globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 18th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): სასარგებლო გაკვეთილი? // მიხეილ სააკაშვილი ბრალს სდებს და ოპტიმიზმს ასხივებს

«Новое время» (სომხეთი): თურქეთმა ქართული ბიზნესი დაიპყრო

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „გაზპრომი”-თბილისი-ერევანი: საქართველოში დანაკარგს ითვლიან

———————-

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 18 იანვარი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

სასარგებლო გაკვეთილი?

მიხეილ სააკაშვილი ბრალს სდებს და ოპტიმიზმს ასხივებს

რაუფ ტოფიკოღლუ

(შემოკლებით)

ჩვენს მეზობელ საქართველოს პოლიტიკურ ცისკაბადონზე მთავარი ოპოზიციური ძალა – პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, შეიძლება ითქვას, თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე რთულ პერიოდში იმყოფებოდა. „ნაცმოძრაობის“ რიგებიდან იმ საჯარო პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილის წასვლა, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს, ბევრისთვის პარტიის მკვეთრი დასუსტების დამადასტურებელი ფაქტია.

ამ სიტუაციაში პარტიის უცვლელმა ლიდერმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ხალხის წინაშერ გამოსულიყო, დაეხასიათებინა სიტუაცია და გამოეკვეთა სამომავლო პერსპექტივის კონტურები და გეგმები. თუმცა, მან ეს შორიდან გააკეთა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მეშვეობით, რომელიც ტრადიციულად „ნაციონალებთან“ ახლოს დგას. მომხდარი ფაქტის (პარტიის გაყოფის) მიზეზებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციიდან წასული გუნდი თავისი ნაბიჯის გადასადგმელად წინასწარ იყო მომზადებული.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს შევახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ლიდერების ნაწილმა, თბილისის ექს-მერის გიგი უგულავასა და პარტიის ერთ-ერთი იდეოლოგის გიგა ბოკერიას მეთაურობით, მიხეილ სააკაშვილთან უთანხმოების ნიადაგზე, ორგანიზაციიდან გასვლა გადაწყვიტა და პარტია „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა, რომელსაც უკვე ექს-„ნაციონალ“ გიგი წერეთლის მამა – ნუგზარ წერეთელი ხელმძღვანელობს.

„არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე მათ (ანუ ე.წ. „უკლონისტებმა“) ახალი პარტია „ევროპული საქართველო“ შექმნეს. მე არ ვიცოდი, თუ მათ ეს ორგანიზაცია გიგი წერეთლის მამის დახმარებით დაარეგისტრირეს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქონებისა და ფულის ნახევარი ამ პარტიაზე გადააფორმეს. გამოდის, რომ მათ უკვე მომზადებული ჰქონდათ პლატფორმა იმ შემთხვევისათვის, როცა სხვა მატარებლეში გადაჯდებოდნენ და მოძრაობას გააგრძელებდნენ, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტთან  ინტერვიუში, – „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში ხმა თითქმის 500 ათასმა ამომრჩეველმა მისცა. განა რომელიმე ამომრჩეველმა იცოდა ის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად იგი ხმას „ევროპულ საქართველოსაც“ აძლევდა? მე პირადად არაფერი ვიცოდი. ეს მათი უპირველესი სიცრუეა. მეორე – ისინი ამბობდნენ, რომ მიშა პრობლემა არა არისო, ახლა კი აცხადებენ, რომ მთავარი პრობლემა თურმე მე ვყოფილვარ, ეს გულწრფელად თქვეს. მოკლედ, ვაღიარებ, რომ ეს კარგი გაკვეთილია ჩემთვის“.

მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ენმ-საგან წავიდნენ ისინი, ვინც იდეისადმი რწმენა დაკარგა და ისინიც, რომლებსაც საერთოდ არანაირი რწმენა არ ჰქონდათ. „მუდმივი დავა პარტიის წევრებს შორის, როცა აშკარაა, რომ პოზიციების შეჯერება ვერ მოხდება, მავნებელია. დღეს პარტიაში ისინი დარრჩნენ, რომლებთაც იდეისა სჯერათ. ეს დადებითი პროცესია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა: „მწყინს, რომ ზოგიერთი ჩემი ძველი მეგობარი უკვე დეგრადირების პროცესშია“. ემნ-ის ლიდერმა აღიარა, რომ მას და გიგა ბოკერიას გუნდს შორის პარტიის პოლიტიკის თაობაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა: „ჩვენ სხვადასხვა კონცეპტუალური მიდგომები გვქონდა. მე იმის მომხრე ვარ, რომ ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ დარწმუნებული ჩვენს საქმეში, რასაც ვაკეთებთ, შემდეგ კი ხალხი გამოგვყვება და არა პირიქით, რომ მოდით, მივყვეთ წუთიერ ტენდენციას, რითაც ხალხს გავახარებთ, ვთქვათ ის, რის გაგონებაც ხალხს სურს. ამ ორ საკითხს შორის დიდი განსხვავებაა. საბოლოო ჯამში ხალხი იმას გაჰყვება, ვინც საკუთარ იდეაშია დარწმუნებული და არა იმას, ვინც დღევანდელი მომენტის მოცემულობის სესაბამისად მოქმედებს“, – ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აზრით, პარტიაში მომხდარი განხეთქილების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ გიგა ბოკერიას გუნდმა ვერ შეძლო დამარცხებისადმი შეგუება: „ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან… მათ ძნელად გადაიტანეს ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ოპოზიციაში ყოფნა. ვინც წავიდნენ, ისინი ხომ ყოფილი მაღალჩინოსნები არიან“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ გამიჯვნა ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო, როცა ბოკერიამ დეპუტატობის კანდიდატთა პარტიული სია შეადგინა. „სიის შედგენაში მე მონაწილეობა არ მიმიღია. მათ ისე ჩამოაყალიბეს, რომ უარი განაცხადეს პარტიის წინასაარჩევნო ყრილობაზე. ამა საკითხზე ძალიან დიდი კამათი მიდიოდა. მათ არ დაუშვეს ყრილობის ჩატარება, რადგან ყრილობა რომ ყოფილიყო, მაშინ პარტიული სია სულ სხვანაირი იქნებოდა, ანუ მასში სხვა კანდიდატები იქნებოდნენ. მათ კი ისე გააკეთეს, როგორც სურდათ, ისინი ერთმანეთზე მუშაობდნენ, ერთმანეთთან მეგობრობდნენ… მოკლედ, აშკარად ჩანდა ნეპოტიზმის ნიშნები“.

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დსთ-ის სივრცეში საქართველომ პირველმა მოახერხა თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შექმნა და ეს ყველაფერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით განხორციელდა. მართლაც, ექს-პრეზიდენტს ამაში ნამდვილად ვერავინ შეედავება.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თუ იგი იგრძნობდა იმას, რომ ხალხმა ზურგი აქცია,  იმწამსვე წავიდოდა ლიდერობიდან: „მე რომ ის მეგრძნო, რომ ხალხმა ზურგი მაქცია, წასვლას ვერავინ დამასწრებდა. მე თვითონ გამოვაცხადებდი, რომ მივდივარ-მეთქი, მაგრამ ასეთი სიტუაცია ხომ არ ყოფილა? მე არაფერი მითქვამს, მათ კი ჩემი გვერდზე გაწევა მოისურვეს. ამ ყველაფერმა აქტივისტების გულისწყრომაც გამოიწვია… ეს რეაქცია იმას ნიშნავს, რომ აქტივი პირადად ჩემი ერთგული კი არა, პარტიის იდეის ერთგულნი არიან. პრობლემა ჩვენ კი არა, უფრო პარტიიდან წასულებს აქვთ, ისინი უკვე ბანკროტები არიან, ხალხს ჩამოსცილდნენ… ბევრი მათგანი უკვე დაიღალა… ჩემთვის მთავარი ის კი არაა, თუ ვინ წავიდა, არამედ ის, თუ ვინ შემოუერთდება პარტიას და მის იდეებს მომავალში. წინ დიდი ამოცანები და დიდი შრომა გველოდება“, – ასე ოპტიმისტურად განაცხადა ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობილმა ქართველმა პოლიტოლოგმა გელა ვასაძემ გაზეთ „კასპიის“ კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ასეთი კომენტარი გაუკეთა: „ზოგადად, მე ვეთანხმები პრეზიდენტის განმარტებას პარტიიდან გასულებთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც საწყენია, ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ ახლა თქვა ის, რასაც მე ნახევარი წლის წინ ვამბობდი. მიშასაც რომ მაშინ ეთქვა ეს ყველაფერი, „ერთიან ნაცმოძრაობას“ პარლამენტში დღეს დიდი ფრაქცია ეყოლებოდა, „ქართული ოცნება“ კი საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო პერსპექტივას ახალ შეცვლილ პირობებში, ვნახოთ, რას გააკეთებენ – ყველაფერი მათზეა დამოკიდებული“.

ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ, რომ 20 იანვარს „ნაციონალებს“ პარტიული ყრილობა აქვთ. გარდა ამისა, მკითხველებს შევახსენებთ, რომ ენმ-ს პარლამენტში ექვსი დეპუტატი ჰყავს და შესაბამისად, მათ საპარლამენტო ფრაქცია ყველა შემთხვევაში ექნებათ.

«Новое время» (სომხეთი), 17 იანვარი, 2017 წელი

http://nv.am/region/55558?task=view

თურქეთმა ქართული ბიზნესი დაიპყრო

სარედაქციო სტატია ეხება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თურქული გავლენის გაძლიერების ტენდენციას, რომელიც სულ უფრო მზარდ ეკონომიკურ და რელიგიურ ექსპანსიაში გამოიხატება. ამ დამადასტურებლად პუბლიკაციაში მითითებულია ბათუმში თურქეთის გენკონსულის იასინ თემიზგანის განცხადება, რომლის თანახმად, აჭარაში 400-მდე თურქული კომპანია მუშაობს. მისი თქმით, თურქი ინვესტორები აქტიურად აბანდებენ თავიანთ კაპიტალს არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც“.

რედაქცია, თავის მხრივ, დამატებით აღნიშნავს: „ანკარის მიერ მიზანმიმართულად  გატარებული პოლიტიკის შედეგად ბოლო წლების მანძილზე აჭარაში უკვე 180 მეჩეთი და 60-მდე მედრესეა აშენებული და ეს იმ დროს, რომ ავტონომიაში მაჰმადიანური რელიგიის მიმდევრები მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს შეადგენს.

ბათუმში, ქობულეთში და აჭარის სხვა ზღვისპირა დასახლებებში თურქული ბიზნესი ისეა ყველგან მოდებული, რომ უბრალოდ, „თვალს მოგჭრის“. რასაკვირველია, ამაში თითქოსდა ცუდი არაფერია,  მაგრამ არის ერთი მცირე დეტალი; თურქულ კომპანიებსა და სამშენებლო ფირმებში, სასტუმროებშ, რესტორნებში, საპარიკმახეროებში ძირითადად მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები მუშაობენ. ადგილობრივ მცხოვრებლებს თურქი ინვესტორები სამუშაოდ ძალიან იშვიათად და არცთუისე დიდი სურვილით იღებენ და თუ იღებენ, მხოლოდ აჭარელ მუსულმანებს. „თურქები აჭარაში თავს ბატონ-პატრონებად გრძნობენ. მხოლოოდ აბრებს რომ შეხედოთ, შეამჩნევთ, რომ დიდი ასოებით თურქულ ენაზეა, პატარა ასოებით კი – ქართულად, ვერც კი შეამჩნევ, – ხაზს უსვამს ბათუმის ერთ-ერთი მცხოვრები, – მაგრამ რას იზამ… ვისაც ფული აქვს, მუსიკასაც ის უკვეთავს“.

„თურქებს სურთ, რომ საქართველო ოსმალეთის ახალ იმპერიაში შეიყვანონ. ასეთი პოლიტიკის კონტურები უკვე გამოკვეთილია. მიდის პოლიტიკა საქართველოს ისლამიზაციის მიზნით, თანაც სუნიტური მიმართულებით. თურქები ყოველთვის დამპყრობლები იყვნენ“, ამბობს საქართველოს პარლამენტის ექს-დეპუტატი ლევან პირველი.

ბათუმში აქტიურად ფუნქციობენ სხვადასხვა მუსულმანური ორგანიზაციები, რომლებიც უხვად ფინანსდებიან თურქეთის ხელისუფლების მიერ, აჭარის მოსახლეობის მაქსიმალურად გამაჰმადიანების მიზნით:

„მათ ახალგაზრდები თურქულ მედრესეებში სასწავლებლად მიჰყავთ, ისინი კი შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან და ისლამის პროპაგანდას იწყებენ. ეს ოსმალეთის იმპერიის აღდგენისთვის მიმართული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. თურქები აჭარაში კიდევ უფრო მეტი მეჩეთის აშენებას ითხოვენ, თუმცა მათი რაოდენობა უკვე ისედაც გადაჭარბებულია – დღეს ყოველ სოფელს თავისი მეჩეთი აქვს. ათობით ათას თურქს საქართველოს მოქალაქეობაც აქვს მიღებული. აჭარაში მოსახლეობას უკვე მშობლიურ ქართულ ენაზე ლაპარაკისა ეშინია, რადგან ეს შეიძლება თურქებს არ მოეწონოთ, მთელი ადგილობრივი ბიზნესი ხომ მათ ხელშია. თურქული ექსპანსია თვით თბილისშიც შესამჩნევად იგრძნობა. თურქეთმა საქართველოს ეკონომიკური ოკუპირება განახორციელა და ეს ხდება ქვეყნის ხელისუფლების უუნარობით. მთავრობას არ შეუძლია შიდა ბაზრისა და ადგილობრივი მეწარმეების ინტერესების დაცვა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ თურქეთმა საქართველოს აჭარა წაართვა – როგორც რელიგიური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით“, – თვლის ქართველი დიპლომატი და პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი.

თუმცა, სურათის სრულად წარმოსადგენად ისიც უნდა ვთქვათ, რომ იმ ექსპერტების აზრი, რომელთა თვალსაზრისს მკითხველი ზემოთ გაეცნო, შეფასებებში დომინანტური არ არის. თურქეთის ეკონომიკურ ექსპანსიაზე სხვებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ… ვერაფერს იტყვი – მათთვის ნაყოფი მეტად მიმზიდველია… მაგრამ ამ პოლიტიკაზე ფასის გადახდის დროც მოვა. საკითხავი ისაა, როდის დადგება ის მომენტი და რამდენის გადახდა იქნება საჭირო.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/in-georgia-criticize-the-new-agreement-with-russian-gazprom/3679437.html

გაზპრომი-თბილისი-ერევანი: საქართველოში დანაკარგს ითვლიან

ზაზა წულაძე

საქართველოში ცდილობენ გამოითვალონ ის ზარალი, რომელიც ქვეყანას ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მიღწეული ახალი შეთანხმებით მიადგა.

უკვე 80 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხვოს, მოეხსნას კომერციული საიდუმლოს გრიფი ,,გაზპრომ-ექსპორტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, სომხეთში, რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველო გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს ვეღარ დაიტოვებს.

ახალი ხელშეკრულებით, 2017 წელს, რუსეთი გაზის ტრანზიტის საფასურს, ნაწილობრივ ბუნებრივი აირით, ნაწილობრივ კი ფულადი სახსრებით დაფარავს. 2018 წლიდან კი საქართველოს ტერიტორიაზე, ყოველ 100 კილომეტრში, 1000 კბ/მ რუსული ბუნებრივი აირის გატარება იმ ტარიფით ანაზღაურდება, რომელიც 10 იანვარს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში შეთანხმდა და ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

აკადემიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე, ავტორი შარშან გამოცემული ნაშრომისა „ნედლეულის ეკონომიკა“, ამბობს, რომ „გაზპრომ-ექსპორტთან“ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლით საქართველო დაახლოებით 20-დან 30 მილიონ დოლარამდე დაკარგავს და ქვეყანა მთლიანად აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე გახდება დამოკიდებული.

„გაზპრომისთვის“ ძალიან მომგებიანია ფულად ურთიერთობაზე გადასვლა. ჩვენთვის კი წამგებიანი. რატომ? იმიტომ, რომ ის გადაიხდის საფასურს ტრანზიტში, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად ჰყიდის გაზს სომხეთში და ჩვენ რომ დაგვჭირდეს „გაზპრომიდან“ გაზის შესყიდვა, ჩვენთვის ტარიფი იქნება აბსოლუტურად სხვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სომხეთი დაახლოებით, 1,8-ჯერ მეტ გაზს მოიხმარს, ვიდრე საქართველო და ეს 10 პროცენტი, გატარებული გაზისა, რაც აქამდე გვრჩებოდა, ჩვენი წლიური მოხმარების დაახლოებით 12-13% იყო. საკმაოდ დიდია ეს მოცულობა, ამიტომ ჩვენთვის ახალი პირობები აშკარად წამგებიანია“.

რუსეთი სომხეთში გაზის ტრანზიტს, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მაგისტრალური გაზსადენით ახორციელებს, რომელიც საქართველს ტერიტორიაზე გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და რეაბილიტაციის შემდეგ, მისი საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში – 12 მილიარდი კუბური მეტრია.

„გაზპრომ-ექსპორტის“ მიერ გავრცელებული განცხადებით, საქართველოს გაზსადენით 2017-18 წლებში რუსული სახელმწიფო კომპანია სომხეთში 2 მილიარდზე მეტი კბ/მ გაზის ექსპორტს გეგმავს. ძველი პირობებით, ანუ სომხეთში ტრანზიტის გაზით ანაზღაურების შემთხვევაში, საქართველოს ამ მოცულობიდან დაახლოებით 38-40 მილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი დარჩებოდა. ტრანზიტის ფულადი ანაზღაურების დროს კი საქართველო ამ თანხის ნახევარზე მეტს კარგავს, ვინაიდან „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მაგისტრალური გაზსადენი მხოლოდ 221 კილომეტრია და თან რუსეთი სომხეთს გაზს არა საბაზრო, არამედ დემპინგური ფასით აძლევს, ანუ 1000 კბ/მ-ს აირს მხოლოდ 165 დოლარად.

ექსპერტების თქმით, იმ ახალ რეალობაში, რომელსაც „გაზპრომ ექსპორტთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ქმნის, საქართველო ტრანზიტიდან მიღებული ფულით გაზის იმ მოცულობის მხოლოდ ნახევრის შეძენას შეძლებს, რაც მანამდე ნატურის სახით რჩებოდა. შესაბამისად, გაზის დეფიციტის ამოსავსებად, განსაკუთრებით წლის ცივ პერიოდში – ზამთარში გაზრდილი მოხმარების პირობებში, საქართველოს დაჭირდება კიდევ უფრო გაზარდოს იმპორტი აზერბაიჯანიდან ან დამატებითი მოცულობა ისევ რუსული „გაზპრომ-ექსპორტიდან“ იყიდოს, ოღონდ უფრო მაღალი კომერციული ფასით.

ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკება სცილდებოდა მხოლოდ ენერგეტიკის ჩარჩოებს და საჭიროებდა ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განხილვას, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე, რაც არ მომხდარა

„გვაქვს თუ არა გაკეთებული ანალიზი იმ სავარაუდო რისკებზე, რომლებიც შეიძლება გადაწყვეტილების მიმღებებს გაეთვალისწინებინათ და რეზერვად ჰქონოდათ, როცა რუსეთს ელაპარაკებიან? გვაქვს თუ არა დაგეგმვა? გვაქვს თუ არა პროგნოზი, თუ როგორი მოხმარება გვექნება და რომელი წყაროებით უნდა დავიკმაყოფილოთ გაზზე მოთხოვნილება მომავალ 5 და 10 წელიწადში? გვაქვს თუ არა ენერგეტიკული სტრატეგია? ჩვენ მიგვყავს მოლაპარაკება თუ აქეთ თავს გვახვევენ და მხოლოდ რეაგირების რეჟიმში ვართ? გვყავს თუ არა ჩართული ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა? აი, ამ შეკითხვებზე პასუხი არ არის“.

საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია პოსტ-ფაქტუმ გამოეხმაურნენ რუსულ „გაზპრომ-ექსპორტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, „ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ქვეყნის ენერგოსექტორი გაუარესდა, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, საბოლოოდ კი მივიღეთ უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, რასაც შესაძლოა სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემები მოჰყვეს“.

ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განაყოფის „ევროპული საქართველოს“ სახით, ასევე „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის მისვლას ითხოვენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნება“ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

Comments are closed