globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 18th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL//რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპა» (აშშ): საქართველოს საფრთხეები თურქეთში ვერშემდგარი გადატრიალების სარკეში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ უილიამ კორტნისთან: „თურქეთმა შურისძიებაზე უარი უნდა თქვას“ // „საქართველოს თურქეთთან კარგი ურთიერთობა აქვს და ის უნდა შეინარჩუნოს“

«Деловая столица» (უკრაინა): რატომ უნდა გაასწროს უკრაინამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე

«Вестник Кавказа» (რუსეთი): ინტერვიუ იუნუს-ბეკ ევკუროვთან: „ჩვენ გვსურს საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს ვერ ხერხდება“

———————-

«RFE//RL//რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპა» (აშშ), 17 ივლისი, 2016 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/saqartvelos-safrtxeebi-turqetis-movlenebis-fonze/27862469.html

საქართველოს საფრთხეები თურქეთში ვერშემდგარი გადატრიალების სარკეში

ლელა კუნჭულია

ჯერ ისევ ვარაუდები და ეჭვები უკავშირდება თურქეთში სამხედრო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობას, რომელმაც 16 ივლისს, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 200–მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საერთაშორისო თანამეგობრობა იმედოვნებს, რომ ევროპის დიდი სახელმწიფო, ნატოს წევრი თურქეთი, მალე აღადგენს კონსტიტუციურ წესრიგს და ცხოვრებას მშვიდობიანად გააგრძელებს. ინტერესი არ ცხრება, მაგრამ ჯერ ისევ პასუხგაუცემელია შეკითხვები: ვინ შეიძლება იდგეს მომხდარის უკან, ვის აძლევდა ხელს ეს და ვინ იხეირებს მოვლენათა ამგვარი განვითარებით?

ვერშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების გარშემო მსჯელობა და კამათი გრძელდება საქართველოშიც: როგორ გამოიყურება ეს მოვლენები რუსეთის სამეზობლოდან და რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს თურქეთში ვითარების გამწვავების შემთხვევაში?

წამყვანი უცხოური ტელეკომპანიები რამდენიმე საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმით, პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ თურქეთში (და, კერძოდ, სტამბოლსა და ანკარაში) მიმდინარე მოვლენებს: ტანკებით ჩახერგილ ქუჩებს, გადაკეტილ ხიდებს, სროლას, აფეთქებას, დაჭრილ და დაშავებულ ადამიანებს. ვრცელდებოდა შემაშფოთებელი ცნობები ადამიანების დაღუპვის ათობით ფაქტთან დაკავშირებით, რაც ვითარების გამწვავებისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ზრდიდა. ნელ-ნელა გაირკვა, რომ თურქეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას ამბოხებული სამხედროების მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა, რომელიც პირველ ეტაპზე წარმატებით დაეუფლა სტრატეგიულ ობიექტებს და ხალხს თურქეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერით აუწყა: ქვეყანას ჩვენ ვაკონტროლებთ და მუშაობას ვიწყებთ ახალი კონსტიტუციის მისაღებადო. თუმცა ყველაფერი ბევრისთვის ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორც დაიწყო – ვიდრე 16 ივლისს, გამთენიისას, პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მარმარისიდან სტამბოლში ჩავიდოდა და სამხედრო გადატრიალებას ჩაშლილად გამოაცხადებდა, მობილური ტელეფონით ამერიკული „სი-ენ-ენ“-ისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან ხალხს ქუჩებში გამოსვლისა და დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა. ხალხი, მართლაც, გამოვიდა ქუჩაში და, ბევრის აზრით, რეჯებ ერდოღანის ხელისუფლება სწორედ ხალხმა გადაარჩინა.

სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჯერ ისევ პროცესში იყო, როდესაც დასავლეთის ცალკეულმა ლიდერებმა თუ საერთაშორისო სტრუქტურებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. (…) სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმეს საქართველოშიც. „ძალიან მნიშვნელოვანია, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას არ შეექმნას საფრთხე“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 ივლისს, გამთენიისას,უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ. განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა:

„დარწმუნებული ვარ, რომ დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული უახლოეს მომავალში და ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. მე მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება არავითარი საფრთხე“.

უკვე ცხადია, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში კრახით დასრულდა. მომხდარს დაბალი რანგის სამხედროების მიერ გადადგმულ გაუთვლელ ნაბიჯად მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ნოდია და, როგორც ის ეუბნება „რადიო თავისუფლებას“, მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ყველაფრით ყველაზე მეტად პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანი იხეირებს. ეს იმიტომ, რომ სამხედროთა აჯანყებამ პრეზიდენტი „მტრებთან ბრძოლის“ მანდატით აღჭურვა, ხოლო ხალხის მასშტაბურმა მხარდაჭერამ მეტი ლეგიტიმაცია შესძინა პრეზიდენტის სამომავლო ქმედებებს, რასაც ის გამოიყენებს არა მხოლოდ სამხედროების წინააღმდეგ, არამედყველას წინააღმდეგ, ვინც მას დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე უკვე დაკავებულია სამი ათასამდე სამხედრო პირი, მათ შორის – გენერლები. გია ნოდიას არ გაჰკვირვებია, რომ პრეზიდენტმა ერდოანმა უკვე გაიშვირა თითი აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენისკენ, თუმცა პოლიტოლოგს ნაკლებად ჰგონია, რომ გიულენს ასეთი გაუაზრებელი, წინასწარვე მარცხისთვის განწირული ნაბიჯი გადაედგა.

ლტოლვილების ნაკადთან დაკავშირებულ სიძნელეებსა და მოსალოდნელ ეკონომიკურ პრობლემებზე რომ არაფერი ვთქვათ, გია ნოდიასთვის ცხადია, რომ თურქეთში სიტუაციის არევა-გამწვავება ბევრ სხვა პრობლემას შეუქმნიდა საქართველოს: „თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, ობიექტურად, გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სტაბილურობა და ის, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ის ზოგადად მაინც დასავლური პოლიტიკის ჩარჩოებში მოქმედებს და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, თურქეთში კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

გია ნოდიასგან განსხვავებით, ზაალ ანჯაფარიძე არ ეთანხმება ვარაუდს, რომ რუსეთს ხელს აძლევდა არეულობა თურქეთში. როგორც ანალიტიკოსმა უთხრა „რადიო თავისუფლებას“, თვითმფრინავის ჩამოგდების ცნობილი ამბის შემდეგ, მოსკოვმა უკვე დაალაგა ურთიერთობები ანკარასთან და რუსეთს ამ ეტაპზე ძალიანაც ხელს აძლევს თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება. მაგრამ თუკი თურქეთში სიტუაცია აირეოდა და დაიძაბებოდა, რუსეთის ხელისუფლება შესანიშნავად ისარგებლებდა ამით და საფრთხე საქართველოსაც შეექმნებოდა:

„თუ, ვთქვათ, პუჩისტები მიაღწევდნენ თავიანთ მიზანს, რუსეთი, რა თქმა უნდა, ისარგებლებდა ამით და იტყოდა: აი, ჩვენი საზღვრების მახლობლად მოიმატა საფრთხეებმა და, შესაძლოა, თავისი შეიარაღებული ძალები შავი ზღვის რეგიონში გაეძლიერებინა და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცნობთ რუსეთის მოქმედებების ხელწერას: მას შეუძლია რომელიმე რეგიონში კონფლიქტების ხელოვნურად ინიცირება და მერე უკვე იქ მშვიდობისმყოფლის როლში მოვლინება ან იმის განცხადება, რომ კონფლიქტი მიდის ჩვენი საზღვრების სიახლოვეს და ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად იძულებული ვართ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები გამოვიყენოთ“.

ამ კონტექსტში ზაალ ანჯაფარიძე იხსენებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს, მუქარისშემცველ განცხადებას, რომ სირიის მსგავსი შეიარაღებული კონფლიქტები შესაძლოა აღმოცენდეს გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის – ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაშიც და რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი იტოვებს უფლებას შესაბამისად იმოქმედოს საფრთხეების წინააღმდეგ.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 ივლისი, 2016 წელი

www.amerikiskhma.com/a/amb-william-courtney-interview-on-turkey-developments/3421639.html

ინტერვიუ უილიამ კორტნისთან: თურქეთმა შურისძიებაზე უარი უნდა თქვას // „საქართველოს თურქეთთან კარგი ურთიერთობა აქვს და ის უნდა შეინარჩუნოს

ანა კალანდაძე

თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “ამერიკის ხმა” აშშ-ის გავლენიანი საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს წევრს, აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოსა და ყაზახეთში, ამჟამად კი ვაშინგტონში არსებული “რენდ კორპორაციის” მკვლევარს უილიამ კორტნის ესუბრა:

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, რა მოხდა თურქეთში?

უილიამ კორტნი: როგორც ჩანს, სამხედროების ნაწილმა პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანისა და თურქეთის არჩეული მთავრობის ჩამოგდება სცადა. მცდელობა ჩავარდა. მომხდარმა მოსკოვის 1991 წლის პუტჩი გამახსენა. შეთქმულებს არ დაუკავებიათ პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი, ამიტომ, მან თავისი ხალხის მობილიზება მოახერხა. არც ბორის ელცინი დაუკავებიათ 1991 წელს და შეთქმულთა წინააღმდეგ მანაც თავისი ხალხი გამოიყვანა. აგრეთვე ჩანს, რომ ამბოხებას სამხედროების მხოლოდ ნაწილი მიემხრო. მოსკოვშიც ასე მოხდა: ზოგიერთმა სამხედრომ პუტჩს დაუჭირა მხარი, ზოგიერთმა არა. გაკვეთილი ისაა, რომ განათლებულ საზოგადოებებში გადატრიალებისა და სამხედროთა მმართველობის იდეები აღარავის მოსწონს.

ამერიკის ხმა: რა გავლენა ექნება მომხდარს რეგიონზე, ახლო აღმოსავლეთსა და საქართველოზე?

უილიამ კორტნი: შეერთებულ შტატებსა და ევროპას, როგორც ჩანს, სირიის საკითხთან მიმართებაში თავისი პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ. დასავლეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი სტაბილური დემოკრატიის ქვეყანა იყოს. ვფიქრობ, დასავლეთი უფრო მეტ ძალისხმევას თურქეთის სტაბილურობისკენ მიმართავს და შედარებით ნაკლებ ინტერესს გამოიჩენს სირიის მიმართ. დასავლეთისათვის სირია არაა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც თურქეთი. დასავლეთის, საქართველოსა და უკლებლივ ყველას ინტერესშია რეგიონში ძლიერი, სტაბილური, აყვავებული, დემოკრატიული თურქეთის ყოფნა.

ამერიკის ხმა: როგორ აისახება მომხდარი ნატო-თურქეთის ურთიერთობებზე?

უილიამ კორტნი: ნატო და მთლიანად დასავლეთი თურქეთის დამშვიდებას შეეცდებიან. რეჯეფ ერდოღანმა თქვა, რომ მომხდარმა – ციტირებას ვახდენ – „არმიის გაწმენდის“ შესაძლებლობა გააჩინა. ეს არაა პოლიტიკა, რომელსაც რეჯეფ ერდოღანმა უნდა მისდიოს. მას სჭირდება პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და არა – უფრო მეტად გაყოფს. დამხობის მცდელობა ბევრწილად რეჯეფ ერდოღანის შურისმაძიებლური მმართველობის შედეგია. ქვეყანა საზოგადოების გაყოფითა და შურისძიებით არ იმართება. ამ მეთოდმა არ იმუშავა ეგვიპტეში, როდესაც ხელისუფლებაში „მუსლიმთა საძმო“ მოვიდა. ეს მეთოდი რეჯეფ ერდოღანისთვისაც უნაყოფოა. საკითხავია, ისწავლის თუ არა ერდოღანი გაკვეთილს და ეცდება თუ არა ნაკლებად წინააღმდეგობრივი პოლიტიკის გატარებას, თუ პირიქით, გადაწყვეტს, რომ გაიმარჯვა – სინამდვილეში კი არ გაუმარჯვია – და შურს იძიებს: ბევრს დაიჭერს, ზოგიერთს მოაკვლევინებს კიდეც და უფრო მეტად გაყოფს ქვეყანას. ერდოღანმა ბორის ელცინისაგან უნდა ისწავლოს. 1991 წელს პუტჩის ლიდერებს დიდსულოვნად მოექცნენ. ამ ფაქტმა რუსეთს სტაბილურობა მოუტანა.

ამერიკის ხმა: როგორ უნდა წარმართოს საქართველომ თურქეთთან ურთიერთობა?

უილიამ კორტნი: საქართველოს თურქეთთან კარგი ურთიერთობა აქვს და ის უნდა შეინარჩუნოს. საქართველო, როგორც დასავლეთის ნაწილი, სტაბილური და დემოკრატიული თურქეთითაა დაინტერესებული. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ამავე დროს, როგორც დასავლეთის ნაწილმა, უნდა მოუწოდოს თურქეთს, გაატაროს ქვეყნის, ხალხის გაერთიანების პოლიტიკა და საზოგადოების გაყოფასა და შეთქმულების ორგანიზატორთა მიმართ შურისძიებაზე უარი თქვას.

ამერიკის ხმა: როგორ გაგრძელდება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თურქეთის ბრძოლა?

უილიამ კორტნი: სავარაუდოდ, თურქეთი უფრო მეტ ყურადღებას ქვეყნის შიდა საკითხებზე გადაიტანს, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა კი მეორე რიგში გადაინაცვლებს. თურქეთს მისი ხალხის გაერთიანება და გაძლიერება უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე სირიის პრობლემაში უწინდელივით აქტიური ჩართულობა.

«Деловая столица» (უკრაინა), 18 ივლისი, 2016 წელი

http://www.dsnews.ua/temy_nomerov/pochemu-nam-tak-vazhno-obognat-gruziyu-17072016174900

რატომ უნდა გაასწროს უკრაინამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე

ირინა შევჩუკი

საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა 2008 წლის აპრილში გამართულ ბუქარესტის სამიტზე დაიწყო, თუმცა დღემდე თბილისი, ნატოში გაწევრიანებას რომ თავი დავანებოთ, „მაპ“-ის გარეშეც კი რჩება. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის ვარშავის სამიტიც უშედეგო გამოდგა. უკრაინისათვის თბილისის გამოცდილება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს მდგომარეობა ძალიან ჰგავს უკრაინისას: ორივე ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, თუმცა ოფიციალურად არცერთი – არც საქართველო და არც უკრაინა რუსეთთან საომარ მდგომარეობაში არ იმყოფება. მოისურვებს თუ არა ნატო ოდესმე ასეთი სიტუაციის მქონე ქვეყნების წევრებად მიღებას, ეს ჯერ-ჯერობით არავინ იცის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება მხოლოდ გაწევრიანების შანსებზე ვისაუბროთ.

ვარშავის სამიტის დასკვნითი განცხადება ძალიან საინტერესო ფორმულირებას შეიცავს: „ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიული ქვეყნისათვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენი ჩრდილოატლანტიკური კავშირის ღირებულებებს და მზად არიან აიღონ საკუთარ თავზე ვალდებულება, რომელიც ალიანსის წევრს მოეთხოვება; აქვთ უნარი იმისა, რომ განავითარონ ვაშინგტონის ხელშეკრულების პრინციპები, რომელთა მიღება ხელს შეუწყობს უსაფრთხოების განმტკიცებას ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში“. აი, სწორედ ეს შენიშვნა შეიძლება აღმოჩნდეს საბედისწერო როგორ ქართველთა, ასევე უკრაინელთა იმედებისათვის. ფაქტიურად, ყველაფერი დამოკიდებულია იმ შეფასებებზე, რომელთაც თვითონ ნატო გააკეთებს.

ჯერ-ჯერობით კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს და უკრაინას მხოლოდ დაპირებებს აძლევს და ვალდებულებებისაგან თავს იკავებს. ვარშავის სამიტის დასკვნით განცხადებაში საქართველოს ორი პუნქტი ეხება:

პირველში ნათქვამია, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე ნატოს წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება და მას მიეცემა „მაპ“-ი, როგორც გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი. ვარშავის სამიტზე ნატოს წევრებმა კვლავ დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის რეზოლუცია. მათ აღნიშნეს ისიც, რომ საქართველომ 2008 წლის შემდეგ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ამ მხრივ მას უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისათვის.

მეორე პუნქტში ნატო მიესალმება იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც საქართველოს ურთიერთობის პაკეტის შესრულებაში გამოიხატება და რომელიც ალიანსის უელსის სამიტზე, 2014 წლის სექტემბერში იქნა მიღებული. აქვე შევნიშნავთ, რომ უკრაინას ნატოსაგან მსგავსი პაკეტი არ ჰქონია. განცხადების ამ პუნქტში ასევე ნათქვამია, რომ ნატოს წევრები საქართველოს დახმარებას გაუწევენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განვითარების სფეროში. სამწუხაროდ, უკრაინას მსგავსი დაპირება ვარშავის სამიტზე არ მიუღია.

უკრაინა საქართველოს აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობაშიც ჩამორჩება: ვარშავის სამიტის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმყოფებოდა კიევშიც და თბილისშიც. კიევში მას ხელი არაფრისთვის მოუწერია, თბილისში კი მან, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ვერც საქართველო და ვერც უკრაინა ნატოს წევრები ვერ გახდებიან. მაგრამ ის, რომ თბილისი, ალიანსში გაწევრიანების გზაზე, მნიშვნელოვნად წინ უსწრებს უკრაინას, ეს უკვე საქართველოსთვის კონკრეტულ უპირატესობას უზრუნველყოფს.

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 17 ივლისი, 2017 წელი

http://www.vestikavkaza.ru/material/168358

ინტერვიუ იუნუს-ბეკ ევკუროვთან: „ჩვენ გვსურს საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება“

ინგუშეთის მეთაური იუნუს-ბეკ ევკუროვი გამოცემა „ვესტნიკ კავკაზას“ ჟურნალისტთან ინტერვიუში რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზე საუბრობს და ამასთან დაკავშირებით ეხება საქართველოსთან და აფხაზეთთან ურთიერთობებსაც.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ჯეირახში კურორტ არმხის დათვალიერებისას დავრწმუნდით, რომ რესპუბლიკაში ბევრი რამ კეთდება ტურიზმის განვითარებისათვის. არის თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა ან გრძელვადიანი პროგრამა ტურისტების მისაზიდად სამხრეთ კავკასიიდან?

- გეგმები კი გვაქვს, მაგრამ მათ რეალიზებას ჩვენი სახსრებით ვერ ვახერხებთ, ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების მთვარი ინვესტორი კი ვალდებულებასდ არ ასრულებს… ჩვენ გვინდა, რომ ჯეირახის რაიონს და საერთოდ, ინგუშეთის კურორტებს ყურადღება განსაკუთრებით დაუთმონ, ჩვენც ისე დაგვეხმარონ, როგორც სხვა სუბიექტებს ეხმარებიან. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან შევეცდებით საკუთარი ძალებით მოვძებნოთ ინვესტორები. ვფიქრობ, ჩვენი კურორტების განვითარების მიზნით ჩადებული ფული ინვესტორს მოგებას მოუტანს…

- აქვს თუ არა ინგუშეთს ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან?

- სამწუხაროდ, არა. ჩვენ გვსურს საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ ჯერ-ჯერობით [კონტაქტების დაწყება] ვერ ხერხდება. ღმერთმა ქნას, რომ სწრაფად მოხდეს. აზერბაიჯანთან შეთანხმება გაფორმებულია, თუმცა, ამჯერად უკვე ჩვენი ეკონომისტების უმოქმედობის გამო, ეს საკითხიც ბოლომდე არაა მიყვანილი. ვფიქრობ, უახლოეს ხანში მოვაგვარებთ. ხელმოწერილია შეთანხმებები აფხაზეთთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით მოქმედებს  მხოლოდ ერთი – შეთანხმება ბავშვთა დასვენების თაობაზე; აფხაზი ბავშვები ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში სამკურნალოდ მოდიან ხოლმე. რაც შეეხება გრძელვადიან ეკონომიკურ პროგრამებს, ამით მაინცდამაინც ვერ დავიტრაბახებთ“.

Comments are closed