globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 19th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საერთაშორისო კონფერენცია თბილისში: „ევროპასთან ისე ახლოს, როგორც არასდროს“

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველო ევროკავშირისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს // მოსკოვთან სიტუაციის გამწვავების კვალობაზე თბილისი ბრიუსელთანაც სკანდალზე მიდის

«Новое время» (სომხეთი): რუსეთი ამიერკავკასიაში: მხოლოდ გამათავისუფლებლის და მშვიდობისმყოფელის დროშით // დიდი პოლიტიკაში მოთმენის უნარიც პოლიტიკაა // „თბილისში ფიქრობენ, რომ საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას თვითკმარი ზერეგიონული ფასეულობა აქვს, მაგრამ…“

«Новое время» (აზერბაიჯანი): რას აკეთებენ რუსეთი და აშშ ამიერკავკასიაში? // „პროამერიკული საქართველო, ნატოში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად, შეეცადა იარაღით მოეგვარებინა კონფლიქტები, მაგრამ უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა“

«Region Plus» (აზერბაიჯანი): ხაჭაპური აჭარულად // ბათუმი – საქართველოს ტურისტული ბეღელიც („ჟიტნიცა“), ღვინის სამჭედლოც („კუზნიცა“) და საკურორტო  ჯანმრთელობის კერაც („ზდრავნიცა“)

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 მაისი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/europeanisation-conference-tbilisi/3860507.html

საერთაშორისო კონფერენცია თბილისში: ევროპასთან ისე ახლოს, როგორც არასდროს

ნინო დალაქიშვილი

საქართველომ ევროინტეგრაციისა და განვითარების გზაზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ, პირველი, ყველაზე ხელშესახები ბენეფიტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის რეალობად ქცევაა. თუმცა ევროპულ ქვეყნად ფორმირებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი, რადგან ეს დემოკრატიული ღირებულებების არა მხოლოდ დეკლარირებას, არამედ მათ პრაქტიკაში უზრუნველყოფას გულისხმობს. საქართველოსთვის ამ გზაზე ბევრი მტკივნეული რეფორმის კონტური და მათი რეალიზების აუცილებლობა იკვეთება.

ვიზალიბერალიზაციის შემდგომ რა უნდა იყოს საქართველოსთვის მომდევნო ნაბიჯი, რას ითვალისწინებს დღის წესრიგის მომდევნო შესასრულებელი ეტაპი, ან არსებობს თუ არა, ზოგადად, ამგვარი გაწერილი და მიღებული გეგმა, ეს და ბევრი სხვა, ევროინტეგრაციის მიმართულებით საინტერესო საკითხი იქნა წარმოდგენილი და განხილული საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ორგანიზებითა და „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED) ფინანასური მხარდაჭერით გაიმართა. მისი ხელმძღვანელი და მასპინძელი, პროფესორი კორნელი კაკაჩია „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

„ვიზალიბერალიზაციის შემდგომ რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა იყოს საქართველოს მხრიდან შემდგომი ნაბიჯი? – ამასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობს, არსებობს, რადიკალური მოსაზრებები, რომ, ვთქვათ, ჩვენ პირდაპირ უნდა შევიტანოთ განაცხადი წევრობაზე. ზოგი ამბობს, რომ ეს ნაადრევია და ამით გავაღიზიანებთ ევროპელ პარტნიორებს, რის შესახებაც კონფერენციის მესამე პანელზე მოვისმინეთ. ჩვენ შევიმუშავეთ ორი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელსაც მოჰყვა გარკვეული რეკომენდაციები, თუ რა უნდა გააკეთოს როგორც ხელისუფლებამ, ასევე ევროკავშირმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უწყებებმა, რომელთაც ეს პროცესი ეხება. ჩვენ გვაინტერესებდა, რა არის ამ პოზიციებიდან რეალური. ასევე, გვინდოდა წარმოგვეჩინა არა მხოლოდ ქართული მხარის პოზიცია, არამედ ევროკავშირის პოზიციაც. ამისთვის ჩვენ ბრუსელიდან მოვიწვიეთ ის ოფიციალური პირები, ვისაც უშუალოდ ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობა. კონფერენციაზე გამოვიდა დირკ შუებელი, რომელმაც ბრუსელის ხედვა გააჟღერა. საინტერესო იყო, რომ ამით მთლიანი სურათი შეიქმნა, რა მდგომარეობაშია საქართველოს ევროპეიზაციის საკითხი.“

თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკური მოთამაშეების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ამერიკის ხმასთან თორნიკე გორდაძემ, საფრანგეთის თავდაცვის კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ერთ–ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა:

„ზოგადი ტენდენცია არის ყველაგან, მათ შორის ევროპაშიც, რომ ტრადიციული პოლიტიკური ელიტების მიმართ ნდობა იკლებს ამომრჩევლებში. მაგალითად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული ორი კანდიდატიდან არც ერთი არ წარმოადგენს ორ მთავარ ძალას, რომელიც არსებობს საფრანგეთში მეხუთე რესპუბლიკის დამყარებიდან, 1958 წლიდან. სასიამოვნო ისაა, რომ მიუხედავად ძველი პოლიტიკური ელიტების მიმართ უნდობლობისა, პოპულიზმმა მაინც ვერ გაიმარჯვა. რუსეთის მთავარი მიზანია დაასუსტოს ევროკავშირი, დაასუსტოს ყველა გაერთიანება, რაც ბლოკურ გაერთიანებას გულისხმობს დასავლეთში, ეს იქნება ნატო თუ ევროკავშირი. მისთვის ბევრად უფრო მარტივია ცალკ–ცალკე ესაუბროს ევროპის ქვეყნებს და მისი წონის და ძლიერების გათვალისწინებით, უფრო მარტივად შეეძლება ცალკ–ცალკე ქვეყნებთან საუბარი, ვიდრე გაერთიანებებთან, ამიტომ ევროკავშირი მიაჩნია მას მტრულად, აგრეთვე მიაჩნია საშიშად, რადგან მას გააჩნია მიზიდულობის ძალა. ის იზიდავს რუსეთის მეზობელ ქვეყნებს: მოლდოვას, საქართველოს, უკრაინას. მათაც კი იზიდავს, ვისაც ევროაზიული არჩევანი აქვს გაკეთბული, სომხეთს ვგულისხმობ“.

უნდა გააკეთოს თუ არა განაცხადი უკვე ამჟამად საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე თუ უმჯობესია მსგავსი წინადადებით ოფიციალურად გამოსვლამდე წევრობისთვის მზადყოფნის უფრო მაღალ ხარისხზე ვიზრუნოთ? ამის შესახებ კონფერენციაზე ერთ-ერთმა მომხსენებელმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ისაუბრა:

„ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება შესასრულებელი. ამაზე უნდა მოვახდინოთ ახლა კონცენტრაცია. მე მესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდანაა მოწოდებები იმის თაობაზე, რომ პროაქტიულები ვიყოთ. უფრო სწორად, მე ასე ვიტყოდი, რომ აქტიურები ვიყოთ, რადგან, ვფიქრობ, პროაქტიულები ჩვენ ვართ იმაში რასაც ვაკეთებთ. მაგრამ უფრო აქტიურად ვაჩვენოთ, აქტიურად ვუთხრათ ევროკავშირს, რომ ჩვენ გვინდა წევრობა და ეს გავაკეთოთ განაცხადის ფორმით ევროკავშირის წევრობაზე. ეს არის ჩვენთვის მიზანი, ეს არის ჩვენთვის დანიშნულების წერტილი, სადაც მივდივართ, მაგრამ მე მინდა ისე მივიდეთ იქამდე, რომ რაღაც ისეთი არ გავაკეთოთ, რაც კონტრ–პროდუქტიული იქნება და საბოლოო შედეგის მიღწევაში ხელს შეგვიშლის. ამ ეტაპზე, მე მგონია, რომ კანდიდატობაზე განცხადების გაკეთება, შეიძლება, სწორედ ასეთი ნაბიჯი იყოს დღეს. შეიძლება, ეს ასე არ იყოს ზეგ, მაგრამ დღეს, ყოველ შემთხვევაში ისეთი მოცემულობაა, რომ ჩემი აზრით ამის დრო ახლა არ არის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა შევეშვათ კაკუნს ევროკავშირის კარზე“.

ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია. ამავდროულად, კონფერენციაზე ისიც აღინიშნა, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან, როგორც არასდროს.

«Независимая газета» (რუსეთი), 19 მაისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-05-18/5_6991_georgia.html

საქართველო ევროკავშირისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მოსკოვთან სიტუაციის გამწვავების კვალობაზე თბილისი ბრიუსელთანაც სკანდალზე მიდის

„ოფიციალური თბილისი ევროკავშირისაგან განმარტებას ელოდება იმ მოქმედების გამო, რომელიც საქართველოში ბრიუსელის წარგზავნილმა, სპეცწარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერგმა ჩაიდინა. ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ ევროპელი დიპლომატი „პერსონა ნონ-გრატად“ იქნეს გამოცხადებული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის იანოშ ჰერმანი გამოიძახეს“, – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც გადმოცემულია დიპლომატიური ინციდენტის მიზეზები, სავარაუდო შედეგები და კომენტარები (ავტორი – იური როქსი).

„ჰერბერტ ზალბერგი ახლახან სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა და ცხინვალში ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შეხვდა. რა თქმა უნდა, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარემ მაქსიმალურად უნდა იცოდეს ამ რთულ რეგიონში მიმდინარე პროცესები და თბილისიც, რა თქმა უნდა, ამგვარი მისვლა-მოსვლის წინააღმდეგი არ არის, მით უმეტეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა გორის რაიონში, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის მიღება და ა.შ – ყველაფერი კანონის თანახმად, ლეგიტიმურად ხდება. მოგვიანებით ქართული მხარის ხელში აღმოჩნდა ცხინვალის ადგილობრივი ტელევიზიით გადაცემული შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვით, ჰერბერტ ზალბერგი პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. იმავდროულად, როგორც ჩანაწერიდან ჩანს, გერმანელი დიპლომატი  არ ამბობს კონკრეტულად სიტყვა „პრეზიდენტს“, არც არჩევნების განსაზღვრებაა მოცემული… მაგრამ თვით მილოცვის ფაქტი თბილისისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

მართალია, მმართველი „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობდა მომხდარი ამბავისათვის სკანდალის სახე არ მიეცა, ჰერბერტ ზალბერგის მოქმედება უბრალო გადაცდომად და ეტიკეტის უნებლიე დარღვევად წარმოედგინა, ხმაური მაინც ვერ იქნა თავიდან აცილებული. განგაში ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ატეხა. საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის გრიგოლ ვაშაძის პირით: დიპლომატიური უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ჰერბერტ ზალბერგს ცხინვალში გაჟღერებული მილოცვის უკან წაღება (დეზავუირება) უნდა მოსთხოვოსო, რადგან მისი მოქმედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართულიო. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ეს ფაქტი ხელისუფლების ხუთწლიანი მავნე პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს.

მომხდარზე კომენტარი კიდევ ერთმა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა – სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არამარტო ჰერბერტ ზალბერგის სიტყვების დეზავუირება კი არ უნდა მოითხოვოს, არამედ მისი გამოყვანა „ჟენევის პროცესიდან“, რადგან მისი ნათქვამი პროინციპულად მიუღებელიაა და საკითხის უცოდინარობას ამჟღავნებს. „დიპლომატიას ტავისი მკაცრი წესები აქვს. ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერგმა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის პრინციპი დაარღვია და ჩვენს ინტერესებს ზიანი მიაყენა“, – განაცხადა ექს-მინისტრმა, პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ არ გამორიცხავს  ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის გამოცხადებას არასასურველ პიროვნებად -  „პერსონა ნონ-გრატად, სხვებისთვის რომ მაგალითი იყოს“.

საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ ჰერბერტ ზალბერგის მოქმედებას „მიუღებელი“ უწოდა და გაკვირვება გამოხატა, რადგან თვით ევროკავშირმა გამოაცხადა სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად და ამ ფონზე ბრიუსელის სპეცწარმომადგენლის ნაბიჯი კითხვებს იწვევს. შესაბამისად, სამინისტროში ევროკავშირის ელჩი მიიწვიეს ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად.

რუსეთში სამხრეთ ოსეთის ყოფილი ელჩის დიმიტრი მედოევის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ „ქარიშხალია ჭიქაში“ და მეტი არაფერი. ბატონმა ჰერბერტ ზალბერგმა ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას ელემენტალური ტაქტი გამოავლინა და მას არჩევა მიულოცა, რაც ევროპელი დიპლომატის მაღალ პროფესიონალიზმზე და კულტურაზე მეტყველებს. ქართულმა მხარემ ამას წინათაც ხმაური ატეხა იური ლუჟკოვის გამო… მე საკითხს არ ცავუღრმავდები, მაგრამ ვიტყვი, რომ სამხრეთ ოსეთი გააგრძელებს თავის მცდელობებს საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად, დინჯად და აუჩქარებლად“, – განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

ქართველი ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი მომხდარ ფაქტში ორ მომენტზე ამახვილებსა ყურადღებას: პირველი – ჰერბერტ ზალბერგმა მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი გააკეთა. რადგანაც იგი პირველად შეხვდა ანატოლი ბიბილოვს, მიულოცა, თუმცა არ დაფიქრებულა, რომ მისი ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ირიბად აღიარებას ჰგავს. მეორე – ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის „პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადება საქართველოს სახელმწიფოს ღირსების საქმეა: „ოკუპაციის თემა ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თბილისმა ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარის პოსტიდან ჰერბერტ ზალბერგის გაწვევის საკითხი უნდა დააყენოს“.

ერთ-ერთმა თბილისელმა კომენტატორმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, განაცხადა, რომ ქართული მხარის მოქმედება სრულიად მართებულია, თუმცა შესაძლოა სხვა გარემოებითაცაა ნაკარნახევი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამასწინანდელ უსიამოვნო განცხადებას უკავშირდება იური ლუჟკოვის საქართველოში ყოფნის გამო. „როგორც ცანს, თბილისს არ სურდა მოსკოვის ექს-მერთან დაკავშირებული სკანდალის გაბერვა, მაგრამ იძულებული გახდა ოპოზიციის აზრი გაეთვალისწინებინა. ახლა კი, როცა საქართველო ბრიუსელთან სკანდალზე მიდის, ამით თბილისი იმის დემონსტრაციას ახდენს, რომ არავისთან, თვით დასავლეთის წარმომადგენელთანაც კი უკან არ იხევს და პრინციპულობას ამჟღავნებს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში. ახლოვდება „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატის შეხვედრა და ვთუ რუსეთის მხრიდან რაიმე პრეტენზია იქნება წამოყენებული იური ლუჟკოვის ‘შავ სიაში“ შეტანასთან დაკავშირებით, საქართველოს შეუძლია ასე უპასუხოს: ქართული კანონმდებლობის მიმართ უპატივცემლობის გამოჩენის გამო თბილისი პერსონა ნონ-გრატად აცხადებს არა მარტო რუსეთის მოქალაქეებს, არამედ ევროკავშირის დიპლომატებსაც კი“, – თქვა „ნეზავისიმაია გაზეტას“ რესპოდენტმა.

«Новое время» (სომხეთი), 16-19 მაისი, 2017 წელი

http://www.nv.am/politika/57806-2017-05-16-07-01-39

რუსეთი ამიერკავკასიაში: მხოლოდ გამათავისუფლებლის და მშვიდობისმყოფელის დროშით

დიდი პოლიტიკაში მოთმენის უნარიც პოლიტიკაა // „თბილისში ფიქრობენ, რომ საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას თვითკმარი ზერეგიონული ფასეულობა აქვს, მაგრამ…“

„ამიერკავკასია მოსკოვისათვის რუსეთსა და დიდ ახლო აღმოსავლეთ შორის მდებარე რეგიონს წარმოადგენს. მოვლენები, რომლებიც დიდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, განსაზღვრული სახითა და ხასიათით ახდენს გავლენას და კიდევ უფრო მეტად მოახდენს მომავალში. ამიერკავკასია დიდი ახლო აღმოსავლეთის მინიატურული მოდელია: ისტორიულად განპირობებეული ეთნიკური სიჭრელე, რთული ისტორიული და პოლიტიკური რუკა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამიერკავკასია ქვაბს მოგვაგონებს, რომელსაც სხვადასხვა მხრიდან აცხელებენ სხვადასხვა ტემპერატურითა და დინამიკით“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში (ავტორი – სტანისლავ ტარასოვი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ამიერკავკასიის ხალხთა ურთიერთობის მოკლე ისტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკები 1918-1921 წლებში… საბჭოთა პერიოდში ამიერკავკასიაში გრძელდებოდა ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში დაწყებული ე.წ „გეოპოლიტიკური ექსპერიმენტები“, რომლის კულმინაციად უნდა მივიჩნიოთ II მსოფლიო ომის დასასრულს იოსებ სტალინის მიერ თურქეთისადმი წაყენებული ტერიტორიული პრეტენზიები და პროექტების – „დიდ სომხეთისა“ და „დიდი საქართველოს“ რეანიმირება. ეს პროექტები პირდაპირ უკავშირდებოდნენ ახლო აღმოსავლეთიში დაგეგმილ გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციებს – ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიებზე ახალი სახელმწიფოების გაჩენას (ისრაელი, სირია).

„ამიერკავკასიის რესპუბლიკებში ამჟამად მრავალმხრივი საინტერესო პროცესები მიმდინარეობს“, – აღნიშნავს ავტორი და სამივე სახელმწიფოში შექმნილ ვითარებას აანალიზებს

აზერბაიჯანში პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მუსავატისტებს ებრძვის, თუმცაღა თავის დროზე, 1918 წელს, სწორედ პარტია „მუსავატი“ იყო აზერბაიჯანის პროთურქული ვექტორის სულისჩამდგმელი. ილჰამ ალიევი „მუსავატის“ დოქტრინით შეიარაღდა და მას იმედი ჰქონდა, რომ თურქეთის ევროკავშირში მიღებით (და არა რუსეთთან ურთიერთობისთ) მის ქვეყანაშიც ევროპული ტიპის მოდერნიზება განხორციელდებოდა. მაგრამ ილჰამ ალიევს არ გაუმართლა – თურქეთის ევროკავშირში ინტეგრირება ვერ მოხდა. სირიისა და ქურთების პრობლემის ფონზე ბაქომ ისევ გაიხსენა წინა წლებში მივიწყებულ „იტიჰადის“ იდეა – ჩრდილოეთ და სამხრეთ (ანუ ირანის) აზერბაიჯანის გაერთიანება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი და აშშ ირანს დაარტყამდნენ. თუმცა, რადგანაც ასე არ მოხდა, აზერბაიჯანმა ახალი პროექტი გადმოაგდო – „თურქმან-ელი“, რომელიც ჩრდილოეთ ირანის, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისა და დღევანდელი თურქმენეთის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას გულისხმობს, ანუ ეთნიკური თურქმენებით დასახლებულ ტერიტორიას, რომელშიც ირანის აზერბაიჯანიც შედის.

სომხეთი, ქურთისტანის პრობლემის გააქტიურების ფონზე, იმედოვნებს, რომ ე.წ. „სომხეთის  საკითხიც“ რეანიმირდება. მართლაცდა, ბოლო დროს დასავლელმა ექსპერტებმა ყურადღებით დაიწყეს ანალიზი 1920 წელს დადებული სევრის ხელშეკრულებისა, რომელიც დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნას ითვალისწინებდა.  ასევე ახლებურად უდგებიან აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის 1920 წლის 20 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას „დიდი სომხეთის“ შექმნის თაობაზე. კონკრეტულ სემთხვევაში, თუ თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთი ქურთების კონტროლქვეშ გადავა, მაშინ შეიძლება დაისვას მოსკოვის 1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების დენონსირების საკითხიც, რომლის თანახმად, ართვინი, არტაანი, ყარსი და სურმალინი თურქეთს გადაეცა, ნახჭევანი კი – აზერბაიჯანს. თეორიულად უკვე შეიძლება გეოპოლიტიკური პარამეტრებიც მოინიშნოს: არცახი (მთიანი ყარაბაღი) და ახლად შექმნილი „აღმოსავლეთ სომხეთის რესპუბლიკა“ რუსეთის მოკავშირეები იქნებიან, „დასავლეთ სომხეთის რესპუბლიკა“ კი დასავლეთის პროტექტორატის ქვეშ.

საქართველომ 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (ისევე როგორც 1918 წელს, რუსეთის დაშლის ჟამს) საგარეოპოლიტიკური ვექტორი დასავლეთის მიმართულებით შეცვალა. 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის გამო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის შემდეგ საქართველო მომატებული გეოპოლიტიკური რისკების ქვეშ დადგა. იმიტომ, რომ როგორც არ უნდა გადაწერო ისტორია, ფაქტი ერთია: რუსეთთან შეერთებამდე, საქართველოს ისტორიულ-გეოპოლიტიკური კოდი მეზობელი ოსმალეთის იმპერიითა და სეფევიდების სპარსეთით იყო განპირობებული. ევროპასთან კონტაქტები, თუ რუსეთს გამოვრიცხავთ, შესაძლებელი იყოს სწორედ ოსმალეთის ტერიტორიის გავლით. დღეს საქართველო ესაზღვრება თურქეთს, სომხეტს, აზერბაიჯანსა და რუსეთს, აქვს გასასვლელი მსოფლიო ოკენეში. მის ტერიტორიაზე გადის სომხეთ-აზერბაიჯანისაკენ მიმავალი მთავარი სატრანსპორტო არტერიები და კასპიის ნავთობ-გაზსადენები. თბილისში ფიქრობენ, რომ საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას თვითკმარი ზერეგიონული ფასეულობა აქვს. დიახ, დღეს ასეა, მაგრამ გაქრება, როცა დიდ ახლო აღმოსავლეთში მადესტაბილიზებელი პროცესები გაღრმავდება. ეს პროცესები აუცილებლად შეეხება თბილისსაც და ის აღარ იქნება დამოკიდებული საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მდგომარეობაზე. ბევრი დასავლელი ექსპერტის შეფასებით, დიდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების განვითარების ფონზე, დიდი ალბათობით, საქართველოს პოლიტიკური ველის ფრაგმენტაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“.

სტატიის ბოლოს მოცემულია დასკვნა:

„ამიერკავკასიის რესპუბლიკები, რომლებიც ხშირად ჩივიან ჩრდილოელი რუსეთის „სამხრეთულ ექსპანსიონიზმზე“, მთავარი გეოპოლიტიკური საფრთხე არა ჩრდილოეთიდან, არამედ სამხრეთიდან ემუქრებათ. რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვმა ამიერკავკასიაში მხოლოდ გამათავისუფლებლისა და მშვიდობისმყოფლის როლი უნდა შეასრულოს და მისცეს ზოგიერთ სახელმწიფოს ნება დატკბეს მომავალი გეოპოლიტიკური ტრნსფორმაციის ნაყოფით. ამასთან, მოსკოვმა ძველებური, საბჭოთა პერიოდისათვის დამახასიათებელი ერთნაირი პოლიტიკა აღარ უნდა გაატაროს სამივე რესპუბლიკის მიმართ. რუსეთის ფედერაციამ თავისი დამოკიდებულება აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და სომხეთთან დიფერენცირებულად უნდა ჩამოაყალიბოს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ამიერკავკასიის პერეფორმატირების ტენდენციით და აშშ-ევროკავშირის ინტერესებთან თამაშით დიდ ახლო აღმოსავლეთში. რუსეთის სიტუაციას უნდა დაელოდოს. დიდ პოლიტიკაში მოთმენის უნარიც პოლიტიკაა“.

«Новое время» (აზერბაიჯანი), 18 მაისი, 2017 წელი

http://www.novoye-vremya.com/w92244/…/#.WR0Z_oq1uAQ

რას აკეთებენ რუსეთი და აშშ ამიერკავკასიაში?

პროამერიკული საქართველო, ნატოში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად, შეეცადა იარაღით მოეგვარებინა კონფლიქტები, მაგრამ უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა

პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების როლი ამიერკავკასიის (სამხრეთ კავკასიის) რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მოგვარებაში, ნაჩვენებია მოსკოვისა და ვაშინგტონის მოქმედებასა და პოზიციებს შორის შორის არსებული განსხვავება (ავტორი – ნ.გულიევი).

„რა თქმა უნდა, მთიანი ყარაბაღის ტრაგედია რუსი, აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხების საერთო ტკივილად ითვლება, რომლებიც ერთმანეთთან ისტორიული ფესვებით არიან დაკავშირებულნი. რუსეთი დიდ ძალისხმევას ახმარს კონფლიქტის მოგვარებას და არსებითად ერთადერთ შუამავლად რჩება ერევნისა და ბაქოს მოლაპარაკებებში. სწორედ რუსეთის დიდი დამსახურებაა ის, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობის მექანიზმია შემუშავებული სისიხლისღვრის შეწყვეტის მიზნით, უკვე ხელმოწერილია მრავალი შეთანხმება. მოსკოვია ინიციატორი სამმხრივი ფორმატის სეხვედრებისაც, რომლებშიც რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მონაწილებენ“, – წერს ავტორი და იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კრემლის აქტიური პოზიტიური ძალისხმევის ფონზე აშკარად ჩანს აშშ-ის უკვე ყოფილი ადმინისტრაციის – ბარაკ ობამას გუნდის პასიურობა და ახალი ადმინისტრაციის – დონალდ ტრამპის გუნდის გაურკვეველი პოლიტიკა ამიერკავკასიის მიმართ. „ვაშინგტონი ცდილობს მინიმუმადე დაიყვანოს რუსეთის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში, რაც აბსურდული და მიუღებელია. პირიქით, რუსეთი ყველაზე მეტად ცდილობს იმას, რომ კონფლიქტი დაარეგულიროს. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი მნიშვნელოვანი მონაკვეთია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, აქაური მოვლენები მეტ-ნაკლებად გავლენას ახდენენ ჩრდილოეთ კავკასიაზეც. შესაბამისად, ამიეკავკასიაში ვითარების გამწვავება მოსკოვისათვის ხელსაყრელი არ არის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობა ხელს შეუშლის რუსეთის ევრაზიული ინტეგრაციული პროექტების რეალიზებას. ეს ფაქტორიც იმაზე მეტყველებს, რომ კრემლი დაინტერესებული არაა სიტუაციის გამწვავებით“.

პუბლიკაციაში ავტორი დადებითად აფასებს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობას:

„რუსეთი სომხეთის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორია, მისი წილი რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის ბალნსში დაახლოებით 24%-ს წარმოადგენს, პირდაპირი ინვესტიციები კი 3,5 მილიარდ დოლარს აღწევს (ანუ უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 40%). სომხეტის ეკონომიკაზე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლამ პოზიტიურად იმოქმედა… მოსკოვ-ერევნის თანამშრომლობა სამხედრო სფეროშიც მაღალ დონეს აღწევს: 2017 წლის დასაწყისში რუსეთმა სომხეთს იარაღის შესასყიდად 200 მილიონის დოლარის კრედიტი გამოუყო, ხოლო 2016 წელს ორივე მხარემ ჯარების გაერთიანებული დაჯგუფება შექმნა“.

აზერბაიჯანიც რუსეთის მნიშვნელოვან პარტნიორად ითვლება: რუსული ინვესტიციები აზერბაიჯანის ეკონომიკაში 3 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო ვაჭრობის საერთო მოცულობა – ოთხ მილიარდს. რუსეთი მზადაა მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის ინტეგრაციას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, თუ ამის სურვილი ბაქოს მიერ იქნება გამოხატული. აქტიურია მხარეთა თანამშრომლობა სამხედრო სფეროშიც: ბოლო წლებში აზერბაიჯანმა რუსეთისაგან მრავალი ტანკი, ჯავშანმანქანა, მრავალმიზნობრივი ვერტმფრენები მიიღო…

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება სამივე მხარისთვის სასარგებლოა: სომხეთი და აზერბაიჯანი ლტოლვილებისა და დევნილი პირების რეპატრიაციას მოახდენენ, გაიხსნება დღეს ბლოკირებული საზღვრები, აღდგება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, მეტი წარმატებით იქნება რეალიზებული ევრაზიული სივრცის პროექტები.

აშკარაა, ამერიკის შეერთებული შტატები პოზიტიური შედეგებით დაინტერესებული არ არის. ვაშინგტონი უფრო მეტად საკუთარი გავლენის გაფართოებითაა დაკავებული, ცდილობს რუსეთის საზღვართან თავისი სამხედრო კონტინგენტის განთავსების პლაცდარმი შექმნას. ამ მიზნის შესასრულებლად ამერიკას ამიერკავკასიაში დესტაბილიზება ჭირდება, რის შედეგადაც მას საბაბი ექნება აქაურ სიტუაციაში ჩარევისათვის – ვითომდა დაპირისპირების მოგვარებისა და რეგიონის შემდგომი „დემოკრატიზაციის“ მიზნით. ადრე მსგავსმა პრეცედენტებმა ის ქვეყნები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს „ამერიკული მფარველობა“, სამწუხარო შედეგებამდე მიიყვანეს…

საქართველომ, რომელმაც პროამერიკული კურსი აირჩია, ნატოში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად შეეცადა იარაღით გადაეჭრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, მაგრამ საბოლოო ჯამში თავისი ტერიტორიის მეხუთედი დაკარგა. ფაქტიურად, ქვეყანა დაშლამდე მივიდა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც „მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ამერიკელი მრჩევლების „მითითებებს“ ასრულებდა, თვითონ ჩაეფლო ელიტარულ კორუფციასა და ნეპოტიზმის ჭაობში. აშკარაა სხვა მომენტიც: ვაშინგტონს, უბრალოდ, არ შეუძლია სტაბილურობის დაცვა-შენარჩუნება ისეთ ქვეყნებში, სადაც მისი ხელშეწყობით ხელისუფლებაში „დემოკრატიული“ რეჟიმები მოვიდნენ, მაგალითად, ლიბიაში, ავღანეთში, ერაყში“, – ირონიულადაა აღნიშნული სტატიაში.

«Region Plus» (აზერბაიჯანი), 339, 15-20 მაისი, 2017 წელი

http://regionplus.az/ru/articles/view/6229

ხაჭაპური აჭარულად

ბათუმი – საქართველოს ტურისტული ბეღელი („ჟიტნიცა“), ღვინის სამჭედლო („კუზნიცა“) და საკურორტო  ჯანმრთელობის კერა („ზდრავნიცა“)

აზერბაიჯანული ყოველკვირეულ ჟურნალ «Region Plus»-ის გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონის – აჭარის ტურისტულ პოტენციალზე, გადმოცემულია ბათუმში ყოფნის შთაბეჭდილებები, აღწერილია რეგიონის ღირსშესანიშნაობები, კოლორიტი და სტუმართმოყვარეობა (ავტორი – ფუად ჰუსეინალიევი).

„აზერბაიჯანელი ტურისტები ბოლო წლებში საქართველოს და კერძოდ, აჭარის ხშირი სტუმრები გახდნენ. 2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს 6,3 მილიონი სტუმრიდან  1,5 მილიონი აზერბაიჯანელია და მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა სწორედ აჭარაზე მოდის“, – აღნიშნავს ავტორი და მკითხველს ბათუმის თავალწარმტაც ადგილებს აცნობს.

„ბათუმის ბულვარი, რომლის გაშენება ჯერ კიდევ 1881 წელს დაიწყო, დღეს ტურისტების საყვარელ ადგილად ითვლება. ზაფხულში აქ იმდენი ხალხია, რომ „ვაშლი არ ჩავარდება“. აქ არის შუქურა, რომელიც ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დროს, 1863 წელსაა აგებული. ბულვარში გასეირნებისას ტურისტი ნახავს ყურბან საიდის რომანის მთავარი გმირების – ალის და ნინოს სკულპტურულ კომპოზიციას, მუსიკალურ შადრევანს და მრავალ ძეგლს“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა აზერბაიჯანის ისტორიულ კავშირებს ბათუმთან:  „პორტი, რომელმაც ნავთობით მდიდარი ბაქო მსოფლიოს დაუკავშირა“ – ასეთია პუბლიკაციის იმ ნაწილის ქვესათაური, რომელშიც ბაქო-ბათუმის ნავთობსადენზეა საუბარი: „საკურორტო სტატუსის მიუხედავად, ბათუმი საქართველოს სიდიდით მეორე ნავსადგურია ფოთის შემდეგ. სწორედ ბათუმი და ბაქო დაუკავშირდა ერთმანეთს რუსეთის იმპერიაში აგებული პირველი მილსადენით, რომლითაც ჯერ კეროსინის, შემდეგ კი ნედლი ნავთობის გადაქაჩვა დაიწყო. ბაქოს ნავთობის საფუძველზე ბათუმში ნავთობგადამამუშაბელი ქარხანაც აშენდა, რომელიც ამჯამად უკვე აღებულია. ბათუმის სატვირთო ნავსადგურს აზერბაიჯანისათვის დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს – რკინიგზით აქედან საზღვარგარეთ სამ მილიონამდე ტონა აზერბაიჯანული ნავთობი იგზავნება. როგორც ჩანს, შემთხვევითია არაა, რომ პორტთან მდებარე ქუჩას ბაქოს სახელი აქვს“.

ვრცელ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბათუმი ტოლერანტული ქალაქია. გადმოცემულია მისი მოკლე ისტორია მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ფაქტების მოხსენიებით, ბოტანიკური ბაღით, დელფინარიუმით და ა.შ. ავტორი აღწერს აჭარის ტყეებითა და მდინარეებით მდიდარ ბუნებას, ქობულეთსა და სხვა დასასვენებელ ადგილებს, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობას, აჭარულ სამზარეულოს და ცხადია, მის მთავარ კომპონენტს – აჭარულ ხაჭაპურს.

Comments are closed