«Незавсисимая газета» (რუსეთი), 17 აგვისტო, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-08-17/6_gruzia.html
საქართველოს არ სურს „არსაით“ წასვლა
თბილისი მხარს უჭერს მოსკოვთან მოლაპარაკების აქტივიზაციას
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ტელევიზიით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მოსკოვთან დიალოგის აქტივიზაცია აუცილებელია. აშკარაა, რომ დიპლომატის განცხადება ერთგვარი პასუხია ოპოზიციის მოთხოვნაზე – შეწყდეს მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც „საქართველოს ტერიტორიის ანექსიას აგრძელებს“. ზურაბ აბაშიძის თქმით, ყოფილი მმართველი პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი მიდგომა საკითხისადმი – ეს არის „გზა არსაით“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ზურაბ აბაშიძის გამოსვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის – ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში: ხაზი აქვს გასმული ქართველი დიპლომატის განცხადებას – „ჩვენ უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი შეხების წერტილები ვიპოვოთ მეზობელ ქვეყანასთან. რუსეთი ძალიან რთული პარტნიორია… მცირე ნაბიჯებით უნდა ვიაროთ მიზნის მისაღწევად და რაც მთავარია, იმ ურთულესი საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც „ჟენევის ფორმატით“ განიხილება“.
როგორც ზურაბ აბაშიძის სიტყვებიდან ჩანს, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმა თბილისისათვის არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ არც ტრაგიკული არ არის, რადგან ტრაგედია უფრო ადრე მოხდა, როცა 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შედეგად რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და საზღვარმა სამხრეთისაკენ რეალურად გადმოიწია“. „სწორედ მაშინ დაიწყო რუსეთმა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის, რომელსაც ჩვენ ოკუპაციის ზოლს ვუწოდებთ. აი, ეს მოიტანა წინა ხელისუფლების მიერ გატარებულმა არასწორმა საგარეო პოლიტიკამ, რომელმაც ომამდე მიგვიყვანა და საბოლოო ჯამში, მძიმე შედეგები მოუტანა ქვეყანას“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ და მიუთითა, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“ ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, ანუ მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალები“ იყვნენ.
ამასთან, როგორც ქართველმა დიპლომატმა განაცხადა, დღევანდელი ხელისუფლების ზომიერი დამოკიდებულება რუსეთისადმი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რუსეთის მოქმედებას შეურიგდება: „ჩვენ ეს საკითხი ყველგან და ყველა დონეზე უნდა დავსვათ, სადაც კი შეგვიძლია – საერთაშორისო ორგანიზაციებში, ორმხრივ ურთიერთობებში, პარალელურად კი უნდა ვეცადოთ პრობლემა რუსებთან და ოსებთან მოლაპარაკებით მოვაგვაროთ, მათთან საერთო ენა გამოვნახოთ კონკრეტული საკითხების გადაჭრის მიზნით“.
ზურაბ აბაშიძე შეეხო „პრაღის ფორმატს“ და აღნიშნა, რომ ამ ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკების შედეგები დამოკიდებულია არამარტო ქართული მხარის სურვილზე, არამედ რუსეთზეც, ანუ შედეგი მაშინ იქნება, თუ მოსკოვისა და თბილისის სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა. „მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები მოთხოვნას მოლაპარაკების შეწყვეტის თაობაზე. ეს ნიშნავს დაყრუებას და დამუნჯებას, უარს საუბარზე… ეს მოთხოვნა ჩიხში შეგვიყვანს, ეს არის „გზა არსაით“. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს კარგად ესმით სიტუაცია, ამიტომაც გვირჩევენ დიალოგის გაგრძელებას და მხარს გვიჭერენ ამ საკითხში“.
სწორედ ქართული მხარის ზომიერმა და მოქნილმა პოლიტიკამ განაპირობა მოსკოვის ის ნაბიჯი, რომ რუსეთმა საქართველოს ახალი სავაჭრო ემბარგო არ დაუწესა. ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველო გააგრძელებს რუსეთისადმი პრაგმატულ მიდგომას და „პრაღის ფორმატით“ მოლაპარაკებას, რის შედეგადაც რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი აღდგა. „ჩვენ განწყობილნი ვართ მიღწეული შედეგები შევინარჩუნოთ და თუ შესაძლებლობა იქნება, წინ წავიდეთ“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ და ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ განუმარტა ევროკავშირის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციებისადმი საქართველოს მხოლოდ ნაწილობრივი მიერთების მიზეზები: „ჩვენ ავკრძალეთ მხოლოდ ყირიმული პროდუქციით ვაჭრობა და თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროპამ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მიმართაც იგივე პოზიცია დაიკავოს, მაშინ შემხვედრი, მაგრამ ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ“.