globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 სექტემბერი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 18th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Новое время» (უკრაინა): სანამ ის ოდესაშია: როგორი გახდა საქართველო მიხეილ სააკაშვილის შემდეგ

«Trend» (აზერბაიჯანი): ურმიის ტბის გადარჩენის საკითხი: ქართული პროექტი განუხორციელებელია, დღის წესრიგშია თურქული გეგმა

—————————

«Новое время» (უკრაინა), 18 სექტემბერი, 2015 წელი

http://nv.ua/ukraine/politics/zhurnalist-nv-sezdil-v-gruziju-chtoby-uznat-kak-ona-zhivet-bez-mihaila-saakashvili-69181.html

სანამ ის ოდესაშია: როგორი გახდა საქართველო მიხეილ სააკაშვილის შემდეგ

უკრაინის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველკვირეული ჟურნალის „ნოვოე ვრემიას“ კორესპონდენტი აგვისტოს ბოლოს საქართველოში იმყოფებოდა, რათა გაეგო, თუ როგორ ცხოვრობს ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის შემდეგ. „საქართველო  მიხეილ სააკაშვილის შემდეგ – ესაა წინახელისუფლების ნოვატორული გადაწყვეტილებებისა და დღევანდელი მთავრობის სოციალისტური დაპირებების ნარევი, სადაც მოსახლეობის ნაწილი ევროპისაკენ ისწრაფვის, მეორე ნაწილს კი ძლიერი „პრო“-რუსული განწყობები აქვთ“, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც ჟურნალის ბოლო, 34-ე ნომერშია გამოქვეყნებული, 18 სექტემბერს.

„დიახ, ჩვენ დღემდე ვიხსენებთ მიშას (მიხეილ სააკაშვილს). მან იმდენი რამ ჩაიდინა, როგორ დაგვავიწყდება – ბიზნესმენებს წურავდა, საპატიმროები ტუსაღებით გაავსო“, – ამბობს ბოსტნეულის გამყიდველი დავითი, საუბრობს რა ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდზე. დავითმა მთხოვა, რომ პრესაში მისი გვარი არ მეხსენებინა და დაამატა: „არც დღევანდელი ხელისუფლებაა უკეთესი: ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება“.

დაახლოებით ასეთი განწყობით საუბრობენ სხვა თბილისელებიც. ისინი მიხეილ სააკაშვილის გუნდის 9-წლიანი საქმიანობით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ არც დღევანდელ ხელისუფლებას იწონებენ. რატომ? იმიტომ, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში, რომელიც „მიშას“ პრეზიდენტობის შემდეგ გავიდა, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ნიშნები სულ უფრო მკაფიოდ ჩნდება, ხოლო ადგილობრივი ვალუტის – ლარის კურსი, დოლარტან მიმართებით, ძალიან დაეცა, ფასები მატულობს…

ამ ფონზე ქართველების ნაწილში სულ უფრო ძლიერდება „პრო“-რუსული განწყობები, საკმაოდ მოულოდნელი ისეთი ქვეყნისათვის, რომელმაც შვიდი წლის წინათ რუსეთის ფედერაციის მხრიდან თავდასხმა განიცადა“, – აღნიშნულია სტატიაში.

«Trend» (აზერბაიჯანი), 18 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.trend.az/world/other/2433992.html

ურმიის ტბის გადარჩენის საკითხი: ქართული პროექტი განუხორციელებელია, დღის წესრიგშია თურქული გეგმა

ირანის ხელისუფლება აგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ მთიან ნაწილში მდებარე ურმიის ტბის გადარჩენად მიმართულ ძალისხმევას“, – იუწყება აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენო „ტრენდი“.

ამ რამდენიმე კვირის წინათ ირანის მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურმიის ტბისათვის საჭირო წყალი საქართველოდან (მდინარე მტკვრიდან) და სომხეთიდან (სევანის ტბიდან) იქნებოდა გადატუმბული მძლავრი წყალსაქაჩი სადგურებით, მილსადენების მეშვეობით. ახლახანს კი ახალი პროექტი გაჩნდა: ირანი შრობადი ურმიის ტბისათვის წყლის მიღებას თურქეთიდან – ვანის ტბიდან გეგმავს.

„ვანის ტბა ურმიის ტბაზე გეოგრაფიულად 350 მეტრით უფრო მაღალ ადგილზე მდებარეობს, რაც თურქეთიდან წყლის გადატუმბვას აიოლებს“, – განაცხადა ურმიის ტბის აღდგენის საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელმა ისა ქალანთარმა. მისი თქმით, ორ ტბას შორის მანძილი 170 კილომეტრია. ამჟამად ამ პროექტის რეალიზების მიზნით, ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ირანის მასმედიის ცნობით, ურმიის ტბის აღდგენის ცენტრის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჰადი ბაჰადურმა განაცხადა, რომ პროექტის რეალიზებისათვის ფული გამოინახება: „თურქეთის ბანკებში ირანის ნავთობის გაყიდვის შედეგად მიღებული თითქმის 9 მილიარდი დოლარი ინახება გაყინული სახით და სწორედ ამ ფულს გამოვიყენებთ. ვანის ტბიდან ურმიის ტბამდე მილსადენის მშენებლობისა და სხვა სამუშაოებისათვის, წინასწარი გათვლებით, მხოლოდ ერთი მილიარდი დოლარია საჭირო“.

რაც შეეხება ქართულ პროექტს, როგორც ჰადი ბაჰადურმა განაცხადა, პოლიტიკური თვალსაზრისით მისი განხორციელების პრობლემა არ არის, მაგრამ ტექნიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მოსაზრებით პროექტი მიზანშეუწონლად ჩაითვალა.

ექსპერტთა გამოთვლებით, თითქმის უკვე დამშრალი ურმიის ტბის აღსადგენად ყოველწლიურად 3,1 მილიარდი კუბური მეტრი წყალია საჭირო. დღეს დარჩენილ წყალში მარილის შემადგენლობა 330 გრამია ლიტრში (ადრინდელი 170-ის ნაცვლად), რაც რეგიონის ფლორასა და ფაუნას ეკოლოგიურ ზიანს აყენებს.

———-

კიდევ ერთი მასალა ირანის შესახებ, რომელიც საქართველოს უკავშირდება. ორი დღის წინა რადიოსადგურმა „ირანის ხმამ“ გაავრცელა მასალა ერევანში ჩატარებული კონფერენციის შესახებ (თემა: „ირანი – სანქციების მოხსნა და სავარაუდო რეგიონული მოვლენები“), რომელზეც ექსპერტებმა სომხეთ-ირანის შემაერთებელ რკინიგზის პროექტზე ისაუბრეს.

როგორც ერთ-ერთმა ექსპერტმა, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატმა აშოტ თავადიანმა განაცხადა, რკინიგზის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი ჩინურმა კომპანიამ გამოხატა, თუმცა, ექსპერტის აზრით, თუ პროექტში საქართველოც არ ჩაერთვება, მაშინ რკინიგზის მშენებლობას აზრი ეკარგება.

ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულ გაზეთ „ეხოს“ 18 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებული სტატია, სხვა საკითხებთან ერთად, „ირანის ხმის“ ინფორმაციას ეხება. მასში აღნიშნულია, რომ რადგანაც სომხეთს ამჟამად სარკინიგზო კავშირი მხოლოდ საქართველოსთან აქვს. რასაკვირველია, ერევანი ცდილობს გარესამყაროსთან დამაკავშირებელი კომუნიკაციების დივერსიფიცირება მოახდინოს.

როგორც ცნობილია, სომხეთ-ირანის რკინიგზის სავარაუდო მშენებლობაზე ლაპარაკი დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზები“, რომელიც „სომხეთის რკინიგზები“ მფლობელია, ამ პროექტს მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

„გეოგრაფიული თვალსაზრისით, სომხეთზე ყველაზე მოკლე გზა გადის შავი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე და ეს ირანისთვის ძალიან მომგებიანი იქნება, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ინტეგრაციისათვის“, – განაცხადა ირანოლოგმა ვარდან ვოსკანიანმა.

თავის მხრივ კიდევ ერთმა ირანოლოგმა გოარ ისკანდერიანმა აღნიშნა, რომ თუ საქართველო უარს იტყვის პროექტში მონაწილეობაზე, ამ შემთხვევაში სომხეთისა და ირანის ინტეგრირება ევრაზიულ კავშირთან საკმაოდ გართულდება.

„ეს კაცი საღად აზროვნებს“, – წერს გაზეთი „ეხო“ და იქვე შენიშნავს: „თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველო დათანხმდება, სომხეთი მაინცდამაინც დიდ ლუკმას ვერ მიიღებს. საქმე მხოლოდ იმაში, რომ ირანისათვის დასავლეთთან დამაკავშირებელი სომხურ-ქართული მიმართულება ერთადერთი არაა – მას სარკინიგზო კავშირი აქვს თურქეთთანაც, რომლის მეშვეობითაც შავ და ხმელთაშუა ზღვების პორტებთან დაკავშირება შეუძლია. გარდა ამისა აზერბაიჯანი ირანს ასტარა-რეშთის რკინიგზის პროექტს სთავაზობს, რომელიც თეირანს, აზერბაიჯანის გავლით საქართველოსთან, ევროპასთან და რუსეთთან დააკავშირებს. ასე რომ, თურქეთისა და აზერბაიჯანის გარეშე სომხეთი ვერაფერს მიიღებს, თბილისს კი ბაქო და ანკარა სოლიდურ ლუკმას მისცემენ „კომუნიკაციური ღვეზელიდან“.

და მერე ვინ მისცემს სომხებს ფულს რკინიგზის მშენებლობისათვის? ჩინეთი? ერევანს აღმოსავლური ილუზიები აქვს. თანაც, როცა ირანს სანქციები საბოლოოდ მოეხსნება, განა მას მოდერნიზებული აზერბაიჯანისა და ქართული რკინიგზებით სარგებლობა არ ურჩევნია, სომხური გაპარტახებულის ნაცვლად?“, – წერს გაზეთი.

წყაროები:

http://www.echo.az/article.php?aid=89305;

http://russian.irib.ir/news/economica/item/260371

Comments are closed