globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 19th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ერთადერთი ფანჯარა – რუსეთი: რატომ არ სარგებლობენ აფხაზები და ოსები საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული უვიზო რეჟიმით?

«Astana TV» (ყაზახეთი): ინტერვიუ ერმუჰამბეთ ერისბაევთან: „ყაჩაღანის“ ნავთობის ექსპორტი საქართველოს გავლით გაიზრდება… საქართველოს ეკონომიკაში ყაზახეთმა ძალიან დიდი ინვესტიციები დააბანდა“

«RFE//RL//Радио Свобода//Эхо кавказа» (აშშ): ვინც თბილისს ფლობს, ის კავკასიაც ფლობს? // ინტერვიუ გიორგი მასალკინთან: ანკარა-თბილისის ურთიერთობა და აჭარის საკითხი

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 ივნისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/abkhazia-south-ossetia-window-in-russia/3903656.html

ერთადერთი ფანჯარა - რუსეთი: რატომ არ სარგებლობენ აფხაზები და ოსები საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული უვიზო რეჟიმით?

ნინო დალაქიშვილი

ქართველები, აფხაზები და ოსები იშვიათად და მცირე ჯგუფებით, მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ერთმანეთთან შეხვედრას მაინც ახერხებენ. ასეთი კონტაქტის დროს ახალსა და ძველ ამბებს, პირად შეხედულებებს, ნათესაურ და პოლიტიკურ ამბებს ერთმანეთს უცვლიან. ყველაზე ხშირად რასაც „აღმოაჩენენ“ კი ის გახლავთ, რომ ერთმანეთის საერთო სურვილები და საჭიროებები ხშირადემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საზოგადოებებს სხვადასხვაგვარ რეალობაში უწევს განვითარება.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების და განსაკუთრებით კი შენგენის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობის მიღების შემდგომ, აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვისაც ანალოგიური წინადადებები იქნა შეთავაზებული. მიუხედავად ამისა, ქართული პასპორტის აღების მსურველთა რაოდენობა განსაკუთრებულად არ გაზრდილა.

თამარ თოლორდავა, ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური შეხვედრების რამდენიმეგზის მონაწილე და ილიაუნის სოციალური მოძრაობების შემსწავლელი კვლევების ცენტრის კოორდინატორი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ასეთ ვითარებას იმით ხსნის, რომ იოლი არაა მტრისგან განათლების უცხოეთში მიღების წინადადებაზე თანხმობა განაცხადო – აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვის ქართველები ხომ დღემდე მტრებად რჩებიან:

„ომის მონაპოვარი აფხაზებისთვის არის ის, რომ ისინი არიან დამოუკიდებლები. ჩანს, რომ ჩვენ მათთვის მტრები ვართ. შესაბამისად, მათთვის მტკივნეულია მიიღონ მტრისგან შეთავაზებული დახმარება. ამიტომაა, როდესაც მათთვის უვიზო მიმოსვლის შეთავაზებაზეა საუბარი, მე ამას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ. მტრის პასპორტის აღება იმისთვის, რომ ევროპაში გადაადგილდე – ამაზე რამდენად წავა აფხაზების დიდი ნაწილი, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, გადაწყვეტით პასუხი ნამდვილად არ მაქვს. ალბათ, უნდა დაველოდოთ და სტატისტიკურ მონაცემებსაც დავაკვირდეთ. ჯერ–ჯერობით, საჯარო ინფორმაცია არ დევს ამის შესახებ. რამდენადაც ვიცი, მხოლოდ ერთეულ ადამიანებს აქვთ გამოყენებული ეს შესაძლებლობა“, –  ამბობს თამარ თოლორდავა.

კითხვაზე, უცხოეთში განათლების მიღების თაობაზე და არის თუ არა ამგვარი დაკვეთა აფხაზური საზოგადოებიდან იმდენად, რამდენადაც ამგვარ შესაძლებლობასაც იძლევა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, იგი შემდეგნაირად პასუხობს: „განათლებაზე არის დაკვეთა. მე ხშირად დამიფიქსირებია სინანული მათ თვალებში, როდესაც მითქვამს, რომ განათლება დასავლეთში მივიღე. აფხაზი და ოსი ახალგაზრდები სასწავლებლად მიდიან, უმეტესწილად, რუსეთში. რასაკვირველია, კარგი იქნება, თუ უცხოეთში განათლების მისაღებად უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას გამოიყენებენ“.

მედეა ტურაშვილმა, ომბუდსმენის მრჩეველმა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში შეხვედრის დროს ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის მსგავსებსა და განსხვავებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალზე ორიენტირებულობის საკითხი წყალგამყოფია. დანარჩენ საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანები მომავლის გარკვეულ პერსპექტივებს ხედავენ, გეგმებს სახავენ, აფხაზეთსა და ოსეთში მაცხოვრებელი ადამიანები კი ძირითადად, კვლავ ომის კონტექსტში მოიაზრებენ საკუთარ თავს. „ჩვენ გვაქვს მომავლის შანსები, პერსპექტივები და ინსტრუმენტებიც. ვიზალიბერალიზაცია და ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივა გვეხმარება იმ გზაზე სიარულში რასაც ქვია თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. აფხაზეთს და ოსეთს ასეთი პერსპექტივა არ აქვს. ისინი არიან იზოლაციაში. მათთვის ერთადერთი ფანჯარა გადის პირდაპირ რუსეთში. რუსეთი კი არ სთავაზობს მათ თანამედროვე სახელმწიფოდ ქცევას.დღევანდელ ვითარებაში ეს ყველაფერი აისახება ღირებულებით დონეზე. ამ მხრივ დიდი განსხვავებაა ჩვენს საზოგადოებებს შორის, მაგალითად დემოკრატიის გააზრების, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით“.

ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური შეხვედრის მონაწილეები საუბრობენ იმის შესახებ, რომ დე–ფაქტრო რესპუბლიკებში მაცხოვრებელ ადამიანებს ყოფით და ყოველდღიურ თემებზე საუბარიც კი უმძიმთ. მუდმივი შიშის განცდა თითქოს მათი განუყრელი თანამგზავრია. ხელისუფლების გადაწყვეტილებებს იქ ღია პროტესტით ვერავინ შეხვდება, თუმცა არის გამონაკლისებიც – მაგალითად, როდესაც აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებამ მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობით ახსნა და აბორტის ამკრძალავი კანონი შემოიღო, ადგილობრივმა საზოგადოებამ საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირა. „ღია წყაროებიდან და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ვიცი, რომ დიდი უკმაყოფილება იყოს აბორტის აკძალვის გამო, როგორც არასამთავრობოების, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. პრეტენზია იმაზე ჰქონდათ, რომ კანონი ისე მიიღეს, არავის არაფერი ჰკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობდნენ, ჯანმრთელობის კუთხით ეს არაა კარგი კანონი, მაინც იქნა მიღებული. დიდი აჯანყება არ ყოფილა, მაგრამ პარლამენტი გააკრიტიკეს. ეს იყო პოპულისტური ნაბიჯი აფხაზი პოლიტიკოსების მხრიდან, რადგან დაიწყეს აპელირება დემოგრაგფიულ მდგომარეობაზე“.

ნინო ბალოიანი წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის გორის ოფისის ფსიქოლოგი ამერიკის ხმასთან ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური შეხვედრების შესახებ საკუთარ დაკვირვებებს გვიმხელს: „აფხაზ და ოს მონაწილეებში შეხვედრებზე უფრო მეტ კომპლექსს ვიჭერ. თითქოს ურთიერთობა უნდათ, მაგრამ ეშინიათ. პირველი ნაბიჯის გადადგმის შიში აქვთ. ჩვენ თავისუფლად მივდიოდით შეხვედრებზე, გასხნილად ვესაუბრებოდით. თვითონაც მეგობრულად მიგვიღეს შემდგომ და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, თუმცა თავდაპირველად ღიაობა ნამდვილად არ დაუფიქსირებიათ“.

ხელოვნური ბარიერებით, მავთულხლართებითა თუ მძიმე ყოველდღიურობის მიზეზით ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის მენტალური ნაპრალი თანდათან იზრდება. ეს ფაქტორი კი სხვებთან ერთად, თავისთავად შემაფერხებლად იმოქმედებს მომავალში სრულიად ბუნდოვანი „შერიგების“ პერსპექტივის თვალსაზრისით.

«Astana TV» (ყაზახეთი), 18 ივნისი, 2017 წელი

http://astanatv.kz/news/show/id/58292.html

ინტერვიუ ერმუჰამბეთ ერთისბაევთან: „ყაჩაღანის“ ნავთობის ექსპორტი საქართველოს გავლით გაიზრდება… საქართველოს ეკონომიკაში ყაზახეთმა ძალიან დიდი ინვესტიციები დააბანდა“

ყაზახეთის ტელეკომპანია «Astana TV»-ის საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამაში «Избранное за неделю» 18 ივნისს (საღამოს), გადაიცა ინტერვიუ საქართველოში ყაზახეთის ელჩთან ერმუჰამბეთ ერთისბაევთან, რომელშიც იგი ტელეჟურნალისტ კარიმა კურალოვას ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობასა და მის პერსპექტივებზე ესაუბრება.

ტელეჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ კლებულობდა 2008-2012 წლებში ვაჭრობის მოცულობა საქართველოსა და ყაზახეთს შორის, ყაზახი დიპლომატი ამბობს, რომ დეტალურად იქნა გაანალიზებული მიზეზები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო ერთიანი სარკინიგზო ტარიფების დაწესება. „ქართულ მხარესთან მოლაპარაკებისა და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმების შემდეგ ვაჭრობის მოცულობა ბოლო წლებში თანდათან მატულობს. უფრო მეტიც – აშკარად შეინიშნება ყახაზური ექსპორტის დომინირება“, – აღნიშნავს ელჩი.

ყახაზი დიპლომატი აღნიშნავს საქართველოს სპეციფიკას: „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაში ყაზახეთმა ძალიან დიდი ინვესტიციები დააბანდა. ამ დღეებში ასტანაში პრეზიდენტების – ნურსულთან ნაზარბაევისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის დროს ამ ფაქტზე აქცენტი იქნა გაკეთებული. ქართველმა ლიდერმა განაცხადა, რომ ქართულ ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციები ყახაზეთს უკან დაუბრუნდებოდა. სხვათა შორის, ყახაზეთმა საქართველოს ინვესტირება თბილისისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში დაიწყო. ჩვენი ფული საქართველოს ეკონომიკას ძალიან დაეხმარა. ვთქვათ, თბილისში ყოფნისას, ტურისტები აღფრთოვანებულნი შესცქერიან სასტუმრო „რედისონის“ შენობას, ასევე ბათუმში. ყახაზური ინვესტიციებით აგებული კომფორტული სასტუმრო ბათუმის სანაპირო ბულვარში მდებარეობს და სხვა შენობებისაგან აშკარად გამოირჩევა“.

ერმუჰამბეთ ერთისბაევის აზრით, ქართველმა მილიარდერმა-ბიზნესმენებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ყახაზეთისა ნავთობსა და გაზს. იგი საუბრობს აგრეთვე კომპანია „ყაზტრანსოილის“ მიერ ბათუმის, ფოთის და ყულევის სატვირთო ნავსადგურების გამოყენების შესახებაც: „რასაკვირველია, ხსენებულ პორტებში აზერბაიჯანელებთან კონკურენცია რთულია და ყველაფერი მენეჯმენტსა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. ჩვენმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ „ყაჩაღანის“ საბადო უკვე ამუშავდა. დღეს უკვე არის 80 მილიონი ტონა ნავთობი, იქნება 100 და მეტიც. ყახაზეთი დაინტერესებულია ტრანზიტით, ბათუმის პორტის უკეთ სარგებლობით და საქონელთბრუნვის მატებით“, – ხაზი გაუსვა დიპლომატმა ინტერვიუში.

«RFE//RL//Радио Свобода//Эхо кавказа» (აშშ), 18 ივნისი, 2017 წელი

https://www.ekhokavkaza.com/a/28561806.html

ვინც თბილისს ფლობს, ის კავკასიაც ფლობს?

ინტერვიუ გიორგი მასალკინთან: ანკარა-თბილისის ურთიერთობა და აჭარის საკითხი

„თურქეთსა და აზერბაიჯანში ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერების გამო საქართველოს წონასწორობის დაცვა. თბილისის მდგომარეობა ბაგირზე მოსიარულეს მოგვაგონებს, რომელსაც ფეხი რამდენჯერმე დაუცდა, მაგრამ ჯერ არ ჩამოვარდნილა“, – ამბობს ჟურნალისტი კატერინა პროკოფიევა აშშ-ის რადიო „თავისუფალი ევროპა//თავისუფლების“ რუსული სამსახურის – რადიო „სვობოდას“ პროექტ „ეხო კავკაზას“ ეთერში. იგი ამ თემაზე  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ფილოსოფიის კათერის დოცენტ გიორგი მასალკინს ესაუბრება.

ინტერვიუში გიორგი მასალკინი აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, საქართველო თავისი მეზობლების – თურქეთ-აზერბაიჯანის აქტიური პარტნიორია (კასპიის ნავთობის ექსპორტში), გარდა ამისა, საქართველო-თურქეთის საზღვარი ერთადერთია მეზობლებს შორის, რომელიც სრულადაა დელიმიტირებულ-დემარეკირებული. ამასთან, მეორე მხრივ – ორივე ქვეყანაში იზრდება ავტორიტარიზმის ნიშნები, რასაც საქართველოზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან და თურქ პედაგოგთან დაკავშირებულ ამბებს, საინგილოში მდებარე ქართულ ეკლესიაში მომხდარ ფაქტს და ა.შ. ცნობილია, რომ  საქართველო, ენერგოუზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებულია აზერბაიჯანზე. თბილისი ცდილობს, რომ ენერგიით უზრუნველყოფაში დივერსიფიცირება მოახდინოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით გაზით (და ნაწილობრივ ბენზინით) მომარაგების საკითხში აზერბაიჯანი მაინც მთავარ როლს ასრულებს.

„ვინ ვის უფრო ჭირდება – აზერბაიჯანს საქართველო თუ საქართველოს აზერბაიჯანი? აზერბაიჯანს, საქართველოს გარდა, კასპიის ენერგოშემცველების უცხოეთში ექსპორტისათვის კიდევ ორი დერეფანი რჩება – რუსული და ირანულ-თურქული. თუმცა ქართული მარშრუტი ბაქოსათვის ყველაზე მისაღებია, ანუ აზერბაიჯანს საქართველო ჭირდება. მეორე მხრივ, რადგანაც საქართველოს არ აქვს არც ნავთობი და არც ბუნებრივი გაზი, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება  აზერბაიჯანთან პარტნიორობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ცვენ ვღცებით რუსულ გაზზე დამოკიდებული. შექმნილია სიტუაცია – ვინ როგორ ისარგებლებს პოლიტიკური სიტუაციით და როგორ გადაითამაშებს“, – ამბობს გიორგი მასალკინი.

თურქ პედაგოგთან დაკავშირებულ ამბებზე საუბრისას რესპოდენტი აღნიშნავს, რომ იგი კარგად იცნობს იმ კოლეჯს ბათუმში, რომელშიც მუსტაფა ჩაბუქი ასწავლიდა. საქართველოში რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაა, რომლებიც, თურქეთის მთავრობის აზრით, გიულენისტთა ხელშია მოქცეული, თუმცა მათთან მიმართებით რაიმე ტერორისტულ საქმეებზე საუბარი წარმოუდგენელია. ამის მიუხედავად, დღევანდელი თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკა გიულენიზმის კვალის მოშთობით არის დაკავებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, მათ შორის საქართველოშიც.

„რა უნდა გააკეთოს ამ დროს საქართველომ? თურქეთის გენკონსულის მინიშნებების მიუხედავად, რომ სკოლა საქართველოს უნდა დაეხურა, თბილისი გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებდა, ზეწოლას უძლებდა, მაგრამ საბოლოოდ, პრემიერ ილდირიმის ვიზიტის შემდეგ, სკოლა მაინც დაიხურა, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. ყველამ გაიგო, რომ ყველაფერი თურქეთის გავლენით მოხდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა სუსტია და რეგიონალურ ზესახელმწიფოს – თურქეთის ნებას ექვემდებარება. რა თქმა უნდა, ეს ცუდია. შეიძლებოდა თუ არა ამ ყვეკაფრის თავიდან აცილება? ვფიქრობ, რომ ყოველთვის შეიძლება ზეწოლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ამისათვის, პირველ რიგში, პოლიტიკური ნების გამოვლენაა საჭირო, ინტელექტუალური პოტენციალი, მოლაპარაკების წარმოების ხერხები და ა.შ. ჩვენ,  სამწუხაროდ, [საკუთარ თავში] ძალა ვერ ვიპოვეთ და ამ საკითხში დავთმეთ“, – ამბობს გიორგი მასალკინი.

- საქართველოს უკვე დიდი ხანია აშინებენ თურქეთის ექსპანსიით და ანკარის მიერ აჭარის შესაძლო ანექსიით. რამდენად სიცოცხლისუნარიანია ეს შიშები ქართულ საზოგადოებაში და რამდენად აქვთ საფუძველი?

- მე ყოველთვის ვფიქრობ: რამდენ ადამიანს, განსაკუთრებით პოლიტიკოსს აქვს წაკითხული 1921 წლის ყარსის ხელშეკრულება? ამას წინათ ამ საკითხით დავინტერესდი. იცით, მე დღთემდე ვერ ვიპოვე პასუხი კითხვაზე – ეს ხელშეკრულება კვლავ ზალაშია თუ არა?

- მაგრამ დოკუმენტი, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არავის არ გაუუქმებია…

- დიახ, ის გაუქმებული არ არის. არსებობს თვალსაზრისი, რომ დოკუმენტის ვადის გაგრძელება [პროლონგაცია] თითქოსდა ყოველ 25 წელიწადში ხდებაო. ექსპერტთა რომელიღაც ჯგუფი ამტკიცებს, რომ 2021 წელს ხელშეკრულების მოქმედების ვადა წყდება, რადგან ის 100 წლით იყო დადებულიო. მესამენი ამბობენ, რომ ყარსის ხელშეკრულება უვადოა. ანუ თუ რომელიმე მხარე უარს არ იტყვის, მისი მუდმივობა გაგრძელდება. ასეა თუ ისე, პოლიტიკური კონიუნქტურისა და გეოპოლიტიკური სიტუაციის კვალობაზე, ამ დოკუმენტზე ხელმომწერ ყოველ მხარეს მისი გამოყენება საკუთარი მიზნების შესაბამისად შეუძლიათ. მე მხედველობაში მაქვს უპირველესად რუსეთი და თურქეთი, რადგან იმ დროს ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკა – საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთ სუბიექტად გამოდიოდნენ. უფრო მეტიც – არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ერთპიროვნულად, ცალკე მოქმედება არ შეუძლია, რადგან, რუსეთზე რომ არაფერი ვთქვათ, აუცილებელია აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარის თანხმობაც.

მოკლედ, ყარსის ხელშეკრულებას ყველა სხვადასხვანაირად კითხულობს, ცუდი სიზმრის მსგავსად. მაგრამ ასევე ყველამ კარგად იცის, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი ომის დროს, რეჯეფ ერდოღანი სასწრაფოდ გაფრინდა მოსკოვში სამუშაო ვიზიტით. იმ დროს საქართველოში ყველა დარწმუნებული იყო, რომ მოლაპარაკების დროს  თურქეთის პრემიერს თითქოსდა რუსეთის ლიდერისთვის ასე უთქვამს – თუ შენს ტანკებს თბილისში შეიყვან, მაშინ მე ჩემს ტანკებს აჭარაში შევიყვანო, ანუ აჭარას არ მოგცემო. ამის შესახებ დიდმა და პატარამ იცის… რა მოხდება ხვალ, ამის თქმა ძნელია. კავკასია რთული რეგიონია, დენთის კასრს ჰგავს, რომელიც ყოველთვის შეიძლება აფეთქდეს. ამის დადასტურებას ჩვენ ვხედავთ თუირქეთის მოვლენებით, ირანში მომხდარი ამბით… ყატართან დაკავშირებულ მოვლენებსაც კი საქართველოზე გავლენის მოხდენა შეუძლია

სამმილიონიან საქართველოს გვერდით უდიდესი, 80-მილიონიანი სახელმწიფო არსებობს, განვითარებული ეკონომიკით… ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკა თურქული ეკონომიკის გავლენის ქვეშაა. თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. აჭარაში ყველგან და ყველაფერში  თურქული კაპიტალი ჩანს. ჩვენთან ზალიან ბევრი თურქი ცხოვრობს, რომლებმაც საქართღველოს მოქალაქეობა განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მიიღეს. მათი რაოდენობა ათასებია. ბათუმში უკვე შეიქმნა ე.წ. „თურქული კვარტალი“ თავისი რესტორნების, კაზინოების, სასტუმროების ქსელით. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა გვერდით უზარმაზარი სახელმწიფოა, ის ყოველთვის გავლენას ახდენს მეზობელზე – არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურად, რელიგიურად… იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სახელმწიფო ღარიბი [და სუსტია], პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ექსპანსია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს“.

———

ინტერვიუში გიორგი მასალკინი საუბრობს აგრეთვე სამმხრივ საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობაზე, სომხეთის პოზიციაზე, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის პიროვნებაზე, მისი მოქმედების პროგნოზირებულობაზე და სხვა საკითხებზე.

Comments are closed