«Wiener Zeitung» (ავსტრია): „ავსტრია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია“
«Независимая газета» (რუსეთი): თბილისი იმედგაცრუებულია, რომ მის მიმართვებს ყურადღებას არ აქცევენ
«Новое время» (უკრაინა): რატომ წავიდა ჯაბა ებანოიძე უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან: „განტევების ვაცს ეძებენ, რომ მერე ყველაფერი დააბრალონ, მე კი ეს არ მინდა“
———————-
«Wiener Zeitung» (ავსტრია), 19 მაისი, 2015 წელი
„ავსტრია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია“
ფედერალური პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი საქართველოს სტუმრობს. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას დასავლეთთან სწრაფი ინტეგრაცია სურს
(შემოკლებით)
„თბილისი, პრეზიდენტის სასახლე. ეს ერთ-ერთი თანამედროვე მინა-ბეტონის შენობა, რომელიც 4,5 მილიონიანი საქართველოს დედაქალაქის შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს და რომელიც გერმანიის ბუნდესტაგს მოგვაგონებს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერაა აგებული“, – ნათქვამია ავსტრიის გაზეთ «Wiener Zeitung»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ვერონიკა ეშბახერი).
როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, „პრეზიდენტის სასახლე ქართველ პოლიტიკოსებში პოპულარობით არ სარგებლობს“. თავდაპირველად წინა პრეზიდენტის პოლიტიკურ მემკვიდრეს გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში გადასვლა არ სურდა, საბოლოო ჯამში კი ისე გამოვიდა, რომ მუზეუმად გადაქცევის ნაცვლად, ეს შენობა ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის ოფიციალური მიღების ადგილი გახდა, საქართველოში მისი პირველი სახელმწიფო ვიზიტის დროს. აქ მას 2013 წლის ბოლოს არჩეული საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატიო ყარაულითა და საქართველო-ევროკავშირის დროშებით შეხვდა.
ავსტრიის დელეგაციის ზოგიერთ წევრს ევროკავშირის დროშის დანახვა, ალბათ, გაუკვირდა, საქართველო ხომ ევროკავშირის წევრი არ არის. რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ამ სამხრეთკავკასიური ქვეყნის საგარეოპოლიტიკური მიზნები სწორედ ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაა და ეს გარეგნულადაც [დროშებითაც] შესამჩნევი უნდა იყოს. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია: 2014 წლის ივნისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ნაწილობრივ უკვე 2014 წლის სექტემბრიდან მოქმედებს.
მაგრამ საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაცია სურს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ორმხრივი ურთიერთობისა და უკრაინის კრიზისის განხილვის პარალელურად, შეხვედრის დღის წესრიგში ევროინტეგრაციის თემა ერთ-ერთ პირველ საკითხად იქნა მიჩნეული.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰაინც ფიშერს იმის გამო, რომ ავსტრია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირების აქტიური მხარდამჭერია. ამასთან, საქართველოსთვის ამჟამად უპირველესი მიზანია მომდევნო ნაბიჯის გადადგმა – ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის მიღწევა, რომელიც, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე უნდა მოხდეს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს დარჩენილი პირობების შესასრულებლად „დიდი დრო არ დაჭირდება“. პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ რიგის სამიტზე ამ საკითხში, ალბათ, არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
ავსტრიის ფედერალურ პრეზიდენტთან ერთად, საქართველოში ვენიდან 30-კაციანი ეკონომიკური დელეგაციაც ჩავიდა. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ავსტრიული პირდაპირი ინვესტიციები, გარკვეული ზრდის შემდეგ, ბოლო დროს თანდათან მცირდება.
დღეს, სამშაბათს, ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უნდა შეხვდეს“, – აღნიშნულია სტატიაში.
«Независимая газета» (რუსეთი), 18 მაისი, 2015 წელი
http://www.ng.ru/week/2015-05-17/8_cis.html
თბილისი იმედგაცრუებულია, რომ მის მიმართვებს ყურადღებას არ აქცევენ
იური სიმონიანი
(შემოკლებით)
საქართველოს ხელისუფლება ვერაფრით ურიგდება იმ ფაქტს, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლით პასუხისმგებელ განსასჯელის სკამზე ვერ დასვა. ყველაფერმა უქმად ჩაიარა: საქართველოს ხელისუფლების მიმართვებს და თხოვნებს მისი დაჭერა-დაკავებისა და ექსტრადირების თაობაზე ყურადღებას არ აქცევს არც ინტერპოლი და არც ის სახელმწიფოები, სადაც „ნაციონალების“ ლიდერი იმყოფება ან დადის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით. ოფიციალური თბილისის მცდელობები სრულიად იგნორირებულია: ბოლო დროს საქართველომ ორჯერ მიიღო არასასიამოვნო უარი.
ჯერ იყო და საქართველოს პროკურატურის თხოვნას ხელი აზერბაიჯანმა აუქნია, სადაც ქართველი სამართალდამცველების მიერ მრავალ ბრალდებაწაყენებული მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარულ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით ჩავიდა. საბოლოო ჯამში ექს-პრეზიდენტმა ბაქოში დრო მხიარულად გაატარა, შეხვდა მეგობრებს აზერბაიჯანის ხელისუფლებაში (მათ შორის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც) და მშვიდად დაბრუნდა იქ, საიდანაც წამოვიდა – უკრაინაში, კიევში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, სიტუაციის კომენტირებისას, განაცხადა, რომ მეგობრებს არ ღალატობენ. ცხადია, ასეთი შენიშვნა საქართველოსთვის გამაღიზიანებელი იქნებოდა: თუ „დამნაშავე“ მიხეილ სააკაშვილი ბაქოს მეგობარია, მაშინ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვიღაა აზერბაიჯანისათვის? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
ოფიციალურმა თბილისმა მოლდოვას მთავრობასაც სთხოვა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხალხისათვის კიშინიოვში ჩასვლისა და რეფორმების გატარებაში მონაწილეობის ნება არ მიეცათ. სატელეფონო საუბარი პრემიერ-მინისტრების დონეზე შედგა. ამბობენ, რომ მოლდაველი პრემიერი ძალიან გაოცებული დარჩა ქართველი კოლეგის კატეგორიული ტონითო. თბილისში სატელეფონო საუბრის ფაქტს არ უარყოფენ, უფრო მეტიც – დაადასტურეს პრემიერთა ლაპარაკის თემაც: ქართული მხარე მოითხოვდა, რომ კიშინიოვმა არ მიიღოს მიხეიოლ სააკაშვილის რეკომენდაციები, თუმცა საუბრის ტონი კეთილგანწყობილი იყო, ინტონაცია კი მეგობრულიო. სულ სხვა აზრისაა მოლდოვას ხელისუფლება და ეს ადგილობრივი მასმედიის მასალებშიც აისახა: ზოგიერთი გამოცემა დაუშვებლად მიიჩნევს მსგავს მიმართვებს, რომელიც აშკარად სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის ტოლფასიაო.
სხვათაშორის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კიევში, სადაც იგი ცხოვრობს და მუშაობს, ბოლო ხანებში საქმეები მთლად კარგად ვერ მისდის. მისი გუნდიდან უკვე რამდენიმე ჩინოვნიკი თანამდებობებიდან გადადგა, რომლებიც უკრაინის იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებში მუშაობდნენ. გარდა ამისა, თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც ერთ-ერთ თავის ბოლო გამოსვლაში უკრაინის ხელისუფლებას ქვეყნის რეფორმირებისათვის აუცილებელი პოლიტიკური ნების არქონა უსაყვედურა. მართალია, რეფორმების საბჭომ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ჩვენს თავმჯდომარეს მსგავსი რამ გუნებაში არ გაუვლია და არც უთქვამსო, მაგრამ უკრაინელმა ჟურნალისტებმა „ცხელ კვალზე“ ვიდეო და აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს.
ჯერ-ჯერობით სკანდალი ჩააყუჩეს, მაგრამ სამაგიეროდ, გაჩნდა პუბლიკაციები, რომელთა თანახმად, მალე უკრაინის მთავრობაში ცვლილებები მოხდებაო. ამბობენ, რომ გადადგომა ემუქრება ალექსანდრე კვიტაშვილს – საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ და უკრაინის ჯანდაცვის ამჟამინდელ მინისტრს, რომელიც თავის დროზე დიდი აჟიოტაჟით იქნა დანიშნული აღნიშნულ თანამდებობაზე.
თბილისმა კიევური ინფორმაციები შეაჯამა, გაანალიზა და დაასკვნა, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმები კრახით მთავრდება.
«Новое время» (უკრაინა), 19 მაისი, 2015 წელი
რატომ წავიდა ჯაბა ებანოიძე უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან: „განტევების ვაცს ეძებენ, რომ მერე ყველაფერი დააბრალონ, მე კი ეს არ მინდა“
უკრაინულ გამოცემა «Новое время»-ში გამოქვეყნებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის ჯამბულ (ჯაბა) ებანოიძის ინტერვიუ, რომელიც უკრაინაში იყო მიწვეული და რომელსაც იქაური იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნას პირდებოდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ჯამბულ ებანოიძემ, დაპირებული თანამდებობის მოლოდინში, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რამდენიმე თვე ანაზღაურების გარეშე ენთუზიაზმით იმუშავა, მოგვიანებით კი მას აცნობეს, რომ ის სამსახური, რომლის ხელმძღვანელად დანიშვნას დაპირდნენ, უკვე ლიკვიდირებულია, რეფორმის ჩარჩოებში (!). შესთავაზეს სხვა თანამდებობა და უთხრეს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნებიო. „ყველაფერზე პასუხისმგებელი როგორ უნდა ვიყო, როცა უფლებამოსილება არ მაქვს, თანაც ჩემი თანამშრომლები პარალელურად სხვა უწყებას ექვემდებარებიან? ესენი, როგორც ჩანს, განტევების ვაცს ეძებენ, რომ მერე ყველაფერი მას დააბრალონ. მე სრულიადაც არ მინდა განტევების ვაცი ვიყო, ამიტომაც სამინისტროდან წამოვედი“, – ამბობს ჯაბა ებანოიძე ინტერვიუში.