«Star» (თურქეთი): მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველო ნატოში უნდა მიიღონ
«Iran Russian Radio – რადიო ირანის ხმა» (ირანი): ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს
«Iran Russian Radio – რადიო ირანის ხმა» (ირანი): ირანი საქართველოში ბუნებრივი გაზის ექსპორტს დაიწყებს
«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): გაზის ინტრიგა
———————-
«Star» (თურქეთი), 18 თებერვალი, 2016 წელი
http://haber.star.com.tr/dunya/cavusoglu-gurcistan-natoya-alinmali/haber-1089800
მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველო ნატოში უნდა მიიღონ
სტატიაში გადმოცემულია თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების – მევლუთ ჩავუშოღლუსა და მიხეილ ჯანელიძის ერთობლივი პრეს-კონფერენციის მასალები.
პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ამ მიზნის განხორციელებაში ანკარა თბილისისთვის დახმარებას არ დაიშურებს. გარდა ამისა, თურქმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის გაფართოებას, რათა ვაჭრობაში შექმნილი დისბალანსი შემცირდეს. მან ჩამოთვალა ის ერთობლივი პროექტების, რომელტა ექსპლოატაცია ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო და მომგებიანია: ბათუმის აეროპორტი, ნავთობსადენი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, გაზსადენი „ბაქო-თბილისი-ერზურუმი“, „ანატოლიის გაზსადენი“, რკინიგზის მაგისტრალი „ბაქო-თბილისი-ყარსი“ და ა.შ.
„მე ბედნიერი ვარ თბილისში ყოფნით და ჩემს კოლეგასთან შეხვედრით. საქართველოს თურქეთისათვის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო ჩამოვაყალიბეთ. ჩვენი შეხვედრები მხოლოდ სიმბოლური არ იქნება. უამრავი პროექტის რეალიზების შესაძლებლობა გვექნება“, – ეს მევლუდ ჩავუშოღლუს სიტყვებია.
თურქი მინისტრის განცხადებით, ანკარა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილებად თვლის. „თურქეთი ეთანხმება თბილისის ყოველნაირ პლატფორმას ამ საკითხში, რომელიც საერთაშორისო დონეზე განიხილება. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის განვითარებას, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადებას. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სულ მალე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ შენგენის ზონაში ვიზების გარეშე იმოგზაურონ“, – აღნიშნულია მასალაში.
«Iran Russian Radio – რადიო ირანის ხმა» (ირანი), 17 თებერვალი, 2016 წელი
http://russian.irib.ir/news/economica/item/271483
ირანი საქართველოში ბუნებრივი გაზის ექსპორტს დაიწყებს
ირანის ისლამური რესპუბლიკის ბუნებრივი გაზის საექსპორტო ეროვნული კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალირეზა კამელმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს განსაზღვრული შვიდი თვის განმავლობაში 200 მილიონი კუბმეტრი ბუნებრივი გაზი მიაწოდოს.
ალირეზა კამელმა შეხვედრის კულუარებში დააზუსტა, რომ ირანს საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესაძლებლობა მომავალი წლისათვის ექნება. „დადებული შეთანხმება ორივე მხარისათვის – თეირანისა და თბილისისათვის მომგებიანი და ხელსაყრელია“, – განაცხადა ირანელმა ჩინოვნიკმა.
როგორც ალირეზა კამელმა აღნიშნა, ირანული გაზით დაინტერესებულია საქართველოს სახელმწიფო სექტორიც და კერძო მეწარმეეებიც. მან იმედი გამოხატა, რომ უახლოეს მომავალში შეთანხმების პირობების რეალიზება დაიწყება. ალირეზა კამელმა დაამატა, რომ საქართველოს სომხეთისაგან აუცილებელი ლიცენზიისა და ნებართვის მიღება დაჭირდება, რათა ირანული გაზის იმპორტი მოახდინოს.
„თუ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გაზის სფეროში თანამშრომლობის შედეგები ორივე მხარისათვის დამაკმაყოფილებელი იქნება, მაშინ ჩვენს შორის ხელი მოეწერება როგორც მოკლე ვადიან, ასევე გრძელვადიან შეთანხმებებს“, – ხაზი გაუსვა ალირეზა კამელმა.
«Iran Russian Radio – რადიო ირანის ხმა» (ირანი), 17 თებერვალი, 2016 წელი
http://russian.irib.ir/news/economica/item/271482
ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს
ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ჰამიდ ჩიტჩიანმა თავის ქართველ კოლეგასთან კახა კალაძესთან სამშაბათს, თეირანში, შეხვედრის დროს, განაცხადა, რომ „საქართველოს, ჰიდროელექტრო-სადგურების მშენებლობისათვის წყლის ძალიან დიდი რესურსები აქვს. ჩვენ კი, ირანელებს, დიდი გამოცდილება გვაქვს ჰესების მშენებლობაში. შესაბამისად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომ ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს“.
ჰასმიდ ჩიტჩიანის თქმით, „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრისას ასევე შევთანხმდით ირანის, რუსეთის, სომხეთის და საქართველოს ელექტროქსელების აღდგენისა და გაფართოების საკითხში, მათი გაერთიანების მიზნით“.
კახა კალაძემ შეხვედრის კულუარებში აღნიშნა, რომ ირანულ კომპანიებს ნამდვილად აქვთ ის ცოდნა, რაც საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვისაა საჭირო. „თავის მხრივ, საქართველო ირანთან ენერგოგაცვლების სფეროში ითანამშრომლებს“, – ხაზი გაუსვა ქართველმა მინისტრმა.
იმის გათვალისწინებით, საქართველოსა და ირანში ელექტროენერგიის მოხმარების პიკური პერიოდები ერთმანეთისაგან განსხვავდება, კახა კალაძემ დაამატა: „ირანს და საქართველოს შეუძლიათ ერთმანეთს ელექტროენერგია პიკურ პერიოდებში მიაწოდონ – ირანს მეტი ენერგია ზაფხულობით ჭირდება, საქართველოს კი – ზამთარში“.
«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 17 თებერვალი, 2016 წელი
http://www.ekhokavkaza.com/content/article/27558465.html
გაზის ინტრიგა
„რადიო სვობოდა – ეხო კავკაზას“ სტუდიაში 17 თებერვალს საქართველოს ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის საკითხზე მსჯელობდნენ. ვადიმ დუბნოვი – გადაცემის წამყვანი, ხოლო მონაწილეები – მიხეილ კრუტიხინი (რუსული კონსალტინგური სააგენტო „რუსენერჯის“ ანალიტიკოსი) და სერგი კაპანაძე (საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრის ექს-მოადგილე, პოლიტოლოგი).
გადაცემაში აღინიშნა, რომ საქართველო გაზის მიწოდების დამატებით წყაროებს ეძებს. ამ დღეებში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თეირანში იმყოფებოდა. თითქოსდა ორივე მხარე – თეირანიც და თბილისიც მზად არიან განიხილონ გრძელვადიანი კონტრაქტი გაზით უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა კონკრეტული, სავალდებულო დოკუმენტი ჯერ-ჯერობით არ ჩანს. რომელი სახელმწიფო იქნება საქართველო-ირანის გაზის კონტრაქტების მონაწილე – სომხეთი თუ აზერბაიჯანი, ესეც გაურკვეველია. რა ხდება სინამდვილეში მოლაპარაკების კულუარებში? რატომაა ამდენი გაუგებრობა და ეშმაკობანი?
როგორც მიხეილ კრუტიხინი ამბობს, ამჟამად „გაზპრომი“ ცუდ დრეშია ჩავარდნილი – მას ბუნებრივი გაზი ძალიან ბევრი აქვს, მაგრამ გასაღების ბაზარი შეუმცირდა, ამიტომაც ახალ მყიდველებს გამალებით ეძებს. ერთ-ერთი ასეთი ბაზარი ამიერკავკასიაა, საქართველო. რაც შეეხება ირანს, თეირანსაც ახალი ბაზრების ათვისება სურს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ირანული გაზი, რუსულთან შედარებით, ძვირია. გარდა ამისა, ირანული გაზი რომ საქართველოს ტერიტორიამდე იქნეს მიტანილი, ამისათვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა გასაუმჯობესებელი. „გაზპრომის“ განცხადება, რომ გაზს სომხეთს ირანი მიაწოდებს, ხოლო სომხეთისთვის მისაწოდებელ რუსულ გაზს საქართველო მიიღებსო, ეს მოსკოვის ეშმაკობაა და მეტი არაფერი. ამისათვის „გაზპრომი“ ნაღდ ფულს თხოულობს და თან შანტაჟზე მიდის – თუ ჩემი იაფი გაზი არ გინდათ, აგერ ირანისგან ძვირად იყიდეთო“, – ამბობს მიხეილ კრუტიხინი.
რუსი ანალიტიკოსის აზრით, ირანთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულება ცოტა საეჭვოა, რადგან თეირანი თავისი გაზის ფასს არ უკლებს. მაგალითად, ამ მიზეზის გამო შარშან თურქეთ-ირანის მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. „ვითარება ისეთია, რომ საქართველო ცდილობს რუსეთის ალტერნატივა იპოვოს. თუმცა როგორ დასრულდება ძიება, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია“, – ამბობს მიხეილ კრუტიხინი.
სერგი კაპანაძემ საუბრის დროს მიმოიხილა საქართველოს გაზით მომარაგების სიტუაცია და აღნიშნა, რომ საკითხი ეხება ზამთრის პერიოდში შექმნილ დანაკლისს – 300-400 მილიონ კუბმეტრ ბუნებრივ გაზს. „ჩვენი მთავრობა ამბობს, რომ აზერბაიჯანს, საქართველოსთვის გაზის ძირითად მიმწოდებელს, ამ რაოდენობის დამატებითი გაზის მოწოდება არ შეუძლია. თავის მხრივ ბოლომდე ნათელი არ არის აზერბაიჯანის შესაძლებლოებებიც – შეუძლია თუ არა ბაქოს ამდენი გაზი მოგვცეს – ხან აცხადებენ, რომ შეუძლიათ, ხან კი გვეუბნებიან, რომ ზამთრის პერიოდში არ შეგვიძლიაო. რადგანაც ქართულ ბაზარზე გაზი გაზი ან აზერბაიჯანულიას, ან რუსული (იგივე „გაზპრომის“ მეშვეობით), ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს – დავიწყეთ რუსეთთან მოლაპარაკება, მაგრამ მალულად. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ამის გამხელა მთავრობას პოლიტიკური მოსაზრებით არ სურდა. დაიწყო სკანდალი… რაც შეეხება ირანთან მოლაპარაკებას, ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტული შედეგი არ ჩანს. საერთოდ, ირანთან მოლაპარაკების დროს ჩვენთვის ყოველთვის პოლიტიკური დისკურსი არსებობს – გაზი ან აზერბაიჯანის, ან სომხეთის გავლით უნდა იქნეს იმპორტირებული. სომხური ტრანზიტი სირთულეეებთანაა დაკავშირებული, რადგან ირან-სომხეთის მილსადენი მცირე წარმადობისაა, თან „გაზპრომის“ საკუთრებაა, „გაზპრომს“ კი ირანიდან დამატებითი გაზის მიღება არ სურს“, – ამბობს სერგი კაპანაძე.
შეკითხვაზე, რამდენად სუფთა ეკონომიკური ინტერესი აქვს საქართველოს „გაზპრომ“-თან მიმართებით და ხომ არაფერია დამალული ამ საკითხში, სერგი კაპანაძე პასუხობს: „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ფაქტორს. ჯერ ერთი, რომ „გაზპრომ“-თან მოლაპარაკება გამჭვირვალე არ იყო და ეს ყველაფერი მხოლოდ რუსული მხარის განცხადებით გავიგეთ. ამან ეჭვები წარმოქმნა; მეორე მომენტი ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის დე-ფაქტო ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი „გაზპრომის“ აქციონერია“.