globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 17th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Tages Anzeiger» (შვეიცარია): ოცნება დასავლურ ცხოვრებაზე პოსტ-საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში: რა აჩვენა საქართველოსა და ჩეხეთში ჩატარებულმა არჩევნებმა (ანალიზი)

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს პარლამენტში „მესამე ძალა“ გამოჩნდა

———————-

«Tages Anzeiger» (შვეიცარია), 17 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.tagesanzeiger.ch/ausland/europa/der-traum-vom-westlichen-leben/story/20903135

ოცნება დასავლურ ცხოვრებაზე პოსტსაბჭოთა ბლოკის ქვეყნებში: რა აჩვენა საქართველოსა და ჩეხეთში ჩატარებულმა არჩევნებმა (ანალიზი)

ულრიჰ კრეკელი

აღმოსავლეთ ევროპას დასავლეთ ევროპაში მაინცდამაინც კარგი რეპუტაცია არ აქვს: ბევრი ევროპელისათვის ეს სუბკონტინენტი (ანუ ევროპის აღმოსავლეთი ნაწილი), რომელიც ჩეხეთის „რუდნაგორას“ („კრუშნაჰორას” ანუ მადნის მთებს) და რუსეთის ურალის მთებს შორისაა მოქცეული, დამნაშავეობის, რასიზმის, ავტოკრატებისა და ოლიგარქების „საგანძურს“ წარმოადგენს. 27 წელი გავიდა 1989 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მომხდარი მშვიდობიანი რევოლუციებიდან, მაგრამ დღემდე დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ლტოლვილთა მწვავე კრიზისის ფონზე,  აღმოსავლეთის სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს, ეჭვის თვალით უყურებენ. ამ დროს კი ხშირად ავიწყდებათ ის აღმშენებლობითი გეგმები, რომლებიც ოდესღაც „რეალური სოციალიზმის“ ქვეყნებში უკვე მეტ-ნაკლებად განხორციელებულია. ყოველ შემთხვევაში, აქაურ მოსახლეობას არ უნდა დავუკარგოთ ის, რასაც უკვე მიაღწია. ამის ნათელი მაგალითი კი საქართველოსა და ჩეხეთში რამდენიმე დღის წინათ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებია, რომელშიც მოსახლეობამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ოცნება გამოხატა აყვავებულ მამულზე, ბედნიერ ცხოვრებასა და კორუფციისაგან თავისუფალ საზოგადოებაზე. ანუ ისეთ გარემოზე, სადაც მოქალაქეებს დასავლეთევროპულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობის ბედნიერად ცხოვრების სურვილი პარტიულ სახელწოდებას დაუკავშირა: „ქართული ოცნება“ ჰქვია იმ პარტიას, რომელმაც 2012 წლისათვის შეძლო ჯერ ოპოზიციური ძალების კონსოლიდირება და კოალიციის ჩამოყალიბება, შემდეგ კი არჩევნებში გაიმარჯვა და მიხეილ სააკაშვილის პარტია ხელისუფლებას ჩამოაშორა. 2012-2013 წლებში „ქართულმა ოცნებამ“, პირველად პოსტკომუნისტურ საქართველოში, ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანად, დემოკრატიული არჩევნების გზით განახორციელა.  ამასთან, მილიარდერმა თავისი დაპირებაც შეასრულა: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკური სცენიდან უკან დაიხია. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი, კორუფციაში ბრალდებების გამო სასჯელისაგან თავის არიდების მიზნით, საზღვარგარეთ გაქცევა მოუწია – [ჯერ აშშ-ში, იქიდან კი] უკრაინაში.

და რაში გამოიხატა ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ დაპირების შესრულება? იმაში, რაც წინა მთავრობებმა დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს: მართალია, ქართული ეკონომიკა ჯერ კიდევ მთლად წელში გამართული ვერ არის, მაგრამ უკვე გაფორმებულია ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს მოქალაქეები მალე ვიზების გარეშე ივლიან ევროკავშირის შენგენის ზონის სახელმწიფოებში. განმტკიცდა საქართველოს დემოკრატიული სტრუქტურები. მართალია, წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა – ვრცელდებოდა ხმები სავარაუდო გადატრიალებაზე,  მიხეილ სააკაშვილის ერთგული „ნაციონალური მოძრაობა“ კი აცხადებდა, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებას გეგმავსო. საბოლოო ჯამში კი, ეუთო-ს შეფასებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 50%-ზე მეტი მიიღო და სამართლიანადაც გაიმარჯვა. მოკლედ, საქართველოში აღმოსავლეთევროპული ოცნება  გრძელდება.

——–

სტატიაში განხილულია აგრეთვე ჩეხეთის მდგომარეობა: „პარლამენტის არჩევნები სრულიად თავისუფლად ჩატარდა, ამ საკითხში ეჭვს ვერავინ შეიტანს. ჩეხეთი უკვე თორმეტი წელია ევროკავშირის წევრია და მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ აქვთ. ქვეყნის ეკონომიკა სავსებით ნორმალური ტემპით ვითარდება… თუმცა მაინც არის საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება, რომელიც ლტოლვილების პრობლემას უკავშირდება. გარდა ამისა, ჩეხეთსაც, საქართველოს მსგავსად, ერთი ისეთი მილიარდერი ჰყავს, რომლის ლიბერალურ-პოპულისტური იდეები პოლიტიკურ ისტებლიშმენტში გარკვეულ მღელვარებას იწვევს“, – ნათქვამია სტატიაში და იქვე დასახელებულია მილიარდერი, ვიცე-პრემიერი ანდრეი ბაბიში, რომელმაც 2011 წელს ჩამოაყალიბა პარტია „ანო“ (აბრევიატურა ასე იშიფრება – „უკმაყოფილო მოქალაქეების აქცია“). ამ პარტიამ 2013 წელს საკმაო ხმები მოიპოვა და პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში ფრაქცია შექმნა, ახლა კი არჩევნები პირწმინდად მოიგო. ექსპერტების აზრით, 2017 წლის არჩევნებში ანდრეი ბაბიშის პარტიისათვის ტრიუმფალური იქნება. ავტორი აღნიშნავს, რომ „ანო“-ს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს რეგიონებში, სადაც მოსახლეობის ხელფასები ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში: „მეზობელ გერმანიაში, ავსტრიაში და გნებავთ სკანდინავიაშიც ცხოვრების დონე უფრო მაღალია. ამიტომაც ჩეხები, სლოვაკები, პოლონელები და უნგრელები საბოლოო გაევროპელებაზე ჯერ კიდევ ოცნებობენ“.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 16 ოქტომბერი, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20161014-v-parlamente-gruzii-poyavilas-tretya-sila

საქართველოს პარლამენტში „მესამე ძალა“ გამოჩნდა

საფრანგეთის რადიოსადგურ „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ ეთერში გასულ კვირას საქართველოს შესახებ, ტრადიციულად, ვრცელი მიმოხილვა გადაიცა, რომელშიც, ბუნებრივია, ამას წინათ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პერიპეტიებია ასახული: ის, თუ როგორ მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია და როგორი შედეგები მიიღეს არჩევნებში მონაწილე პარტიებმა (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

გაიმარჯვა, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ პარტიამ მიღებული ხმების რაოდენობით დაადასტურა, რომ ის მთავარი ოპოზიციური ძალაა. ყველაზე საინტერესო კი ამ არჩევნების შედეგებში ისაა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობაში უკვე წარმოდგენილი იქნება არა ორი, როგორც ადრე, არამედ სამი პოლიტიკური ძალა: „მეოცნებეები“, „ნაციონალები“ და.. „პატრიოტები“, ანუ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები.

„პატრიოტთა ალიანსს“, რომლიის ლიდერები არიან ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი, ზოგიერთები „ნაციონალისტურ“ ძალად მიიჩნევენ, ხოლო ირმა ინაშვილს ხშირად ფრანგ მარი ლეპენსაც ადარებენ. ეს პარტია მხარს უჭერს ტრადიციული ღირებულებების აღდგენა-შენარჩუნებას. საინტერესოა, „ალიანსის“ ერთ-ერთი საარჩევნო ვიდეოკლიპის ეთერში გაშვებაზე პროდასავლურ პოზიციაზე მდგარმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ამ კლიპში ანტითურქული პროპაგანდა შეინიშნებაო. მხედველობაშია ვიდეორგოლში გამოხატული კრიტიკა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, „რომელსაც აჭარის თურქებზე მიყიდვა სურს“.

საერთოდ, ირმა ინაშვილი მიხეილ სააკაშვილის ყველაზე თანმიმდევრულ კრიტიკოსად ითვლება და მის დაპატიმრებას ითხოვს. ირმა ინაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხელისუფლების შეცვლაში, რომელიც 2012 წელს არჩევნების შედეგად განხორციელდა – სწორედ მან გამოაქვეყნა ის შოკისმომგვრელი კადრები, რომელშიც გლდანის საპყრობილეში მომხდარი ფაქტებია ასახული. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები ირმა ინაშვილსა და მის თანამოაზრეებს ხშირად პრორუსულობასა და რუსეთისადმი სიმპათიებს აბრალებენ. რამდენად შეესაბამება ეს ბრალდებები სინამდვილეს? ამის შესახებ „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ლალი მოროშკინა ესაუბრება.

გთავაზობთ ვრცელი ინტერვიუს მოკლე მიმოხილვას:

ლალი მოროშკინას თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ის პარტიაა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა „ნაციონალების“ დამარცხებაში ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა ხელისუფლება ციხეებში ათასობით პატიმარს აწამებდა და ამის ამსახველი მასალები სწორედ ირმა ინაშვილმა გაავრცელა. ირმას მდიდარი წარსული აქვს – იგი ის ჟურნალისტია, რომელიც უშიშრად მუშაობდა აფხაზეთის ომის დროს. მან აფხაზეთიდან იძულებით წამოსულ ქართველებთან ერთად გამოიარა გზა მთებში. მას აქვს ამის ამსახველი უამრავი ვიდეომასალა.. ირმა ინაშვილი  უშიშრად ებრძოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, დავით თარხან-მოურავთან ერთად ძლიერი პარტია შექმნა. იგი ფაშისტ „ნაციონალებისა“ და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლას პარლამენტშიც გააგრძელებს. წესით და რიგით, „ნაციონალები“ ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა დასჯილიყვნენ თავიანთი ავკაცობის გამო, რადგანაც მოსახლეობას ესმის, რომ დანასაულის დაუსჯელობა ქვეყანას საფრთხეს უმზადებს.

ინტერვიუში ლალი მოროშკინა საუბრობს აგრეთვე საგარეოპოლიტიკურ ვექტორებზე, კერძოდ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებზეც: „ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. რასაკვირველია, რუსეთის ჩათვლით. თუ თურქეთთან ურთიერთობა ბოლო წლებში წარმატებით ვითარდება, რატომ არ უნდა ხდებოდეს იგივე რუსეთთან მიმართებით? რუსეთი ჩვენი მეზობელია, ამიტომაც მოლაპარაკების დაწყება აუცილებელია. ჩვენ დღეს რუსეთთან დიპლომატიური კავშირები გაწყვეტილი გვაქვს, უკრაინამ კი, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, დიპლომატიური ურთიერთობები შეინარჩუნა. ევროპული საზოგადოება რუსეთთან მოლაპარაკებას გვირჩევს, გაერო და სხვა ორგანიზაციებიც ამას გვეუბნებიან… ცნობილია, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე მუშაობს. ქართული ეკონომიკა კრიზიის დროს სწორედ რუსეთიდან გადმორიცხული ჩვენი მოქალაქეების ნამუშევარი ფულით სულდგმულობდა და ამიტომაც არ ჩამოშლილა“.

შეკითხვაზე, „თქვენ თვლით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არასაკმარისად მოქმედებს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მიზნითო“, ლალი მოროშკინას პასუხი ასეთია: „ისინი საერთოდ არაფერს აკეთებენ. პირიქით, სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებენ“. „ჩვენი პარტია პრორუსული კი არა, პროქართულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გააცნობიეროს. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მიხეილ სააკაშვილის მოქმედებით გამოწვეულმა მტრობამ კი ვნახეთ, რა „სიკეთე“ მოგვიტანა – ჩვენ უფრო მეტი ტერიტორიები დავკარგეთ. რეალურად კი ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან „თამაშის“ შედეგია. ჩვენ როცა 2008 წელზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დავივიწყოთ 2004 წელიც, როცა მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში შეიჭრა და მისი მოქმედების გამო ქართველები დაიღუპნენ. იმ დროს კი საკმაოდ ბევრი ერთობლივი ორგანიზაციები არსებობდა ოსებთან, მიხეილ სააკაშვილმა კი ეს კავშირები დაანგრია. ამის შესახებ მე წიგნი დავწერე, რომელიც რუსეთშიც ვრცელდება“.

რაც შეეხება საქართველო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ თემაზე დასმულ კითხვას ლალი მოროშკინა ასე პასუხობს: „ნატოს კარზე ჩვენ ძალიან დიდხანს ვაკაკუნებთ, მაგრამ ჯერ კარი არავის გაუღია. ევროკავშირთან კი ურთიერთობა აუცილებელია. ქართველი ხალხის მენტალიტეტი ევროპულია. ამასთან ჩვენ ევროპისაგან მხოლოდ კარგი და პოზიტიური უნდა გადმოვიღოთ“.

Comments are closed