globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 17th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): უვიზო რეჟიმი აფხაზებისა და ოსებისთვის

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): აფხაზეთში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კომპრომისს მიაღწიეს

«The Associated Press» (აშშ): დონალდ ტრამპი აზერბაიჯანსა და საქართველოში სასტუმროების მშენებლობის პროექტებს აუქმებს

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/visafree-travel-for-abkhaz-and-ossetians/3639285.html

უვიზო რეჟიმი აფხაზებისა და ოსებისთვის

ნინო დალაქიშვილი

ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის ამოქმედებას საქართველოში მომავალი წლის პირველ კვარტალში ელიან. როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, ამის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, ეგრეთ წოდებული შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი მიღწეული და ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულია და ამ გადასახედიდან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ყველაზე მსხვილი ბენეფიტის მიღებას საქართველოსთვის წინ არაფერი უდგას.

ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის პერსპექტივა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება, მათ შორის, მათთვისაც, ვინც დღეისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს.

აფხაზეთსა და ოსეთში მყოფ მოქალაქეებს ამ სიკეთით სარგებლობისთვის მხოლოდ საქართველოს პასპორტის აღება დასჭირდებათ, გვეუბნებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პასპორტის აღება და მისით სარგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, არც თუ უსაფრთხო სიამოვნებაა.

იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, სადაც საქართველოს იურისდიქცია დღეს არ ვრცელდება, საქართველო, ეგრეთ წოდებულ, სტატუს ნეიტრალურ დოკუმენტს სთავაზობს, რომლითაც ასევე შესაძლებელია საქართველოს ფარგლებს გარეთ მოგზაურობა. სტატუს–ნეიტრალურ დოკუმენტზე არაა დატანილი არანაირი გამოსახულება, რაც მას საქართველოს მიერ გაცემულ საბუთად წარმოადგენდა. მისი იდენტიფიცირება მხოლოდ სპეციალური კოდის საშუალებით ხდება, თუმცა როგორც შერიგების სამინისტროში გვიხსნიან, სტატუს–ნეიტრალური დოკუმენტი ამ დროისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მიერ არაა აღიარებული, შესაბამისად, მის მფლობელს გარკვეული შეზღუდვები აქვს.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას თინა ღოღელიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს: „ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა საინტერესო იქნება აფხაზებისა და ოსებისთვისაც. საქართველოს მთავრობა მზადაა სრულად გაუზიაროს მათ ის სიკეთე, ის ბენეფიტები, რასაც ეს პროცესი მოუტანს მთლიანად ქვეყანას. მას შემდეგ, რაც პროცედურულად ამოიწურება ეს საკითხი, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე იმოგზაურონ და მოინახულონ ევროპის სახელმწიფოები, ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მიეცემათ აფხაზებსა და ოსებსაც იმ შემთხვევაში, თუ ექნებათ ქართული პასპორტი. იმ გარემოში, სადაც, ძირითადად, რუსული წყაროებიდან მიდის ინფორმაცია, რომელიც არაობიექტური და დამაშინებელი ხასიათს ატარებს, ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ აფხაზები და ოსები ფლობენ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა სიკეთეებს მოიტანს და რა დადებითი პერსპექტივებია დაკავშირებული ვიზალიბერალიზაციის პროცესი”.

„ამერიკის ხმა“ ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელს ელიკო ბენდელიანსაც ესაუბრა, რომელიც ხშირადაა უცხოეთში გამართული ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური გასაიდუმლოებული შეხვედრების ფასილიტატორი და მონაწილე. რამდენად აქვთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობის შესახებ და რა დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ამ მოცემულობის მიმართ, ელიკო ბენდელიანი ამბობს:

კონკრეტული საინფორმაციო კამპანია იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანები ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით სარგებლობას, არ არის. იმის შესაძლებლობაც კი არ არის, რომ თუნდაც ჩვენ პირდაპირ მივაწოდოთ ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის თაობაზე. როგორ ხედავენ ამ შესაძლებლობებს თვითონ, ამის შესახებ საუბარი რთულია, რადგან თუ ვინმე ხედავს მართლაც პერსპექტივას, ეს, რა თქმა უნდა, არის გასაიდუმლოებული. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ ამის შესახებ მოსაზრებებს არ აფიქსირებენ, თუმცა მე მგონია, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში, ესაა გარკვეული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეს ადამიანები მოვიზიდოთ და შევქმნათ მათთვის მოტივაცია მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. რაც შეეხება დაინტერესებას მათი მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესით, ეს მხოლოდ პირად საუბრებში ფიქსირდება. ხშირად სვამენ კითხვებს იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე ვართ, რას ითვლისწინებს, რამდენად რეალურია? თუმცა ვერ გეტყვით, საკუთარ თავს რამდენად ხედავენ ამ პროცესში”.

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოსთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ინფორმირებაა იმის შესახებ, რომ მათაც, ისევე როგორც საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, ევროკავშირის ქვეყნებთან შეუზღუდავი გადაადგილების სიკეთით სარგებლობა შეეძლებათ.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 17 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.golos-ameriki.ru/a/abkhazia-political-strife/3639337.html

აფხაზეთში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კომპრომისს მიაღწიეს

ნესტან ჩარკვიანი

(შემოკლებით)

აფხაზური ოპოზიცია უკვე აღარ მოითხოვს დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას. რატომ? იმიტომ, რომ მხარეებმა მოლაპარაკებაზე კომპრომისს მიაღწიეს: რაულ ხაჯიმბა დათანხმდა მხარი დაუჭიროს იმ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, აფხაზეთის მთავრობაში თანამდებობებს ოპოზიციონერებიც დაიკავებენ, მაგალითად, პირველი ვიცე-პრემიერისა და გენპროკურორის პოსტებს. ოპოზიციამ ორი ადგილი მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოში და ოთხიც – ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. გარდა ამისა, პრეზიდენტი ვეღარ შეძლებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას, პარლამენტის თანხმობის გარეშე. „ოპოზიციამ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას წინადადება მიიღო“, – განაცხადა „ედინაია აფხაზიას“ ლიდერმა სერგეი შამბამ.

როგორც ცნობილია, აფხაზეთში ოპოზიციის პროტესტი ნოემბერში დაიწყო – პარტია „ამცახარამ“ რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვა და მოსაფიქრებლად ვადა 15 დეკემბრამდე მისცა. პირველ დეკემბერს დე-ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში გაემგზავრა და ვლადიმირ პუტინს სეხვდა. მოგვიანებით კი რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომლის ლიდერი ასლან ბჟანიაა, მოლაპარაკება დაიწყო, რომლის დროსაც ზემოთ აღნიშნული კომპრომისი იქნა მიღწეული. საბოლოოდ კი მოლაპარაკების სუბიექტები – ერთი მხრივ, პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და პარლამენტის სპიკერი ვალერი ბღანბა და მეორე მხრივ, ასლან ბჟანია ხელს მოაწერენ „შეთანხმებას საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობის შესახებ“.

როგორია თბილისის რეაქცია?

თბილისი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, „რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ და საქმის კურსში ვართ, იქ რაც ხდება. ჩვენთვის მთავარია, რომ მშვიდობა იყოს და ჩვენს მოქალაქეებს არაფერი დაემუქროს“.

დაზმირ ჯოჯუა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „გოლოს ამერიკის“ კორესპონდენტთან საუბარში ამბობს, რომ მიღწეულ კომპრომისში მთავარი როლი რუსეთმა შეასრულა: „აფხაზეთი მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული – როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთში მოქმედი ყველა პარტია, პრინციპში, პრორუსულია, მოსკოვისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმნას, თუ ვინ იქნება საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებაში. თუმცა ამ შემთხვევაში, როცა რუსეთი სირიაში იბრძვის, მოსკოვს რაიმე მღელვარება სულაც არ აწყობს. ჰოდა, ამიტომაც სეპარატისტებმა – ორივე მხარემ მოსკოვიდან დირექტივა მიიღეს და კომპრომისიც მოხდა“.

ექსპერტის თქმით, 2017 წელს აფხაზეთში საპალამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მიღებას იმედოვნებს. და თუ მართლაც ასე მოხდება, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტობის ვადა 2019 წელს ეწურება, მოვლენები შეიძლება სხვაგვარადაც განვითარდეს: „ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ აფხაზეთს კლანები მართავენ და პოლიტიკური პროცესები იქ ისე არ ვითარდება, როგორც დემოკრატიულ საზოგადოებაში. თუ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ის პრეზიდენტის გადაყენებას შეეცდება. არცერთ აფხაზი ლიდერი რეგიონის დემოკრატიზაციაზე არ ფიქრობს, საქმე მხოლოდ ერთი კლანის მმართველობის მეორეთი ჩანაცვლებას ეხება“, – ამბობს დაზმირ ჯოჯუა „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის კორესპონდენტთან საუბარში.

«The Associated Press» (აშშ), 17 დეკემბერი, 2016 წელი

http://hosted.ap.org/dynamic/stories/U/US_TRUMP_CUTTING_BUSINESS_TIES?SITE=AP&SECTION=HOME&TEMPLATE=DEFAULT

დონალდ ტრამპი აზერბაიჯანსა და საქართველოში სასტუმროების მშენებლობის პროექტებს აუქმებს

„ამერიკულმა კომპანიამ The Trump Organization-მა გააუქმა ლიცენზირებული შეთანხმება აზერბაიჯანში (ბაქოში) სასტუმროს მშენებლობის თაობაზე და ისეთი პირი უჩანს, რომ მალე საქართველოშიც იგივეს გააკეთებს“, – ნათქვამია სააგენტო „ესოშეითედ პრესის“ მიერ გავრცელებულ მასალაში (ავტორები – ბერნარ კონდონი, ჯეფ ჰორვიცი).

დონალდ ტრამპის ადვოკატ ალან გარტენის განცხადებით, კომპანიის ნაბიჯი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ შეთანხმებების მხარეებმა გარიგებით გათვალისწინებული პირობები არ დაიცვეს. ორივე პროექტი დაკავშირებულია ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ან პოლიტიკასთან არიან ახლოს, ან შეიძლება დონალდ ტრამპს პრობლემები შეუქმნან, როცა იგი პრეზიდენტის ფუქნციების შესრულებას დაიწყებს.

როგორც „ესოშეითედ პრესის“ კორესპონდენტები წერენ, აზერბაიჯანში კომპანია «The Trump Organization»-მა ყურადღება მიაქცია ქვეყანაში კორუფციის დონეს და იმას, რომ არ არის გამორიცხული ფულის გათეთრების ფაქტებიც. გარდა ამისა, ბაქოელი პარტნიორი ანარ მამედოვი ახლო კავშირშია ხელისუფლებასთან: იგი ტრანსპორტის მინისტრის ვაჟია. მართალია, ბაქოში შენობა უკვე უკვე თითქმის აგებულია, მაგრამ ის „ტრამპ-თაუერის“ სახელით აღარ ისარგებლებს.

რაც შეეხება საქართველოში, შავიზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბათუმში დაგეგმილ პროექტს, როგორც ადვოკატმა ალან გარტენმა აღნიშნა, ტრამპის კომპანიამ იქაურ პარტნიორს უკვე გაუგზავნა შეტყობინება, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს მასთან კონტაქტების გაგრძელება აღარ სურს. სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა ასევე გააუქმა მშენებლობის პროექტი ბრაზილიაშიც, რიო დე-ჟანეიროშიც.

Comments are closed