globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 19th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): ძალაუფლების კონსოლიდაცია ივანიშვილისეულად

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): ირანი და საქართველო ეკონომიკისა და საერთაშორისო პოლიტიკის სარკეში

«Еркрамас» (რუსეთი): თურქეთის საკითხი საქართველო-ირანის ურთიერთობებში // რეჯებ ერდოღანი „სულთანი“ კი გახდა, მაგრამ „ნეოოსმანური იმპერიის“ გარეშე

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): სერგეი ლავროვი აფხაზეთში: ლენტის გაჭრის მიღმა დამალული სტრატეგია

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სერგეი ლავროვი აფხაზეთში: ტერიტორიის შემდეგ ტროტუარის ოკუპაცია

«Московский комсомолец» (რუსეთი): საქართველო სოხუმში აგებულმა რუსეთის საელჩომ შეაშინა // მოსკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთში სერიოზულად და დიდი ხნით შევიდა

«Комсомольская правда» (რუსეთი): „როდის შეწყვეტენ რუსები ფულის ხარჯვას „მეგობრებზე“? აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ყელზე მობმული ლოდებია…“ // „აფხაზებს ჩვენ საკუთარი ქვეყნის სიმშვიდის მიზნით ვინახავთ“

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 19 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/zaal-andronikashvili-blog-spot/28437069.html

ძალაუფლების კონსოლიდაცია ივანიშვილისეულად

ზაალ ანდრონიკაშვილი

„ბათუმის ჯანყზე“ ბევრ სახუმარო მოსაზრებას შორის გადავაწყდი იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ანალოგიურ შემთხვევაში. აზრი დაახლოებით ასეთი იყო: აჯანყებულთ აუცილებლად დაარბევდა კარგად შეიარაღებული სპეცრაზმი, რომელიც გარეგნულად მოგვაგონებდა „ვარსკვლავური ომების“ IV-VI ეპიზოდების მოიერიშეებს. გამოიყენებდა ათასგვარ სპეცსაშუალებას. ყველა სატელევიზიო არხიდან დიდი და მცირე კალიბრის ინტელექტუალები გვეტყოდნენ, რომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ შედგა, რომ ძალადობა ბუნებრივი რამაა, რომ ძალადობაზე მონოპოლია მარტო სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და ა.შ. ამ „მოდელირებული“ დარბევიდან უფრო ზოგადი დასკვნა რომ გამოვიტანოთ, მიხეილ სააკაშვილის მთავრობისთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო ამბავი ბრძოლისა და ამ ბრძოლაში გამარჯვებისა. რევოლუციურ და დაჩქარებულ მოდერნიზაციაზე მომართულ მთავრობას ჰაერივით სჭირდებოდა გამარჯვებულისა და ტრიუმფატორის გვირგვინი.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ დღევანდელ მთავრობას „ივანიშვილისად“ მოვიხსენიებ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მთავრობა გიორგი კვირიკაშვილისაა. „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის პროექტია, მისი შექმნილი და დაფინანსებულია. მართალია, მართვის რუტინაში ის უშუალოდ არ მონაწილეობს, პრინციპული გადაწყვეტილებები (მაგ. ქვეყნის განვითარების შესახებ), ისევე როგორც მართვის სტილი, მისია. ამიტომ ვიკითხოთ, შეგვიძლია თუ არა ბათუმის ჯანყთან მოპყრობიდან რაიმე ზოგადი დასკვნა გამოვიტანოთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის შესახებ. პოლიცია (რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობისათვის სახელმწიფოს სახე თუ არა ხერხემალი მაინც იყო) აჯანყებულთ მინიმალურად დაუპირისპირდა და მხოლოდ პოლიციის შენობას იცავდა, იერიშზე არ გადასულა. მეამბოხეებს საშუალება მიეცათ, თავიანთი აგრესია ბოლომდე და სურვილისამებრ გამოეხატათ ისე, რომ წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. ასე რომ, გადამწვარ მანქანებს თუ არ ჩავთვლით, არც მწვადი დამწვარა და არც შამფური. პოლიციის უფროსი თანამდებობაზე დარჩა, რამდენიმე აჯანყებულმა ასლარიანი ჯარიმა გადაიხადა და სახლში დაბრუნდა.

მიხეილ სააკაშვილის მთავრობისაგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა პირდაპირ კონფლიქტზე არ მიდის. ტრიუმფატორობა მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, სამაგიეროდ მიზნის მიღწევაა გადამწყვეტი. ბიძინა ივანიშვილი, მიზეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, რევოლუციონერი და საჯარო ტრიბუნი არ არის, მას ფული ბნელ ოთხმოცდაათიანებში აქვს ნაშოვნი მეთოდებით, რომლებიც მაინცდამაინც პირდაპირ ტრანსლაციას (ახალქართულად „ლაივს“) არ მოითხოვს. შესაბამისად, მმართველობის სტრატეგიაც ისეთი აქვს, როგორიც ბაროკოს ხანის დრამის ტირანებს ახასიათებდათ: „კაბინეტური“, ანუ დაფარული და გასაიდუმლოებული.

ამის მიუხედავად, შეგვიძლია ამ მიზნების შესახებ რამდენიმე სიმპტომით ვიმსჯელოთ. საიდუმლო ნამდვილად არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა (შესაძლოა, ცვლადი სახეებით) 2030 წლამდე აპირებს საქართველოს მართვას. გასაკვირი არაა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ხალხის განწყობის ამარა საქმის მიტოვება სარისკო ამბავია. ამიტომ „ქართული ოცნება“ იმავე მიზანს ისახავს, რასაც ყველა მისი წინამორბედი მთავრობა ისახავდა. ეს მიზანი ძალაუფლების კონსოლიდაცია და მაქსიმალური კონტროლია, ოღონდ ეს კონტროლი, სააკაშვილის მთავრობისგან განსხვავებით, მაინცდამაინც ხილული და საგრძნობი არ უნდა იყოს. ამიტომაც ივანიშვილი მიმართავს ტაქტიკას, რომელსაც „სალიამის“ (სალამში არ აგვერიოს, ძეხვზეა საუბარი) ნაჭრის ტაქტიკა ჰქვია. ამ ტაქტიკის თანახმად, ჯიქურ კი არ უნდა გადახვიდე ფრონტალურ შეტევაზე, არამედ პატარ-პატარა ნაჭრებად დაიკავო ტერიტორია − ისე, რომ ოპონენტს ან ოპონენტებს პროტესტის გრძნობა კი გაუჩნდეთ, მაგრამ იმავე დროს შეეძლოთ თავის დამშვიდება იმით, რომ ჩიტი ბდღვნად არ ღირს (ამ სტრატეგიას მიმართავს, მაგალითად, რუსეთი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე).

სად ვხედავთ ძალაუფლების კონსოლიდაციის ამ სიმპტომებს? ვხედავთ სამ სფეროში: მედიაში, ხელისუფლების შტოებსა და თვითმმართველობის სტრუქტურების კონსოლიდაციაში.

მასმედია

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო რომ არ გამოჩენილიყო, როგორც ბერძნულ ტრაგედიებში deus ex machina, „რუსთავი-2“ დღეს, სავარაუდოდ, „სიცრუის მანქანა“ აღარ იქნებოდა და მთავრობისათვის მისაღები საინფორმაციო პოლიტიკის გზას დაადგებოდა. მეორე დიდი ტელევიზია, რომელიც აქამდე თავისუფალი იყო ბიძინა ივანიშვილის კონტროლისაგან, „საზოგადოებრივი მაუწყებელია“. ახლა მოწმენი ვართ მისთვის საინფორმაციო კბილების დაძრობის ნელს და მტკივნეული პროცესისა, რომელიც რეფორმის სახელით მიმდინარეობს. ინტერპრეტაციას რომ თავი დავანებოთ და ფაქტები ვახსენოთ, საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებზე კონკურსი არ ცხადდება, ხოლო ყოველგვარი კონკურსის გარეშე „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ხდება „ჩანერგვა“ ივანიშვილისეული GDS-ის ყოფილი თანამშრომლებისა, რომლებმაც არხის ლოიალობა უნდა უზრუნველყონ. რაიმე საშინელი ან აღმაშფოთებელი ხდება? დიდი არაფერი. რამდენიმე ახალი თანამშრომელი უკონკურსოდ დასაქმდა, რამდენიმე გადაცემა დაიხურება. თითქოს არაფერი არ მომხდარა, არხს კი დამოუკიდებლობა „შემოეკარგა“.

ძალაუფლების შტოები

კაცმა რომ თქვას, სავსებით მისაღებია, როდესაც პარლამენტში მმართველი პარტია და მთავრობა ერთსა და იმავე პოზიციაზე დგანან. ოღონდ ამ პრინციპმა შეიძლება არ იმუშაოს მაშინ, როდესაც მმართველი პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს და პარლამენტი, ფაქტობრივად, ერთპარტიულია. შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლი მინიმალურია. მაგრამ არც ესაა საკმარისი. ახალი საკონსტიტუციო პროექტი პრეზიდენტისათვის იმ უმნიშვნელო უფლებამოსილების შეკვეცასაც ითვალისწინებს, რომლითაც ქვეყნის მეთაური დღეს სარგებლობს. პროექტი არც ამას ჯერდება და მოქალაქეებს ართმევს ქვეყნის მეთაურის არჩევის უფლებას, რომელსაც საკუთარსავე საპარლამენტო უმრავლესობას ანიჭებს. პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით კონსტიტუციის ჭრა-კერვის საშიშროებაზე წინა მთავრობის დროსაც ბევრს ლაპარაკობდნენ. ვიღაცამ შეიძლება გაიხსენოს გერმანიის მაგალითი, სადაც უუფლებო პრეზიდენტს არაპირდაპირ ირჩევენ, მაგრამ ეს მაგალითი ჩვენ არ გამოგვადგება. ერთი იმიტომ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფუძნებიდან მოყოლებული, ძალაუფლების განაწილების მექანიზმი არ შეცვლილა. მეორეც იმიტომ, რომ გერმანია ფედერალური სახელმწიფოა და ძალაუფლების განაწილებას უზრუნველყოფს არა მარტო ფედერალური პარლამენტის (ბუნდესტაგის) მრავალპარტიული შემადგენლობით, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა, ფაქტობრივად, გამორიცხულია, არამედ ძალაუფლების ფედერალური არქიტექტურითაც, რომელიც თეორიულადაც და პრაქტიკულადაც გამორიცხავს ფედერალური პარლამენტისა თუ ფედერალური მხარეების პარლამენტთა მართვას ერთი პარტიის მიერ. ჩვენს კონკრეტულ კონტექსტში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა ერთს ნიშნავს: უნდა გამოირიცხოს ბიძინა ივანიშვილისათვის „ურჩი“ და, მით უმეტეს, „გაურჩებული“ პრეზიდენტი. შესაბამისად, ჩვენ, მოქალაქეებს, აღარ გვეყოლება პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელსაც, თუნდაც მინიმალურად, მაგრამ მაინც ვაკონტროლებდით არჩევნების გზით ოთხ წელიწადში ერთხელ.

ადგილობრივი თვითმმართველობები

მესამე სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს დიდი საზოგადოებრივი ყურადღება არ დაუმსახურებია. სინამდვილეში ძალაუფლების კონსოლიდაციის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ეტაპი შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმებაა. თუ ვინმემ კიდევ ვერ გაიგო, ეს ნიშნავს, რომ ქალაქები ზუგდიდი, ოზურგეთი, მცხეთა, გორი, თელავი, ახალციხე და ამბროლაური წარმომადგენლობით ორგანოებს ვეღარ აირჩევენ. თუ კიდევ გაუგებარია, შემიძლია განვმარტო, რომ თუ მოქალაქე თავის წარმომადგენელს პირდაპირ ვერ აირჩევს, ე.ი. ეყოლება ვიღაცის მიერ დანიშნული ჩინოვნიკი. ვინ დანიშნავს, ალბათ გასაგებია. ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ სწრაფვის გარდა ქალაქების თვითმმართველობის გაუქმებას სხვა რაციონალური ახსნა არ მოეპოვება. ახსნა-განმარტება, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს ან უსუსური იყო, ან სულაც – ტყუილი. საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის საბაბით თვითმმართველობების გაუქმება იმდენად აბსურდულია, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს.

თუ ვინმეს ამ ქვეყნის დემოკრატიზაცია უნდა (რის სურვილიც აქამდე არცერთ მთავრობას არ გამოუჩენია) ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს ხელისუფლების შტოების დამოუკიდებლობის მკაცრი დაცვით, დეცენტრალიზაციით და თვითმმართველობების გაძლიერებით. ვინც ამის საწინააღმდეგოდ იქცევა, ნამდვილად მიზნად ისახავს მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ბიძინა ივანიშვილის მთავრობაც ზუსტად ისე იქცევა, როგორც მიხეილ სააკაშვილის მთავრობა იქცეოდა მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში. ოღონდ, ამას აკეთებს არა პირდაპირ და კამერების წინ, არამედ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე, რომ პროტესტის გრძნობა კიდეც რომ გაჩნდეს, საპროტესტო ტალღამ მასობრივი ხასიათი არ მიიღოს.

ასე რომ, ნურავის შეეშინდება. ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ღირსებას არავის წაართმევს. მაგრამ ისიც ნუ გაუკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დილას გაღვიძებული აღმოაჩენს, რომ ხსენებული (პოლიტიკური) ღირსება დაკარგული აქვს.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 19 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/iranis-sagareo-sakmeta-ministris-viziti/28436762.html

ირანი და საქართველო ეკონომიკისა და საერთაშორისო პოლიტიკის სარკეში

ლელა კუნჭულია

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში „ახალი ფურცელი“ იშლება და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ეტაპი დგება. მოჰამედ ჯავად ზარიფი, თავისი პირველი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 18 აპრილს შეხვედრებს მართავდა საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან. ირანი და საქართველო ურთიერთობებისთვის ახალი იმპულსის მიცემას გეგმავენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა თუ განათლების სფეროებში. საგანგებოდ აღინიშნება საქართველოს როლი და სატრანზიტო დერეფნის ამოქმედების პერსპექტივები. როგორ გამოიყურება ირანისა და საქართველოს ურთიერთობები საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში, სადაც საქართველო და ირანი სხვადასხვა ბანაკს წარმოადგენენ და საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაძაბული ურთიერთობები აქვს თეირანთან? ეს დაპირისპირება ახალი ძალით გამწვავდა სირიაში მიმდინარე მოვლენების ჭრილში.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც 18 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ირანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყანა ახალი ძალით შეუდგება თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთო ინტერესებზე დაყრდნობით. პრიორიტეტულ მიზნებად დასახელდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესთანამშრომლობის განვითარება. მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დიდ პოტენციალს ხედავს და სამომავლო თანამშრომლობას ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების ჭრილში განიხილავს:

„დღეს საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით მონიჭებული განსაკუთრებული შესაძლებლობებით წარმოადგენს კარიბჭეს ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის და აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში და პირიქით. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს ქვეყნის ამ ფუნქციის განვითარებას და სარკინიგზო, სახმელეთო ტრანსპორტის და საზღვაო დერეფნების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველო ჩართულია სარკინიგზო გადაზიდვების დერეფნის განვითარების პროექტში, ერთიანი ტარიფი შეთანხმებულია ჩვენი რკინიგზის ძალისხმევით და მისასალმებელია, რომ აზერბაიჯანი-ირანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი დასრულდა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს გავლით აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირების ზრდას ევროპის მიმართულებით“.

საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ბევრი ილაპარაკა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს მოჰამედ ჯავად ზარიფი ახლებური მომავლის დასაწყისად აღიქვამს. ის ურთიერთობების „ახალ ფურცელზე“ ლაპარაკობს და სამომავლო ურთიერთობებს ძირითადად ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს:

„განვიხილეთ სხვადასხვა შესაძლებლობა ირანისა და საქართველოს თანამშრომლობის კუთხით – დაწყებული ტრანზიტით და გაგრძელებული წარმოებით, სოფლის მეურნეობით, მეცნიერებით, ტექნოლოგიებით… მათ შორის, ასევე, თანამშრომლობით საერთაშორისო ორგანიზაციებში და თანამშრომლობით რეგიონალური საკითხების გარშემო. მჯერა, რომ ჩვენ ფართო შესაძლებლობები გვაქვს. დერეფანი სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის არა მხოლოდ აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, არამედ მსოფლიოს აახლოებს. აზიიდან ევროპისკენ გაცილებით დაბალი ტრანსპორტირების საფასური ჩვენ გვაძლევს კარგ საშუალებას, რომ ირანის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩართულობით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“.

ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება ასევე ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ ასპექტში იქნა განხილული შეხვედრებზე, რომლებიც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სფეროებში. ამ კონტექსტში საგანგებოდ აღინიშნა მნიშვნელობა საქართველო-ირანის ბიზნესფორუმისა, რომელიც 18 აპრილს გაიხსნა თბილისში და რომელშიც ორი ქვეყნის ბიზნესწრეების 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან იმპულსად განიხილება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თეირანში, რომელიც 22-23 აპრილს შედგება.

18 აპრილს ოფიციალურ პირებს ირანისა და საქართველოს ურთიერთობები არ დაუკონკრეტებიათ საერთაშორისო პოლიტიკის დაძაბულობის კონტექსტში. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არაფერი თქმულა საჯაროდ. ეს არის სწორედ ის მიმართულება, სადაც ირანი და საქართველო სხვადასხვა ბანაკში ითვლებიან და წყალგამყოფს ამ ეტაპზე ძირითადად სირიის საკითხი წარმოადგენს. თუკი ირანი, რუსეთთან ერთად, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს ეხმარება, საქართველო დგას დასავლეთთან ერთად, რომელიც სასტიკად შეშფოთებულია ასადის რეჟიმის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტით. თუმცა აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ისედაც მნიშვნელოვნად დაიძაბა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპმა დაიკავა. მაგალითად, 3 თებერვალს ვაშინგტონმა დამატებითი სანქციები დაუწესა 25 კერძო პირსა და ორგანიზაციას ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის (29 იანვარს) გამოცდისა და სხვა ნაბიჯების გამო. ამასთან, ირანი მოხვდა იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ვაშინგტონის მიერ წლის დასაწყისში გამოცემული სავიზო აკრძალვა შეეხო.

საერთაშორისო პოლიტიკის დიდ ასპარეზზე განვითარებული მოვლენები ირანისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ხელშემშლელ ფაქტორად არ მიაჩნიათ ანალიტიკოსებს. მაგალითად, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა გიორგი ხატიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს ამ შემთხვევაში არანაირი დამაბრკოლებელი ვალდებულებები არ გააჩნია:

„ჩვენ სხვა ორბიტაზე ვართ პოლიტიკურად, ირანი სხვა ორბიტაზეა. სირიის სამოქალაქო ომში ირანი ასადს უჭერს მხარს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ტრამპის მიერ სამხედრო ავიაბაზის დაბომბვას… მაგრამ ეს არ უნდა იყოს დიდი განხეთქილების ვაშლი, რადგანაც არ ვთამაშობთ არანაირ როლს სირიაში. შესაბამისად, ორივეს გვესმის, რომ ამ საკითხთან მიმართებით ჩვენი პოზიციები განსხვავდება და გადავდივართ იმ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება, რომ მეტ-ნაკლებად მოლაპარაკებულ იქნას. ამჟამად ამერიკის ადმინისტრაცია კი უფრო მტრულად არის განწყობილი ირანის მიმართ, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ უნდა გავატაროთ ზომიერი პოლიტიკა“.

გეოპოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველო ვერ აუვლის გვერდს ირანთან ურთიერთობას, მათ შორის – ევროპული ქვეყნების ინტერესების ჭრილში, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი. მისი თქმით, ორ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს აითვისოს არსებული დიდი პოტენციალი და ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა სარკინიგზო გადაზიდვები.

«Еркрамас» (რუსეთი), 18 აპრილი, 2017 წელი

http://www.yerkramas.org/article/119044

თურქეთის საკითხი საქართველო-ირანის ურთიერთობებში

რეჯებ ერდოღანი „სულთანი“ კი გახდა, მაგრამ „ნეოოსმანური იმპერიის“ გარეშე

სერგეი შაქარიანცი

ვაშინგტონი, ევროპასთან შედარებით, მაინცდამაინც დიდად არ არის შეშფოთებული თურქეტში გამართული რეფერენდუმის სედეგებით. ამერიკას ყოველთვის შეუძლია თურქეთის საჭიროებისამებრ გამოყენება. ასე რომ, „ერდოღანის სულთანატი“ აშშ-ის, ნატოს და ისრაელის მშვენიერი მოკავშირე იქნება ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქმეებში ჩარევის თვალსაზრისით. ვფიქრობ, საყურადღებო მომენტია, რომ თურქეთის რეფერენდუმის შემდეგ ქართულ-ირანული კონსულტაციები გააქტიურდა. პრინციპში, ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველო აშშ-ისა და თურქეთის ფარულ კოლონიას წარმოადგენს, ირანი კი 19 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება. და უცებ… ინტერესი საქართველოს მიმართ! საჯაროდ გამოცხადდა, რომ თეირანს განზრახული აქვს დერეფნის „გაყვანა“ სპარსეთის ყურედან შავი ზღვის ნაპირებამდე. რასაკვირველია, ეს იდეა ახალი არ არის, ამაზე დიდი ხანია ლაპარაკი მიდის, მაგრამ საკვირველი ისაა, რომ გამალებულ წინასაარჩევნო სამზადისში მყოფ ირანს დერეფნები გაახსენდა და ამ მიზნით თბილისში რომელიღაც მეორეხარისხოვანი ჩინოვნიკი კი არა, თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ჩავიდა.

(…)

და შეხედეთ, როგორ სწრაფად ვითარდება ქართულ-ირანული დიალოგი! ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განიხილეს თანამშრომლობის საკითხები სატრანზიტო გადაზიდვის, მრეწველობის, ბანკთაშორისო ტრანზაქციების, მეცნიერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის სფეროებში. ეს თვითონ მოჰამედ ზარიფს უთქვამს, თუ ქართულ მასმედიას დავუჯერებთ. და უკვე ამ კვირის ბოლოს (!!!) საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანს ეწვევა!!

ყურადღება მიაქციეთ: ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ… თურქეთის შესახებ. თურქეთის საკითხი საქართველოსა და ირანის დღის წესრიგში საერთოდ არ დგას! კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: სპარსეთი ყურედან შავ ზღვამდე დერეფნის „გაყვანის“ ინიციატივა თეირანმა სწორედ თურქეთის რეფერენდუმისა და ამ ქვეყნის „ერდოღანის სულთანატად“ გადაქცევის პროცესის დაწყების შემდეგ აამოქმედა. ჯერ-ჯერობით გაუგებარია, რატომ ცდილობს ირანი თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს მეშვეობით, მაგრამ ის, რომ თვითონ ქართველები მზად არიან თავიანთი პრემიერი თეირანში გაგზავნონ, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ საქართველო „თურქეთით დაიღალა“. ამასთან, თბილისს მხედველობაში უნდა ჰქონდეს ის, რომ ირანისათვის თურქეთის შეზღუდვა საქართველოსა და აზერბაიჯანშიც კი მხოლოდ პირველი ეტაპია ბრძოლისა, რომელსაც, სავარაუდოდ, რეგიონში აშშ-ისა და ისრაელის შეზღუდვა-შევიწროვებაც მოჰყვება.

ასე რომ, ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, თუ როგორ განვითარდება და რომელ მხარეს გადაინაცვლებს ახლო აღმოსავლეთის „პროქსი-ომი“, როგორი სიტუაცია იქნება სამხრეთ კავკასიაში მას შემდეგ, როცა რეჯებ ერდოღანმა ყველანაირი ოპოზიცია „დამარხა“ და კურსი „ნეოსმანურ სულთანატისკენ“ აიღო. თუმცა, თუ თურქები საქართველოში შეიზღუდებიან… იქნება კი „ნეოოსმანური იმპერია“? უფლის ნებით, ყველაფერი შესაძლებელია.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 19 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/lavrovi-afkhazetshi/28436761.html

სერგეი ლავროვი აფხაზეთში: ლენტის გაჭრის მიღმა დამალული სტრატეგია

ეკა ქევანიშვილი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში ორ დღეს გაგრძელდება – 18 და19 აპრილს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა, „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიაში, 19 აპრილს კი სოხუმში სერგეი ლავროვსა და აფხაზეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება“. მარია ზახაროვას თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები ორმხრივი ურთიერთობის ძირითად საკითხებს განიხილავენ, შეეხებიან ასევე აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და რუსეთ-აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ურთიერთქმედების კოორდინაციის საკითხს. სერგეი ლავროვი აფხაზეთში ვიზიტით ბოლოს 2011 წელს იმყოფებოდა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტისას ჯერ რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნას დაესწრება, ვიზიტის მეორე დღეს კი დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას, შეხვდება და მასთან მოლაპარაკებას გამართავს. საქართველოში ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების „უხეშ დარღვევად“ შეფასდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ:

„აღნიშნული წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. მსგავსი უკანონო ქმედებებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას“.

საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის – 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. 18 აპრილს ლავროვის ვიზიტს სოხუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც გამოეხმაურა: „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კი პირველი არ არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 2008-ში, 2009 და 2011 წლებშიც იყო ასეთი ვიზიტები. ეს არის სრული იგნორირება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და საქართველოს გვერდით იქნება ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, კონფლიქტის დარეგულირებაზე, რასაც ხელს არ უწყობს ასეთი ვიზიტები“.

„მორიგი ღია პროვოკაციული ნაბიჯი და გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია 2008 წლიდან ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე“ – ეს შეფასება კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს ეკუთვნის. რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში მან განაცხადა, რომ ეს არის ღია ოკუპაციისა და ანექსიის მცდელობის პოლიტიკის გაგრძელება: „რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის, და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ აფხაზური საზოგადოების პოზიცია – მათი ნაწილი კარგად აცნობიერებს, რომ მსგავსი ნაბიჯები სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ექსკლუზიური გავლენის გაძლიერება საქართველოს ორ რეგიონზე და, ფაქტობრივად, საფრთხეს უქმნის აფხაზებისა და ოსების თვითმყოფადობას“.

ქეთევან ციხელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აფხაზური საზოგადოება არჩევანს გააკეთებს რუსიფიკაციის ღია პოლიტიკასა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და მშვიდობიანი მომავლის პოლიტიკას შორის. ამ უკანასკნელის შანსს, ამბობს ციხელაშვილი, მათ აძლევს ის შერიგების პოლიტიკა და ევროპული პერსპექტივა, რომელსაც საქართველო სთავაზობს მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ ხალხს. ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ლავროვის ამ ვიზიტს არავითარი კავშირი ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობასთან არა აქვს, ეს არის პირდაპირ ანექსიის მცდელობა.

სერგეი ლავროვის ვიზიტს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. იგი აღშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს გახსნის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. “პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა”.

„უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი წარმომადგენლობის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობით. სხვა შემთხვევაში ასეთი ქმედება წარმოადგენს როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. რუსეთის ფედერაციის მცდელობები, საერთაშორისო ურთიერთობების იმიტაციით მოახდინოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი ყოფნის ლეგალიზაცია, ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და, ასევე, საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს“, – წერია განცხადებაში.

საპარლამენტო ოპოზიცია კი ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკას უწუნებს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტიც ოკუპირებულ აფხაზეთში და იქ რუსეთის საელჩოს გახსნაც ერთგვარი შედეგია საქართველოს ხელისუფლების პასიური პოლიტიკისა საგარეო არენაზე. ასე ფიქრობს საპარლამენტო ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი: „ის პოლიტიკა, რომელსაც ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლება ატარებს, ეფექტიანი არ არის, სიტუაციაც ამიტომ უარესდება. მეტი რაღა უნდა მოხდეს? უკანონოდ ხსნიან რუსეთის საელჩოს აფხაზეთში, სახელი შეუცვალეს ცხინვალის რეგიონს და ა.შ. ამიტომ საჭიროა უკეთესად დაიგეგმოს ხელისუფლების ნაბიჯები საერთაშორისო ასპარეზზე და მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის, საჭიროა საერთოდ რუსეთის წევრობის საკითხის დაყენება ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა გაერო, ეუთო თუ სხვა, რადგან ის ყველა არსებულ საერთაშორისო პრინციპს არღვევს“.

„სერგეი ლავროვის ამ ვიზიტით რუსეთი ამცნობს საქართველოს და დასავლეთსაც, რომ აფხაზეთი მისი გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიაა, – გვითხრა „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლევან გერაძემ. მისი აზრით, ოკუპირებულ აფხაზეთში ლავროვის მთელი ორი დღით დარჩენა სხვა მიზანსაც უნდა ისახავდეს: „მე რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიის სერიოზული სამხედრო კონტროლისა, შესაძლოა, შიდაპოლიტიკურ ვითარებას ასე მარტივად ვერ აკონტროლებენ და ეს ვიზიტიც დაკავშირებული იყოს იმ ბოლო პოლიტიკურ მოვლენებთან, რომელიც აფხაზეთში მარტის თვის შემდეგ განვითარდა. ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციისთვის არცთუ ისე ადვილ და მისაღებ შედეგებს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის არჩევნებზე. შესაძლოა, ამითაც იყოს განპირობებული, რომ იქ მხოლოდ ვლადისლავ სურკოვის ვიზიტები და მხოლოდ მეორე კლასის სახელმწიფო მოხელეთა საინსპექციო-რევიზორული ჩასვლები ამ ტერიტორიაზე არ აღმოჩნდა საკმარისი იმ სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც რუსეთს აქვს ამ რეგიონში“.

„სტრატეგიული პარტნიორობა“, – ლევან გერაძის გაცხადებით, – შესაძლოა ჰქონდეს ორ ჰომოგენურ, თანაზომად პარტნიორს, მაგრამ არა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს. ამ შემთხვევაში, გერაძის აზრით, ამ „სამუშაო ვიზიტს“ უფრო სხვა დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს, ვიდრე სოხუმში რუსეთის საელჩოს შენობის გახსნაზე ლენტის გაჭრაა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 19 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-russia-opened-new-illegal-embassy-in-occupied-abkhazia/3815176.html

სერგეი ლავროვი აფხაზეთში: ტერიტორიის შემდეგ ტროტუარის ოკუპაცია

ზაზა წულაძე

(შემოკლებით)

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში რუსეთის ახალი „საელჩოს“ კომპლექსი, რომელიც 18 აპრილის საღამოს სერგეი ლავროვმა ოფიციალურად გახსნა, საერთო ჯამში – 14 ათასს კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. რუსების „საელჩომ“ სოხუმის გულში, ზღვასთან ახლოს, ფრუნზესა და ლაკობას ქუჩების კუთხეში, ზედ 1985 წელს დამწვარი სასტუმრო „აფხაზეთის“ გვერდით დაიდო ბინა. რთულ არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც რუსეთის კუჩერენკოს სახელობის სამშენებლო კონსტრუქციების ინსტიტუტმა დააპროექტა, 11 ათასი კვადრატული მეტრი უკავია და სხვადასხვა დანიშნულების შვიდ ნაგებობასთან ერთად, დიდი საცურაო აუზიც აქვს. ოკუპირებულ სოხუმში, დამატებით 3 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, რუსეთის „ელჩის“ „რეზიდენციისთვის“ აფხაზებმა სინოპში, თბილისის გზატკეცილზე გამოყვეს, რომელსაც ახლა კოდორის „შოსეს“ ეძახიან. აქ რუსებმა სამსართულიანი კლასიკური სასახლე წამოჭიმეს.

რუსეთმა 2,5 ჰექტარი მიწა სოხუმში, 2010 წელს – 99 წლიანი „იჯარით“ „აიღო“. „იჯარის“ ფასი წელიწადში, სიმბოლურად 1 რუსული რუბლია. ანუ, 99 წლის მანძილზე, სოხუმის ბიუჯეტში დაახლოებით – 4 ლარი შევა. გამოყოფილი მიწის გეოლოგიური შესწავლა რუსმა მშენებლებმა 2010 წელს, ხოლო მშენებლობა 2013 წელს დაიწყეს. მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი გასაიდუმლოებულია.

ექსპერტების აზრით, ასეთი კომპლექსის ფასი 5 მილიარდ რუსულ რუბლს (90 მილიონ აშშ დოლარს) აღემატება. შეთანხმების მიხედვით, სოხუმში, რუსეთის სახსრებით აშენებული ყველა უძრავი ქონება რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, კრემლის მხრიდან „ცინიკური პოლიტიკის“ გაგრძელებად შეაფასა: „ისტორიულად რუსული ცინიკური პოლიტიკა კავკასიაში ზუსტად ასეთია. დღეს ლავროვი და კარასინი იმ ქალაქის ქუჩებში სეირნობენ, საიდანაც ასობით და ათასობით ჩვენი თანამემულეა გამოყრილი. ამ ცინიზმთან შეგუება და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მისი უგულველყოფა დანამდვილებით ყველას მარცხი იქნება“.

რუსეთის „საელჩოს“ ახალი, გრანდიოზული შენობის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა თავად აფხაზურ საზოგადოებაშიც. სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით მოსაზრებას, რომ რუსული „დიპლომატიური კომპლექსის“ მასშტაბებმა სოხუმის არქიტექტურა სერიოზულად დააზარალა.

აფხაზების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია, იმ ფაქტმა, რომ როგორც „საელჩოს“, ისე „რეზიდენციის“ მშენებლობის დროს, რუსებმა, მომიჯნავე ლაკობა-ფრუნზეს ქუჩისა და თბილისის გზატკეცილზე, სრულად მიითვისეს სოხუმელთა კუთვნილი ტროტუარი, სადაც დღემდე 1933 წელს გაშენებული ვაშინგტონიას ცნობილი პალმები ხარობს. რუსებმა იქ ჯერ ბეტონის ტუმბები ჩადგეს, შემდეგ დაცვის ჯიხური, ბოლოს კი ტროტუარი საერთოდ გადახნეს და ზედ ბალახი დათესეს. მწვავე პუბლიკაცია ამ თემაზე პირველმა „ნუჟნაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა, რომელსაც ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია ხელმძღვანელობს.

აფხაზური მედიის ცნობით, რუსები „საელჩოს“ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აპირებენ მთლიანად ჩაკეტონ ფრუნზეს ქუჩის დასაწყისი, რომელიც სოხუმის ცნობილ სანაპიროზე გადის. გააუქმონ ავტობუსის გაჩერება და მოსახლეობას აუკრძალონ ფრუნზედან, სანაპიროზე მდებარე რესტორან „ნართაში“ შესვლა და იქ ავტომანქანის პარკირება. ეს რესტორანი სოხუმში, რუსთაველის ქუჩაზე 1968 წლიდან მუშაობს.

რუსეთის უკანონო „საელჩო“ სოხუმში, აქამდე სანატორიუმ „სოხუმსა“ და სასტუმრო „იასიმინში“ იყო განთავსებული. ოკუპირებული სოხუმის „მთავარი არქიტექტორის“ მოადგილე თემურ ზანთარია ამბობს: „ჩვენ დავწერეთ წერილი რუსეთის ელჩის სემიონ გრიგორიევის სახელზე რომ უნდა აიღონ დაცვის ჯიხური. უნდა აიღონ გაზონი და გაზონის ნაცვლად ტროტუარი აღადგინონ. ფაქტიურად გამოდის, რომ ზღვის სანაპიროზე ამ ქუჩიდან გასასვლელი აღარ იქნება. სანაპიროზე რომ გახვიდე, პირდაპირ საავტომობილო გზაზე უნდა გაიარო. მაგრამ, მათ თქვეს, რომ ეს ყველაფერი უკვე გაკეთებულია და პროექტის შეცვლა აღარ მოხერხდება“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში და იქ „საელჩოს“ გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტმა მკაცრად დაგმეს (…).

«Московский комсомолец» (რუსეთი), 19 აპრილი, 2017 წელი

http://www.mk.ru/politics/2017/04/18/gruziyu-napugal-dvorec-v-sukhume-postroennyy-dlya-rossiyskogo-posolstva.html

საქართველო სოხუმში აგებულმა რუსეთის საელჩოს შენობამ შეაშინა

მოსკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთში სერიოზულად და დიდი ხნით შევიდა

სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით (ავტორი – არტურ ავაქოვი).

„რუსეთის დიპლომატიური მისია სოხუმში 2009 წლის 30 აპრილს დაფუძნდა. საელჩო თავდაპირველად სანატორიუმ „სოხუმში“ განთავსდა, სადაც ადრე დსთ-ის სამშვიდობო ძალების შტაბი იმყოფებოდა. 1011 წელს წარმომადგენლობა გარემონტებულ სასტუმრო ‘იასემინში“ გადავიდა.. თუმცა ამ სენობაშიც რუსი დიპლომატები სივიწროვეს განიცდიდდნენ, ამიტომაც 2010 წლიდან  დაიწყო სამუშაოები საელჩოს ახალი კომპლექსის ასაშენებლად, სასტუმროს გვერდით ახლოს ტერიტორიაზე, რომელშიც შედის როგორც ელჩის რეზიდენცია, ასევე სხვა სამეურნეო შენობები. სწორედ მის გასახსნელად ჩავიდა სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პირველად 2011 წლის შემდეგ.

საელჩოს კომპლექსი წარმოადგენს რამდენიმე შენობას. კომპოზიციის ცენტრს ამშვენებს ოთხსართულიანი საპარადო კოლონადა. საელჩოს ტერიტორიაზე მოწყობილია დეკორატიული და საცურაო აუზები, ავტოსადგომი ხუთი ავტომობილისათვის და ფლაგშტოკი. ელჩის რეზიდენცია შესრულებულია კლასიკური სასახლის არქიტექტურით.

„მოსკოვსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტი ესაუბრება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის  პოსტსაბჭოური კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს ვადიმ მუხანოვს, რომლის თქმით, საელჩოს ასეთი დიდი შენობის აგება იმის დადასტურებაა, რომ რუსეთი სერიოზული და ხანგრძლივი თანამშრომლობისთვისაა განწყობილი აფხაზეთთან: „საელჩოს ახალი შენობა და მასთან მიმდებარე ტერიტორია ბევრად აღემატება სასტუმრო „იასემინის“ ფართობს, რომელშიც რუსი დიპლომატები იძულებულნი იყვნენ ემუშავათ. რატომ ამხელა კომპლექსი? პირველ რიგში, ალბათ, იმიტომ, რომ აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ასე თუ ისე რუსეთთანაა დაკავშირებული და საელჩოში სიარული უწევთ; მეორე მომენტი – აფხაზეთი რუსეთის მოქალაქეებისათვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია დასასვენებლად და ამიტომაც როგორც კი მათ რაიმე პრობლემები უჩნდებათ, ისინი საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებს მიმართავენ დახმარებისთვის; მესამე – აფხაზეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა. ყოველივე ამის ერთობლიობა იმას ნიშნავს, რომ საელჩოს შემადგენლობა ძლიერი უნდა იყოს, იქ ხომ დიდი მოცულობის სამუშაოები შესრულდება….

ასეთი საელჩოს მშენებლობა იმაზეც ლაპარაკობს, რომ რუსეთი სერიოზულად და დიდი ხნით არის აფხაზეთში და უკან დახევას არ აპირებს. საქართველოს მოსკოვის ქმედების შეჩერება არ შეუძლია, თუმცა თბილისი უკვე ვერაფერზე გავლენას ვეღარ მოახდენს. უფრო მეტიც – რუსეთის პოლიტიკის წყალობით საშუალოვადიან პერსპექტივაში აფხაზეთი შეიძლება კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ აღიაროს. ცხადია, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, შეიცვლება თუ არა ევროპის პოლიტიკური ელიტები და როგორ მოგვარდება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი“.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 19 აპრილი, 2017 წელი

http://www.kp.ru/daily/26668/3690107/

„როდის შეწყვეტენ რუსები ფულის ხარჯვას „მეგობრებზე“? აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ყელზე მობმული დიდი ლოდებია…“ // „აფხაზებს ჩვენ საკუთარი ქვეყნის სიმშვიდის მიზნით ვინახავთ“

გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ 18 აპრილს დაბეჭდა ვლადიმირ ვორსობინის სტატია აფხაზების ფიცი-მტკიცი: „რუსები ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ბიზნესს და ქონებას ეს არ ეხება“, რომელშიც ავტორის აფხაზეთში მივლინების ანგარიშია გადმოცემული. დღეს გაზეთი მკითხველთა გამოხმაურებებს აქვეყნებს. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

„როდის შეწყვეტენ რუსები რუსული ფულის ხარჯვას „მეგობრებზე“? როდის დაიწყებს ჩვენი ხელისუფლება რიაზანის, სმოლენსკის, იაროსლავის და სხვა ოლქების განვითარებას? ეს ყველა სამხრეთული რესპუბლიკა – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ყელზე მობმული დიდი ლოდებია…“, – წერს ერთ-ერთი მკითხველი, რომელსაც მეორე ასე პასუხობს: „როდის გაიხედავ შენი ცხვირისაგან უფრო შორს? აფხაზეთის მსგავსი რესპუბლიკები ბუფერები არიან, რომლებიც ჩვენს არაკეთილმოსურნე სახელმწიფოებს შორის მდებარეობენ. აბა, წარმოიდგინე, რომ რუსეთმა აფხაზეთისადმი დახმარება შეწყვიტოს, რა მოხდება? იქ იმავ წუთს ქართველები გაჩნდებიან და უკვე მეორე დღეს რუსეთის გვერდით ნატო ანტირაკეტულ სისტემებს დადგამს. სოჭის გვერდით! როგორია? აფხაზებს ჩვენ საკუთარი ქვეყნის სიმშვიდის მიზნით ვინახავთ“.

„აფხაზეთში ჩვეულებრივი გვაროვნულ-თემური წყობილებაა – ისე, როგორც რამდენიმე ათასი წლის წინათ… პრინციპში, რუსეთშიც იგივე სიტუაციაა, მაგრამ უფრო ცივილიზებული ფორმით. და საერთოდ, რისთვის ვიბრძოდით აფხაზებისთვის საქართველოს წინააღმდეგ? ახლა აფხაზეთი ჩვენთვის უსახელურო ჩემოდანივითაა…“.

„რატომ არიან აფხაზები და სამხრეთ ოსები რუსეთის მოქალაქეები? მათ პასპორტებს ვაძლევთ, ისინი კი ჩვენს თანამემამულეებს ავიწროვებენ, ბინებს ართმევენ…“, – წერს ერთ-ერთი მკითხველი სოციალურ ქსელში, რომელსაც მეორე პასუხობს: „როგორადაც საკუთარ თავს აჩვენებ, ისე მოგექცევიან. რუსების ადგილზე არაბები, ამერიკელები, ჩინელები ან თურქები რომ იყვნენ, აფხაზები „სმენაზე“ გაიჭიმებოდნენ. რუსები კი ყოველთვის ასე იქცევიან – მილიარდებს სხვებს ატენიან, საბოლოოდ კი მაინც მოტყუებულნი რჩებიან. ვიღაც აფხაზებისათვის წელს ვიწყვეტავთ, დამოუკიდებლად ვაღიარებთ, დონბასში კი ჩვენიანების აღიარებაზე უარს ვამბობთ. რუსებში თვითგანადგურების ვირუსია გავრცელებული“.

„აფხაზები ყოველთვის თავის ნებაზე იყვნენ. საბჭოთა პერიოდში ხშირად ვისვენებდი გუდაუთაში, გაგრაში, ახალ ათონში, დავდიოდი სოხუმში. სამოთხისებრი ბუნება, კარგი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ (აფხაზებს ხომ ფულს ვიხდიდით!), მაგრამ წესრიგი მაინც არ იყო. რას იზამ, ასეთი ხალხია და უნდა მოვითმინოთ… აფხაზეთში ხომ ჩვენი სამხედრო ბაზებია, ის ცვენი ფორპოსტია ამ რეგიონში“.

Comments are closed