globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 17th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Daily Sabah» (თურქეთი): თურქეთის „ახლო საზღვარგარეთი“ შავი ზღვის რეგიონში // ანკარა მოსკოვსა და კიევს შორის

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): 784 დღე ლიბიის ციხეში: მეზღვაურ სოსლან კაკაბაძის აფრიკული დრამა

——————–

«Daily Sabah» (თურქეთი), 17 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.dailysabah.com/op-ed/2017/10/16/turkeys-near-abroad-in-the-black-sea-ankaras-predicament-between-kiev-and-moscow

თურქეთის „ახლო საზღვარგარეთი“ შავი ზღვის რეგიონში

ანკარა მოსკოვსა და კიევს შორის

სტატიაში გაანალიზებულია თურქეთის საგარეო პოლიტიკა შავიზღვისპირეთში, კერძოდ, ყურადღება განსაკუთრებით დათმობილი აქვს უკრაინასთან ურთიერთობას: „ანკარას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთმანეთთან ადრე ძმურად, მაგრამ დღეს უკვე მტრულად განწყობილ სლავურ ქვეყნებს შორის“, – ნათქვამია მასალში (ავტორი – ეშრეფ იალინკილიჩლი).

პუბლიკაციაში აქცენტირებულია ყირიმის პრობლემა: „რადგან ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველაზე მძლავრი სამხედრო-საზღვაო ბაზაა დისლოცირებული (სევასტოპოლში), თურქეთისათვის, როგორც შავი ზღვის სახელმწიფოსა და იმავდროულად ნატოს წევრი ქვეყნისათვის ამ ფაქტორს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. რასაკვირველია, ყირიმის მიერთების ფაქტმა რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს დააშორა. უკრაინა ძალიან გადაიხარა დასავლეთისაკენ, თუმცა, რასაკვირველია, ორ სლავ ხალხს შორის უძველესი დროიდან არსებული ისტორიული კავშირების ერთ დღეში მოშლა შეუძლებელია. რუსეთი ხომ, ფაქტიურად, კიევიდან – რიურიკების დინასტიიდან ჩამოყალიბდა, იმ დროიდან ეზიარა რუსეთი ქრისტიანულ სამყაროსაც“.

ავტორის აზრით, უკრაინა უნდა დაუბრუნდეს ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარებას, როგორსაც პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა ახორციერლებდა, ანუ დაბალანსებული დიპლომატიას მოსკოვსა და დასავლურ სახელმწიფოებს შორის. ასევე აუცილებელია საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება თურქეთის მიმართულებით: თურქეთი, როგორც ჩანს, ერთადერთი სახელმწიფოა, რომლესაც უკრაინისთვის დახმარების გაწევა შეუძლია ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით.

„თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში არის ბოსფორ-დარდანელის სრუტეების  უსაფრთხოების გარანტი. მათი მეშვეობით თურქეთი იცავს შავიზღვისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოებასაც. ამ თვალსაზრისით ყირიმის ანექსია მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას არ ემუქრება, ყირიმი თურქეთისთვისაც პრობლემას წარმოადგენს. ისტორიულად სწორედ აქედან აწყობდა რუსეთი ოსმალეთის ტერიტორიებზე თავდასხმებს. რა თქმა უნდა, ყირიმის პრობლემა მომავალშიც შეასრულებს კიევ-ანკარის ერთმანეთთან ინტეგრირების როლს.

მართალია, თურქეთს რუსეთთან ახლო კავშირები აქვს და ამას ანკარაში ვლადიმერ პუტინის ამასწინანდელი ვიზიტიც მოწმობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ანკარას შეუძლია დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს კიევსა და მოსკოვს შორის. თურქეთს კონფლიქტური სიტუაციებიდან გამოსვლისა და მათი გადაწყვეტის კარგი გამოცდილება აქვს, მაგალითად, სირიის საკითხში.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი თითქმის ერთნაირი უნდობლობით ეკიდება თურქეთს და უკრაინას (კიევმა უვიზო რეჟიმი კი მიიღო, მაგრამ ბრიუსელმა მას ევროკავშირში წევრობაზე უარი განუცხადა), უკრაინამ თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს თურქეთთან, რათა წინ აღუდგეს ევროკავშირის პრეტენზიებს. თურქეთთან ურთიერთობა კიევისათვის საპირწონის როლს შესრულებს დასავლეთთან და რუსეთთან მიმართებით. მხედველობაშია აგრეთვე მისაღები თურქეთის როლი ნატოს გეგმებში შავი ზღვის რეგიონში.

კრემლისათვის კატეგორიულად მიუღებელია უკრაინის წევრობა ევროატლანტიკურ ალიანსში. რუსეთმა ამგვარი „წითელი ხაზების“ არსებობა არაერთხელ გაახსენა დასავლეთს საქართველოს მიმართ გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულებით: როცა საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით (იგი დღეს უკრაინაში წინააღმდეგობრივ ოპოზიციურ პოლიტიკოსად ითვლება), ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია შავიზღვისპირეთსა და კავკასიის ფარგლებს მიღმა გავლენის გაფართოების მიზნით მიიწვია, რუსეთმა ამით ისარგებლა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა. რუსეთმა თავისი ნაბიჯით რეგიონში არამარტო ვაშინგტონის გავლენა გაანეიტრალა, არამედ ორი სეპარატისტული რესპუბლიკის – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც, რაც დღემდე გრძელდება.

უკრაინის მიმართ რუსეთი დღეს მოლოდინშია. მოსკოვმა ლოდინის სტრატეგია აირჩია, დონბასის კონფლიქტი „გაყინა“. ის ამ სიტუაციით სარგებლობს, რათა უკრაინა თავის ორბიტაზე შეინარჩუნოს“, – აღნიშნავს ავტორი.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია: „მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყირიმი ჯერ კიდევ უკრაინის ტერიტორიადაა მიჩნეული, ილუზიები ნურავის ექნება, რომ რუსეთი ყირიმს დააბრუნებს. ეს ძალიან საეჭვოა, რადგან მოსკოვი ამ საკითხში შეუვალია. თუმცა არაა გამორიცხული თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა კონფლიქტების მოგვარების სფეროში – როგორც უკვე ვთქვით, სირიის მსგავსად“.

სტატიის დასასრულს ავტორი უკრაინას და რუსეთს სთავაზობს თანამშრომლობას ყირიმელი თათრების სტატუსის საკითხშიც, რაშიც თურქეთსაც შეუძლია თავისი წვლილის შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საკითხი ყველა მხარისათვის დიპლომატიურ თავის ტკივილად დარჩება, განსაკუთრებით რუსეთისათვის. მოკლედ, რეგიონში ბევრი წყალქვეშა კლდეა, ხელშემშლელი პრობლემები, მაგრამ მათი მოგვარება ყველასათვის აუცილებელია“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 16 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgian-sailor-2-years-and-2-months-sits-in-libya-prison/4072106.html

784 დღე ლიბიის ციხეში: მეზღვაურ სოსლან კაკაბაძის აფრიკული დრამა

ზაზა წულაძე


უკვე 784 დღეა ლიბიის ციხიდან ბათუმის მკვიდრის, 55 წლის სოსლან კაკაბაძის დახსნა ვერ ხერხდება. საქართველოს მოქალაქე არადამიანულ პირობებში იმყოფება, იგი ორი წელი და ორი თვეა სასამართლოს მოლოდინშია.

სოსლან კაკაბაძე მეზღვაურია. ბათუმში არსებული საკრუინგო კომპანია GeoBridge KA-ს მეშვეობით, 2015 წლის აგვისტოში, იგი კოკად (მზარეულად) დასაქმდა ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ მალტის მცირე ზომის სანავთობო ტანკერ Sovereign M-ზე.

მალტურ ტანკერს ეგვიპტელი კაპიტანი მართავდა, ეკიპაჟი კი თითო ხორვატი, მალტელი და ეგვიპტელი მეზღვაურისგან შედგებოდა. ქართველი სოსლან კაკაბაძე მათ 2015 წლის 12 აგვისტოს შეუერთდა, 24 აგვისტოს კი ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს, ცარიელი ტანკერი ადგილობრივმა სანაპირო დაცვამ დააკავა.

ლიბიური მხარის მტკიცებით, Sovereign M კონტრაბანდული ნავთობის გადაზიდვას გეგმავდა. დაკავების დროს მესაზღვრეებმა ტანკერის ეკიპაჟის წევრები სასტიკად სცემეს, ხუთ დღეში კი ტრიპოლის Tajoura-ს ციხეში გადაიყვანეს, რომელიც სისასტიკით ჯერ კიდევ ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის მმართველობის დროიდან არის ცნობილი.

სოსლან კაკაბაძე თავდაპირველად 60 პატიმართან ერთად ღია ცის ქვეშ, რკინის გალიაში, გაუსაძლის და აუტანელ პირობებში იყო გამოკეტილი. საქართველოს მოქალაქეს დღემდე აქვს საკვების, სამედიცინო დახმარებისა და თბილი ტანსაცმლის პრობლემა. ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად შეირყა, რასაც გაურკვევლობით და უიმედობით გამოწვეული უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესიც ერთვის.

ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ სოსლან კაკაბაძეს ადვოკატი დაუქირავა, მაგრამ ლიბიაში სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ გამართულა და იურისტიც უძლურია კლიენტის უდანაშაულობა დაამტკიცოს.

დონარა გოგიტიძე, დაკავებულის მეუღლე ამბობს: „სოსლანის დაკავებიდან მესამე წელი დაიწყო, დრო გადის და შედეგი არანაირი არაა, ვერ ვეხმარებით. გვეუბნებიან, რომ ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია, იქ საელჩო არ გვაქვს და მეტით ვერაფრით დაგეხმარებითო“.

ტანკერ Sovereign M-ის საქმე, ლიბიის კანონმდებლობის მიხედვით, ქალაქ ზუვარას სასამართლომ უნდა განიხილოს (იმ ტერიტორიაზე, სადაც, ბრალდების მტკიცებით, „დანაშაული მოხდა“). ტრიპოლიდან ზუვარამდე 102 კილომეტრია, მაგრამ უსასტიკესი სამოქალაქო ომის გამო, ჩრდილოაფრიკის ამ სახელმწიფოში ცენტრალური ხელისუფლება იმდენად მოშლილია, პატიმრების უსაფრთხოდ გადაყვანაზე პასუხისმგებლობას ვერავინ იღებს.

ოქტომბრის დასაწყისში, სოსლან კაკაბაძესთან ერთად, ლიბიაში დატყვევებული ხორვატიის მოქალაქე – ივან ფურჩიჩის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს ადგილი შეუცვალეს და ისინი ახლა სურმანის (Sorman) ციხეში იმყოფებიან, რომელიც ელ-ზავიასა და საბრათას შორის მდებარეობს. მანამდე, ხორვატიის მუსლიმი სასულიერო პირების თხოვნით, მათმა ნდობით აღჭურვილ პირმა, 44 წლის მეზღვაური ივან ფურჩიჩი ტრიპოლის ციხეში მოინახულა და მას წყალი და საჭმელი გადასცა. „იგი საოცრად შეცვლილია, დაპატიმრებამდე 90 კილოს იწონიდა, ახლა კი გამხდარ მოხუცს ჰგავს. ვიცი, რომ ციხეში ხშირად სცემენ“, – ამბობს მისი ძმა ტომისლავ ფურჩიჩი.

რაც დრო გადის, სიტუაცია სულ უფრო კრიტიკული ხდება. მოლაპარაკებებს დიდი ხანია გამოეთიშა მალტელი გემთმფლობელების – ჯოზეფ, სილვიო და მაიკლ მიცების ოჯახი. სოსლან კაკაბაძის ძმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ამირან კაკაბაძე შველას კიდევ ერთხელ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას:  „ორი კვირის წინ ვიღაც-ვიღაცეებს ვთხოვეთ, ციხიდან ტელეფონით დაარეკინეს, მისი ხმა გვინდოდა გაგვეგო და დავრწმუნებულიყავით, რომ ცოცხალია. უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს მთავრობას მხარში ამოგვიდგეს და დაგვეხმაროს!“

სოსლან კაკაბაძის გარდა, ლიბიაში სასამართლოს კიდევ სამი ქართველი მეზღვაური ელოდება. 48-ე დღეა ტრიპოლის ციხეში სხედან ბერძნული სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი 55 წლის გენადი კომახიძე და მეზღვაურები – რომან კაკალაძე და ნუკრი ხოხბა. ბრალდება აქაც იდენტურია: ლიბიიდან დიდი ოდენობით დიზელის კონტრაბანდა. სასამართლო სხდომა ტრიპოლიში 17 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

ლიბიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ანგარიშის მიხედვით, 2012-2017 წლებში მათ, ნავთობის კონტრაბანდის ბრალდებით, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში, 80-ზე მეტი უცხოური გემი და 800-ზე მეტი მეზღვაური დააკავეს. დაპატიმრებულთა ნაწილი სასამართლო სხდომებს, ლიბიის სხვადასხვა ქალაქების ციხეებში გამოკეტილი დღემდე ელოდება.

ქართველი მეზღვაურების ტყვეობის (დაკავების) ყველაზე ხანგრძლივი და გახმაურებული შემთხვევები:

  • სოსლან კაკაბაძე (ტანკერი Sovereign M, ლიბია) – 784 დღე, 24/08/2015 – დღემდე;
  • სულხან ჯორბენაძე (ტანკერი African Pride, ნიგერია) – 767 დღე, 08/10/2003 – 14.12.2005;
  • მემედ ზაქარაძე, შალვა ვერძაძე, თემურ ბედინაძე, თემურ მახარაძე, ანზორ ფართენაძე, დავით დევაძე, ზურაბ შერვაშიძე, გიორგი სირაძე, ჯაბა ქარჩავა, ნუკრი ჯიჯავაძე, ირაკლი ჯიქიძე, თემურ ვარშანიძე, ასლან დემურაძე, ჯიმშერ ასანიძე, გენადი ტიმოფეევი (ტანკერი OLIB G, სომალი) – 489 დღე, 08/09/2010 – 09/01/2012, მეკობრეებმა გაანთავისუფლეს გამოსასყიდის 3 000 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ;
  • ივერი ყურაშვილი, გიორგი ყურაშვილი, ზურაბ გურალია, აკაკი ქაჯაია, ირაკლი დანელია (ტვირთმზიდი Vasilios N, ლიბია) – 324 დღე, 21/04/2010 – 10/03/2011, დაკავებულებმა გაქცევა მოახერხეს;
  • არტურ არუთუნიანი, ზურაბ გიორგაძე, ნიკოლოზ პიჟოვი, ალექსანდრე ჩიჩაძე, ანატოლი არხანგოროდსკი, გულადი რუხაძე (ტანკერი Jenlil, სომალი) – 225 დღე, 30/07/2002 – 07/02/2003, მეკობრეების ტყვეობას თავი უპრეცედენტო გაქცევით დააღწიეს.

Comments are closed