«ВВС – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): გაზით უზრუნველყოფა: დივერსიფიცირება თუ „გაზის კამერა“საქართველოსთვის?
«RFI – Radio France Intarnationale» (საფრანგეთი): საქართველო, აზერბაიჯანმა და „გაზპრომ“-მა დიდი თამაში წამოიწყეს?!
«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი): გამოკითხვა კითხვის პირდაპირი დასმით // რაზე ფიქრობს და საით მიდის საქართველოს მოსახლეობა
«Огонек» (რუსეთი): სააკაშვილისდროინდელი ოდესა // ქალაქის მერის არჩევნები: საქართველოს ექს-პრეზიდენტისათვის პირველი საჯარო გამოცდა იქნება
«Berner Zeitung» (შვეიცარია): ოდესაში კორუფციას პლაკატებით ებრძვიან // რა გააკეთა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ოდესაში ოთხი თვის განმავლობაში
————
«ВВС – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 18 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.bbc.com/russian/international/2015/10/151017_georgia_gazprom_talks
გაზით უზრუნველყოფა: დივერსიფიცირება თუ „გაზის კამერა“საქართველოსთვის?
“გაზპრომი“ – თავისუფლების გაზის კამერა“ – ასეთი ლოზუნგით ჩატარდ საპროტესტო აქცია პრემიერ-მინისტრის კანცელარიის წინ, რომელიც რუსული კომპანია „გაზპრომ“-თან საქართველოს ხელისუფლების კონტაქტების წინააღმდეგ იყო მიმართული, რუსეთიდან გაზის მოწოდების მოცულობის მომატების საკითხში. აქციის ორგანიზატორებმა – მათ შორის ერთ-ერთი იყო ოპოზიციური ტელეკომპანია „ტაბულა“ – განაცხადეს, რომ „გაზპრომ“-თან მოლაპარაკების შედეგები საქართველოს ენერგეტიკული და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვით ემუქრება. აქციის მონაწილეებს ტანსაცმელზე მიმაგრებული ჰქონდათ სტიკერები წარწერით „გაზპრომი“, აგრეთვე ტანკი და რაკეტა ვენტილით, რაც იმას ნიშნავს, რომ „გაზპრომი“ მოსკოვის ხელში ზეწოლის იარაღს წარმოადგენს, – აღნიშნულია ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში (ავტორი – ნინა ახმეტელი).
მასალაში განხილულია შემდეგი საკითხები:
- საქართველოს ვიცე-პრემიერის კახა კალაძისა და „გაზპრომის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ალექსეი მილერის ბრიუსელში გამართულ შეხვედრის მიზეზები და შედეგები (რუსული გაზის ტრანზიტი სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით; საქართველოს გაზით მომარაგების დივერსიფიცირება);
- „ტაბულის“ ხელმძღვანელის თამარ ჩორგოლეიშვილის მიერ გაკეთებული რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებათა წინააღმდეგ მიმართული განცხადებები („გაზპრომი“ ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლოა და საქართველოს მთავრობა, აწარმოებს რა მოლაპარაკებას ასეთ კომპანიასთან, მოსახლეობას წინასწარ უმზადებს უფრო მასშტაბურ უბედურებას“);
- საქართველოში „გაზპრომ“-ის წარსული საქმიანობის გაკვეთილები (გაზის მოწოდება – პოლიტიკურ-ეკონომიკური იარაღი, 2006 წელს გაზის მოწოდების შეწყვეტა);
- საქართველოს პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში (ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის მოლაპარაკების შედეგები); ე) აზერბაიჯანელი ექსპერტის ილჰამ შაბანის კომენტარი („სომხეთს გაზის მიწოდების გაზრდა სურს რაზდანის თეს-ისათვის, ასევე მეტი გაზის რუს საქართველოს, აზერბაიჯანს კი ჯერ-ჯერობით, სანამ საბადო „შაჰ-დენიზ-2“ ექსპლოატაციაში არ შევა, მეტი რაოდენობის მიწოდება არ შეუძლია“);
- ქართველი ექსპერტების გია ხუხაშვილისა და ლიანა ჯერვალიძის კომენტარები (გ.ხუხაშვილი: „საქართველოს რაიმე კატასტროფული საფრთხე არ ელოდება, აზერბაიჯანულ გაზს რუსული გაზი ვერ შეცვლის, ინციდენტი ამოწურულია“; ლ.კერვალიძე: „საქართველოს მეტი გაზის მიღება სურს და ამიტომ მოლაპარაკებაში არაფერი უჩვეულო არაა. აჟიოტაჟი ოპოზიციამ გამოიწვია და ამით ყურადღების მიპყრობა უნდა, წინ ხომ საპარლამენტო არჩევნებია“).
როგორც რეპორტაჟის ბოლოშია აღნიშნული, ქართულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახა კალაძესა და ალექსეი მილერს შორის მოლაპარაკება უახლოეს ხანში გაგრძელდება. ამ საკითხზე „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტმა განმარტება ენერგეტიკის სამინისტროს სთხოვა. მათ დაადასტურეს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკება მართლაც გაგრძელდება, მაგრამ შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
«RFI – Radio France Intarnationale» (საფრანგეთი), 18 აგვისტო, 2015 წელი
http://ru.rfi.fr/kavkaz/20151017-gruziya-azerbaidzhan-i-gazprom-nachali-bolshuyu-igru
საქართველო, აზერბაიჯანმა და „გაზპრომ“-მა დიდი თამაში წამოიწყეს?!
„საქართველოს ხელისუფლებამ მოულოდნელად განაცხადა, რომ მზადაა რუსულ „გაზპრომ“-თან ურთიერთობა აღადგინოს, რომელიც 2006 წელს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იქნა გაწყვეტილი, ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებმა კი მთავრობა კრემლთან სეპარატისტულ გარიგებაში დაადანაშაულა, სტრატეგიული პარტნიორის – აზერბაიჯანის საზიანოდ, რომელიც საქართველოს ბუნებრივ გაზს ძალიან იაფად აწვდის“, – აღნიშნულია ფრანგული რადიოსადგურის „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიერ ეთერში გადაცემულ რეპორტაჟში (ავტორი – გიორგი ლებანიძე).
მასალაში აქცენტი გაკეთებულია ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობის“ მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე გაკეთებულ განცხადებებზე, მათ შორის ტელეკომპანია „ტაბულას“ მთავარი რედაქტორის თამარ ჩორგოლეიშვილის პოზიციაზე, რომლის თანახმად, „გაზპრომ“-თან ურთიერთობის აღდგენა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.
რეპორტაჟში მიმოხილულია საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიციაც.
„გაზპრომ“-საქართველოს კონტაქტების შესახებ რადიოჟურნალისტი ესაუბრება პარლამენტის წევრებს – უმცირესობის წარმომადგენელს, „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს სერგო რატიანს, უმრავლესობის წარმომადგენელს, დარგობრივი ეკომომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ ტყემალაძეს და ექსპერტ გია ხუხა
სერგო რატიანი: „რუსულ კომპანიასთან ურთიერთობის განახლება საქართველოს მძიმე შედეგებს მოუტანს. დღეს საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპის აზერბაიჯანული გაზით მომარაგება ხდება. ბაქო ჩვენ ძალიან იაფად გვაწვდის ბუნებრივ საწვავს და ამ დროს სტრატეგიული პარტნიორის – აზერბაიჯანის მიერ მოწოდებული გაზის ჩანაცვლება იმ ქვეყნის გაზით, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, ეს სუფთა პოლიტიკური საკითხია… საერთოდ, ისე ჩანს, რომ საქართველოს არანაირი განსაზღვრული პოლიტიკური კურსი არ აქვს“.
ზურაბ ტყემალაძე: „გაზპრომ“-თან ურთიერთობაში, ჩემი აზრით, არანაირი საფრთხე არ არსებობს. საქართველოსთვის გაზით მომარაგების დივერსიფიცირება მომგებიანია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ აზერბაიჯანის იაფი გაზისათვის, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ გაზს ბაქო იგივე „გაზპრომ“-ისაგანაც ყიდულობს. რუსული გაზის ფასი მოლაპარაკების საგანია. რაც შეეხება ოპოზიციის ხმაურს, ოპოზიცია იმიტომ არსებობს, რომ უნდა იხმაუროს“.
გია ხუხაშვილი: „ეს არის ძალიან სახიფათო თამაში მრავალი რისკებით. „გაზპრომის“ მიზანს ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაფუჭება წარმოადგენს. მართალია, საუბარია რუსული გაზის მცირე რაოდენობაზე, მაგრამ ეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას არღვევს…რაც შეეხება დივერსიფიცირებას, ამ შემთხვევაში ეს ყალბი თემაა. კი, დივერსიფიცირება ყველა სახელმწიფოს ჭირდება პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ განა ჩვენ აზერბაიჯანთან მიმართებით რაიმე საფრთხე ან რისკები გვემუქრება? თუ გვინდა გაზით მომარაგების სხვა წყარო გვქონდეს, მაშინ იქ უნდა ვეძებოთ, სადაც ნაკლები რისკია მოსალოდნელი“.
«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი), 19 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2831625
გამოკითხვა კითხვის პირდაპირი დასმით
რაზე ფიქრობს და საით მიდის საქართველოს მოსახლეობა
რუსული ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის „კომერსანტ-ვლასტ“-ის 19 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილია საქართველოს შესახებ ვრცელი გამოკვლევის საჟურნალო ვერსია (ავტორები – ადლან მარგოევი და ალექსეი ტოკარევი), რომელიც მოსკოვის საერთაშორისო ურიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) მეცნიერ-თანამშრომლებმა მოამზადეს (პროექტი „რეგიონული სახელმწიფოების ინტერესები საქართველოში 2015 წელს: რუსეთი, ირანი, თურქეთი, ყაზახეთი“).
გამოკვლევაში გაანალიზებულია საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსი უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში: ევროატლანტიკური ვექტორის თავისებურებები, დამოკიდებულება რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან, მეზობელი სახელმწიფოების ინტერესები საქართველოში, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება…
საქართველოში არსებული მდგომარეობა აჩვენებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობა მტკიცდება: გაიხსნა ნატოს საწრთვნელი ცენტრი, გაფორმდა ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან… დღეს რუსეთი საქართველოსთვის იგივე, რაც ამერიკა რუსეთისათვის: ყველა უბედურებაში თბილისი მოსკოვს ადანასაულებს (იგივეს აკეთებს მოსკოვი ვაშინგტონის მიმართ). ევრაზიულ კავშირთან მიერთება საქართველოსტვის დღის წესრიგაში არ დგას.
საქართველოში სოციოლოგიის მდგომარეობა რთულია – ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვებს მხოლოდ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები („ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“) ატარებენ, რომელთა შედეგები პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისია და დამოკიდებულია შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე. ადგილობრივი სოციოლოგები ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი აშშ-ის საელჩოს სურვილზეა დამოკიდებული.
რუსების მასობრივ ცნობიერებაში გაბატონებულია აზრი, რომ ქართველებს ძილშიც სოხუმზე და ცხინვალზე აღმართული საქართველოს დროშა ელანდებათ, მაგრამ ეს ასე არაა. გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, გამოკითხვები მოწმობს, რომ ქართველებისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მთვარი სადარდებელი არაა. ამერიკული „ენ-დე-აი“-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად სოციალურ-ეკონომიკური ვითარება აღელვებს – უმუშევრობა, ინფლაცია, სიღარიბე… ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა წინა პლანზე მხოლოდ 29%-მა დააყენა“, – ნათქვამია გამოკვლევაში, რომელშიც დიდი ადგილი აქვს დათმობილი გამოკითხვების ანალიზს.
საშინაოპოლიტიკური სიტუაციის ანალიზის დროს ავტორები ყურადღებას ამახვილებენ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, კონფლიქტურ ზონებზე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე, აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე…
საქართველოს საგარეოპოლიტიკური ვექტორების მხრივ ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ნატოსტან, ევროკავშირთან და, საერთოდ, დასავლეთთან ურთიერთობაზე (სავიზო რეჟიმის საკითხის გათვალისწინებით), რუსეთთან (ევრაზიულ კავშირთან) დამოკიდებულებაზე, „საქართველოს მთავარ მტრებსა და მეგობრებზე“…
ბუნებრივია, გამოკვლევის ავტორები ყურადღებას უპირველესად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას უთმობენ: მოცემულია სხვადასხვა დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების დინამიკა (გრაფიკული ასახვით) და აღნიშნულია, რომ „თუ სოციოლოგიურ სურათს დავეყრდნობით, რუსეთისათვის საქართველო დაკარგულ სახელმწიფოდ არ უნდა ჩავთვალოთ, როგორადაც ხშირად წარმოუდგენიათ რუს პოლიტიკოსებს ეს ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ერთი მხრივ, აშკარაა, რომ ქართული საზოგადოებისათვის რუსეთი ნომერ პირველი მტერია, ნატო და ევროკავშირი კი სიკეთის განსახიერება, მაგრამ მეორე მხრივ, მოსახლეობის ოთხ მეხუთედს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოზე ცუდ გავლენას ახდენს, თუმცა სიტუაციის გამოსწორება უნდა მოხდეს. მართლაცდა, იბადება კითხვა: განა არ უნდა გააუმჯობესო ურთიერთობა იმ მეზობელთან, რომელიც შენზე გავლენას ახდენს?“.
«Berner Zeitung» (შვეიცარია), 18 ოქტომბერი, 2015 წელი
ოდესაში კორუფციას პლაკატებით ებრძვიან
რა გააკეთა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ოდესაში ოთხი თვის განმავლობაში
„თითქმის ოთხი თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავისი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, რომელიც 47 წლისაა, უკრაინის მოქალაქეობა დაჩქარებულად, ნატურალიზაციის წესით მიიღო. უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუები მიხეილ სააკაშვილს აღარ აინტერესებს – პრესმდივანმა გამომიცხადა, რომ დაკავებულია და ვერ გესაუბრებათო. მიხეილ სააკაშვილმა ბოლო თვეებში გამონაკლისი მხოლოდ ავსტრიული „სტანდარდ“-ისათვის დაუშვა, რომელსაც ინტერვიუ გებერნატორობის 100 დღის აღსანიშნავად მისცა და განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ახლა კორუფციასთან ბრძოლაა, ანუ იგივეს გაკეთებას აპირებს, რაც მშობლიურ საქართველოში განახორციელა“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში (ავტორი – ლაურა ფელმანი).
ოდესის ვაგზალში მდებარე მცირე კიოსკებზე და მაღაზიებზე პლაკატებია გამოკრული აკორუფციასთან ბრძოლის თაობაზე. იმის გამო, რომ უკრაინის საგზაო პოლიცია კორუმპირებულია, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქში ამას წინათ პოლიციის შემადგენლობა მთლიანად შეცვალა. „ჰმ, ეს ახალი პოლიციელები ფოლკლორია და მეტი არაფერი“, – ასე ახსნა ბოსტნეულის ხანდაზმულმა გამყიდველმა ქალმა და იქით მიმახედა, სადაც ორი ძალიან ახლგაზრდა პოლიციის სამხრეებიანი ქალიშვილი იდგა, სუპერმოკლე ქვედაბოლოთი. კარგი იქნება, თუ ისინი ქრთამის აღებას მოსპობენ.
მას შემდეგ, რაც დონბასში ომი გაჩაღდა, ოდესაში ტურისტთა რაოდენობა იკლო: „ტურისტული საკრუიზო ლაინერები ჩვენთან აღარ შემოდიან“, – ჩივის ტაქსის მძღოლი. უცხო ენების სკოლის დირექტორიც სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი: „ორი-სამი წლის წინათ უამრავი სტუდენტი მყავდა უკრაინული და რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე, ახლა კი მხოლოდ ორია – ერთი შვეიცარიელი და ერთიც ფრანგი. მასწავლებლები დაუსაქმებებელი არიან“. ოდესაში საშინელი ინფლიაციაა, რაც ხელფასზე უარყოფით გავლენას ახდენს. „ორი წლის წინათ 700 ევროს ტოლფას ვიღებდი გრივნით, ახლა კი ხელფასი მხოლოდ 500 ევრომდე თუ გროვდება“. კრიზისი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბიზნესსაც შეეხო – მის შოკოლადის იმპერიას „როშენს“ ძველებური მოგება აღარ მოაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, იგი უბრალო ხალხის მსგვასად, კარტოფილის მოყვანას არ დაიწყებს.
ოდესიდან 550 კილომეტრზე ფრონტის ხაზია. თითქოსდა შორსაა, მაგრამ ქალაქში ომის სუნთქვა მაინც იგრძნობა. სამხედრო კონფლიქტში უკვე 7 ათასამდე ჭაბუკი დაიღუპა.
ოდესაში ყველაზე აყვავებული ბიზნესი საბანკო სფეროშია. მათი თვალისმომჭრელი მინის შენობები წინააღმდეგობრივად მოჩანს გაპარტახებული და ძველი სახლების გვერდით. ეკონომიკა ღრმა კრიზისშია, ქარხანა-ფაბრიკები არ მუშაობს, ქალაქის ცენტრში ბევრი მაღაზია დახურულია, ამ ფონზე კი სექს-ტურიზმიც არ ვითარდება: კაფე-ბარებში ახალგაზრდა ქალები მდიდარ უცხოელებს ტყუილად ელოდებიან. ნაგვის ყუთებთან უამრავ ბომჟს შეხვდებით, რომლებიც საჭმლის ნარჩენებს და პლასტიკურ პაკეტებს აგროვებენ. ბოსტნეულის მაღაზიებიდან მოსახლეობას ნახევარდამპალი პროდუქტიც კი მიაქვთ. ძალიან დაბალია პენსიები: „ვის შეუძლია 20 ევროდ თავის რჩენა?“, – კითხულობს ახალგაზრდა მედიცინის და, რომელიც თვითონ თვეში 100 ევროს იღებს და თავისი მეუღლის დედ-მამასთან ცხოვრობს.
ოდესის გარეუბანში სამხედრო ავტომანქანების ქარავანი დგას: „წვევამდელებს აგროვებენ“, – მიხსნის ტაქსის მძღოლი. მისი თქმით, რუსები და უკრაინელები ყოველთვის კარგად ცხოვრობდნენ, ენაც თითქმის ერთნაირი აქვთ. „დონბასში ძმათამკვლელი ომი მიდის“, – ამბობს იგი. ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ არაფერს ამბობს, ყველაფერს მხოლოდ საკუთარ „პროდასავლურ“ მთავრობას აბრალებს, რომელიც იმავდროულად ხელს უწყობს ნაციონალიზმის გაღვივებას.
ოდესის ოლქის მოსახლეობის უფროს თაობას, რომელიც საბჭოთა კავშირის ეპოქაში ცხოვრობდა, ამერიკა მტრად მიაჩნია. ასეთი თვალსაზრისი განსაკუთრებით სოფლებში შეიმჩნევა: ისინი ოცნებობენ ძველი დროის დაბრუნებაზე და ჰყვებიან, თუ რა კარგად ცხოვრობდნენ 70-იან და 80-იან წლებში, 1991 წლამდე, ანუ უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. „დღეს კი რას ვხედავთ? რკინიგზა მოშლილია და არ მუშაობს, ყველგამნ უმუშევრობაა გამეფებული, ჯანდაცვის სისტემა განადგურებულია“, – ამბობს უკრაინელი გლეხი ქალი სტატიის ავტორთან საუბარში.
ოდესაში კორუფციის მდგომარეობის მხრივ მხრივ არაფერი სეცვლილა – სავადმყოფოში თუ მიხვალ, თან ფულის შეკვრა უნდა წაიღო, ან საჩუქარი… მოკლედ, 46 მილიონიან ქვეყანას წინ უამრავი პრობლემის მოგვარება ელოდება.
«Огонек» (რუსეთი), 19 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2820825
სააკაშვილისდროინდელი ოდესა
ქალაქის მერის არჩევნები: საქართველოს ექს-პრეზიდენტისათვის პირველი საჯარო გამოცდა იქნება
რუსულ ჟურნალ „ოგონიოკ“-ის 19 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილია სპეცკორესპონდენტ ვიქტორ ლოშაკის სტატია, რომელშიც დღევანდელი ოდესის ცხოვრებაა გადმოცემული.
პუბლიკაციის მოკლე შინაარსი ასეთია:
უკრაინაში 25 ოქტომბერს ქალაქების მერები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დეპუტატები უნდა აირჩიონ. ეს არჩევნები საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის გუბერნატორისათვის პირველი საჯარო გამოცდას წარმოადგენს და, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს „ცივ წყალს გადაასხამენ“: მისი კანდიდატს ალექსანდრე (საშა) ბოროვიკს ოდესის მერად არჩევის შანსი არ აქვს. სხვათა შორის, ოდესელებმა რეკორდი დაამყარეს მერობის კანდიდატთა რაოდენობაში: მაშინ როცა კიევში 8 კანდიდატია დარეგისტრირებული, ხარკოვში – ექვსი, ოდესაში – ოცდარვა!
მართალია მიხეილ სააკაშვილი და ალექსანდრე ბოროვიკი (უკრაინის ეკონომიკის მინისტრის ექს-მოადგილე) ტელევიზორში გამუდმებით ლაპარაკობენ, იქ იძინებენ და იღვიძებენ, მოსახლეობას სამოთხეს პირდებიან, ოდესელები, ალბათ, მაინც ამჟამინდელ მერს გენადი ტრუხანოვს აირჩევენ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი „პირწავარდნილ ბანდიტს“ უწოდებს. მან გენადი ტრუხანოვს ბრძოლა გამოუცხადა, რის შედეგადაც ქალაქის მერის ავტორიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდა… საქართველოს ექს-პრეზიდენტისათვის ეს არჩევნები, აშკარაა, მცდარი თვითშეფასების კიდევ ერთი ნიმუში იქნება.
მიხეილ სააკაშვილის დონ-კიხოტობა ოდესაში სიმპათიებს არ იწვევს. რა თქმა უნდა, მას ფიარის ტალანტი აქვს, უყვარს პოზიორობა და აჟიოტაჟი – ამ მხრივ ოდესაში, თეატრალობის მოყვარულ ქალაქში, მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები ნამდვილად ჰყავს. რესტორნებში, სახალხო ღონისძიებებზე, ტრანსპორტში იგი მოსახლეობას უღიმის და საუკეთესო ეპითეტებს არ იშურებს: „უკრაინა და ოდესა მუდამ ჩემს ფიქრებშია“, „თქვენ ყველაზე საუკეთესონი ხართ მსოფლიოში“, „უკრაინელებმა ევროპა რუსი ფაშისტებისაგან გადაარჩინეს“ და ასე შემდეგ.
მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ქცევისა და მოქმედების ასეთი სტილი თავის საწინააღმდეგოდ უბრუნდება. ზედმეტობები უკვე ადვილად შესამჩნევია. უფრო მეტიც – კიევში მან მტრები გაიჩინა. ჯერ-ჯერობით მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ბევრს ლაპარაკობს, ვიდრე აკეთებს…
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ყოფილი ქართველი პრეზიდენტი იმ სისტემას დაუპირისპირა, რომლის წარმომადგენელი თვითონ პეტრო პოროშენკოა. რთულია ასეთ ფონზე რაიმე დადებითის გაკეთება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ობიექტურ გარემოებათა გამო, გასულ ზაფხულს ოდესაში, რომელიც ყირიმის რუსეთისადმი მიერთების გამო, ქვეყნის ერთადერთ საზღვაო-საკუროტო ზონად იქცა, ტურისტების მოზღვავება იგრძნობოდა. ოდესელი რესტორნების მფლობელები კმაყოფილნი არიან. დღეს ოდესას უკრაინის სამხრეთ დედაქალაქ უწოდებენ. რამდენიმე წლის წინ კი ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო, – ნათქვამია სტატიაში.