«Еркрамас» (რუსეთი): „დამოუკიდებელი“ საქართველო და მეზობლები
«TV Russia Today» (რუსეთი): რა თვისებების გამო დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე უკრაინაში
«Telepolis» (გერმანია): „მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხში სამართალი არავითარ როლს არ ასრულებს, საქმე გეოპოლიტიკაშია“
«Актуальные комментарии» (რუსეთი): მოუწევს მიხეილ სააკაშვილს თბილისში ექსტრადირება?
«ICTV» (უკრაინა): უკრაინელი პოლიტოლოგი: „მიხეილ სააკაშვილის საქართველოსადმი გადაცემა კრემლისათვის გადაცემის ტოლფასია“
———————-
«Еркрамас» (რუსეთი), 18 თებერვალი, 2015 წელი
http://www.yerkramas.org/article/87497/gruzinskaya-nezavisimost-i-sosednie-strany
საქართველოს „დამოუკიდებლობა“ და მეზობელი ქვეყნები
რობერტ არუთინიანი, პოლიტოლოგი
უკრაინის მოვლენების ფონზე ძალიან ბევრს უკვირს, თუ რატომ შეუერთდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნები იმ სანქციებს, რომელიც აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ წამოიწყო. მხედველობაში გვყავს ის ევროპული სახელმწიფოები, რომლებსაც რუსეთთან ძალიან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აქვთ. განა ისინი ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ამით საკუთარ თავსაც აზიანებენ და ზარალს აყენებენ? ესაა „თვითდაჭრა“, „თვითსროლა“ – ფეხში თუ თავში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ევროპის ქვეყნების ერთი შეხედვით საკვირველ პოზიციას თუ ჩავუკვირდებით, საკვირველს ვერაფერს ვნახავთ. ესაა ჩვეულებრივი მოვლენა, რომელსაც მარტივად ასე ჰქვია – ეროვნული ინტერესების ღალატი. ასე იყო შორეულ წარსულში, ახლო წარსულში და ასეა დღევანდელ აწმყოში.
საკმარისია ამ მხრივ თვალი მივაპყროთ მეზობელ საქართველოს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საკუთარ მეზობლებთან პარტნიორულ ურთიერთობას მსხვერპლად სწირავს რომელიღაც მესამე სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ ამბიციებს. იმის ნაცვლად, რომ თბილისმა აფხაზეთთან, რუსეთთან და სამხრეთ ოსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყაროს (რაზეც თვით საქართველოს კეთილდღეობაა დამოკიდებული), ამ ქვეყნის ელიტა პრაქტიკულად ყველაფერს პირიქით აკეთებს – უპირატესობას ანიჭებს საზღვარგარეთული კრედიტების აღებას და საკუთარი თავის ვალებით დაკაბალებას. საბოლოოდ კი ქვეყნის სამრეწველო პოტენციალს ანგრევს და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით არსებობას კითხვის ქვეშ აყენებს.
საქართველოს პოლიტიკურ წრეებში იმპერიული განწყობა სუფევს, რომელიც ჩამოყალიბებულია თეზისში – „საქართველოს საქართველოს სსრ-ის საზღვრებში“. ეს ლოზუნგი ქვეყნის ხელისუფლებამ ერთგვარ შირმად გადააქცია, რომლის მიღმა სხვა მესამე ქვეყნის ინტერესები იკვეთება. საქართველოს ელემენტარულად არ სურს აღიაროს საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი – ხალხთა თვითგამორკვევის უფლება. ქართველები უარს აცხადებენ აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამით საკუთარი სახელმწიფოს სტატუსს ეჭვქვეშ აყენებენ – თუ აფხაზებს და ოსებს თავიანთ სახელმწიფოებრიობის უფლება არ აქვთ, მაშინ ამ ლოგიკით არც ქართველებს არ აქვთ უფლება ჰქონდეთ თავიანთი სახელმწიფო. გამოდის, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას თავის სტატუსზე და ისევ რუსეთის შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს. ეს იგივეა, რასაც ქართული პოლიტიკური ელიტა აფხაზებისა და ოსებისაგან ითხოვს.
საქართველოსთვის აუცილებელია მეზობელ ქვეყნებთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება და ყველა სატრანსპორტო-სატრანზიტო გზებზე (სარკინიგზო, საავტომობილო, საავიაციო) მიმოსვლის აღდგენა. თბილისმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი დღევანდელი პოლიტიკური ხაზი თვითონ მისთვისაა საზიანო და მრავალმილიონიანი ზარალის მოტანა შეუძლია.
ევროპის ცენტრში მდებარე მთიანი შვეიცარია მრავალი ასეული წლის განმავლობაში ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, მას გვერდს უვლიდა სავაჭრო გზები, მაგრამ როგორც კი იქ გერმანელები შევიდნენ და ხიდების მშენებლობა დაიწყეს, ყველაფერი სეიცვალა – იმ დროიდან შვეიცარია სატრანზიტო ქვეყნად გადაიცა, უკვე იოლი და მოხერხებული გახდა ტვირთების გადაზიდვა და ადამიანთა მგზავრობა როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ასევე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამ სიტუაციამ შვეიცარიას ძალიან დიდი ეკონომიკური მოგება მოუტანა და დღესაც მოაქვს. ქართველებს შვეიცარიის გამოცდილება უნდა ახსოვდეთ, მათ არ უნდა დახურონ სატრანზიტო გზები, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ამგვარი მოქმედებით ისინი საკუთარ თავსაც დიდ ზიანს აყენებენ და მეზობლებსაც.
ზოგადად, საქართველოს მიერ გატარებული „პოლიტიკური მავნებლობის“ კურსი ორიენტირების (ჩათვალე – პატრონების) ცვლილებით აიხსნება. ამას შეიძლება შედეგად ის მოჰყვეს, რომ საქართველოს გამო ამიერკავკასიის და კერძოდ, სომხეთის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება: მაგალითად, თბილისს შეუძლია თავისი საჰაერო სივრცე დახუროს და სომხეთს საჰაერო ბლოკადა გამოუცხადოს. ქართული მხარე ამისათვის მიზეზს ყოველთვის იპოვის: გავიხსენოთ, თავის დროზე როგორ შეწყვიტეს სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის კონფლიქტის გამო. არაა გამორიცხული, რომ იგივენაირად მოიქცევიან ახლაც.
ნათქვამია, დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო. სწორედ ამგვარად შეიძლება განისაზღვროს საქართველოს მიერ აფხაზეთისტვის გამოცხადებული ბლოკადა. თბილისის მცდელობის მიუხედავად, აფხაზეთს მაინც აქვს საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირები მეზობლებთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზეც. როგორც თავის დროზე სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა თქვა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბლოკადა აფხაზეთს კი არა, სომხეთს აქვსო გამოცხადებული. იგივე შედეგის მომტანი იქნება საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ბლოკადა – ამით რუსეთი იმდენად არ დაზარალდება, რამდენადაც სომხეთი.
რაშია მთავარი განსხვავება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების რუსულ და ამერიკულ მოდელებს შორის? რუსეთის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ ორმხრივი ურთიერთობა მესამე ქვეყანას საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს (მაგალითად, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა საქართველოს წინააღმდეგ არაა მიმართული), ამერიკულ მოდელში კი იგულისხმება, რომ ორმხრივი ურთიერთობები მესამე ქვეყანას უნდა ემუქრებოდეს (მაგალითად, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული). უბედურება იმაშია, რომ აზერბაიჯანმაც საგარეო პოლიტიკის ამერიკული მოდელი აირჩია და ყოველ ორმხრივ ურთიერთობას ბაქო სომხეთის წინააღმდეგ მიმართავს (მაგალითად, აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა სომხეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს).
აზერბაიჯანის დიპლონმატია მიზნად ისახავს, რომ საქართველო თავის ნახევრად კოლონიად გადაქციოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართველები პირველად არ ჰყიდიან თავიანთი ქვეყნის „დამოუკიდებელ“ სტატუსს, ეს აზერბაიჯანის გეოპოლიტიკურ ინტერესებს სრულად პასუხობს. ბაქოს ყოველთვის აქვს იმის შანსი, რომ საქართველოში თავის მიზნებს მიაღწიოს, ანუ გააკეთოს იგივე, რაც ამერიკელებმა ბულგარეთს გაუკეთეს, როცა მშიერმა ევროპულმა ქვეყანამ, ამერიკელების ზეწოლით, უარი თქვა რუსული გაზის მიწოდება-ტრანზიტზე. არადა, ამით ბულგარეთმა მრავალმილიონიანი მოგება დაკარგა.
დიახ, აზერბაიჯანსაც შეუძლია მსგავსი ნაბიჯის გადადგმა – უკვე იყო იმის მცდელობები: ბაქოს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გაზსადენის ყიდვა უნდოდა, მაგრამ არ გაუმართლა. თუმცა აზერბაიჯანმა სხვა სფეროებში წარმატებას მიაღწია, დაწყებული ბაქო-თბილისი-ანკარას პოლიტიკური ღერძიდან, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზიდან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰან-ერზერუმის ნავთობ- და გაზსადენებიდან, დასრულებული სომეხთა გენოციდის უარყოფით საქართველოს მხრიდან. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა ქართული ელიტა თავისი სახელმწიფო კომპანიების ფილიალებში დაასაქმა. რასაკვირველია, ამ სიტუაციაში მთავარი პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს ეკისრება, რადგან სომხური დიპლომატია ვერ აუკრძალავს ქართველებს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას.
ასე რომ, ჩვენ წინ აზერბაიჯანის მიერ მოწყობილი პროვოკაციების მთელი თაიგული გველოდება, რომელიც საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
«TV Russia Today» (რუსეთი), 17 თებერვალი, 2015 წელი
http://russian.rt.com/article/74862
რა თვისებების გამო დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე უკრაინაში
რუსეთის ინგლისურენოვანი ტელეკომპანია «Russia Today»-ის პროგრამაში „ამჟამად“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა ანისა ნაუენმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და შეეცადა განესაზღვრა, თუ რა თვისებების გამო დაიკავა მან უკრაინის ხელისუფლებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობა.
„მიხეილ სააკაშვილის ქცევა საზოგადოების წინაშე, მისი მოქმედების სტილი და მანერები საშუალებას გვაძლევს ეჭვი შევიტანოთ პეტრო პოროშენკოს არჩევანში. საარქივო ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ ერთ-ერთი საზოგადოებრივი ღონისძიების დროს საქართველოს ექს-პრეზიდენტი საკმაოდ უცნაურად იქცევა, ვერ აღიქვამს მის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას და ზოგჯერ ისე იღიმება, თითქოსდა რაღაც დანაშაულზე წაასწრესო.
ყველას ახსოვს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დროს მიხეილ სააკაშვილი, ცაში თვითმფრინავების გამოჩენის მომენტში ძალიან შეშინდა და თავს გაქცევით უშველა: „გავიქცეთ აქედან“, დაუყვირა მან თავის მხლებლებს და გაიქცა.
მიხეილ სააკაშვილის ქცევის ყველაზე პოპულარული ვიდეოკადრები კი „ბი-ბი-სი“-ს მიერაა ჩაწერილი, როცა ქართველი პოლიტიკოსი მობილური ტელეფონით საუბრის დროს თავის ჰალსტუხს პირში ჩაიდებს და ღეჭავს.
ასე რომ, საკითხი მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული თვისებების თაობაზე, რის გამოც პეტრო პოროშენკომ იგი თავის საერთაშორისო საქმეების მრჩევლად დანიშნა, ღიად რჩება. თვით ქართველი პოლიტიკოსი კი კვლავ იმეორებს, რომ „რუსეთი აგრესორია“. ალბათ, სწორედ ამიტომ სჭირდება იგი კიევს.
«Telepolis» (გერმანია), 18 თებერვალი, 2015 წელი
http://www.heise.de/tp/artikel/44/44169/1.html
„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხში სამართალი არავითარ როლს არ ასრულებს, საქმე გეოპოლიტიკაშია“
გერმანულ გამოცემა „ტელეპოლისში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ფლორიან რეცერი) განხილულია მინსკის მოლაპარაკების შემდგომი სიტუაცია, რომელიც უკრაინის ფრონტებზეა შექმნილი, განსაკუთრებით ქალაქ დებალცევოსთან, სადაც რამდენიმე ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, როგორც ჩანს, ალყაშემორტყმულია.
პუბლიკაციაში ავტორი ეხება აგრეთვე უკრაინის საშინაოპოლიტიკურ საკითხებსაც, კერძოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად და საქართველოს რეაქციას ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ფონზე ავტორი ახლო წარსულიდან რამდენიმე ფაქტს იხსენებს:
„მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების ლიდერის რანგში იმ „ფერადი რევოლუციის“ შედეგად აღზევდა, რომელსაც მხარი შეერთებულმა შტატებმა დაუჭირა. ვაშინგტონისავე რჩევით მან რუსეთთან 2008 წელს ომი დაიწყო. აშშ-ის მაშინდელ პრტეზიდენტ ჯორჯ ბუშს არა მარტო რუსეთთან ახლოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება სურდა, არამედ ნატოს წევრებად უკრაინისა და საქართველოს მიღებაც უნდოდა, თუმცა მან წარმატებას ვერ მიაღწია გერმანია-საფრანგეთის უარყოფითი განწყობის გამო.
აშკარაა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს განზრახული აქვს იგივე ანტირუსული კურსი გააგრძელოს. მრჩევლის რანგში იგი თავის უპირველეს ამოცანად თვლის უკრაინისთვის ხელშეწყობას დასავლური იარაღის მიწოდების საკითხში.
ამასთან საქართველოში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ავტორიტარიზმის ნიშნებს ამჟღავნებდა. იგი მოსახლეობის დიდ ნაწილში ამჟამად არაპოპულარულია. საქართველოს პროკურატურა მას ბრალს სდებს მრავალ დანაშაულში, მათ შორის, ხელისუფლების ბოროტად სარგებლობასა და ძალაუფლების გადაჭარბებაში. პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰპოვა, სადაც მას მოგვიანებით, როგორც ჩანს, უკრაინაში წასვლა ურჩიეს.
საქართველოს პროკურატურამ გუშინ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოსთხოვა, მაგრამ კიევმა თბილისს უარი განუცხადა. საქართველო-უკრაინის პოლიტიკური კონფლიქტი აშშ-სათვის საკმაოდ არასასურველია, რადგან ვაშინგტონი კვლავ ცდილობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ნატოში გაწევრიანებას, რუსეთის საწინააღმდეგოდ. აშკარაა, რომ [მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხში] სამართალი არავითარ როლს არ ასრულებს, საქმე გეოპოლიტიკაშია“.
«Актуальные комментарии» (რუსეთი), 18 თებერვალი, 2015 წელი
http://actualcomment.ru/gruziya-trebuet-ot-kieva-vydat-saakashvili.html
მოუწევს მიხეილ სააკაშვილს თბილისში ექსტრადირება?
ნატალია ზახაროვა, ანდრეი ტიხონოვი
უკრაინამ უარი განაცხადა საქართველოსათვის გადაეცა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ექსპერტები ეჭვობენ, რომ ამით კიევი რაიმე დივიდენდებს მიიღებს, როცა საკუთარ კალთაში ოდიოზურ ფიგურებს ისვამს.
მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის კათედრის პროფესორის, პოლიტოლოგ დიმიტრი ლაბინის აზრით, დიპლომატიური ეტიკეტის გამო საქართველო უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა: „თბილისს არ შეეძლო, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება არ მოეთხოვა – სისხლის სამართლის საქმე ხომ უკვე აღძრულია. მაგრამ უკრაინა დამოკიდებელი სახელმწიფოა და ვალდებული არ არის ამგვარი თხოვნები ან მოთხოვნები შეასრულოს. კიევი ამგვარ საკითხებს საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტს“, – ასეთი პასუხი გასცა პოლიტოლოგმა „აკტუალნიე კომენტარიის“ კორესპონდენტს. ამასთან იგი გაკვირვებულია, თუ რატომ დასჭირდათ კიეველ პოლიტიკოსებს საეჭვო რეპუტაციის მქონე მიხეილ სააკაშვილისაგან რჩევების მიღება. „უკრაინა ასეთი ნაბიჯებისაგან ვერავიტარ პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მიიღებს. აშკარაა, რომ კიევი ოდიოზურ ფიგურებს მფარველობს და მათ სამსახურს აძლევს, ამით კი საერთაშორისო თანამეგობრობას აღიზიანებს“, – ამბობს დიმიტრი ლაბინი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური პარტნიორობის“ დირექტორის ნიკოლაი სილაევის თქმით, ამ შემთხვევაში საკითხი სამართლებრივ მხარეს ეხება და მისი გადაწყვეტა ორმხრივ ურთიერთობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შესაძლებელია ინტერპოლის ჩარევაც. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ კიევი აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ოპოზიციასთან, რომლის წარმომადგენელი თვითონ მიხეილ სააკაშვილია და მისი გუნდის წევრები საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ინიშნებიან.
„აშშ და ევროკავშირი ამ შემთხვევაში გაორებულ სიტუაციაში იმყოფებიან – ერთი მხრივ, ვაშინგტონი და ბრიუსელი მხარს უჭერენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს (მაგალითად, სააკაშვილი ევროპარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებაზე მიიწვიეს, თუმცა მას საქართველოში არავითარი სახელმწიფო პოსტი არ აქვს), მეორე მხრივ კი, დასავლეთის მცდელობა – დაიცვას პასუხისმგებლობისაგან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართველებში გაღიზიანებას იწვევს. ქართველი ამომრჩევლებს სამართლიანობის აღდგენა სურთ და მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების დასჯას ითხოვენ, რადგან მათ მრავალი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამრიგად, როცა „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას ითხოვს, ამით ის ამომრჩეველთა სურვილს ასრულებს“, – ამბობს ნიკოლაი სილაევი.
«ICTV» (უკრაინა), 17 თებერვალი, 2015 წელი
http://fakty.ictv.ua/ru/index/read-news/id/1542817
უკრაინელი პოლიტოლოგი: „მიხეილ სააკაშვილის საქართველოსადმი გადაცემა კრემლისათვის გადაცემის ტოლფასია“
კიეველმა ანალიტიკოსმა პავლე ნუსმა უკრაინის ტელეკომპანია «ICTV»-ის („საერთაშორისო კომერციული ტელევიზიის“) ეთერში გამოსვლისას კომენტარი გაუკეთა ინფორმაციას სამშობლოში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების თაობაზე.
„უკრაინა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს არ გადასცემს, [რადგან ეს კრემლისადმი გადაცემის ტოლფასია]. პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გააგრძელებს უცხოური კადრების მიზიდვის პროცესს უკრაინის ხელისუფლებაში, სახელმწიფოს მართვის გლობალური ტრანსფორმირების ჩარჩოებში. დასაქმდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წარმატებით მუშაობდნენ წინა სამსახურებში და სადაც მათმა მენეჯერულმა თვისებებმა მნიშვნელოვანი ეფექტი მოიტანა. მე არ ვიზიარებ ზოგიერთი ექსპერტის თვალსაზრისს, რომლებიც ასეთი პარაქტიკის წინააღმდეგ გამოდიან. საინტერესოა, რომ ჩვენთან უცხოელთა დასაქმების მოწინააღმდეგეები არიან კრემლის საპარლამენტო ლობის წარმომადგენელები, ანუ ე.წ. „ოპოზიციური ბლოკი“ და მისთანანი. როცა მოძმე ქართველი ხალხის წარმომადგენლები დაინიშნენ, რუსეთი შეშინდა უკრაინა წარმატებას მიაღწევსო და თავისი მექანიზმები აამუსავა….
მე ახლა პირად აზრს ვიტყვი: საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობზე ეს არის კრემლის სცენარი და მიმართულია უკრინის ტრანსფორმირების წინააღმდეგ, მიმართულია უკრაინის არმიის გადაიარაღების წინააღმდეგ, რითაც უნდა იყოს დაკავებული მიხეილ სააკაშვილი თავის ახალ თანამდებობაზე.
ჩვენს პოლიტიკოსებს პროფილაქტიკური საუბრები უნდა ჰქონდეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, თავიანთ ქართველ კოლეგებთან, ჩვენებმა მათ უნდა აუხსნან, რომ ასეთი მოქმედება კრემლის წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს, აგრესორ რუსეთთან თანამშრომლობას ნიშნავს. მიხეილს კრემლს არავითარ შემთხვევაში არ გადავცემთ, ეს არ მოხდება. ასევე მოვიქცევით სხვა ქართველი წარმომადგენლების მიმართაც, რომლებსაც უკრაინელმა ხალხმა თავისი ეროვნული პრიორიტეტი ანდო“.