globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 18th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Deutsche Welle» (გერმანია): ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილთან: „საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთისათვის საფრთხე არ იქნება“ (სრული ტექსტი)

«The Week» (დიდი ბრიტანეთი//აშშ): როგორი შეიძლება იყოს ომი ნატოსა და რუსეთს შორის?

———————-

«Deutsche Welle» (გერმანია), 16 ივნისი, 2016 წელი

http://www.dw.com/ru/георгий-квирикашвили-грузия-в-нато-не-будет-угрозой-для-рф/a-19336230

ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილთან: საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთისათვის საფრთხე არ იქნება

გერმანიაში ვიზიტის დასრულების ჟამს, სამშობლოში გამგზავრების წინ,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინტერვიუ მისცა გერმანულ საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ („გერმანულ ტალღას“) და მის კორესპონდენტ ნიკიტა ჟოლკვერს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ქართველ კრიმინალებზე, ნატოში გაწევრიანებასა და საერთოდ, გერმანია-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე ესაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ტექსტს.

- გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვენ საუბრობდით საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, ევროკავშირთან ასოცირებაზე, რომლის შესახებაც შეთანხმება უკვე ხელმოწერილია. რას აძლევს კონკრეტულად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტატუსი?

- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვაძლებს ქვეყნის რეფორმირების, სამართლებრივი სახელმწიფოს შენების, მეტი ინვესტიციის მოზიდვის, ევროპულ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობისა და ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების საშუალებას. იზრდება საქართველოს მიმზიდველობა ინვესტორებისთვის მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიის, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან.

- ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი უკვე მოქმედებს, მაგრამ გერმანული ეკონომიკის აღმოსავლური კომიტეტის მონაცემებით, ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ვერცერთმა ქვეყანამ – ვერც საქართველომ, ვერც უკრაინამ და მოლდოვამ ვერ შეძლეს ექსპორტის გაზრდა ევროპის ბაზარზე… რატომ მოხდა ასე?

- ვფიქრობ, რაღაც სტატისტიკური შეცდომაა… რაც შეეხება საქრთველოს, ჩვენი ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან ბევრ სახეობებში გაფართოვდა. ყველაზე მთავარაი კი ისაა, რომ გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა იმ საწარმოებში, რომლებიც ევროპულ ბაზარზე არიან ორიენტირებულნი – ევროპულ ბაზარზე გადართვა, ევროპული სტანდარტების პროდუქციის წარმოება  ხომ დამატებით ინვესტიციებსა და დამატებით ძალისხმევას მოითხოვს… ასე რომ, ეს ყველაფერი დროის საკითხია.

- ბერლინში თქვენ უვიზო რეჟიმის თაობაზეც იმსჯელეთ. ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქარტველომ ყველა მოთხოვნა პირნათლად შეასრულაო და ვიზების გაუქმების რეკომენდაცია გასცა, მაგრამ მოგვიანებით ახალი დაბრკოლებები წარმოიქმნა – საქართველოს იმ მოქალაქეების რეადმისიის საკითხი, რომლებიც გერმანიაში უვიზოდ ჩამოვლენ და მერე აქ თავშესაფრის მიღების მოითხოვენ. იმედგაცრუებული ხართ სავიზო რეჟიმის დაწესების გაჭიანურებით?

- საქართველომ ევროკომისიის ყველა მოთხოვნა შეასრულა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, მე მესმის, რომ ევროკავშირში უამრავი პრობლემა არსებობს, უპირველეს ყოვლისა, მიგრანტებთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის ევროკავშირის მოქალაქეების სენსიტიურობა ამ საკითხებისადმი. ასე რომ, სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის დანერგვა, რომელსაც ევროპარლამენტი მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცებს, მოგვცემს არსებული საშიშროების განეიტრალების საშუალებას. ვფიქრობ, უკვე სექტემბერში, შესაძლებელი იქნება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება. იმედგაცრუებული ვარ თუ არა? პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება, იყვნენ იმედგაცრუებული ან ნაწყენი.

- კიდევ ერთი დელიკატური პრობლემა – ქართველი დამნაშავეები გერმანიაში. საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც გერმანიაში ჩამოდიან და თავშესაფარს ითხოვენ, მაინცდამაინც დიდი არაა. ასევე მცირეა პროცენტული მონაცემებიც ლტოლვილთა შორის ქართველი დამნაშავეების თაობაზე, მაგრამ საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც გერმანიაში თავშესაფარზე განცხადება დაწერეს და გადაწყვეტილებას ელოდებიან, დამნაშავეთა წილი ძალიან დიდია. მათი სპეციალობა ბინების ქურდობაა. როგორ ებრძვით ამ მოვლენას?

- თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ ქართველების წილი უცხოელების მიერ გერმანიაში ჩადენილ დანაშაულების სტატისტიკაში ძალიან მცირეა – სულ 0,9%, მაგრამ ამის  მიუხედავად, ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ. ჩემთან ერთად გერმანიაში ჩამოვიდა ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრიც, რომელიც თავის კოლეგას ხვდება. იგი ერთი თვის წინათ უკვე იყო გერმანიაში და საკმაოდ მჭიდრო სამუშაო კონტაქტები დაამყარა აქაურ უწყებასთან. გარდა ამისა, საქართველოს საელჩოში პოლიციის ატაშეც მუშაობს. ასე რომ, ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან აქტიურად მიდის. შედეგი კი ის იქნება, რომ „ქართული კრიმინალი“ საქართველო-გერმანიის ურთიერთობაში ნეგატიურ როლს აღარ შეასრულებს.

- და მაინც – როგორია თქვენი მოქალაქეების ბედი, რომლებსაც გერმანიის პოლიცია დანაშაულის ჩადენისას იჭერს და შემდეგ კი მათ დეპორტაციას ახდენს საქართველოში? რამდენია მათ შორის უკვე მსჯავრდებული?

- სასამართლო პროცესიდან, რომელიც, კანონის თანახმად, დეპორტაციას აუცილებლად მოჰყვება, თავს ვერავინ დაიძვრენს. მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის აღნიშვნაც, რომ გერმანიის მხარის მოთხოვნა რეადმისიის თაობაზე ჩვენი მხრიდან 98%-ით სრულდება. ანუ როცა გერმანიიდან საქართველოში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელს აძევებენ, ისინი ავტომატურად ხვდებიან საპყრობილეში.

- ბერლინში თქვენი მოლაპარაკების კიდევ ერთი თემა იყო საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან. აქ განსხვავება მიდგომებშია: თქვენ გსურთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია, გერმანიის კანცლერს კი სხვა თვალსაზრისი აქვს – მას აშკარად არ სურს ხელი შეუწყოს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. როგორ ფიქრობთ ისეთი პირობების შექმნას, რომლის დროსაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება?

- საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დროის საკითხია. ის რეფორმები, რომლებსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ, გავუგზავნოთ რუს პოლიტიკოსებს სიგნალები იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის მტერი არ არის, ხოლო ნატო-ში წევრობა ჩვენთვის რუსეთთან კონფრონტაციის ელემენტს არ წარმოადგენს.

- ჰო, მაგრამ რუსეთში ამ საკითხს სხვაგვარად უცქერიან…

- დიახ, გასაგებია, თუმცა უნდა გავიდეს გარკვეული დრო, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის კონსტრუქციულმა პოლიტიკამ და პრაგმატულმა მიდგომამ შედეგი გამოიღოს. სამწუხაროდ, გასულ წლებში ყველა მხარის მიერ დაშვებული იყო შეცდომები. საქართველოს ორი ტერიტორია ოკუპირებულია, იქ რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დადებითი ფაქტორი არ არის.

- და როგორ ცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას?

- ამ პრობლემის მოგვარება მოხდება მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველზე. რაც შეეხება ნატოს წევრობა, ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს – რომ მას ჰქონდეს სტაბილური პარტნიორი სამხრეთ საზღვართან. ჩვენ არ ვაპირებთ სამხედრო ძალის გამოყენებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს გამორიცხულია. ნატოს წევრობა ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად გვჭირდება. ამას გარდა, ნატო მხოლოდ სამხედრო ბლოკი არ არის. ეს არის სახელმწიფოთა კავშირი, რომელშიც არსებობს ადამიანის უფლებების საერთო სტანდარტები, საერთო დემოკრატიული ნორმები. საქართველომ მიზნად დაისახა, გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო, ააშენოს ინსტიტუციური დემოკრატია. ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენ მივისწრაფვით ნატოსკენ.

- იმ დღეს, როცა თქვენ ანგელა მერკელს შეხვდით და მოლაპარაკება გამართეთ, გაზეთმა „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგმა“ მთელი გვერდი საქართველოს რეკლამას დაუთმო. რა მიზნით დახარჯეთ ამდენი ფული ასეთ რეკლამაზე?

- გერმანულმა საზოგადოებამ საქართველო დადებითი მხრიდანაც უნდა გაიცნოს. კამპანია ქართველ დამნაშავეთა შესახებ გადაჭარბებულია. ქართველებს გვაქვს ის ყველაფერი, რაც ჩვენ გერმანელ მეგობრებს შეგვიძლია შევთავაზოთ, ვაჩვენოთ.. ის მიღწევები, გარდაქმნები, რომლებსაც ჩვენ დინამიურად განვითარებად და დემოკრატიულ ქვეყანაში ვახორციელებთ, გერმანელი მეგობრებისთვისაც უნდა გახდეს ცნობილი. ამგვარი პუბლიკაციების მიზანია იმ წარმატებების კომუნიკაცია, რომლებითაც ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ.

«The Week» (დიდი ბრიტანეთი//აშშ), 17 ივნისი, 2016 წელი

http://theweek.com/articles/629092/how-russia-vs-nato-war-really-down

როგორი შეიძლება იყოს ომი ნატოსა და რუსეთს შორის?

კაილ მიზოკამი

(შემოკლებით)

გასულ კვირას პრესაში თვალს ვადევნებდი პუბლიკაციების ნაკადს, რომელთა თანახმად, პუტინის რუსეთს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში განლაგებული ნატოს სამხედრო ძალების განადგურება თურმე სულ რაღაც ხუთ დღეში შეუძლია. შესაბამისად, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, და, ალბათ,  პოლონეთიც ახალი რკინის ფარდის მიღმა აღმოჩნდებიანო.

მაგრამ შეუძლია თუ არა სინამდვილეში ამის გაკეთება რუსეთს, რომელიც დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირს აჩრდილს წარმოადგენს? როგორც ყოველთვის, ჭეშმარტი სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე ეს ზოგიერტებს წარმოუდგენიათ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის  საკითხებში მაიკლ კარპენტერი, კონგრესში გამოსვლისას, დაეთანხმა იმ დასკვნას, რომელიც სტრატეგიული კვლევების ცენტრმა წარადგინა: თუ რუსეთის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების  წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კამპანია ელვისებურად განხორციელდება, სამწუხაროდ, ნატო მათ დაცვას  ვერ შეძლებს. ამ სამი პატარა სახელმწიფოს ჯარები რუსულ არმიას ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.

როგორც წესი, თავდამსხმელმა რომ გაიმარჯვოს, მოწინააღმდეგის რაოდენობას სამჯერ მაინც უნდა აჭარბებდეს. ამჟამად ბალტიის ქვეყნების მიმართ ეს შეფარდება სამი ერთზე კი არაა, არამედ ოთხი ერთზე – რუსეთს ამ რეგიონში ძალიან ძლიერი ძალა ჰყავს კონცენტრირებული. თუ მათ ნატოს სხვა ქვეყნები დაეხმარებიან (ოთხმა უკვე თანხმობა განაცხადა), მაშინ შეფარდება ორი ერთზე იქნება.

მოსკოვს ნატოსთან ომში ძალიან ბევრი უპირატესობა ექნება: ომი მისსავე საზღვრებთან იწარმოებს, შესაბამისად, მეტი საშუალება ექნება დამატებითი ძალების გადასროლისა და მათი ამუნიციით მომარაგების მიზნით – სულ რაღაც 150 კილომეტრის არეალში. სხვათა შორის, ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგანაც რუსული ლოჯისტიკა მოისუსტებს. გარდა ამისა, მოსკოვი მოულოდნელი თავდასხმის ფაქტორითაც ისარგებლებს.

ამასთან, რუსეთს სუსტი მხარეებიცაქვს, თანაც არსებითი: ორი ათეული წლის განმავლობაში რუსეთი ძირითადად საბჭოთა კავშირის დროინდელი ჯარითა და შეიარაღებით არსებობს. საბჭოურ ეპოქაში არმია ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზე იყო განლაგებული და როცა 1991 წელს სსრკ დაიშალა, საბჭოთა არმია რუსეთის არმიად გადაიქცა, თავისი პირადი შემადგენლობითა და ტექნიკით. თუმცა, რადგანაც 1990-იან წლებში რუსეთში ეკონომიკური კრიზისი განვითარდა, არმიას ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდა, მძიმე და ძვირადღირებული ტექნიკა ფაქტიურად განადგურდა. 2014 წლისათვის კი, როცა რუსეთის ეკონომიკა, როგორც იქნა, ფეხზე წამოდგა, მთავრობამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზება დაიწყო. თუმცა, ეკონომიკურმა სანქციებმა და ნავთობზე ფასების დაცემამ მოდერნიზების პროოცესი შეაყოვნა: ახალი მოდელის ტანკები და მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლები მცირე რაოდენობით იქნა გამოშვებული და არმია ისევ მოძველებული ტექნიკის ამარა დარჩა.

რუსეთის არმია ისე კარგად გაწრთვნილი არაა, როგორც, ვთქვათ, ნატოს ჯარები. ჩეჩნეთში რუსულმა არმიამ საკუთარი სახე ცუდად აჩვენა – ისინი ბრძოლებში ძირითადად ცეცხლის ძალას ეყრდნობოდნენ და „მტვრადქცევის“ პრინციპით მოქმედებდნენ. რუსეთის არმიაში, როგორც უკვე ვთქვი, დაბალ დონეზეა ლოჯისტიკა, რაც 2008 წელს საქარტველოსტან ომში მწვავედ გამოვლინდა. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ რუსულ სახმელეთო ძალებს გადაადგილება და ბრძოლა მთიან ადგილებში მოუხდათ, ასეთი წრთვნები კი მათ გავლილი არ ჰქონდათ. მოუმზადებელი აღმოჩნდა სამხედრო ტექნიკაც. ნატოს ჯარები რომ ასეთ სიტუაციაში ყოფილიყვნენ, რუსებთან შედარებით, ისინი საბრძოლო ამოცანებს უფრო კარგად შეასრულებდნენ.

ბოლო დროს რუსეთმა ყირიმში „ჰიბრიდული ომის“ ახალი ტიპი აჩვენა. მოსკოვმა ვერ შეძლო ყირიმში პირდაპირი შეჭრა, ამიტომ იმპროვიზირება მოუწია. ზოგჯერ „ჰიბრიდულ ომს“ ირონიულად „იაფ ომს“ უწოდებენ ხოლმე.

რუსეთ-ნატოს ომის რეალური საფრთხე იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ნატოს ომის წაგება შეუძლია: თავისი რეზერვებით, მობილურობით, სამხედრო-ტექნიკური პოტენციალით, ნატოს საბოლოო ჯამში ომის მოგება შეუძლია. საფრთხე სხვა რაღაცაშია: როცა რუსეთს მოძველებული ჩვეულებრივი იარაღი გამოელევა, სერიოზული მარცხის წინაშე დადგება და აი, ამ დროს ვაითუ ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თავის საზღვრებთან ახლოსაც კი. ეს კი სავსებით შესაძლებელია სრულმასშტაბიან ატომურ ომად გადაიზარდოს.

ნატო რუსეთთან ომს აუცილებლად უნდა მოერიდოს, მაგრამ მან ეს ძალის პოზიციით უნდა გააკეთოს. როცა რუსეთი დაინახავს, რომ ბალტიის ქვეყნების დაცვაში ნატო მტკიცე სოლიდარობას ამჟღავნებს, მოსკოვი მიხვდება, რომ თავდასხმა წამგებიანი იქნება. ჰოდა, ნატოც გამარჯვებული გამოვა ამ სიტუაციიდან.

Comments are closed