globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 17th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Profil» (ავსტრია): ინტერვიუ მიხეილ ჯანელიძესთან: „ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ“ // ქართველი მინისტრის თვალსაზრისი ევროპასთან ინტეგრირების, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებასა და საქართველოს როგორც ევროპა-აზიის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდის შესახებ

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველოში რუსული ბაზები და რუსული პენსია არჩევნებიდან მოხსნეს // „ცენტრისტებს“ რეგისტრაცია გაუუქმეს

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: „ოდესაში მიხეილ სააკაშვილი ძალიან უყვართ. იგი ძალიან განათლებული და მიმზიდველი ბიჭია“

———————-

«Profil» (ავსტრია), 17 აგვისტო, 2016 წელი

http://www.profil.at/shortlist/ausland/mikheil-janelidze-georgien-europaeisches-land-7526795

ინტერვიუ მიხეილ ჯანელიძესთან: „ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ“

მინისტრის თვალსაზრისი ევროპასთან ინტეგრირების, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებასა და საქართველოს როგორც ევროპა-აზიის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდის შესახებ

ავსტრიის ყოველკვირეულ პოპულარულ ჟურნალ „პროფილში“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, რომელსაც გამოცემის კორესპონდენტი ოტმარ ლაჰოდინსკი  ესაუბრება.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით (თავისუფალი თარგმანი):

- ბევრ ევროპულ ქვეყანაში შეინიშნება ევროკავშირიდან გასვლის სურვილი, საქართველო კი პირიქით – ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ ისწრაფვის. რატომ?

- საქართველომ თავისი არჩევანი ჯერ კიდევ 25 წლის წინ გააკეთა, როცა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ბევრი რეფორმა განვახორციელეთ. გვსურს რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი. საქართველო ევროპას მიეკუთვნება და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის განაპირას მდებარეობს, იმავდროულად ის აზიასთან დამაკავშირებელი ხიდის როლსაც ასრულებს. საქართველო უზრუნველყოფს აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის ევროკავშირში ექსპორტს. გარდა ამისა, „აბრეშუმის დიდი გზის“ აღორძინების პირობებში, საქართველოს შავიზღვისპირა ნავსადგურების და რკინიგზების გამოყენება ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გააქტიურებას.

- საქართველოს იმედი აქვს, რომ შემოდგომით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი იქნება შემოღებული. ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, ფრთხილობს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებით ქართველი პოტენციური დამნაშავეების ნაკადი მოიმატებს…

მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროკომისიის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ასე რომ, ორგანიზიბული დამნაშავეობისა და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით არანაირი რისკები არ არსებობს. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება.

- თქვენი ქვეყნის ერთ-ერთ პრობლემად ძველებურად ისევ კორუფცია ითვლება…

- ევროკომისარმა იოჰანეს ხანმა განაცხადა, რომ საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში უფრო მეტ წარმატებებს მიაღწია, ვიდრე ევროკავშირის წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამო. ამჟამად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა. ამ მხრივ ჩვენ საბჭოური მემკვიდრეობა აღმოფხვრილია.

- როგორ შეაფასებთ ურთიერთობას რუსეთთან, რომელთანაც საქართველოს 2008 წელს სამხედრო კონფლიქტი ჰქონდა?

- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მთელ მსოფლიოშია აღიარებული, რუსეთის ფედერაციისა და კიდევ ორიოდე ქვეყნის გამოკლებით. ჩვენს გვსურს სუვერენიტეტის აღდგენა [რუსეთის მიერ] ოკუპირებულ ნაწილებზეც, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით. რუსეთთან ჩვენ ოფიციალური და არაოფიციალურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგალითად, ვაჭრობის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და მოქალაქეთა შორის კონტაქტების გაფართოების მიზნით. ჩვენ დაძაბულობის შენელებას ვცდილობთ.

- საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორია, ქართული იუსტიციის მიერ იძებნება. მოითხოვთ მის ექსტრადირებას უკრაინისგან?

- მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა აირჩია, თუმცა ჩვენი სამართალდამცველი ორგანოების მიერ მიღებული ზომები იგივე რჩება.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 17 აგვისტო, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3065429

საქართველოში რუსული ბაზები და რუსული პენსია არჩევნებიდან მოხსნეს

„ცენტრისტებს“ რეგისტრაცია გაუუქმეს

გიორგი დვალი, თბილისი

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გუშინ, 16 აგვისტოს, პარტია „ცენტრისტების“ რეგისტრაცია გააუქმა. ამ პარტიას შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი თემურ ხაჩიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში რუსეთის ჯარების ყოფნის ლეგალიზებასა და ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას. ცესკოს გადაწყვეტილებამდე კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერიდან მოხსნა „ცენტრისტების“ წინაასაარჩევნო ვიდეორგოლიც, რომლის მეშვეობითაც ეს პარტია, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოქალაქეებს რუსულ პენსიას და ორმაგ მოქალაქეობას პირდებოდა.

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, „ცენტრისტები“ იმიტომ მოიხსნენ რეგისტრაციიდან, რომ თურმე დოკუმენტები არასწორად, შეცდომით ჰქონიათ გაფორმებული: „მათ არ ჰყავთ იურიდიულად უფლებამოსილი თავმჯდომარე, რომელიც კანონის შესაბამისად უნდა ყოფილიყო პარტიის ლიდერად არჩეულიო“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე.

თბილისელი ექსპერტებისა და ჟურნალისტების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პროცედურული დარღვევები „ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით მხოლოდ საბაბი იყო, ჭეშმარიტი მიზეზები კი იმ სკანდალშია, რომელიც ამას წინათ პარტიის ირგვლივ გაჩაღდა: ტელეარხ „საზაგადოებრივი მაუწყებლის“ („I არხის“) ეთერში რამდენჯერმე გადაიცა „ცენტრისტების“ ვიდეორგოლი, რომელშიც ამ პარტიის მესვეურები, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ელექტორატს პირდებოდნენ, რომ რუსეთთან შეთანხმებას გააფორმებდნენ ჯარების ყოფნის დაკანონების შესახებ. გარდა ამისა, ყველა მსურველი, თუ ორმაგ მოქალაქეობას დათანხმდებოდა, რუსულ პენსიას მიიღებდა (11 ათას რუბლს ანუ 400 ლარს). ამჟამად საქართველოში პენსია მხოლოდ 120 ლარია, ანუ რუსული ვალუტით – 3, 3 ათასი რუბლი.

„ცენტრისტების“ წინასაარჩევნო კლიპმა საქართველოს მედასავლეთე საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მედასავლეთეებმა „საზმაუ“-ს (ანუ „I არხის“) მესვეურები „სამშობლოს მოღალატეებისა და კოლაბორაციონისტებისათვის“ ეთერის დათმობაში დაადანაშაულეს. „საზმაუ“-მ ჯერ განაცხადა, რომ მას არ გააჩნდა იურიდიული შესაძლებლობები „ცენტრისტების“ რეკლამისათვის უარი ეთქვა, მაგრამ შემდეგ ვიდეო რგოლი ტელეეთერიდან მაინც მოიხსნა – „საოკუპაციო ჯარების ლეგალიზების ანტიკონსტიტუციური მოწოდების“ გამო. იმავდროულად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროს „ცენტრისტების“ როგორც ანტიკონსტიტუციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართეს.

ქართველი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა ერთსულოვნება არა მარტო ვიდეორგოლის ირგვლივ ატეხილი ხმაურითაა გამოწვეული, არამედ „ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირების რეპუტაციითაც: პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 1992-1993 წლებში, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მოგვიანებით იგი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზაციის გამო გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს. იგი ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა და რამდენიმე წელი მოსკოვში ცხოვრობდა. „ცენტრისტთა“ კიდევ ერთი ხელმძღვანელი ვლადიმირ ბედუკაძე ადრე გლდანის საპყრობილის თანამშრომელი იყო, რომლის სახელს პატიმართა წამების ამსახველი იმ ცნობილი ვიდეოკადრების გამჟღავნება უკავშირდება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ნაცმოძრაობის“ დამარცხებაში.

ცესკოსა და „საზმაუ“-ს გადაწყვეტილების შემდეგ ქართული მასმედიისათვის მიცემულ  ინტერვიუებში თემურ ხაჩიშვილმა და ვლადიმირ ბედუკაძემ „ქვეყნის ღალატის“ ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს: „ჩვენ საქართველოში ერტადერთ პრორუსულ პარტიას გვიწოდებენ, მაგრამ ჩვენ პროქართული პარტია უფრო ვართ“, – განაცხადა თემურ ხაჩიშვილმა და რუსეთის ჯარების ლეგალიზების სურვილი იმით ახსნა, რომ „სხვაგვარად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ვერ მოხერხდებაო“. „საქართველოს მოსახლეობას რუსეთთან შერიგება და ნორმალური ცხოვრების დაწყება სურს“, – განაცხადა ვლადიმირ ბედუკაძემ, – „სწორედ ამიტომაც ეშინიათ ჩვენი პროდასავლურ პარტიებს“.

თავის მხრივ, ოპოზიციურმა „ნაცმოძრაობამ“ (მიხეილ სააკაშვილის პარტიამ) ისარგებლა და ეს შემთხვევა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდებისათვის გამოიყენა – „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ ძალებს აქეზებსო“. „ვლადიმირ ბედუკაძე თვითონ აწამებდა პატიმრებს, მაგრამ მას აპატიეს, რადგან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სწორედ ბედუკაძის მიერ გავრცელებული ვიდეოს წყალობით მოვიდა“, – განუცხადა „კომერსანტის“ კორესპონდენტს პარლამენტის წევრმა „ნაცმოძრაობიდან“ სერგო რატიანმა.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 17 აგვისტო, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3065342

ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: „ოდესაში მიხეილ სააკაშვილი ძალიან უყვართ. იგი ძალიან განათლებული და მიმზიდველი ბიჭია“

როგორც ცნობილია, ამ დღეებში, 11-14 აგვისტოს, ლატვიაში, რიგაში „კუბანას“ ცნობილი მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა. რუსული გაზეთის „კომერსანტის“ კორესპონდენტი ბორის ბარაბანოვი „კუბანას“ სტუმარს, ქართველ მომღერალს ბუბა კიკაბიძეს ესაუბრება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ მონაწილეობდა ვახტანგ კიკაბიძე რიგის კიდევ ერთ ცნობილ ფესტივალ „ახალ ტალღაში“, ქართველი მომღერალი პასუხობს, რომ იგი „ახალი ტალღის“ მესვეურებს არასდროს მიუწვევიათ: „ალბათ, იგორ კრუტოიმ იცოდა, რომ მაინც არ წავიდოდი… ან იმიტომ, რომ კლასიკოსად არ მთვლიან… მოკლედ, სხვა მიზეზებიც არის“.

კორესპონდენტის შენიშვნაზე, „როგორც ჩანს, თქვენი აკომპანემენტი ანსამბლი მაღალპროფესიული არაა და უფრო რესტორნის დონისას ჰგავს… არადა, იყო დრო, როცა თქვენთან ერთად ჯაზის განთქმული გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი გამოდიოდა ხოლმეო“, ვახტანგ კიკაბიძე პასუხობს: „უკვე 87 წლის ვარ. თემურ ყვითელაშვილს თვითონ მე ვურჩიე, რომ თავის საქმეს მიჰყოლოდა. იგი საერთაშორისო კლასის ძლიერი მუსიკოსია. ჩვენთან იგი ვერაფერს ვერ მიაღწევდა. რაც შეეხება აკომპანემენტ ანსამბლს, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ახალგაზრდა ხომ აღარ ვარ…“.

ქართველი მომღერალი საუბრობს აგრეთვე მემუარების წიგნზე სახელწოდებით „ისინი“, რომელიც, ავტორის ვარაუდით, ალბათ, ზამთრის დასაწყისში გამოიცემა, რუსულ ენაზე და იმედოვნებს, რომ წიგნი ჰიტი [ბესტსელერი] იქნება და სწრაფად გაიყიდება. „ისინი“ ნოველების კრებულია და მათი მიხედვით კინოფილმის გადაღებაც შეიძლება. ნაწარმოების გმირები არიან ქართველი, ლატვიელი, ებრაელი, ინგლისელი, უკრაინელი…“.

- თქვენ ახლო ურთიერთობა გქონდათ მიხეილ სააკაშვილთან, როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ახლაც აგრძელებთ მასთან ურთიერთობას?

- როცა მე ოდესაში გასტროლები მქონდა, იგი კონცერტს დაესწრო. ოდესაში მიხეილ სააკაშვილი ძალიან უყვართ. როცა იგი ჯერ კიდევ კიევში სწავლობდა, ბალიშის ქვეშ პატარა მაგნიტოფონი ჰქონდა ამოდებული და ჩემს სიმღერებს უსმენდა. მიშა ძალიან განათლებული და მიმზიდველი ბიჭია. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, თუმცა თქვენ თვითონ განსაჯეთ. აი, ასეთ ამბავს მოგიყვებით: მე გონიოში, ბათუმისგან მცირე მოშორებით, თურქეთის საზღვართან, ოროთახიანი ბინა მაქვს. ვზივართ, ტელევიზორს ვუყურებთ. უცებ კარი იღება, შემოდის ვიღაც ავტომატიანი და ამბობს, „თქვენთან პრეზიდენტი მოდისო“. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ვისხედით და ანეკდოტებს ვყვებოდით. მიშა ერთ სასაცილო ანეკდოტს მოჰყვა ყვავი თამადის თაობაზე: ყვავი თამადობს სუფრაზე. ყველას სადღეგრძელო უკვე დალეულია. თამადა ადგა, ფრთები გაისწორა და ამბობს, „აბა, გავფრინდიო“. მერე ჩაფიქრდა და თქვა, „არა, უკეთესია ფეხით წავიდეო“…

როცა ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი იყო, ქვეყანაში აღმშენებლობა დაიწყო. თუ დღეს საქართველოზე რუსეთში რაიმე კარგს ამბობენ, ეს მიხეილ სააკაშვილის წყალობითაა, მან ქვეყანაში ბევრი რამ გააკეთა. მე, საერთოდ, ასე მესმის: ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის დროს შენ შეიძლება მას ხმა არ მიეცი, მაგრამ მის თანამდებობას პატივი უნდა სცე. რაც შეეხება დღევანდელ ქართველ პოლიტიკოსებს, მათ პირადად არ ვიცნობ, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ფოტოსურათზე მინახავს. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ძალიან მდიდარი ადამიანი ქვეყანას არ უნდა ხელმძღვანელობდეს. ეს ჩემი პირადი აზრია. ოქტომბერში ჩვენთან [პარლამენტის] არჩევნებია. ვფიქრობ, არაფერი შეიცვლება, თუმცა, ვნახოთ… ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება ხოლმე…

Comments are closed