globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 18th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

თბილისი წყალდიდობის შემდეგ (მიმოხილვა: «CNN», «BBC»)

«The Sofia Globe» (ბულგარეთი): როსენ პლევნელიევი: „ბულგარეთი საქართველოს, წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად, დახმარებას გაუწევს“

«Christian Science Monitor» (აშშ): ევროინტეგრაციისაგან გაცრუებული ზოგიერთი ქართველი მზადაა რუსეთთან თანამშრომლობა დაიწყოს

«Deutsche Welle» (გერმანია): საქართველო: ათეიზმი არასასურველია

———————-

თბილისი წყალდიდობის შემდეგ

(მიმოხილვა: «CNN», «BBC»)

წყალდიდობის ექო: თბილისში გუშინ, 17 ივნისს მომხდარი ტრაგიკული ფაქტი – წყალდიდობის დროს ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის ადამიანზე თავდასხმა და დაგლეჯვა შეიძლება ითქვას, საერთაშორისო მასმედიის ერთ-ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. მასალები გამოქვეყნდა მსოფლიო თითქმის ყველა წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ. გარდა ამისა, პუბლიკაციებში გადმოცემულია თბილისში არსებული ვითარება სტიქიური უბედურების შემდეგ.

შევეხოთ ზოგიერთ მათგანს:

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის მიერ გადაცემული რეპორტაჟით, რომლის ტექსტური ვერსიის სათაურია „თბილისში ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა  ადამიანი დაგლიჯა“ (ავტორები – ლორა სმიტ-სპარკი და ეკა ქადაგიშვილი).

პუბლიკაციაში დეტალურადაა აღწერილი ის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც „ლაგუნა ვერეს“ საწყობში მოხდა – სათავსოში შესულ მუშებს თავს დაესხა იქ დამალული ვეფხვი და ერთ-ერთი მუშა დაგლიჯა. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიცია იძულებული გახდა მხეცი მოეკლა (იქვე აღნიშნულია, რომ ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით, დღეს ველურ გარემოში მხოლოდ 3200 ვეფხვიღაა დარჩენილი). პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო: ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით მათ ჯერ განაცხადეს, რომ ყველა გაქცეული მხეცი ვოლიერებშია დაბრუნებული, შემდეგ კი გაირკვა, რომ ეს მცდარი განცხადება ყოფილა. მასალაში საუბარია ზოოპარკის კუთვნილ პინგვინზეც, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, მდ.მტკვარში შენიშნეს და დაიჭირეს. პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული აგრეთვე წყალდიდობისაგან გამოწვეული  დაზუსტებული ზარალი, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა დაზარალებულთა დასახმარებლად, გადაწყვეტილება ზოოპარკის ახალ ადგილზე გადასატანად და ა.შ (1).

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით „თბილისში ზოოპარკის დირექტორის დასაცავად აქცია ჩატარდა“ (ავტორი – ნინა ახმეტელი). მასში აღნიშნულია, რომ ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიზე პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ (მხეცების თაობაზე ხელისუფლება დაეყრდნო ზოოპარკის დირექტორის მიერ გავცელებულ ინფორმაციას, რომელიც არასწორი აღმოჩნდა), იგი პროკურატურაში დაიბარეს. შესაბამისად, არ იყო გამორიცხული, რომ დირექტორს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა დაკისრებოდა, ამიტომ ოპოზიციამ („საზოგადოების წარმომადგენლებმა“) მის დასაცავად აქცია გამართეს. პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომ ლაპარაკი ზოოპარკის დირექტორის შესაძლო დაკავების თაობაზე სპეკულაციაა და კანცელარიის შენობის წინ გამართული მიტინგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციას წარმოადგენს. ხაზგასმულია, რომ სხდომას თვითონ გურიელიძეც ესწრებოდა (2).

წყაროები:

(1) http://edition.cnn.com/2015/06/17/europe/georgia-tbilisi-zoo-floods-death/

(2) http://www.bbc.com/russian/international/2015/06/150617_tbilisi_zoo_director_support

«The Sofia Globe» (ბულგარეთი), 18 ივნისი, 2015 წელი

http://sofiaglobe.com/2015/06/17/president-plevneliev-bulgaria-to-provide-aid-to-georgia-to-cope-with-flood-aftermath/

პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი: „ბულგარეთი საქართველოს, წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად, დახმარებას გაუწევს“

ბულგარეთი საქართველოს მატერიალურ დახმარებას გაუწევს თბილისში მომხდარი კატასტროფული წყალდიდობისაგან მიყენებული ზარალის გამო. ამის შესახებ განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დედაქალაქში იმყოფება, ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს.

როსენ პლევლენიევი საქართველოს ორი დღით ეწვია. ეს ბულგარეთის სახელმწიფოს მეთაური პირველი ვიზიტია თბილისში ბოლო 15 წლის მანძილზე.

ბულგარეთის პრეზიდენტმა ღრმა სამძიმარი გამოხატა საქართველოს დედაქალაქში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლის გამო და განაცხადა, რომ ამ მძიმე ჟამს ბულგარელები ქართველების გვერდით დგანან: „ჩვენც ანალოგიური მძიმე პერიოდი გადავიტანეთ ერთი წლის წინათ, როცა ბულგარეთში მომხდარმა წყალდიდობამ ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უდიდესი მატერიალური ზარალი მოგვაყენა. დღეს იგივეს ვხედავ თბილისშიც. ჩვენ კეთილმეგობრულად დახმარებას გაგიწევთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას აღმოფხვრილი წყალდიდობის შედეგები“, – განაცხადა როსენ პლევნელიევმა.

თბილისში ბულგარეთის პრეზიდენტის ვიზიტი დაემთხვა იმ ახალ სამწუხარო ამბავს, რომ ზოოპარკიდან წყალდიდობის დროს გაქცეულმა ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა. ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოოპარკიდან სტიქიური უბედურების დროს ასობით ცხოველი დაიხრჩო, ბევრიც გაიქცა.

ევროკომისიამ 16 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ წყალდიდობით დაზარალებულ საქართველოს დახმარების სახით სამ მილიონ ევრომდე გამოუყოფს (პუბლიკაციაში გადმოცემულია ევროკომისიის განცხადების ვრცელი ვერსია).

«Christian Science Monitor» (აშშ), 17 ივნისი, 2015 წელი

http://www.csmonitor.com/World/Europe/2015/0616/Left-dangling-by-EU-some-Georgians-eye-return-to-Russia-s-embrace

http://russian.rt.com/inotv/2015-06-18/CSM-Evrointegraciya-poka-prinesla-gruzinam

ევროინტეგრაციისაგან გაცრუებული ზოგიერთი ქართველი მზადაა რუსეთთან თანამშრომლობა დაიწყოს

საქართველო ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებს მოლაპარაკებას ინტეგრირების მიზნით, მაგრამ შედეგები მოსახლეობას არ აკმაყოფილებს. ზოგიერთები უკვე იმასაც ფიქრობენ, რომ დროა რუსეთთან მტრობა შეწყვიტონ და მოსკოვთან თანამშრომლობა დაიწყონ, – ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ქრისჩენ სეინს მონითორში“ («Christian Science Monitor») გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – პოლ რიმპლი).

თეორიულად საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში „გარდაუვალია, – აღნიშნულია სტატიაში. სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის საქართველოს შეიძლება „სანიმუშო დემოკრატიის“ ქვეყანაც კი ვუწოდოთ. კორუფციასტან ბრძოლა საქართველოში ისეთი ეფექტური აღმოჩნდა, რომ უკრაინამ ქართველი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ანალოგიური რეფორმების განსახორციელებლად თავისთან მიიწვია. როგორც ევროპის განვითარებისა და რეკოსტრუქციის ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, საქართველო, საინვესტიციო კლიმატის გათვალისწინებით, ყველაზე კარგი ქვეყანაა იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებთანაც ბანკს ურთიერთობა აქვს.

ნატოში გაწევრიანებმადე კი ჯერ კიდევ შორსაა: რუსეთმა 2008 წლის ომის დროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ოკუპირება“ მოახდინა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი ითხოვს, რომ ხელისუფლება თავის ტერიტორიას მთლიანად უნდა აკონტროლებდეს. მართალია, მოსახლეობა დასავლურ ინტეგრაციას ჯერ კიდევ აქტიურად უჭერს მხარს, მაგრამ შეიმჩნევა, რომ მხარდაჭერის დონე თანდათან კლებულობს: მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, მხარდამჭერთა რაოდენობა 65%-ია, შარშან კი 72% იყო. ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან, სადაც რუსეთი დომინირებს, ინტეგრაციას მხარს უჭერს 31%, არადა, შარშან მასში გაწევრიანებას მხარს მხოლოდ 20% უჭერდა.

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის მოადგილის არჩილ ყარაულაშვილის აზრით, მოსახლეობაში მართლაც მატულობს იმედგაცრუება იმის გამო, რომ არ ჩანს „ჯილდო“ საქართველოს მიერ გამოხატული პროევროპული კურსის ერთგულებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მრავალ ევროპულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. „დასავლეთთან ინტეგრაცია საქართველოსთვის სახელმწიფო პროექტი გახდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე თბილისისთვის უვიზო რეჟიმიც კი არ გაიმეტეს, საქართველოს ევროკავშირის შენგენის ზონაში ვიზების გარეშე შესვლის უფლება არ მისცეს. „მოლდოვას აქვს უვიზოდ შესვლის ნებართვა, ჩვენ კი არა“, – ამბობს არჩილ ყარაულაშვილი.

ამასთან, მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ევრაზიულ კავშირში სესვლის მომხრენი იმდენი ნამდვილად არ არის, როგორც ამას სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს. თუმცა იგი თვლის, რომ ბევრ ქართველზე რუსეთის პროპაგანდა გარკვეულ გავლენას ახდენს. სხვათაშორის, ამგვარი კურსი აქვს ნინო ბურჯანაძეს და სხვა „პოპულისტ“ პოლიტიკოსებს. როგორც ავტორი აღნისნავს, თუ ნინო ბურჯანაძე და სხვა მისი მსგავსი კურსის მქონე პოლიტიკოსები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებენ, საქართველოს პროდასავლურ „სწრაფვას“ ბოლო მოეღება.

Foreign Policy-ის მიმოხილველი მაიკლ ჩეჩირე თვლის, რომ ნინო ბურჯანაძეს „ევრაზიული შეხედულებები“ აქვს: მისი პროგრამის არსი ის არის, რომ საქართველო სულ ერთია, მაინც ვერ გაწევრიანდება ნატოსა და ევროკავშირში და რადგან „სეპარატისტული“ რეგიონების დაბრუნებაც საეჭვოა, უმჯობესია რუსეთთან თანამშრომლობა გააქტიურდეს, რომლის შედეგად საქართველო ეკონომიკურ მოგებას მიიღებს და იქნებ სეპარატისტული ტერიტორიების დაბრუნების შანსი გაჩნდეს

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის აღიარებით, ზოგიერთებს მართლაც მიაჩნიათ, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ილუზიაა, ამიტომ უმჯობესია სიტუაციას რეალისტურად მიუდგნენ და რუსეთთან ურთიერთობა განაახლონ. დიპლომატის აზრით, ასეთ ადამიანებს აუცილებელი არაა „პრორუსულები“ვუწოდოთ. საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მაინც ევროინტეგრაციის ერთგულია, მაგრამ [გაწევრიანებას] დრო სჭირდება. ამაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარს დაუჭერს, – ამბობს ამერიკის ელჩი.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მტკიცებით, მთელი „ფოკუსი“ იმაში გამოიხატება, რომ აუცილებელია განვუმარტოთ დასავლური ინტეგრირების არსი სოფლის მოსახლეობას, სადაც რუსეთთან კავშირების მომხრე მეტია. სოფელში ბევრს არ ესმის, თუ რას ნიშნავს დასავლეთთან ინტეგრირება. „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას ქვეყნის მოსახლეობა „დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ  ეგზისტენციალურ საფრთხედ“ აღიქვამს. მათ „საბჭოთა კავშირში დაბრუნება“ ნამდვილად არ სურთ, უბრალოდ, რუსეთთან არაკონფლიქტური ურთიერთობა უნდათ, – ამბობს ქართველი პოლიტიკოსი.

ამასთან, სოფელ ხურვალეთში, სადაც საქართველოსა და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზი გადის, მთავარ პირობას მშვიდობას მიიჩნევენ. „მთავარი ისაა, რომ მშვიდობამ გაისადგუროს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ უზრუნველყოფს მის განხორციელებას“, – ასე განუცხადეს Christian Science Monitor-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორს სოფლის მაცხოვრებლებმა.

«Deutsche Welle» (გერმანია), 18 ივნისი, 2015 წელი

http://www.dw.de/georgien-atheisten-unerw%C3%BCnscht/av-18523612

საქართველო: ათეიზმი არასასურველია

გერმანული რადიოსადგურის Deutsche Welle-ს პროგრამა „ფოკუსში“ გადაიცა ვიდეოსიუჟეტი საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის შესახებ.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულ უფრო მეტად გავლენიანი ხდება – სკოლებში, სადაც ადრე ეკლესია ტრადიციულად შედარებით სუსტ როლს ასრულებდა, ახლა რელიგიის სწავლება გაძლიერებულად მიმდინარეობს. შესაბამისად, ათეისტური ოჯახებიდან გამოსული ბავშვები თავს შეზღუდულად გრძნობენ.

პროდასავლელი ექსპერტები შეშფოთებულნი არიან: მოსკოვი ხელს უწყობს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ანტიდასავლური განწყობის გაღვივებასა და დასავლური ფასეულობების სიძულვილში. საქართველო ფორმალურად საერო სახელმწიფოა, მაგრამ მოსახლეობის 80% ქრისტიან-მართლმადიდებლები არიან. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ტრადიციულად ახლო კავშირები აქვს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან“, – ნათქვამია სიუჟეტში, რომელიც მომზადებულია თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის (როგორც შენობაზე გაკრული აბრა გვაჩვენებს, 128-ე სკოლის) მოსწავლე გიორგისთან საუბრის საფუძველზე.

ავტორთან ამ თემაზე საუბრობენ აგრეთვე პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და ექსპერტი თამთა მიქელაძე.

Comments are closed