«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოს ევროპული იმედგაცრუება
«Radio France Internationale» (საფრანგეთი): „როცა მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანას ტერიტორია არ ყოფნის“: რას წერს რუსეთ-საქართველოს შესახებ ფრანგული პრესა
«Актуальные комментарии//Укринформ» (რუსეთი//უკრაინა): მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა?
————
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 18 მაისი, 2015 წელი
http://www.ft.com/intl/cms/s/0/8edae8fe-fadc-11e4-84f3-00144feab7de.html#axzz3aOi6jXPV
http://russian.rt.com/inotv/2015-05-18/FT-Evropejskie-nadezhdi-Gruzii-obernulis
საქართველოს ევროპული იმედგაცრუება
(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)
„თუ საქართველოს პარლამენტის სპიკერს დავით უსუფაშვილს შეეკითხებით, „საქართველო ძველებურად – ისევე როგორც ათი წლის წინათ – მიისწრაფვის ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისკენო, უკრაინის ამბების მიუხედავად“, იგი გიპასუხებთ: „ეს ჩვენ კი არა, დასავლელ ლიდერებს უნდა შეეკითხოთო“, – ასე იწყება დიდი ბრიტანეთის გავლენიან ყოველდღიურ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია საქართველოს შესახებ (ავტორი – ნილ ბაკლი).
საქართველოს იმედი ჰქონდა, რომ მომავალ კვირას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე უვიზო რეჟიმით უზრუნველყოფას (ვიზალიბერალიზაციას) იზეიმებდა, თუმცა გეგმები გადაიდო. ქართველი ჩინოვნიკების აზრით, ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზეზებით მოხდა. გარდა ამისა, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, როცა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ამით რაიმე სარგებელი არაფერი უნახავთ. არადა, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობა ყველასათვის საგრძნობი იქნებოდა.
გასული წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტის დროს, უკრაინის აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველომ ვერ მიიღო დიდი ხნის ნანატრი ალიანში „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“. „რაც მე მსოფლიო პოლიტიკიდან გავიგე, ისაა, რომ რაც უფრო პატარაა სახელმწიფო, მას იმედგაცრუების მით უფრო ნაკლები უფლება აქვს“, – ამბობს დავით უსუფაშვილი, – „სიტყვა „იმედგაცრუება“ ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ“.
მაგრამ იმ ეკონომიკური ვარდნის ფონზე, რომელიც ნაწილობრივ მეზობელ რუსეთში მომხდარი რეცესიითაა განპირობებული და რომელმაც ქართული ეროვნული ვალუტა ერთი მესამედით გააუფასურა, ქართველებს უკვე იმედი აქვთ გაცრუებული. ეს გარემოება კარს უღებს რუსეთის გავლენის განახლებას.
(სტატიაში გადმოცემულია აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლის თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, გაორმაგდა და უკვე 31%-ს აღწევს).
„ჩვენ ახლა დასავლეთისგან თაფლაკვერი გვინდა“, – ამბობს საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ქართული ფონდიდან, – „მაგრამ ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ვცდილობთ, მაგრამ შედეგი არ არის – თითქოსდა არაფერი ხდება. არადა, რუსეთი ჩვენს გვერდითაა“.
საქართველოს მიერ რუსეთის გავლენისაკენ უკანდახევას ძალიან დიდი შედეგები ექნება მის ფარგლებს გარეთაც. მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისათვის ეკონომიკური რეფორმების ჩემპიონი და „დემოკრატიის შუქურა“ გახდა. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობაც აქვს – მის ტერიტორიაზე გადის ნავთობ-გაზსადენები, რომელთა მეშვეობით ევროპა აზერბაიჯანის ენერგორესურსებით მარაგდება, რუსული ენერგიის ალერნატივის სახით.
დავით უსუფაშვილი მიუთითებს 75 კილომეტრიან დერეფანზე სამხრეთ ოსეთისა (რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას 2008 წლის ხუთდღიანი ომის დროს) და სომხეთს შორის, რომელიც მიმდინარე წელს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა: „თუ რუსეთი ამ დერეფანს ჩაკეტავს, ჩათვალეთ, რომ მოსკოვი ყველაფერს აკონტროლებს ირანის საზღვრიდან ჩრდილოეთ პოლუსამდე“.
უკრაინის კონფლიქტის გამო ქართველებს რუსეთის მიმართ აზრი შეეცვალათ. მართალია, ზოგიერთ ქართველში რუსეთის მოქმედებამ შიში გამოიწვია, მაგრამ ერთ-ერთი უცხოელი დიპლომატის თქმით, მას ქართველებში „ნერვული აღგზნებაც“ მოყვა – იქნებ ახლა მაინც შეასრულებს ალიანსი ბუქარესტის სამიტზე მიღებულ დეკლარაციას – „ერთ მშვენიერ დღეს საქართველოც ნატოს წევრი გახდებაო“. ამის ნაცვლად ნატო საქართველოსადმი თავისი ვალდებულების შესრულებას გაურბის და იმავდროულად არაფერს აკეთებს უკრაინისთვისაც, რომლის წინააღმდეგ რუსეთმა კონფლიქტი დაიწყო პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ.
„ბევრი ქართველი მიიჩნევს, რომ ევროპა სუსტია და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ვლადიმირ პუტინი კი გამბედავ კაცს ჰგავს, რომელსაც თავისი გზა მტკიცედ აქვს არჩეული“, – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია ილიას სახელმწიფო უნივერსტიტეტიდან, – „შესაბამისად, მოქალაქეები ფიქრობენ – განა რა უპირატესობა აქვს ევროპას? იქნებ სისულელეა რუსეთის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა?“.
ამაში გარკვეული როლი შეასრულა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მოულოდნელი დამარცხებამ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ, მილიარდერი ბიზნესმენის ხელმძღვანელობით.
„ქართული ოცნება“ დასავლური კურსის მხარდამჭერია, მაგრამ დღევანდელი პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარალელურად მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. ათი წლის წინათ რუსეთის მიერ შემოღებული ემბარგო ღვინოსა და მინერალურ წყალზე გაუქმებულია, რის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკა გამოცოცხლდა, განსაკუთრებით იმედი გააღვივა სოფლის მეურნებაში, ფერმერებში, რომლებმაც რუსეთთან მიმართებით უფრო პერსპექტიული ბაზარი დაინახე, ვიდრე ევროკავშირთან მიმართებით.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ნება დართო რუსულ ტელეარხებს საქართველოს საეთერო სივრცეში მაუწყებლობის თაობაზე, რაც მათ 2008 წლის ომის შემდეგ ჰქონდათ აკრძალული. დღეს ქართულ მასმედიაში კვლავ დაინახავთ და მოუსმენთ იმ პრორუსულ ხმებს, რომლებსაც წინა მთავრობამ გაჩუმება აიძულა. „რუსეთის რბილი ძალა პეიზაჟს ცვლის“, – ამბობს ეკა მეტრეველი, – მისი პროპაგანდა სულ უფრო ძლიერი ხდება“.
(სტატიაში საუბარია აგრეთვე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზეც, რომელიც რუსულ ეკლესიასთან ერთად, კრიტიკულად უყურებს ზოგიერთ დასავლურ ფასეულობას, მაგალითად, ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვას).
პროდასავლელი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები მიუთითებენ პრორუსულად განწყობილი ჯგუფების მომრავლებაზე – ისეთებისა, როგორიცაა „საქართველოს ევრაზიული არჩევანი“ – არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, რომელიც 16 ატას ადამიანს აერთიანებს.
თუმცა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ხისტ ძალასაც იყენებს. გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად, რაც მათი პირდაპირი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯია. პრორუსულად განწყობილ ძალებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დაბრუნების ერთადერთი შანსი მხოლოდ მოსკოვთანაა დაკავშირებული.
თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, რუსეთის მხარდამჭერებმა, საეჭვოა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვნონ, თუმცა მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ საკმაოდ მრავალრიცხოვანი საპარლამენტო უმცირესობა და ამით შეუძლიათ ხელი შეუშალონ პროდასავლური პარტიების მიერ პარლამენტზე სრულ კონტროლს.
თედო ჯაფარიძე, ძველი დიპლომატი და პარლამენტის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ამბობს: „ცხრა მაისს გამართული დიდი სამხედრო აღლუმით მოსკოვი კუნთებით თამაშს აგრძელებს. ხალხის აზრით, ეს რუსეთის სიგნალია დასავლეთისათვის, თუმცა ეს დასავლეთისთვის კი არა, ჩვენთვისაა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ“.
«Radio France Internationale» (საფრანგეთი), 17 მაისი, 2015 წელი
„როცა მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანას ტერიტორია არ ყოფნის“: რას წერს რუსეთ–საქართველოს შესახებ ფრანგული პრესა
„საფრანგეთის საერთაშორიასო რადიოს («Radio France Internationale») ინფორმაციით, ფრანგულმა საკვირაო გაზეთ «Le Journal Du Dimanche»-ში 17 მაისს გამოქვეყნდა სტატიები, რომლებიც რუსეთის საგარეო პოლიტიკას ეხება, კერძოდ, უკრაინასთან და საქართველოსთან ურთიერთობებს. პუბლიკაციებში განხილულია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების რიგის სამიტის პერსპექტივებიც, რომელსაც კრემლში „ანტირუსულს“ უწოდებენ.
გაზეთ «Le Journal Du Dimanche»-ის სტატიებში ცენტრალური ადგილი უკავია რეპორტაჟს საქართველოდან სათაურით „როცა მოსკოვი თავის საზღვრებს წინ სწევს“.
„ქვეყანას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ფართობის მქონეა, თავისი ტერიტორიის გაფართოება კიდევ რამდენიმე კვადრატული მეტრით გაფართოება სურს“, – ასე ირონიულად განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსკოვში, 9 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გამოსვლის შემდეგ, როცა რუსმა ლიდერმა გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მიულოცა, ბალტიისპირეთის, საქართველოსა და უკრაინის გარდა“, – აღნიშნულია სტატიაში.
გაზეთის კორესპონდენტი იმყოფებოდა გორის რაიონის სოფელ დიცში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტში, სადაც მან რეპორტაჟი მოამზადა. ავტორი შეხვდა სოფლის მოსახლეობას, ისინი ჰყვებიან, რომ თუ როგორ გადაკეტეს ოსებმა სარწყავი არხები, რომლითაც ქართული სოფლები მარაგდებოდა; თუ როგორ აკავებენ ადგილობრივ მცხოვრებლებს რუსი მესაზღვრეები „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო, რომელსაც ოსები, რუსების მხარდაწრით, პერიოდულად რამდენიმე მეტრით წინ სწევენ, ქართული სოფლების მიმართულებით.
რეპორტაჟთან ერთად გაზეთი გამოქვეყნებულია აგრეთვე ინტერვიუ საქართველოს ტავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან. ფრანგი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას იტყოდა ქართველი მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების – „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტს ანტირუსული ხასიათი აქვს“ – პასუხად, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ „რუსეთს საქართველოს არსებობაც კი აღიზიანებსო“.
ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო წრთვნებთან და NATO-ში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება ხვალინდელი დღის საკითხი არ არის, მაგრამ თუ ეს ოდესმე მოხდება, ეს ფაქტი რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად, ანტირუსულ პოლიტიკად არ უნდა იყოს აღქმული. NATO-ს არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ამ ორგანიზაციის არცერთ წევრ სახელმწიფოს არ ჰქონია რუსეთზე თავდასხმის მცდელობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში საქართველოს საზღვრებთან რუსეთის არმიის პროვოკაციები გახშირდა, თბილისი რეაგირებას არ აპირებს: „ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა მოსკოვის თამაშებში ჩაბმას ნიშნავს. ისინი სწორედ ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს ელოდებიან, – ამბობს თინათინ ხიდაშელი «Le Journal Du Dimanche»-ის კორესპონდენტთან საუბარში, – ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარია თავიდან ავიცილოთ ახალი ომი. ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანები კვლავ დაიღუპნონ“.
«Актуальные комментарии//Укринформ» (რუსეთი//უკრაინა), 18 მაისი, 2015 წელი
http://actualcomment.ru/saakashvili-obrushil-kritiku-na-ukrainskie-vlasti.html
http://www.ukrinform.ua/rus/news/ob_ukrinforme_saakashvili_i_sfalsifitsirovannih_tsitatah_1745182
http://glavcom.ua/articles/29168.html
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა?
უკრაინის მასმედიაში სკანდალი გამოიწვია საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადებამ, რომელშიც უკრაინის ხელისუფლებაა გაკრიტიკებული: „მე ვფიქრობ, რომ რომ ცვლილებები მხოლოდ [ქვემოდან], საზოგადოების ზეწოლის გზით თუ მოხდება, თორემ ზემოდან მე პოლიტიკური ნების გამომჟღავნებას ვერ ვხედავ. თვით უკრაინის ხელისუფლების სტრუქტურა არ იძლევა ამის საშუალებას, რადგან ნებაც რომ გქონდეს, [რეფორმას] სწრაფად მაინც ვერ განახორციელებ“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი დისკუსიის დროს, რომლის დროსაც ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და მათთვის სახელმწიფო მხარდაჭერის გაწევის საკითხები განიხილეს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელი ახლახან დაინიშნა უკრაინაში რეფორმების განხორციელების საბჭოს ხელმძღვანელად, აღშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში არსებული კორუფციის დონისა და ჩინოვნიკთა მოქმედების გამო, რომლებთაც რეფორმების გატარება და თანამოქალაქეთა კეთილდღეობა არ სურთ.
უკრაინის საინფორმაციო სააგენტო «Укринформ»-ის ვებ–გვერდზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელებში კომენტარები გაკეთდა, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის განცხადება გაყალბებულია და მას ასეთი რამ არ უთქვამს. ამის საპასუხოდ სააგენტო «Укринформ»-მა დისკუსიის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადება სავსებით დასტურდება.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ წავიდა, სამშობლოში კი, მრავალი დანაშაულის ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი კიევის „მაიდანზე“ გამოჩნდა და პოსტმაიდნურ უკრაინას მთავრ რეფორმატორად მოევლინა.
„ჩაიდინა რა თავისი მთავარი დანაშაული 2008 წლის აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილმა რუსული საზოგადოების თვალში ნეგატიური სახე დაიმკვიდრა. ამის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მან გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, და, შესაბამისად, ექს-პრეზიდენტის განცხადებები უკრაინის შესახებ ყურადსაღებია“, – წერს რუსული გამოცემა «Актуальные комментарии».
„მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ წარმატებული რეფორმატორია, თუმცა მან ძალზე ტრაგიკული შეცდომა დაუშვა, როცა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა და საქართველო კატასტროფის პირას მიიყვანა“, – ამბობს პოლიტოლოგი კონსტანტინ კალაჩევი, – „ეს გარემოება რომ არა, მის მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება იქნებოდა. მართლაცდა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებში გაქრა კორუფცია, ყოველ შემთხვევაში, ყოფით დონეზე მაინც… ქვეყანაში გაჩნდნენ პატიოსანი პოლიციელები, მოხდა დებიუროკრატიზაცია“.
კონსტანტინ კალაჩევის აზრით, მიხეილ სააკაშვილს თავისი პლუსები და მინუსები აქვს და იმის გამო, რომ იგი ანტირუსულადაა განწყობილი, მისი დემონიზება უადგილოა. „მერე რა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის, ამ ფაქტს მის რეფორმატორობასტან არავითარი კავშირი არ აქვს. მას შეუძლია რეფორმების საკითხში უკრაინის ხელისუფლებას რაღაც-რაღაცეები ურჩიოს“.
„ამჟამად უკრაინაში რეფორმების გატარების საკითხში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ რეფორმები სწრაფად, ენერგიულად უნდა გატარდეს, შოკური თერაპიით. სხვები ფიქრობენ, რომ ცვლილებები ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ვითომდა გარდაქმნების იმიტირებას ეწევიან. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი გულწრფელად მოქმედებს და მასში ეჭვის შეტანა უადგილოა., – ამბობს კონსტანტინ კალაჩევი.
უკრაინაში რეფორმების გატარების პრობლემურ საკითხს ეხება აგრეთვე ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ანდრეი ილარიონოვი ინტერვიუში, რომელიც უკრაინის გამოცემა «Главком»-მა გამოქვეყნა. მისი თქმით, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების ცნობიერება ისეთია, რომ მათ რეფორმების გატარება არ შეუძლიათ. კი, გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, მაგალითად, ეკა ზღულაძის – შინაგან საქმეთა მინისტრის საქმიანობა ამას ადასტურებს, მაგრამ იგი, ფაქტიურად, საქართველოდანაა ჩაყვანილი, ანუ მისი რეფორმატორული ცნობიერება იმპორტირებულია, სხვა ადგილობრივ მაგალითს კი ვერ იპოვი. უკრაინის ხელისუფლება რეფორმად იმას მიიჩნევს, რომ გაზზე ტარიფები გაზარდა. „არადა, აუცილებელია სტრუქტურის ცვლილება, მონოპოლიის ლიკვიდაცია, გაზის ბაზრის ლიბერალიზება, კონკურენციისათვის ხელშეწყობა… კიევის ხელისუფლებას ცხონებულმა კახა ბენდუქიძემაც კი ვერაფერი შეასმინა, რომელიც უკრაინაში რვა თვის განმავლობაში იმყოფებოდა“, – ამბობს ინტერვიუში ანდრეი ილარიონოვი.
და ბოლოს, 17 მაისს ამერიკულ «The New York Times»-ში გამოქვეყნდა სტატია „უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლა ჭიანურდება“, რომელშიც გაკრიტიკებული უკრაინის ხელისუფლების უმოქმედობა ამ მიმართულებით. აი, რას წერს გაზეთი: „უკრაინისთვის კორუფციასთან ბრძოლა მთავარი პრობლემაა, მაგრამ ამ საქმიანობაში თითქმის არავითარი შედეგი არ შეიმჩნევა. გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელმაც თავის მშობლიურ საქართველოს სასამართლო სისტემაში რადიკალური ცვლილებები განახორციელა, შემდეგ კი უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და პროკურატურაში რეფორმების გატარების მანდატი მიიღო, ამბობს: „ყველაფერი ისევ კორუმპირებულია. სამართალდამცველ ორგანოებში და სასამართლოებში სისტემური ცვლილებები არ მომხდარა… ჩვენტან (უკრაინაში) დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა არ არსებობს. არცერთ პროკურორს მკაფიო რეკომენდაციები არ აქვს და ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინის პარლამენტი, კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და განახლების ნაცვლად, სულ უფრო მეტ ბიუროკრატიას ქმნის“.