globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 19th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

თბილისის წყალდიდობის ექო (მიმოხილვა:«Guardian», «The New York Times»)

«Wiener Zeitung» (ავსტრია): ინტერვიუ თინათინ ხიდაშელთან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუსეთთან და ნატოსთან დამოკიდებულების შესახებ

«Военно-промышленный курьер» (რუსეთი): ინტერვიუ ალექსანდრე ანქვაბთან: „აფხაზეთის მართვა პოპულისტური მეთოდებით შეუძლებელია“

«Радио Голос Америки» (აშშ): თბილისის საქალაქო სასამართლომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებთან კავშირებში ეჭვმიტანილებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

———————-

თბილისის წყალდიდობის ექო

(მიმოხილვა:«The Guardian», «The New York Times»)

უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ნელ-ნელა კლებულობს იმ მასალების გამოქვეყნება-გავრცელება, რომლებიც თბილისში მომხდარ წყალდიდობას ეხება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან, პრინციპში, პიკმა უკვე გადაირა, ცხოვრება თანდათან კალაპოტში დგება და ჩვეულ რიტმს უბრუნდება, დაინტერესებაც უკვე შედარებით ნაკლებია. ბოლო დრეებში თუ რაიმე მასალა ქვეყნდება, მასში უმეტესად მხოლოდ ფაქტებია ასახული, ანუ ის, რაც ქართველმა მკითხველმა ისედაც კარგად იცის.

და მაინც, ალბათ უპრიანი იქნება ავღნიშნოთ ორი სტატია, რომლებიც გამოქვეყნდა ბრიტანულ გაზეთ «The Guardian»-ში (სათაური: „ჩვენ ვეფხვის ღრიალი გავიგონეთ“ // თბილისში ზოოპარკის გარეთ დარჩენილ მცეხებზე ნადირობენ“, ავტორი – ენდრიუ ნორტი) და ამერიკულ «The New York Times»-ში (სათაური: „თბილისის დატბორილი ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი, რომელმაც ადამიანი დაგლიჯა, უკვე მოკლულია“. ავტორი – ენდრიუ როტი). ორივე პუბლიკაციაში დეტალურადაა გადმოცემული თბილისში წყალდიდობის შემდგომ მომხდარი ტრაგიკული ფაქტი, თუ როგორ და რატომ იმსხვერპლა ვეფხვმა ადამიანი, როგორ მიმდინარეობდა კიდევ ერთი გაქცეული მხეცის ძებნა, პინგვინისა, რომელც აზერბაიჯანის საზღვართან შენიშნეს, მაგრამ ზოოპარკიდან წასულმა ჯგუფმა იქ ვერაფერი აღმოაჩინა… სტატიებში გადმოცემულია აგრეთვე აქცია, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული და მთავრობის ძალისხმევა სტიქიის შედეგების აღმოფხვრის თაობაზე. „ბოლო მოვლენები კოალიციური ხელისუფლებისათვის ძალიან რთული იყო. მთავრობის მოქმედებამ თბილისელებისაგან დაიმსახურა როგორც დაცინვა, ასევე შექებაც. აქ არის ადამიანური ტრაგედიებიც (დაიღუპა 20-მდე ადამიანი) და ღიმილისმომგვრელი ფაქტებიც (ბეჰემოტი ქუჩაში, პინგვინი აზერბაიჯანის საზღვარზე). «Guardian»-ში გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ კოალიციური ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა გააკრიტიკეს აგრეთვე ექს-პრემიერი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც საკუთარი ზოოპარკი აქვს, პინგვინების ჩათვლით. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ „ახლა ჩვენ მთავარი პინგვინისაგან უნდა გავთავისუფლდეთ“.

წყაროები:

http://www.theguardian.com/world/2015/jun/18/roaring-street-hunt-tbilisi-zoo-missing-predators-georgia

http://www.nytimes.com/2015/06/18/world/europe/escaped-tiger-tbilisi-georgia-flooding.html?_r=0

«Wiener Zeitung» (ავსტრია), 18 ივნისი, 2015 წელი

http://www.wienerzeitung.at/nachrichten/europa/europastaaten/758216_Es-ist-noch-nicht-vorbei.html

ინტერვიუ თინათინ ხიდაშელთან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუსეთთან და ნატოსთან დამოკიდებულების შესახებ

ვერონიკა ეშბახერი

(შინაარსი, თავისუფალი თარგმანი)

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტით სამხრეთკავკასიური რესპუბლიკა საქართველოც შეშფოთებულია. 2008 წლის კავკასიური ომის შემდეგ საქართველოს ორივე სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – რუსეთის სამხედრო ბაზები არიან დისლოცირებულნი, დაახლოებით 10 ათასამდე ჯარისკაცით. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, კრემლი სამხრეთ კავკასიიდან არ წავა, პირიქით, თავის პოზიციებს კიდევ უფრო განამტკიცებს. საქართველოს საშინაოპოლიტიკური გამოწვევები აქვს: სომხური უმცირესობასთან დაკავშირებული პრობლემები, აზრთა სხვადასხვაობა საგარეოპოლიტიკური კურსის მიმართ, რომელმაც მინისტრების გადადგომა გამოიწვია…

«Wiener Zeitung»-ის ჟურნალისტი საქართველოს ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტის თავდაცვის რიგით მესამე მინისტრს თინათინ ხიდაშელს ესაუბრება (გადმოცემულია მოკლე ბიოგრაფიული მონაცემებიც).

შეკითხვაზე, რომელიც თბილის-მოსკოვის ურთიერთობას ეხება („წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით პრაგმატულ კურსს ატარებს, ვითარდება ვაჭრობა, კულტურული გაცვლები… ხედავთ თუ არა შედარებით დამთბარი პოლიტიკის ნაყოფს?), თინათინ ხიდაშელი პასუხობს, რომ გაუმჯობესება არ შეიმჩნევა, უფრო პირიქით ხდება. მისი თქმით, „რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოსაც ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ომი ღიად არ მიმდინარეობს“.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო 2,5 წლის განმავლობაში რუსეთთან დამოკიდებულებაში თმენის სტრატეგია აირჩია. „დღევანდელი მთავრობა აცნობიერებს, რომ მთავარი ამოცანა ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“, – ამბობს მინისტრი. „ახლახანს მკითხეს, როდემდე გაუძლებს საქართველო მცოცავ აგრესიასო. ჩემი ქვეყანა მავთულხლართითაა გაყოფილი, თითქოსდა ბერლინის კედლით და ეს 21-ე საუკუნეში ხდება. ე.წ. ადმინისტრაციული გამმიჯნავი ხაზის გასწვრივ რუსები ქართველ გლეხებს თითქმის ყოველდღიურად იტაცებენ, შემდეგ კი ფულს ითხოვენ გამოსასყიდად… თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა ვართ და ჩვენ თავს განრისხების უფლებას ვერ მივცემთ“.

შეკითხვაზე, ამართლებს თუ არა მოთმენის სტრატეგია, თავდაცვის მინისტრის პასუხი ასეთია: „ამ მომენტისათვის ეს ჩვენი ერთადერთი სტრატეგიაა. ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანების თავიანთ სახლებში დასაბრუნებლად. ეს სხვადასხვა მოლაპარაკებების გზით ხდება – ჟენევის ფორმატისა თუ ტექნიკური შეხვედრების დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, ყველაფრისათვის მაინც მზად უნდა ვიყოთ. საქართველოს ტერიტორიის შუაგულში რუსული დროებია და რუსული ტანკები დგანან: სამხრეთ ოსეთი ხომ ქვეყნის შუა ნაწილში მდებარეობს და არა სადღაც განაპირა რეგიონში. საქართველოს მთავარ გზაზაე რომ გაიაროთ, იქიდან კარგ ამინდში რუსულ დროშებს დაინახავთ. ასეთი სიტუაცია არავისთვის ბედნიერება არ არის, მაგრამ მტკიცედ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ საქართველო კვლავ გაერთიანდება. ჩვენ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და ჩვენი საშინაო საქმე ვაკეთოთ.

შეკითხვა: „შეიცვალა თუ არა საქართველოს თავდაცვითი სტრატეგია მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებებს, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიარაღებული ძალების გაერთიანებასაც ითვალისწინებს?

თინათინ ხიდაშელი: „არა, რადგან სინამდვილეში არაფერი შეცვლილა. ამ ე.წ. შეთანხმებებით ის გაფორმდა, რაც უკვე მუდმივად ხდებოდა. ჩვენთვის ეს დოკუმენტები და მათთან ერთად სხვა 80-მდე შეთანხმება არალეგიტიმურია. ნუ დაუთმობთ მათ დიდ ყურადღებას. ჩვენთვის ამ შეთანხმებებს ლეგალური სტატუსი არ გააჩნიათ და გაუქმდებიან იმ მომენტშივე, როგორც კი ოკუპაცია დასრულდება“.

ინტერვიუს დასასრულს თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთს თავისი შეირაღებული ძალები არ ჰყავს, ამისათვის [ცხინვალს] მოსახლეობა არ ეყოფა. ამჟამად სამხრეთ ოსეთი ერთ დიდ რუსულ სამხედრო ბაზადაა გადაქცეული. საქართველო ძალიან დიდ ფასს იხდის ნატოში გაწევრიანების ამბიციების გამო. ამ რამდენიმე დღის წინათ  30-ე ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში, სადაც საქართველოს, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტი ჰყავს გაგზავნილი. უკვე გაისმის კრიტიკა – იქნებ საქართველო ძალიან დიდ ფასს იხდის იმ მიზნისათვის, რომელიც მიუღწეველია?

————

პუბლიკაციაში მოკლედაა მოცემული აგრეთვე 2008 წლის კავკასიური ომის მიზეზები და შედეგები. აღნიშნულია, რომ ღია საომარო მოქმედებები ქართული არმიისა და სამხრეთ ოსეთის მილიციას შორის 2008 წლის ივლისში დაიწყო, რომლის ესკალაცია 8 აგვისტოს ღამით მოხდა, როცა ქართული არმიის ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ ამ სეპარატისტულ რეგიონზე კონტროლის დაბრუნების მიზნით. საომარ მოქმედებებში ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფი რუსული არმიის ნაწილებიც ჩაერიენ, რომლებმაც ქართული ქვედანაყოფები შეავიწროვეს და ქვეყნის სიღრმეში უკან დაახევინეს. 12 აგვისტოს მხარეები დაზავდნენ, მანამდე კი საქართველომ 850-მდე ჯარისკაცი დაკარგა, 2800 კი დაიჭრა. მოგვიანებით შექმნილმა ევროკავშირის კომისიამ დაადგინა, რომ საბრძოლო შეტევა ქართველებმა დაიწყეს. კომისიამ ვერ იპოვა რუსეთის არმიის აგრესიის დამადასტურებელი ფაქტები, რასაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა. ამასთან, კომისიის აზრით, რუსეთმა უხეშად დაარღვია  საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმები, როცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობას რუსული პასპორტები მასობრივად დაურიგა. ამით კომისიამ გააბათილა [და უკანონოდ მიიჩნია] მოსკოვის მტკიცებათა საფუძველი, რომლის თანახმად, რუსეთს ორივე რეგიონში თავისი მოქალაქეები უნდა დაეცვაო.

«Военно-промышленный курьер» (რუსეთი), 18 ივნისი, 2015 წელი

http://vpk-news.ru/articles/25668

ინტერვიუ ალექსანდრე ანქვაბთან: „აფხაზეთის მართვა პოპულისტური მეთოდებით შეუძლებელია“

აფხაზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, თავისი გადადგომის (2014 წლის პირველი ივნისი) შემდეგ ერთი წლის დუმილი დაარღვია და რუსულ გაზეთ «Военно-промышленный курьер»-ის ჟურნალისტს იგორ ლენსკის ვრცელი ინტერვიუ მისცა.

გთავაზობთ ამონარიდებს:

ამას წინათ ქართულ გაზეთებში სკანდალური ინფორმაცია გამოქვეყნდა, თითქოსდა მე ოპერაცია მოსკოვში გავიკეთე, შემდეგ კი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თბილისში ჩავედი სამკურნალოდ… ეს ყველაფერი სისულელეა. ქართული გაზეთების ეს ცრუ ინფორმაცია მე ჩემი მეგობრის დაბადების დღეს შევიტყვე, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, სადაც ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად წითელ ღვინოს მივირთმევდი. საწყენიც კი არის, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე კარგად არ ზრუნავენ – რაღა თბილისში გამგზავნეს, ჟენევა ან კლივლენდი უფრო არ ჯობდა?

რაც შეეხება შარშან სოხუმში მომხდარ არეულობებს, ცხადია, სიტუაციას ვიცნობდი, ჩემთან ყველა ცნობა მოჰქონდათ…. პირდაპირ ვიტყვი: ოპოზიციონერებს ამოცანა ჰქონდათ, რომ ყველანაირი გზით ავეძულებინე თანამდებობა დამეტოვებინა და შემდეგ ფიზიკურად გამსწორებოდნენ. კვალსაც დაფარავდნენ. მათ მიზანს ციხიდან ტერორისტების გათავისუფლებაც შეადგენდა.

(…)

ეს მოვლენები აფხაზეთში მზადდებოდა, მაგრამ ყველა გადატრიალებას ხომ თავისი მესაჭე ჰყავს. ისინი კი არა, რომლებიც ჯავშნოსნებზე, ტანკებზე ან მთავრობის სასახლის კიბეებზე დგანან და მომიტინგეებს მგზნებარე სიტყვებით განწყობას უმაღლებენ. არა, გადატრიალების სულისჩამდგმელებს ხალხი ვერ ხედავს, ხშირად ისინი საკუთარ ქვეყანაში კი არა, საზღვარგარეთ იმყოფებიან. თუ როგორ მზადდებოდა და ვინ ამზადებდა გასული წლის აფხაზურ დრამას, ეს ცალკე საუბრის თემაა. ამაზე ჯერ-ჯერობით არაფერს გეტყვით.

(…)

როცა მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, მე და ჩემმა კოლეგები მივხვდით, რომ ოპოზიციას შეთანხმების მიღწევა არც სურდა, მათი მიზანი სიტუაციის გამწვავება იყო. ჩემთვის პრეზიდენტის თანამდებობა არასდროს არ ყოფილა უმაღლესი ღირებულება, თვითმიზანი. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი თანამდებობის შენარჩუნება არ ღირს თანამემეულეების სისხლის ფასად. მე არ მქონდა მორალური უფლება ბრძანება გამეცა და ძალა გამომეყენებინა ოპოზიციის მიმართ, ამიტომაც გადავდექი.

(…)

აფხაზეთში მოსახლეობის მოლოდინები არ გამართლდა, რაულ ხაჯინბას პოლიტიკა კრახს განიცდის. არავითარი რეფორმები, არავითარი პროფესიონალიზმი… მხოლოდ პოპულიზმი და დილეტანტიზმი. აფხაზეთის მართვა კი პოპულისტური მეთოდებით შეუძლებელია. ყველა დაპირება ბლეფი აღმოჩნდა. დღითიდღე უარესდება კრიმინოგენური სიტუაცია… მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ, რაც ჩემს სამშობლოში ხდება. საზოგადოება გაღიზიანებულია ხელისუფლების მოქმედებით.

ჩემი აზრით, ერთი წლის წინ მოხდარი მოვლენის მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ გაჩნდა ხელისუფლების ძალით დამხობისა და მიტაცების პრეცედენტი. სად არის იმის გარანტია, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც იგივე სიტუაციაში არ აღმოჩნდება, როგორშიც ჩვენ აღმოვჩნდით? ანტიკონსტიტუციური მოქმედების შედეგები ყოველთვის საშიშია. არავინ არ იცის, როდის დაუბრუნდება მათ თავიანთი ქმედება ბუმერანგის სახით.

«Радио Голос Америки» (აშშ), 19 ივნისი, 2015 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/nestan-charkviani-on-pre-trail-tedension-for-pankisi-terrorist-suspect/2827988.html

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებთან კავშირებში ეჭვმიტანილებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ნესტან ჩარკვიანი

(შემოკლებით)

აშშ-ის რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ეთერით გადაიცა მასალა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის თაობაზე, რომლის შედეგად წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს 14 ივნისს დაკავებულ იმ 4 პიროვნებას (აიუპ ბორჩაშვილს, დავით პირისებიას, გიორგი კუპრავას, გიორგი ხუტუნიშვილს), რომლებთაც ბრალდება აქვთ წაყენებული „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირებში. მათგან ერთ-ერთის – პანკისის მცხოვრებ აიუპ ბორჩაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლითაა აღძრული: პირველი – ადმიანების გადაბირება ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობის მიზნით (327-ე მუხლი – პატიმრობა 5-დან 10 წლამდე) და მეორე – უცხოეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციისადმი დახმარების გაწევა ან მასში გაწევრიანება (328-ე მუხლი – პატიმრობა 10-დან 17 წლამდე). დანარცენ სამს, რომლებიც თბილისელები არიან, ასევე 328-ე მუხლით აქვთ ბრალდება წაყენებული.

ოთხივე ეჭვმიტანილი დანაშაულს უარყოფენ. აიუპ ბორჩაშვილი აღიარებს, რომ მას მართლაც ჰქონდა კონტაქტები „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელბთან, თარხან ბათირაშვილის ჩათვლით. მან ისიც განაცხადა, რომ თურქეთში რამდენჯერმე ჩავიდა, მაგრამ შემდეგ სისრიაში არ გადასულა, როგორც ეს ბრალდებაშია აღნიშნული. მისი მტკიცებით, თურქეთში მხოლოდ რელიგიური საქმეებისათვის ჩადიოდა და ამისათვის მას ორგანიზაცია „მუსულმანური ძმობა“ ეხმარებოდა.

დანარჩენი ეჭვმიტანილებიც აცხადებენ, რომ თურქეთში მხოლოდ რელიგიური სწავლა-განათლების მისაღებად დადიოდნენ, რაშიც მათ ერთ-ერთი ორგანიზაცია ეხმარებოდა. ავიაბილეთებს ისინი საკუთარი ფულით ყიდულობდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, ეჭვმიტანილთა მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები 70 მოწმის ჩვენებას შეიცავს. არსებობს აზრი, რომ აიუპ ბორჩაშვილის დაპატიმრებაში დიდი როლი შეასრულეს ადგილობრივმა პანკისელმა სუფისტებმა, რომლებიც სალაფიტების (კონსერვატიული ისლამისტების, ანუ ვაჰაბიტების) გავლენის გაძლიერებას ეწინააღმდეგებიან. ვაჰაბიტებს სწორედ აიუპ ბორჩაშვილი მიეკუთვნება. ადგილობრივი სუფიების მტკიცებით, ვაჰაბიტები პანკისელი ახალგაზრდების გადაბირებას და მათ სირიაში საბრძოლველად გაგზავნას ეწევიან.

Comments are closed