globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 17th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Maritime Executive» (აშშ): საქართველოს ჩინეთს შეჰყურებს ნავსადგურის მშენებლობისა და ვაჭრობის მიზნით

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ლარი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება

«Радио Голос Ирана» (ირანი): ნატოს გავლენის გაძლიერება საქართველოში (ექსპერტთა კომენტარები)

—————————

«The Maritime Executive» (აშშ), 16 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.maritime-executive.com/article/georgia-looks-to-china-for-port-and-trade

საქართველოს ჩინეთს შეჰყურებს ნავსადგურის მშენებლობისა და ვაჭრობის მიზნით

„შავიზღვისპირა სახელმწიფო სახელმწიფო საქართველოს ახალი ნავსადგურის მშენებლობის გეგმები აქვს, ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანზიტი უზრუნველყოფის მიზნით“, – ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „მერითაიმ ეგზექიუთ“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ვენდი ლორსენი).

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ვიზიტით იმყოფება. მან ინტერვიუ მისცა ჩინურ გაზეთ „ჩაინა დეილის“, რომელშიც მან ზოგადად მოხაზა ნავსადგური მშენებლობის პერსპექტივა და მისი მნიშვნელობა.

ირაკლი ღარიბაშვილი თავის კოლეგას – ჩინეთის პრემიერ-მინისტრს ლი კეციანს შეხვდა. მოლაპარაკების დროს ლიდერები შეთანხმდნენ  დაიწყონ ხელშეკრულების შემუშავება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე. ჩინეთი საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორია და ორივე მხარის ვაჭრობის მოცულობა, გასული წლის მონაცემებით, 820 მილიონ დოლარს აღწევს. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, უძველესი აბრეშუმის დიდი გზის თანამედროვე ინიციატივის რეალიზებაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

საქართველო [ევრაზიის კონტინენტზე], აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. დასავლეთიდან მას შავი ზღვა აკრავს, ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, სამხრეთიდან – თურქეთი და სომხეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან -  აზერბაიჯანი.

ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს შავი ზღვის ნაპირზე მდებარე ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ჩინური კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როგორც ჩანს, პროექტის რეალიზება, ალბათ, მომავალ წელს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც კი ახალი ნავსადგური აშენდება, ტვირთების გადატანას ჩინეთიდან ევროპისაკენ მხოლოდ 17 დღე დაჭირდება, ერთთვიანი საოკეანო მარშრუტისაგან განსხვავებით. „ჩვენი მიზანია რეგიონში ლოჯისტიკის ცენტრი გავხდეთ“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „ჩაინა დეილის“ კორესპონდენტს ინტერვიუში.

ჩინეთის პრემიერმა ლი კეციანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინსფრასტრუქტურის განვითარებაში, კერძოდ, საზღვაო ნავსადგურების, საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციების მშენებლობაში. მან აგრეთვე ისაუბრა ორი ქვეყნის ხალხების – ჩინელებისა და ქართველების  ერთმანეთთან დაახლოების მნიშვნელობაზეც.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 სეტქმბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/lari-rate/2965975.html

ლარი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება

ზაზა წულაძე

საქართველოს ეროვნული ვალუტა ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს. ლარის „შავი დღე“ 1999 წლის 23 თებერვალი იყო, როცა ერთი ამერიკული დოლარი ოფიციალური კურსით, 2 ლარი და 45 თეთრი ღირდა. 16 წლის შემდეგ, ეროვნული ბანკის ახალი კურსი, დოლართან მიმართებაში 2 ლარი და 41 თეთრია.

ამასთან, კომერციულ ბანკებში, ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი უკვე გადაილახა. დღეს, „ბაზის ბანკში“(2.52), „ვითიბი ბანკში“ (2.53), „საქართველოს ბანკში“(2.54), თი-ბი-სი ბანკში“ (2.51) და „კორსტანდარტ ბანკში“ (2.51) ერთი დოლარი 2,5 ლარზე მეტი ღირს.

ქართულ ლარზე სერიოზული შეტევაა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით: ეს არის: ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, 24 პროცენტით შემცირებული ექსპორტი, 35 პროცენტით შემცირებული ფულადი გზავნილები უცხოეთიდან, შემოსავლების კლება ტურიზმიდან.

რთული ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები: თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთში, ყაზახეთსა და საბერძნეთში. 13 მილიარდის ოდენობის საგარეო ვალი, ასევე საბანკო სპეკულაციები და რასაკვირველია, პანიკა მოსახლეობაში.

ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ მთავარი რედაქტორი, ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა, დაახლოებით, 100 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს, რომ ლარის კურსი როგორმე დაიჭიროს:

„რეგიონალური სიტუაცია როგორი რთულიც იყო ისეთად დარჩა. თურქეთში ლირის კურსი ვარდება ყოველდღიურად. უკვე 3,5 გახდა დოლართან მიმართებაში. ეს დევალვაციასთან ერთად, იმას ნიშნავს, რომ ქართველი ექსპორტიორები კარგავენ ბაზარს და არაკონკურენტუნარიანი ხდებიან.

იგივე პროცესებია აზერბაიჯანში, ყახახეთში, ჩინეთში, რა თქმა უნდა, რუსეთშიც, სადაც რუბლი ასევე დიდი სისწრაფით კარგავს პოზიციებს. თურქეთთან ერთად რუსეთიც ჩვენი დიდი სავაჭრო პარტნიორია. ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი რუსეთში მიდიოდა, ამიტომ მოხდა ექსპორტის კლება, რასაც დაემატა ფულადი გზავნილებიც შემცირებაც. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ სექტემბერში გვექნება სუსტი ლარი და კურსი კიდევ უფრო დაეცემა.

ზოგადი გათვლებით, ეროვნულ ბანკს დაახლოებით, 100 მილიონი ლარი დასჭირდება, რომ ვალუტა გამყარდეს და ლარის მისაღები კურსი შეინარჩუნოს.“

ეკონომისტების თქმით, ლარის გაუფასურებაზე ასევე მოქმედებს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და მოსახლეობაში ისეთი პოპულარული სახელმწიფო პროგრამები, როგორიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სეგმენტის სუბსიდირება(მევენახეობა, მეციტრუსეობა, უფასო ხვნა-თესვა, დანერგე მომავალი, იაფი კრედიტი და ა.შ), საყოველთაო დაზღვევა და საყოველთაო ჯანდაცვაა.

საყოველთა ჯანდაცვის პროგრამა 2015 წლის ბიუჯეტში 475 მილიონი ლარით დაფინანსდა, თუმცა ლარის კურსის ვარდნის, სამედიცინო მომსახურების გაძვირებისა და ბენეფიციართა სარეკორდო რაოდენობის გამო, ცნობილია, რომ ეს თანხა საკმარისი, უკვე, დღეს აღარ არის. სექტემბრის ბოლოს, ბიუჯეტის კორექტირება მოხდება და სახელმწიფო პროგრამის გადასარჩენად, დამატებით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გამოიყოფა. ეს კი ავტომატურად აისახება ლარის კურსზე.

2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები გეგმის მიხედვით, 9.8 მილიარდი ლარია, რომლის 77% გადასახადებზე მოდის. 10% – საგარეო, 6% კი შიდა ვალია. დანარჩენი შემოსავლები დონორების გრანტები და სახელმწიფოს ქონების პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლებია.

ბიუჯეტის ხარჯები 9.5 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. აქედან მთელი 37% ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე მიდის.20% – პოლიციაზე, ჯარსა და უშიშროებაზე; 15%-ით კი ინფრასტრუქტურის განვითარება ფინანსდება. განათლებას საბიუჯეტო ხარჯის მხოლოდ 12%-ი ხმარდება.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2015 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. პირველი ექვსს თვეში ეკონომიკის რეალური ზრდა კი მხოლოდ 2,6 % იყო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთოდ 2%-მდე შეამცირეს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ღიმილის მომგვრელია როცა მთავრობის ზოგიერთი წევრი, საქართველოს ეკონომიკის და ზოიერთი ევროპული ქვეყნების ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს ერთმანეთს ადარებს.

„როცა მთლიანი შიგა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (მშპ) გაქვს 50 000 – 60 000 დოლარი ან ევრო, იქ, ეკონომიკის ერთი პროცენტი ზრდა არის სრულიად საკმარისი. ევროპაში ეს სიმდიდრე უკვე დაგროვებულია. ჩვენ სულ სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ ეს სიმდიდრე და სიკეთე ჯერ უნდა შევქნათ საქართველოში და მერე შეიძლება შევედაროთ – შვეიცარიას. ჩვენთვის ნომერ პირველი გამოწვევა არის მშპ-ის ზრდის, რაც შეიძლება მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება და ეს უნდა იყოს აუცილებლად 2 ნიშნა მაჩვენებელზე მეტი. (საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3680 დოლარია). ეს მიიღწევა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზით. საქართველოს შიდა კაპიტალი და რესურსი ამითვის საკმარისი არ არის.“

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის ქვეყნისსაფინანსო სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რას გეგმავს ეროვნულ ბანკი, კიდევ გამკაცრდება თუ არა მონეტარული პოლიტიკა? 2015 წლის თებერვალ-აპრილში, საქართველოს მთავარმა ბანკმა აუქციონის წესით, 200 მილიონი დოლარი უკვე გაყიდა, ასევე, თებერვლიდან აგვისტომდე – 2 პროცენტით, 4%-დან 6%-მდე ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, თუმცა, ეს ნაბიჯები ლარის კურსს, ჯერჯერობით ვერ აკავებს.

«Радио Голос Ирана – რადიო ირანის ხმა» (ირანი), 16 სექტემბერი, 2015 წელი

http://russian.irib.ir/analitika/ракурс/item/260257-радиожурнал-ракурс-–-в-связи-с-ростом-влияния-нато-в-грузии

რადიოჟურნალი „რაკურსი“: ნატოს გავლენის გაძლიერება საქართველოში

„დიდებული და მოწყალე ალაჰის სახელით. გამარჯობათ, ძვირფასო რადიომსმენელებო. ეთერშია რადიოსადგურ „ირანის ხმის“ პროგრამა „რაკურსის“ მორიგი გადაცემა, რომელიც საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრისა და საერთოდ, ნატო-საქართველოს, რუსეთ-ნატოსა და კავკასიის გეოპოლიტიკის შესახებ ვიმსჯელებთ“, – ასე იწყება „რაკურსის“ წამყვანის, პოლიტიკური მიმომხილველის პარვიზ ნემატის რადიოპროგრამა, რომელიც გუშინ საღამოს გადაიცა რადიოსადგურ „ირანის ხმის“ ეთერში.

პარვიზ ნემეტი ტელეფონით ესაუბრება ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ გულბაათ რცხილაძეს და რუსეთის სახელმწიფო-საფინანსო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტს ევგენია ბოიკოს.

- გულბაათ, როგორ კომენტარს გააკეთებდით თბილისში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით?

- ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სასწავლო ცენტრი გახსნის მიმართ თბილისში სხვადასხვა აზრი არსებობს, თუმცა ჩემთვის ეს ფაქტი დასავლეთის პროვოკაციას წარმოადგენს, ანუ მე ვეთანხმები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებას… თბილისში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენმდივანმა განცხადებები გააკეთა, რომ „მთელი საქართველო დიდი საწრთვნელი ცენტრია“ და რომ „საქართველო ნატოს ინტერესების სფეროა“ და ა.შ. ანუ როგორც არ უნდა ეცადოს იენს სტოლტენბერგი საქართველოს ხელისუფლების დარწმუნებას – „რუსეთთან დიალოგი აწარმოეთო“, უკვე ამ ცენტრის გახსნა, გვინდა თუ არ გვინდა, თავისთავად რთულს ხდის ქართულ-რუსულ დიალოგს. ასე რომ, ამ მოვლენას შორსმიმავალი მიზნები აქვს და არ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრ-სასწავლო ცენტრის გახსნით და ის მართლაც დიდ პოლიტიკურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს.

- გულბაათ, რატომ მაინცდამაინც საქართველოს მიეცა უპირატესობა ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით? რა, საქართველო პლაცდარმია რაიმე მიზნის მისაღწევად?

- ალბათ, მხედველობაში იქნა მიღებული, რომ საქართველოს ძალიან მოხერხებული და მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, საქართველო დასავლეთისათვის კავკასიის ჭიშკარია, ევროპისა და აზიის შემაერთებელი და თურქეთ-აზერბაიჯანის, რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი ხიდი, ერთგვარი გეოპოლიტიკური გზაჯვარედინი (სხვათა შორის, ეს ამერიკელებმა, რუსებისაგან განსხვავებით, დიდი ხნის წინ გააცნობიერეს). გარდა ამისა, დღეს საქართველოში ძალიან ბევრი „პრო“-დასავლური არასამთვრობო ორგანიზაციაა, ბევრია „პრო“-დსავლურად მოაზროვნე ჟურნალისტი… ამრიგად, საქართველოში საკმაოდ ნაყოფიერი ნიადაგია შექმნილი ცენტრის მუშაობისათვის. მართალია, მოსახლეობა მხარს არ უწერს ასეთ განწყობებს, მაგრამ პოლიტიკურად აქტიური ზედაფენა დასავლეთისაკენ იყურება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ ქვეყანას მკაცრი ხელთ მართავს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მის დაუკითხავად იქ ვერავინ ვერაფერს გააკეთბს, სომხეთი კი სტრატეგიულად რუსეთზეა ორიენტირებული. ასე რომ, ცენტრის გასახსნელად მხოლოდ საქარტველო მიიჩნიეს საუკეთესო ადგილად.

- ევგენია, ჩვენ ვიცით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია ნატოს ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა მაინც გვითხარით – რამდენად აისახება ეს რუსეთის ინტერესებზე და რამდენად ჩანს აქ პირდაპირი ანტირუსული აქცენტი?

- დიახ, საწრთვნელი ცენტრის გახსნა იმას მოწმობს, რომ საქართველოს თემა ნატოს დღის წესრიგიდან ჯერაც არაა მოხსნილი, იმის  მიუხედავად, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან უკვე შვიდი წელი გავიდა, სიტუაცია შედარებით ჩაწყნარებულია და საქართველოს ადგილი უკრაინამ დაიკავა. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა პრაგმატული გახდა და რაღაც „აფეთქებები“ ამ ველზე აღარ ხდება.. მაგრამ რადგანაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს, ნატო კი თავს იკავებს და ამ მიზანს ვერ უსრულებს, საჭიროა იყო გარკვეული ნაბიჯის გადადგმა, რომ ალიანსი საქართველოს მხარს უჭერს. ამიტომაც გაიხსნა ხსენებული ცენტრი. ამით ნატოელებმა პოლიტიკური ელიტა დაამშვიდეს.

- ევგენია, გულბაათმა ხისტად თქვა, მე კი უფრო რბილად ვიტყვი: რამდენად არასრულფასოვანია რუსეთის კავკასიური პოლიტიკა, რომ მოსკოვს ინტერესები ეკარგება?

- რასაკვირველია, ვაღიარებ, რომ ამ საკითხში პრობლემები მართლაც არსებობს: 2008 წლის შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები მოხდა, დღეს მოსკოვის წინაშე სულ სხვა პრიორიტეტებია, თუმცა რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ქართული და საერთოდ, კავკასიური მიმართულება თავის მნიშვნელობას მაინც ინარჩუნებს. ბუნებრივია, რუსეთს აქვს რაღაც ჩამორჩენები, სუბიექტური პოზიციები, მაგრამ რადგანაც აშკარაა, რომ ნატოს თავისი მიზნები არ შეუცვლია, რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. უმჯობესი, ცხადია, ისაა, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანებაზე უარი განაცხადოს.

- გულბაათ, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ამ ცენტრის გახსნით გავლენის ზონებისაათვის ბრძოლა აქტიურდება?

- დიახ, ეს საკმაო ხანია სეინიშნება, იგივე უკრაინის მაგალიტზზე. პირდაპირ სეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოსთან ნატოს ურთიერრთობის გაღრმავება ნიშნავს, რომ დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკა ისევ გრძელდება. კავკასიაში „ცივი ომის“ უხილავი ფრონტი იხსნება, რომელიც საბჭოური პერიოდის „ცივი ომისაგან“ პრაქტიკულად არ განსხვავდება. ამაში გასაკვირი არაფერრია. დავეთანხმები ჩემს კოლეგას და ვიტყვი, რომ საქართველო ნატოში არ უნდა შევიდეს. უფრო მეტიც, ნატო თვითონ არ მიიღებს თავის რიგებში საქართველოს, რადგან ამ შემთხვევაში ალიანსმა საქართველოს წინაშე გარკვეული ვალდებულებები უნდა აიღოს, რაც დასავლეთს სრულიად არ ჭირდება: საქართველო ხომ ისედაც ყველაფერს უსიტყვოდ უსრულებს დასავლეთს და რატომღაა საჭირო დამატებითი ვალდებულების აღება?

- როგორია საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოების განწყობა ამ საკითხის მიმართ საქართველოში?

- საზოგადოებრივი აზრი ერთმნიშვნელოვნად დასავლეთის ავანტიურული გეგმების წინააღმდეგაა განწყობილი. საქართველოს საზოგადოებას რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება სურს, რადგან მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა, დაპირებების მიუხედავად, დასავლეთისაგან არაფერს იღებს, ამიტომაც დროა საქართველო რუსეთისაკენ მიბრუნდეს და თავისი ინტერესების განხორციელებას შეეცადოს. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ჭირდება საქართველოს მოსასხლეობას, მცირე და საშუალო ბიზნესს და არა დასავლეთისაგან ფულმიღებულ ორგანიზაციებსა და პოლიტიკანებს, ფსევდოჟურნალისტებს. უბედურება იმაშია, რომ მთავრობას მოსახლეობის ნების განხორციელება არ შეუძლია. ეს იმიტომ, რომ ქართული მთავრობა ძალიან ჭრელია და სხვადასხვა პოზციების მქონე მინისტრებისაგან შედგება. პარლამენტში არის პროამერიკული და საერთოდ, “პრო“-დასავლური ფრაქცია… თბილისში აქტიურად მუშაობს აშშ-ის საელჩო და ამერიკელი ელჩი (სხვა ქვეყნების დიპლომატებთან ერთად) საქართველოს მთავრობის მიერ მოწყობილ ყველა ღონისძიებას ესწრება. რუსეთის საელჩო კი საქართველოში არ მუშაობს, თუმცა როცა მუშაობდა დიდი აქტიურობით არ მაშინ არ გამოირჩეოდა.

(პროგრამის ირანელი წამყვანი პარვიზ ნემეტი სიტყვას აძლევს რუს პოლიტოლოგს ევგენია ბოიკოს, რომელიც ლაპარაკობს რუსეთ-ირანის ურთიერთობებზე და მათ ინტერესებზე ამიერკავკასიაში, შემდეგ კი ისევ გულბაათ რცხილაძეს ესაუბრება).

- გულბაათ, საქართველო-ირანის ურთიერთობის ფონზე რამდენად შეიძლება განვითარდეს რუსეთ-ირანის ერთობლივი ხედვა კავკასიის პრობლემების მიმართ? ნატოს გავლენის ზრდის გათვალისწინებით?

- სამწუხაროდ, ამისათვის ჯერ მზად არც ირანია და არც რუსეთი. მათ კოორდინაცია ადრე უნდა მოეხდინათ, რუსეთი არ უნდა შეერთებოდა ანტიირანულ სანქციებს, ეს დიდი შეცდომა იყო. დღეს კი ვხედავთ, რომ ირანსა და რუსეთს შორის ნდობა შედარებით დაქვეითებულია. დღეს ირანს ახალი ინტერესები გაუჩნდა, რადგან დასავლეთი მას სანქციებს უხსნის. თუმცაღა მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს გულაცრუება გაივლის. დადგება მალე დრო, რომ რუსეთი და ირანი, კავკასიის, კერძოდ კი საქართველოსა და სომხეთის გავლით ერთმანეთთან პირდაპირ კავშირებს დაამყარებენ. იქნება გაზსადენიც, საავტომობილო გზებიც და სხვა კომუნიკაციებიც. რუსეთმა უნდა დაამშვიდოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რათა ეს იდეები განხორციელდეს. საქართველო სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო გზების ცენტრშია, მაგრამ ჩვენ ამით თითქმის არანაირ მოგებას არ ვღებულობთ, პირიქით – ვაგებთ. საქართველოში ძალიან ძლიერია აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლენა, რაც არასასიამოვნოა ირანისა და რუსეთისათვის. ამიტომ რუსეთმაც და ირანმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას, თუ მათ რეგიონული სახელმწიფოს ამბიციები აქვთ. ამიტომაც მე მჯერა, რომ მოსკოვი და თეირანი ურთიერთშეხების არეალს გააფართოებენ.

———–

პარვიზ ნემეტი: დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. შეგახსენებთ, ჩვენი სტუმრები იყვნენ გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი და ევგენია ბოიკო, რუსეთის სახელმწიფო-საფინანსო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტს. პატივცემულო რადიომაყურებლებო, ნახვამდის, გფარავდეთ ალაჰი!.

Comments are closed