globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 17th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში?


«Гордон» (უკრაინა): „იმედი მაქვს, რომ ეკა ზღულაძე სიტუაციას გამოასწორებს და საქართველოდან რიგითი პოლიციელების ჩამოყვანა არ დაგვჭირდება“

«Augsburger Allgemeine»(გერმანია): საქართველო: „მოდელური სოფელი“ გერმანული ტრადიციებით
———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 17 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2634928?isSearch=True

დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში?
„ექს-პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საქართველოს არაფორმალურ მმართველად“ თვლიან, შესაძლოა დიდ პოლიტიკას დაუბრუნდეს. ასეთ თვალსაზრისს გამოხატავს ბევრი ქართველი პოლიტიკოსი და ექსპერტი, ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).
პუბლიკაციაში მოკლედაა მიმოხილული საქართველოში ბოლო თვეების მანძილზე განვითარებული კრიზისული პროცესები: საკადრო ცვლილებები, ფინანსურ-ეკონონიკური კრიზისის სიმპტომები (ლარის კურსის მკვეთრი ვარდნასთან დაკავშირებით), ოპოზიციის გააქტიურება გარე საფრთხეების ფონზე (რუსეთის მოქმედების გამო) და ასე შემდეგ.
მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ თემას ფრთხილად კომენტირებენ, თუმცა არ უარყოფენ ხმებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით: „თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებას გადაწყვეტს, მე მის ნაბიჯს მივესალმები“, – აცხადებს „კომერსანტთან“ საუბარში პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე.
პოპულარული გაზეთის „რეზონანსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ მოქალაქეთა უმეტესობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „არა მარტო სასურველად, არამედ აუცილებლადაც კი თვლის“.
ექსპერტების აზრით, ექს-პრემიერ-მინისტრის ქვეყნის მმართველობის სადავეებთან დაბრუნების თემა ქვეყანაში სემთხვევით არ გააქტიურებულა: „მოსახლეობამ ამჟამინდელი ხელისუფლება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისადმი პირადი ნდობის საფუძველზე აირჩია, – განუმარტა „კომერსანტს“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, – თუ ხელისუფლებისადმი პრეტენზიები გაჩნდება, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ან მთავრობის წევრები უნდა შეცვალოს, ან თვითონ უნდა დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი. ყველაფერში მაინც ის იქნება პასუხისმგებელი და ამას იგი კარგად ხვდება“.
ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ „პრემიერ-მინისტრი არსადაც არ წასულა“: „იგი მთლიანად აკონტროლებს მთავრობას და აღმასრულებელი ხელისუფლების არცერთი გადაწყვეტილება მასთან შეუთანხმებლად არ ხდება“, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში დეპუტატი სერგო რატიანი, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წევრი. ბატონი რატიანი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის სავარძელს ისევ დაიკავებს „მის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის მონური დამოკიდებულების გამო, რაც ოლიგარქის მიერ ორი წლის განმავლობაში წარმოებული კულუარული მმართველობის კრახს დაადასტურებს“. „ქვეყანა ღრმა კრიზისშია და ყველა შემთხვევაში ამ სიტუაციის გამო პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება“, – დარწმუნებულია „კომერსანტის“ რესპოდენტი.
თვითონ მილიარდერს პოლიტიკაში დაბრუნების“ თაობაზე ჯერ არაფერი უთქვამს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დააფუძნა და განაცხადა, რომ საქართველოში ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოებას ჩამოაყალიბებს“. როცა მიდიოდა, ოლიგარქმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2014 წელი „კარგი“ იქნებოდა, 2015 წელი კი „მშვენიერი“, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის თვალსაზრისით…

«Гордон» (უკრაინა), 16 დეკემბერი, 2014 წელი

http://gordonua.com/publications/Volonter-Mochanov-Administracii-Prezidenta-poroblene-mesto-lyudi-tam-cherez-kakoe-to-vremya-privykayut-lebezit-56412.html

„იმედი მაქვს, რომ ეკა ზღულაძე სიტუაციას გამოასწორებს და საქართველოდან რიგითი პოლიციელების ჩამოყვანა არ დაგვჭირდება“
ცნობილი უკრაინელი ავტომრბოლელისა და სპორტული ჟურნალისტის ალექსეი მოჩანოვის აზრით, ეკა ზღულაძის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნა მცდარი გადაწყვეტილებაა.
„მე ძალიან მწყინს, რომ ქართველს დავუძახეთ. თვით მინისტრიც ხომ კავკასიური წარმოშობისაა… გავიძახით, რომ ძალიან გვიყვარს უკრაინა, მაგრამ მხოლოდ ინტერნეტში ან საზღვარგარეთიდან. რატომ არავინ წამოვიდა კანადიდან, სადაც მილიონამდე უკრაინელი ცხოვრობს? სხვისი ხელებით გვინდა ნაგვის გატანა… ამიტომაც მეწყინა ქართველის დანიშვნა. ჩვენ სულ ვოცნებობთ და რაღაც სასწაულს ველოდებით სხვების დახმარებით. ახლა ეს სასწაული ქართული უნდა იყოს“, – ამბობს ალექსეი მოჩანოვი.
გამოცემა „გორდონ“-ისადმი მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში ბევრი პრობლემა იქნება, შეიძლება სეცდომებიც დაუშვან და ისეთი თანამშრომელები გაათავისუფლონ, რომლებთაც ჯერ კიდევ შეუძლიათ საქმის კეთება.
„საქართველო ჩვენთან შედარებით პატარა ქვეყანაა, იქ სხვა სპეციფიკაა. მე მშვენივრად ვიცოდი საქართველოს შინაგანს საქმეთა სამინისტროში არსებული ვითარება, როცა იქ ყველა ხელმძღვანელი შეცვალეს. ჩავიდნენ ჩვენები იქ და როცა ქართველებს ეკითხებოდნენ – „აბა, ეს როგორ გაქვთ? აბა, ეს როგორ გააკეთეთ?“ – ახალმა უფროსმა, რომელმაც „ძველი“ შეცვალა, ისევ იმ „ძველს“ დაუძახა და რჩევა ჰკითხა. უმჯობესია, ამ დროს მნიშვნელოვანი სიფრთხილე გამოიჩინო და ისეთები არ გაჰყარო სამსახურიდან, რომლებიც შემდეგში დაგჭირდება. ბოლშევიკებმაც ასე გააკეთეს – ყველა გაუშვეს, აგენტურის ჩათვლით, შემდეგ კი დიდი შრომა დასჭირდათ უყურადღებობის შედეგად დანგრეულის აღსადგენად. ასეა თუ ისე, იმედი მაქვს, რომ ეკა ზღულაძე სიტუაციას გამოასწორებს და საქართველოდან რიგითი პოლიციელების ჩამოყვანა არ დაგვჭირდება“, – აღნიშნა ალექსეი მოჩანოვმა.

«Augsburger Allgemeine» (გერმანია), 16 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.augsburger-allgemeine.de/neu-ulm/Modelldorf-mit-Ulmer-Wurzeln-id32359887.html

საქართველო: „მოდელური სოფელი“ გერმანული ტრადიციებით
გაზეთ „აუგსბურგერ ალგემაინე“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია თბილისთან ახლოს მდებარე სოფელ ასურეთზე, რომელშიც ადრე გერმანელები ცხოვრობდნენ: „200 წელზე მეტი ხნის წინათ, რუსულ ამიერკავკასიაში, გერმანიის ქალაქ ულმიდან დაახლოებით 500-მდე მაღალკვალიფიციური გერმანული ოჯახი ჩასახლდა და ექვსი მთავარი კოლონია დაარსა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორც ცნობილია, სოფელ ასურეთს ადრე, 1920-იან წლებამდე, „ელიზაბეთტალი“ („ელისაბედის ხეობა“) ერქვა, წმინდა ელისაბედის პატივისცემის ნიშნად. ასურეთელი გერმანელები 1941 წელს ყაზახეთსა და ციმბირში გადაასახლეს.

დღეს სოფელი ასურეთი შეიძლება გერმანული ეკონომიკური ტრადიციების ამღორძინებელ-გამგრძელებელ „მოდელურ სოფლად“ იქცეს. საქართველოს ამ რეგიონის ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით გერმანიის ბადენ-ვიურტენბერგის მხარეს – იქ, სადაც ქალაქი ულმი მდებარეობს – ქართველების ხუთკაციანი დელეგაცია ეწვია, რეგიონის გუბერნატორის [თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის] მეთაურობით. დელეგაცია ულმეს ობერ-ბურგომისტრმა ივო გუნერმა მიიღო და უმასპინძლა. სწორედ მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელსაც, ისტორიის გათვალისწინებით, „ელიზაბეთტალი“ ეწოდება.
პროექტით განზრახულია მევენახეობის, მემარცვლეობის, მეკარტოფილეობის, მესაქონლეობის, რძის პროდუქციისა და ლუდის წარმოების აღორძინება. გარდა ამისა, ყურადღება მიექცევა სოფლისა და მისი შემოგარენის კეთილმოწყობას, ტურისტების მიზიდვის მიზნით, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

Comments are closed