globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 19th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისმა რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულება პროვოკაციად მონათლა

«КоммерсантЪ» (რუსეთი): რუსეთმა კავკასიაში შერწყმის დონე გაზარდა: მოსკოვმა ცეცხლით და რუბლით სამხრეთ ოსეთის დაცვა ივალდებულა

«The Wall Street Journal» (აშშ): ხელშეკრულებამ სამხრეთ ოსეთი რუსეთს დაუახლოვა

«The Irish Times» (ირლანდია): ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულება დაგმეს

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

«Независимая газета» (რუსეთი), 19 მარტი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-03-19/2_tbilisi.html

თბილისმა რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულება პროვოკაციად მონათლა

ოთხშაბათს მოსკოვში რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერეს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას. საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარ ფაქტს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვში დადებული პაქტი ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრას გაართულებს. ამასთან, ქართულმა მხარემ მიანიშნა, რომ შესაძლოა თბილისმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესი დატოვოს, თუ მოსკოვი კვლავ გააგრძელებს არაკონსტრუქციული  პოზიციის გამოხატვას. რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულება ნეგატიურადაა შეფასებული საქართველოს პარლამენტის სპიკერის დავით უსუფაშვილის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილისა და მისი მოადგილის დავით დონდუას მიერ გაკეთებულ განცხადებებში, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი იური როქსი).

მოსკოვში გაფორმებული პაქტისადმი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს აგრეთვე საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმაც: ევროკავშირმა (საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის მიერ გაჟღერებული განცხადებით), ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ჟენი ფსაკის განცხადებით) და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა.

ამასთან, ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე ზოგიერთმა ქართველმა პოლიტოლოგმა თავისი აზრი გამოხატა ჟენევის მოლაპარაკებისადმი და მისი პერსპექტივა საკმაოდ სკეპტიკურად შეაფასდა – „ჟენევის ფორმატს აზრი ეკარგება, რადგან მოსკოვი თავის პოზიციას არ იცვლისო“. კერძოდ, ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა, რომ უსარგებლო შეხვედრებად გადაქცეული ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს მხოლოდ თბილის-მოსკოვის ფორმალური დიალოგისთვის თუ შევინარჩუნებთო“. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კიდევ ერთი სპეციალისტი ირაკლი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ მოსკოვი ცდილობს ჟენევის მოლაპარაკების მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატი „აბაშიძე-კარასინის“ ორმხრივი ფორმატით ჩაანაცვლოს: „ჟენევის მოლაპარაკება თითქმის ჩიხშია შესული, რადგან რუსეთი არავითარ გარანტიას არ იძლევა იმის თაობაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს. თავის მხრივ, სოხუმისა და ცხინვალის მხარეები თავიანთი წინადადებებით ამ ჩიხურ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებენ… უახლოეს ხანში რაიმე პროგრესის იმედი არ უნდა გვქონდეს“.

მოსკოვის პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის თაობაზე ცნობილია: საქართველო უნდა მიეჩვიოს ახალ პირობებს, იმ რეალობას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და სუვერენიზაციის პროცესის უკუქცევა არ მოხდება. როგორც რუსი პოლიტოლოგი ალექსეი მარტინოვი ამბობს, რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ხელს სწორედ საქართველოს ნეგატიური პოზიცია უშლის: „აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობის გზა აირჩიეს და მათ ამ გზიდან ვერავინ გადაახვევინებთ. რაც შეეხება 18 მარტს ხელმოწერილ რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულებას, ამ დოკუმენტის მიმართ ჩემი აზრი არ შეცვლილა: ადრეც ვთქვი და ახლა გავიმეორებ, რომ მისი გაფორმება აუცილებელი არ იყო, 2008 წელს ხელმოწერილი საბაზო ხელშეკრულება სრულიად მუშა დოკუმენტია და დღის წესრიგს სრულიად შეესაბამება. ამ შემთხვევაში აფხაზეთისადმი მიბაძვა საჭიროება არ მოითხოვდა“, – უთხრა „ნეზავისიმაია გაზეტას“ ალექსეი მარტინოვმა. მან იქვე შენიშნა, რომ ახალ ხელსეკრულებაში, პრინციპში ცუდი არაფერია, მთავარია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გაღრმავდეს და სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა აღორძინდეს.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 19 მარტი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2689110?isSearch=True

რუსეთმა კავკასიაში შერწყმის დონე გაზარდა: მოსკოვმა ცეცხლით და რუბლით სამხრეთ ოსეთის დაცვა ივალდებულა

სტატიაში გადმოცემულია თვითმხილველის მიერ გუშინ, რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულების გაფორმების ჟამს კრემლის პირველ კორპუსში არსებული სიტუაცია: პუბლიკაციის ავტორი ალექსეი კოლესნიკოვი ესაუბრება „ნაცნობ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებსაც რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის გამო განწყობა ჰქონდათ გაფუჭებული“. მასალაში აღწერილია ვლადიმერ პუტინისა და ლეონიდ თიბილოვის განცხადებები ხელშეკრულების გაფორმებამდე და მის შემდგომ… „იქვე ახლოს მდგარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი აქტიურად წერდა რაღაც „ეს-ემ-ეს“-ებს თავის აიფონზე“. საბოლოო ჯამში, მთავარი ის იყო, რომ ვლადიმერ პუტინმა სამხრეთ ოსეთს 2018 წლისათვის დახმარების გაზრდა აღუთქვა – „9 მილიარდ რუბლზე მეტს მოგცემთო“. ლეონიდ თიბილოვის გახარებული იყო: „ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ ძალიან დიდ ვალში ვართ თქვენს წინაშეაო“. ამრიგად, ასკვნის ავტორი, „თუ ეს ხელშეკრულება შერწყმა არ არის, მაშინ ჩაყლაპვა გამოდის. და თუ ეს არც შერწყმაა და არც ჩაყლაპვა, ვერ მომიძებნია ისეთი სიტყვა, რომლითაც კრემლში გუშინ მომხდარის გამოხატვა შეიძლება“.

რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით „კომერსანტში“ გამოქვეყნებულია კიდევ ერთი მასალა სათაურით „რამდენს ხარჯავს რუსეთი სამხრეთ ოსეთზე“, რომელშიც გადმოცემულია მოსკოვის მიერ ცხინვალისათვის გაწეული ფინანსური დახმარების დინამიკა 2008 წლის აგვისტოდან: დაახლოებით 34 მილიარდი რუბლი (2013 წლის მონაცემებით). საერთოდ, სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის 90%-ს რუსეთის დახმარება შეადგენს. 2015 წლის ბიუჯეტში სამხრეთ ოსეთის შემოსავლები 7,3 მილიარდი რუბლის ოდენობითაა გათვალისწინებული, აქედან რუსეთის დახმარება 6,7 მილიარდს შეადგენს (91%).

«The Wall Street Journal» (აშშ), 19 მარტი, 2015 წელი

http://www.wsj.com/articles/russia-tightens-control-over-breakaway-georgian-region-of-south-ossetia-1426688743

ხელშეკრულებამ სამხრეთ ოსეთი რუსეთს დაუახლოვა

ოლღა რაზუმოვსკაია

რუსეთმა და საქართველოს სეპარატისტულმა რეგიონმა სამხრეთ ოსეთმა ოთხშაბათს მოსკოვში ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც მათ შორის თითქმის სრული ინტეგრირების გამოხატულებაა. ამით რუსეთი ზეწოლას ახდენს თავის პოსტსაბჭოთა მეზობელზე, რომელიც დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირებს ესწრაფვის.

ევროკავშირმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსკოვის ნაბიჯი რეგიონულ უსაფრთხოებას ემუქრება, საქართველომ კი დააფიქსირა, რომ ხელმოწერილი შეთანხმება რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სრული ანექსიის პრელიუდიას წარმოადგენს. მოსკოვი არსებითად აკონტროლებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ტერიტორიებს 2008 წლის ხანმოკლე ომის სემდეგ, როცა კრემლმა ორივე წარმონაქმნი დამოუკიდბელ სახელმწიფოებად აღიარა, ხოლო მათ მთავრობებს მრავალი მილიარდი რუბლის სუბსიდიები მისცა. ამასთან, მოსკოვმა თავი შეიკავა სრული ანექსიისაგან. ჯუჯა სამხრეთ ოსეთი, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 50 ათას მცხოვრებს შეადგენს [და აფხაზეთი) დამოუკიდებლად მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა.

პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა ხელსეკრულება მაშინ გააფორმეს, როცა მოსკოვი ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ყირიმის რუსეთთან მიერტების ერთი წლისთავის აღსანიშნავად.

ჟურნალისტებთან გამოსვლისას სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთს „ჩვენი ხალხის, ჩვენი რესპუბლიკის დაცვის ერთადერთი გარანტი“ უწოდა და მადლობა გადაუხადა ვლადიმირ პუტინს „იმ ყველაფრისათვის, რასაც კი ჩვენთვის აკეთებთ“. ბატონმა ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყირიმის შემოერთების ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს: „ჩვენ პირველივე დღიდან მივესალმეთ ყირიმის შემოერთების გადაწყვეტილებას. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა პოლიტიკურ ნაბიჯს“.

რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეთა ინტეგრირების ძირითად ასპექტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, საბაჟო საკითხებში, საზღვრების დაცვაში. აფხაზეთსა და რუსეთს შორის თითქმის ანალოგიური შინაარსის მქონე დოკუმენტი გასულ წელს გაფორმდა.

(პუბლიკაციაში მოცემულია ევროკავშირის წარმომადგენლისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები რუსეთ-სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმების გამო).

«The Irish Times» (ირლანდია), 19 მარტი, 2015 წელი

http://www.irishtimes.com/news/world/europe/condemnation-from-us-and-eu-as-russia-and-south-ossetia-sign-treaty-1.2144604

ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულება დაგმეს

სტატიაში გადმოცემულია რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტი, ვლადიმერ პუტინისა და ლეონიდ თიბილოვის განცხადებების შინაარსი… იქვე აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმება დაიგმო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდანაც (ავტორი – იზაბელ გორსტი).

გასულ წელს, უკრაინის კრიზისის გაღრმავების კავალობაზე, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქვეშ მოექცნენ: უკრაინის კრიზისი არ განვითარდებოდა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  ომის დროს ვაშინგტონს და ბრიუსელს რუსეთისათვის მეტი წინააღმდეგობა რომ გაეწიათო, ახლა კი კრემლი უფრო აგრესიული ფორმით ცდილობს ყოფილი საბჭოთა ტერიტორიების გაკონტროლებას.

დასავლეთში დღეს ბევრს ეშინია, რომ რუსეთმა, რომელიც ამ დღეებში ყირიმის ანექსიის  წლისთავს ზეიმობს, შეიძლება აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევა განახორციელოს, იქაური ადგილობრივი პრომოსკოვური სეპარატისტების მხარდასაჭერად.

როგორც გუშინ დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის წევრმა კონსერვატიული პარტიიდან დევიდ ლიდინგტონმა განაცხადა, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება „კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ ერევა რუსეთი

მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეებში. ამგვარი ქმედება წარმოადგენს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ უგულებელყოფას. ჩვენ, ყველამ, დავინახეთ რა მძიმე ვითარებამდე მიიყვანა, ამგვარმა ჩარევამ მდგომარეობა უკრაინაში. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.

რუსეთ-სამხრეთის ოსეთის მოკავშირეობისა და ინტეგრირების ხელშეკრულება მოსკოვსა და ცხინვალს შორის დღეს არსებულ ურთიერთობის დონესთან შედარებით, კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობას ითვალისწინებს. თავისი პრინციპებით დოკუმენტი თითქმის ანალოგიურია იმ ხელშეკრულებისა, რომელსაც ხელი მოწერა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასული წლის ნოემბერში

ამასთან, მაშინ როცა აფხაზეთი საკმაოდ მტკიცედ ცდილობს საკუთარი ავტონომიის (დამოუკიდებლობის) შენარჩუნებას, სამხრეთ ოსეთი პერიოდულად რუსეთთან შეერთების სურვილს გამოთქვამს ხოლმე, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ.

„რუსეთთან კავშირი ჩვენი ისტორიული არჩევანია“, – აღნიშნა ლეონიდ თიბილოვმა გუშინ გამართული ხელმოწერის ცერემონიის დროს, – „ამ არჩევანს მტკიცე საფუძველი აქვს, მას ღრმად აქვს ფესვები გადგმული და ის სამომავლოდ ჩვენს ხალხების, ჩვენი ქვეყნების გაერთიანების საფუძველს წარმოადგენს“.

Comments are closed