რომელ ავიაკომპანიასაც სურს, იმან იფრინოს. რუსი ტურისტებისთვის, რომლებსაც საქართველოში წასვლა უნდათ, მთავარი პრობლემა ბილეთებია. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის გარემოებაც, რომ ამჟამად, რიგი მიზეზების გამო, საქართველოში უფრო მეტი რუსი ჩადის, ვიდრე ქართველი – რუსეთში. აშკარაა, რომ ტურისტები და მგზავრები სახელმწიფოთაშორისო შეხლა-შემოხლის მსხვერპლნი ხდებიან. საქართველოს ავიაუწყება თავისი კომპანიის ინტერესებს ლობირებს და კონკურენციის შეზღუდვას ცდილობს, მაგრამ მგზავრებისთვის უფრო უკეთესია ფართო კონკურენცია იყოს“.

თბილისს ავიარეისების შეზღუდვა მაინცდამაინც არ ანაღვლებს. აი, რას ამბობს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტი გიორგი ჭუმბურიძე: „გულწრფელად გეტყვით, რომ ეს საკითხი რეალურად დღის წესრიგში არ დგას. თვითონ განსაჯეთ: საქართველოდან რუსეთში მგზავრთა ნაკადი ცოტაა, რუსეთიდან საქართველოში კი ბევრი. ქართველი რომ რუსეთში წავიდეს, ამისთვის ვიზაა საჭირო, რიგში დგომა, ლოდინი. ახლა ქართველები უფრო ევროპაში დადიან, იქ წასვლა შედარებით მარტივია“ (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/3359268).

არსებობს კიდევ ერთი აზრიც: როგორც Georgian Airways-ის გენდირექტორის მოადგილე რობერტ ოჰანესიანმა განაცხადა რადიოსადგურ «Говорит Москва»-ს („ლაპარაკობს მოსკოვი“) ეთერში, „რუსეთის მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები ქართული მხარისთვის დიდი ზარალის მომტანია რეისები ოქტომბრის ბოლომდე იქნება შემცირებული. მგზავრები ბილეთებს უკან აბრუნებენ, მათ კომპენსაცია ეკუთვნით და ა.შ. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ  მილიონებზეა საუბარი“ (წყარო: https://govoritmoskva.ru/news/127673/).

«Свободная пресса» (რუსეთი), 16 ივლისი, 2017 წელი

https://svpressa.ru/politic/article/176941/

საქართველო რუსეთთან ისევ ომობს, თუმცა ახლა ბრძოლა მიდის ტურისტული ნაკადისთვის, რომელსაც მილიონები მოაქვს

„რუსეთი და საქართველო ისევ წაიჩხუბნენ – ამჯერად თბილისიდან მოსკოვში ავიარეისების შეზღუდვის გამო, რომელიც რუსეთის ინიციატივით მოხდა“, – იუწყება რუსული გამოცემაში გამოქვეყნბებული სტატია (ავტორი – ანტონ ჩაბლინი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

„საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, 2008 წლის აგვისტოს ომის სემდეგ, სინუსოიდის მიხედვით ვითარდება: მკვეთრი „აცივება“ „დათბობის“ პერიოდით იცვლება, შემდეგ კი ისევ „აცივება“… უკვე ხუთი წელია, 2012 წლის დეკემბრიდან (ანუ იმ დროიდან, როცა პრეზიდენტობას ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებდა), საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ კონტაქტების აღდგენის მცდელობა დაიწყო: რეგულარულად მიმდინარეობს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის სეხვედრები, 2013 წლიდან კი რუსეთმა ქართული პროდუქციისათვის თავისი ბაზარი გახსნა, 2014-15-დან კი სატრანსპორტო (საავიაციო) მიმოსვლაც აღდგა. ამ ყველაფერმა საქართველოს ტურბიზნესზე დადებითი გავლენა მოახდინა – ორი წლის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა რუსი ტურისტების რაოდენობამ., მხოლოდ გასულ წელს საქართველოს 742 ათასი რუსი ტურისტი ეწვია. რაც შეეხება ქართველი ტურისტების რაოდენობას რუსეთში, ის ძალიან ცოტაა: 2014 წელს – 43 ათასი, 2015 წელს – 47 ათასი, 2016 წელს – 65 ათასი. მთავარი დაბრკოლება სავიზო რეჟიმია, რომელსაც რუსეთი, საქართველოსაგან განსხვავებით, არ აუქმებს.

ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ავიარეისების შემცირების თაობაზე მწვავედ გააკრიტიკა და პოლიტიკური შეფასება მისცა: აი, რა განაცხადა Georgian Airways-ის მფლობელმა თამაზ გაიაშვილმა: „რუსეთი ჩვენი საზღვრების მიმართ მტაცებლურ პოლიტიკას ატარებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყნის შიგნით მოიწევს… იგივე პოლიტიკას ახორციელებს ავიაციის სფეროშიც – ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ჩვენი ავიაციის განადგურებას“.

მართლაც პოლიტიკა უნდა ვეძებოთ „როსავიაციის“ გადაწყვეტილებაში? ამ კითხვით მივმართეთ სამხრეთკავკასიური ტემატიკის ანალიტიკოსს, ჟურნალისტ ანტონ კრივენიუკს:

„ფაქტია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა არაპოლიტიკურ სფეროებშიც კი ძალიან არის პოლიტიზებული. არადა, ავიარეისების შემცირება, ჩემი აზრით, როგითი მოვლენაა, ტექნოლოგიური ხასიათის მქონე, რომლებიც, ჩვეულებრივ, უწყებებს შორის წყდება ხოლმე [რეკლამირებისა და პიარის გარეშე]. მე ვერ ვიტყვი ვინ წააგო ან მოიგო ამ ისტორიაში, მაგრამ ის გარემოება, რომ ასეთი სიტუაცია გაგანია ტურისტულ სეზონში წარმოიქმნა, ხოლო ქართული მიმართულება კი რუსებში პოპულარულია, იმაზე მეტყველებს, რომ „ომი“ მგზავრთა მზარდი ნაკადის გამო ატყდა“.

- ისე ხომ არ მოხდება, რომ ტურისტები, რომლებიც საქართველოში ვერ გაფრინდებიან, „აფხაზეთში წავლენ?

- აფხაზეთში და საქართველოში ტურისტები სხვადასხვანაირად დადიან. აფხაზეთში ტურისტთა ლომის წილი ავტომობილებით ჩადის ახლოს მდებარე რუსული რეგიონებიდან, ვოლგისპირეთიდან, საქართველოში კი დადიან მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, რუსეთის სხვა დიდი ქალაქებიდან. აფხაზეთი და საქართველო ტურისტული ნიშებითაც განსხვავდებიან: აფხაზეთში პრიორიტეტული ზღვაზე დასვენებაა, საქართველოში კი ზღვასთან ერთად უპირატესობა ენიჭება ისტორიული ღისშესანიშნაობების დათვალიერებას, სამზარეულოს, მთებს… საქართველო მათთვის არის მიმზიდველი, ვინც გურმანებია, სმა-ჭამა უყვართ, მთებში სიარული და თხილამურებით სრიალი… საქართველო სწორედ ასეთი ტურიზმით გაიჭრა წინ.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 15 ივლისი, 2017 წელი

http://ru.echo.az/?p=60949

სომხეთის იმედები „სატრანსპორტო დერეფნებზე“ ოფიციალურად დასამარდა

სტატია ეხება სომხეთის რკინიგზების მდგომარეობას, რომელიც  კონცესიური მართვის უფლებით, რუსეთისადმია გადაცემული. მასში აგრეთვე საუბარია სომხეთის სატრანსპორტო პერსპექტივაზე, კერძოდ, იზოლაციიდან გამოსვლაზე და საქართველოს რკინიგზით სავარაუდო სარგებლობაზე (აფხაზეთის მონაკვეთი), „სატრანსპორტო დერეფნით“ სარგებლობის მიზნით (ავტორი – ნურანი//ტოფიგა კასიმოვა).

„სომხეთში რკინიგზების მდგომარეობის ნახევარწლიური ანგარიში გამოქვეყნეს. ყველა მონაცემები საუკეთესოდ გამოიყურება: გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირდების გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის გეგმა გადაჭარბებულია… მაგრამ ეს ის მონაცემები არაა, რომელიც სომხეთს სურს. ერევანში მშვენივრად ესმით: სომხეთი, რომელსაც ოდესღაც რეგიონში საუკეთესო სარკინიგზო ლოჯისტიკა ჰქონდა (თურქეთთან და ირანთან კავშირის ჩათვლით), დღეს მხოლოდ საქართველოსთან აქვს მიმოსვლა. თეორიულად სომხეთს შეუძლია საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების მეშვეობით (საბორნე მიმოსვლით) რუსეთს და ევროპას დაუკავშირდეს, მაგრამ ამისათვის სომეხ ბიზნესმენებს ფული არ აქვთ. მართალია, არსებობდა კიდევ სომხეთ-ირანის ერთმანეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი (ძველი მარშრუტი – ერევანი-ჯულფა დღეს აღარ არ მოქმედებს), მაგრამ ირანულმა მხარემ საბოლოოდ მასზე უარი თქვა – სომხეთი ჩიხურ მიმართულებად ჩათვალა.

ამას წინათ სომხებს „გულს იმედი ჩაესახათ“ – გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის პრაღის შეხვედრის დროს მხარეებმა 2011 წელს ხელმოწერილი სატრანსპორტო დერეფნების შესახებ შეთანხმების იმპლიმენტაციაზე მოილაპარაკეს. სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვაან მარტიროსიანმაც აღნიშნა, რომ ერევანს იმედი აქვს საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სატრანსპორტო-სავაჭრო დერეფნები გაიხსნებაო, მაგრამ  დღეს უკვე ცნობილია – ერევნის იმედები ოფიციალურად დასამარდა: სომხური მასმედია ნაღვლიანად წერს, „დერეფნები“ არ იქნებაო და ზურაბ აბაშიძის განმარტებას იმოწმებენ – საქართველო არ განიხილავს „დერეფნებში“ სომხების ტვირთების ტრანზიტსო.

„სომხებმა ბოლო ხანებში კიდევ ერთი აფხაზური იმედგაცრუება“ განიცადეს, – წერს სტატიის ავტორი და იმ ინციდენტს იხსენებს, რომელმაც აფხაზეთის საზოგადოებაში (განსაკუთრებით იქაურ სომხურ წრეებში) დიდი ხმაური გამოიწვია: 5 ივლისს გაგრაში, ომის ვეტერანებთან შეხვედრისას „აფხაზეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბის“ ვიცე-პრეზიდენტმა ჯემალ ბარციცმა ნეგატიურად შეაფასა სომხების როლი 1992-93 წლების ომში და განაცხადა, რომ იმ სომხებს, რომლებიც „ბაგრამიანის სახელობის ბატალიონებში“ იბრძოდნენ, აფხაზებისაგან განსხვავებით, სრულიად სხვა მიზნები ჰქონდათ – ძარცვით ხელი მოითბეს, სახლები აიშენეს და ქონება დააგროვესო. ვინც დაიღუპა, ისინი აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში კი არ დაღუპულან, არამედ პირადი საქმისთვისო. სომხები ბრძოლოში საკუთარი ინიციატივით ჩაერთვნენ და ერთანირად უსწორდებოდნენ როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებსო“. უფრო მეტიც – ჯემალ ბარციცის თქმით, სომხები დღეს აფხაზეთში ბატონ-პატრონებივით იქცევიან,  ქედმაღლური დამოკიდებულება აქვთ აფხაზებთან, სომხებისთვის აფხაზეთი ბიზნეს-შემოსავლების ადგილად გადაიქცა. ბევრი ღატაკი სომეხი ახლა მილიონერია და თავიანთ შემოსავლების ნაწილს სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტში გზავნიან. მათი რაოდენობა ჩვენთან ყოველწლიურად მატულობს, სომხეთი კი ჩუმადაა, რომ საქართველო არ გააღიზიანოს“. ჯემალ ბარციცი დაიმუქრა კიდეც: „თუ სომხეთის ხელისუფლება აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, სომხებს აფხაზეთის დატოვება მოუწევთო“

აფხაზეთის სომხობა ჯემალ ბარციცის განცხადებამ ძალიან შეაშფოთა: სომხური თემის თავმჯდომარემ გალუსტ ტრაპეზონიანმა კრება ჩაატარა და აღნიშნა, რომ მან წერილები გაუგზავნა პრეზიდენტს, პროკურატურას, უშიშროების საბჭოს… მაგრამ სომხებს მშვენივრად ესმით, რომ მიმართვებით და წერილებით საკითხს ვერ გადაწვეტენ. ამაზე ლაპარაკი არც სოხუმში და არც მოსკოვში არ მოსწონთ, მაგრამ ფაქტია: ე.წ. „სუვერენული აფხაზეთის რესპუბლიკის“ არსებობა საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. აფხაზეთში ანარქია სუფევს, კრიმინალური ვითარება სავალალოა: ამაზე მეტყველებს ამას წინათ მომხდარი რუსი ტურისტების მკვლელობაც…

პირველმა ეიფორიამ დამოუკიდებლად აღიარების თაობაზე უკვე გაიარა, საკურორტო აფხაზეთში მღელვარება მატულობს. თანდათანობით ყველაფერმა – სანატორიუმებმა, უძრავმა ქონებამ, სხვადასხვა ობიექტებმა – რუსებისა და სომხების ხელში გადაინაცვლა, მაგრამ ბიზნეს-აქტიურობა არ ჩანს, ინვესტიციებიც ასევე. მოკლედ, „ფრონტის იქითა მხარეს“, საქართველოში რომ ამბობდნენ, აფხაზეთი შეიძლება „კრასნოდარის მხარის სტატუსში აღმოჩნდესო“, თითქმის ისე მოხდა, თანაც ხმის უფლების გარეშე.

ოფიციალური ერევანი, გალუსტ ტრაპეზონიანისაგან განსხვავებით, დუმილს ინარჩუნებს. უბრალოდ, არ იციან, როგორი რეაგირება მოახდინონ. აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარება სომხეთისთვის „ქართული სარკმლის“ – საზღვრის დახურვას ნიშნავს, თანამემამულეებისადმი მხარდაჭერა სარისკოა, რადგან მოსკოვმა შეიძლება ეს ჟესტი „ვერ გაიგოს“. არადა, თუ აფხაზეთში დარბევები დაიწყება და ერევანი მაინც ჩუმად იქნება, ეს მთლად უარესია.

სტატიის დასასრულს ავტორი წერს სომხების განზრახვაზე, რომელთა თანახმად, 2009 წელს ერევანი რუსეთში სამხედრო ბაზების შექმნას გეგმავდა – სოჭში, აფხაზეთთან ახლოს და დაღესტანში, აზერბაიჯანის საზღვართან. „დღეს სომხეთში ამ ფაქტზე დუმილს ამჯობინებენ“.

Comments are closed