globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 17th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: ხალხი და კორუფცია // გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ძალიან ცუდად ან საკმაოდ ცუდად უმკლავდება

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ერაყში, ქალაქ მოსულის შტურმისას 25-ე ქართველი ისლამისტი მოკლეს

«Красная звезда» (რუსეთი): ევროპული სტანდარტების მიხედვით // საქართველოს მთავრობა შეიარაღებული ძალების რეფორმირებისათვის ემზადება

—–

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): მიხეილ სააკაშვილის მორიგი რევოლუცია?! // „პეტრო პოროშენკო ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა“

«The New York Times» (აშშ): რატომ აგებს უკრაინა კორუფციის წინააღმდეგ ომს // „როგორც ედუარდ შევარდნაძესთან, ისე პეტრო პოროშენკოს მიმართაც გამიცრუვდა იმედები“

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 16 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/transparency-global-corruption/3598807.html

საქართველო: ხალხი და კორუფცია

გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ძალიან ცუდად ან საკმაოდ ცუდად უმკლავდება

ნანა საჯაია


კორუფციის გლობალური ბარომეტრის 2016 წლის კვლევის თანახმად, რომელსაც ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ევროპის და ცენტრალური აზიის 42 ქვეყანაში ატარებს, საქართველოში გამოკითხულთა 58%-ს ჰქონდა შეხება საჯარო მომსახურების 8 სფეროდან ერთ-ერთთან მაინც. აქედან 7%-ს საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა მოუწია. ეს მაჩვენებელი გაუარესებულია 2013 წელთან შედარებით, როდესაც კორუფციის გლობალური ბარომეტრის ბოლო კვლევა გამოქვეყნდა, მაშინ გამოკითხულთა მხოლოდ 4% ამბობდა რომ ქრთამი გადაიხადა. რაც შეეხება მთლიან მოსახლეობაში მათ წილს, ვისაც ბოლო 12 თვის მანძილზე ქრთამის გადახდა მოუწია, საქართველოში ეს წილი 4%-ს შეადგენს.

წლევანდელი ანგარიშისთვის სულ 60 000 მოქალაქე გამოიკითხა. მათ შორის საქართველოს 1508 მოქალაქე იყო. გამოკითხულებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში კორუფციასთან დაკავშირებული გამოცდილებაზე ეკითხებოდნენ.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ყოველი მესამე ადამიანი, კორუფციას მთავარ პრობლემებს შორის ასახელებს. ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის კორუფციას საქართველოში გამოკითხულთა 12% ასახელებს.

ამ მაჩვენებლის სიმცირითსაქართველო კვლევის ფარგლებში შესწავლილი 42 ქვეყნიდან მე-4 ადგილს იკავებს გერმანიის (2%), შვედეთის (6%) და შვეიცარიის (10%) შემდეგ. მეზობელ ქვეყნებში ამავე კითხვაზე მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: აზერბაიჯანში მოქალაქეთა 21% ასახელებს კორუფციას ქვეყნის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის, თურქეთში – 22%, სომხეთში – 37%, რუსეთში – 39%. რეგიონის ქვეყნებიდან ასევე აღსანიშნავია უკრაინა (56%) და მოლდოვა (67%).

საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდის მაღალი მაჩვენებელი აქვთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებს. აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, უკრაინასა და მოლდოვაში ყოველი ხუთიდან ორ ოჯახს საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა მოუხდა. ეს მაჩვენებელი 50%-ს აღწევს ტაჯიკეთში. საქართველოს 7%-იანი მაჩვენებელი, ევროპის კავშირის ქვეყნებს პოლონეთს და იტალიას უთანაბრდება. საუკეთესო მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთს აქვს (0%), შემდეგ მოდის შვედეთი (1%) და კვიპროსი (2%). ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი – 29% აქვს რუმინეთს.

ყოველი ხუთი გამოკითხულიდან სამს სჯერა, რომ მთავრობები მდიდარი ადამიანების გავლენის ქვეშ ექცევიან. მოსაზრებას, რომ მდიდარი პირები ხშირად იყენებენ თავიანთ გავლენას მთავრობაზე პირადი ინტერესებისთვის და რომ ამგვარი ქცევის პრევენციისთვის უფრო მკაცრი წესებია საჭირო, საქართველოში გამოკითხულთა 48% ეთანხმება. მდიდრების გადამეტებული გავლენა დიდ პრობლემად გამოკითხულთა 29%-ს მიაჩნია.

გლობალური ბარომეტრის თანახმად, ყოველი მესამე მოქალაქე მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრები და პარლამენტარები უმეტესწილად ან მთლიანად კორუმპირებულნი არიან. 53% მიიჩნევს, რომ მთავრობები კორუფციას სათანადოდ არ უმკლავდება, მხოლოდ 23%-ია კმაყოფილი მთავრობების ძალისხმევით. გლობალურ მაჩვენებელთან ახლოსაა საქართველოს შედეგიც, სადაც გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ძალიან ცუდად ან საკმაოდ ცუდად უმკლავდება, ხოლო 26% ფიქრობს რომ ხელისუფლება ამ ამოცანას თავს საკმაოდ კარგად ან ძალიან კარგად ართმევს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ოთხი რეკომენდაცია მოამზადა, ლობირების სფეროში გამჭვირვალე წესებისა და ლობისტების საჯარო რეესტრების შექმნა; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა; მამხილებელთა დაცვის უზრუნველმყოფი კანონმდებლობის მიღება და აღსრულება; მამხილებელთა და კორუფციის ფაქტების გამომვლენი ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სათანადოდ რეაგირება

საქართველოში კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით და რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 16 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-islamist-militant-killed-in-iraq/3598086.html

ერაყში, ქალაქ მოსულის შტურმისას 25-ე ქართველი ისლამისტი მოკლეს

ზაზა წულაძე


ერაყის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის – მოსულის ისლამისტი ტერორისტებისგან გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან, ხვალ, ზუსტად ერთი თვე შესრულდება. ნაინავის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც 2014 წლის ზაფხულიდან „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ იმყოფებოდა, ახლა, თითქმის მთლიანად დანგრეულია.

მოსულის აღმოსავლეთის დიდ ნაწილს, რომელსაც დასავლეთ რაიონისგან მდინარი ტიგროსი ჰყოფს, დღეს უკვე ერაყის სამთავრობო ჯარები აკონტროლებენ. ოფიციალურმა ბაღდადმა გუშინ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, მოსულის გათავისუფლებულ ნაწილში, 1000-მდე ისლამისტი ტერორისტი მოკლეს, 100-ზე მეტი კი ტყვედ აიყვანეს.

დაღუპულ ისლამისტებს შორის, საქართველო მოქალაქეც არის. წინა კვირას, სამძიმრის მისაღებად ოჯახის კარი, სოფელ დუისში, ხანგოშვილებმა გააღეს. 24 წლის მუჰმად ხანგოშვილი სწორედ ქალაქ მოსულთან ახლოს დაიღუპა. პანკისის ხეობაში ადასტურებენ, რომ დაქირავებული ქისტი ისლამისტემის დიდი ნაწილი სირიიდან ერაყშია გადასული და მოსულისა და ბაშიქას ირგვლივ მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობენ. დაღუპულის ნათესავი ჯაფარ ხანგოშვილი ამბობს, რომ მუჰმადის სიკვდილის შესახებ ოჯახს ერაყიდან შეატყობინეს: „როგორც ვიცი, პანკისიდან წასულების დიდი ნაწილი, ძირითადში ერაყში არიან გადასულები. ის ძველი ჩასულები არიან, ალბათ, ვეღარც გამოდიან, ვეღარც ტოვებენ პოზიციებს და იღუპებიან. მუჰმადიც კარგა ხნის, ორი თუ სამი წლის წასული იყო დუისიდან“.

მუჰმად ხანგოშვილსაც პანკისელი რეკრუტი-ისლამისტის ტრადიციული ისტორია აქვს. იგი თურქეთში, იქედან კი სირიაში ბირკიანელი თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის სამხედრო წარმატებით აღფრთოვანებული, ჯერ კიდევ 2013 წელს წავიდა.

ბოლო სამი წლის მანძილზე, მუჰმადი სწორედ „ისლამური სახელმწიფოს“ „ომის მინისტრ“ თარხან ბათირაშვილის პირადი დაცვის წევრი იყო და არაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, როგორ სირიის, ისე ერაყის ტერიტორიაზე.

მუჰმად ხანგოშვილი „პატრონის“ გარეშე 2016 წლის ივლისში დარჩა, როცა ერაყის, სალაჰ-ედ-დინის მუჰაფაზში, ქალაქ შირქათთან ახლოს, თარხან ბათირაშვილის ლეგენდა საბოლოოდ დასრულდა. „ისლამური სახელმწიფოს“ ქისტურ დაჯგუფებაზე პასუხისმგებლობა ამის შემდეგ, თარხანის უფროსს ძმას, თამაზ-აბდურაჰმან ბათირაშვილს დაეკისრა. მეორე ჩეჩნურ დაჯგუფებას „ჯუნუდ აშ შამ“-ს ასევე პანკისის ხეობის მკვიდრი, 44 წლის მუსლიმ აბუ ვალიდ ალ-შიშანი, იგივე მურად მარგოშვილი ხელმძღვანელობს. ბოლო ინფორმაციით, ორივე ეს დაჯგუფება ამჟამად ერაყის ტერიტორიაზე, მოსულის მიდამოებში იბრძვის.

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, მწერალი ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ დედა აქტიურად ცდილობდა მუჰმად ხანგოშვილის უკან, საქართველოში დაბრუნებას, თუმცა უშედეგოდ: „დედამისი ყველა ხერხით ცდილობდა მუჰმადის დუისში დაბრუნებას, თურქეთშიც იყო ჩასული და ერთხელ, მგონი, იქიდან მოაბრუნა კიდეც, მაგრამ მაინც ასე ტრაგიკულად დასრულდა ყველაფერი. სხვა მოლოდინი არც იყო, რომ იგი და კიდევ სხვა წასულები ცოცხალი დაბრუნდებოდნენ“.

მუჰმად ხანგოშვილი, დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოს 25-ე მოქალაქეა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, ბოლო 4 წლის მანძილზე მოკლეს.

2012 წელს – „ისლამურ სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა, რომლის პანკისში გადმოსვენება მაშინ მოხერხდა. 2013 წელს – იქ 3 ჩვენი მოქალაქე მოკლეს, 2014 წელს – 6, 2015 წელს – 4 და 2016 წელს – უკვე 11. ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე, „ისლამური სახელმწიფოს“ უკიდურესად შერყეული პოზიციებიდან და იქ მიმდინარე ბრძოლის ხასიათიდან გამომდინარე, სამხედრო ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს რიცხვი აუცილებლად გაიზრდება.

სირია-ერაყში მოკლული საქართველოს მოქალაქეები (2012-2016 წ.წ.):

23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012);

26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013);

36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013);

24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013);

36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014);

18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014);

22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014);

21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014);

18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014);

30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014);

24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015);

33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015);

23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015);

28 წლის ბესლან მუხტაროვი(დეკემბერი 2015);

22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016);

24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016);

22 წლის ხვიჩა გობაძე(იანვარი 2016);

38 წლის ვახა ბუგიევი(აპრილი 2016);

22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი(ივნისი 2016);

39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016);

26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი 2016);

34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი 2016);

30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი 2016);

21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო 2016);

24 წლის მუჰმად ხანგოშვილი (ნოემბერი 2016).

«Красная звезда» (რუსეთი), 16 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.redstar.ru/index.php/newspaper/item/31204-pod-evrostandarty

ევროპული სტანდარტების მიხედვით

საქართველოს ახალი მთავრობა შეიარაღებული ძალების რეფორმირებისათვის ემზადება

სტატიაში მიმოხილულია საქართველოს სეიარაღებულ ძალებში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც რეფორმას უკავშირდება: გენშტაბის რეორგანიზაცია, ცვლილებები სახმელეთო, ჰაერსაწინააღმდეგო და სამხედრო-საჰაერო ძალების მართვაში, დაკომპლექტებისა და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალურ უზრუნველყოფაში (ავტორი – ალექსანდრე ალექსანდროვი).

„საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მიერ წარდგენილი რეფორმების პროგრამა უზრუნველყოფს ქართული არმიის ადაპტირებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის სტანდარტებთან. ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტზე აგვისტოში დაინიშნა, მან თინა ხიდაშელი შეცვალა, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მძაფრი მხარდამჭერი იყო. ლევან იზორია სამხედრო სფეროში უშიშროების სამსახურიდან მოვიდა. მისი განცხადებით, „უწყების პრიორიტეტი გონივრული და საღი აზრის პოლიტიკა იქნება“.

მინისტრმა თავისი მუშაობის 100-დღიანი ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ რეფორმა უპირატესად გენშტაბის სტრუქტურებში განხორციელდება, რომლის მიხედვით, ამ ორგანოს უფლებამოსილება შეიკვეცება. ბუნებრივია, ხელმძღვანელები სამხრეებზე „ვარსკვლავებსაც“ დაკარგავენ. და რადგანაც, თავდაცვის მინისტრის თქმით, გენერალური შტაბის ახალი სტრუქტურა ნატოს სტანდარტების მიხედვით ჩამოყალიბდება, შესაბამისად, სამეთაურო შემადგენლობაც 30%-ით შემცირდება. ექსპერტთა აზრით, შესაძლოა რეფორმამ უკმაყოფილება გამოიწვიოს: გენშტაბის სისტემაში არსებული რამდენიმე დეპარტამენტი გაუქმდება, მათ ნაცვლად კი სამსახურები ან სამმართველოები ჩამოყალიბდება, შესაბამისად, მათი სტატუსი დაიწევს და უფლებამოსილება შეიკვეცება. უკვე სამსახურიდან გათავისუფლდა გენშტაბის უფროსის ორი მოადგილე. „საერთოდ კი, საქართველოს არმიაში ამჟამად 155 უფროსი ოფიცერი (პოლკოვნიკი) მსახურობს, რაც, ლევან იზორიას აზრით, ძალიან „გაბერილი რაოდენობაა“. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში უფროსი ჩინის მქონე ოფიცრების ოპტიმალური რაოდენობა ასს არ უნდა აჭარბებდეს“, – წერს ავტორი.

შემცირდება აგრეთვე სახმელეთო სამხედრო ქვედანაყოფების – ბრიგადების რაოდენობა: ამჟამად არსებული ხუთი ბრიგადიდან (ოთხი ქვეითი და ერთი მექანიზებული) ოთხი დარჩება. როგორც ჩანს, გაუქმდება ერთი ქვეითი ბრიგადა. დაგეგმილია მათი დისლოკაციის შეცვლაც.

კაცმა რომ თქვას, ეს გეგმები მოულოდნელი არ ყოფილა. ჯერ კიდევ სექტემბერში იქნა წარდგენილი საქართველოს უშიშროების საბჭოში ცვლილებების გეგმა, რომელიც ოთხ წელზეა გათვლილი. დოკუმენტში გათვალისწინებულია სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება აშშ-სთან, რომლის მიხედვით, 2017 წელს სამ ქართულ ბატალიონს ამერიკელები მოამზადებენ. გეგმის მიხედვით, ქართული არმიის რაოდენობა 2017 წლისათვის იგივე დარჩება – 37 ათასი სამხედრო მოსამსახურე.

სიახლეა სავალდებულო სამხედრო გაწვევის აღდგენაც, რომელიც წინა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხუთი თვის წინ გააუქმა. ლევან იზორიამ თავისი გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: ახალწვეულებს სამხედრო უნრა-ჩვევების დაუფლებაში კონტრაქტზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები დაეხმარებიან. სხვათა შორის, ახალწვეულებს მინისტრი შეღავათებსა და პროფესიულ ზრდას დაპირდა: ყოველთვიურად მათი „ხელფასი“ 7-დან 50 ლარამდე მოიმატებს, ექნებათ გამოსასვლელი (დასასავენებელი) დღეებიც.

საქართველოს არმიის განვითარების პრიორიტეტად თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-საჰაერო ძალების რეფორმირებასა და გადაიარაღებას მიიჩნევს. ამ საკითხში თბილისი ნატოს მხარდაჭერას იმედოვნებს. როგორც ქართული მასმედია იტყობინება, უკვე მიღწეულია შეთანხმება თბილისსა და პარიზს შორის ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის VL MICA-ს შესყიდვის თაობაზე: საქართველოს იმედი აქვს, რომ ამ იარაღით თავის ტერიტორიას ფრთოსანი რაკეტებისა და მართვადი ავიაბომბებისაგან დაიცავს. რაც შეეხება ავიაპარკს, თანხების უკმარისობის გამო მისი განახლება გათვალისწინებული არ არის. ამავე მიზეზით ვერ აღორძინდება სამხედრო-საზღვაო ძალებიც, – აღნიშნულია სტატიაში.

———————-

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 16 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.nzz.ch/international/europa/saakaschwilis-naechste-revolution-jetzt-ist-poroschenko-mein-politischer-feind-ld.128627

მიხეილ სააკაშვილის მორიგი რევოლუცია?!

„ახლა პეტრო პოროშენკო ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა“

უკრაინის ოდესის ოლქში მიხეილ სააკაშვილს თავისი რეფორმატორული ტალანტი უნდა ეჩვენებინა, მაგრამ… ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, თუ რატომ განიცადა წარუმატებლობა და ვერ განახორციელა თავისი „საბრძოლო გეგმები“, – წერს გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგის“ კორესპონდენტი შტეფან დობერტი.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

„როცა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადავდექი, მე იგივე გავაკეთე, რაც 2003 წელს, როცა საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მთავრობის წევრი ვიყავი და იუსტიციის მინისტრის პოსტიდან წავედი, მე ვცდილობდი რაღაც შემეცვალა, პრეზიდენტს ვეუბნებოდი, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. მაშინ ვთქვი – „ეშმაკსაც წაუღიხარ, მისტერ პრეზიდენტო, ახლა მე მარტო ვიმოქმედებ“. შემდეგ კი პრეზიდენტი მე თვითონ გავხდი. სულაც არ მინდა პეტრო პოროშენკოს მდგომარეობა ედუარდ შევარდნაძის მდგომარეობას შევადარო, ისინი სხვადასხვა თაობის ადამიანები არიან, მაგრამ კრიმინალური ბანდებისა და ოლიგარქების პარპაში უკრაინაში დღეს ისეთია, როგორც მაშინ საქართველოში“.

(…)

„გადადგომის წინ მე პეტრო პოროშენკოს შევხვდი. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ დახმარება მჭირდება-მეთქი საბაჟოს რეფორმაში, მუშაობის გამჭვირვალობაში, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის ნორმალურ მუშაობაში… მაგრამ საუბრის ბოლოს მივხვდი, რომ მას კორუფციასთან ბრძოლა არ სურს, ამიტომაც განვუცხადე – ოკ, მე დასკვნას გავაკეთებ. ჰოდა, გადავდექი. ახლა ჩვენ ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ვართ“.

(…)

„მე ვქმნი ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც „ტალღა“ ჰქვია. უკვე გვაქვს გარკვეული გამოცდილება ანტიკორუფციული მოძრაობის დაწყების დროიდან. ჩვენ უკრაინაში შეხვედრებს მოვაწყობთ… ვფიქრობ, მხარს წვრილი და საშუალო დონის მეწარმეები დაგვიჭერენ, რადგან სწორედ ამ ადამიანებს სურთ ცვლილებების განხორციელება. ოლიგარქებს კი გარდაქმნა არ უნდათ“.

(…)

შეკითხვაზე, „თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ უკრაინელები ქართველს დაგიჯერებენ“, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს:

„მე უკრაინელი ვარ. უკრაინის მოქალაქეობა მაქვს. მე აქ ჩემი ცხოვრების 11 წელი გავატარე. სხვათა შორის, ვიტყვი, რომ უკრაინა უცხოელებისათვის ღია ქვეყანაა. აქ არავინ არ გეკითხება, ვინ ხარ და საიდან ჩამოხვედი, მთავარია ის, თუ რას გააკეთებ უკრაინისათვის. ქვეყნის პირველი კონსტიტუცია ეროვნებით ჩეხმა დაწერა… უკრაინაში მანამ ვიქნები, სანამ წარმატებას არ მივაღწევ. ყველა ხედავს, რომ პოლიტიკოსები ხალხის ძარცვას აგრძელებენ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაქოვმა და საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელმა რომან ნასიროვმა კორუფცია თანამდებობზე დანიშვნისთანავე დაიწყეს. ამგვარ სიტუაციას არ შევურიგდები. არ გავჩერდები, ვიდრე ქვეყნის გამყიდველი, სინდისგარეცხილი ადამიანები ხელისუფლებაში იქნებიან – ისინი, რომლებმაც რევოლუციის იდეებს უღალატეს. ვგრძნობ მოსახლეობის მხარდაჭერას“.

«The New York Times» (აშშ), 17 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.nytimes.com/2016/11/17/opinion/why-ukraine-is-losing-the-war-on-corruption.html?_r=0

რატომ აგებს უკრაინა კორუფციის წინააღმდეგ ომს

„როგორც ედუარდ შევარდნაძესთან, ისე პეტრო პოროშენკოს მიმართაც გამიცრუვდა იმედები“

მიხეილ სააკაშვილი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

„ძალიან ცოტა პოლიტიკოსს თუ გაუვლია ერთიდაიგივე გამოცდა კარიერაში ორ სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ ასე მოხდა ჩემს მიმართ – საქართველოსა და უკრაინაში. მე საქართველოს პრეზიდენტი ცხრა წლის განმავლობაში ვიყავი. ამ ხნის მანძილზე საქართველო კლეპტოკრატიული და არშემდგარი სახელმწიფოდან ისეთ ქვეყნად გადაიქცა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბიზნესსაქმიანობის გაიოლების სფეროში კი ევროპაში ერთ-ერთი პირველი დაიკავა. 2006 წლისათვის მსოფლიო ბანკმა საქართველო, რეფორმების განხორციელების მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ფლაგმანად მიიჩნია. როცა ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადა დასრულდა, მე აშშ-ში სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად გავემგზავრე, გარკვეული დროის შემდეგ კი უკრაინაში ჩავედი, სადაც მე, ახალგაზრდობის ჟამს, კიევის უნივერსიტეტში სტუდენტობის რამდენიმე წელი გავატარე. საქმე იმაშია, რომ უკრაინელი მეგობრები მომიწოდებდნენ და მთხოვდნენ, რათა მათთვის მთავრობაში მუშაობისა და საერთოდ, სახელმწიფოს მართვის გამოცდილება გამეზიარებინა. მეც დიდი ენთუზიაზმით ჩავერთე რეფორმების გატარების მიზნით, მაიდნის რევოლუციის კვალობაზე. შემომთავაზეს მუშაობა ოდესის ოლქში – უკრაინის ყველაზე დიდ რეგიონში. გუბერნატორად მუშაობა ძალიან უჩვეულო სიტუაცია იყო ჩემთვის, როგორც სხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისათვის, მაგრამ ბედის განგებით სწორედ ოდესაში უნდა მომხდარიყო უკრაინის სახელმწიფოებრიობის გამოცდა – ქალაქში, სადაც მაფიოზები ბატონობდნენ… ოლქი, რომელიც მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონს – რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ დნესტრისპირეთს ესაზღვრება. ოდესაში თან წავიყვანე ჩემი ყოფილი მთავრობის პროფესიონალები. მათ დაიწყეს უკრაინის პოლიციის „კაპიტალური რემონტი“, ისინი სათავეში ჩაუდგნენ კორუფციასთან მებრძოლ სამთავრობო სტრუქტურას. პოლიციის რეფორმა წარმატებით ხორციელდებოდა, ანტიკორუციულმა ბიურომ კი რამდენიმე ხმაურიანი საქმის გამოძიება დაიწყო… მეჩვენებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო წინსვლაში მხარს გვიჭერდა.

ოდესაში მეც ცვლილებები დავგეგმე, გამოვაცხადე კონკურსი, რომ თანამდებობები  დასავლეთში განათლებამიღებულ ტალანტიურ სპეციალისტებს დაეკავებინათ, შევცვალეთ რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები… საბაჟოში სიტუაციის გაუმჯობესებისა და მექრთამეობის აღმოფხვრის მიზნით კი მის ხელმძღვანელად მაიდნის ახალგაზრდა აქტივისტი იულია მარუშევსკა დავნიშნე. შევიმუშავეთ მოქმედების პროგრამა და დავიწყეთ გზებისა და ოლქის სხვა ინფრასტრუქტურის რემონტი…

რეფორმების რეალიზების კვალობაზე, რომლებმაც მოსახლეობაში პოპულარობა ჰპოვა, ჩვენ უცებ წინააღმდეგობას იქიდან შევეჯახეთ, საიდანაც ყველაზე ნაკლებად წარმოგვედგინა – კიევიდან, უკრაინის მთავრობიდან. ამის პირველი ნიშანი იყო ჩემი დაპირისპირება მაშინდელ პრემიერ არსენ იაცენიუკთან, კორუფციის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც უდიდეს სახელმწიფო საწარმოს – ოდესის ქიმიურ ქარხანას ეხებოდა…

მიმდინარე წლის იანვრიდან დაწყებული, მე უკრაინის სხვადასხვა ოლქებში ჩავდიოდი და ანტიკორუფციული ბრძოლის გააქტიურებისაკენ მოვუწოდებდი, ჩამოვაყალიბე მოძრაობა „გავწმინდოთ უკრაინა“, რათა ქვეყნის მთავრობაზე საზოგადოებრივი ზეწოლა მომეხდინა და ოლიგარქები ხელისუფლებას ჩამოშორებოდნენ. ამის შედეგი იყო ის, რომ მარტში პარლამენტმა ხმა მისცა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას, მოგვიანებით კი მას პრემიერ-მინისტრიც თან მიჰყვა. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის მართვა ძველი მეთოდებით აღარ შეიძლებოდა და მუშაობა გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო.

მაგრამ მას შემდეგ შვიდი თვე გავიდა და ვერანაირი სერიოზული ცვლილება ვეღარ შევნიშნე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პრეზიდენტი გარემოცვა და მისი პარტიის ლიდერები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას განგებ ამუხრუჭებდნენ. ჩემს ადმინისტრაციას კი ფულს არ ურიცხავდნენ და რამდენიმე თვის განმავლობაში „მშიერი“ დატოვეს… მოკლედ, ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ჩვენი რამდენიმე რეფორმატორი სასოწარკვეთილებამ მოიცვა.  მუშაობაში ხელს გვიშლიდნენ – გენპროკურატურამ ძიება დაიწყო, მაგრამ ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა.

ჩემი მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როცა უკრაინის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები გამოქვეყნდა. ძალიან ბევრ სახელმწიფო მოხელეს მილიონი დოლარი ჰქონია „მუთაქებში შენახული“. დავრწმუნდი, რომ უკრაინა – ეს მდიდარი და იმავდროულად ევროპაში ყველაზე ღარიბი ქვეყანა მმართველი ელიტის მიერ იყო გაძარცული. უკრაინა კლეპტოკრატების სარბიელად გადაიქცა, რომლების საკუთარ ქვეყანას აპარტახებდნენ და მომავალს უსპობდნენ. და ეს ხდებოდა იმ დროს, როცა უკრაინელი ჯარისკაცები გმირულად იხოცებოდნენ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მიმდინარე ბრძოლაში. აქვე ვიტყვი, რომ უკრაინელი ოლიგარქებისა და პოლიტიკური კლასის მენტალიტეტი თითქმის იდენტურია რუსეთში არსებულისა და ძლიერ ამუხრუჭებს უკრაინის ევროპულ ინტეგრაციას.

ჯერ კიდევ 2001 წელს, როცა ვერაფერი შევასმინე საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, რომ საჭირო იყო რეფორმების განხორციელება და კორუმპირებული გარემოცვისაგან გათავისუფლება, მთავრობიდან გამოვედი და თანამდებობა დავტოვე. შევქმენი  პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ მოახდინა. რევოლუციის შემდეგ კი რეფორმების რეალური განხორციელება დავიწყეთ. სწორედ  „ვარდების რევოლუციის“ წარმატება იყო სულის ჩამდგმელი და მამოძრავებელი ძალა 2014 წლის მაიდნის აქტივისტებისათვის.

როგორც ედუარდ შევარდნაძესთან, ისე პეტრო პოროშენკოს მიმართაც გამიცრუვდა იმედები. ჩემთვის სტატუს-ქვოს შენარჩუნება მიუღებელია. უკრაინას რეალური ცვლილებები ჭირდება და არა მათი იმიტირება. ჩვენ ბევრი ინიციატივა გვქონდა რეფორმების ჩარჩოებში, მაგრამ იძულებული გავხდით გავჩერებულიყავით… ჩემი მეორე გამოცდის ჟამს გადავწყვიტე გადავმდგარიყავი, რათა ახალი პოლიტიკური პარტია შევქმნა. უკრაინა საოცარი ქვეყანაა, აქ ძალიან ბევრია შრომისმოყვარე, განათლებული და ტალანტიური ადამიანები, რომლებიც უკეთეს მომავალს იმსახურებენ. უკრაინის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რესურსია მისი ახალგაზრდობა, რომლებიც კარგ სახელმწიფო მოსამსახურეებად და პოლიტიკოსებად უნდა ჩამოყალიბდნენ, საკუთარ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად.

უკრაინის ძველი, კორუმპირებული ისტებლიშმენტი ხელს უშლის ახალგაზრდა რეფორმატორებს, რომ მათ სახელმწიფო სექტორში ხელმძღვანელი თანამდებობები დაიკავონ. მე მოსახლეობას დავპირდი და ვალდებულიც ვარ არსებული სიტუაცია უნდა შევცვალო.

Comments are closed