globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 19th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ლარა ლინდემანთან: „ქართველები ძალიან პროდასავლურები არიან“

«Region Plus» (აზერბაიჯანი): „ოცნებამ“ ოცნება მოკლა // ქართველებმა ხმა იგივე ხელისუფლებას მისცეს

«Новое время» (სომხეთი): საქართველოს პარლამენტში „თურქოფობების“ ფრაქცია იქნება. როგორ აისახება ეს სომხეთზე?

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 19 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/laura-linderman-post-elex-16/3555758.html

ინტერვიუ ლარა ლინდემანთან: „ქართველები ძალიან პროდასავლურები არიან“

ანა კალანდაძე

„ამერიკის ხმა“ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და პროცესის მნიშვნელობაზე დემოკრატიული განვითარებისთვის ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ლარა ლინდერმანს ესაუბრა:

- როგორ აფასებთ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, რა მიიღო ქართულმა საზოგადოებამ და როგორი იყო პროცესის დემოკრატიულობა?

- ცალსახაა, რომ მთავარი მოგება ქართულ ოცნებას დარჩა. როგორც გამოჩნდა, ამომრჩეველი კმაყოფილი იყო გასული ოთხი წლით და მათ ასევე აჩვენეს, რომ კურსის და სტაბილობის შენარჩუნება სურთ. გაერეთიანებული ნაციონალური მოძრაობა ასევე გამარჯვებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ საკუთარი მოლოდინები ბოლომდე ვერ გაუმართლდა, მან დაამტკიცა, რომ ის მთავარი ოპოზიციური პარტიაა. რაც შეეხება რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს, ვნახეთ, რომ ვერცერთმა ამ პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი. მათმა შედეგებმა კი გაუსვა ხაზი იმას, რომ ენმ არის ძირითადი ოპოზიციური პარტია. რაც შეეხება დემოკრატიის მომავალს საქართველოში, იქნება გამოწვევები, რადგან მომავალი ოთხი წელი იგივე პარტია რჩება ხელისუფლებაში. ქართულ ოცნებას ექნება ცდუნება ძალის კონსოლიდაცია მოახდინოს, რაც იდეალური არ იქნება ქვეყნისთვის. თუმცა ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში ენმ-თან მუშაობა და ერთად მართვა, რათა ეს გამოწვევა თავიდან იქნას აცილებული.

- მთლიანობაში, დააკმაყოფილა, თუ არა ამ არჩევნებმა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული სტანდარტი?

- ეს არ ყოფილა სრულყოფილი და უნაკლო პროცესი, იყო ძალადობის და ზეწოლის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ძირითადად, მედია იყო მრავალფეროვანი, კამპანია კი ენერგიული, წარსულთან შედარებით უფრო ნაკლებად ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსების გაფლანგვა. ამიტომაც, არჩევნები იყო წინგადადგმული ნაბიჯი.

- თქვენი აზრით, ის, რომ მცირე ზომის ლიბერალური იდეოლოგიის პარტიებმა პარლამენტში გამსვლელი შედეგები ვერ აჩვენეს, ეს ზოგადად პრო-დასავლური პლატფორმის მარცხად უნდა აღვიქვათ?

- მე არ ვიტყოდი, რომ მთლიანობაში პრო-დასავლურმა პარტიებმა დამარცხება იწვნიეს. ქართულმა ოცნებამ ბევრი იმუშავა, რათა გაეგრძელებინა დასავლური ინტეგრაცია. ამომრჩეველმაც სწორედ ასე გაგრძელება ისურვა მისგან. რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს ან რესპუბლიკურ პარტიას, ამ პარატიების მიღმა ბევრი პოლიტიკური ფიგურაა და არა იმდენად პოლიტიკა. რეალურად, არაერთი პარტია ადგას დასავლურ პლატფორმას, თუმცა სიტუაცია უფრო გაირკვა, როცა ენმ მთავარ პოლიტიკურ ძალად დამკვიდრდა. ქართული ოცნება ძალაუფლებაში დარჩება. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, მას 6 პარლამენტარი ეყოლება, სავარაუდოდ. მათ არ აქვთ საპარლამენტო ან მართველობის გამოცდილება და ისინი მოსახლეობის ძალიან მცირე ფენის ინტერესების, მათი ხმის გაჟღერებას შეეცდებიან.ამავე დროს, ისინი ვერ შეძლებენ ბევრის მიღწევას. ისინი რუსული პროპაგანდის შედეგად მოხვდნენ პარლამენტში. ამგვარ პაროპაგანდას ჩვენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში ვხედავთ. დიდი ფულის დახარჯვის მიუხედავად, მათ საქართველოში მხოლოდ ეს მოახერხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველები ძალიან პრო-დასავლურები არიან.

- რა საშიშროება ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას პარლამენტში?

- „ქართული ოცნება“ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ეს პარტია ძალაუფლების კონსოლიდაციის ცდუნების წინაშე აღმოჩნდება. თუმცა, როგორც წარსულში ვნახეთ, იმ დროს, როცა პარტია ამას ცდილობს, საზოგადოებაში ჩნდება უარყოფითი რეაქცია და ამომრჩეველი სხვას ითხოვს. ამიტომ, ქართულმა ოცნებამ მმართველობის დახვეწაზე ენმ-სთან უნდა იმუშაოს, ნაკლები ყურადღება დაუთმოს კინკლაობას, წარსულის მოვლენებს და გაიხედოს წინ.

- რა როლი ითამაშეს პროცესებშიარაფორმალურმა ლიდერებმაორივე მხარეს? მათ რა ჩართულობას იწინასწარმეტყველებთ სამომავლოდ და რამდენად ჯანსაღია ეს ქვეყნისთვის?

- ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ფლობს “არაფორმალურ” ძალაუფლებას, შემაშფოთებელია. უკეთეს შემთხვევაში, ის გააგრძელებს უკან დახევას და საშუალებას მისცემს ქართული ოცნების ახალ სახეებს ასპარეზზე გამოვიდნენ. სააკაშვილს რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ გაუთვლელი ნაბიჯები ენმ-ის კამპანიაში, როცა არჩევნები იყო გათანაბრებული რეფერენდუმთან, რომელსაც სააკაშვილის დაბრუნება-არდაბრუნება უნდა გადაეწყვიტა. ამ რიტორიკამ ამომრჩეველში ვერ მოიპოვა მხარდაჭერა და საერთოდ, ვფიქრობ ხალხს სურს ივანიშვილ-სააკაშვილის დინამიკას გასცდეს. იმედი მაქვს, ორივე ლიდერი ქართული პოლიტიკიდან გავა და საშუალებას მისცემს პარტიებსა და პლატფორმებს საქმე გააკეთონ.

«Region Plus» (აზერბაიჯანი), 18 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.regionplus.az/ru/articles/view/6044

„ოცნებამ“ ოცნება მოკლა

ქართველებმა ხმა იგივე ხელისუფლებას მისცეს

აზერბაიჯანის რუსულენოვან ყოველკვირეულ ჟურნალში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში საკმაოდ დეტალურადაა ასახული როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პროცესი, ასევე თვით არჩევნების შედეგებიც: პარტიებისა და ბლოკების მიერ მიღებული ხმები რაოდენობა, მათი რეაქცია ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებზე, არჩევნებისშემდგომი სიტუაცია ოპოზიციურ პარტიებში, მათი საქმიანობის პერსპექტივა და ა.შ. (ავტორი – ნატიგ ნაზიმოღლუ).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ეპოქა წარსულს საბოლოოდ ჩაბარდა. ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები ოდესიდან და მისი განცხადებები „აბობოქრებული შავი ზღვის გადმოცურვის და სამშობლოში მაინც დაბრუნების’ თაობაზე დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. ქართველების უდიდესი ნაწილი ხმას აღარასოდეს არ მისცემს იმ ადამიანის ხელისუფლებაში დაბრუნებას, რომლის სახელს უკავშირდება ქვეყნის დამარცხება 2008 წლის აგვისტოს ომში და ამის შედეგად სეპარატისტული რეგიონების -  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორება…

მართალია, ქართველთა დიდი ნაწილისათვის მართლაც სასარგებლო და მისაღებია „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები, მაგალითად, ჯანდაცვის სფეროს რეფორმა (საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა, ზოგიერთი სენის უფასო მკურნალობა და ა.შ.), ქართული პროდუქციის გატანა რუსეთში, მაგრამ ჯერ კიდევ არიან პრო“ნაციონალურად“ განწყობილი ამომრჩევლები (რასაც არჩევნების შედეგებიც ადასტურებს – 27,1%), რომლებისთვისაც „ნაციონალების“ ბრძოლა კორუფციასთან მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს. ასე რომ, „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკური სპექტრიდან იოლად ჩამოსაწერი პარტია არ გახლავთ.

თუმცაღა, რაც არ უნდა იყოს, ფაქტია: საქართველომ მიიღო პარლამენტი, რომელშიც, დღევანდელი მონაცემებით, მმართველი პოლიტიკური ძალა დომინირებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების სტრატეგია სამომავლოდაც გაგრძელდება..

„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვება საგარეოპოლიტიკურ კონტექსტში იმას ნიშნავს, რომ კვლავ გატარდება უფრო მოქნილი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. თუმცა აქვე ვიტყვით, რომ თბილისისა და მოსკოვის კარდინალური დაახლოება არ მოხდება. ეს იმიტომ, რომ ერთი მიზეზი აშკარად ჩანს: მოსკოვი ურყევია თავის გადაწყვეტილებაში – რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და ეს უკვე მისთვის აქსიომას წარმოადგენს. ამავე დროს ხელისუფლებას მოუწევს ანგარიში გაუწიოს ქართული საზოგადოების სურვილს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე. ამ სურვილის არსებობაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ პარლამენტში თავისი წარმომადგენლები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსსაც“ ეყოლება – პარტიას, რომელსაც ბევრი ექსპერტი პრორუსულ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს. მისი ლიდერი ირმა ინაშვილი ორი წლის წინათ კენჭს თბილისის მერის არცევნებში იყრიდა, უფრო ადრე კი რუსეთის „პირველი არხის“ თანამშრომლად მუშაობდა. დღეს იგი ვალდებულობას იღებს, რომ საქართველოს „დასავლეთის დამღუპველი მოქმედებისაგან“ დაიცავს და რუსეთთან კავშირებს გააღრმავებს.

კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოში „პრორუსულად“ მიიჩნევენ, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობაა“. თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე აქცენტს ქვეყნის უბლოკო სტატუსზე აკეთებდა, ანუ მისი გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ბლოკებსგარეშე ქვეყნად გამოცხადდებოდა და თბილისი აქტიურად განავითარებდა ურთიერთობას როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთთან. თუმცა არჩევნების შედეგები ნინო ბურჯანაძის პირად წარუმატებლობაზე მიუთითებს: მან ოპოზიციაში აქტიურად საქმიანობის პერიოდში ვერ მოახერხა ისეთის პარტიის ჩამოყალიბება, რომელიც ქართული პოლიტიკური სისტემის მეტ-ნაკლებად გავლენიანი ნაწილი გახდებოდა.

ამასთან, ცალკეული პოლიტიკური ძალების პრორუსული განწყობების მიუხედავად, მთლიანობაში ქართული საზოგადოება მაინც ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირებული რჩება. „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვება იმას მოწმობს, რომ თბილისი პროდასავლურ კურსს გააგრძელებს: „მეოცნებეთა“ პროგრამაში პირდაპირაა ჩაწერილი აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავება, მათ შორის თავდაცვის სფეროში. საერთოდ კი, როცა საქართველოს პროდასავლურ კურსზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრ ქართველს იმედები გაუცრუვდა – ისინი მიხვდნენ, რომ საეჭვოა მათი ქვეყანა ოდესმე ნატოს ან ევროკავშირის წევრი გახდეს: დასავლურ სტრუქტურებს საქართველოს გამო რუსეთთან მწვავე კონფრონტაციის გამოწვევა არ სურთ.

ასევე არაა მოსალოდნელი რაიმე სერიოზული ცვლილება საქართველოს ურთიერთობაში სამხრეთკავკასიელ მეზობლებთან, კერძოდ, აზერბაიჯანთან. „ქართული ოცნების“ მთავრობა აზერბაიჯანს თავის უახლოეს სტრატეგიულ პარნტნიორად თვლის, მაგრამ იმავდროულად ძალისხმევას არ აკლებს სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებასაც და ცდილობს, რომ ერევანთან დამოკიდებულება ბაქოსთან დამოკიდებულების დონეს გაუთანაბროს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკისათვის, მასშტაბურ პროექტებს, რაც ევრაზიულ გზაჯვარედინზე აზერბაიჯანის ლიდერობით მიმდინარეობს,   თბილისის მცდელობები ერევანთან მიმართებით აშკარად წარუმატებელია.

«Новое время» (სომხეთი), 18 ოქტომბერი, 2016 წელი

http://nv.am/politika/53866?task=view

საქართველოს პარლამენტში „თურქოფობების“ ფრაქცია იქნება. როგორ აისახება ეს სომხეთზე?

„საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გავლენა შეიძლება მთელი რეგიონის პროცესებზე მოახდინოს. „ქართული ოცნების“ „ნაციონალებზე“ გამარჯვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ოპონენეტებს, პირადად მიხეილ სააკაშვილსაც რევანშის შესაძლებლობა მოუსპეს და აწი უკვე შეუძლიათ მშვიდად გაატარონ რადიკალური რეფორმები, რომლებიც, როგორც ჩანს, ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსაც ეხება“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – არმენ ერკანიანი).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„რასაკვირველია, „ქართული ოცნება“ წინა ოთხი წლის განმავლობაშიც ცდილობდა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების კორექტირებას, მაგრამ ძალიან ფრთხილად – მას ხომ ისეთი პოლიტიკური ოპონენეტი ჰყავდა, რომელიც არ დააყოვნებდა და „ოცნებას“ „რუსი აგრესორისადმი სიმპათიებში“ დაადანაშაულებდა. მაგრამ ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ „ნაციონალების“ ღია ანტირუსული რიტორიკა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედ ნაწილს მოსწონს და მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პარლამენტში მაინც იქნებიან (მეორე პოლიტიკური ძალა დეპუტატების რაოდენობით), მათი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდება. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში საკმაოდ გაატქიურდნენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრე პარტიები, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტში უკვე მესამე ძალის როლს შეასრულებს. სხვათა შორის, ირმა ინაშვილის პარტია ღიად აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსის მიზანშეწონილებას და მოითხოვს იმ სასათბურე პირობების გაუქმებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა თავის დროზე თურქულ კაპიტალს შეუქმნა საქართველოში.

ასევე ყურადსაღებია ის მომენტიც, რომ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით, პოლიტიკური ძალების ხუთეულში შევიდა ნინო ბურჯანაძის საარჩევნო ბლოკის, რომელიც ასევე პრორუსული რეპუტაციით სარგებლობს, თანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ ბლოკმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს არჩევნებში (რომელიც პარლამენტის არჩევნებთან ერთად ჩატარდა) მიღებული ხმების რაოდენობით მესამე ადგილი დაიკავა (თითქმის 7%) და თავისი წარმომადგენელი გაიყვანა. აქ, ალბათ, უპრიანია გავიხსენოთ, თუ როგორ აკრიტიკებდა ნინო ბურჯანაძე თავის დროზე საქართველოს ხელისუფლების გატარებულ პოლიტიკას იმაში, რომ თბილისი ილჰამ ალიევის ნავთობის დიქტატს ემორჩილებოდა და ამით სომხეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას ზიანს აყენებდა. (…)

„ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა, მაგრამ მას არ შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს ქართულ საზოგადოებაში არსებულ პრორუსულ განწყობებს. ანუ, საგარეო პოლიტიკის გატარების დროს პროდასავლურ ორიენტაციისადმი, ალბათ, მაინდამაინც, მტკიცე მხარდაჭერა სავალდებულო აღარ უნდა იყოს. „მეოცნებეებს“ პარლამენტში დეპუტატების თითქმის ორი მესამედი ეყოლებათ და, შესაბამისად,“ არავის შიში აღარ უნდა ჰქონდეთ.

ჩვენთვის, სომხებისათვის, მნიშვნელოვანია არა მარტო თბილისისისა და მოსკოვის სრულფასოვანი დიალოგის აღდგენა, არამედ თბილის-ანკარის ურთიერთობის შესაძლებელი გაცივება. ალბათ, მოსალოდნელია, რომ პარლამტში შესული „პატრიოტთა ალიანსი“ თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული გავლენის შეზღუდვას მოითხოვს. სწორედ ეს იყო ირმა ინაშვილის საარჩევნო ბლოკის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი. ამიტომაც მიიღეს „პატრიოტებმა“ ხმების ასეთი რაოდენობა: საარჩევნო მოწოდებამ „ბოლო მოეღოს თურქეთის ექსპანსიას“ თავისი როლი შეასრულა.. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი ნამდვილად ამბობდა, რომ თურქეთის შავიზღვისპირეთის რაიონები საქართველოს ისტორიული მიწა-წყალია და მოუწოდებდა, რომ ტერიტორიების დაბრუნების საკითხი საგარეოპოლიტიკურ დღის წესრიგში შესულიყო. გარდა ამისა, იგივე თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ თურქეთმა მართლაც მოაწყო სომეხთა გენოციდი 1915 წელს და ეს პროცესი 1911 წელს დაიწყო.

“ჩემი დამოკიდებულება თურქეთისადმი ყველასათვისაა ცნობილი: ეს ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, სხვა ქვეყნების – საბერძნეთის, სომხეთის და საქართველოს მიწების მიტაცების ხარჯზე. თურქეთი სახელმწიფო-მშენებელი კი არა, სახელმწიფო-დამანგრეველია“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე თბილისელი სომხების ასამბლეის აქტივისტებთან შეხვედრის დროს, სომხური კულტურის ცენტრ „აირატუნში“.

სხვათა შორის, „პატრიოტთა ალიანსის“ [საარჩევნო ბლოკის] დამფუძნებლებს შორის არცთუ ცოტანი არიან ისეთი მოღვაწეები, რომლებიც პროსომხური პოლიტიკოსის რეპუტაციით სარგებლობენ. მათ შორისაა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. იგი დიდი ხანია ცდილობს ხმები სომხურენოვანი ელექტორატისაგან მიიღოს. კახა კუკავა ჯავახკში საკმაოდ აქტიურად მუშაობს (თუმცა არასაკმარისად შედეგებით). არაა გამორიცხული, რომ მან დეპუტატის მანდატი მოიპოვოს, რა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი პარტნიორი გვეყოლება. რაც შეეხება ქართულ საკანონმდებლო როგანოში გასულ სომხებს, მანდატებს კიდევ სამი ჩვენი თანამემამულე მიიღებს, თანაც სამივე მმართველი პარტიის წარმომადგენელია. ნიშანდობლივია, რომ მაჟორიტარული სისტემით პარლამენტში ერთი სომეხი და სამი აზერბაიჯანერლი იქნა არჩეეული. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან, როგორც წესი, მაჟორიტარ ოლქებში არჩეული დეპუტატები უფრო თავისუფლები არიან და ამომრჩეველთა ინტერესებს ისინი უფრო იცავენ, ვიდრე პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრები. აღსანიშნავია, რომ ამიერიდან საქართველოში არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ქვეყანაში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობისათვის კარგი ამბავი ნამდვილად არ არის.

Comments are closed