globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 18th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): თურქეთის პრეზიდენტის გაძლიერება და საქართველოს ინტერესები // „თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, ხოლო საქართველო – ნატოს ასპირანტი და მხოლოდ ეს მიზეზიც საკმარისია იმის სათქმელად, რომ თურქეთში მიმდინარე პროცესები ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე არანაირად არ უნდა აისახოს“

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი): გზა თვითონ გვიჩვენებს… // რა უშლის ხელს სამხრეთ ოსეთს, რომ რუსეთის ნაწილი გახდეს?

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისი სერგეი ლავროვს აკრიტიკებს // რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სოხუმში ხაზს უსვამს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების მნიშვნელობას

«Комсомольская правда» (რუსეთი): აფხაზების ფიცი-მტკიცი: „რუსები ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ბიზნესს და ქონებას ეს არ ეხება“

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 17 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/turketis-prezidentis-gadzliereba-da-sakartvelos-interesebi/28435509.html

თურქეთის პრეზიდენტის გაძლიერება და საქართველოს ინტერესები

თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, ხოლო საქართველო - ნატოს ასპირანტი და მხოლოდ ეს მიზეზიც საკმარისია იმის სათქმელად, რომ თურქეთში მიმდინარე პროცესები ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე არანაირად არ უნდა აისახოს

ლელა კუნჭულია

საერთაშორისო თანამეგობრობა შიშობს, რომ 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად, თურქეთის პრეზიდენტის ხელში განუზომლად დიდი, დაუბალანსებელი ძალაუფლების თავმოყრა გახდება შესაძლებელი და ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ხმების დათვლის შედეგად გაირკვა, რომ რეფერენდუმის მონაწილეთა 51%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი თურქეთის გადაქცევას საპრეზიდენტო რესპუბლიკად, რომლის პრეზიდენტიც აღჭურვილი იქნება ძლიერი ბერკეტებით – მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, აკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება და გამოსცეს კანონის ძალის მქონე განკარგულებები. როგორ აღიქმება მეზობელ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები საქართველოს თვალით და რა პროცესებია მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთი კიდევ უფრო დაშორდება დემოკრატიულ ფასეულობებს?

თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოანს, შესაძლებლობა ექნება 2029 წლამდე შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოსტი, ერთპიროვნულად დანიშნოს მინისტრები, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, გამოსცეს კანონის ძალის მქონე განკარგულებები, შეარჩიოს მოსამართლეები თუ დაშალოს პარლამენტი. თურქეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაქმნისა და პრეზიდენტის ისედაც ფართო უფლებების კიდევ უფრო გაფართოების ბერკეტები ასახულია 18 პუნქტისგან შემდგარ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტში, რომლის მიმართ დამოკიდებულებაც თურქეთის მოქალაქეებმა 16 აპრილს რეფერენდუმზე გამოხატეს.

მაშინ როცა ძალაუფლების გაფართოებასა და განმტკიცებას რეჯებ ერდოანის მომხრეები სწრაფი და ეფექტიანი რეფორმების განხორციელების ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევენ, მოწინააღმდეგეები და საერთაშორისო თანამეგობრობა დემოკრატიის შესაძლო ხელყოფასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე აკეთებენ აქცენტს. კვირა საღამოს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი. იგრძნობა, რომ ანკარისკენ მიპყრობილია ბრიუსელის საგანგებო ყურადღება: „საკონსტიტუციო ცვლილებები და, განსაკუთრებით, პრაქტიკაში მათი განხორციელება შეფასდება თურქეთის იმ ვალდებულებათა ჭრილში, რომლებიც მას აქვს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასა და ევროსაბჭოს წევრ ქვეყანას. მოვუწოდებთ თურქეთს გაითვალისწინოს ევროსაბჭოს შეშფოთება და რეკომენდაციები, მათ შორის – საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით“.

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ, რეფერენდუმის შედეგებში მცირე სხვაობისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შორს მიმავალი მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, თურქეთის ხელისუფლებამ უნდა მიაღწიოს რაც შეიძლება უფრო ფართო ეროვნულ კონსენსუსს ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში.

ანალიტიკოსებისთვის ნათელია, რომ ევროკავშირის იმედების გაცრუება უკვე დიდი ხანია დაიწყო თურქეთის ლიდერმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა და, კერძოდ, მას შემდეგ, რაც 2016 წლის 15 ივლისის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების კვალდაკვალ ქვეყანაში უმკაცრესი რეპრესიული ზომების გატარება დაიწყო და დააპატიმრეს სხვადასხვა პროფესიის 10 ათასზე მეტი ადამიანი. ბოლო პერიოდში ძალიან მკაცრი იყო ბრიუსელის მისამართით თავად რეჯებ ტაიპ ერდოანის რიტორიკაც, რეფერენდუმის წინა პერიოდში მან არაერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთი თავად იტყვის უარს ევროკავშირის წევრობაზე და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, რეფერენდუმიც ჩატარდეს. ანკარის მხრიდან ლაპარაკი იყო ასევე სიკვდილით დასჯის აკრძალვის გაუქმებაზე, რასაც ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხრიდან.

ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგების პრაქტიკაში დანერგვისა და პრეზიდენტ რეჯებ ერდოანის ძალაუფლების დაუბალანსებლად გაძლიერების შემდეგ, თურქეთი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაშორდება დემოკრატიულ მმართველობას, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააუარესოს ანკარის ურთიერთობა დასავლეთთან. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები საქართველომაც იწვნიოს.

თუკი თურქეთმა მუსტაფა ქემალ ათათურქის გზიდან გადაუხვია და საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიასა და დასავლურ ფასეულობებს, ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, შესაძლოა, იმპერიალისტურმა ამბიციებმაც იმძლავროს და მაშინ საქართველოს ახალი თავსატეხი გაუჩნდება თავის ტერიტორიაზე ანკარის რბილ ძალასთან გამკლავების კუთხით. თუმცა, როგორც ზაალ ანჯაფარიძე რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნავს, შეუძლებელია ბოლომდე გაფუჭდეს ურთიერთობა თურქეთსა და დასავლეთს შორის, რადგანაც ნატოს წევრი თურქეთი ძვირფასი პარტნიორია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. ამასთან, ურთიერთობის გაწყვეტა არც თურქეთს აძლევს ხელს: „ჩემი აზრით, არ შედის ერდოანის ინტერესებში ევროპასთან ურთიერთობებში წითელი ხაზების გადაკვეთა, ისევე როგორც არც ევროპის ინტერესებში შედის თურქეთის ერთგვარი განკვეთა და მისთვის ხელის კვრა. არც იმ პროგნოზებს ვიზიარებ, რომ სერიოზულად გადაიხედება ნატოსა და თურქეთის ურთიერთობები… უბრალოდ, თურქეთი მოითხოვს უფრო მეტი პატივი სცენ მას, როგორც ახალ რეგიონულ ლიდერს. ხოლო რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, პირადად მე რაიმე ისეთ, დრამატულ ცვლილებებს არ მოველი“.

ამ ეტაპზე თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობაში ცვლილებებს არც საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი რუხაძე მოელის. როგორც მან აღნიშნა 17 აპრილს, რადიო „თავისუფლების“ პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნები, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველანაირად შეეცდებიან შეინარჩუნონ კარგი პარტნიორული ურთიერთობა თურქეთთან, ასე მოიქცევა თურქეთიც და კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაზე საქართველომაც უნდა იზრუნოს:

„როგორიც არ უნდა იყოს, თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, ხოლო საქართველო არის ნატოს ასპირანტი ქვეყანა და მხოლოდ ეს მიზეზიც საკმარისია იმის სათქმელად, რომ თურქეთი, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, არის იმ ბლოკის წევრი, რომლისკენაც მიისწრაფვის საქართველო… რეგიონში არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ამ ბლოკის წევრია და არიან რიგი ქვეყნები, რომლებიც, პირიქით, საქართველოს მოწინააღმდეგე სამხედრო ბლოკის წევრები არიან… აქედან გამომდინარე, არანაირად არ უნდა აისახოს ის ყველაფერი, რაც ახლა ხდება თურქეთში, ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე, საქართველოს ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე“.

გიორგი რუხაძის თქმით, ყველაზე უფრო „მსხვილი საშიშროება“, რამაც, შესაძლოა, სერიოზულად დააზარალოს თურქეთისა და ევროპული ქვეყნების ურთიერთობები, სიკვდილით დასჯის აკრძალვის გაუქმებას უკავშირდება. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ თუკი თურქეთმა კვლავაც დააბრუნა სიკვდილით დასჯა, ამას მას არ აპატიებს ევროკავშირი და ევროსაბჭო და, შესაბამისად, ანკარა იზოლაციაში აღმოჩნდება. თუმცა გიორგი რუხაძე მოვლენათა ამგვარად განვითარებას ნაკლებად მოელის და ფიქრობს, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, როცა რეჯებ ტაიპ ერდოანი მიხვდება, რომ მის მიზნებს საფრთხე აღარ ემუქრება ქვეყნის შიგნით, ის შეეცდება შეარბილოს თავისი რიტორიკა ევროკავშირთან მიმართებით. ეს იქნება პრაგმატული სვლა, რადგანაც მისთვის შეუძლებელი იქნება თურქეთის კეთილდღეობაზე ზრუნვა ევროკავშირის დახმარების გარეშე.

რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობას, ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეს დიდწილად დასავლეთთან თურქეთის ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული და თუკი ანკარა არ გაწყვეტს ურთიერთობას ბრიუსელთან, შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე სახის გარდამტეხ კავშირზე მოსკოვსა და ანკარას შორის. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ის, რაც მსოფლიომ ბოლო პერიოდში იხილა, იყო „ხანმოკლე ფლირტი“ დასავლეთზე განაწყენებულ თურქეთსა და რუსეთს შორის, რომლის სიმყიფეც კარგად გამოაჩინა ბოლო ხანებში სირიის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა.

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი), 14, 16-23 აპრილი, 2017 წელი

http://kommersant.ru/doc/3267685

გზა თვითონ გვიჩვენებს…

რა უშლის ხელს სამხრეთ ოსეთს, რომ რუსეთის ნაწილი გახდეს?

„სამხრეთ ოსეთში ცხრა აპრილს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ახალი პრეზიდენტი მოსახლეობას რესპუბლიკის რუსეთში შემადგენლობაში გაერთიანებას აღუთქვამს. „კომერსანტ-ვლასტმა“ გამოარკვია, რატომ არ შეუძლია სამხრეთ ოსეთს ყირიმის ბედის განმეორბა, როგორ იცვლება რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში და რატომ მიდის ოფიციალური ვიზიტით სერგეი ლავროვი აფხაზეთში“, – ასე იწყება ჟურნალის ვრცელი სტატია, რომელშიც სპეციალური კორესპონდენტის ოლრა ალენოვას მიერ სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციაა გადმოცემული.

ავტორი ესაუბრება ცხინვალელ პოლიტოლოგს, სამხრეთ ოსეთის სახ.უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრის ლექტორს დინა ალბოროვას. მისი თქმით, „ედუარდ კოკოითის პრეზიდენტობისაგან განსხვავებით, ლეონიდ თიბილოვის მმართველობის დროს სიტუაცია უფრო სტაბილური გახდა, ადამიანებს აღარ იტაცებენ, თავს არ ესხმიან, სხვა აზრის მქონე ადამიანებს აღარ სცემენ, ცხინვალი ცოტა ქალაქს დაემსგავსა, ქუჩები გარემონტდა, მაგრამ ხალხი მაინც გაჭირვებულად ცხოვრობს, ეკონომიკა ჩამკვდარია, მხოლოდ რამდენიმე კერძო საწარმო მუშაობს, ადამიანები გარბიან, ადგილობრივი ბიზნესი არ არსებობს, ყველაფერი რუსეთიდან შემოდის, მწვანილის ჩათვლით. ყველგან კორუფცია და ნათლიმამობა ბატონობს. ხელისუფლება საერთაშორისო აღიარებისათვის არაფერს აკეთებს, რესპუბლიკა იზოლაციაშია… დაბალ დონეზეა სამედიცინო მომსახურება, განათლების სფერო, ხელფასები მიზერულია“.

ახალ პრეზიდენტს ბევრი პრობლემის მოგვარება მოუწევს. ანატოლი ბიბილოვს რაიმე პროგრამა არ ჰქონია, რომელიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება. ამომრჩეველმა მას ხმა მხოლოდ იმიტომ მისცა, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა მოსწონდათ. ელექტორატმა დაიჯერა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთში მალე გაერთიანდება და მათი მდგომარეობაც გაუმჯობესდება, მაგრამ საეჭვოა, რომ ანატოლი ბიბილოვმა თავის მიზანს მიაღწიოს. იმიტომ, რომ ამაში მოსკოვი დაინტერესებული არ არის: საერთაშორისო არენაზე პრობლემები წარმოიქმნება. გარდა ამისა, თუ რუსეთი სამხრეთ ოსეთს მიიერთებს, საქართველოს შეუძლია მოსკოვის ერთადერთი გეოპოლიტიკური მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში – სომხეთი ბლოკადაში მოაქციოს: ერევნისათვის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ხომ საქართველოს ტერიტორიაზე, ზემო ლარსზე გადის.

გასაგებია, რომ სომხეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზას მუდმივი მომარაგება ჭირდება, მაგრამ რადგანაც საქართველოს სამხედრო გზა დიდი შეფერხებებით მუშაობს, შესაბამისად, საჭიროა ალტერნატიული გზის მოძებნა, მით უმეტეს, საქართველო-ნატოს აქტიური თანამშრომლობის ფონზე. ბოლო დროს დიდი ხნის ნანატრი ალტერნატივა გამოჩნდა – საბორნე მიმოსვლა შავი ზღვის ნავსადგურების მეშვეობით, თუმცა ამ ტრანსპორტით სარგებლობა ძვირი ჯდება. ამიტომაც, რუსეთი არ წყვეტს სხვა სატრანსპორტო დერეფნების ძიებას: თბილისთან ნიადაგის მოსინჯვას ცდილობს, კულუარულ მოლაპარაკებებს აწარმოწბს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.

ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა ამიერკავკასიის რკინიგზის აფხაზეთის უბანზე მოძრაობის აღდგენა, ამ მიზნით რუსეთმა აფხაზეთს ორმილიონიანი კრედიტი ჯერ კიდევ 2008 წელს მისცა. იმ დროს ხმები ვრცელდებოდა, რომ აფხაზეთის რკინიგზა იჯარით რუსეთის რკინიგზებს გადაეცაო, მაგრამ ეს არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია. ამჟამად ელექტრომატარებლები ფსოუდან ოჩამჩირემდე დადიან. არ მუშაობს მხოლოდ გალი-ზუგდიდის მონაკვეთზე, სადაც რკინიგზა აყრილია ჯერ კიდევ 1992-93 წლის ომის დროიდან, ენგურის ხიდი კი აფეთქებული. თუ რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება, მაშინ სწრაფად ანაზღაურდებოდა მისი რემონტზე დახარჯული თანხები, მაგრამ, სამწუხაროდ, სოხუმ-თბილისს შორის ამ მხრივ ჯერ-ჯერობით გადაულახავი დაბრკოლება არსებობს. აფხაზური მხარის აზრით, თუ რკინიგზაზე მოძრაობა აღდგება, მაშინ მხოლოდ ტვირთების ტრანზიტისათვის, მგზავრთა გადაადგილება არ მოხდება. ქართული მხარე კი კატეგორიულია: თუ რუსეთს ეს რკინიგზა ჭირდება, მაშინ კეთილინებოს და საქართველოს ინტერესები გაითვალისწინოს. რაში გამოიხატება თბილისის ინტერესები? აი, რას ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილე სერგი კაპანაძე  „კომერსანტ-ვლასტის“ სპეცკორესპონდენტთან საუბარში: „თუ საქართველოს მოქალაქეები ამ რკინიგზით ვერ ისარგებლებენ, მაში რაში გვჭირდება მისი გახსნა?“. გარდა ამისა, საქართველო აცხადებს, რომ ამ საკითხზე მხოლოდ მოსკოვს დაელაპარაკება, სოხუმთან კონტაქტები არ სურს.

სამი-ოთხი წლის წინათ რკინიგზის აღდგენის საკითხი თითქოსდა ადგილიდან დაიძრა, როცა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რკინგზის ამოქმედება საჭიროა საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვისო. მას მოჰყვა რუსეთის რკინიგზების ხელმძღვანელის ვლადიმირ იაკუნიონისა და სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პოზიტიური გამოხმაურება, მაგრამ საქართველოში საპროტესტო განწყობების ზრდისა და ოპოზიციის გააქტიურების კვალობაზე თბილისს მოსკოვთან მოლაპარაკება უძნელდება. მოკლედ, ეს პრობლემა პერმანენტულად დღის წესრიგშია, მაგრამ მოგვარება რთულია. სულ ბოლოს აფხაზეთის რკინიგზის შესახებ თბილისს და მოსკოვს საუბარი თებერვალში ჰქონდათ, აბაშიძე-კარასინის ფორმატში, როცა რუსეთის ინიციატივით აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე გამავალი სავაჭრო დერეფნების ამოქმედების შესახებ იმსჯელეს. 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად, როცა რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში  წევრიანდებოდა, თბილისი და მოსკოვი შეთანხმდნენ, რომ შეიქმნებოდა სატრანსპორტო დერეფნები საბაჟო პუნქტებით, ტვირთების გადაადგილებისა და მათი გაკონტროლების მიზნით, შვეიცარიის დახმარებით.

„ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (ვმო) ითხოვდა, რომ მის წევრებს შორის თანასწორი ვაჭრობა ყოფილიყო, ჩვენ კი ვამბობდით, რომ ვერ გავიგებდით, თუ რა შევიდოდა ჩვენს მიერ არაკონტროლირებულ ტერიტორიებზე, ვიღაცას ხომ უნდა შეემოწმებინა ტვირთების მოძრაობა. ამ მიზნით ხელი მოეწერა სპეციალურ შეთანხმებას, თუმცა ამ დოკუმენტს არ უმუშავია და დერეფნებით დახურული იყო“, – ამბობს სერგი კაპანაძე, – ადრე რუსეთს არ აინტერესებდა ამ შეთანხმების შესრულება, ახლა კი, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა, მოსკოვს ტრანზიტი ჭირდება, მაგრამ შეთანხმების პირობების შესრულების (ანუ სავაჭრო დერეფნების ამოქმედების) გარეშე ეს შეუძლებელია“.

პოლიტიკურ-დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების საკმაოდ დიდი ხნით გაწყვეტის შედეგად საქართველო სწრაფად გადის რუსეთის გავლენის ზონიდან. 2014 წელს ძალაში შევიდა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე, 2016 წელს კი შეთანხმება ასოცირების შესახებ, ხოლო მიმდინარე წლის მარტში ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისათვის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. ინტენსიურად ვითარდება საქართველო-ნატოს თანამშრომლობაც: ალიანსის ლიდერები რეგულარულად აცხადებენ, რომ საქართველო ამ ორგანიზაციაში აუცილებლად გაწევრიანდებაო.

მოსკოვს სულ უფრო ნაკლერბი ბერკეტები რჩება საქართველოზე გავლენის მოსახდენად და თუ რუსეთი, ვთქვათ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს, უკვე დაგვიანებულიც კი იქნება: მას ისეთი ეფექტი აღარ ექნება, როგორიც, დავუშვათ, ექვსი თვის ან ერთი წლის წინ ექნებოდა. თუმცა აშკარაა, რომ მოსკოვის დაინტერესება საქართველოსთან ურთიერთობით უკიდურესად მაღალია და ასეთ სიტუაციაში სამხრეთ ოსეთის გადაქცევა რუსეთის ფედერაციის სუბიექტად არ განხორციელდება, რადგან მოსკოვს თბილისი ძალიან ჭირდება რეგიონული პარტნიორის სახით.

აშკარაა, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს უახლოეს მომავალში სერიოზული ცვლილებები ელოდებათ. „ტრანზიტის საკითხზე სამხრეთ ოსეთზე გავლით უკვე მსჯელობენ, დღის წესრიგი მზადდება და ამაზე რომ არ ვილაპარაკოთ, უფლება არ გვაქვს“, – ამბობს დინა ალბოროვა. მას ეთანხმება პარტია „ახალი ოსეთის“ ლიდერი დავით სანაკოევი, რომლის თქმით, ხელისუფლებამ ამ საკითხში ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.

„სამხრეთ ოსეთი, ჩვეულებრივ, თავის ინტერესებს რუსეთის ინტერესებზე მაღლა არ აყენებს, მაგრამ ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ტვირთების ტრანზიტი ჩვენთვისაც სასარგებლო იყოს. ავტომაგისტრალი ხომ ცხინვალზე გადის, ჩვენს ტერიტორიაზე და ეს დაკავშირებულია ეკოლოგიური სიტუაციის გაუეარესებასთან. თუ მხოლოდ დაზარალებულ ბუნებას მივიღებთ, მაშინ დათანხმება არ გამოვა, მაგრამ თუ ტრანზიტისგან შემოსავლები ჩვენს ბიუჯეტში შემოვა, თუ თანხები ბიზნესის განვითარებასაც მოხმარდება, მაშინ ღირს ამ საკითხზე მსჯელობა“, – ამბობს დინა ალბოროვა.

მოსკოვისათვის უფრო ძნელია ტრანზიტზე აფხაზეთის დაყოლიება. მარტის თვეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სედეგად რესპუბლიკის 35 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში ათი ოპოზიციური და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატი შევიდა. ეს პოლიტიკოსები ნაციონალისტურად არიან განწყობილნი და ხშირად არ ეპიტნავებათ მოსკოვის კარნახი. გარდა ამისა, თვითონ აფხაზური საზოგადოებაა საკმაოდ თავისუფალი მოსკოვის გავლენისაგან. მაგალითად, მოსკოველი ჩინოვნიკებმა ვერა და ვერ მიაღწიეს აფახაზეთის პარლამენტისაგან იმ კანონის მიღებას, რომელიც ნებას მისცემდა უცხოეთის მოქალაქეებს (ცხადია, პირველ რიგში რუსებს) აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენაზე.

კორესპონდენტი ესაუბრება აფხაზ საზოგადო მოღვაწეს, პარლამენტის ექს-დეპუტატს, ორგანიზაცია „აფხაზეთი ჩვენი სახლია“ ხელმძღვანელს ალხას თხაგუშევს. მისი თქმით, უძრავი ქონების პრობლემისაგან განსხვავებით, რომელშიც აფხაზები მხოლოდ რუსული ელიტის კერძო ინტერესებს ხედავენ, ტვირთების ტრანზიტი აფხაზეთის გავლით უფრო სერიოზულ საკითხს წარმოადგენს: „აქ უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესები აშკარად ჩანს. ამიტომ, თუ ჩვენი ქვეყნების ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული, მაშინ, ალბათ, ამ საკითხის განხილვა შეიძლება. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველაფერი ისევ თბილისის პოზიციას  არ შეეჯახება. რკინიგზის საკითხზე მოლაპარაკების დროს საქართველოს არ სურს, რომ ერთ-ერთ მხარედ აფხაზეთი იყოს, მაგრამ წარმოუდგენელია ჩვენ რომ მონაწილეობა არ მივიღოთ იმ მოლაპარაკებაში, რომელიც ჩვენივე ტერიტორიაზე ტრანზიტს ეხება. ვინ უზრუნველყოფს ტვირთების უსაფრთხოებას აფხაზეთის ტერიტორიაზე? ეს ეხება საავტომობილო ტრანზიტსაც. გალის რაიონში, საზღვრისპირა ადგილებში, სიტუაცია არასტაბილურია. გარდა ამისა, დიდი სატვირთო ნაკადი ბევრ სხვა პრობლემებსაც წარმოქმნის. ცხადია, ტრანზიტი ეკონომიკურად მომგებიანი იქნება საქართველოსთვისაც და აფხაზეთისთვისაც, ორივე თავის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად შეავსებს, მაგრამ, სამწუხაროდ, თბილისს ჯერ-ჯერობით ვერ მოუხერხებია მეზობლებთან თავისი ეკონომიკური ურთიერთობების დეპოლიტიზება. თუ საქართველო საკუთარ თავში ძალას იპოვის და კომპრომისზე დათანხმდება, მაშინ ტრანზიტით აფხაზეთიც უფრო მეტად დაინტერესდება“.

18-19 აპრილს სოხუმს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უნდა ეწვიოს. ეს მისი მესამე ვიზიტი იქნება რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ მინისტრის ვიზიტის მიზანი მხოლოდ „რუსეთის საელჩოს შენობის ახალი კომპლექსის“ გახსნა წარმოადგენს, როგორც ეს საგარეო საქმეთა უწყებამ გამოაცხადა. როგორც ჩანს, რუს დიპლომატს მოუწევს პრინციპულად მოელაპარაკოს აფხაზ პარტნიორებს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესების არსზე მსოფლიოს ამ ნაწილში.

«Независимая газета» (რუსეთი), 18 აპრილი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-04-18/2_6976_lavrov.html

თბილისი სერგეი ლავროვს აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სოხუმში ხაზს უსვამს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების მნიშვნელობას

სტატია ეხება აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს, რომელიც დღეს, 18 აპრილს უნდა გაიმართოს (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური პოზიცია (ავტორი იმოწმებს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას: „სერგეი ლავროვის ჩასვლას სოხუმში თბილისისადმი მეგობრულ ნაბიჯს ვერ ვუწოდებთ“), აგრეთვე ქართველი ექსპერტების  პოლიტოლოგების ნიკა ჩიტაძისა და ნოდარ ხარშილაძის თვალსაზრისები.

„თბილისში მიაჩნიათ, რომ სერგეი ლავროვში აფხაზეთში მხოლოდ რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გასახსნელად არ ჩადის. ამგვარ ღონისძიებაში მინისტრის მონაწილეობა ძალიან გადაჭარბებულია. მისი რელაური მისია უფრო სერიოზული ხასიათისაა: როგორც ჩანს, აფხაზეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს სერგეი ლავროვი რკინიგზის ამუშავების საკითხზეც იმსჯელებს, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობს რუსეთის მოკავშირე სომხეთი… ალბათ, სერგეი ლავროვი ილაპარაკებს აგრეთვე თურქეთში გამართული რეფერენდუმის შედეგებზეც, რადგან იქ სულ უფრო მეტად აქტიურდება აფხაზური დიასპორა.

აფხაზი პოლიტოლოგი ინალ ხაშიგი ამგვარ ვერსიებს სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, „თურქეთის პრობლემატიკა, თუ ის მართლაც იქნება განხილული მოლაპარაკების დროს, რეფერენდუმთან კავშირში არ იქნება. რასაკვირველია, თურქეთში აფხაზური დიასპორის გავლენა შესამჩნევია, იქაურმა აფხაზებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ანკარა-მოსკოვის დაახლოებისათვის“. ინალ ხაშიგი არ ეთანხმება აგრეთვე იმ მოსაზრებას, რომ სერგეი ლავროვი რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენის საკითხს განიხილავს: მისი თქმით, რუსული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის სოხუმურ ვოიაჟს უფრო პროზაული მიზეზები აქვს. მაგალითად, დიდი ხანია, რაც აფხაზეთში ასეთი მაღალი რანგის მოსკოველი წარმომადგენლები არ ყოფილან, ახლა კი, როგორც ჩანს, დადგა მომენტი, რომ საჭიროა მხარეებმა [ზოგიერთების შესახსენებლად] ურთიერთობის მნიშვნელობა კვლავ დააფიქსირონ, საელჩოს შენობის გახსნა კი ამის გაჟღერების საბაბს წარმოადგენს. „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვიზიტის ორგანიზებაში დიდი როლი მიუღძვის აფხაზეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს დაურ კოვეს, რომელიც ენერგეიული და საქმიანი კაცია. ზოგადად კი ვიზიტი უფრო პოზიციების შეჯერებას ემსახურება, ე.წ. „წყალქვეშა დინებების“ გარეშე, რკინიგზის საკითხი კი უფრო მეორეხარისხოვანია“, – ხაზს უსვამს ინალ ხაშიგი „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტთან საუბარში.

აფხაზი პოლიტოლოგის თვალსაზრისს ირიბად ადასტურებს ზურაბ აბაშიძის ნათქვამიც: „ვაცხადებ, რომ აფხაზეთში რკინგზაზე მოძრაობის აღდგენაზე მე და გრიგორი კარასინს არ გვიმსჯელია“.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 18 აპრილი, 2017 წელი

http://www.kp.ru/daily/26667/3689390/

აფხაზების ფიცი-მტკიცი: „რუსები ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ბიზნესს და ქონებას ეს არ ეხება“

ვრცელ პუბლიკაციას გაზეთის ორ გვერდზე მეტი ეთმობა და მასში ასახულია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის შუქ-ჩრდილები: რა სურთ ერთმანეთთან სოხუმსა და მოსკოვს, რა პრობლემებია მაღ ურთიერთდამოკიდებულებაში, რაში გამოიხატება აფხაზებისა და რუსების მიზნები, მათი ინტერესები და ა.შ. (ავტორი – ვლადიმირ ვორსობინი).

როგორც სტატიაში აღნიშნული, ავტორის ვიზიტი სოხუმში ერთმა ფაქტმა გამოიწვია: მას მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა ზაალ თვალიაშვილმა უთხრა, რომ თუ სოხუმში ჩავიდოდა, იქნებ გუდაუთაში მოეძებნა და ენახა ნოდარ შაკრილი, აფხაზი ოფიცერი, რომელიც მან, ზაალ თვალიაშვილმა 1992-93 წლების ომის დროს სიკვდილს გადაარჩინა. „ბედმა გამიღიმა: გაზეთის რედაქციაში აფხაზეთში მცხოვრები რუსი მოხუცი ქალბატონის წერილი მივიღეთ, რომელშიც იგი დახმარებას გვთხოვდა – 40-იანი წლებიდან აქ ვცხოვრობ, აფხაზები კი ბინას მართმევენო. სწორედ იმ ხანებში აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა, აფხაზეთის საპატიო მოქალაქემ კონსტანტინე ზატულინმა მწარედ უსაყვედურა აფხაზების და განაცხადა – რას ნიშნავს, რომ დეპუტატობის ასი კანდიდატი გყავთ და მათგან მხოლოდ ერთი კაცია რუსული გვარის მქონე? და საერთოდ, რატომ არ შეუძლიათ აფხაზეთში მცხოვრებ რუსებს ბინისა და სხვა უძრავი ქონების, მათ შორის მიწის ყიდვა? რუსეთში მცხოვრებ აფხაზებს კი ამის უფლება აქვთ!’. მოკლედ, მე აფხაზეთში გავემგზავრე“, – წერს ავტორი. გზადაგზა იგი აღწერს აფხაზეთის რეალობას, როგორაა შეცვლილი ადგილობრივი ცხოვრება ბოლო წლების განმავლობაში…

ავტორი, ნოდარ შაკრილის ძებნაში, გუდაუთაში ყოფნისას ესაუბრება ადგილობრივ მცხოვრებს თემურ შაკრილს, ნოდარ შაკრილის ძმას. შაკრილების გვარი აფხაზეთში საკმაოდ გავლენიანია და საკითხებს გვაროვნულ კრებაზე (საბჭოებზე) წყვეტენ ხოლმე. ახლაც იგი სოხუმში მიდის კრებაზე დასასწრებად. ამგვარ საგვარეულო კრებებზე ბევრი საკითხი წყდება ხოლმე: მდიდრები ღარიბებს ეხმარებიან, ჩინოვნიკები თავიანთ ნათესავებს სამსახურში აწყობენ; თუ გვარის წარმომადგენელი რაიმე დანაშაულს ჩაიდენს  და მას ძალოვან სტრუქტურაში ნათესავი ჰყავს, ის მას აუცილებლად დაეხმარება… ასეთი საბჭოები ხშირად ასრულებენ პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციებს, საპყრობილეს შემთხვევაშიც კი. რასაკვირველია, ევროპელები ამის გაგონებაზე ცხვირს აიბზუებენ, მაგრამ მოდის, პირდაპირ ვთქვათ: არქაული წესია, მაგრამ სამართლიანი! თუ აფხაზი აფხაზს რაღაცაში აწყენინებს, მილიცია-პოლიციაში კი არ გარბიან, მათი პრობლემა გვარის კრებაზე წყდება – დამნაშავემ შეიძლება დანაშაული ფულით გამოისყიდოს, საბჭოზე ბიზნესისა და შვილების დასაქმების საკითხებსაც წყვეტენ… ოფიციალური ორგანოები კი საბჭოს გადაწყვეტილებებს ეტანხმებიან. ასეთი სისტემა, როცა სახელმწიფო მხოლოდ ლამაზი შირმაა, როგორც გინდა ისე ჩათვალე, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც საიმედოა“. ამის გადასადასტურებლად ავტორი იმოწმებს სოხუმში ამას წინათ მომხდარ ინციდენტს: მოხდა ისე, რომ მილიციამ ერთი გათავხედებული ხულიგანი დააკავა. მოგვიანებით მილიციელები მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს: ხულიგანი არძინბების გვარის წარმომადგენელი აღმოჩნდა, რომელიც აფხაზეთში გავლენით სარგებლობს. წინასწარი დაკავების იზოლატორთან არძინბები შეიკრიბნენ, სროლა ატეხეს ხულიგნის გათავისუფლების მოთხოვნით. მეორე დღეს ყველა მილიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, პროკურატურამ ისინი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა. ცხადია, ნაკლებად გავლენიანი კლანებისთვის სიმართლის პოვნა შედარებით ძნელია, ისინი უფრო ლოკალურად ცხოვრობენ, ერთმანეთს უფრო მეტად საკუთარი ძალებით ეხმარებიან, ჩინოვნიკებისა და სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევის გარეშე.

აფხაზური ცხოვრების წესს კარგად ეგუებიან სომხები, რომლებიც აქ გიგანტური კლანის (თემის) სახით არიან წარმოდგენილნი. აბა, რა, ტყუილად კი არ მიიღეს მათ პარლამენტში ოთხი მანდატი! რაც შეეხება რუსებს, ისინი აფხაზეთში კლანების გარეშე არსებობენ და იმიტომაც უუფლებონი არიან; არ ჰყავთ არც გავლენიანი ნათესავები, არც „თავიანთი კაცები“ მთავრობაში. ასეთ დროს რუსებისათვის ბინის წართმევა ძალიან იოლია. მოსკოვი შეეცადა აფხაზური იდილიის დარღვევას და სოხუმთან ხელი მოაწერა შეთანხმებას დამნაშავეობის წინააღმდეგ საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე, იმ პირობით, რომ ამ ცენტრში აფხაზებთან ერთად, რუსი პოლიციელებიც იმსახურებდნენ. „იმსახურონ, მაგრამ აფხაზის დაკავების უფლება მხოლოდ აფხაზ პოლიციელს ექნება“, – განაცხადა სოხუმის საზოგადოებამ. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში დამნაშავეობა ყვავის, შეთანხმება დაიმარხა.

ჩემმა აზრებმა კეთილი თემურ შაკრილი გაანაწყენა. იგი რუსებს ძალიან დიდ პატივს სცემს და უყვარს, მაგრამ ომის დროს მომხდარ ამბებს არ ივიწყებს: „რატომ მიგვატოვა რუსმა მოსახლეობამ ომის დროს და რუსეთში გაიქცა? რატომ არ იბრძოდნენ ისინი ჩვენს მხარდამხარ? კი, მათი სახლები აფხაზებმა დაიკავეს, მაგრამ ახლა რომ მოდიხარ და მეუბნები, ეს ჩემი სახლიაო, სინდისი არ გაქვს? შენ ხომ გაჭირვებაში არ დამეხმარე, სახლიც მიატოვე! მე ქართველების სამი სახლი მქონდა, სამხედრო ტროფეის სახით. ჩემი ძმები მათთან ბრძოლაში დაიღუპნენ. რა, არ მაქვს უფლება მოღალატე ქართველების სახლი დავიკავო?, – მეუბნება.

„მაგრამ თქვენ ხომ იმათ სახლებსაც იკავებთ, რომლებიც არ გაქცეულან… მათ ემუქრებით, სცემთ, აშანტაჟებთ… აი, სოხუმში კარგი რუსი ექიმი ცხოვრობდა, ომის დროს არსად წასულა, აფხაზებმა კი იგი სცემეს და იძულებული გახდა, აქედან გაქცეულიყო… მსგავსი ფაქტი მოხდა ახალ ათონში: მოხუცი რუსი მამაკაცი, პარალიზებული ადამიანი, ბინიდან გამოაგდეს. ეს ხომ უსამართლობაა?’, – მეც გავბრაზდი. სიჩუმე ჩამოვარდა. მივხვდი, რომ ცოტა გადავაჭარბე“, – წერს ავტორი.

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული რუსების უუფლებო მდგომარეობა აფხაზეთში. აღწერილია რუსეთის ვიცე-კონსულის მკვლელობის ფაქტი, რომელიც, როგორც ამბობენ, თანამემამულეთა უფლებების დაცვას შეეწირა – იგი აფხაზეთში მცხოვრები რუსების საჩივრებს იხილავდა (მკვლელი თითქოსდა იპოვეს, ჩეჩენი იუსუფ ლეკაევი, რომელიც ბათუმში ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს, მას 7 წელი მიესაჯა საზღვრის დარღვევისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისათვის. რუსეთს მის ექსტრადიცია არ უთხოვია). აღწერილია აგრეთვე რუსი ბიზმესმენების, მათ შორის იგორ ვაროვის ბედი, რომელსაც გაგრაში მაღაზიები წაართვეს.

ავტორი ესაუბრება ექს-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც პარლამენტის წევრად იქნა არჩეული, აგრეთვე პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მრჩეველს სარქის გასპარიანს. „რუსეთი უკვე დაიღალა აფხაზური ფინანსურ-კლანური „შავი ხვრელისგან“.. აფხაზეთი დროში გაიჭედა, მაგრამ ამაზე მხოლოდ ზალიან გამბედავები თუ ლაპარაკობენ. სოხუმის პატარა კეფეში პრეზიდენტის მრჩეველს სარქის გასპარიანს ველაპარაკები, რომელიც პირდაპირ მეუბნება – აფხაზეთს მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა გადაარჩენსო. მისი თანხმლები აფხაზი მეგობარი პროტესტს აცხადებს – „ჩვენი მოსახლეობა ამაზე არ დათანხმდება“. სარქისი ეუბნება – „კარგი, რა… კარგად იცი, რომ სხვა გამოსავალი არ გაქვთ“. ამ დროს სარქისის მეგობარი უცებ აფეთქდება და თითქმის ჰყვირის: „ძალიან სცდები. მოდი, გულწრფელად ვილაპარაკოთ. შენც ხომ კარგად იცი, რომ არცერთი აფხაზი რუსულ გადასახადებს არ გადაიხდის. პირდაპირ ძარცვა იქნება, ყველაფერზე ფული გადაიხადო – კომუნალურ მომსახურებაზე, მიწაზე, ტრანსპორტში… და ჩვენ ეს ფული რუს ოლიგარქებს უნდა მივცეთ? ისინი ხომ გაგვძარცვავენ“. მე დავფიქრდი. ჰო, ალბათ ეგრე იქნება. ჩემი ახალათონელი ნაცნობის სიტყვები გამახსენდა: „აფხაზები ძალიან ბრძენი ხალხია… ამიტომაც ცხოვრობენ მხოლოდ საკუთარი თავის სასარგებლოდ“.

რაც შეეხება მოსკოველი ქართველის ზაალ თვალიაშვილის თხოვნას, რომელმაც აფხაზი ნოდარ შაკრილი დახვრეტას გადაარჩინა და კორესპონდენტს მისი მოძებნა სთხოვა:

- „მე არ მინდა ზაალ თვალიაშვილთან შეხვედრა“, – მითხრა ნოდარ შაკრილმა, რომელიც დღეს კურორტ ბიჭვინთის ხელმძღვანელია და მიკროფონი გამომართვევინა, – არ მახსოვს ასეთი ქართველი.

- იქნმებ იმიტომ არ გახსოვთ, რომ უგონოდ იყავით? ზაალი ამბობს, რომ გადაგარჩინათ..

- შეიძლება, მაგრამ მე [ქართველებმა] ცუდად მიმკურნალეს, ჭრილობამ მთლად დამილპა… საერთოდ კი, როცა ტყვეების გაცვლა დაიწყო, თბილისელი თანაკურსელები უფრო დამეხმარნენ.

- მათთან თუ გაქვთ კავშირები?

- არ მაქვს. გამიგე, რომ აღარ მინდა ომის გახსენება…

აფხაზეთიდან გამგზავრების წინ ნოდარის ძმას – თემურს შევხვდი და ვისაუბრეთ.

- აქ აფხაზეთია, – მითხრა მან, – აქ არ უყვართ ამგვარი ისტორიების გახსენება – ქართველები, ტყვეობა…

- კარგი, მაგრამ მადლობის თქმას რატომ ივიწყებთ? – გამახსენდა რუსების პრობლემები აფსნში („სულების ქვეყანაში“), – იმედი მაქვს, აფხაზები მადლობის გადახდას პატივს სცემენ…

- კარგი, – თავი დამიქნია თემურმა, – საქართველოში თუ მოხვდები, იქნებ ერთი ქართველი მოძებნო, სახელად კუკური. იგი დასახვრეტად მიჰყავდათ, მე კი იგი გადავარჩინე. თბილისელი ბიჭი იყო, მთლად ახალგაზრდა, სროლაც კი არ იცოდა ნორმალურად, დამენანა… ჰოდა, კუკურიმ ომის შემდეგ წერილი გამომიგზავნა – ჩემი ოჯახი შენზე ლოცულობსო… ეჰ, მესმის, მაგრამ იმას რა ვუყო, რომ ქართველებმა ჩემი ბიძაშვილი ცოცხლად დაწვეს? მოკლედ, შენ ვერ გაგვიგებ. თქვენ რუსები, ასი მილიონი ხართ. შენ რუსი ხარ და არც გიომია. ჩვენ კი აფხაზები, ჩვენი მიწისთვის დღემდე ვიბრძვით“.

Comments are closed