«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ნაციონალების“ დიდი ათეული – ექს პრეფიქსით
«Новая газета» (რუსეთი): აზერბაიჯანი მოკავშირეებს ეძებს, რუსეთის ამიერკავკასიული პოლიტიკა კი ნაკერებზე ირღვევა
«Rzeczpospolita» (პოლონეთი): თურქეთი ანტირუსულ პაქტს ქმნის? // მოსკოვი შიშობს, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსს აყალიბებენ
«Независимая газета» (რუსეთი): აფხაზეთი მართლმადიდებლურ კრებას დამოუკიდებლობის აღიარებას თხოვს // ახალ ათონში ავტოკეფალიის საკითხები განიხილეს
«The Wall Street Journal» (აშშ): ტრანსადრიატიკის მილსადენის მშენებლობა დაიწყო: 545 მილის სიგრძის მქონე პროექტი კასპიის ბუნებრივ გაზს ევროპის ქვეყნებამდე მიიტანს
———————–
«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 მაისი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-unm-party-list-mp-candidates/3333578.html
„ნაციონალების“ დიდი ათეული – ექს პრეფიქსით
ზაზა წულაძე
საპარლამენტო არჩევნებამდე 145 დღით ადრე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველმა, ამომრჩეველს პარტიის საარჩევნო სიის პირველი ათეული გააცნო. სიის პირველი ნომერი ყოფილი საგარეო მინისტრი (2008) და პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე (2008-12) დავით ბაქრაძეა, რომელიც ბოლო წლებში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი იყო.
მეორე სიაში – ელენე ხოშტარიაა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე (2010-12) და საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებელი. ამ ასოციაციის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე, „ნაციონალების“ სიაში რიგით მეცხრეა. 2010-12 წლებში, კაპანაძეს საგარეო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეჭირა.
რომან გოცირიძეს, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტსა (2005-07) და პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილ ეკონომიკურ მრჩეველს (2010-13) სიაში მესამე პოზიცია უკავია. ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ განმარტა, თუ რა ამოცანა ჰქონდა პარტიას, ახალი საარჩევნო სიის ფორმირების დროს
„ჩვენი ამოცანა საერთო იყო, რომ იმ გამოცდილებასთან ერთად, რომელიც აქვს ამ პოლიტიკურ ძალას, ჩვენ დაგვემატოს ის ხალხი, რომელსაც სპეციფიურად, დამატებითი, ძალიან ღრმა კომპეტენცია აქვთ.“
„ნაციონალების“ პირველ ათეულში კიდევ რამდენიმე პერსონაა, პოლიტიკურ კარიერაში – ექს პრეფიქსით. სიაში მეოთხეა ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თავჯდომარე (2010-12) და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი (2014). მეხუთე – გიორგი ტუღუში, ყოფილი სახალხო დამცველი (2009-12) და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი (2012). მეექვსე პოზიციაზეა ოთარ კახიძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი (2010-12). ბოლო ოთხი წელია, კახიძე ადვოკატის სტატუსით, სასამართლოებში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი უახლესი გარემოცვის ინტერესებს იცავს.
ბელგიასა და ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩს (2010-13) სალომე სამადაშვილს სიაში მეშვიდე ადგილი უკავია. მერვე – ირაკლი აბესაძეა, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე (2013) და თბილისის საკრებულოში პარტიის ფრაქციის თავჯდომარე. ათეულში მოხვდა „ნაციონალურმა მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი, ფილოსოფოსი სერგო რატიანიც.
სიაში მეთორმეტეა იუსტიციის მინისტრის ექს-მოადგილე (2010-12) და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივანი (2013) დიმიტრი ძაგნიძე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გახმაურებულ საქმეში, ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილების ადვოკატია. რიგით მეთექვსმეტეა ბესიკ წერედიანი – ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა თემის განვითარების ცენტრის ყოფილი დირექტორი (2010-13).
ოპოზიციურ ფრთაზე, „ნაციონალების“ კონკურენტი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრმა, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალების“ ახალ სიაში, ის რეალურად ახალ სახეებს ვერ ხედავს.
„დიდი ხანია ამ ხალხს ვუყურებ და ვიცნობ, სიაში სიახლე რაში მდგომარეობს ვერ გეტყვით, ეს ალბათ, თვითონ უნდა ახსნან. რომ დავანებოთ ჩემს პარტიულ კუთვნილებას თავი და ამ თემაზე ვისაუბრო რიგითი მოქალაქის პოზიციიდან, ჩემთვის პირადად, სიახლეს ვერ ვხედავ.“
რაც შეეხებათ ახალ სახეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში იქნებიან: ქართული ენისა და ლიტერატურის დევნილი პედაგოგი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ეთნიკური ოსი სოფიო სიუკაევა. ამჟამად იგი თერჯოლის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის და ადგილობრივი საკრებულოს წევრიცაა. მისი ოჯახი კი ოკუპირებულ ჯავის რაიონში ცხოვრობს.
ასევე: თბილისის 123-ე და 53-ე საშუალო სკოლების ყოფილი დირექტორები: ნინო კვიტაიშვილი და მარიამ რამინაშვილი. ამ უკანასკნელმა 2014 წელს, თანამდებობიდან ხმაურიან გათავისუფლებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა. სიაშია პეგაგოგი ლელა ქებურია, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი უფროსი (2012), რომელიც ბოლო ერთი წელია, პარტიის ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციას ხელმღვანელობს.
საარჩევნო სიის გამოქვეყნებამდე დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ყოფილმა უფროსმა (2006-10) და მინისტრის ყოფილმა მოადგილე (2012), პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ. მას არ დაუმალავს რომ საარჩევნო სიის ფორმირება, პარტიის სხვა ლიდერებთან მწვავე დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.
2016 წლის 8 ოქტობრის საპარლამენტო არჩევნები პირველია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მას შემდეგ რაც პარტიამ 9 წლიანი მმართველობის (2003-2012) შემდეგ, ძალაუფლება დაკარგა და ოპოზიციაში გადავიდა.
«Новая газета» (რუსეთი), 18 მაისი, 2016 წელი
http://www.novayagazeta.ru/politics/73109.html
აზერბაიჯანი მოკავშირეებს ეძებს, რუსეთის ამიერკავკასიული პოლიტიკა კი ნაკერებზე ირღვევა
სტატიაში გადმოცემულია აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართული შეხვედრის შედეგები, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით. მხარეებმა განაცხადეს, რომ კვლავ დაიცავენ ცეცხლის შეწყვეტის, მონიტორინგისა და ინციდენტების გამოძიების რეჟიმს ეუთოს მისიის წარმომადგენლების დახმარებით. ორივე პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ ივნისში ერთმანეტს ისევ შეხვდებიან კონფლიქტის შემდგომი დარეგულირების მიზნით. (ავტორი – პაველ ფელგენგაუერი).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში მომხდარი „ოთხდღიანი“ სამხედრო ინციდენტის დროს აზერბაიჯანმა ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია და უკვე ხმამაღლა ითხოვს, რომ სომხეთმა უნდა დაუბრუნოს აზერბაიჯანს ის ტერიტორიები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ მდებარეობს და რომლებიც სომხეთს „ზედმეტად აქვს დაკავებული“. მაგრამ სომხეთს, რომელმაც ტაქტიკური მარცხი განიცადა, შიდაპოლიტიკური სიტუაციის გარეშე ამას ვერ გააკეთებს: სერჟ სარგსიანი არანაირ დათმობაზე არ წავა, რადგან სომხური საზოგადოება პრეზიდენტისაგან „ოთხდღიან ომში“ დაკარგული პოზიციების უკან დაბრუნებას ითხოვს. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ორივე – ილჰამ ალიევიც და სერჟ სარქისიანიც დაუღალავად აცხადებენ, რომ „ყარაბაღის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდებაო“, მაგრამ სწორედ ომისათვის ემზადებიან გამალებით.
სანამ მთიან ყარაბაღში ახალ პოზიციებს იმაგრებენ, მსოფლიოს დიდი მოთამაშეები სხვა საქმეებით არიან დაკავებულნი, ადგილობრივები კი მოკავშირეებს ეძებენ. აზერბაიჯანულ ქალაქ გაბალაში, სადაც ადრე საბჭოთა კავშირის ანტირაკეტული გიგანტური რადარი მუშაობდა, სამი მეზობელი სახელმწიფოს – აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკების დროს გადაწყდა გაფართოვდეს სამხედრო თანამშრომლობა, კერძოდ, დაიგეგმა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წრთვნების ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ნატოსა და სხვა დასავლელი პარტნიორების დახმარებით უკვე შექმნილია თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო სამხედრო ღონისძიებები ხშირად ტარდება. ახლა უკვე აზერბაიჯანსაც შეუძლია ამ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოს.
თბილისთან ახლოს, ვაზიანის ბაზაზე ამ დღეებში სამხედრო მანევრები „ღირსეული პარტნიორი – 2016“ დაიწყო, რომელშიც, ქართველებთან ერთად, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. წრთვნების უკეთ ორგანიზების მიზნით საქართველოში აშშ-ის ევროპული ძალების სარდლობამ გერმანიიდან საქართველოში ამერიკული მძიმე ტექნიკა – ტანკები „აბრამსები“ გადაისროლა. ამ მოქმედებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „პროვოკაცია“ უწოდა და დასავლეთი კავკასიის რეგიონში სიტუაციის მიზანმიმართულ ამრევად მიიჩნია. მოსკოვის აზრით, ვაშინგტონი და ბრიუსელი თბილისის რევანშისტულ მიზნებს მხარს უჭერენ და აქეზებენ. ახლა კი აზერბაიჯანიც პრონატოურ მჭიდეში ჯდება. მართალია, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ეს წრთვნები „მეგობარი სომხეთის წინააღმდეგ არ არის მიმართულიო“, მაგრამ რადგანაც იგივე თინა ხიდაშელმა აღნიშნა – საქართველო ნატოში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფვის, თბილისმა უკვე არჩევანი გააკეთა, მისი მიზანი თურქეთთან და ნატოსთან თანამშრომლობაა, ხოლო სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდაო“, ამით ყველაფერია ნათქვამი.
მოსკოვმა, როგორც ჩანს, კავკასიაში თავისი გავლენის ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანა შეძლო, რასაც რამდენიმე მომენტი მოწმობს: ა) რუსეთის გადაწყვეტილებამ – კვლავ გააგრძელოს იარაღის მიწოდება აზერბაიჯანისათვის, მთიანი ყარაბაღის „ოთხდღიანი ომის“ ფონზე, მისი მოკავშირე სომხეთი პირდაპირ გააცოფა; ბ) საქართველოსთან ურთიერთობა სერიოზულად და დიდი ხნითაა გაფუჭებული: 2012 წელს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც რუსმა მილიარდერმა, წარმოშობით ქართველმა ბიძინა (ბორის) ივანიშვილმა შექმნა, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ქართული პროდუქცია რუსეთში დაბრუნდა, მაგრამ მოსკოვის ჯიუტობა – როგორმე გადაწყდეს ასი ათასობით ქართველი ლტოლვილის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნების პრობლემა – არ იძლევა ქართულ-რუსული ურთიერთობის სრულად მოგვარების შესაძლებლობას. მიმდინარე წელს საქართველოში კვლავ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, მმართველი კოალიცია თითქმის უკვე დაშლილია, მიხეილ სააკაშვილი კი ამ დროს სამშობლოში დაბრუნებას ფიქრობს. ამგვარ სიტუაციაში სომხეთი, მცირე რუსული გარნიზონით, ფაქტიურად მოსკოვთან გზამოჭრილი რჩება და იძულებული გახდება სხვა მფარველები ეძებოს.
როგორი იქნება ასეთ შემთხვევაში რუსეთის სამხრეთკავკასიური პოლიტიკა? ალბათ, ჩვეულებრივი: საზღვრების დახურვა, ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ისევ აკრძალვა – ახლა, ალბათ, მას სომხური ან აზერბაიჯანული პროდუქცია დაემატება. და, რასაკვირველია, მოსკოვი თავგანწირულად ჩაებღაუჭება თავისი გავლენის უკანასკნელ ნაგლეჯებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.
«Rzeczpospolita» (პოლონეთი), 17 მაისი, 2016 წელი
http://www.rp.pl/Dyplomacja/305169856-Turcja-tworzy-antyrosyjski-sojusz-wojskowy.html#ap-2
თურქეთი ანტირუსულ პაქტს ქმნის?
მოსკოვი შიშობს, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსს აყალიბებენ
სტატიაში განხილულია კავკასიის რეგიონში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზე დასავლეთთან (მხედველობაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი წრთვნები ვაზიანში), რასაც ბოლო დროს ამ სფეროში აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის ურთიერთობის გაღრმავებაც ემატება – გაბალაში სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფონზე (ავტორი – ანდრე ლომანოვსკი).
„რუსეთი შიშობს, რომ კავკასიის სამმა სახელმწიფომ – თურქეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ შეიძლება სამხედრო ბლოკი შექმნან. ზოგიერთი ექსპერტი, მაგალითად ლეონიდ ივაშოვი თბილისის, ანკარისა და ბაქოს სამხედრო თანამშრომლობაში აშშ-ის გავლენას ხედავს, თუმცა რეალურად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათი ურთიერთობა მილსადენების დაცვის გაძლიერებაში გამოიხატება. ასევე დაცვას საჭიროებს მშენებარე სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსი (მომავალში, ალბათ, ავტოსტრადაც). სამივე სახელმწიფოს „აბრეშუმის დიდი გზის“ ახალ პროექტში მონაწილეობაც აქვს განზრახული.
„ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ ახალი სავარაუდო სამხედრო ალიანსი მიმართული არავის წინააღმდეგ არ იქნება, თუმცა, რადგანაც თურქეთი ნატოს წევრია, შესაძლოა ანკარას მოსკოვთან სამხედრო კონფრონტაციის გაღრმავება აქვს განზრახული“, – ამბობს გაზეთ „რჟეჩპოსპოლიტა“-სთან საუბარში რუსი ექსპერტი ვადიმ დუბნოვი, რომელიც ამჟამად „რადიო თავისუფლებაში“ მუშაობს. მისი აზრით, ასევე შესაძლებელია სომხეთის წინააღმდეგაც, თუ გავითვალისწინებთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ამასწინანდელ გამწვავებას. „მაგრამ ამ სამი სახელმწიფოს ძალების გაერთიანება სომხეთის დასამარცხებლად საკმარისი მაინც არ იქნება. სომხეტში რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული და შესაბამისად, თუ სომხეთის მიმართ რაიმე პირდაპირი სამხედრო ზეწოლა მოხდება, საქმეში რუსეთი აუცილებლად ჩაერთვება“, – ამბობს ვადიმ დუბნოვი.
თუმცა ასეთი რამ, ალბათ, არ მოხდება. თბილისს დღეს ნამდვილად არ სურს ერევანთან დაპირისპირება და მით უმეტეს, არც ერევანს თბილისთან, რადგან სომხეთის ეკონომიკა ძირითადად მხოლოდ საქართველოზე გამავალი გზის მეშვეობით ფუნქციონირებს. თავის მხრივ არც აზერბაიჯანი აპირებს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას. გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის ომის დროს ბაქომ თბილისს მხარი არ დაუჭირა და ახლა რატომ დაუჭერს?
პუბლიკაციაში მოცემულიას კიდევ ერთი რუსი ექსპერტის ალექსანდრე ხრამჩიხინის ინტერვიუ გაზეთის კორესპონდენტთან. მისი აზრით, ის შეთანხმება, რომელსაც, სავარაუდოდ, სამი სამხრეთკავკასიური ქვეყანა ხელს მოაწერს, ნატოს გავლენის გაფართოებას არ მოასწავებს. ამის მიზეზი რამდენიმეა:
ა) სამი ქვეყნიდან მხოლოდ ერთია ნატოს წევრი – თურქეთი. გასათვალისწინებელია, რომ ანკარის დამოკიდებულება ნატოს სხვა წევრებთან მაინცდამაინც ძალიან თბილი არ არის. თურქეთი ნატოს დასახმარებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ რუსეთისაგან თავდაცვა დაჭირდება (ვთქვათ, სირიაში მომხდარი საჰაერო ინციდენტის მსგავს მომენტში); ბ) აზერბაიჯანს ნატოსაგან თავი საკმაოდ შორს უჭირავს, მას არასოდეს გამოუცხადებია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაცია; გ) მართალია, საქართველო, უკრაინასთან ერთად, ნატოსაკენ მიილტვის, მაგრამ არავინ იცის, განხორციელდება თუ არა მისი სურვილი, ანუ უცნობია, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი. მიზეზი ნათელია: ორივე სახელმწიფოს – საქართველოსაც და უკრაინასაც, სასაზღვრო-ტერიტორიული პრობლემები აქვს და ამიტომაც მათი ალიანსში მიღებაზე საუბარი მხოლოდ სუფთა პოლიტიკური პროპაგანდაა და მეტი არაფერი.
ამავე დროს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა ნატოს ალტერნატივა იყოს სამხრეთში, ისევე როგორც, ვთქვათ, ჩრდილოეთის ფლანგზე ხდება 2015 წლის გაზაფხულიდან – დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის და ისლანდიის თანამშრომლობის მსგავსად. მათგან მხოლოდ ორია ნატოს წევრი.
„არავინ იცის, როგორ განვითარდება სამხედრო თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში. პრინციპში, ყველაფერი რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების დონეზეა დამოკიდებული: თუ სანქციები შესუსტდება ან მოიხსნება, მაშინ კონფრონტაციის დონეც დაიკლებს. დღეს კი პროგნოზის გაკეტება ძნელია“, – ამბობს ალექსანდრ ხრამჩიხინი.
«Независимая газета» (რუსეთი), 2016 წელი
http://www.ng.ru/events/2016-05-18/3_abhazia.html
აფხაზეთი სრულიად მართლმადიდებლურ კრებას დამოუკიდებლობაის აღიარებას თხოვს
ახალ ათონში ავტოკეფალიის საკითხები განიხილეს
სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთში, ახალი ათონის სიმონ კანანიტის მონასტერში 15 მაისს გამართული მეორე საეკლესიო-სახალხო კრების შედეგები, რომელიც აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის მიერ იქნა მოწვეული. მოცემულია აფხაზეთის საეკლესიო პრობლემის არსი (ავტორი – ალექსეი ზიგმონტი, რელიგიათმცოდნე).
აფხაზეთის საელკესიო პრობლემის არსი შემდეგში მდგომარეობს: 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთი, რომლის მართლმადიდებელი მრევლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, ბოლო ქართველმა მიტროპოლიტმა დატოვა. მას შემდეგ იქ არარავინ არ გამოჩენილ. მიუხედავად იმისა, რომ თბილის-სოხუმის დამოკიდებულება სულ უფრო უარესდებოდა 1992-93, 1998 წელს და 2001 წელს მომხდარი კონფლიქტების შედეგად, თბილისის კათედრა მაინც ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი (სამხრეთ ოსეთის ჩათვლით) მის კანონიკური ტერიტორიაა და კონტროლი უნდა აღდგესო. 2010 წელს საქარტველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურას „ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიც“ დაემატა. თუმცა რადგანაც ადგილობრივი სამღვდელოების დიდი ნაწილი დე ფაქტოდ მოსკოვის პატრაიაქიას მიეკუთვნება, 2009 წელს მღვდელმა ბესარიონ აპლიამ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია გამოაცხადა და კურსი მოსკოვთან ინტეგრაციისაკენ აიღო. 2011 წელს კი კლირიკოსთა ნაწილმა უარყო ბესარიონ აპლიას ამბიციები აფხაზეთის ეკლესიაზე და შექმნა „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“, რომელიც ხუთი წელია ავტოკეფალიას უშედეგოდ ითხოვს, მიუხედავად მსოფლიოს საპატრიარქოსადმი მიმართვისა.
კრებაზე გამოვიდა არქიმანდრიტი დოროფეი დბარი, რომელმაც მსოფლიო საპატრიარქოს პირობები გამოაცხადა: ავტოკეფალია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გამოვლინდება აფხაზი ხალხისა და სამღვდელოების სურვილი გამოვიდეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებიდან. ასევე აუცილებელია რესპუბლიკის მთავრობის თხოვნაც. მაგრამ მაშინ როცა პირველი პირობა სახეზეა, მეორე ეჭვქვეშაა: მთავრობა 2011-2014 წლებში აქტიურად მხარს უჭერდა „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას“, მაგრამ მოგვიანებით უფრო ფრთხილი გახდა, რუსეთ-საქართველოს პრობლემების შესაძლო გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.
„ძნელია იმის თქმა, დადებითად გადაწყდება თუ არა აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი სრულიად მართლმადიდებელთა ყრილობაზე. მიზეზები ისაა, რომ ერთი მხრივ, მსოფლიო საპატრიარქოსა და ელადის ეკლესიის იერარქები, ასე თუ ისე, მხარს აფხაზებს უჭერენ, მეორე მხრივ კი, ახალი ავტოკეფალიის აღიარების საკითხი ჯერ კიდევ წინასწარი მოსმენების დროს იქნა დღის წესრიგიდან მოხსნილი სამი ეკლესიის მოთხოვნის თანახმად – საქართველოს ეკლესიისაგან (გასაგები მიზეზებით), სერბეთისაგან (მაკედონიასთან დაკავშირებით) და რუსეთისაგან (უკრაინის ეკლესიასთან არსებული პრობლემების გამო). სავარაუდოდ, ამ პრობლემის გადაჭრა მართლმადიდებლურ სამყაროში ლიდერობის ბრძოლის ერთ-ერთი ელემენტი გახდება, პირველ რიგში კი კონსტანტინეპოლსა და რთულ სიტუაციაში მყოფ მოსკოვს შორის. აშკარაა, რომ რუსეთის პატრიარქი ბრძოლას ღიად ვერ გამოუცხადებს ვერც კონსტანტინოპოლს და ვერც თბილისს“, – აღნიშნულია სტატიის დასასრულს.
«The Wall Street Journal» (აშშ), 18 მაისი, 2016 წელი
http://www.wsj.com/articles/construction-begins-on-trans-adriatic-pipeline-1463508079
ტრანსადრიატიკის მილსადენის მშენებლობა დაიწყო:
545 მილის სიგრძის მქონე პროექტი კასპიის ბუნებრივ გაზს ევროპის ქვეყნებამდე მიიტანს
სტატია ეხება ტრანსადრიატიკული მილსადენის მშენებლობის დაწყებას, რომლის მეშვეობით, სავარაუდოდ, კასპიის ზღვის ბუნებრივი გაზის ევროპაში გატანა მოხდება, რუსეთის გვერდაქცევით, რაც რუსული გაზისიმპორტის ერთგვარ ალტერნატივად მოიაზრება (ავტორი – ნექტერია სტემული).
პროექტის თანახმად, ამ მილსადენის მშენებლობა დაახლოებით 5 მილიარდამდე ევრო დაჯდება, ხოლო მისი ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, გაზსადენი დაახლოებით 10 მილიარდ აზერბაიჯანულ გაზს გაატარებს, რაც საკმარისი იქნება 7 მილიონი ევროპელი ოჯახისათვის.
ტრანსადრიატიკული მილსადენით, ანუ „ტაპ“-ით გაზის გადაქაჩვა ჯერ თურქეთში და შემდეგ საბერძნეთში „შაჰ-დენიზ – 2“-ის საბადოდან განხორციელდება. საბერძნეთიდან გაზი შევა ალბანეთში და შემდეგ იტალიაში, ადრიატიკის ზღვის გავლით.
545 მილის სიგრძის მქონე გაზსადენის მშენებლობის დაწყება სალონიკში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მაროს სეფკოვიჩისა და რვა დაინტერესებული ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით აღინიშნა. სავარაუდოდ, გაზსადენი მწყობრში 2020 წელს ჩადგება“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ევროპისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ტრანსანატოლიის გაზსადენს („ტანაპ“), რომელიც ექსპლოატაციაში 2018 წელს უნდა შევიდეს, ასევე უკვე არსებულ „სამხრეთკავკასიურ მილსადენს“, რომლის საშუალებით აზერბაიჯანული გაზის კასპიის ზღვაში მდებარე საბადოებიდან, საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქეთში გადაიქაჩება. სწორედ ეს სამი მილსადენი – „ტაპ“-ი, „ტანაპ“-ი და „სამხრეთკავკასიური“ აყალიბებს ე.წ. სამხრეთის გაზის დერეფანს, რომელიც, მაროს სეფკოვიჩის თქმით, ევროკავშირისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგომომარაგების დივერსიფიცირების მიზნით“.