globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 19th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): კიევი-თბილისი: ურთიერთობა „ცარიელი ფურცლიდან“ და „სააკაშვილის ექსტრადირება“

«День» (უკრაინა): უკრაინა-საქართველო: აქტიური თანამშრომლობა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების მიზნით

«Известия» (რუსეთი): რუსი დეპუტატები თბილისში მიემგზავრებიან // ქართველმა პარლამენტარებმა სათათბიროელი კოლეგები მიიწვიეს

«Առավոs//არავოტი» (სომხეთი): „ევრაზიული ზრაპრები“ ქართულ თემაზე // რუსეთი საქართველოზე ზეწოლას აძლიერებს და ცდილობს მასში სომხეთიც ჩართოს

«Göteborgs-Posten» (შვედეთი): მილიარდერის უცნაური პროექტი: ხეების შეგროვება

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/ukrainian-president-poroshenko-first-visits-in-georgia/3949170.html

კიევი-თბილისი: ურთიერთობაცარიელი ფურცლიდანდასააკაშვილის ექსტრადირება

ზაზა წულაძე

თბილისი და კიევი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25-ე წლისთავზე, პარტნიორობის ახალი ეტაპის, „ცარიელი ფურცლიდან“ დაწყებას ცდილობენ. სწორედ ეს მესიჯი გასდევს ლაიტმოტივად უკრაინის პრეზიდენტის ჩამოსვლას საქართველოში.

პეტრო პოროშენკო, რომელიც 2014 წლის ზაფხულიდან მართავს უკრაინას, პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება „მეგობარ ქვეყანაში“. მისი წინამორბედი ვიქტორ იანუკოვიჩი (2010-2014) საქართველოში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო (2005-2010) ჩვენს ქვეყანას ექვსჯერ ესტუმრა. მათ შორის, ბოლოს 2008 წლის ივლისში.

პეტრო პოროშენკომ თბილისში ვიზიტს „ისტორიული“ უწოდა, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს „ახლო მეგობარი“, საქართველოს კი – „სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც უკრაინა ძალიან ენდობა“. მან აღნიშნა, რომ საქართველოში „თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობს“ და ქედი მოიხარა იმ ქართველი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის სიცოცხლე გასწირეს. უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მისი მეუღლის, პირველი ლედის მარინა პოროშენკო-პერევედენცევას დიდი ბაბუა და ბებია, 1933 წელს, „გოლოდომორის“ და 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, თბილისში „ქართველებმა შეიფარეს და გადაარჩინეს“.

ორმხრივი მოლაპარაკების მთავარი თემატიკა: რეგიონის უსაფრთხოება, რუსული ოკუპაცია, ეკონომიკა და ტურიზმია. სწორედ ამ მიზნით, ვიზიტის პროგრამით ბათუმსა და მესტიაშიც ჩასვლაა დაგეგმილი.

თბილისი მზადყოფნას გამოთქვამს რომ „ორმხრივი ურთიერთობა უკრაინასთან კიდევ უფრო გააღრმაოს“. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა დღეს „სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის შესახებ“ დეკლარაციაც გააფორმეს.

ექტრადირების პრობლემა

ვიზიტის პირველივე დღეს პეტრო პოროშენკომ ყველაფერი გააკეთა, რომ ორ ქვეყანას შორის, ბოლო წლებში გაჩენილი ერთგვარი „სიცარიელე“ და „უნდობლობა“ ერთი ხელის მოსმით დაეძლია. უკრაინის პრეზიდენტი, ბუნებრივია, შეეხო ქართულ-უკრაინული უთანხმოების „მთავარ მიზეზსაც“ – მიხეილ სააკაშვილსა და მისი შესაძლო ექსტრადირების თემას: „ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ეფექტური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე თხოვნა არ მიგვიღია. ამიტომ ჩვენ არ ვმსჯელობთ და არ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს საქართველოს მთავრობის საქმეა. მოთხოვნის მიღების შემდეგ ვნახოთ…“.

სინამდვილეში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით, უკრაინის გენერალურ პროკურატურას ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვალსა და აპრილში მიმართა, თუმცა ორჯერვე უარი მიიღო. უკრაინის გენპროკურატურამ ეს უარი „საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის რისკისა“ და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების 1950 წლის კონვენციის მოთხოვნებით ახსნა.

ქართული მხარის პირველი მოთხოვნის დროს, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტიდან, „სტუდენტობის დროინდელ მეგობარ“ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის სტატუსი ჰქონდა და „რეფორმატორთა გუნდის“ შეკრება ევალებოდა. მეორე მიმართვის შემდეგ კი, 2015 წლის მაისში, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

ოდესაში 17 თვიანი საქმიანობის შემდეგ, უკრაინის ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ (РУХ НОВИХ СИЛ) ლიდერის რანგში, სააკაშვილი ამჟამად პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ყველაზე მწვავე ოპონენტთა რიგებშია. მიხეილ სააკაშვილის გადადგომიდან 9 თვის თავზე კი პოროშენკო პოროშენკო თბილისს სწორედ ოდესიდან ეწვია.

ექს-პრეზიდენტი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამ დრომდე მხოლოდ ქვეყნის შიგნით იძებნება. 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციების დარბევისთვის, სასამართლოს მისთვის წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მიხეილ სააკაშვილის გვარი სხვა სისხლის სამართლის საქმეებშიც ფიგურირებს. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, თბილისში აღიარეს რომ მისი ექსტრადირების შანსი სამართლებრივად უკვე გამოირიცხა. თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილი დღემდე შიშობს, რომ თბილისი და კიევი შეიძლება გარიგდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში იგი კერძოდ ამბობს: „პეტრო პოროშენკოს აქვს ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკება. ეს ეჭვს არ იწვევს. ეს ყველაფერი არის მანევრები ჩემი მოქალაქეობის საკითხის გარშემო. რამდენჯერ შემომითვალეს მუქარა, ხალხიც გამომიგზავნეს და ბოლოს პირდაპირ მითხრეს, რომ თუ ახლა არ გაჩერდები, როგორც შემოგიშვით უკრაინაში, ისე გაგიშვებთო“.

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს „მიხეილ სააკაშვილის თემა“ საერთოდ არ განიხილება.

ექსტრადირების თემასთან დაკავშირებით, საინტერესოა, უკრაინის მოქალაქის იგორ კირიუშინის შემთხვევა. კიევის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კირიუშინი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკრაინის მოთხოვნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 2017 წლის 25 მარტს დააკავა. უკრაინის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც 2 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 77 მილიონი დოლარის) მითვისება და უკრაინის ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის “კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა” ბრალდება, წინასაექსტრადაციო პატიმრობაშია და კიევი მის გადაცემას მოუთმენლად ელოდება.

——

P.S. პეტრო პოროშენკო დღის ბოლოს ისე მიუბრუნდა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მის მიერვე გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა:

„ახლა გადავამოწმე ინფორმაცია. უკრაინამ გასცა ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია. სამწუხაროდ, არ ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება. ჩვენ არ შევხებივართ ექსტრადირების საკითხს ამ ვიზიტის დროს, მაგრამ თუ ეს მომავალში მოხდება, ეს იქნება ძალოვანი სტრუქტურების და გენერალური პროკურორის პრეროგატივა. დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ საქართველოსთან ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაში. თუმცა, მე ამაში არ ვერევი. პერსონალურად არავინ განგვიხილავს, მათ შორის არც სააკაშვილი. ზოგადად სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ დადასტურდება კრიმინალი, ცხადია, მოვიქცევით შესაბამისად“.

«День» (უკრაინა), 19 ივლისი, 2017 წელი

https://day.kyiv.ua/ru/article/den-planety/o-vizite-poroshenko-i-faktore-saakashvili

უკრაინა-საქართველო: აქტიური თანამშრომლობა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების მიზნით

სტატიაში გადმოცემული და განხილულია უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტის პირველი დღე საქართველოში: მისი მოლაპარაკება ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან, ჟურნალისტებთან შეხვედრა, ერთობლივი განცხადებები და ა.შ. (ავტორი – მიკოლა სირუკი).

პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბედის საკითხსაც – მოხდება თუ არა მისი ექსტრადირება საქართველოში.

„საჭიროა აღნიშნოს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი იმ დროს მიმდინარეობს, როცა ვერხოვნა რადას წევრი „დემალიანსიდან“ სერგეი ლეშენკო საკმაოდ უცნაურ განცხადებებს აკეთებს: სასტუმრო „ბუკოვინაში“ გამართული პრესკონფერენციის დროს მან აღნიშნა, რომ უკრაინას ბედმა გაუღიმა, მის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილი რომ იმყოფებაო. „იგი არის ისეთი პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა თანამედროვე სახელმწიფოდ გადააქციაო. კიდევ უფრო გასაკვირია მისი სიტყვები: „უკრაინის პოლიტიკუმის ნაწილი ცდილობს მიხეილ სააკაშვილი „ტოქსიკურ პოლიტიკოსად“ წარმოსახოს და უკრაინის პოლიტიკურ პროცესებზე მისი გავლენის მარგინალიზება მოახდინოს“. მაგრამ ხომ ცნობილია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული? რაში დაჭირდა სახლხო დეპუტატ სერგეი ლეშენკოს ამგვარი განცხადებების გაკეთება მაშინ, როცა თბილისში პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმყოფება? ხომ ისედაც ყველამ იცის, რომ ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი ვიზიტის მომზადება-რეალიზების ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა?

პუბლიკაციის დასასრულს მოცემულია ქართული გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის კომენტარი-შეფასება პეტრო პოროსენკოს ვიზიტის შესახებ: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში. ბევრი ერთნაირი პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი, ბევრი რამ გვაერთიანებს ისტორიულად და კულტურულად… ორივე შავი ზღვის სახელმწიფოები ვართ. კარგია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი განხორციელდა. ვიმედოვნებ, გაურკვევლობები წარსულს ჩაბარდება, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც. ჩვენთვის იმდენად ძვირფასია სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები, რომ მათ განვითარებას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს“.

«Известия» (რუსეთი), 19 ივლისი, 2017 წელი

https://iz.ru/619335/aleksei-zabrodin/rossiiskie-deputaty-priedut-v-tbilisi

რუსი დეპუტატები თბილისში მიემგზავრებიან

ქართველმა პარლამენტარებმა სათათბიროელი კოლეგები მიიწვიეს

ალექსეი ზაბროდინი

რუსი დეპუტატების დელეგაცია, პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქართველ კოლეგებთან შესახვედრად, თბილისს ეწვევა. მისი თქმით საპარლამენტო დიპლომატიამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთს და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაში, სავიზო პრობლემების მოგვარებასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში, – ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბარში.

რუსულ-ქართული დიალოგი დეპუტატების დონეზე ბოლო ათწლეულში მინიმუმადე იყო შემცირებული, თუმცა ორივე ქვეყნის პარლამენტართა მცდელობით, სახელმწიფოთაშორისო კონტაქტების ამ არხმა აღდგენა დაიწყო. საქართველოს პარლამენტის წევრები პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან“ უკვე იყვნენ მოსკოვში, სადაც რუსი დეპუტატების ჯგუფს შეხვდნენ ლეონიდ კალაშნიკოვის ხელმძღვანელობით. კონსულტაციების დროს მხარეებმა მოილაპარაკეს არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალში ოფიციალურ სტატუსს მიიღებს.

როგორც „იზვესტიას“ ლეონიდ კალაშნიკოვმა აცნობა, ქართველმა დეპუტატებმა რუსი კოლეგები თბილისში მიიწვიეს. მისი თქმით, ასეთი კონტაქტებ შეუძლიათ დადებითი გავლენა მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. თავის მხრივ, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის წევრები ქართველი კოლეგების წინადადებას დათანხმდენენ.

„ჩვენ აუცილებლად წავალთ თბილისში. რუსი პარლამენტარები, მინიმუმ ათი წელი არ ყოფილან საქართველოში. ასეთი კონტაქტები აუცილებელი ფართო სპექტრის საკითხების გადასაწყვეტად. სეხვედრებზე განხილული იქნება დიპურთიერთობასთან, ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები. შევეცდებით აგრეთვე სავიზო რეჟიმის გაიოლებასაც. კარგია, როცა ასეთი ინიციატივები ორმხრივია“, – ამბობს პოლიტიკოსი. დეპუტატმა აღნიშნა, რომ რუსი და ქართველი პარლამენტარებს იმედი აქვთ შედეგებს მიაღწევენ და თავიანთ წვლილს შეიტანენ მოსკოვისა და თბილისის დიალოგის უფრო სერიოზულ დონეზე გამართვის მიზნით: „ჩვენი ურთიერთობების რთული საკითხების გადაწყვეტაში საპარლამენტო დიპლომატიამ თავისი სიტყვა უნდა თქვას“, – ხაზი გაუსვა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ, თავის მხრივ, „იზვესტიასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ „ჩიხური მდგომარეობიდან“ დიალოგის გარეშე გამოსვლა შეუძლებელია. „ორივე მხარე დაინტერესებულია, რომ ასეთი შეხვედრებით კონკრეტულ შედეგს მიაღწიოს“.

„რასაკვირველია, არის კიდევ ისეთი დამატებითი საკითხები, რომლებსაც დიალოგით ვერ მოაგვარებ, მაგალითად, კანონი „ოკუპაციის შესახებ“. მაგრამ პარლამენტისა და მთავრობის დონეზე ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი პოზიცია სწორად იქნეს გაგებული და მიღებული. თუმცა ჩვენი მთავრობას ჯერ-ჯერობით ან ვერ აცნობიერებს, რომ ეს აუცილებელია, ან ამის გაგება არ სურს. მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ: საზოგადოებას ყველაფერს ხვდება და ბოლოს სიტყვაც ხალხს ეკუთვნის“, – ამბობს ქართველი დეპუტატი.

ცხადია, არის ისეთი აზრიც: ოფიციალური საპარლამენტთაშორისო ჯგუფის შექმნა ჯერ-ჯერობით ნაადრევია, რადგან საქართველოში რუსეთთან კონტაქტების ასეთ იდეას ყველა არ იზიარებს. როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს „იზვესტიასთან“ საუბარში, „პატრიოტთა ალიანსმა“ მსგავსი შეხვედრებისათვის ისეთი დრო შეარჩია, როცა დიდი დრო არაა დარჩენილი ადგილობრივი ორგანოების არჩევნებამდე. თუმცა, დეპუტატის აზრით, ურთიერთობა საპარლამენტო დონეზე მაინც საჭიროა.

„დიალოგი ყოველთვის სჯობს დუმილს. ყველა დონეზე უნდა ვიპოვოთ საუბრის შესაძლებლობა, რათა გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შედეგებს მივაღწიოთ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“, – თქვა დავით ჭიჭინაძემ.

კვლევითი ცენტრ „ახლო აღმოსავლეთი – კავკასიის“ დირექტორმა სტანისლავ ტარასოვმა „იზვესტიას“ განუმარტა: „საქართველოს პოლიტიკური ელიტის ნაწილი მიხვდა, რომ კავშირების განვითარება მხოლოდ დასავლეთთან არაშორსმჭრეტველურია. აუცილებელია თანამშრომლობა ტველა მიმართულებით და პირველ რიგში, რუსეთთან“. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკა იცვლება, აშშ-ის ინტერესებმა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კავკასიის სამხრეთით გადაინაცვლა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მოსკოვ-თბილისის საპარლამენტო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია, რომელიც მოლაპარაკების ფორმატის გაფართოებაზე მეტყველებს.

«Առավոs//არავოტი» (სომხეთი), 18 ივლისი, 2017 წელი

http://ru.aravot.am/2017/07/18/246182/

„ევრაზიული ზრაპრები“ ქართულ თემაზე

რუსეთი საქართველოზე ზეწოლას აძლიერებს და ცდილობს მასში სომხეთიც ჩართოს

რუბენ მეღრაბიანი

(შემოკლებით)

„საქართველოს ევროპული არჩევანი რუსეთს მოსვნებას არ აძლევს, რადგანაც თბილისის კურსი „რუსული“ სისტემისათვის სახიფათო ალტერნატივად ითვლება. საქართველომ გაბედა და ისეთი ცხოვრება დაიწყო, როგორიც თვითონ სურს და არა ისეთი, როგორსაც ადრე ჩრდილოეთიდან კარნახობდნენ მრავალი წლის განმავლობაში.

რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველოში ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ დადებითად შეიცვალა. ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას „ქართული ნიმუშის“ მსგავსი გარდაქმნებისა ძალიან ეშინია. ამიტომაც ცდილობს თავის მოკავშირეებს უკარნახოს, რომ „საქართველოს თემაზე“ ბევრი არ ილაპარაკონ.

რუსეთი ცდილობს კონტროლი აღადგინოს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რომელმაც ბოლო დროს ჰიბრიდული სახელწოდება მიიღო – „ევრაზია“, თუმცა საქართველო თვლის, რომ „ევრაზიასთან“ მას არავითარი კავშირი აღარ აქვს. რასაკვირველია, მოსკოვი იძულებულია ანგარიში გაუწიოს მისგან თავისუფალი საქართველოს არსებობას. როგორც არ უნდა აღშფოთება გამოხატონ რუსმა იმპერიელებმა, შოვინისტებმა და ე.წ.„ლიბერალებმა“, რომლებიც ოპოზიციური რიტორიკით არიან შენიღბულნი, ისინი თვითონაც აღიარებენ, რომ ქართული გარემო, საქართველოში არსებული სიტუაცია ასობით ათას რუს ტურისტს ძალიან მოსწონს.

ესე იგი, „რაღაც უნდა გაკეთდეს“ იმისათვის, რომ ასეთი შთაბეჭდილება განეიტრალდეს. ჰოდა, სანამ დასავლეთი თავისი შიდა პრობლემებითა და კორექციებითაა გართული, რომლებიც წლობით გრძელდება, რუსეთი თავისი „ივანისებური“ სიჯიუტით აჭერს ფეხს ქართულ აქილევსის ქუსლს – საზღვრის საკითხს. მოსკოვს სურს, რომ „მოკავშირე“ სომხეთთან დასაკავშირებლად ახალი გზა ჰქონდეს და ამისათვის ცდილობს მხოლოდ მისგან აღიარებულ „სახელმწიფოებს“ – აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს მოლაპარაკებაში თანაბარი სტატუსი ჰქონდეთ, რაზედაც, ცხადია,  საქართველო არასოდეს დათანხმდება.

ამ მოსკოვურ „ოპერაში“ „რუსეთ-საქართველოს საუკუნო მეგობრობის“ თემაზე აუცილებლად უნდა გაჟღერდეს სომხეთი მტავრობის არია, ვთქვათ, „ლარსის ალტერნატივაზე“, „აფხაზეთის რკინიგზაზე“ და სხვა „სასწაულებზე“. ასე მოხდა მაშინაც, როცა კარასინ-აბაშიძის კონსულტაციების დროს კვლავ წამოიწია საკითხმა, თუ როგორ უნდა იქნეს გაკონტროლებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული რუსეთ-საქართველოს საზღვარი. „სავაჭრო დერეფნების“ პრობლემა ჯერ გადაწყვეტილი არაა, სომხეთი კი ამ დროს, ყველაზე დაძაბულ მომენტში, იწყებს იმის ძახილს, რომ აი, უკვე ვიპოვეთ „ლარსის ალტერნატივა“ და „რუსეთის ტრანზიტის ახალი მიმართულებაო, სომხეთი საქართველოს ევრაზიულ კავშირთან ვაჭრობაში დაეხმარებაო.. მაგრამ საბოლოოდ რა გამოვიდა? სომხეთის ტრასპორტის მინისტრის „საიმედო“ განცხადებებს ზურაბ აბაშიძემ დამსახურებულად გადაასხვა „ცივი წყალი“, როცა თქვა, რომ ერევან ამ საკითხში რაიმე შორსმიმავალი იმედები არ უნდა ჰქონდეს.

ესე იგი, რა საჭირო იყო „ეს „ევრაზიული ზღავპრები“ ქართულ თემაზე? მით უმეტეს, რომ საეჭვოა სომხეთის მთავრობამ არ იცოდეს, რაზეა სინამდვილეში ლაპარაკი… განა ერევანი ვერ ხვდება, რომ ასეთი რამ შეუძლებელია, სანამ რუსეთი არ შეცვლის თავის მიერვე შექმნილ „რეალიებს“?

სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი გზების თემა ყველაზე საყვარელ არგუმენტად ითვლება სომხეთის მთავრობებეისათვის, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან ქვეყნის დამაქცევარი პოლიტიკის გატარების შემდეგ. რა თქმა უნდა, „ლარსის ალტერნატივის“ ძიება, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, გავიხსენოთ, რამდენჯერ ეძებდნენ და იპოვეს – ხან ირანთან დამაკავშირებელ გაზსადენში, რკინიგზაში, ხან სპარეთის ყურესა და შავი ზღვის დერეფანში… და საერთოდ, განა ჩვენმა მთავრობამ თვითონ არ აირჩია „ლარსი“ რუსეთთან (და შესაბამისად, ევრაზიულ კავშირთან) დამაკავშირებელი კომუნიკაციის სახით და სომხეთს ლოდივით არ ჩამოჰკიდა კისერზე? რომელ ალტერნატივაზე ლაპარაკობს ჩვენი მთავრობა?

იმავდროულად, სომხეთის მთავრობამ მშვენივრად იცის, თუ რა კაპიკის ფასი აქვს რუსეთთან შეთანხმებებს, „რუსულ ალტერნატივებს“ და როგორი პერსპექტივა აქვს სომხეთს ნგრევადაწყებულ რუსულ სახელმწიფოსთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერევანმა თავი უნდა დაანებოს რუსეთთან გზების საიმედო ალტერნატივებზე ფიქრს. ეს ჩვენს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობაში შეიძლება ხინჯად დარჩეს – ერთადერთ მეზობელთან, რომელთანაც საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და რომლის წარმატებებზეა დამოკიდებული სომხეთის წარმატებებიც.

«Göteborgs-Posten» (შვედეთი), 18 ივლისი, 2017 წელი

https://www.gp.se/nyheter/v%C3%A4rlden/miljard%C3%A4rens-galna-projekt-l%C3%A4nsar-orter-p%C3%A5-tr%C3%A4d-1.4446600

მილიარდერის უცნაური პროექტი: ხეების შეგროვება

სანდრა მოლივერი

(შემოკლებით)

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისათვის ყველაფერი ცოტაა, მცენარეებისადმი დიდი სიყვარული გამო მან გიგანტური დენდრარიუმის მოწყობა გადაწყვიტა. გეტებორგის მცხოვრები მარია საქართველოში ყოფნის დროს საკუთარი თავლით დაინახა, თუ როგორ გადააქვთ უძველესი, მრავალწლოვანი ხეები. „ეს ძალიან ნაღვლიანი და სამწუხარო დასანახი იყო“, – ამბობს მარია.

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბს“-მა ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს მიაკუთვნა. მის სასახლეს პაბლო პიკასოს სურათები ამშვენებს. იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო 2012-2013 წლებში. საბჭოთა კავშირის დაშლის წყალობით ბიძინამ საბანკო გარიგებებში დიდი ფული დააგროვა და ბევრი საწარმო ჩალის ფასად იყიდა. 2003 წელს იგი [რუსეთიდან] საქართველოში დაბრუნდა, ჯიბეში მილიარდებით. ამჟამად ბიძინა ივანიშვილს გიგანტური ხეებისადმი ინტერესი აღეძრა – უძველესი, დიდებული და იშვიათი ჯიშებისადმი.

ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, ათასწლოვან ბაობაბებს და ასწლოვან მაგნოლიებს ძირ-ფესვიანად თხრიან და სხვა ადგილზე გადააქვთ – შავი ზღვით, მილიარდერის დახურულ რეზიდენციაში. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ქართული ოპოზიცია ისედაც ნეგატიურადაა განწყობილი: მათი აზრით, მილიარდერი ქვეყნის პოლიტიკას კულისებიდან აკონტროლებს და ცდილობს თავისუფალი მასმედია ცაახშოს. ამიტომაც დამატებით კიდევ უნიკალური ჯიშის ხეების მითვისება  კრიტიკოსების მიერ უმაღლეს ეგოიზმად განიხილება. „ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რაც სეიძლება მეტად ასიამოვნონ ბიძინა ივანიშვილს. ისინი მის ყველა კაპრიზს ასრულებენ; ეხმარებიან ხეების გადატანაში, ყველაფერს აკეტებენ, რომ მას კომფორტი შეუქმნან. მაგრამ ამით ჩვენი კურორტი  თავის სახეს კარგავს, ბუნებასტან თამაში ლანდშაფტს ზიანს აყენებს“, – ასე ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე აჭარის ტელეარხ 1TV-ის ეთერში გამოსვლისას.

გეტებორგის მცხოვრები მარია, 34 წლის ქალბატონი, ამ დღეებში შინ დაბრუნდა საქართველოდან, სადაც იმან შვებულება გაატარა. „ჩვენ ქობულეთში ვიყავით, დასავლეთ საქართველოში და საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ მიჰქონდათ ბევრი ხე – უძველესი ევკალიპტები, დიდი ფესვებით. ზოგიერთი ხის მოსათხრელად სპეციალურად გზებიც კი გაიყვანეს“, – ამბობს მარია. მისი ოჯახის წევრები შეეცადნენ გაეგოთ რაში იყო საქმე.

„ჩვენ ვეკითხებოდით ტაქსის მძღოლებს და მათ გვითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხეების პარკს აშენებს და ამიტომ ხდება ეს ყველაფერიო. ჩვენ გაოგნებულები დავრჩით ხეების ბედით: იმ ადგილებზე, სადაც ისინი ხარობდნენ, ახლა უზარმაზარი ორმოებია დარჩენილი და ის მოჭრილი ხეები, რომლებიც მუშებს ხელს უშლიდნენ. საინტერესოა, რომ მოსახლეობა უკმაყოფილებას მაინცდამაინც არ გამოხატავდა. ალბათ იმიტომ, რომ მათ, ვის მიწაზეც ეს ხეები ხარობდა, ივანიშვილი ფულს უხდის“, – ამბობს მარია.

ზუსტად არავინ იცის, რამდენი ხე იქნა ამოთხრილი, თუმცა ეს ფაქტები ქართულმა მასმედიამ გასულ წელს გააშუქა. ოპოზიციური რესურსის Jam News-ის თანახმად, ხეების შეგროვებაში ასობით ადამიანია დასაქმებული. ადგილობრივი ხელისუფლება და კერძო მესაკუთრე მილიარდერისაგან გარკვეულ კომპენსაციას იღებს… ხელისუფლება ბიოლოგების და რიგითი მოქალაქეების პროტესტს ყურად არ იღებს. ასეთი „წმენდა“ თანთანაობით ცვლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახეს. „ეს ისეთი მასშტაბის მოქმედებაა, რომ პრაქტიკულად, რეგიონის ლანდშაფტი იცვლება“, – ამბობს გარემოს დამცველი ნატა ფერაძე.

საქართველო მსოფლიოში ცნობილი ქვეყანაა ფლორის უპრეცედენტო სიმდიდრით, უიშვიათესი და უნიკალური ხეების ჯიშებით. შვედეთისაგან განსხვავებით, საქართველო ბოლო გამყინვარების პერიოდში არ დაზარალებულა. ამიტომაც იქ არსებული ხეები, შვედეთთან შედარებით, აბსოლუტურად სხვანაირია, მათი ასაკი ასობით და ათასობით წელს შეადგენს და უახლოეს ასწლეილში ისინი შეუცვლელნი არიან.

გეტებორგის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო კურატორი ჰენრიკ შემანი რამდენჯერმე არის ნამყოფი საქართველოში, ადგილობრივი ხეების სესწავლის მიზნით. ამის შესახებ ცოტა ხნის წინათ გეტებორგის ტელეარხმა P4 მაყურებლებსაც აცნობა.. ჰენრიკ შემანის ტქმით, საქართველოს ფლორა აუცილებლად უნდა დაცული უნდა იქნეს და მომავალ თაობებს შეუნარჩუნდეს. „საქართველოში ენდემური ტყეებია. მისი მსგავსი მსოფლიოში სხვაგან არსად არაა. იქ არის წიფელისა და ნეკერჩხლის, უთხოვარისა და ტირიფის ტყეები… უთხოვარი, რომელიც 45 მეტრი სიმაღლისაა, მისი ასაკი კი 2,5 წელს არწევს“, – ამბობს იგი.

მიუხედავად იმისა, რომ რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს ხეების მოსაგროვებლად, საქართველოში არის ისეთი რეგიონები, რომლებიც შეიძლება ქართველ მილიარდერს გადაურჩნენ. „ბევრი ადგილი მიუწვდომელ მთებშია. იქ არის ხეობები ისეთი უღრანი ტყეებით, მცენარეებით, რომ გზა ორ თვეში შეიძლება გაუვალი გახდეს. ასეთ ადგილებში ხეები მოჭრისაგან დაცულნი არიან, იქამდე მისვლა ძალიან ძნელია“, – ამბობს ჰენრიკ შემანი.

——–

სტატიაში აღწერილია ხეების გადატანის რთული პროცესი: „მათ ირგვლივ მიწის მოთხრა ფესვების მიხედვით, ხეების ქვეშ გასაბერი ბალიშის მოთავსება, ამოღება და გემზე გადატანა. თუ საჭიროა, ნავსადგურამდე გზა ელექტროგადამცემი ხაზებისაგან თავისუფლდება. გემებით (კონტეინერებით, ბარჟებით) ხეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მიაქვთ“.

პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის მოკლე ბიოგრაფია:

„ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ბორის ივანიშვილადაც იცნობენ, 1956 წელს დაიბადა საქარტველოში. 1980-იან წლებში უმაღლეს სასწავლებელი დაასრულა. შემდეგ იგი, თავის კომპანიონთან ერთად, ბიზნესმენი გახდა, რომელმაც სსრ კავშირში კომპიუტერების იმპორტი პირველმა განახორციელა. როცა სსრკ დაემხო, ბიძინა ივანიშვილმა ბანკი შექმნა და სახელმწიფო საწარმოები ჩალის ფასად შეიძინა, რაც მისი სიმდიდრის საფუძველი გახდა. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, მაგრამ 2013 წელს პოსტიდან გადადგა. მასზე ამბობენ, რომ მასმედიააზე ზეწოლას ახდენსო, ახშობს დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებებსო, ტელერახ „რუსთავი-2’-ის ცათვლით. ოფიციალურად, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აღარ ერევა, პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მას არანაირი სახელმწიფო თანამდებიობა აღარ უკავია“.

Comments are closed