globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 19th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სირიაში ორი პანკისელი ქისტი მოკლეს

«РБК Daily» (რუსეთი): ვის ებრძვის რუსეთი სირიაში // „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურებიდან ყველაზე მეტად აბუ-ომარ ალ-შიშანის ბიოგრაფიაა ცნობილი

«Деловая столица» (უკრაინა): რისთვის დაიწყო „გაზპრომმა“ ირანული ავანტიურა? // მოსკოვი ცდილობს თეირანს გაზის ევროპაში ექსპორტისათვის, თურქულის ნაცვლად, სომხეთ-საქართველოს მარშრუტი შესთავაზოს

——————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 19 იანვარი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/syria-georgia-pankisi/3151161.html

სირიაში ორი პანკისელი ქისტი მოკლეს

ზაზა წულაძე

საქართველოში დაბადებული, 22 წლის მუჰმად თურქოშვილი და 24 წლის რამზან ფარეულიძე, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ, გასულ უქმეებზე სირიის ტერიტორიაზე იქნენ მოკლულნი. ეთნიკური ქისტების დაღუპვის ზუსტი თარიღი და დეტალები უცნობია.

ცნობილია, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში სირიის სამთავრობო არმია, თურქეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ელ-ბაბს უტევს, რომელსაც 2013 წლის დეკემბრიდან  ტერორისტები აკონტროლებენ. სირიული წყაროების ცნობით, ბოლო 72 საათის განმავლობაში, ელ-ბაბთან ახლოს, აინ-ალ ბაიდას მხარეში, 70-ზე მეტი ისლამისტი ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა, მათ შორის ეთნიკური ჩეჩნებიც იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ტერიტორია ბოლო დრომდე, ტერორისტთა ერთ-ერთი ლიდერის, აბუ ომარ ალ შიშანის იგივე თარხან ბათირაშვილის დაჯგუფების გავლენის არეალად ითვლებოდა.

რამზან ფარეულიძე ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანიდან იყო, მან თელავის უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა და ისლამისტებს დაახლოებით ერთი წლის წინ შეუერთდა. „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ცნობით, იგი სირიაში შარშან დაოჯახდა კიდეც, საცოლე პანკისის ხეობიდან, სოფელ ძიბახევიდან ჩაუყვანეს.

რაც შეეხება მუჰმად თურქოშვილს, ისიც პანკისის ხეობიდან, ახმეტის რაიონის სოფელ ომალოდან იყო. ოჯახთან ერთად ჯერ თურქეთში სამუშაოდ წავიდა, საიდანაც სირიაში ისლამისტებს შეუერთდა. მას მეუღლე და შვილი დარჩა.

მუჰმად თურქოშვილის ბიძამ, სოფელ ომალოში მცხოვრებმა მურმან თურქოშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვლილის ოჯახი დიდი ხანია თურქეთში ცხოვრობს: „ცხვარი მყავს, გზაზე ვდგევარ და როცა მივდიოდი, გუშინ საღამოზე დამირეკეს და მითხრეს, რომ ასეთი ამბავი მოხდა, იქედან დარეკესო. მეტი არაფერი არ ვიცი, რა მოხდა. მშობლები თურქეთში არიან, თურქეთის მოქალაქეობა აქვთ. ეს ბალღები მეტი წილი იქ გაიზარდნენ. მე ბიძა ვარ, გამაგებინეს, ჩვენთან წესია, სამძიმარზე მოდიან ხალხი და კარი გავუღე. მშობლებს დაურეკიათ და უთქვამთ, ჩამოვალთო, მაგრამ როდის ჩამოვლენ, ეგეც არ ვიცი.“

პანკისის ხეობის სოფლები: ომალო, დუისი და ჯოყოლო ზუსტად ერთი კვირის უკან საქართველოს მთავრობის წევრებმა მოინახულეს, თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მეთაურობით. ქისტ უხუცესებთან და ახალგაზრდობასთან შეხვედრის დროს საუბრის მთავარი თემა ხეობაში არსებულ იმ მწვავე სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებზე დროული რეაგირება გახლდათ, რომლებიც საერთო ჯამში, ისლამისტურ ტერორისტულ ორგანიზაციებს მორწმუნე ახალგაზრდების გადაბირების პროცესს უადვილებს.

თავდაცვის მინისტრმა ქისტ ახალგაზრდებს საქართველოს არმიაში სამსახური შესთავაზა და საკონტრაქტო სამსახურის პირობებით და თავდაცვის ეროვნული აკადემიის შესაძლებლობებით დაინტერესება ურჩია.

აღმოსავლეთმცოდნე დიმიტრი მანჯავიძე ამბობს, რომ თუ ადამიანებს, ადგილზე, საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცემათ, ტერორისტულ ორგანიზაციების შუამავლები უმუშევრები დარჩებიან: „აქედან წასულების ბიოგრაფიებს რომ ჩახედოთ, უმრავლესობა ის ადამიანები არიან, რომლებსაც იმ პირობებში, როგორშიც იყვნენ, საკუთარი თავის რეალიზების საკითხში  ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდათ. ამას დაერთო ეთნიკური მომენტი ძალიან ხშირად, ამას დაერთო რელიგიური მომენტი, თუმცა მთავარი საფუძველი მაინც ის არის, რომ მათი შესაძლებლობები თვითრეალიზაციის, თვითგამოხატვის, წინსვლის აქ, ადგილზე ძალიან მნიშვნელოვნად იყო შემცირებული“.

მუჰმად თურქოშვილისა და რამზან ფარეულიძის სიკვდილის შემდეგ, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე დაღუპულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვმა 15-ს მიაღწია – თოთხმეტი მათგანი პანკისის ხეობიდან არის, ერთი კი გურიის მუსლიმური თემიდან.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სირიასა და ერაყში, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელწიფოს დროშის ქვეშ, სულ მცირე, 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იბრძვის. მათ შორის არიან: ეთნიკური ქისტები პანკისის ხეობიდან, აჭარლები – აჭარისა და გურიის მუსლიმური თემებიდან და ეთნიკური აზერბაიჯანელები – ქვემო ქართლიდან.

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ დაღუპული საქართველოს მოქალაქეები (2013-2016 წლებში):

23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012); 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013); 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013); 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013); 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014); 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014); 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014); 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014); 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014); 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი, 2014); 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015); 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015); 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015); 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი, 2016); 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016).

«РБК Daily» (რუსეთი), 19 იანვარი, 2016 წელი

http://www.rbcdaily.ru/politics/562949999228209

ვის ებრძვის რუსეთი სირიაში

„ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურებიდან ყველაზე მეტად აბუ-ომარ ალ-შიშანის ბიოგრაფიაა ცნობილი

სტატიაში გადმოცემულია სირიაისა და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების („ბოევიკების“) რაოდენობა, მათი ბრძოლისუნარიანობა, ეროვნული შემადგენლობა, საველე მეთაურების ვინაობა და ა.შ.  (ავტორი – ალექსანდრე არტემიევი).

„მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ქვეყნების და რუსეთის სამხედრო ავიაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას წელიწადნახევრის განმავლობაში ბომბავს, ამ ტერორისტული ორგანიზაციის შავი დროშის ქვეშ კვლავ ათი ათასობით „ბოევიკი“ იბრძვის. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის Soufan Group-ის მონაცემებით, გასული წლის დეკემბრის შუახანებისათვის სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს რიგებში 27-დან 31 ათასამდე უცხოელი ირიცხებოდა, რომლებიც მსოფლიოს 86 ქვეყნის მოქალაქეები არიან. ბრიტანული გაზეთის Financial Times-ის მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბიუჯეტიდან უცხოელ მხარდამჭერებზე ყოველთვიურად 20 მილიონამდე აშშ დოლარი იხარჯება. „ბოევიკთა“ რაოდენობის საკითხში უკეთ გასარკვევად საინტერესოა შეერთებული შტატების მონაცემებიც: პენტაგონი ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში აცხადებდა, ერაყსა და სირიაში მხოლოდ 30 ათასამდე ბოევიკი იბრძვის, საბრძოლო მოქმედების ანგარიშშიც აჩვენა, რომ ბოლო წლინახევრის მანძილზე 23 ათასი ისლამისტი გაანადგურა. არადა, „ისლამური სახელმწიფო“ რომ კვლავ ბრძოლას აგრძელებს, ეს ნიშნავს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია განუწყვეტლივ ივსება ახალ-ახალი მებრძოლებით“, – ნათქვამია სტატიაში.

ვრცელ პუბლიკაციაში ცალკე ქვეთავი ეძღვნება ჩეჩნური ელიტურ სამხედრო ნაწილების საბრძოლო მოქმედებას: როგორც Soufan Group-ი ვარაუდობს, რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასულ მოხალისეთა (დაქირავებულ-გადაბირებულების) რაზმებს თავისი რიცხოვნობის მიხედვით მესამე ადგილი შეიძლება მივაკუთვნოთ – 4,7 ათასი მებრძოლი. მათ შორის 2,4 ათასს ჩეჩნური წარმოშობა აქვთ.

ყველაზე მეტად ცნობილია აბუ-ომარ ალ-შიშანის ბიოგრაფია. მისი ნამდვილი სახელია თარხან თეიმურაზის ძე ბათირაშვილი. აშშ ბრუკინგსის ინსტიტუტი მას სირიაში სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელად მიიჩნევს. ასევე ცნობილია, რომ აბუ-ომარ ალ-შიშანი „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო საბჭოს წევრია. წარმოშობით იგი საქართველოში მდებარე პანკისის ხეობიდანაა, ეთნიკური ჩეჩენი. მსახურობდა ქართული არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფში სერჟანტის წოდებით, თავის დროზე წრთვნა ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით გაიარა, მონაწილეობდა საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომში, თუმცა შემდეგ დააპატიმრეს (იარაღის უკანონო ტარებისათვის!) და საპყრობილეში ჩასვეს. პატიმრობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ქრისტიანული ოჯახიდან იყო, სალაფისტური მოძღვრებას ეზიარა. 2010 წელს ამნისტიით გათავისუფლდა და უკვე 2013 წელს თავი სირიაში ამოჰყო, სადაც სათავეში ჩაუდგა ჯიჰადისტურ დაჯგუფება „ჯაიშ ალ-მუჯახირინ ვალ-ანსარ“-ს („ჩასახლებულთა და პარტიზანების არმიას“).

«Деловая столица» (უკრაინა), 19 იანვარი, 2016 წელი

http://www.dsnews.ua/economics/zachem-gazprom-vvyazalsya-v-iranskuyu-avantyuru-15012016171300

რისთვის დაიწყო „გაზპრომმა“ ირანული ავანტიურა?

მოსკოვი ცდილობს თეირანს გაზის ევროპაში ექსპორტისათვის თურქულის ნაცვლად, სომხეთ-საქართველოს მარშრუტი შესთავაზოს

დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების მოხსნის შემდეგ ირანულმა გაზის ეროვნულმა კომპანიამ უკვე გააკეთა განცხადება ევროპისაკენ ახალი გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე. საინტერესოა, რომ ბოლო დრომდე ირანი გაზის ექსპორტისათვის უპირატესობას 2014 წელს პრეზენტირებულ მიმართულებას ანიჭებდა, სირიისა და კვიპროსის გავლით: უნდა აგებულიყო „ისლამური გაზის მილსადენი“ (IGP – Islamic Gas Pipelines), მაგრამ სირიაში სამოქალაქო ომის გაჭიანურების კვალობაზე, ირანი იძულებული გახდა ამ პროექტის რეალიზება გაურკვეველი ვადით გადაედო. თურქეთის გასახარად, IGP -ის ალტერნატივად შეიძლება 2010 წელს აშენებული გაზსადენი მიჩნეულიყო (დეჰგოლან-ბაზარგან-ერზერუმ-სტამბოლის მიმართულებით), რომლის გამტარუნარიანობა წელიწადში 60 მილიარდ კუბმეტრ გაზს შეადგენს. ბოლო დრომდე არსებობდა პერსპექტივა, რომ ეს გაზსადენი საბერძნეთამდე და ბულგარეთამდე გაგრძელებულიყო, რაც, პრინციპში, ირანის ძირითად სტრატეგიას შეადგენდა. ცხადია, პროექტი თურქეთისთვისაც მომგებიანი იყო, მაგრამ… საქმეში რუსეთი ჩაერია.

გასული წლის ნოემბრის ბოლოს, თეირანში ყოფნის დროს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის ირანელ კოლეგას „სპეციალური წინადადება“ შესთავაზა გაზის პოლიტიკის ერთობლივად გატარებაში, რომელიც მარშრუტის შეცვლასაც გულისხმობდა. გაღიზიანებული თურქეთის რეაქცია ძალზე მწვავე აღმოჩნდა: ჯერ იყო და თურქულმა ავიაციამ რუსული ავიატრანზიტი დაბლოკა, შემდეგ კი რუსული ბომბდამშენიც ჩამოაგდო, რის შემდეგაც მოსკოვ-ანკარის ურთიერთობა მკვეთრად გაურესდა. მსგავსი რამ ორ ქვეყანას შორის დიდი ხანია არ მომხდარა, თუყ მხედველობაში არ მივიღებთ 2008 წლის რუსულ ავანტიურას საქართველოში, რომელიც თურქეთის არაოფიციალური ჩარევით კრემლის სამარცხვინოდ დასრულდა: ანკარამ მიანიშნა, რომ თუ რუსეთის ჯარები თბილისის მიმართულებით წაიწევდნენ, მაშინ თურქეთის ჯარები საქართველოს სამხრეთ რეგიონებს დაიკავებდნენ.

რა შესთავაზა კრემლმა ირანს?

შეიძლება ვივარაუდოთ, რუსეთის ჩარევა სირიის მოვლენებში გაზის ფაქტორმაც განაპირობა. კრემლმა თავისი ნაბიჯით ირანული გაზის ექსპორტის სირია-კვიპროსის მიმართულებაც დაბლოკა და თურქული მიმართულებაც ზედ მიაყოლა, ალტერნატივად კი ირანს ჩრდილოეთის მარშრუტი შესთავაზა – სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით. იქიდან კი რუსულ „გაზპრომს“ შეუძლია გაზის ევროკავშირში გაიტანოს (უკრაინული და ბელორუსული ტრანზიტით, განსაზღვრული პირობების საფუძველზე).

ირანულ გაზთან დაკავშირებით მოსკოვის ავანტიურის რეალობაზე პირველმა რეაგირება საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა, რომელიც „გაზპრომის“ აქციონერი და ქვეყნის მთავარი პრორუსული მარიონეტი გახლავთ. მისი მფარველობით საქართველოს ხელისუფლებამ გასული წლის შემოდგომის ბოლოს ხელი შეუწყო „თბილგაზის“ მფლობელების შეცვლას, რომელიც ირან-სომხეთ-რუსეთ-ევროპის მიმართულების საკვანძო წერტილია: „თბილგაზის“ წინა მფლობელი – „ყაზმუნაიგაზი“ 2015 წლის ბოლოს იძულებული გახდა ქართული კომპანია დაეტოვებინა. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში, ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის დაგვიანებული განცხადება, რომლის თანახმად, რუსულ „გაზპრომთან“ გაზის ტრანზიტისა და მოწოდებაზე ახალი შეთანხმების მოსამზადებლად მოლაპარაკება მიმდინარეობსო. ეს განცხადება საკმაოდ უცნაური იყო, რადგან მსგავსი მოლაპარაკებები ჩვეულებრივად სექტემბერ-ნოემბერში იმართება ხოლმე და არა ახალი წლის წინ.

„გაზპრომის“ პოზიციების გაძლიერებას საქართველოში არანაირი სხვა საფუძველი არ აქვს, გარდა იმისა, რომ მოსკოვი ირანულ გაზთან დაკავშირებით თავის ავანტიურას აგრძელებს, რაც სირიის დაბომბვითა და IGP -ის გაზსადენის დაბლოკვით გამოიხატა. აქვე შევნიშნავთ, რომ ირანი სომხეთს ბუნებრივ გაზს მცირე რაოდენობით დიდი ხანია აწვდის. თუ ირანული გაზის მიღებაზე სურვილს საქართველოც გამოთქვამს, მაშინ კრემლს შეუძლია თეირანს ევროპაში გაზის ექსპორტისათვის ახალი ენერგეტიკული დერეფანი შესთავაზოს, საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიის გავლით. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ „გაზპრომი“ სომხეთის გაზსატრანსპორტო სისტემას აკონტროლებს. ბონუსის სახით რუსეთს შეუძლია ირანული კომპანიები ქერჩის სრუტეზე მშენებარე გაზსადენის მშენებლობაში მიიწვიოს – რუმინეთის დუნაის შელფისაკენ მისი გაგრძელების მიზნით. სიტუაციის ასეთი სახით განვითარება მოსკოვს კიევზე ზეწოლის ახალ ბერკეტს აძლევს“, – აღნიშნულია სტატიაში.

Comments are closed