globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 19th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან: „რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის პარალელურად გვაქვს პროგრესი ევროკავშირთან და ნატოსთან“

«Красная звезда» (რუსეთი): არჩევანის დრო: საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება აუცილებელია

«Lragir» (სომხეთი): აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა

«Lragir» (სომხეთი): სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი): დავიწყებული და მიტოვებული ადამიანები საქართველოში

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 19 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/david-bakradze-in-dc/3514199.html

ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან: „რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის პარალელურად გვაქვს პროგრესი ევროკავშირთან და ნატოსთან“

ანა კალანდაძე, გია მელიქიშვილი


„ამერიკის ხმა“ ვაშინგტონში, გასულ კვირას განხორციელებული ვიზიტის დროს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს ესაუბრა.

„ამერიკის ხმა“: უკანონო მოსმენები ერთერთი მთავარი თემაა საარჩევნო კამპანიისას. როგორ უნდა შევეეწინააღმდეგოთ ამ პრობლემას და ვინ არის პასუხისმგებელი?

დავით ბაქრაძე: პირველ რიგში, ბოლო წლებში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს, ეს არის უკანონო, აქედან გამომდინარე, მთავარია ის რეაგირება, რომელსაც სახელმწიფო ახდენს მსგავს ფაქტებზე. დაწყებულია გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ვთვლით, რომ ის გარემო, რომელიც გვაქვს წინასაარჩევნოდ, კონკურენტული, ღია და პლურალისტური საარჩევნო გარემო, არის იმის მონაპოვარი, და არ უნდა დავუშვათ, რომ ის დაბინძუნრდეს მსგავსი საკითხებით.

„ამერიკის ხმა“: რას ელოდებით ვაშინგტონისგან, როგორ უნდა დაეხმაროს უფრო მეტად ამერიკა საქართველოს – ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური პარტიების განვითარების და საარჩევნო პოროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის და, მეორე მხრივ, ევროინტეგრაციის დაჩქარების კუთხით ევროკავშირთან?

დავით ბაქრაძე: ჩვენ ბოლო პერიოდში მივიღეთ არაერთი გამამხნევებელი და მხარდამჭერი გზავნილი. ერთერთი იყო კონგრესის ბოლო რეზოლუცია, რომელიც ძალიან მაღალი მხარდაჭერით სარგებლობდა კონგრესში და სადაც ხაზგასმით დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ზაფხულს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აშშ-სთან, რაც გულისხმობდა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. აშშ-ი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში და ეს არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გვეხმარება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ამ თვალსაზრისით დიდი მოწონება დაიმსახურა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროსაც საქართველოში.

„ამერიკის ხმა“: გასულ კვირას საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ჩვენ აუცილებლად უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენ ყველაზე დიდ მეზობელთან – რუსეთთან. რუსეთს თავისი ნეგატიური წვლილი და დანაშაული აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს. ჩვენ თუ არ მივხედეთ, არავინ იფიქროთ, რომ ვიღაც მოფრინდება აქ და ყველაფერს გაგვიკეთებს. ეს გზა აუცილებელი გასავლელია“. თუმცა, ყოფილ პრემიერს არ დაუზუსტებია „ურთიერთობის დალაგებაში“ იგულისხმება თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. თქვენ როგორ უყურებთ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას და რამდენად შესაძლებელია, რომ ქვეყანა, ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის პარალელურად, რუსეთთანაც აღრმავებდეს უფრო მეტად ურთიერთობას?

დავით ბაქრაძე: ჩვენ სწორედ პრაგმატული ურთიერთობებით რუსეთთან შევქმენით ის სტაბილური გარემო ქვეყნის განვითარებისთვის, რომელიც დღეს გვაქვს ამ გამოწვევებით აღსავსე რეგიონში. ამით ვუზრუნველყავით სტაბილური და თანმიმდევრული გარემო ქვეყნის განვითარებისთვის. ამის გამო ჩვენ მაქსიმალურს მივაღწიეთ ევროკავშირთან, ასოცირება იქნება ეს თუ თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, თუ ვიალიბერალიზაციის საკითხები და ამ კუთხით რეფორმების დასრულება. ნატოსთან კი მივაღწიეთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც თავსებადობის და თავდაცვისუნარიოანობის გაზრდას მოემსახურება.

რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, აქ არის ძალიან მკაფიო პოზიცია: ჩვენ პრაგმატული, დეესკალაციის პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, თუმცა ეს არანაირად არ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენული უფლებების ხარჯზე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი საფრთეები და სწორედ ეს ქმნის იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენ ქვეყნის განვითარებისთვის ვუკავშირებთ ნატოსა და ევროკავშირს. ჩვენ სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკის კვალდაკვალ გვაქვს პროგრესი ევროკავშირთან და ნატოსთან, პოლიტიკა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სამაგალითოდ არის მიჩნეული აშშ-სა და ევროატნალნტიკური სტრუქტურების თუ ხელმძღვანელების მხრიდან.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი საფრთხეები და სწორედ ეს ქმნის იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენ ქვეყნის განვითარებისთვის ვუკავშირებთ ნატოსა და ევროკავშირს. ჩვენ სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკის კვალდაკვალ გვაქვს პროგრესი ევროკავშირთან და ნატოსთან, პოლიტიკა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სამაგალითოდ არის მიჩნეული აშშ-სა და ევროატლანტიკური სტრუქტურების თუ ხელმძღვანელების მხრიდან.

„ამერიკის ხმა“: რა შედეგს მოუტანს საქართველოს შეერთებულ შტატებში უკვე ტრადიციად ქცეული რეზოლუციები ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერით და რა გზას ხედავთ კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობების გასაჯანსაღებლად?

დავით ბაქრაძე: საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი – აშშ ამახვილებს ყურადღებას ჩვენს ტერიტორიულ საკითხებზე, მნიშვნელოვანია თითოეული რეზოლუცია, რომელსაც ამ მიმართულებით – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად იღებს კონგრესი და თავის დღის წესრიგში აყენებს. ჩვენ დღეს გვაქვს აშშ-სთან ის ჩარჩო ხელშეკრულება-სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, რომლის ფარგლებში ვანვითარებთ ბევრი მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას და ვიღებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას აშშ-სგან, ამის პარალელურად, გვეძლევა შესაძლებლობა გავაღრმავოთ ხალხთაშორისი ურთიერთობები ჩვენს მოქალაქეებთან საოკუპაციო ხაზის მიღმა, გვქონდეს აქტიური ნდობის აღდგენის პოლიტიკა, რომელიც გამოიხატება საქართველოს მოქალაქეებისთვის მთვრობის მიერ მიღწეული სარგებლის გაზიარებით ყველა მოქალაქისთვის საზღვრის ორივე მხარეს, მათ შორის იმ სარგებლის გაზიარებით, რომელსაც მოიტანს ვიზა ლიბერალიზაცია.

„ამერიკის ხმა“: აკეთებს თუ არა საქართველოს სახელმწიფო საკმარისს რუსეთის პროპაგანდის დასაძლევად მედიაში, პოლიტიკაში, წინასაარჩევნოდ, საჯარო დიპლომატიაში, საგარეო ურთიერთობებში და თუნდაც ახალგაზრდა თაობის უკეთ გასანათლებლად?

დავით ბაქრაძე: მე ვფიქრობ, ამაზე პასუხი მარტივია სწორედ იმ ღია, დემკრატიულ ატმოსფეროში და იმ მაღალი მხარდაჭერის პირობებში, რომელიც ჩვენ შევინარჩუნეთ მოსახლეობაში ნატოსა და ევროკავშირის მიმართ, მიუხედავად გაზრდილი ანტიდასავლური პროპაგანდისა ყველგან ევროპაში. ამის პარალელურად, ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ სტრატეგიულ საკომუნიკაციო პოლიტიკას, რომელშიც ჩართულია სახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო მისიები, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვახერხებთ, რომ გავხადოთ ეს მხარდაჭერა ცოდნაზე დაფუძნებული. დღეს, საქართველოს მოსახლეობამ ბევრად უფრო კარგად იცის რა სარგებელი მოაქვს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეს არის მნიშვნელოვანი, რათა ხვალ და ზეგ არ მოხდეს არასწორი ინფორმაციით ამ მხარდაჭერის შეფერხება ან ამ მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა და განსაზღვრულია სამიზნე ჯგუფები, ვისთანაც მუდმივად ვაწარმოებთ საინფორმაციო პოლიტიკას, და აქ შედეგებზე მეტყველებს ის, რაც გამოისახება მაღალ მხარდაჭერში ევროკავშირისა და ნატოს მიმართ.

«Красная звезда» (რუსეთი), 19 სექტემბერი, 2016 წელი

http://redstar.ru/index.php/component/k2/item/30445-vremya-vybora

არჩევანის დრო: საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება აუცილებელია

საქართველოში 8 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. 2010 წელს მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, პარტია, რომელიც არჩევნების შედეგად პარლამენტში ყველაზე მეტ ადგილს მიიღებს, უფლება აქვს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წამოაყენოს და მთავრობა ჩამოაყალიბოს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ქვეყნის მართვის სიტემისათვის, სადაც კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილება ძლიერაა შეკვეცილი, ხოლო პრემიერ-მინისტრისა – გაფართოებული. თუ როგორია საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაცია, ამის შესახებ „ტაას“-ის კორესპონდენტი თენგიზ პაჭკორია საუბრობს.

საქართველოში როცა რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობენ, დისკუსიის დროს აუცილებლად იხსენებენ ქვეყნის წარსულს და ეხებიან მომავალს. სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მოუწოდებს ხელისუფლებას მოსკოვთან საგნობრივი დიალოგი დაწყებისათვის, ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრის გათვალისწინებით.

ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის თაობაზე გასულ თვეში რამდენჯერმე ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა – ჯერ ბათუმში, შემდეგ დამანისში ყოფნიას მან აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს რუსეთთან ურთიერთობაში არსებული დაძაბულობის შერბილების კურსს: „საქართველოს სტაბილურობის უზრუნველყოფა ვერ მოხდება, თუ რუსეთთან ნორმალური და მშვიდობიანი ურთიერთობა არ გვექნებაო“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, თუმცა მან იქვე ხაზი გასუვა: „ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ არ მოხდება“.

ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსს გადაუხვია და რუსეთთან საქართველოს ინტერესებს თმობს, თუმცა მმართველი „ქართული ოცნება“ პასუხობს, რომ „მიხეილ სააკაშვილის გუნდს ხელისუფლებისათვის ჭკუის სწავლების უფლება არ აქვს, მით უმეტეს, რუსეთთან მიმართებით“ და ხაზს უსვამს, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებული პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია შესაბამისი ფონის შექმნა, ანუ მაქსიმალურად უნდა განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, კავშირები ტრანსპორტისა და კულტურის სფეროებში.

ბოლო დროს მატულობს იმ პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეთა რაოდენობა, რომლებიც ხელისუფლებას ამ მიმართულებით უფრო მტკიცე ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებენ. ამ მხრივ ყველაზე მეტად აქტიურობს საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც 2008 წელს დაარსებული ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი გახლავთ. იგი დარწმუნებულია, რომ „რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისათვის საკმარისი არ არის დიალოგი და  თანამშრომლობა მხოლოდ ვაჭრობა-ეკონომიკაში, კულტურასა და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ორივე ქვეყნის პირველი პირების სრულმასშტაბიანი დიალოგი ყველა მწვავე პრობლემის განსახილველად“. შეეხო რა ვიზიტს მოსკოვში, რომელიც მან 17 აგვისტოს განახორციელა, ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდა „რუსეთის ხელმძღვანელებთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაში, საქართველოს მწვავე პრობლემების მოგვარების მიზნით“.

ნინო ბურჯანაძე მარტო არაა თავის მოწოდებებში მოსკოვთან დამოკიდებულების გასაუმჯობესებლად. მის პოზიციას აქტიურად უჭერენ მხარს სხვა პოლიტიკოსებიც, რომლებიც უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადმას მოითხოვენ ხელისუფლებისაგან. როგორც პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აღნიშნავს, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, პრაქტიკულად – უმრავლესობა, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მისი აზრით, საქართველომ მიუმხრობელი პოლიტიკა უნდა გაატაროს და არცერთ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში არ უნდა გაწევრიანდეს. სწორედ ასეთი პოლიტიკა შექმნის პირობებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისათვის. კიდევ უფრო შორს მიდის ცნობილი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, 67 წლის ვალერი კვარაცხელია, რომელმაც ამას წინათ ღიად დაუჭირა მხარი საქართველო-რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყებას. იგი ადრე საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირის ხელმძღვანელი იყო, 2009 წელს კი პარტია „ნეიტრალური საქართველო“ ჩამოაყალიბა, რომლის ლიდერი თვითონ არის.

რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხში აქტიური პოზიცია უკავია პარლამენტის დეპუტატს თამაზ მეჭიაურსაც. მან  ბოლო ხანებში არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პროდასავლური კურსი პოლიტიკური შეცდომაა. ივნისში დეპუტატმა საარცევნო ბლოკი „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბა. მსგავსი პოზიციით გამოდის  პარტია „პატრიოტთა ალიანსი’, რომელსაც, დამკვირვებლების აზრით, კარგი შანსი აქვს პარლამენტში ადგილების მიღებისათვის.

ამასთან, ადგილობრივი ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ მოსკოვთან დაახლოების მოსურნე საზოგადოებრივ-პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს შორის არავითარი კოორდინაცია არ არსებობს, უფრო მეტიც – რიგ შემთხვევებში ისინი ერთმანეთს ექიშპებიან, რითაც პროდასავლური ძალები სარგებლობენ.

«Lragir» (სომხეთი), 18 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/51018

აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა

იგორ მურადიანი, ანალიტიკოსი

(მცირე შემოკლებით)

აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა სულ უფრო მეტად ხდება თურქეთის სტრატეგიის ნაწილი სამხრეთ კავკასიაში. გეოეკონომიკური პროექტები და მასთან თანმდევი პოლიტიკური ურთიერთობები მოიცავს არა მარტო საქართველოს და აზერბაიჯანს, არამედ თურქეთსაც, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს ამ პროექტების განლაგებაში. თურქეთის აქტიური როლის გარეშე აღნიშნული გეიეკონომიკური პროექტების რეალიზება შეუძლებელი იქნებოდა.

თურქეთი საქართველოს განიხილავს როგორც თავის დაქვემდებარებულ პარტნიორს, როგორც ერთგვარ ხიდს, რომელიც აუცილებელია ანკარის სტრატეგიის განვითარებისათვის. ბოლო დრომდე თურქეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ კორექტული და თავშეკავებული იყო, რადგან ანკარა დარწმუნებული არ იყო, რას გააკეთებდა და, საერთოდ, მოისურვებდა თუ არა შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში თურქეთის ინტერესების დაცვას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ენერგოკომუნიკაციების მნიშვნელოვანი ნაწილის მშენებლობა დასრულდა და მას შემდეგ, რაც თურქეთ-აზერბაიჯანის კავშირები განმტკიცდა, ანკარამ თავის გავლენა თბილისზე  შესამჩნევად გააფართოვა.

საქართველო თავის დროზე წინააღმდეგობას უწევდა თურქეთის უპირატეს გავლენას ბათუმის სატრანსპორტო კვანძის მიმართ და ამ მხრივ მხოლოდ აეროპორტისა და ქალაქის ზოგიერთი ტერიტორიის თურქეთისადმი იჯარით გადაცემით შემოიფარგლა. საქართველომ მეზობელს მიანიშნა, რომ არ თვლის მიზანშეწონილად თურქეთის მონაწილეობას ენერგეტიკისა და სამთამადნო მრეწწველობის ობიექტების პრივატიზებაში. ქართული ინტელიგენცია იმის წინააღმდეგაც გამოდიოდა, რომ საქართველო თურქეთის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელში ჩართულიყო. ეროვნული უშიშროების ორგანოებმა მიიღეს ზომები, რომ ადმინისტრაციული სტრუქტურებიდან განდევნილიყვნენ ის ჩინოვნიკები, რომლებიც პროთურქული ლობისტების როლს ასრულებდნენ, განსაკუთრებით აჭარასა და ქვემო ქართლში.

მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობაში ის იყო, რომ თბილისი მხარს არ უჭერდა სამცხე-ჯავახეთში მრავალრიცხოვანი თურქული მოსახლეობის (დაახლოებით 240420 ათასი ადამიანის) რეპატრიაციას. ეს გარემოება თურქეთის ინტერესებისათვის განსაკუთრებით შემლახველია, რადგანაც ანკარის ნეოოსმანისტურ გეგმებს ეწინააღმდეგება: თურქეთს სურს, რომ თავის ირგვლივ – ანუ „გარე საზღვრის“ პერიმეტრზე – თურქულენოვანი ეთნოსების სარტყელი შექმნას, რომლებიც მის გავლენაში იქნებიან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ საკითხში ანკარამ აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა ვერ მიიღო.

საქართველო გრძნობს იმ საფრთხეს, რაც მას თურქულ-აზერბაიჯანულ ალიანსის ძლიერ  გავლენაში მოხვედრით ემუქრება, მაგრამ იძულებულია ამ მიმართულებით იაროს. მიზეზი ისაა, რომ თბილისს თავისი ეკონომიკური და ენერგეტიკული პრობლემების მოსაგვარებლად სხვა გზა არ აქვს. პარალელურად საქართველო შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს და ცდილობს რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის ალტერნატიული მიმართულებები გამონახოს. ბოლო დროს აშკარა ხდება, რომ ატლანტიკურ სახელმწიფოებს, სამხრეთ კავკასიაში მათი ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ყოფნის მიუხედავად, არ შეუძლიათ რეგიონის იმ ქვეყნების პრობლემათა მოგვარება, რომლებსაც ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობები აქვთ, განსაკუთრებით დიდ მეზობელ სახელმწიფოებთან.

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის კონფრონტაციამ საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია. დღის წესრიგში დგება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობებშიც. ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობის გაურესების კვალობაზე, აგრეთვე იმითაც, რომ თურქეთს ევროკავშირმა კარი, პრაქტიკულად, დაუხურა.

თურქეთმა ჯერ კიდევ 2006 წლის შემოდგომაზე განაცხადა, რომ თუ მის მიმართ ევროპერსპექტივა შეიზღუდებოდა, მაშინ ანკარა უარს იტყოდა ზომიერი და თავშეკავებული პოლიტიკის გატარებაზე ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში, სადაც აშშ-სა და ევროკავშირსაც აქვთ ინტერესები. საქართველოს ამ შემთხვევაში ალტერნატივა არ აქვს, თბილისი იძულებულია ანკარა-ბაქოს ალიანსის პოლიტიკურ კალაპოტში იაროს.

ქართველ პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს მნიშვნელოვნად აღელვებს აგრეთვე თურქეთ-რუსეთის ერთმანეთთან დაახლოებაც, რომელიც არამარტო გეოეკონომიკურ პროექტებს ეფუძნება, არამედ აშშ-ის საწინააღმდეგოდ მიმართულ ახალ თანმხვედრ ინტერესებს შავი ზღვის აკვატორიაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. თურქეთ-რუსეთის ალიანსი შეიძლება საქართველოსათვის არასასიამოვნო მოვლენების მიზეზი გახდეს საკმაოდ ხანგრძლივ პერსპექტივაში.

მართალია, 2012-204 წლებში თურქეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები განამტკიცეს, ანკარამ თბილისს ნატოში გაწევრიანების საკითხში დახმარებაც აღუთქვა, მაგრამ ბოლო ხანს სიტუაცია შეიცვალა: თურქეთი და აზერბაიჯანი გარკვეულწილად იზოლაციაში აღმოჩნდნენ. ასეთ ვითარებაში ანკარა-თბილის-ბაქოს ბლოკური კავშირები შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ასეთ ფონზე საქართველო აცხადებს, რომ სომხეთი მისი სტრატეგიული პარტნიორი არ არის. ამ საკითხის განხილვას იმ აზრამდე მივყავართ, რომ თანამედროვე ეტაპზე საქართველოს და სომხეთს ერთმანეთთან მტკიცე და ფართო სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების განვითარება არ შეუძლიათ: საქართველოს თვალში სომხეთი რუსეთის ვასალია და ამის გამო ვერც ნატო და ვერც აშშ თბილისს ერევანთან ურთიერთობის გაფართოებას ვერ დააძალებენ. რასაკვირველია, საქართველოს ვერავინ ვერ აიძულებს ისეთ ქვეყანასთან ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც აბსოლუტურადაა დამოკიდებული რუსეთზე, თუმცა ასეთივე მიდგომა უნდა იყოს აზერბაიჯანის მიმართაც, რომელიც თურქეთზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგანაც აზერბაიჯანთან და თურქეთთან მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს ზურგს აძლევს რუსეთთან კონფრონტაციაში.

«Lragir» (სომხეთი), 18 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/51039

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა

იგორ მურადიანი, ანალიტიკოსი

(მცირე შემოკლებით)

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა ხშირად საკმაოდ დაძაბულად ვითარდებოდა, თუმცა ყოველთვის რჩებოდა იმის იმედი, რომ სიტუაცია გაუმჯობესდებოდა.

როცა საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი იყო, თბილისის პოლიტიკაში გაორების მომენტები შეიმჩნეოდა: ერთი მხრივ, საქართველოში დემოკრატიული პრინციპები ვითარდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, დემოკრატია მხოლოდ ქართველებზე ვრცელდებოდა, ანუ მას ეთნიკური ხასიათი ჰქონდა. ამასთან, სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გამწვავდა, როცა აზერბაიჯანისა და თურქეთის პოლიტიკურმა ამბიციებმა მოიმატა, მაშინ გაჩნდა რეალური პერსპექტივები ქართულ-სომხურ ურთიერთობების განმტკიცების საკითხში. ნათელი გახდა, რომ სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ქართული ეკონომიკის მრავალი დარგისთვის ბევრი საკითხის გადაჭრა შეუძლია. საქართველომ, თავის მხრივ, გააცნობიერა, რომ თუ სომხეთს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო კომუნიკაციებს დაუბლოკავს, მაშინ თავის ეკონომიკასაც დიდ ზარალს მიაყენებს – საფრთხის წინაშე დადგება ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და საერთოდ, აშშ-ისა და ევროკავშირის უკმაყოფილებას გამოიწვევს. მოკლედ, საქართველო სომხეთთან ურთიერთობის გაურესებაში დაინტერესებული არ არის.

საქართველო სომხეთთან პარტნიორობას ალტერნატიურ ეკონომიკურ პროექტების განხორციელებაში ხედავს. თბილისი იმასაც მიხვდა, რომ ერთვექტორული განვითარება მის დამოუკიდებლობაზე ნეგატიურად იმოქმედებს. ამ ფონზე საქართველო თავშეკავებულად უდგება სამცხე-ჯავახეთში მომხდარ კონფლიქტურ მომენტებს და ფრთხილობს, რომ მათ რაიმე მოულოდნელი, წინასწარგანუჭვრეტელი შედეგი არ მოჰყვეს. გარდა ამისა, თბილისს ეშინოდა, ვაითუ სომხეთთან ურთიერთობის გაურესებამ დასავლეთ-რუსეთის ნეგატიური ნაბიჯები გამოიწვიოსო. საქართველო დაინტერესებულია სამმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებით ირანთან, სომხეთის მონაწილეობით.

აღსანიშნავია, რომ ქართულ საზოგადოებაში, ყარაბაღის ომის დამთავრებისთანავე, სომხეთის მიმართ რაღაც ფობიები (შიშები) ჩამოყალიბდა: თბილისმა ჩათვალა, რომ [რაიმე კონფლიქტი რომ დაწყებულიყო], სომხეთის არმიას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. გარდა ამისა, ქართველი პოლიტიკოსები ზალიან სერიოზულად აკვირდებიან სომხური ლობის მოქმედებას აშშ-ში, რომელმაც შეძლო იმის მიღწევა, რომ ვაშინგტონი დაინტერესებულია საქართველოს სომხურენოვანი რეგიონით. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ჩაურევლობაც ქართულ-სომხურ ურთიერთობებში, რაც ქართულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.

უნდა ითქვას, რომ რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციამ თბილისის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კორექტირება გამოიწვია, რაც დადებითად აისახა სომხეთის მდგომარეობაზე, ერევანს მეტი შესაძლებლობა მიეცა თბილისთან ურთიერთობის დასალაგებლად. თუმცა იმავე რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციამ სომხეთის ეკონომიკას ზიანი მიაყენა: საიდუმლო არაა, რომ ბევრმა მსხვილმა მეწარმემ და ბიზნესმენმა, ეროვნული ეკონომიკის საზარალოდ, თავისი გეგმები შეცვალეს. თუმცა ისინი მზად არიან დაუბრუნდნენ საწყის სიტუაციას, თუ მეზობლების დამოკიდებულება ნაკლებ კონფრონტაციული იქნება. დღესდღეობით, სომხური ექსპორტი რუსეთში სატრანსპორტო პრობლემებს საქართველოს ტერიტორიაზე აწყდება.

ზოგადად, საქართველომ აშკარად გააზვიადა (ან ვერ გათვალა) თავისი შესაძლებლობები აშშ-სთან და საერთოდ, დასავლეთთან ურთიერთობის განვითარებაში, რაც მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ქართული დიპლომატიის ვექტორების გადახედვისათვის.

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი), 19 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.bbc.com/news/magazine-37298129

საქართველო: დავიწყებული და მიტოვებული ადამიანები

საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცდახუთი წლის შემდეგ საქართველოს ბევრი მოქალაქე, სამუშაოსა და ლუკმა პურის ძიებაში, თავს მიტოვებულ შენობებს აფარებს. ეს ყველაზე მეტად შესამჩნევია აფხაზეთიდან – საქართველოს რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაში. აფხაზეთში 1992-1993 წლებში მომხდარი კონფლიქტის გამო თითქმის მეოთხედი მილიონი ადამიანი უსახლკარო და ლტოლვილი გახდა.

დაახლოებით 400-მდე ადამიანი ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში საბჭოთა კავშირის დროინდელ მიტოვებულ სამხედრო ჰოსპიტალში, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში მდებარეობს. ფოტოგრაფმა ჯეიკობ ბორდენმა ობიექტივში დაიჭირა მათი მძიმე ყოფის მომენტები – ადამიანებისა, რომელთა ბედი საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს.

მაია დიაური 45 წლისაა, ყოფილი საავადმყოფოს ერთ-ერთ ოთახში ცხოვრობს. საერთოდ, აქ ყველას აქვს პატარა გაზის ბალონი, საკვების მოსამზადებლად, აქვთ აგრეთვე შეშის ღუმელი, ცივ ზამთარში გასათბობად, უმინო ფანჯრებში გარეთ გაყოფილი საკვამლე მილით. მათ, ვისაც არც გათბობა და არც სანიტარული კვანძი არ აქვს, ერთმანეთისს „კომფორტით“ სარგებლობენ. აქ კოლეტივიზმისა და ურთიერთდახმარების გრძნობა ძლიერია: „ჩვენ ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, ერთმანეთში ვიყოფთ“, – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

მიტოვებული საავადმყოფოს შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ირგვლივ უამრავი ერთმანეთში გადახლართულ ელექტროსადენებს, კანალიზაციისა თუ წყლის მილებს ვხედავთ,  მეფობს ანტისანიტარია, უვარგისი სანტექნიკის გამო კედლებიდან და ჭერიდან ფეკალური სითხე ჟონავს. 2015 წელს ერთ-ერთ ოთახში, უწესივრო ელექტროსადენის გამო, ხანძარი მოხდა, რასაც მცირეწლოვანი ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.

საერთოდ, შენობაში 80-მდე ბავშვი ცხოვრობს, ისინი უმეტესად 6 წელზე ნაკლები ასაკისანი არიან. ბავშვებს მშობლებთან და თავიანთ და-ძმებთან ერთად ერთ ოთახში სძინავთ – მაგალითად, ნიკოლოზ ბერიაშვილს. შენობაში მცხოვრები ბავშვებიდან ბევრი სკოლაში არ სწავლობს და თუ სწავლობენ, გაკვეთილებს აცდენენ – სკოლაში სიარულს სასარგებლო საქმედ არ მიიჩნევენ. სკოლაში შედარებით უფრო მოზრდილებიც არ დადიან, ისინი უმცროს და-ძმებზე ზრუნავენ.

ყოფილი საავადმყოფოს ბინადრებიდან ბევრი ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას იღებს, თუმცა იმის ნაცვლად, რომ მიღებულ 300 ლარით (97 გირვანქა სტერლინგით) უბრალო ბინა დაიქირაონ, ან სამსახური იპოვონ, ისინი ამ ფულს მხოლოდ საკვებისთვის იყენებენ. მათ ეშინიათ, რომ თუ ოფიციალურად იმუშავებენ, ამ მუქთა დახმარებას დაკარგავენ.

აი, შენობის კედელთან ძველი, გაძარცული საბჭოთა ავტომობილი დგას. მის დანახვაზე ზოგიერთი ძველი დიდების პერიოდს – კომუნისტურ ეპოქას ნოსტალგიით იხსენებს. ისინი ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს მათ სახლიც ჰქონდათ, სამუშაოც, სასმელ-საჭმელიც, ირგვლივ სტაბილური სიტუაცია იყო. დღეს ბევრი გაბოროტებულია და გრძნობენ, რომ საბაზრო ეკონომიკის მქონე საქართველოში ისინი არავის არ სჭირდება.

მათიკო ფირცხალავა 46 წლისაა, თავის ორ შვილთან ორთახიან ბლოკში ცხოვრობს. შვილები სემინარიაში სწავლობენ. აქ ბევრი ქალია, რომლებიც ან მარტონი არიან, ან შვილებთან ერთად. ბევრი დაქვრივებულია – მათ ქმრები გარდაეცვალათ და ლუკმა-პურისა და ნორმალური საარსებო პირობების გარეშე აღმოჩნდენენ. რასაკვირველია, ისინი საკუთარი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მეტ-ნაკლებად ცდილობენ: ზოგმა შპალერი გააკრა კედლებზე, ზოგს აქვარიუმიც კი აქვს…

აი, კიდევ რამდენიმე იმ 150 ოჯახიდან, რომლებმაც თავშესაფარი შენობაში იპოვეს: შვიდი წლის მარიამ გაბისონია ყოფილი საავადმყოფოს დერეფანში, თავის დასთან ერთად სათამაშოებით ერთობა; ორმოცდაორი წლის ია ოჩიაური, ორი შვილის დედა, მეუღლესთან ერთად თავს შემთხვევითი სამუშაოებით ირჩენს..

მათიკო ფირცხალავას თქმით, იგი ქართული საზოგადოების თანადგომას ვერ გრძნობს. მის აზრს სხვებიც ეთანხმებიან: ისინი თანამედროვე საზოგადოებაში ადგილის გარეშე დარჩნენ, მათ თვალწინ საქართველოს წარსული დაიმსხვრა, მომავალს ვერ ხედავენ.

——–

ტექსტს თან ახლავს ყოფილ საავადმყოფოში მცხოვრები ადამიანების ფოტოსურათები.

Comments are closed