globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 18th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: „მოსათვინიერებელი“ პრეზიდენტის ინსტიტუტი

«Новое время» (აზერბაიჯანი): ნატო კავკასიისკენ მოიწევს: როგორ გავლენას მოახდენს ალიანსის აქტიურობა ბაქო-ანკარა-თბილისის სამხედრო ღერძზე?

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/presidents-institute-in-georgia/3729218.html

საქართველო: მოსათვინიერებელიპრეზიდენტის ინსტიტუტი

ნინო დალაქიშვილი

იმ დროს, როდესაც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების საკითხზე მუშაობა მიდის, როდესაც განიხილება კონსტიტუციის ტრანსფორმაციის საკითხი და კონკრეტული მონიშვნები კეთდება, საზოგადოების მთელი ყურადღება მიმართულია სხვა რაკურსისკენ. არადა მომავალი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების დინამიკას და მიმართულებას სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს. ამდენად რა ჩაიწერება და როგორ შეიცვლება საქართველოს კონსტიტუცია, ეს პირველი მნიშვნელობის საკითხია, რადგან იგი ამ ცვლილებების მიხედვით მოაწესრიგებს და დაალაგებს ყველა მოქალაქის ცხოვრებას მომდევნო წლების განმავლობაში.

ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული, მნიშვნელოვანი, პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებულია პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხი. საკონსტიტუციო კომისიის დღის წესრიგში ეს თემა სადაოთა შორის სადაოს წარმოადგენს. რატომ, რა მიზნით და რა მიზეზით დავობენ პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხზე, ამის შესახებ ამერიკის ხმამ რამდენიმე მოსაზრება ჩაწერა.

გიორგი მშვენიერაძე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას ხელმძღვანელი ამერიკის ხმასთან აცხადებს, რომ პრეზიდენტის საკითხის თაობაზე ცვლილებების მოთხოვნა არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ, დღევანდელ ვითარებაში, პოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებითაა მოთხოვნილი: „პრეზიდენტი, რომელიც აღმოჩნდა, როგორც ამბობენ ხოლმე „ხასიათის გამომვლენი“, მას სჭირდება მოთვინიერება. სწორედ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მოთვინიერებისკენაა მიმართული ახლა ყველაფერი, რასაც ამ კონტექსტში ვხედავთ. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კონსტიტუციას არ შეიძლება სჭირდებოდეს ცვლილებები, ან არშეიძლება გადაიხედოს, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ დაწყებული ბრძოლა, ესაა არა საჭიროებებიდან გამომდინარე მოქმედებები, არამედ ესაა კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფიდან მოდის. რაც მიმართულია იმისკენ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ან სამომავლოდ მოახერხოს პრეზიდენტის ინსტიტუტზე კონტოლის მოპოვება.“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელიც ასევე ჩართულია საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში, ჩვენთან საუბრისას ამბობს: „თავად პრეზიდენტს არ გააჩნია ხელისუფლების დამაბალანსებელი ფუქნცია, მაგრამ ხელისუფლების დამაბალანსებელი ფუნქცია გააჩნია იმ თანამდებობის პირებს, ვისაც ნიშნავს პრეზიდენტი. მაგალითად, საკონსიტუტციო სასამართლოს სამ წევრს. გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს წარადგენს პარლამენტის წინაშე, ანუ არჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. შესაბამისად, ამ თანამდებობის პირებს გააჩნიათ ხელისუფლების სხვა შტოების, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, დაბალანსების შესაძლებლობა. ამიტომაც, პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი და პირველ რიგში, პირდაპირი, სახალხო ლიგიტიმაციის მქონე და მის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები აბალანდებდნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს.“

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია: „ჩვენ გვექნება საპარლამენტო მოდელის ქვეყანა. იქნება კლასიკური საპარლამენტო მოდელი. ახლა გროვდება ვერსიები. შეიძლება საუბარი იყოს ყველანაირ მოდელზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ ეტაპზე. არ ხდება.“

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ბოლო ინსტანციაა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა დაიპყროს სრული ძალაუფლების ხელში ასაღებად: „ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დარჩენილ ინსტიტუტზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევა დღეს მივიდა ისეთ აბსურდამდე, რომ უშიშროების საბჭოს სახე უნდა შეუცვალონ და მხოლოდ ომიანობის შემთხვევაში უნდა შეიკრიბოს. აბსურდამდე მიდის საქმე. ომის ღმერთად ნიშნავენ პრეზიდენტს, რომელსაც რეალურ სამყაროსთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ვიღაცას ის აღიზიანებს. რაციონალურ ჩარჩოებში ამის განთავსება, პრაქტიკულად შეუძლებელია.

პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შეკვეცას ოპოზიცია მხარს არ უჭრს, რასაც პრეზიდენტის ვეტოებისგან შეწუხებული მმართველი პარტია არ ეთანხმება.

«Новое время» (აზერბაიჯანი), 18 თებერვალი, 2017 წელი

http://www.novoye-vremya.com/w82549/…/#.WKe0SebasdU

ნატო კავკასიისკენ მოიწევს:

როგორ გავლენას მოახდენს ალიანსის აქტიურობა ბაქო-ანკარა-თბილისის სამხედრო ღერძზე?

„აშშ-სა და თურქეთს შორის „დაზიანებული ხიდების გამრთელების“ პოლიტიკის კონტექსტში, რომელსაც თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია მიმართავს, აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო საექსპერტო საზოგადოებაში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს“, – წერს აზერბაიჯანის რუსულენოვანი გაზეთი „ნოვოე ვრემია“ (ავტორი – აკბერ მამედოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

როგორც უკვე ცნობილია, მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილია სამი მოსაზღვრე სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების სამიტი, რომელიც თბილისში უნდა გაიმართოს. ერთი შეხედვით, თითქოსდა ამ შეხვედრაში რაიმე ექსტრაორდინალური არაფერი არ უნდა იყოს, მსგავსი სამიტები ადრეც ბევრჯერ გამართულა, მაგრამ დაგეგმილი მოლაპარაკებები წინა წლების შეხვედრებისაგან მაინც განსხვავდება: მათ სრულიად ახალი რეალობის კუთხით უნდა შევხედოთ – იმ რეალობისა, რომელიც ამერიკის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლით დადგა. ცხადია, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა კავკასიის უსაფრთხოებაზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს.

რა დასამალია და აშშ-ისა და თურქეთის  ურთიერთობის გაუმჯობესება ასე თუ ისე აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც შეეხება, ანუ ვაშინგტონ-ანკარის პოლიტიკური დაახლოება, თურქეთში და შესაძლოა საქართველოშიც, აშშ-ის სამხედრო და გეოპოლიტიკური ყოფნის გაძლიერებას გამოიწვევს, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სულ უფრო სუსტდებოდა, განსაკუთრებით 2016 წლის ივლისში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

ბევრს ეგონა, რომ დონალდ ტრამპის ანტინატოური განცხადებებს საბოლოო ჯამში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაშლა თუ არა, ბლოკის დასუსტება მაინც მოჰყვებოდა, მაგრამ ბრიუსელში ამას წინათ გამართულმა ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სამიტმა ცხადყო, რომ „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“ – ნატოს მიზნები და ამოცანები იგივე რჩება, ხოლო აშშ მომავალშიც იქნება ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების დაცვის გარანტი. მინისტრების ერთობლივი განცხადებაც ამას ადასტურებს.

მაინც როგორ შეიძლება შევხედოთ ნატო-თურქეთის დაახლოებას აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში? საინტერესოა ისიც, თუ რატომ მიიწვიეს ნატოს თავდაცვის მინისტრების სამიტზე საქართველოს სამხედრო უწყების მეთაური? სხვათა შორის, იმ ქვეყნის ერთადერთი მინისტრი, რომელიც ნატოს წევრი არ არის. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი? ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ ალიანსს სურს თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისათვის საქართველო გამოიყენოს. ამას ადასტურებს ისიც, რომ საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრი განთავსდება – ისეთი, როგორიც გერმანიაშია.

აშკარაა, რომ ნატოში აშშ კვლავ მთავარ როლს შეასრულებს. თეთრი სახლი და პენტაგონი გეგმებს ადგენენ, რათა თავიანთ თამაშებში საქართველო სულ უფრო მეტად ჩართონ. გარდა ამისა, საყურადღებო ფაქტია, რომ ორიოდე დღის წინათ ბაქოში აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტატების უფროსი ჯოზეფ დანფორდი იმყოფებოდა, რომელმაც მოლაპარაკება გამართა აზერბაიჯანელ სამხედროებთან, განიხილეს კასპიის პრობლემატიკაც.  ამიტომაც ისმება კითხვა: როგორ გავლენას მოახდენს ვაშინგტონი ანკარა-ბაქო-თბილისი სამხედრო ღერძზე?

თურქეთი და საქართველო აშშ-ისა და ნატოს მოკავშირეები არიან, აზერბაიჯანი კი ერთი მხრივ, პოტენციური პარტნიორიცაა და მეორე მხრივ, ბაქო-თბილის-ანკარის ბლოკის წევრი. აქედან გამომდინარე, დამატებითი კითხვა: როგორ რეაგირებას მოახდენს კრემლი აშშ-ისა და ნატოს სავარაუდო ყოფნაზე აზერბაიჯანში?

გვინდა გვჯეროდეს, რომ ამ გეოპოლიტიკურ მორევში სავარაუდო მონაწილეობით აზერბაიჯანი მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს დაიცავს. ნატოელების მიერ დაწყებული თამაშები [თავისი შესაძლო მინუსებით] ხომ ყველას შეეხება, მათ შორის აზერბაიჯანსაც? ჰოდა, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და სავარაუდო საფრთხეები ადექვატურად უნდა შევაფასოთ.

Comments are closed