«ТВ Первый канал» (რუსეთი): ცირკი ტროას ცხენით // რით დასრულდება მიხეილ სააკაშვილის სკანდალური გასტროლები უკრაინაში
«Огонёк» (რუსეთი): ფსონი გარიყულზე // ვინ რა იმედებს ამყარებს მიხეილ სააკაშვილზე უკრაინაში
«Sabah» (თურქეთი): თურქი იანიჩრების მარშს, წითელი არმიის მსგავსი შესრულებით, ამერიკა ჭკუიდან გადაჰყავს
—————-
«ТВ Первый канал» (რუსეთი), 17 სექტემბერი, 2017 წელი
https://www.1tv.ru/news/2017-09-17/332802
ცირკი ტროას ცხენით
რით დასრულდება მიხეილ სააკაშვილის სკანდალური გასტროლები უკრაინაში
ვრცელ ტელესიუჟეტში, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ცენტრალური ფედერალური ტელეარხის Первый канал-ის პროგრამა Воскресное Время-ში გადაიცა, გადმოცემულია უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, კერძოდ, განხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენები, მისი პოლიტიკურ პერსპექტივა, კომენტარები და ა.შ. (პროგრამის წამყვანი – ვალერი ფადეევი, ავტორი – ეკატერინა კიბალჩიჩი).
გთავაზობთ ამონარიდებს ვიდეოსიუჟეტიდან:
შეეძლო თუ არა მიხეილ სააკაშვილს თვითონ გადაედგა ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯი, ასეთი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, როგორიც სახელმწიფო საზღვრის დარღვევაა. თუმცა გავიხსენოთ: იგი ხომ ყოველთვის აშშ-ის მარიონეტი იყო და განა მიხო თავისი ამერიკელი პატრონების გარეშე რაიმეს გააკეთებდა?
მიხეილ სააკაშვილი პატიმრობას იმსახურებს, მაგრამ იგი თავისუფლად დანავარდობს უკრაინაში. რატომ არ იჭერენ ექს-გუბერნატორს უკრაინის სპეცსამსახურები? მისი ადგილი ხომ ციხეშია, მაგრამ პეტრო პოროშენკო ვერ ბედავს. რას არ ლაპარაკობენ უკრაინელები საკუთარ პრეზიდენტზე… ყველაზე რბილი გამონათქვამი: „ჩვენი პრეზიდენტი ცირკის დირექტორია!“. აბა, რა უნდა ქნას პეტრომ, როცა ისიც ძალიან არის დამოკიდებული ამერიკელებზე… როცა რაიმეს ამბობს, ცალი თვალით აშშ-ის საელჩოსაკენ იხედება, რას იტყვიან ამერიკელებიო… მოკლედ, ამერიკელებს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ნებართვა არ გაუციათ.
რატომ თამაშობს ვაშინგტონი ამ თამაშს? პეტრო პოროშენკო ძალიან სუსტია. მას არც მესაზღვრეები და არც პოლიცია (შს მინისტრ არსენ ავაქოვის უწყებები) არ ემორჩილებიან. მისი რეიტინგი 10%-ზე დაბალია. მალე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ასეთი რეიტინგით, გნებავთ ცოტა მომატებულითაც, იგი გასამარჯვებელ ხმებს ვერ მოაგროვებს. ამერიკელები ახალ ვარიანტებს ეძებენ, სურთ მოსახლეობის რეაქცია გაიგონ სხვა პერსონაჟებზე და სკანდალებზე.
(…)
პეტრო პოროშენკომ საზღვრის დარღვევას კრიმინალი უწოდა და განაცხადა, რომ ყველა დაისჯებოდა. ჰოდა, თუ კრიმინალი და დამნაშავეა, მაშინ ექს-გუბერნატორი უნდა დაიჭირონ, ის კი თავისუფლად დადის, იძლევა ინტერვიუებს, ცხოვრობს მდიდრულ სასტუმროში, მომავლის გეგმებს აწყობს… თითქოს იცის, რომ მას თითსაც ვერავინ დააკარებს.
ორი წლის წინ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის ქართველ მეგობარს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ამ ზაფხულს კი თვითონვე ჩამოართვა იმ მომენტში, როცა მიხო აშშ-ში იმყოფებოდა. როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა, „აეროპორტის ტერმინალში ვიცხოვრებ, თუ არ შემიშვებენ უკრაინაშიო“, პოლონელ ჟურნალისტებს მიამიტურად ეგონათ, რომ იგი მართლაც საცხოვრებელ ადგილს ეძებდა. აბა, მართლაც აეროპორტის ტერმინალში ხომ არ გაათევდა ღამეებს… მაგრამ პოლონელებმა ქართველის მოქმედება აშკარად ვერ განსაზღვრეს. მოგვიანებით თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მიანიშნა, რომ მან ჯერ კიდევ აშშ-ში ყოფნისას გადაწყვიტა საზღვრის გარღვევა და პოლონეთში კონკრეტული მიზნით ჩავიდა, სადაც მას მხარდამჭერთა ჯგუფი დახვდა, მათ შორის ნაწნავებიანი იულია ტიმოშენკოც. აი, ისინი ლვოვის ქუჩებში სეირნობენ. მასთან ერთად არიან სხვებიც…
„მიაქციეთ ყურადღება: ყველა ისინი ჯორჯ სოროსის გრანტიჭამიები არიან და ერთნაირ პოზიციაზე დგანან და აცხადებენ – „მიხეილ სააკაშვილს ვერ დაიჭერთ“, „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დემოკრატიის მანათობელი ლამპარი და გზის მაჩვენებელი ვარსკვლავია“, – ამბობს პოლიტოლოგი ვლადიმერ კორნილოვი.
ამ კვირაში თბილისი გაზეთები მიხეილ სააკაშვილის პორტრეტებით იბეჭდებოდნენ. ექს-პრეზიდენტის ყოფილი თანამებრძოლი ნინო ბურჯანაძეც თვალს ადევნებს თანამემამულის თავგადასავალს: „როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარს არღვევდა, მე გავიხუმრე, რომ მის ზურგსუკან „ცეერუს“ კონტური დავინახე-მეთქი. აშკარაა, რომ ეს ამერიკული პროექტია და იგი აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერით მოქმედებს. ეს აბსოლუტურად ნათელია“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.
უპასპორტო ადამიანი, რომელიც დამნასავედაა გამოცხადებული, ამ კვირაში ბევრ უკრაინის ქალაქს ეწვია და მიტინგები გამართა: ჩერნოვიცი, ივანო-ფრანკოვსკი, ხერსონი, ვინიცა – ეს ადგილები პეტრო პოროშენკოს „მამულებია“. გზებზე მიხეილ სააკაშვილის ავტომანქანების კორტეჟი საათში 150 კილომეტრის სისწრაფით მიჰქრის, მოძრაობის წესების დარღვევით, თანაც პოლიციის პოსტის წინ, მაგრამ მას არავინ აჩერებს. თუმცა აბა, რა შეუძლია რიგით პოლიციელს, როცა გამბედაობა თვით პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს არ ყოფნის…
„ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსათვის თავის ტკივილია, უკვე ნათელია და შესაძლოა, პეტრო პოროშენკო პრეზიდენტის სავარძელს გადაჰყვეს. კვლავ ხაზს ვუსვამ, რომ მას ვიღაც-ვიღაცეებმა სპეციალურად შეუქმნეს ასეთი სიტუაცია. ვის? იფიქრეთ და მიხვდებით“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე. ამ კითხვაზე პასუხის სახით მალე გავრცელდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენლის კურტ ვოლკერის განცხადება: „უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ადამიანს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, უფლება აქვს თავისი სიმართლე უკრაინის სასამართლოში დაამტკიცოს“. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვაშინგტონი უკრაინული დრამის მთვარ გმირს სცენაზე ტოვებს. აბა, სხვაგვარად პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უსუსურობა ვერ აიხსნება.
„ჩვენ მხოლოდ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეცვლა კი არა, ვერხოვნა რადას არჩევნების ჩატარებაც მოგვიწევს. ჩვენ 300 სპარტელი უნდა მოვძებნოთ, პარლამენტის 300 ახალი წევრი!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
კაცმა რომ თქვას, „სპარტელები“ უკრაინის პარლამენტში ჯერ კიდევ სამი წლის მოვიდნენ, ახლა კი ეს „სპარტელები“ მიხეილ სააკაშვილს „ტროას ცხენად“ მიიჩნევენ, სახელმწიფო ინსტიტუტების დამანგრევლად. ეს „სპარტელები“ ის ადამიანები არიან, რომლებიც „მაიდნის“ დროს მილიციას მუხლზე აჩოქებდნენ, პროკურორებს ყელში წვდებობდნენ და მათ დახრჩობას ცდილობდნენ, იმდროინდელი ხელისუფლების ჩინოვნიკებს თავზე ნაგვის ყუთებს ამხობდნენ. ახლა პეტრო პოროშენკომაც შეიძლება წინამორბედის – ვიქტორ იანუკოვიჩის ბედი გაიზიაროს.
„თუ უკრაინაში კრიზისი გაღრმავდება, პეტრო პოროშენკო ნიუ-იორკში წავა. მას კარგად ესმის, რომ მოლაპარაკება მიხოსტან კი არა, იმასთან უნდა გამართოს, ვინც საქართველოს ექს-პრეზიდენტის მოქმედებას კოორდინირებს“, – ამბობს პოლიტოლოიგი ვლადიმერ კორნილოვი.
ისე კი, პეტრო პოროშენკოს ეგონა, რომ დონალდ ტრამპთან მოილაპარაკა. იგი იმ დათმობაზეც კი წავიდა, რომ ამერიკასაგან ქვანახშირი იყიდა (დონბასურის ნაცვლად), რომლის პირველი პარტია ოდესის პორტში სწორედ ამ დღეებში შევიდა. სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილიც უკრაინაში ამერიკულ ტვირთთან ერთდროულად შევიდა. ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინას საბოლოო ჯამში ორივე ტვირთი ძალიან ძვირი დაუჯდება.
«Огонёк» (რუსეთი), 18 სექტემბერი, 2017 წელი
https://www.kommersant.ru/doc/3408175
ფსონი გარიყულზე
ვინ რა იმედებს ამყარებს მიხეილ სააკაშვილზე უკრაინაში
„ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა უკრაინაში სრულიად დასრულებული ჩანდა: პეტრო პოროშენკომ, ექს-პრეზიდენტისა და ექს-გუბერნატორისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, მის საქმიანობას დიდი წერტილი დაუსვა. დამკვირვებლები ხუმრობდნენ – ახლა რომელ ქვეყნაში ამოყოფს თავს გაბღენძილი ქართველი რეფორმატორიო. მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ: აუტსაიდერი მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს რეჟიმის მთავარ საფრთხედ გადაიქცა“, – ნათქვამია ჟურნალ „ოგონიოკის“ 37-ე ნომერში დაბეჭდილი ვრცელი სტატიის დასაწყისში (ავტორი – იური ტკაჩევი).
პუბლიკაციაში განმარტებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი უკრაინელ პოლიტიკოსთა პოზიცია – რა მიზეზებმა განაპირობა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანდნენ? ასევე საუბარია პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობის პერსპექტივაზე – გაუძლებს თუ არა იგი მიხეილ სააკაშვილის შეტევას?
გთავაზობთ ფრაგმენტებს სტატიიდან:
„პოლიტიკური ტორპედა
მიხეილ სააკაშვილისადმი უკრაინელი პოლიტიკოსების უეცრად გაჩენილი სიყვარული ერთი შეხედვით უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ეს კაცი უკრაინის ქალაქ-სოფლებში დარბოდა მოკავშირეების საძებნელად, მას პრაქტიკულად ყველამ ზურგი აქცია, ახლა კი საქართველოს ექს-პრეზიდენტის გარშემო უკრაინის პოლიტიკის „ევროპული“ ფლანგის თითქმის ყველა წარმომადგენელი გაერთიანდა: იულია ტიმოშენკო („ბატკივშჩინის“ ლიდერი, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი), ანდრეი სადოვოი („გალიციის ბატონი“), მუსტაფა ნაიმენი, სვეტლანა ზალიშუკი და სერგეი ლეშენკო (რადას დეპუტატთა „ანტიკორუფციული ჯგუფი). ამ გაერთიანებას ისინი პეტრო პოროშენკოს და მის სკანდალურ ბრძანებულებას (მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ) უნდა უმადლოდნენ: მის ხელმოწერამდე მიხეილ სააკაშვილი ყველა თითოეულისათვის კონკურენტს წარმოადგენდა, ახლა კი მათთვის მიხო უსაფრთხო გახდა, მას ხმების წართმევა აღარ შეუძლია, პირიქით – მიშასაგან მიღებული ელექტორატის 2-3%-ც მათთვის სასარგებლო იქნება.
პარადოქსია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჯერ საბოლოოდ დაკარგა თავისი პოლიტიკური ფასეულობები, შემდეგ კი სწრაფად აღიდგინა. საჭიროა ვთქვათ: უკრაინელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილს მხარს საკუთარი მიზნებისთვის უჭერენ – იგი ის „ტორპედაა“, რომელიც პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგაა მიმართული. დღეს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მზის სხივებში „ბანაობს“, მაგრამ როგორც კი იგი თავის როლს შეასრულებს, „იულკა და ძმანი მისნი“ შეეცდებიან მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური არენიდან განდევნონ. რასაკვირველია, ექს-გუბერნატორს იმდენი გამოცდილება აქვს, რომ მათი ჩანაფიქრი კარგად ესმის.
თანამოაზრეთა ტერარიუმი
პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მდგომარეობა არავის შეშურდება. მიხეილ სააკაშვილმა მას წყალი შეუყენა. არადა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ პრეზიდენტი თავის ქართველ მეგობარს კარგად იყენებდა – თავდაპირველად ოლიგარქ იგორ კოლომოისკის წინააღმდეგ, შემდეგ კი არსენ იაცენიუკის კაბინეტის დასამხობად. მიხეილ სააკაშვილი კარგი „პოლიტიკური ქილერი“ გამოდგა, მაგრამ იგი ახლა კონტროლიდან გამოვიდა და მის სამიზნედ თვით პრეზიდენტი იქცა.
პეტრო პოროშენკოს ძალიან ანერვიულებს უკრაინელი პოლიტიკოსების კონსოლიდაცია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ (შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის ჩათვლით, რომელსაც პეტრო პოროშენკოსთან თავისი ანგარიშები აქვს). თითოეულ მათგანს პრეზიდენტი ეჯავრება (სწორედ ამ საერთო პოზიციის გამო ისინი ერთმანეთს დროებით იტანენ). არსენ ავაქოვთან უთანხმოების „წყალობით“, პეტრო პოროშენკოს მართლწესრიგის დამცველი სტრუქტურები ფაქტიურად აღარ ემორჩილება. არადა, სწორედ ისინია ხოლმე არაპოპულარული რეჟიმების დასაყრდენი და პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებისთვისაც. პოლიცია და სასაზღვრო სამსახური არსენ ავაქოვს ექვემდებარება და თუ მესაზღვრეებმა და პოლიციელებმა პრეზიდენტს „უღალატეს“ ამ მაინცდამაინც შედარებით იოლი სიტუაციის დროს (იგულისხმება მიხოს მიერ საზღვრის დარღვევა), მაშ, ვის დაეყრდნობა პეტრო პოროშენკო მაშინ, როცა ქვეყანაში უფრო სერიოზული გართულება იქნება?
ხელისუფლების დაკარგვის შიში პოლიტიკოსებს გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებთ ხოლმე. ვიქტორ იანუკოვიჩმა ვერ გაბედა, მაგრამ ბევრი უკრაინელი დამკვირვებელი დარწმუნებულია, რომ პეტრო პოროშენკო ძალას უყოყმანოდ გამოიყენებს (შარშან შემოდგომაზე პრეზიდენტმა ოპონენტები სწორედ ძალოვანების გამოყენების მუქარით დააშოშმინა). მაგრამ ახლა არსენ ავაქოვის ფაქტორის გათვალისწინებით იბადება კითხვა: შეასრულებს კი შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის ბრძანებას? და საერთოდ, თვით ის სიტუაცია, როცა ეს კითხვა დღის წესრიგში დადგება, პეტრო პოროშენკოსათვის „სასიკვდილოდ სახიფათო“ იქნება“.
«Sabah» (თურქეთი), 15 სექტემბერი, 2017 წელი
http://www.sabah.com.tr/…/kizil-ordunun-mehter-calmasi-abdy…
თურქი იანიჩრების მარშს, წითელი არმიის მსგავსი შესრულებით, ამერიკა ჭკუიდან გადაჰყავს
ბერჯან თუთარი
(შემოკლებით)
თურქეთი ყველა მხრიდან ალყაშია, დასავლეთი ანკარას პერმანენტულად აკრიტიკებს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა – „პირდაპირ ჭკუიდან გადავიდნენ მას შემდეგ, რაც ჩვენ რუსეთთან ხელშეკრულება გავაფორმეთ „ს-400“ რაკეტების შესყიდვაზეო“. მართლაცდა როგორ არ გადავლენ ჭკუიდან: თურქეთი ხომ მესამე ქვეყანაა მსოფლიოში და პირველი ნატოს წევრი, რომელიც „ს-400“ სისტემის მრისხანე იარაღს ფლობს.
ანუ ჩრდილოატლანტიკისათვის დასიზმრებული ყველა კოშმარი უკვე რეალობა ხდება: ამ შეთანხმებაზე ხელმოწერა გარკვეული ეპოქის დასასრულს ნიშნავს. აბა, რა – ორი უძლიერესი და მნიშვნელოვანი მოთამაშე – რუსეთი და თურქეთი, რომლებიც 250 წლის განმავლობაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ კავკასიაში, ბალკანეთში, შუა აზიაში და ახლო აღმოსავლეთში, ახლა თავიანთ ძალისხმევას აერთიანებენ.
ნუ დავივიწყებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გლობალური ჰეგემონია ჩვენს რეგიონში ადრე სწორედ რუსეთისა და თურქეთის კონფლიქტს ეფუძნებოდა, აზიაში კი – რუსეთსა და ჩინეთს შორის. ამჟამად ეს ძირითადი პარადიგმა რადიკალურად იცვლება. „შიშის ბალანსზე“ დაყრდნობილი ტრადიციული იმპერიული სტრატეგია ახლა უკვე წარსულს ბარდება. უფრო მეტიც – თურქეთ-რუსეთ-ჩინეთის ტრიომ ამერიკის გლობალური მითები სრულიად დაანგრია. „შავი გედის“ ფუნქციის შემსრულებელმა თურქეთმა გამოაშკარავა ამერიკული იდეების სიყალბე ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე. ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ ამერიკა, როგორც „დემოკრატიის ექსპორტიორი“, სინამდვილეში ქაოსის, ომებისა და გადატრიალებების მთესველია. რუსეთმა პენტაგონის უძლეველობის მითი დაამსხვრია საქართველოში, უკრაინასა და სირიაში, ხოლო ედვარდ სნოუდენის ირგვლივ ატეხილი სკანდალისა და თითქოსდა აშშ-ის არჩევნებში ვირტუალური ჩარევის ფონზე – „ცეერუს“ ნარატივი კიბერსამყაროზე. ჩინეთმა კი თავისი საწარმოო უპირატესობით აშშ-ის ეკონომიკური ფეერია შემუსრა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წყობიდან ყველაზე მეტად კი იმან გამოიყვანა, რომ თურქეთის მისი „გალიიდან გამოფრინდა“. დღეს ატლანტელებს ძალიან სურთ თურქეთს, რუსეთს და ჩინეთს შორის ურთიერთობები დაიძაბოს. ამ მიზნით ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან გააჩინონ და გააღრმავონ ქაოსი იმ სახელმწიფოებში, რომლებიც „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე მდებარეობენ. ბრაზილიას, რომელიც ჩინეთთან და რუსეთთან ახლოს დგას, ატლანტელები „ჭკუას ასწავლიან“ „სასამართლო გადატრიალებით“, ვენესუელას კი – პოლიტიკური კრიზისით.
აშშ ცდილობს „საკონსტიტუციო გადატრიალება“ მოაწყოს ჩინეთისადმი მეგობრულად განწყობილ პაკისტანში, სამხრეთ კორეაში კი, ჩრდილო კორეის კრიზისის მომიზეზებით, პეკინის წინააღმდეგ მიმართული ანტირაკეტული დაცვის სისტემები განალაგა. არაკანაში (ბირმა) მომხდარი ტრაგედიის ჩარჩოებში აშშ ასევე ცდილობს ისლამური სამყარო ჩინეთის წინააღმდეგ განაწყოს – ეს იმის ანალოგიური მეთოდია, რომელიც ამერიკამ წარმატებით გამოიყენა ავღანეთში, რუსეთის წინააღმდეგ. გარდა ამისა, რუსეთთან მიმართებით აშშ ბოლო დროს ჩეჩნეთის პრობლემის „გაცხელებასაც“ ცდილობს, რათა უკრაინის გამო რევანში აიღოს.
საერთოდ, განა შეიძლება იმის დავიწყება, რომ 1945 წლიდან ამერიკამ მსოფლიოში 50-ზე მეტი მთავრობა დაამხო ოკუპაციისა და შიდა გადატრიალებების გზით? რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ვაშინგტონი არჩევნებში ერეოდა და ხელისუფლებაში თავისი „ძაღლიშვილები“ მოჰყავდა, იწვევდნენ სამოქალაქო ომებს და თავს არ იკავებდნენ აკრძალული იარაღის გამოყენებაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ბევრ არასასურველ უცხოელ ლიდერს თავს ესხმოდნენ და კლავდნენ. მაგრამ ყველა გეგმა, რომელიც თურქეთის მიმართ იხლართებოდა, სტამბოლის გეზის პარკში მომხდარი მოვლენების მომენტიდან, 2016 წლის 15 ივლისს თურქი ხალხის მტკიცე ნებამ დაამსხვრია.
ახლა ამერიკის „ცეერუ“, ისრაელის მეშვეობით, ერაყის ჩრდილოეთში „რეფერენდუმის“ მოწყობას ცდილობს. თავის მხრივ, პენტაგონს სურს „ტერორისტული დერეფნის პროექტის“ რეალიზება სირიის ჩრდილოეთში. ატლანტელებმა გერმანიას „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და ფეთულა გიულენის „ფეტოს“ ტერორისტული ორგანიზაციის დაცვის ფუნქცია მიანიჭეს. მაგრამ როცა აშკარა გახდა, რომ გერმანია გიულენს ვერ დაიცავდა, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მხოლოდ აშშ-ის სასამართლო გადაწყვეტს მის ექსტრადირების საკითხსო. ამის მიუხედავად, ისინი თურქეთის დაჩაგვრას მაინც ვერ მიაღწევენ და ყველა მათი მცდელობა თურქი ხალხის ურყევ ნებას შეეჯახება.