globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 18th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ალექსანდერ დარდელთან: „საქართველოს რუსული პროპაგანდა ემუქრება“

«Die Zeit» (გერმანია): საქართველო – ქვეყანა, სადაც საზღვარი მოძრაობს // გაუგებარია, სად გადის საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის

«Die Welt» (გერმანია): უვიზო რეჟიმი თურქებისათვის, მაგრამ შენიშვნით // სავარაუდოდ, იგივე შენიშვნა შეიძლება გავრცელდეს საქართველოსა და უკრაინაზეც

«Голос Армении» (სომხეთი): მთავარი ამოცანა – ბლოკადის მოხსნა სომხეთისათვის // „ქართველი ხალხის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი წყალს თურქებისა და აზერბაიჯანელების „წისქვილზე ასხამს“

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/alx-dardeli-interview-feature/3289584.html

ინტერვიუ ალექსანდერ დარდელთან: «საქართველოს რუსული პროპაგანდა ემუქრება»

ანა კალანდაძე

ორგანიზაცია აირექს-მა მედიის მდგრადობის ინდექსი (Media Sustainability Index) გამოაქვეყნა. საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და კვლევის ზოგად მიზნებზე აირექსის ვიცე პრეზიდენტს ალექსანდერ დარდელის ვესაუბრეთ:

ამერიკის ხმა: რა არის აირექსის (IREX) მედიის მდგრადობის ბოლო კვლევის მიზნები, ზოგადად?

ალექსანდერ დარდელი: გმადლობთ მოწვევისთვის. აირექსი მედიის მდგრადობის კვლევას აღმოსავლეთი ევროპისა და შუა აზიის 22 ქვეყანაში15 წელია აწარმოებს. ჩვენი კვლევა პერიოდულად სხვა რეგიონებსაც ფარავს. ჩვენ მედია სისტემებისა და მედია გარემოს ეფექტურობასა და მდგრადობას ვზომავთ. კვლევა მრავალმხრივ მნიშვნელოვანია და ის მედიაპროფესიონალებს, ინსტიტუციებსა და მთავრობებს არსებული სირთულეების გამოაშკარავებაში ეხმარება, რათა საჭირო მიმართულებები უკეთ დაფინანსდეს. ასევე, ვცდილობთ მედიაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

ამერიკის ხმა: საქართველოსთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად-რა გამოწვევები და განვითარებები შეინიშნება ბოლო კვლევის შემდეგ?

ალექსანდრ დარდელი: საქართველო რეგიონის ნაწილია და აქაც რეგიონისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს ვხედავთ. ერთ-ერთი, ეგრეთ წოდებული, მეგატენდენციაა თვითცენზურა, რომელსაც ჟურნალისტები სპონსორების, მთავრობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების საამებლად მიმართავენ. თვითცენზურას ვაწყდებით ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი. კიდევ ერთი შემაშფეთებელი ტენდენციაა რუსული პროპაგანდის მომძლავრება. ჩვენ მედიაში არსებულ ვითარებას ხუთ კატეგორიაში ვზომავთ: სიტყვის თავისუფლება, ჟურნალისტიკის ხარისხი, პლურალიზმი, მედიაში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა და ფინანსური გარემო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების მხრივ სტაბილურად მდგრადი გარემოა, თუმცა ის ბუფერული შრე, რომელმაც მედია მთავრობის ზეწოლისგან უნდა დაიცვას, საკმაოდ მყიფეა. საქართველოში სტაბილური ვითარებაა ჟურნალისტებისაგან დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის საქმეშიც, თუმცა მთავრობის ზეწოლას, უპირატესობის მოპოვების მიზნით, ფინანსური კუთხით ჩარევის ჩათვლით ვხვდებით. საქართველოში საფრთხის ქვეშაა ჟურნალისტური და სარედაქციო პროფესიონალიზმიც.

ამერიკის ხმა: რუსეთის მზარდ პროპაგანდას რა როლი უკავია ამ დინამიკაში-საქართველოსა და რეგიონში?

ალექსანდრ დარდელი: საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი ტერიტორიის ნაწილს რუსეთია კონტროლებს. ამასთან, რუსეთი კარგად აფინანსებს მის დეზინფორმაციულ არხებს. რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველოს პატარა სარეკლამო ბაზარი აქვს. მის ჟურნალისტებს არცკი შეუძლიათ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ჩასვლა. საქართველოს რუსული პროპაგანდის საფრთხე ემუქრება, განსაკუთრებით ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობაში, რომელსაც ინფორმაცია რუსულენოვანი წყაროების გარდა, არსაიდან მიეწოდება. ეს პრობლემაა, მაგრამ რუსულ პროპაგანდას ჩვენ ვერ ვიკვლევთ.

ამერიკის ხმა: საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და არსებულ ვითარებაზე კვლევებს და გამოკითხვის შედეგებს უცხოური ორგანიზაციები თითქმის ყოველ კვირა აქვყნებენ. მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტში, მთავრობასა და პოლიტიკურ ძალებში განწყობა არაერთგვაროვანი და ხშირად კრიტიკულია. როგორ უნდა გაიზარდოს ნდობა ამ კვლევებში და რას ურჩევდით ქართველებს?

ალექსანდერ დარდელი: რეგიონში უცხოური კვლევებისადმი სკეპტიციზმი ჭარბობს. საქართველოშიც, ალბათ, ამ ტენდენციის გაგრრძელებას ვხვდებით. სკეპტიციზმს ყველაზე კარგად განათლება უშველის. ჩვეულებრივი ადამიანები, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები შესაფერისი უნარებითა და ცოდნით უნდა აღიჭურვონ და მეტად წარმოაჩინონ ვითარების არსი და კვლევების მიზანი.

«Die Zeit» (გერმანია), 17 აპრილი, 2016 წელი

http://www.zeit.de/politik/ausland/2016-04/georgien-abchasien-suedossetien-russland-eu

საქართველო – ქვეყანა, სადაც საზღვარი მოძრაობს

გაუგებარია, სად გადის საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის

მაიკლ დულფერი

(მცირე შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

აეროპორტიდან თბილისში ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩით შევდივართ – დიდ ბანერზე გამოსახული აშშ-ის მომღიმარე პრეზიდენტი ხელაწეული გვესალმება. პატარა კავკასიური ქვეყანა, რომელსაც გარს თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი აკრავს, პირდაპირ გაჰყვირის – ჩვენ დასავლეთისთვის ვართ!

საქართველოს ოფიციალურად აქვს აღებული პროდასავლური კურსი. აქ თერთმეტი წლის წინათ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სტუმრობდა, იგი ისეთი აღფრთოვანებული იყო ქართველების პატივისცემით, რომ სიხარულისაგან აცეკვდა კიდეც… თუმცა ბანერზე გამოსახული მისი მომღიმარე სახე დღეს ქართველებში უკვე ენთუზიაზმს აღარ იწვევს.

საქართველო კავკასიის პატარა, მაგრამ ამაყი შავიზღვისპირა ქვეყანაა. საქართველო დაპირისპირებულია თავის დიდ მეზობელ რუსეთთან – ჯერ კიდევ 1991 წლიდან, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. მას შემდეგ ქვეყანა დასავლეთთან დაახლოებას ესწრაფვის. სხვათა შორის, საქართველო ისეთ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელსაც ხშირად ევროპისა და რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის ზონას უწოდებენ. თბილისში ქართულ დროშებთან ერთად, ნატოსა და ევროკავშირის დროშებიც ფრიალებენ. სამწუხაროდ, ყველაფერი რომ მხოლოდ ქართულ პოლიტიკაზე იყოს დამოკიდებული, საქართველო დიდი ხანია ნატოსა და ევროკავშირის წევრი იქნებოდა, რომლებიც მას რუსეთისაგან დაიცავდნენ. საქართველო მიიჩნევს, რომ ევროპა მის თავისუფლების, აყვავებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს ყველაფერი ალბათობაა – ნატო და ევროკავშირს ამ ქვეყნის კმაყოფაზე აყვანა არ სურთ. ასეთი სიტუაციის შედეგი კი ისაა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წინა პერიოდთან შედარებით, ზოგადად საქართველოში რუსეთისადმი სიმპათიებმა მოიმატა, დასავლეთისადმი კი შემცირდა.

მართალია, დღეს პარლამენტში მხოლოდ პროდასავლური პარტიების წარმომადგენლები სხედან, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების შედეგად პარლამენტში პრორუსული პარტიების დეპუტატთა ჯგუფიც მოხვდეს. „ისინი ძალას იკრებენ“, – ამბობს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მინისგუმბათიან, რაიხსტაგის მსგავს  დიდებულ სასახლეში ზის. ზოგიერთი დიპლომატის თქმით, თუ მართლაც ასე მოხდება, ეს კოშმარული სიზმარივით იქნება.

საქართველოს არასტაბილურობის ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზი თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს: ქალაქ გორთან ახლოს, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა, სამხრეთ ოსეთის ზონა იწყება, სადაც ქართველებს შესვლა აკრძალული აქვთ. კიდევ ერთ კონფლიქტურ რეგიონსაფხაზეთი წარმოადგენს. ამრიგად, ორივე კონფლიქტი რუსეთის მიერაა გაყინული და ისინი საქართველოს კონტროლს არ ექვემდებარებიან. როგორც ქართველები ამბობენ, რუსეთს მათი ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ავტონომიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად, პრინციპში, მხოლოდ რუსეთმა აღიარა და იქ რუსეთის ჯარებია დისლოცირებული. თავდაცვის მინისტრის  თინა ხიდაშელის თქმით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიის „მცოცავ ანექსიას“ ეწევა. სწორედ აქ, კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე ის საზღვარი, რომელიც რეალური არ არის, მაგრამ მაინც არ უნდა დაირღვეს. რუსების აზრით, ეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარია, ქართველების პოზიციის თანახმად კი, აქ საოკუპაციო ხაზი გადის. ევროკავშირმა კონფლიქტის ზონაში დამკვირვებელთა უიარაღო მისია გამოაგზავნა, რომელიც ძირითადად მხოლოდ მავთულხლართებით გამიჯვნის ფაქტებს აფიქსირებს. მავთულხლართები ხშირად სოფლებს ორ ნაწილად ყოფს, დადგმულია „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები.

ჯარიაშენთან ახლოს საზღვრის მსგავსს ვერაფერს შეამჩნევთ: მწვანე მინდორი, ხეხილის ბაღები, ბუჩქებიანი ფერდობები. სწორედ ამ ბაღებზე გადის სასაზღვრო ხაზი, ზოლო ზემოთ, ბორცვიდან კი რუსეთის სათვალთვალო პუნქტი მოჩანს, რომელიც ადგილს აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხაზი ნამდვილი საზღვარი არაა, ის მაინც მოქმედებს. შესაძლოა, რომ საზღვრების გადმოწევამ კონფლიქტი განაახლოს. „საზღვარი 2008 წლის შემდეგ წინ მოიწევს, რადგან რუსეთს ასე სურს“, – ამბობს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, – „რუსების მიზანია გვაჩვენოს: ჩვენ როგორც გვსურს, ისე იქნება, თქვენ კი ვერაფერს გააკეთებთო“. ევროპელი დამკვირვებლები ადასტურებენ, რომ საზღვრის წინ გადმოწევა მართლაც ხდება, იგივე სოფელ ჯარიაშენშიც, სადაც სამხრეთ ოსეთის მხრიდან მინდორზე, ბულდოზერების მიერ, გზა იქნა გაყვანილი. (ავტორი ესაუბრება ჯარიაშენის მკვიდრთ ელიზბარ მესტუმრიშვილს და დავით გოკიაშვილს, რომლებიც საზღვრის გადმოწევის გამო წარმოქმნილ პრობლემებზე ლაპარაკობენ).

რუსეთისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ორივე საქართველოსთვის ბარიერებს წარმოადგენენ ნატოსა და ევროკავშირში მისაღებად. საკუთარი ტერიტორიის ვერგაკონტროლება, მოუგვარებელი კონფლიქტები – ეს მიზეზები საკმარისია, რომ საქართველო ალიანსის წევრებმა ნატოში არ მიიღონ. სწორედ ამიტომაც რუსეთი ცდილობს საქართველოს იმ რეგიონების უფრო მჭიდროდ ინტეგრირებას, რომლებიც მას ესაზღვრება. ალბათ, მოსკოვისავის სასურველი იქნებოდა, რომ ისინი ევრაზიულ კავშირში ყოფილიყვნენ. სამხრეთი ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა სულ ახლახანს განაცხადა, რომ იგი რუსეთთან მიერთების მიზნით სამხრეთ ოსეტში რეფერენდუმს ჩაატარებს. ანუ ეს ისაა, რაზედაც თინა ხიდაშელი ლაპარაკობს – მცოცავი ანექსია.

რადგანაც საქართველოს კონფლიქტების სამხედრო გზით მოგვარების ძალა არ შესწევს, თბილისი ცდილობს, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისათვის რუსეთზე უფრო მომხიბვლელი იყოს და ამის პროპაგანდას ცდილობს. აფხაზებს და ოსებს რუსული პასპორრტები აქვთ, მაგრამ მათ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოსვლა თავისუფლად შეუძლიათ. საქართველოს მთავრობა მათ მკურნალობის ხარჯებსაც უნაზღაურებს. ეს ძალიან მიმზიდველი ფგაქტორია, რადგანაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯანდაცვის სისტემა მოშლილია და ფაქტიურად, არ არსებობს.

„დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს ყველა უბედურებას მხოლოდ რუსეთს ვაბრალებდით“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელსაც მხედველობაში ჰყავს ყოფილი რეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. განდგომილ რეგიონების მოსახლეობას ჯეროვანი ყურადღება არ ეთმობოდა. „მოვა დრო და ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს ტერიტორიებს დავიბრუნეთ, შესაბამისად, იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებტან კარგი ურთიეღტობა უნდა გვქონდეს“.

აფხაზებისა და ოსებისათვის საქართველო შეიძლება კიდევ უფრო მიმზიდეველი გახდეს ვიზალიბერალიზების შემდეგ, რასაც ქართველები თვითონაც მოუთმენლად ელოდებიან: მათ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. ბუნებრივია, ამ სიკეთით აფხაზებიც და ოსებიც ისარგებლებენ, თუ ისინი ქართულ პასპორტებს აიღებენ.

„ჩვენ ახლა რაღაც მნიშვნელოვანი შედეგი გვჭირდება, რომ ხალხმა თვალნათლიოვ დაინახოს, იგრძნოს, რომ პროდასავლური ორიენტაცია მისთვის სასარგებლოა, მაგალითად, ის, რომ მათ ევროპაში თავისუფლად მოძრაობა შეუძლიათ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში პრორუსი პოლიტიკოსები ისარგებლებენ“, – ამბობს თინა ხიდაშელი.

პრორუსი პოლიტიკოსების არგუმენტი ასეთია: „ევროკავშირი და ნატო საქართველოს თავის რიგებში არ მიიღებენ. ეს ილუზიაა, დაივიწყეთ“. რუსული პროპაგანდა ქართველებს ჩასჩიჩინებს: „ევროპა თქვენს რელიგიურ აღმსარებლობას შეგიზღუდავთ; ევროპაში ბავშვებს ვერ მონათლავთ; ევროპაში მიღების კანდიდატმა ქვეყნებმა ერთსქესიანთა ქორწინება უნდა დააკანონონ“. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული საზოგადოება კონსერვატიულია, გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთები ევროპას სკეპტიკურად უყურებენ. ამიტომაც, ალბათ, კარგი იქნება, თუ ქართველები საკუთარი თვალით დაინახავენ ევროპელების ცხოვრებას.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტში პრორუსული პოლიტიკოსების შესაძლო მოხვედრას, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გვამშვიდებს: „ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები მიდის“. ამ შემთხვევაში დაპირისპირება [ქუჩიდან] პარლამენტში გადაინაცვლებს. ეს შეიძლება სტაბილურობის ნიშნადაც ჩაითვალოს.

——–

ავტორი საქართველოში იმყოფებოდა ჟურნალისტიკის ევროპული ცენტრის ეგიდითა და  და ევროპის კომისიის დაფინანსებით.

«Die Welt» (გერმანია), 17 აპრილი, 2016 წელი

http://www.welt.de/politik/ausland/article154428584/Visumfreiheit-fuer-Tuerken-in-der-EU-nur-unter-Vorbehalt.html

უვიზო რეჟიმი თურქებისათვის, მაგრამ შენიშვნით

სავარაუდოდ, იგივე შენიშვნა შეიძლება გავრცელდეს საქართველოსა და უკრაინაზეც

ევროკავშირის მიერ თურქეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში, რომელიც ხელი მიმდინარე წლის ივნისში უნდა მოეწეროს, სავარაუდოდ, შეტანილი იქნება  ე.წ. „გადავადების“ პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება განუსაზღვრელი და სამიდღემჩიო არ იქნება. შესაბამისად, ვიზა-ლიბერალიზაციაც, თუ საჭირო გახდება, იოლად იქნება გაუქმებული ან გადავადებული, – წერს გერმანული გაზეთი „ველტი“ 17 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ქრისტოფ შილტცი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ასეთ გადაწყვეტილების მიღება სურთ რიგ ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას და საფრანგეთს. ამის მიზეზად დასახელებულია მიგრაცია და ადამიანის უფლებების დაცვა: თუ თურქეთი ადამიანის უფლებების დაცვასა და მიგრანტების შეჩერების თაობაზე ევროკავშირთან ხელმოწერილ შეთანხმებების პირობებს არ დაიცავს, მაშინ ანკარას კვლავ სავიზო რეჟიმი დაუბრუნდება.

გაზეთის ინფორმაციით, ევროპელი დიპლომატები დაბეჯითებით მოითხოვენ, რომ ამგვარი შესწორება-შენიშვნა აუცილებლად იქნეს შეტანილი მესამე ქვეყნებთან დაგეგმილ შეთანხმებებში სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, კერძოდ, ეს ეხება ვიზა-ლიბერალიზაციას არამარტო თურქეთთან, არამედ კოსოვოსთან, საქართველოსთან და უკრაინასთან.

ბრიუსელის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა უახლოეს ხანში მოსალოდნელია. ეს საკითხი ინტენსიურად იქნება განხილული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირზე, რომელიც 21 აპრილს ლუქსემბურგში უნდა ჩატარდეს.

«Голос Армении» (სომხეთი), 16 აპრილი, 2016 წელი

http://golosarmenii.am/article/39752/glavnaya-zadacha-–-snyat-blokadu

მთავარი ამოცანა – ბლოკადის მოხსნა სომხეთისათვის

„ქართველი ხალხის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი სიამოვნებით ასხამს წყალს თურქებისა და აზერბაიჯანელების „წისქვილზე“

რამდენიმე დღის წინ მოსკოვის ლიტერატორთა სახლში ჩატარდა მემორიალური საღამო, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში (თურქეთში) სომხების გენოციდის 101-ე წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ცნობილი სომეხი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე, მეცენატი ვარტკეზ არწრუნი, რომელსაც გაზეთ „გოლოს არმენიის“ კორესპონდენტმა სარქის სარქისიანმა ინტერვიუ ჩამოართვა.

ჟურნალისტთან საუბრისას სომეხმა ქველმოქმედმა აღნიშნა, რომ 1915 წელს მომხდარი გენოციდი დღეს თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან კვლავ მეორდება, მაგრამ შედარებით უფრო დახვეწილი ფორმით. „თითქმის 25-წლიანმა ბლოკადამ სომხეთის ეკონომიკა ფაქტიურად დაანგრია. ამიტომაც რუსეთმა როგორც სომხეთის სტრატეგიულმა მოკავშირემ, აზერბაიჯანს ულტიმატუმი უნდა წაუყენოს – ან ბაქო მოახდენს რკინიგზის განბლოკვას, ან მოსკოვი დაბლოკავს რკინიგზას. მესამე ვარიანტი არ არსებობს“, – განაცხადა ვარტკეზ არწრუნმა. ინტერვიუში იგი შეეხო სომხეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულებასაც.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- სომხეთის ბლოკადას თან ახლავს ახალი სარკინიგზო მაგისტრალის „ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის“ მშენებლობა…

- დიახ, მაგრამ არ მესმის, ამაზე რატომ არავინ არაფერს ამბობს. მაშინ როცა უკვე არსებობს „გიუმრი-ყარსის“ სარკინიგზო ხაზი, „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის მშენებლობა არამარტო ანტისომხურ, არამედ ანტირუსულ პროექტსაც წარმოადგენს. თუ ამ პროექტით ჩვენს ნტრებს და არაკეთილმმსურველებს, საქართველოს მეშვეობით, სომხეთის სრული იზოლირების გეგმა აქვთ ჩაფიქრებული, მაშინ რუსეთისათვის ძალიან საშიშია ამ რკინიგზაში ჩინეთის ჩართვა. მოსკოვს უნდა აღელვებდეს ის ფაქტი, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით არამარტო მშვიდობიანი ტვირთის გადატანა შეიძლება… გარდა ამისა, გამორიცხული არაა გიუმრიში დისლოცირებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ბლოკირება და ჯავახეთის სომხური მოსახლეობის მიმართ რაიმე პროვოკაციის მოწყობა, კარგად შემუშავებული სქემით… ვთქვათ და ვიღაც სარკინიგზო შემადგენლობას ააფეთქებს, შემდეგ ამას სომხებს დააბრალებენ და დაიწყებენ მათ გასახლებას რკინიგზის ზონიდან, იმავე ადგილებზე  თურქების ჩასახლების მიზნით. ამით ასრულდება თურქული ისტებლიშმენტის საუკუნო ოცნება – დიდი თურანის შექმნა, ალბანეთიდან ჩინეთის სინძიან-უიღურის ავტონომიურ რაიონამდე. შესაბამისად, თურქეთის გეგმების განხორციელება  ჩინეთისთვისაც არ იქნება კარგი.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი თურქებისა და აზერბაიჯანელების არნიამოფობიურ (სომეხთმოშიშეთა) წისქვილზე წყალს სიამოვნებით ასხამენ და ამისთვის ყველანაირ შესაძლებლობას იყენებენ. მაგალითად, [აქ, მოსკოვში], ჩვენს თვალწინ, ვიღაც ვახტანგ ჯანაშია, რომელიც გაზეთ „მეტროს“ რედაქციაშია შემძვრალი, მოსკოველებს ყოველდღე კვებავს ანტისომხური სტატიებით. კაცმა ხელობად გაიხადა ერთაშორისო სიძულვილის გაღვივება და ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს, თუმცა რუსეთში მსგავსი მოქმედება სისხლის სამართლებრივად დასჯადია. ასეთი მიდგომა ქართველებს იქამდე მიიყვანს, რომ საქართველო საერთოდ აღარ იარსებებს. ქვემო ქართლის მხარის სამ რაიონში (მარნეულში, ბოლნისში, დმანისში) აზერბაიჯანელები უკვე აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ“.

Comments are closed