globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 17th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციას სატყუარა მოუმზადა

«Super Express» (პოლონეთი): რობინ ჰუდი ტყის გარეშე // მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეიძლებოდა

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): მიხეილ სააკაშვილმა – უკრაინაში 10 სექტემბერს დავბრუნდებიო… რა იქნება შემდეგ?

—————-

«Независимая газета» (რუსეთი), 17 აგვისტო, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-08-17/1_7053_georgia.html

საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციას სატყუარა მოუმზადა

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს პოლიტიკური სპექტრის – ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობის ქრონიკა: „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებით უკმაყოფილო ოპოზიციას შეხვედრა შესთავაზა, ისინი თითქოსდა დათანხმდნენ, მაგრამ როდის შედგება შეხვედრა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ოპოზცია არ აპირებს თავისი მოთხოვნების უკან წაღებას – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის 2020 წლამდე გაუქმებაზე და პრეზიდენტის პირდაპირი საყოველთაო-სახალხო არჩევნების წესის შენარჩუნებაზე (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ქართულ მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ოპოზიციის დასაწყნარებლად მმართველი პარტია მათ საარჩევნო ზღურბლის (ბარიერის) დაწევას სთავაზობს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური წარმომადგენლობის გაფართოების მიზნით, თუმცა ოპოზიციამ ხელისუფლების ეს განზრახვა უკვე გააკრიტიკა.

სტატიაში მოცემულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ანასხლეტის – „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა თვალსაზრისები, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს: რომან გოცირიძის თქმით, „დიალოგზე უარი არასოდეს გვითქვამს, მაგრამ ხელისუფლების ჩანაფიქრით, თუ მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობა უნდა იყოს, შეხვედრა უაზრო იქნება“; ლევან თარხნიშვილი: „საარჩევნო ბარიერის შესაძლო დაწევა ან გაუქმება თვალში ნაცრის შეყრაა. ამ ანკესზე არ წამოვეგებით და ჩვენს მოთხოვნებს არ შევცვლით“.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამგვარი წინადადებით მცირერიცხოვან პარტიებში მოკავშირეებს ეძებს, რათა კონსენსუსის ილუზია შექმნას: „ბარიერის გაუქმებამ შეიძლება ის პარტიები მოხიბლოს, ვისაც პერსპექტივა არ აქვს. ხელისუფლება კონსენსუსის მიღწევას ცდილობს ყველაზე სუსტ და უპერსპექტივო პოლიტიკურ სპექტრთან, რაც, შეიძლება ტაქტიკურად გამართლებულია, მაგრამ საბოლოო ჯამში სახელმწიფოსთვის დამანგრეველია. ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლებაც, წინას მსგავსად, საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოზე მაღლა აყენებს“, – ამბობს გია ხუხაშვილი. იგი თვლის, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება აუცილებელია ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის, შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს უნდა გააცნობიეროს.

«Super Express» (პოლონეთი), 16 აგვისტო, 2017 წელი

http://www.se.pl/wiadomosci/opinie/leszek-miller-robin-hood-bez-lasu_1013280.html

რობინ ჰუდი ტყის გარეშე

მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეიძლებოდა

ლეშეკ მილერი,

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი 2001-2004 წლებში

აშშ-ის პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს მიაწერენ ფრაზას, რომელიც მას 1939 წელს უთქვამს ერთ-ერთი ლათინურამერიკელი დიქტატორის მისამართით: „ის, რა თქმა უნდა, ძაღლიშვილია, მაგრამ მაინც ჩვენი ძაღლიშვილია“. ეს ფრაზა უნივერსალურ პრინციპად იქცა, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკური შეთვისებადობა-შემგუებლობის არსს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

რუზველტის ფრაზა მაშინ გამახსენდა, როცა „გასტროლებზე მყოფი“ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში დავინახე. როგორც ცნობილია, საქართველოს ექს-პრეზიდენტს სამშობლოში ბრალდება წაუყენეს საპროტესტო აქციების დარბევაზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე და საბიუჯეტო თანხების განიავებაზე. მასზე გამოცხადებულია ძებნაც, თუმცა ამ ბრალდებებს მიხეილ სააკაშვილისათვის ხელი არ შეუშლია, რომ რამდენიმე დღე ვარშავაში გაეტარებინა – სხვათა შორის, ძალადაკარგული პასპორტით: მას ხომ ჩამორთმეული აქვს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქეობაც…

საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოითხოვა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთში მას არაფერი მსგვავსი რამ არ ემუქრება – იგი ხომ სწორედ იმას ამბობს, რაც დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას სიამოვნებს: „სმოლენსკის კატასტროფა ვლადიმერ პუტინის შურისძიებაა ლეხ კაჩინსკის მიმართ იმის გამო, რომ იგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აქტიურობდა და თბილისში ჩასვლის დროს მტკიცე [ანტიპუტინური] პოზიცია დაიკავა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ექს-პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინი „სისხლიანი მკვლელია, რომლის ხელობა ადამიანების ხოცვაა. რუსეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკის სიკვდილით პოლონეთის დამოუკიდებლობის ბოლოსმოღება სურდაო“. ოქროს სიტყვებია. ასეთი სიტყვები ყველანაირ პასპორტზე და ვიზაზე ძვირად ფასობს. ვინ იცის, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ოდესმე პოლონელიც კი გახდება და მსოფლიოში პოლონური დოკუმენტებით ივლის…

რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს: ევროკავშირის სპეციალურმა კომისიამ შვეიცარიელი ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით გამოიკვლია [რუსეთ-საქართველოს ომის] გარემოებები, რის შედეგადაც ნათელი გახდა, რომ 7-8 აგვისტოს ღამით სამხედრო მოქმედება ქართულმა არმიამ განახორციელა სამხრეთ ოსეთში შეჭრის მიზნით. მოკლედ, გამოდის, რომ ომი რუსეთმა კი არა, საქართველომ დაიწყო.

როცა მთელი მსოფლიო თვალს პეკინის ოლიმპიურ თამაშებს ადევნებდა, მიხეილ სააკაშვილმა გმირობის ჩადენა გადაწყვიტა. მაგრამ რისი იმედი ჰქონდა, როცა უაზრო [წინასწარ წაგებულ] ომს იწყებდა? ეგონა, რომ სწრაფად და იოლად გაიმარჯვებდა? ან იქნებ ფიქრობდა, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა? ან ამერიკა სამხედრო დახმარებას გაუწევდა? შესაძლოა მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ იგი თავის მყიფე მდგომარეობას განიმტკიცებდა და მთელ მსოფლიოს მოულოდნელი ფაქტის წინაშე დააყენებდა? თუმცა, აწი მნიშვნელობა აღარ აქვს, რას ფიქრობდა და რისი იმედი ჰქონდა – ყველაფერმა უქმად ჩაიარა: ქართველმა პრეზიდენტმა ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეიძლებოდა. ახლა იგი სიამოვნებით თამაშობს რობინ ჰუდის როლს, თავის თავს გმირად წარმოსახავს, მაგრამ სადაა მისი შერვუდის ტყე?

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 17 აგვისტო, 2017 წელი

http://www.bbc.com/russian/news-40955461

მიხეილ სააკაშვილმა – უკრაინაში 10 სექტემბერს დავბრუნდებიო…

რა იქნება შემდეგ?

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა – „უკრაინაში 10 სექტემბერს დავბრუნდები ჟურნალისტების, დეპუტატების და უბრალო ადამიანების თანხლებითო“. ონლაინ-კონფერენციის დროს მიხეილ სააკაშვილმა  მხარდამჭერებს მოუწოდა – „ხელი შემიწყეთ, საზღვარზე ცოცხალი დერეფანი გააკეთეთო“, – ასე იწყება ვრცელი სტატია, რომელშიც განხილულია (უკვე მერამდენედ! – ს.კ.) მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში, მეგობრობა და მტრობა პრეზიდენტთან და ა.შ. (ავტორი – სვიატოსლავ ხომენკო, „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი კიევში).

პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე საკითხზე, რომლებსაც ცალკე ქვეთავები ეძღვნება:

ლეგალური საფუძველები

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის (საზღვრის გადაკვეთის) სრული უფლება აქვს, რის განხორციელებასაც იგი 10 სექტემბერს „კრაკოვეცის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან აპირებს. ექს-გუბერნატორმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა – „ჩემს მოსვლას ცირკად ნუ გადააქცევთ რუსეთის ტელეარხებისთვისო… ყველანაირი უფლება მაქვს უკრაინაში დავბრუნდე და ჩემი სიმართლე სასამართლოში დავამტკიცო, გინდაც მოქალაქეობის არმქონე ვიყო, მაინც უკრაინაში ვცხოვრობ, იქ არის ჩემი პირადი ნივთები და საერთოდ, სიამოვნებით გავაგრძელებ პოლიტიკურ მოღვაწეობასო“.

გუბერნატორობიდან – ოპოზიციაში

2015 წლის მაისში პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პასპორტი გადასცა და განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი, რომლისთვისაც უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესს წარმოადგენს“. 2016 წლის ნოემბერში, გუბერნატორის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თავის ყოფილ „მეგობარს“ – პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში ჩაუდგა და მისი კრიტიკა დაიწყო, მოგვიანებით დაარსა ოპოზიციური პარტია „“ახალი ძალების მოძრაობა“, დაიწყო ბრძოლა „უკრაინის ოლიგარქული ხელისუფლების წინააღმდეგ“, პარალელურად კი ტელეწამყვანის ფუნქციები შეითავსა. იმ ხანებში მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „პეტრო პოროშენკო თავის მთავარ პრობლემად მთვლისო“.

„ზურგში დანის ჩაცემა“

2016 წლის 26 ივლისს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავისი ბრძანებულებით მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა – ანკეტის შევსებისას თურმე დამალა, რომ მის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრულიო. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა „ბი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პეტრო პოროშენკოს ნაბიჯი „მშიშარა კაცის მოქმედებაა“ და მისი გადაწყვეტილება „ზურგში დანის ჩაცემას“ წარმოადგენს.

აშშ-პოლონეთი-ლიტვა-უნგრეთი

მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანებულების გამოცემის დროს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა. ექსპერტები გამოთქვამდნენ აზრს, რომ იგი აშშ-ში დარჩებოდა აპატრიდის სტატუსით, გაურკვევლი ვადით. თვით ექს-გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ მას უკრაინულის გარდა, სხვა პასპორტი არ აქვს და არც აპირებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. ამ დროს, ჯიბეში გაუქმებული უკრაინული პასპორტით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ ვარშავაში (პოლონეთი) ჩავიდა, შემდეგ ვილნიუსში (ლიტვა) გამოჩნდა, იქიდან კი უნგრეთში გადაფრინდა, მოგვიანებით კი ისევ პოლონეთში დაბრუნდა.

„მე მესაზღვრე ვიყავი…“

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახური უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე მიხეილ სააკაშვილის ტრანსასაზღვრო ვოიაჟის იურიდიული ასპექტებთან დაკავშირებით – რატომ დადის ექს-გუბერნატორი ასე თავისუფლად? როგორ კვეთს იგი სხვადასხვა ქვეყნების საზღვრებს ძალადაკარგული უკრაინის პასპორტით? უწყებაში მხოლოდ მიუთითებენ, რომ მოქალაქეობისა და პასპორტის გაუქმების დოკუმენტები ყველასათვის ღიაა და ყველას შეუძლია მათი ნახვა, იმავდროულად იმასაც ხაზს უსვამენ, რომ საიმიგრაციო სამსახური არ არის ვალდებული უცხოეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს თვითონ აცნობოს – უკრაინის მიერ გაცემული დოკუმენტები ძალადაკარგულიაო. მთავარი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე ვეღარ შემოვა.

თავის მხრივ, სასაზღვრო სამსახურში განმარტავენ: „თუ ძალადაკარგული პასპორტის მქონე რომელიმე მოქალაქე საზღვარზე მოვა და პასპორტს წარმოადგენს, მას დოკუმენტი უკან აღარ დაუბრუნდება და შესაბამისად, იგი უკრაინის ტერიტორიაზე არ შემოიშვება“, – ამბობს სასაზღვრო სამსახურის უფროსის თანაშემწე ოლეგ სლობოდიანი. მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით კი, უკრაინაში დასაბრუნებლად ბევრი ხერხი არსებობს: „მე მესაზღვრე ვიყავი… მე უკრაინის საზღვრის ყველა ღრეჩო ვიცი“, – განაცხადა მან ინტერვიუში.

რა იქნება შემდეგ?

„ბი-ბი-სი“-ს მიერ გამოკითხული კიეველი პოლიტოლოგები სკეპტიკურად უყურებენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივას და მის მიერ დაანონსებულ „უკრაინის მოსახლეობის მობილიზაციას“. პოლიტოლოგები მიუთითებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ („რუხის“) რეიტინგი 2%-საც კი არ აღემატება, ხოლო მისი სამობილიზაციო პოტენციალი შეზღუდულია: „ბოლო დროს ამ პარტიის მიერ ჩატარებული სერიოზული აქციების შესახებ არაფერი მსმენია. კი ცდილობენ, მაგრამ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ბევრად ჩამოუვარდებიან“, – ამბობს გამოყენებითი პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ფესენკო „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში.

„მიხეილ სააკაშვილის პარტიას რეგიონებში ორგანიზაციები არ ჰყავს. არადა, სწორედ ამ ფაქტორზეა დამოკიდებული პარტიის სამობილიზაციო შესაძლებლობა“, – აცხადებს უკრაინის პოლიტიკური პროგრამების ინსტიტუტის ხელმძღვანელი იური რომანენკო. პოლიტოლოგი იხსენებს იმ დღეს, როცა ექს-გუბერნატორისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო „ახალი ძალების მოძრაობამ“ კიევში მიტინგი გამართა: იქ მხოლოდ რამდენიმე ათეული მომხრე მივიდა.

იქნებ მიხეილ სააკაშვილისათვის პერსპექტივა მაინც არის – სხვა ოპოზიციონერებთან გაერთიანებით პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ? სხვათა შორის, ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ მიხეილ სააკაშვილს მხარი დაუჭირა და დაგმო პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე.

მაგრამ ექსპერტებს არ სჯერათ, რომ კიეველ ოპოზიციონერებს მიხეილ სააკაშვილთან ნაყოფიერი თანამშრომლობა ექნებათ: „აბა, რაში ჭირდებათ მათ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა უკრაინაში? ის ხომ მათი კონკურენტია, მართალია, არა ყველაზე აქტუალური, მაგრამ მაინც… თუ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნებაში დაეხმარება, ნებით თუ უნებლიედ, ისინი მიხოს რეიტინგის გაზრდაშიც დაეხმარებიან. წინ კი საპარლამენტო არჩევნებია, მიხო მათ ხმებს წაართმევს“, – ასე თვლის პოლიტოლოგი ვლადიმერ ფესენკო.

Comments are closed