globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 19th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Der Spiegel» (გერმანია): „პერსონა ნონ-გრატა“: ვაი-რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გააგდეს // პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი კორუფციასთან საბრძოლველად მიიწვია, ახლა კი მან თავისი „მეგობარი“ ქვეყნიდან გააძევა. რა მოხდა? საქმე ისე არ წავიდა, როგორც საჭირო იყო?

«Корреспондент» (უკრაინა): უკრაინა – მუდმივი რეფორმირების ქვეყანა // რატომ მოხდა ისე, რომ საქართველო თავისი „რეფორმების“ წყალობით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად დარჩა?

—————-

«Der Spiegel» (გერმანია), 19 აგვისტო, 2017 წელი

http://www.spiegel.de/international/world/mikheil-saakashvili-fails-in-mission-to-reform-ukraine-a-1163344.html

„პერსონა ნონ-გრატა“: ვაი-რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გააგდეს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ორი წლის წინ რეფორმების გასატარებლად და კორუფციასთან საბრძოლველად მიიწვია, ახლა კი უკრაინელმა ლიდერმა თავისი მეგობარი ქვეყნიდან გააძევა. რა მოხდა? საქმე ისე არ წავიდა, როგორც საჭირო იყო?

სტატიაში, რომელიც, უცხოურ პრესაში ბოლო დროს გამოქვეყნებულთაგან, შეიძლება ითქვას, თავისი მოცულობით ყველაზე ვრცელია (ავტორი – ქრისტიან ეში), მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ოდისეაა განხილულ-გაანალიზებული: რატომ დაინიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორად, რა გააკეთა, როგორ მართავდა, რატომ დაუპირისპირდა „თავის მეგობარ“ პრეზიდენტს და ბოლოს, როგორ მოხდა, რომ ექს-პრეზიდენტი და ექს-გუბერნატორი დღეს მოქალაქეობის არმქონე პირად იქცა, თუმცა ამის მიუხედავად, ევროპაში მაინც თავისუფლად დადის?

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

——-

როცა პეტრო პოროშენკომ თავისი „მეგობარი“ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, თავდაპირველი გეგმა კეთილშობილურ მიზნებს ისახავდა – ეს საპორტო ქალაქი კორუფციისაგან უნდა გაწმენდილიყო და დემოკრატიული რეფორმების ვიტრინად უნდა ქცეულიყო. თითქოსდა დასაწყისში მიხეილ სააკაშვილმა აქტიური მუშაობა დაიწყო, მაგრამ მას ეგონა, რომ სიტუაციას სხვებიც ისე ხედავდნენ, როგორც თვითონ ხედავდა… და მოტყუვდა. „მიხეილ სააკაშვილი ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარია და მას, როგორც ენერგიულ კაცს, სრულიად ვენდობიო“, – ამბობდა პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად წარდგენისას 2015 წელს. „პეტრო პოროშენკო თავის მეგობრებს ფულის მიხედვით ირჩევდა. მე ფული არ მქონდა, ამიტომაც მე მისი მეგობარი ვერ ვიქნებოდი“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი დღეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ძალზე კრიტიკულადაა განწყობილი. თუმცა ორიოდე წლის წინათ სიტუაცია სხვაგვარი იყო – მიხეილ სააკაშვილი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მიღება და გუბერნატორობა ნამდვილად მაშველ რგოლს წარმოადგენდა. ცხადია, გუბერნატორობა ფრიად დაბალი დონეა ქვეყნის პრეზიდენტობასთან შედარებით – უცხო ქვეყანაში რეგიონული ჩინოვნიკობა საკუთარი სახელმწიფოს მეთაურის პოსტს ვერ შეედრება, მაგრამ ისიც ფაქტია: საქართველოში ორი ვადით მმართველობის დროს მან რეფორმები ისეთი ავტორიტარული ფორმით განახორციელა, რომ ქართველების უმრავლესობას მიხეილ სააკაშვილი შესძულდა. შედეგიც ლოგიკური იყო: 2012 წელს ხელისუფლებაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პარტიული კოალიცია მოვიდა, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებიდან კი ზოგი ციხეში აღმოჩნდა, ზოგმა უცხოეთში გაქცევა მოახერხა. თვითონ მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკში ცხოვრობდა და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა – „მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოღვაწის“ სტატუსით. მას ასეთი ცხოვრება არ მოსწონდა. უკრაინულმა მაიდანმა, როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, „სულზე მიუსწრო“.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი სხვა თანამოაზრეების დანიშნვნა უკრაინის სახელმწიფო თანამდებობეზე იდეალურ კომბინაციას ჰგავდა: ქართველებს რეფორმების განხორციელების გამოცდილება ჰქონდათ, მათ ვარდების რევოლუცია ათი წლით ადრე მოახდინეს; ქართველებიც და უკრაინელებიც რუსეთის მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი; ორივეს ევროპული ცხოვრების წესის დანერგვა სურდა… მოკლედ, გეგმები ფრიად კეთილშობილური ჩანდა. მაგრამ უკრაინაში სიტუაცია ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც საქართველოში იყო, კონტრასტულად „თეთრი და შავი“. ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება არ გამოიჩინა. იმ ფაქტორს, რომ პეტრო პოროშენკო, როგორც პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, უკრაინის ოლიგარქული სისტემის კლასიკური პროდუქტი რომ იყო, თავის დროზე ყურადღება არ მიაქციეს. „ეჰ, მე რომ მაშინ ის მცოდნოდა, რაც დღეს ვიცი, მე მის წინადადებას არ დავთანხმდებოდიო“, – ამბობს დღეს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს ოდესაში რეალურად მაინცდამაინც ბევრი არაფერი საქმე არ გაუკეთებია: პლაჟის მესრები დაანგრია ბულდოზერით (თუმცა მოგვიანებით იგივე პლაჟები ისევ შემოღობეს), შეამცირა ბიუროკრატიული აპარატი გუბერნატორის ადმინისტრაციაში, გახსნა მოქალაქეთა მომსახურების ოფისი, მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთი იყო. სამაგიეროდ, კარგად წარმოებული პიარ-კამპანიით პირადი პოპულარობა უზრუნველყო. ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ უყვიროდა იგი მკვეთრი ქართული აქცენტით შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაქოვს: „შე ქურდო, შენი ადგილი ციხეშია! ეს ჩემი ქვეყანაა! მე უკრაინელი ვარ, გაეთრიე ჩემი ქვეყნიდან!“.

გუბერნატორს და პრეზიდენტს შორის უთანხმოება თანდათანობით ისე გაღრმავდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. 2016 წლის შემოდგომაზე ექს-გუბერნატორი საქართველოში დაბრუნებასაც კი გეგმავდა, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მას სურდა და ამიტომ საბოლოოდ მაინც უკრაინულ პოლიტიკაში დარჩენა მოუწია, მოგვიანებით კი საკუთარი პარტია – „ახალი ძალების მოძრაობა“ ჩამოაყალიბა.

მიხეილ სააკაშვილს თუ დავუჯერებთ, იგი თავის ყოფილ „მეგობარს“ ბოლოს მალტაში შეხვედრია: „პეტრო პოროშენკომ მომთხოვა, რომ მისი კრიტიკა შემეწყვიტა. ამ შემთხვევაში მე შესაძლებლობა მექნებოდა უკრაინაში პოლიტიკური კარიერის გაგრძელებისა, პარლამენტის წევრობაც აღმითქვა. მითხრა, თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ ზომებს მივიღებო“.

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ინსტრუქციებს არ ასრულებდა. უფრო მეტიც -  მან სატელევიზიო თოქ-შოუში ისეთი მომღერალი მიიწვია, რომელმაც პრეზიდენტისადმი შეურაცხმყოფელი სიმღერა შეასრულა – „შოკოლადის უკანალი“ (მინიშნებით იმაზე, რომ პეტრო პოროშენკო საკონდიტრო იმპერიის მფლობელია)

მოქალაქეობის ჩამორთმევა ყოფილმა პრეზიდენტ-გუბერნატორმა უკვე აშშ-ში ჩასვლისას შეიტყო, სადაც იგი ბიძამისს ეწვია, ნიუ-იორკში, ბრონქსში. ბრძანებულების მოტივაცია საკმაოდ აბსურდულია და დასავლეთისათვის უჩვეულო (რომლის დახმარებაზეცაა დამოკიდებული უკრაინა), მაგრამ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვის სავსებით მისაღები:  კარი დაუხურო „სიმშვიდის დამრღვევს“, როცა იგი საზღვარგარეთ იმყოფება. იმ ხანებში მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა ვერც დონალდ ტრამპთან და ვერც ჯონ მაკკეინთან დალაპარაკება, მაგრამ სამაგიეროდ შეხვდა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში. მალე იგი პოლონეთში ჩავიდა.

როგორ მოახერხა პასპორტგაუქმებულმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში ჩასვლა? პოლონეთის მმართველ პარტიაში („კანონი და სამართლიანობა“) მას კარგი ნაცნობ-მეგობრები ჰყავს. ამ პარტიის ექს-ლიდერი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მიხეილ სააკაშვილის ყველაზე აქტიური მოკავშირე იყო 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს. პოლონეთის ტელევიზიით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა „შეთქმულების თეორიაზე“ დაყრდნობით განაცხადა, რომ პრეზიდენტ ლეხ კაჩინკის ავიაკატასტროფაში დაღუპვა რუსეთის პრეზიდენტის მოწყობილია: „ვლადიმერ პუტინმა მასზე შური იძია იმიტომ, რომ ლეხ კაჩინსკი 2008 წლის აგვისტოში ჩემს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოვიდაო“. რბილად რომ ვთქვათ, ეს უსაფუძვლო ვარაუდებია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ისეთი ტიპია, ვისთვისაც სასურველი ყოველთვის სინამდვილეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რუსეთს ეხება…

საქართველოს ექს-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დასავლეთი უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას მოახდენს: პეტრო პოროშენკო უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლაზე დათანხმდება და მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. ჯერ-ჯერობით უკრაინელი მესაზღვრეები საზღვარს ფხიზლად იცავენ… მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინულ ენას უფრო ღრმად სწავლობს – მოქალაქეობის დაბრუნებისათვის ენის ცოდნა დიდ მნიშვნელობას იძენს.

როგორია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა?

მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია. „ახალი ძალების მოძრაობის“ („რუხ ნოვიხ სილ“) კიევის ოფისი დაცარიელებულია. მართალია, მიხეილ სააკაშვილი პარტიის ლიდერია, მაგრამ საქმეებს პარტიაში დავით საყვარელიძე (კიდევ ერთი ქართველი რეფორმატორი) განაგებს, რომელიც უკრაინის გენპროკურორის მოადგილედ მუშაობდა. „ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მუშაობით სისტემა გვარიანად შევფერთხეთ“, – ამბობს იგი, – „რეფორმები გარედან მოსულმა ადამიანებმა უნდა გაატარონ, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კი უკრაინის შიდა [ოლგარქიული] სისტემის ნაყოფია, მას წარმოადგენა არ აქვს რეფორმებზე“. დავით საყვარელიძესაც უკრაინის პასპორტი აქვს, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეობა მასაც დაკარგული აქვს. ასეთი სიტუაცია ბედის ირონიაა იმ ადამიანისათვის, რომელიც უკრაინაში იურიდიული ცოდნის გამოსაყენებლად ჩამოვიდა, სინამდვილეში კი პარტიული ბიუროკრატიის ნაწილად იქცა და პარტიის პოლიტიკურ პლატფორმას ამზადებს. ასეთი რამ მის გეგმებში იმ დროს არ შედიოდა, როცა მიხეილ სააკაშვილი და სხვა ქართფველები უკრაინაში ჩავიდნენ.

მიხეილ სააკაშვილის – „პოლიტიკური ვარსკვლავის“ – გარეშე პარტიას პერსპექტივა არ აქვს, თუმცა მასთან ერთადაც მომავალი მაინცდამაინც ნათელი არ არის. ფაქტია, რომ მიტინგზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩატარდა მრავალმილიონიან კიევში, მხოლოდ ასიოდე კაცი მივიდა. როგორც ირკვევა, ექს-პრეზიდენტის და ექს-გუბერნატორის ურთიერთობა დასავლურ ელიტასთან უფრო ძლიერია, ვიდრე უკრაინულ საზოგადოებასთან.

პეტრო პოროშენკოსათვის ეს სასიამოვნო ამბავია. სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ ქართველი შფოთისთავის „საქმენი საგმირონი“ მალე ისტორიას ჩაბარდება.

«Корреспондент» (უკრაინა), 19 აგვისტო, 2017 წელი

http://blogs.korrespondent.net/blog/events/3878391/

უკრაინა – მუდმივი რეფორმირების ქვეყანა

რატომ მოხდა ისე, რომ საქართველო თავისი „რეფორმების“ წყალობით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად დარჩა უმუშევრობის მაღალი – 30%-იანი დონით?

სტატიაში გაანალიზებულია უკრაინის თანამედროვე მდგომარეობა, განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესის სიძნელეებს (ავტორი – ანდრეი გოლოვაჩევი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ისე არ გაჰყვირიან რეფორმების აუცილებლობაზე (ხმის ჩაწყვეტამდეც კი!), როგორც უკრაინაში. არცერთ ქვეყანაში იმდენი პროგრამა არ დაწერილა რეფორმების განხორცილების მიზნით, რამდენიც უკრაინაში. „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ საზოგადოებაში „რეფორმატორულმა ქავილმა“ თავის აპოგეას მიაღწეია – ყველამ ყველგან გარდაქმნები დაიწყო: ქართველ-ამერიკელებმა მილიცია პოლიციად გადააკეთეს, ინგლისელებმა საბაჟოს რეფორმა შემოგვთავაზეს, შვეიცარიელებმა – საგადასახდაო სისტემის გარდაქმნა, ნატომ – ჩვენნაირი არმია უნდა მოგიმზადოთო, გერმანელებმა – ცუდი ენერგეტიკა გაქვთ და ჩვენი დახმარებით უკეთესი გექნებათო… მიხეილ სააკაშვილმა მთელი ოდესის ოლქის რეფორმირება დაიწყო – ყველაფერს ცვლიდა, რაზედაც ხელი მიუწვდებოდა.

საერთოდ, უკრაინაში 26 წელია რეფორმები შეუჩერებლად მიმდინარეობს და საბოლოოდ ჩვენმა ქვეყანამ ამ რეფორმების წყალობით ევროპაში ცხოვრების დონით ყველაზე „საპატიო“ ბოლო ადგილი დაიკავა (რეფორმირებული მოლდოვის შემდეგ) და თითქმის აფრიკულ ქვეყნად გადაიქცა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილებით (ორი ათასი დოლარი წელიწადში). ეს 20%-ით ნაკლებია 1991 წელთან შედარებით, როცა თავისუფლება მოვიპოვეთ და ევროპისაკენ სრული სვლა დავიწყეთ.

ყველა რეფორმის კონცენტრირებული ძალა კორუფციის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამისკენ მოგვიწოდებდნენ ყველა პრეზიდენტი, პრემიერები, პოლიტიკოსები, დასავლეთი, აღმოსავლეთი და საერთოდ, მთელი მსოფლიო. თავგანწირული და მედგარი ბრძოლის შედეგებით უკრაინამ პირველი ადგილი დაიკავა ევროპაში… კორუფციის დონით და არცერთ სახელმწიფოს ჩვენი გასწრების შანსები არ დაუტოვა. გარდა ამისა, დაუსრულებელი რეფორმირების პერიოდში უკრაინამ მილიარდობით ვალი აიკიდა, რომელსაც ვერცერთი თაობა ვეღარ გაისტუმრებს…

როგორ და რატომ მოხდა ასე?

თუ „ექსპერტებს“ დავუჯერებთ, რეფორმები არასწორად მიმდინარეობდა, არ გვყავდა მცოდნე სპეციალისტები, ჰარვარდიდან და კემბრიჯიდან უნდა მოგვეწვია, ანუ ისეთები, როგორებიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა მიიწვია საქართველოშიო. თითქოსდა ჭკუასთან ახლოსაა, მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ საქართველო თავისი „რეფორმების“ წყალობით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანად დარჩა უმუშევრობის მაღალი – 30%-იანი დონით? რატომ წავიდა საზღვარგარეთ 1, 5 მილიონი მოქალაქე? ეს ხომ მოსახლეობის თითქმის 25%-ს შეადგენს! ბოლოსდაბოლოს, რატომ გააგდეს ქვეყნიდან მიხო და მისი რაზმი? თანაც ბევრი იქ ჩააჯინეს, სადაც ადრე თვითონ სვამდნენ სხვებს… კანონზომიერად იბადება კითხვა: საერთოდ, იყო კი რეფორმები?

მოკლედ, შეიძლება თუ არა უკრაინის რეფორმირება? არსებობს კი ყველაზე სწორი თეორია ჩვენი ქვეყნის რეფორმირებისათვის? პასუხი: რეფორმირება შეიძლება, მაგრამ ამისთვის არავიტარი მეცნიერულად დასაბუთებული თეორია არ არსებობს.

როცა უკრაინელებმა 1991 წლიდან მიმდინარე ყველა რეფორმებში ფიაკო განიცადეს, მათ თავიანთი ბედი უცხოელ მვარიაგ-რეფორმატორებს მიანდეს, მაგრამ აქაც იმედი გაუცრუვდათ: საიდან ეცოდინებოდა ჰარვარდის კურსდამთავრებულს ჩვენი ქვეყნის რეალობა? აბა, წადით და ვიეტნამში ან მონღოლეთში რაღაცის რეფორმა სცადეთ! თქვენი მოქმედებით მხოლოდ იაურებს გააცინებთ. ჩვენთანაც ასეა – ხალხს უკვე მწარედ ეცინება. დასავლელი ექსპერტების ყველა მცდელობა კრახს განიცდის. ისინი კი თავს იმართლებენ და გეუბნებიან, ვერ აღიქვამთ რეფორმებს და თქვენს სასიკეთოდ მიმართულ ჩვენს ძალისხმევასო. საუბედუროდ, ბევრი რეფორმატორი ხელმრუდეც აღმოჩნდა.

დღის წესრიგში დგება რეფორმის გატარება სოციალური ზეწოლის მეშვეობით, მაგრამ ეს უკვე რეფორმირება კი არ იქნება, არამედ სწორედ ძალადობა. როგორც რუსეთში 1917 წლის რევოლუციით ანდა ჩილეში აუგუსტო პინოჩეტის დროს. ანუ როცა მიწაში ორ-სამ ათასამდე მოკლულს ჩაფლავენ, რომლებიც რადიკალური გარდაქმნების პროგრამას არ ეთანხმებოდნენ.

ეს აუცილებლად მოხდება, თუ ჩვენი რეფორმატორები ვერ მიხვდებიან, რა არის საჭირო და რეალურად რის გაკეთების შესაძლებლობა არსებობს ჩვენ ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების დაჩქარებისათვის.

Comments are closed