globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 19th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Wall Street Journal» (აშშ): მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში „მოჩვენებითი“ ქვეყნებისათვის // აფხაზეთი სპორტული ტურნირის ჩატარებას გეგმავს: სომალილენდი პენჯაბის წინააღმდეგ?

«The Washington Post» (აშშ): სირიის მოვლენებმა აჩვენეს, რომ რუსეთმა ეფექტური არმია შექმნა, მაგრამ როგორ გამოიყენებს მას ვლადიმირ პუტინი?

—————–

«The Wall Street Journal» (აშშ), 19 მარტი, 2016 წელი

http://www.wsj.com/articles/a-soccer-world-cup-for-would-be-countries-1458326415

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში „მოჩვენებითი“ ქვეყნებისათვის

აფხაზეთი სპორტული ტურნირის ჩატარებას გეგმავს: სომალილენდი პენჯაბის წინააღმდეგ?

თომას გროუვი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

სოხუმი, საქართველო. აფხაზეთი არ არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი და, შესაბამისად, აფხაზ სპორტმენებს თავიანთი დროშით ოლიმპიურ თამაშებზე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შეჯიბრში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. ამასთანავე პოსტსაბჭოთა სეპარატისტულ რეგიონს დიდი სურვილი აქვს უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც, ბევრის აზრით, რუკაზე არ არსებობენ.

აფხაზეთი, შავიზღვისპირა რეგიონი, რომელიც ერთ დროს საბჭოთა ელიტისათვის [ამერიკული] პალმ-ბიჩის მსგავს საკურორტო ზონას წარმოადგენდა, საქართველოს 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი სისხლისმღვრელი ბრძოლის შედეგად გამოეყო.

აფხაზეთის დამოუკიდებლობას გაეროს წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და მიკრონეზიის ჯუჯა კუნძული ნაურუ აღიარებს.

მაისში აფხაზეთში დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციათა კონფედერაციის (ConIFA) ეგიდით მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს. ამ საფეხბურთო ტურნირში, როგორც ელოდებიან, მონაწილეობას მიიღებენ ქურთისტანის, დასავლეთ სომხეთის, პენჯაბის და სხვა ეროვნებებით დასახლებული სადაო [არაღიარებული] ტერიტორიების წარმომადგენლები.

სეპარატისტული ფეხბურთის „მექად“ აფხაზეთის გადაქცევის იდეა ადგილობრივი საფეხბურთო გუნდ „დინამოს“ პრეზიდენტის ასტამურ ადლეიბას ეკუთვნის: „ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ნახევრად აღიარებული ქვეყნების გაერთიანებას [სპორტულ სამყაროში], – ამბობს ასტამურ ადლეიბა, – აფხაზეთი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის საუკეთესო ადგილია. აფხაზეთი ფეხბურთისათვის სამოთხეა“.

ადგილობრივი დედაქალაქი სოხუმი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის კურორტია, მთებზე შეფენილი, დეკორატიული, მაგრამ უკვე თითქმის დანგრეული შენობებით. აი, პარტიის საქალაქო კომიტეტის ნახევრადდამწვარი შენობა, რომელიც ჰორიზონტზე დომინირებს. იქვე მოჩანს დაუმთავრებელი სასტუმრო, რომლის მშენებლობა მიუტოვებიათ. (…)

სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ასტამურ ადლეიბა სოხუმის ახლადაგებულ სტადიონს სიამაყით გვათვალიერებინებს და გვაჩვენებს მწვანე და ყვითელი ფერის მქონე სავარძლებს, იმპორტულ ხელოვნურ გაზონს და ახალ ეკრანს. „აბა, წარმოიდგინეთ, რომ 5 ათასი მაყურებლის წინაშე თამაშობთ… დიდ ენერგიას იგრძნობთ!“, – გვეუბნება იგი.

ადგილობრივი რეჟისორი თემურ კვეკვესკვირი ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიას ამზადებს, რომელშიც ცოტა „სუპერ ბოული“, ცოტა „ლას-ვეგასი“ და მთლიანი აფხაზეთი იქნება წარმოდგენილი. „ცხადია, ბიონსე ნოული არ გვეყოლება, მაგრამ ჩვენც გვყავს ვარსკვლავები“, – გვითხრა თემურმა და დაამატა, რომ მოცეკვავეები მწვანე, წითელ და თეთრ ტანსაცმელში იქნებიან გამოწყობილნი, ანუ აფხაზეთის დროშის ფერებში.

აფხაზებს ძირითადად მხოლოდ ნატურალური მეურნეობისა და რუსი ტურისტებისაგან მიღებული შემოსავლები აქვთ. რუსი ტურისტები ძირითადად ყოფილ საბჭოურ დასასვენებელ სახლებში, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სანატორიუმებში ცხოვრობენ, რომლებსაც დღეს საბჭოური უწყების რუსული მემკვიდრე უწყება მართავს. უცხოელი ფეხბურთელები სწორედ ამ სანატორიუმებში იქნებიან განთავსებულნი. ჩემპიონატის ბიუჯეტი 14 ათასი დოლარის ექვივალენტი რუსული რუბლია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ [აფხაზეთის] ადგილობრივი ორგანოები ბიუჯეტში შეზღუდულები არიან.

ასტამურ ადლეიბას ინიციატივას მხარი დაუჭირა Conifa-მ, რომელიც 2013 წელს ფიფას საწინააღმდეგოდ შეიქმნა, შვედი ბიზნესმენის ანდერს ბლინდის მიერ. მას იმედი აქვს, რომ მსგავსი საერთაშორისო თამაშები სომალილენდსა და ჩრდილოეთ კვიპროსშიც ჩატარდება.

ჩრდილოეთ კვიპროსმა დამოუკიდებლობა თურქეთ-საბერძნეთის დაპირისპირების შედეგად გამოაცხადა. კონფლიქტმა კუნძული 42 წლის წინათ ორ ნაწილად გაჰყო. „ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკა“ მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული. ჩრდ.კვიპროსის გუნდის წარმომადგენლის ორქუნ ქემალის თქმით, კვიპროსელები ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ: „ჩვენ უპირატესობა გვაქვს და იმედია, თამაშის დროს წარმატებას მივაღწევთ“.

ანდერს ბლინდი ამბობს, რომ ამგვარი ტურნირების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს: „საზღვრები – ეს მხოლოდ ადმინისტრაციული მიჯნებია. ადამიანები დღეს საზღვრებს თვითონ ადგენენ“.

აფხაზეთი, პატარა შავიზღვიპირა ქვეყანა 240 ათასი მცხოვრებით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილად Conifa-მ გასული წლის ივლისში შეარჩია. აფხაზეთს ორი კონკურენტი ჰყავდა და ამიტომ საკმაო ბრძოლა მოუწია სეპარატისტული თამაშების ჩატარების უფლების მოსაპოვებლად. ორგანიზატორებმა დიდი მუშაობა გასწიეს, შექმნეს ჩემპიონატის თალისმანის პროექტი – მასზე გამოსახულია ირემი, მაიმუნი, სიმინდის ტარო და ბურთი. თალისმანზე მაიმუნის გამოსახულება ადგილობრივი სიამაყის გამოხატულებაა: კომუნისტურ ეპოქაში აფხაზეთში ექსპერიმენტული მაიმუნთსაშენი არსებობდა, რომელიც საბჭოთა კოსმონავტიკის განვითარებას ემსახურებოდა. ადგილობრივი მცხოვრებლები ხუმრობით ამბობენ, რომ მეცნიერებს, ნახევრადადამიან-ნახევრადმაიმუნის სახით, საბჭოთა არმიისათვის სუპერჯარისკაცის შექმნა უნდოდათო.

როგორც ამერიკული როზუელია (ნიუ-მექსკოს შტატში) ცნობილი უცხოპლანეტელებითა და „მფრინავი თეფშებით“, აფხაზებიც ამაყობენ თავიანთი მითოლოგიური „მაიმუნების პლანეტით“. „მოარული ხმები კი დადის, მაგრამ მათი დადასტურება ჯერ ვერავინ შეძლო… თუმცა მათ ვერც უარყოფ“, – ამბობს ჯერ კიდევ ფუნქციონირებადი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, რომელიც გიდობას გვიწევს და გალიაში მყოფ მაიმუნებს სტაფილოს აწვდის.

მსოფლიოს სახელმწიფოების დიდი უმრავლესობა აფხაზეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. საქართველოს მთავრობა დაეთანხმა პატივი სცეს Conifa-ს გადაწყვეტილებას, თუმცა მკაცრად გააფრთხილა, რომ აფხაზეთში შესვლა მხოლოდ საქართველოს მხრიდან შეიძლება,  რუსეთის მხრიდან შესვლა კი უკანონოდ ჩაითვლება.

აფხაზეთს მრავალი რუსი თავისი საზაფხულო დასვენების მარშრუტად თვლის. სამწუხაროდ, სპორტის მოყვარულებს აფხაზეთში შესვლა ერთადერთი კანონიერი გზით – საქართველოს გავლით მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქიდან ავტომანქანით ექვსი საათი უნდა იარო, შემდეგ ფეხით ძველ, კარგად შეფერთხილ ხიდზე გადახვიდე და აფხაზეთის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში მიხვიდე. ავტომობილით ხიდზე გადასვლა იკრძალება.

„თქვენ უნდა გაიგოთ, რომ აქ არც სოლტ-ლეიკ-სიტი არაა და არც მოსკოვი“, – გვეუბნება ასტამურ ადლეიბა, – ეს [ჩემპიონატი] ჩვენთვის ახალი ხილია, ამიტომ პრობლემები არსებობს. ვმუშაობთ მათ მოსაგვარებლად“.

სოხუმის კაფეს ხის ბალკონზე, საიდანაც შავი ზღვის ხედი მოჩანს, ასტამურ ადლეიბამ ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა, თუ როგორ უნდა მივირთვათ „მამალიგა“ (ღომი – მთარგმნ.შენიშვნა) – შებოლილი ყველისაგან და სიმინდის ფქვილისაგან მომზადებული კერძი, შემდეგ კი ისევ თავის საყვარელ თემას – ჩემპიონატს დაუბრუნდა. რამდენად სეპარატისტულები არიან აფხაზეთის [გუნდის] კონკურენტები: „დაგენიძლავებით, ტურნირის ზოგიერთ მონაწილეს საკუთარ ქვეყანაში ყოფნის სურვილი არ ექნება“, – თქვა მან.

«The Washington Post» (აშშ), 18 მარტი, 2016 წელი

https://www.washingtonpost.com/world/syria-shows-that-russia-built-an-effective-military-now-how-will-putin-use-it/2016/03/17/aeaca59e-eae8-11e5-a9ce-681055c7a05f_story.html?

სირიის მოვლენებმა აჩვენეს, რომ რუსეთმა ეფექტური არმია შექმნა, მაგრამ როგორ გამოიყენებს მას ვლადიმირ პუტინი?

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რუსეთმა სირიის კონფლიქტი თავისი არმიის ძლიერებისა და უახლესი იარაღის საგამოფენო ვიტრინად გადააქცია, მეზობლები კი ამ ყველაფერს ინტერესით უყურებენ“, – წერს ჟურნალისტი ენდრიუ როტი გაზეთ „ვაშინგტონ პოსტ“-ში.

„ეს ფეხბურთის ცქერას ჰგავს, – ამბობს ავტორთან საუბარში იანის ბერზინში, ლატვიის თავდაცვის აკადემიის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის კვლევების ცენტრის მმართველი დირექტორი, – თუ თქვენ ფეხბურთი უნდა ითამაშოთ გერმანიის წინააღმდეგ, რასაკვირველია, მიდიხართ და უყურებთ, როგორ თამაშობს გერმანია, ასე არაა? ეს სრულიად ბუნებრივია“.

„2008 წელს, როცა რუსეთმა სულ მცირე ოთხი თვითმფრინავი დაკარგა, რომლებიც ხუთდღიანი ომის დროს საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ჩამოაგდეს, ეს ხანმოკლე კონფლიქტი დასავლეთმა რუსეთის ფიასკოდ შეაფასა და დაასკვნა, რომ რუსული არმია ტლანქი, მოუქნელი და ბეხრეკი არმიაა“, – ნათქვამია სტატიაში.

მაგრამ საქართველოსთან ომმა იმპულსი მისცა მასშტაბურ სამხედრო რეფორმებს და რუსეთის შეარაღებულ ძალების მოდერნიზაციას, რომელსაც საგარეო პოლიტიკის ევროპული ცენტრის ანალიტიკოსი გუსტავ გრესელი „ჩუმ სამხედრო რევოლუციას“ უწოდებს. როგორც იგი აღნიშნავს თავის მოხსენებაში, ახალი სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო პროფესიონალიზმისა და ეფექტიანობის ამაღლება – გაუმჯობესებული სამხედრო მომზადებისა და ადმინისტრაციული რეფორმების წყალობით.

„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი რუსეთის არმიაში დანერგილ სიახლეებად მიიჩნევს მობილური და დამოუკიდებლად მოქმედი სადაზვერვო ოცეულების შექმნას, რომლებიც ყირიმის რუსეთთან მიერთების დროს გამოჩნდნენ.

იანის ბერზინში აღნიშნავს, რომ რუსული სამხედრო წარმოების ერთ-ერთი მიღწევაა დაბრკოლების შემქმნელი მაღალეფექტური აპარატურა, რასაც რადიოელექტრონული ომის შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება. სხვათა შორის, ასეთ მოწყობილობას რუსეთი კალინინგრადის ოლქშიც იყენებს. იქვეა უახლესი სარაკეტო კომპლექსი «S-400», რომელიც სირიაშიცაა განლაგებული და არასაფრენი „ვაკუუმური“ სივრცის შექმნას უზრუნველყოფს.

რუსეთმა პირველად გამოიყენა „კოლიბრის“ ტიპის ახალი თაობის ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც სირიისაკენ კასპიის ზღვის აკვატორიიდან იქნენ გაშვებულნი. შესაბამისად, მათ ევროპაშიც შეუძლიათ შორეული სამიზნეების განადგურება.

თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ფაქტი, რაც სირიის სამხედრო მოქმედების თეატრში გამოვლინდა ესაა რუსეთის არმიის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება-დაგეგმვის მკვეთრი გაუმჯობესება. საერთოდ, მომარაგების ხაზი დიდი ხანის განმავლობაში რუსული არმიისათვის გადაუჭრელი პრობლემა იყო, დრეს უკვე ქმედითუნარიანია, – აღნიშნულია სტატიაში.

სირიის ფრონტზე რუსეთმა დაინახა თავისი სუსტი მხარეებიც: მაგალითად ის, რომ არასაკმარისი რაოდენობით აქვს მაღალი სიზუსტის მქონე მართვადი საბრძოლო მასალები (ავიაბომბები).

როგორც ჩანს, რუსეთს თავისი გაზრდილ-განახლებული სამხედრო პოტენციალის თეორიული გამოყენება წარმატებით შეუძლია ანტიტერორისტულ ოპერაციებში – ვთქვათ, ცენტრალურ აზიაში ან ავღანეთში, – ამბობს მარკ გალეოთი, ექსპერტი ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან.

„რუსეთის პირველმა საზღვარგარეთულმა სამხედრო ჩარევამ დაადასტურა, რომ მოსკოვს იგივე მოქმედების გამეორება შეუძლია. ეს ის ფაქტორია, რომლისთვისაც ნატო და დასავლეთი მზად უნდა იყოს“, – ასეთია სტატიის ავტორის დასკვნა.

Comments are closed