globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 19th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ქიმერის დევნაში: სომხებს ლოგიკისა და ანგარიშის დეფიციტი აქვთ // „გვჯერა, ქართველები აზერბაიჯანთან ურთიერთობას მსხვერპლად არ შეწირავენ ორპირ სომხებს, რომლებსაც ქართულ მიწებზეც აქვთ თვალი დადგმული“

«Day» (აზერბაიჯანი): აზერბაიჯანის წარმატებები მტრებს სიმშვიდეს უფრთხობს: ვის უშლის ხელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა?

«Областная газета» (რუსეთი): ინტერვიუ ავთანდილ ვარსიმაშვილთან: „რუსეთი მხოლოდ ის ქვეყანა არაა, რომელსაც „ენ-ტე-ვე“-თი აჩვენებენ“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსეთი ქართულ „მეხუთე კოლონას“ აძლიერებს

——————–

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 19 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/swf.php

ქიმერის დევნაში: სომხებს ლოგიკისა და ანგარიშის დეფიციტი აქვთ

„გვჯერა, ქართველები აზერბაიჯანთან ურთიერთობას მსხვერპლად არ შეწირავენ ორპირ სომხებს, რომლებსაც ქართულ მიწებზეც აქვთ თვალი დადგმული“

„რაც უფრო ახლოვდება ბაქო-თბილისი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნის თარიღი, სომეხთა მხრიდან მით უფრო ხშირად ისმის კითხვები – ექნებათ თუ არა მათ „სიცოცხლის გზით“ სარგებლობის შესაძლებლობა? მაგრამ რადგანაც იციან, რომ აზერბაიჯანი ერევანს ამის ნებას არ მისცემს, სომხებმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ისტერიული კამპანია დაიწყეს“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც რკინიგზასთან დაკავშირებული სიტუაციაა განხილულ-გაანალიზებული (ავტორი – მარიამ გულამოვი).

„აზერბაიჯანის პოზიცია ნათელია: საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა, რომ სომხეთს, ცხადია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით და სხვა რეგიონული პროექტებით სარგებლობა შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარს გაიყვანსო. მართლაცდა, რა არის ამაზე იოლი და კარგი – გაიყვანე ჯარი და ისარგებლე ყველა სიკეთით, რომელშიც კაპიკი არ დაგიხარჯავს!

ჩვენი ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი ფული დახარჯა ამ რკინიგზის მშენებლობაში, სამართლიანად თვლის, რომ რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლა მისი დიპლომატიური გამარჯვებაა. და როგორც არ უნდა იეშმაკოს სომხურმა მასმედიამ, კერძოდ, გაზეთმა Lragir-მა – „საქართველოს არ აქვს იმის მექანიზმი, რომ ხელი შეუშალოს ახალი რკინიგზით სომხური ტვირთების გადატანასო“, სომხეთი აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სატრანსპორტო მაგისტრალით სარგებლობას ვერ შეძლებს, სანამ სხვისი მიწების ხელში ჩაგდებას არ შეეშვება და ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებს.

ქართული მხარესთან სომეხთა თხოვნა-პრეტენზია უადგილოა, რადგან ყველაფერს აზერბაიჯანი წყვეტს. აზერბაიჯანმა საქმით დაამტკიცა მოძმე საქართველოსთან მეგობრული დამოკიდებულება. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკის მთვარი ინვესტორია. და საერთოდ, სომხეთმა თურქეთისგანაც უნდა აიღოს ნებართვა.

სხვათა შორის, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ თუ ჩვენ დაგვჭირდება, მოძმე საქართველო მიიღებს საჭირო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და სომხებს ახალქალაქი-ყარსის რკინიგზით სარგებლობას აუკრძალავს. ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ევროკავშირთან დადებულ ასოცირების შეთანხმებას. აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა არამარტო საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ტრანსეროვნულ პროექტებს ეფუძნება, არამედ გულწრფელ, ჭეშმარიტად ძმურ მეგობრობას. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველები ამ ყველაფერს მსხვერპლად არ შეწირავენ ორპირი სომხების გულისთვის – იმ სომხებისთვის, რომლებსაც ქართულ მიწებზეც აქვთ თვალი დადგმული.

გავიხსენოთ სომხური ეკლესიის თვალთმაქცური პოზიციაც, რომელიც კუმურდოს ქართულ ტაძარზე პრეტენზიას აცხადებდა, შემდეგ კი – „არიქა, საქართველოს არ ვაწყენინოთო“, სასწრაფოდ უკან დაიხია. სომხები კიდევ გამოაჩენენ თავიანთ ეშვებს, როცა მიხვდებიან, რომ მათმა ხრიკებმა არ გაამართლა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისთვის და კერძოდ, სამი მოძმე ქვეყნისთვის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ყველასათვის ცნობილია, რომ რკინიგზის მშენებლობისათვის აზერბაიჯანმა საქართველოს საკმაოდ დიდი კრედიტი მისცა. რკინიზგის ელექტროფიცირებას ქართული კომპანია ATEF Georgia აწარმოებდა. ჰოდა, ცნობილი გახდა, რომ კომპანია გაქურდეს – მოიპარეს დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძისა და ალუმინის სადენები, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივ საკუთრებას წარმოადგენს. ქურდობა ახალქალაქში მოხდა, ანუ სამცხე-ჯავახეთის მხარის რაიონულ ცენტრში, სადაც უმეტესად სომხები ცხოვრობენ. მოპარული სადენები ჯავახელმა სომხებმა სომხეთში წაიღეს და იქ გაყიდეს, ანუ ერევანმა თანამემამულეები აზერბაიჯანისთვის ზიანის მიყენებაში წაახალისა. ეს ფაქტი წმინდა წყლის პროვოკაციაა სომხეთის მხრიდან, რომელიც, თავისი პოლიტიკის წყალობით,  რეგიონული პროექტების მიღმა რჩება.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წინააღმდეგ გამოდიოდა არა მხოლოდ სომხეთის მთავრობა, არამედ რუსეთში არსებული სომხური დიასპორაც; ჯერ კიდევ 2011 წლის აპრილში რუსეთში მცხოვრები სომხები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთიდან იყვნენ წასულნი, აცხადებდნენ, რომ რკინიგზის მშენებლობა ეწინააღმდეგება როგორც ჯავახეთის სომხების, ასევე თვით სომხეთის ინტერესებს, რადგან თურქეთის გავლენა გაიზრდება და ბლოკადა გამკაცრდებაო. და ახლა, როცა რკინიგზის გახსნის დრო მოახლოვდა, ეს მტრული წადილი  ახალი ძალით გრძელდება. სომხებს არაფრის კარგად გაკეთება არ შეუძლიათ. ისინი ზეწოლით ცდილობენ სასურველის მიღწევას, მაგრამ მათი ტაქტიკა ჩასაფუშადაა განწირული’, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

«Day» (აზერბაიჯანი), 18 ოქტომბერი, 2017 წელი

https://news.day.az/politics/942491.html

აზერბაიჯანის წარმატებები მტრებს სიმშვიდეს უფრთხობს: ვის უშლის ხელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა?

რამდენად ისარგებლებს სომხეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით? რისი იმედები აქვს ერევანს, როცა აცხადებს, რომ საქართველო მის ინტერესებს მხედველობაში მიიღებს? ამ კითხვებზე აქვს პასუხი გაცემული სტატიაში, რომელშიც აზერბაიჯანელი პოლიტოლოგების თვალსაზრისია გადმოცემული (ავტორი – ლეილა ტარივერდიევა).

„არასერიოზული იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ რკინიგზით, რომელიც ფაქტიურად აზერბაიჯანის ფულით აშენდა, ისეთმა ქვეყანამ ისარგებლოს, რომელსაც მისი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რა თქმა უნდა, სომხეთს აზერბაიჯანთან მოლაპარაკების იმედი არ აქვს, სამაგიეროდ ჰგონია, რომ საქართველოს შეუთანხმდება, თან თბილისზე მორალურ ზეწოლას ახორციელებს – „აბა რა, საქართველო ხომ ევროკავშირთანაა ინტეგრირებული, განა თბილისს საკუთარი ნება არ აქვს, რომ ყველაფერზე ბაქოს დაეკითხოს?“. გამოდის, რომ სომხეთი ქართველებს პირდაპირ უცხადებს – „თქვენ უფლება არ გაქვთ უარი გვითხრათ რკინიგზით სარგებლობაზეო“.

როგორც ცნობილია, ამჟამად სომხეთი და საქართველო ერთმანეთს რკინიგზით უკავშირდებიან. სომხური ტვირთები ქართული რკინიგზით გადაიზიდება. მათ ხელს არაფერი უშლით, რამდენიც უნდა გადაზიდონ, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას. აი, რას ამბობს ექსპერტ-პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე:

„საქმე იმაშია, რომ სომხებს „დავთარი აერიათ“, ერევანი ცნებებს ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებს. „ბაქო-თბილისი-ყარსის“ მარშრუტის განვითარება განისაზღვრება საერთაშორისო დოკუმენტებით – ორმხრივი და სამმხრივი შეთანხმებებით, რომლის სუბიექტები არიან აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. სწორედ ამ დოკუმენტებით იქნება რეგულირებული რკინიგზის შემადგენლობის მოძრაობა, ტარიფები, ტვირთების ტრანზიტი, გაფორმება და ა.შ. რასაკვირველია, ამ მარშრუტის ცალკეული მონაკვეთებით სარგებლობა ჩვეულებრივი წესით მოხდება, მაგალითად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – ბაქო-განჯის ან საქართველოს ტერიტორიაზე – სადახლო-ბათუმის მონაკვეთები. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს სომხეთის რკინიგზის მიერთებას „ბაქო-თბილისი-ყარსის“ მარშრუტზე. სომხეთი რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ მარშრუტს „მიუერთდეს“, ანუ მის მთელ სიგრძეზე რომ სომხური ტვირთები იქნას გადატანილი და მგზავრებიც გადაყვანილი, ამისათვის ერევანმა აზერბაიჯანისა და თურქეთის თანხმობა უნდა მიიღოს. ამასთან, ერევანს შეუძლია საქართველოს რკინიგზის სხვა მონაკვეთებით სარგებლობა ჩვეულებრივი წესით.

რაც შეეხება იმას, აუკრძალავს თუ არა საქართველოს სომხეთს ახალი რკინიგზით სარგებლობას, ეს ჯერ ნაადრევია. ვფიქრობ, პრიორიტეტი ექნება იმ ტვირთებს, რომლებიც ბაქოდან ყარსის მიმართულებით უნდა იქნეს გადაზიდული და პირიქით. ასე რომ, თუ სომხეთიც მიიღებს რკინიგზის ექსპლოატაციაში მონაწილეობას, მაშინ ერევანმა ფეხი უნდა აუწყოს სატრანზიტო მატარებლების მოძრაობას“.

«Областная газета» (რუსეთი), 19 ოქტომბერი, 2017 წელი
https://www.oblgazeta.ru/culture/35515/
ინტერვიუ ავთანდილ ვარსიმაშვილთან: „რუსეთი მხოლოდ ის ქვეყანა არ არის, რომელსაც „ენ-ტე-ვე“-თი აჩვენებენ“

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში (ყოფილ სვერდლოვსკში) თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის გასტროლები მიმდინარეობს. ეკატერინბურგის საოლქო გაზეთის «Областная газета»-ს კორესპონდენტი პეტრე კაბანოვი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ავთანდილ ვარსიმაშვილს შეხვდა და მას ინტერვიუ ჩამოართვა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ეკატერინბურგში ჩამოსვლა დიდი ხანია მსურდა. ჩვენ აქ ძალიან კარგად მიგვიღეს, საუკეთესო მაყურებელია. ერთ მცირე საიდუმლოს გაგიმხელთ“ ჩემი პირველი სიყვარული თქვენს ქალაქთანაა დაკავშირებული – „არტეკში“ ყოფნის დროს მერვეკლასელმა ბიჭმა [სვერდლოვსკელი] გოგონა გავიცანი… იმ დღიდან სვერდლოვსკი ჩემთვის სიყვარულისა და ბედნიერების სიმბოლოს წარმოადგენს. აქ რომ მოვდიოდი, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ის გოგონა აეროპორტში დამხვდებოდა“, – ღიმილით ამბობს ავთანდილ ვარსიმაშვილი.

„ქართველი და რუსი ხალხები ერთმანეთთან მრავალსაუკუნოვანი ისტორიით არიან დაკავშირებულნი. ეს კავშირები დღესაც რჩება და ვიღაცეების სურვილზე არაა დამოკიდებული. მაგალითად, გრიბოედოვის თეატრს მიმდინარე წელს 175 წელი შეუსრულდა და ამ ხნის განმავლობაში მის კედლებს უამრავი ცნობილი რუსი მოღვაწე უნახავს. რომელი ერთი ჩამოვთვალო – მიხეილ შეპკინი, ალექსანდრე იუჟნი, ვსევოლოდ მეიერჰოლდი… აქ მუშაობდნენ გიორგი ტოვსტონოგოვი, არჩილ გომიაშვილი… ვისთან გაწყვეტ კავშირს, ასეთი ადამიანების ხსოვნასთან? ამ გასტროლებით ძველი კავშირები გრძელდება და მყარდება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა მსახიობებისთვისაც, რომლებმაც უნდა გაიცნონ რუსეთი, უნდა დაუმეგობრდნენ თავიანთ რუს კოლეგებს. გარდა ამისა, აქ ჩვენი ყოველი სპექტაკლი რუს ხალხთან პირდაპირ ურთიერთობას და ენობრივ პრაქტიკას ნიშნავს. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენს თეატრში ქართული აქცენტით მხოლოდ მე უნდა ვლაპარაკობდე-მეთქი… რასაკვირველია, რუსეთი მხოლოდ ის ქვეყანა არ არის, რომელსაც „ენ-ტე-ვე“-ს ეთერით ვხედავთ. როცა ჩვეულებრივ ადამიანებს ვესაუბრები, მე მათ მზერაში მტრულ გამოხედვას ვერ ვამჩნევ. იმედი მაქვს, თქვენი თეატრიც რომ ჩამოვა თბილისში, სტერეოტიპებს საბოლოოდ დავამსხვრევთ“, – ამბობს ინტერვიუში ავთანდილ ვარსიმაშვილი.

კითხვაზე, „რა მიგაჩნიათ რუსული თეატრის მთავარ პრობლემად საქართველოში“, სამხატვრო ხელმძღვანელი პასუხობს: „თავიდანვე გეტყვით: ჩვენ არავინ გვავიწროვებს და არავინ გვჩაგრავს. საქართველოს მთავრობას რომ ასეთი სურვილი ჰქონოდა, ამას ჯერ კიდევ 20 წლის წინ გააკეთებდა, მაგრამ ხელისუფლება ხვდება, რომ ჩვენ მას ვჭირდებით. თეატრს სახელმწიფო აფინანსებს. რასაკვირველია, ყველა თეატრს უნდა მეტი ფული ჰქონდეს გამოყოფილი, მაგრამ ფინანსურ საკითხზე ნამდვილად ვერ დავიჩივლებთ. ჩვენი მთავარი პრობლემა რუსულენოვანი მაყურებლის სიმცირეა. მოდის ახალი თაობა, რომელიც მშვენივრად ფლობს ინგლისურ ენას, მაგრამ სრულიად ვერ ლაპარაკობს რუსულ ენაზე. ამიტომაც ჩვენი თეატრის მისიაა ადამიანები რუსული ენისკენ მივიზიდოთ. არამხოლოდ თეატრალური სანახაობის ჩვენებაზე, არამედ ნამდვილად ენის დაუფლების მიზნით! ჩვენ დეკლარაციაც კი გვაქვს – ორიენტაცია მხოლოდ რუსულ კლასიკაზე“.

გაზეთის ჟურნალისტი ავთანდილ ვარსიმაშვილს კითხვას უსვამს ქართული კინოსა და თეატრის აღორძინების შესახებაც. სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, „რასაკვირველია, ქართული კინემატოგრაფი აღორძინების გზაზე დგას. ქართული თეატრებიც წელიწადში 150-ჯერ მიემგზავრებიან საზღვარგარეთ გასტროლებზე. ქართული თეატრი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgian-fifth-column-and-wfys-2017-in-russia/4074140.html

რუსეთი ქართულმეხუთე კოლონასაძლიერებს

ზაზა წულაძე

რუსეთი ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მე-19 მსოფლიო ფესტივალს (WFYS) მასპინძლობს და 150 მონაწილე ქვეყნის ჩამონათვალში, კრემლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორებზე თვითგამოცხადებული კვაზი-ანკლავების – „ლუგანსკის რესპუბლიკის“, „დონეცკის რესპუბლიკის“, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გვერდით «Солнечная Грузия»-საც შეხდებით.

“საქართველოს ახალგაზრდულ დელეგაციას” სოჭში, რუსეთის მართლმსაჯულების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ყაზანში გაზრდილი ნესტან ჩიტაია ხელმძღვანელობს. მამამისი – სოხუმური ფესვების მქონე ზაური ჩიტაია, ამავე ინსტიტუტში კათედრის დოცენტი და თათრეთის რესპუბლიკაში ცნობილი იურისტია. არის რუსეთის მმართველი პარტია „ედიანია რასიას“ წევრი. თავად ნესტანი ბოლო დრომდე „რუსეთის ახალგაზრდობის კავშირის“ თათრეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი იყო და ცხოვრებისეული დევიზიც შესაბამისი ჰქონდა – «Россию строить молодым». თუმცა, შარშან, „ქართულ ფრონტზე“ გადმოისროლეს და ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალისთვის “საქართველოს დელეგაციის” ფორმირება დაავალეს.

ნესტან ჩიტაია ბედნიერია იმით, რომ საქართველოში 300 თანამოაზრე იპოვა და სოჭში 87 ქართველის წაყვანა მოახერხა: „ჩვენ ისეთი დელეგაცია გვყავს, რომ მხოლოდ დადებითი შედეგისთვის ვართ განწყობილნი. საქართველოს დელეგაციის წევრობაზე 300 განაცხადი იყო მთელი ქვეყნიდან შემოსული და 87 მონაწილე შეირჩა. ანუ ჩვენებს კარგად ესმით, მათი აქ ყოფნის ფასი“.

სოჭში გამგზავრებამდე „საქართველოს ახალგაზრდობის დელეგაციის“ წევრებმა რუსი ინსტრუქტორების დარიგებები მიიღეს. სპეციალურად ამ მისიით აგვისტოში თბილისს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროსთან არსებული ახალგაზრდული პარლამენტის წევრი ელენა ერკინა ეწვია, რომელიც პარალელურად „რუსეთის მოხალისეთა კავშირის“ (Союз добровольцев России) მორდოვეთის ფილიალის თანათავმჯდომარეა.

აგვისტოშივე ნესტან ჩიტაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეუძლია რუსეთის ერთწლიანი მულტივიზის აღებაში დახმარება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დაჩქარებული წესით, 600 აშშ დოლარი დაუჯდებოდათ.

„საქართველოს ახალგაზრდული დელეგაციის“ ფორმირების შემდეგ, „ეროვნულმა საორგანიზაციო კომიტეტმა“ განაცხადა, რომ დელეგაციის წევრები „საქართველოს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელს და კუთხეს წარმოადგენენ“, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, საიდუმლოდ დატოვა, როგორც მათი, ისე, იმ „სპონსორთა“ ვინაობა, რომლებმაც სოჭში 87 ქართველი სტუდენტის ერთ კვირიანი ვოიაჟი დააფინანსეს. ინფორმაციისთვის, რუსეთის ბიუჯეტს WFYS-ის მასპინძლობა 4,5 მილიარდი რუბლი, დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარი უჯდება.

ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მე-19 მსოფლიო ფესტივალი სოჭში კვირას რუსეთის პრეზიდენტმა გახსნა და 20 000 მონაწილეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შექმენით თქვენი მომავალი, შეეცადეთ შეცვალოთ ეს სამყარო, გახადოთ ის უკეთესი. ყველაფერი თქვენს ძალაშია. მთავარია, ჯიუტად მხოლოდ წინ იაროთ.“

სოჭის ყინულის დარბაზ „ბოლშოიში“ პრეზიდენტ პუტინის ამ სიტყვებს „საქართველოს“ და „აფხაზეთის“ „ახალგაზრდობის დელეგაციები“ გვერდიგვერდ მჯდომნი უსმენდნენ და დროშებს აფრიალებდნენ. იქვე იყო დელეგაცია „სამხრეთ ოსეთიდანაც“.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ, ერთ-ერთი ოსი სტუდენტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა „სამხრეთ ოსეთის“ ჩრდილეოთ ოსეთთან გაერთიანება, WFYS-ის გახსნაზე მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სტუდენტებს ძირძველი ქართული მიწის ისტორიის „ახალი“ „რუსული ვერსია“ გააცნო:  „საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ოსეთი ერთიანი იყო, შემდეგ გადაწყვიტეს და ოსეთი ორად გაყვეს. მაშინ ასეთი ფორმით ბევრი მიწა გადასცეს სხვა რესპუბლიკებს. ყირიმის მაგალითიც კმარა. მე ახლა გამოვდივარ იქედან, რომ დღეს სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული. რუსეთის არმიამ არ დაუშვა, რომ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს ძალით გადაეჭრა ტერიტორიული პრობლემა. ჩვენ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ და მომავალშიც დავიცავთ.“

ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალის იდეა სათავეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იღებს. მის მედროშეებად „ახალგაზრდობის კომუნისტური ინტერნაციონალის“ (Young Communist International) მემკვიდრეები: „დემოკრატიული ახალგაზრდობის მსოფლიო ფედერაცია“ (WFDY) და „სტუდენტთა საერთაშორისო კავშირი“ (IUS) იქცნენ.

საბჭოთა კავშირის ფინანსური და იდეოლოგიური მხარდაჭერით, პირველად მსოფლიო ფესტივალი 1947 წელს, პრაღაში გაიმართა და მემარცხენე სტუდენტური ორგანიზაციების მთავარ არენად იქცა. მთავარი ლოზუნგი მაშინ იყო – „გაუმარჯოს ანტიმპერიალისტურ სოლიდარობას, მშვიდობას და მეგობრობას“. 2017 წლის ფესტივალის ლოზუნგი კი ასე ჟღერს: „გაუმარჯოს მშვიდობას, სოლიდარობას და სოციალურ სამართლიანობას! ჩვენ ვიბრძვით იმპერიალიზმის წინააღმდეგ – პატივს ვცემთ ჩვენს წარსულს და ვაშენებთ ჩვენს მომავალს!“

Comments are closed