globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 19th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ სენატორ ჯეიმს რიშთან: „ვისაც საქართველოში არჩევნების შედეგი არ მოეწონება, მზადება მომავალი არჩევნებისთვის უნდა დაიწყოს“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): თბილისში 200 მილიონი დოლარის ღირებულების ურანი ამოიღეს

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 19 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/interview-senator-risch/3290988.html

ინტერვიუ სენატორ ჯეიმს რიშთან: „ვისაც საქართველოში არჩევნების შედეგი არ მოეწონება, მზადება მომავალი არჩევნებისთვის უნდა დაიწყოს“

ია მეურმიშვილი

შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეების და დაზვერვის კომიტეტების წევრი, სენატორი ჯეიმს რიში “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ იმის გამო, რომ 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ რუსეთს დასავლეთმა სანქციები არ დაუწესა, დღეს რუსეთი გაცილებით აგრესიული ქვეყანაა. სენატორი ასევე ამბობს, რომ იმედს იტოვებს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ისეთივე თავისუფალი და სამართლიანი იქნება, როგორიც წინა იყო.

„ამერიკის ხმა“: 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა რუსეთს არანაირი დამსჯელი ზომები არ დაუწესა. ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ შეიძლება სწორედ ის იყო იმის მიზეზი, რომ რუსეთს გამბედაობა მოემატა და შედეგად დღეს ვხედავთ რუსეთის ძალადობას უკრაინაში და ოპერაციას სირიაში. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ჯეიმს რიში: ჩემი აზრით, თუ ვინმემ არასწორი მოქმედების გასწორება არ სცადა, მდგომარეობა უცვლელიდა რჩება. თუ კლასში ერთი მოსწავლე ცუდად იქცევა და მას გამოსწორებისკენ არ უბიძგეს, ისე ცუდ ქცევას გააგრძელებს. ამას ისტორია გვასწავლის. სწორედ ასე მოხდა მაშინაც და რუსეთს სანქციები არ დაუწესდა. ამის შემდეგ რატომ უნდა შეჩერებულიყვნენ ისინი ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სხვაგან? განსაკუთრებით, ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში ისინი დაუსჯელი ბევრი რამის გამო დარჩნენ.

„ამერიკის ხმა“: თქვენი აზრით, ამერიკის მოვალეობაა დამსჯელი ზომების მიღება?

ჯეიმს რიში: ამერიკა მსოფლიოს პოლიციელი არ უნდა იყოს და ამერიკას ეს არ სურს. თუმცა, შეერთებულმა შტატებმა ბალანსის შენარჩუნება უნდა სცადოს ისეთი ქვენის საპირწონედ, რომელსაც დიდი რესურსები აქვს მეზობელი პატარა ქვეყნების დასაჩაგრად. ამ მხრივ, ამერიკამ უმნიშვნელო რეაგირებით ან საერთოდ უმოქმედობით მსგავს მოქმედებებზე ცალი თვალი არ უნდა დახუჭოს.

„ამერიკის ხმა“: ახლოვდება ნატოს ვარშავის სამიტი. რაიმე მოულოდნელ სიახლეს ან გაბედულ ნაბიჯს ელოდებით ალიანსის მხრიდან? დამატებით გაფართოებაზე (მონტენეგროს გარდა) საუბარი იქნება?

ჯეიმს რიში: ჩვენ უკვე გვაქვს „ღია კარის“ პოლიტიკა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ალიანსის მოთხოვნებს აკმაყოფილებს ნატოში გაწევრიანება შეუძლია. ჩემი აზრით, ეს თავისთავად დიდი ამბავია. მომდევნო სამიტიდან არ ველოდები რაიმე მოულოდნელ დიდ სიახლეს. საქართველოს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ქვეყანას ჯერ ისევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით შიდა პოლიტიკის მიმართულებით.

„ამერიკის ხმა“: საქართველოს ავღანეთის ნატოს მისიაში სხვა პარტნიორებთან შედარებით ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს. ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა. თქვენ ამბობთ, რომ ალისნსს შიდა პოლიტიკა აღელვებს?

ჯეიმს რიში: შეიძლება მთელ ალიანსს არა, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას უდავოდ. ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ჯერ ისევ არსებობს გარკვეული საკითხები. 21-ე საუკუნეში განვითარებული ქვეყნები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არ აწარმოებენ. ჩემი აზრით, ყველა თანხმდება, რომ საქართველოში ზოგიერთ შემთხვევაში იყო ასეთი სასამართლო პროცესები. ის სხვა საკითხია იყო თუ არა ეს ფართომასშტაბიანი ძალისხმევა. მე 2012 წლის არჩევნებზე საქართველოში ვიყავი. მაშინ ნანახმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ ანგარიშსწორების ნაბიჯებით იმედგაცრუებული ვარ.

„ამერიკის ხმა“: ოქტომბერში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები მოდის. რა რეკომენდაციები, მოლოდინი, იმედი გაქვთ ამ არჩევნებზე?

ჯეიმს რიში: მე რეკომენდაციები არ მაქვს – ეს ქართველი ხალხის საქმეა. იმედი კი მაქვს, რომ საქართველო პროგრესს გააგრძელებს. წელს ქვეყანა დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს. ქართველებმა უნდა იამაყონ იმ მიღწევებით, რაც ამ დროის მანძილზე ჰქონდათ. წინა არჩევნები ძალიან მოქნილი, თავისუფალი და სამართლიანი იყო. იმედი მაქვს ეს წელსაც განმეორდება. იმედია, ქართველები იმას გააკეთებენ, რასაც 21 საუკუნეში განვითარებული ქვეყნები აკეთებენ – მიიღებენ არჩევნების შედეგებს. თუ ვინმეს არჩევნების შედეგი არ მოეწონება, დაიწყონ მომზადება მომდევნო არჩევნებისთვის. მანამდე კი საზოგადოებამ ერთად, მშვიდობიანად ცხოვრება უნდა გააგრძელოს. ქართველებს ის სურთ რაც ნებისმიერ ერს – მათ საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდათ. ამ შედეგის მისაღწევად კი საუკეთესო გზა არჩევნების შემდეგ ერთად დაჯდომა და იმისი გადაწვყეტაა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის უკეთესი ქვეყანა იყოს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 19 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/uran-contraband-armenia/3290366.html

თბილისში 200 000 000 დოლარის ღირებულების ურანი ამოიღეს

ზაზა წულაძე

კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის აგენტებმა თბილისის ცენტრში, ერთ-ერთი ბინიდან, კონტრაბანდული ურან-238 (U-238) ამოიღეს, რომლის გასხვისებას სომხეთის სამი მოქალაქე – 200 მილიონ ამერიკულ დოლარად გეგმავდა.

უკანონო ბირთვული მასალა საქართველოს დედაქალაქში სომხეთიდან სამმა პიროვნებამ – მირან მოვსესიანმა, აშოთ გოროიანმა და ჰაიკაზ ჰოვაკიანმა 14 აპრილს, ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერით შემოიტანეს. სომხეთის მოქალაქეებმა სახიფათო ტვირთი თბილისში, სპორტის სასახლის უკან, ერთ-ერთ ქუჩაზე, თამაზ ბიჩიკაშვილისა და სავლე ლურსმანაშვილის დახმარებით მიიტანეს. საცხოვრებელი ბინა, სადაც ურან-238 შეინახეს, საქართველოს მოქალაქეს, 1942 წელს დაბადებულ მუხტარ მოსეს ძე ცქიტიშვილს ეკუთნის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) ყველა პირი იმავე დღეს დააკავა. 16 აპრილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე დაკავებულს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მუხტარ ცქიტიშვილის ადვოკატმა დავით აბესაძემ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ არც მისი კლიენტი და არც მძღოლები ბრალს არ აღიარებენ. ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ დაკავებული სომხეთის მოქალაქეები: „სამი სომხეთის მოქალაქეა, ჩემი კლიენტი და კიდევ ორი საქართველოს მოქალაქე დაკავებული. ორი პირის გარდა, რომლებიც იძახიან რომ ტაქსის მძღოლები არიან, ერთი სომეხი და ერთი ქართველი, ყველა დანარჩენი დაკავებული არის ხანდაზმული, 74-75 წლის ადამიანი. იმას, თუ როგორ მოხვდა მათთან ეს კონტეინერი ურანით, ამას ჯერჯერობით, არ ამბობენ. დასადგენია საიდან მოხვდა და რა გზით. ფაქტია, რომ ხელით და ჯიბით არ წამოუღიათ სასომხეთიდან. იმ დღეს მიიტანეს ჩემი კლიენტის ბინაში და იქ იქნა ყველა დაკავებული“.

ქუთაისში დაბადებული 74 წლის მუხტარ ცქიტიშვილი პენსიონერია. იგი ორი კომპანიის „მუხოსა“ და „საქაზის“ დირექტორი და თანადამფუძნებელია. საინტერესოა, რომ კომპანია „საქაზში“, სადაც ცქიტიშვილი 25 პროცენტიან წილს ფლობს, მისი ერთ-ერთ პარტნიორი, აზერბაიჯანის მოქალაქე ვაჰიდ აგჰაჯანოვია. ამ კომპანიების საქმიანობის საგნად ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულია მშენებლობის, იმპორტ-ექსპორტისა და ტრანსპორტის სფეროები.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სომხეთიდან საქართველოში კონტრაბანდული გზით ურანი შემოდის. 2010 წლის მარტში, თბილისში სომხეთის ორი მოქალაქე ტონოიანი და ოჰანიანი 18 გრამ გამდიდრებულ ურანს 1 500 000 დოლარად ყიდდა, რა დროსაც ისინი დააკავეს; 2003 წელს, სადახლოში სომხეთის მოქალაქე დადაიანი 173 გრამი ურანის გაყიდვის მცდელობისას აიყვანეს. 2001 წელს კი 300 გრამი ურანით ხელში, აჭარაში, სომხეთის მოქალაქე კაზარიანი დააპატიმრეს.

როგორც ადრე, ახლაც ურანის სომეხი კონტრაბანდისტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტრადიციულ მახეში გაებნენ. ურანის პოტენციური მყიდველი „ახლო აღმოსავლეთის ქვეყნიდან“, რომელმაც მათ თბილისში შეხვედრა დაუთქვა, სინამდვილეში სუს-ის აგენტი იყო. სუს-ის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი სავლე მოთიაშვილი ამბობს:

„ეს პირები ურანის გასხვისებას თბილისში 200 მილიონ დოლარად აპირებდნენ. რადიოაქტიური გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის“.

ურანის საქმის გამოძიება სომხეთისა და საქართველოს ექვსი მოქალაქის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბირთვული მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი ან ვაჭრობა საქართველოში ხუთიდან ათ წლამდე ციხით ისჯება.

საინტერესოა, რომ როგორც საქართველო-სომხეთის, ისევე, აზერბაიჯანისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ამერიკის მთავრობის დახმარებით, რადიოაქტიური ნივთიერების აღმომჩენი, ძვირადღირებული კონტროლის სისტემები – პორტატული რადიაციული მონიტორებია დამონტაჟებული. თუმცა ამჯერად, სენსორებმა კონტრაბანდული ურანის დაფიქსირება ვერ შეძლეს.

Comments are closed