globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 19th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისი მოსკოვისაგან სავიზო რეჟიმის გამარტივებას ელოდება // გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის პრაღის შეხვედრამ  ქართულ-რუსულ ურთიერთობის გაუმჯობესებას შეიძლება ახალი იმპულსი შესძინოს

«Euroactiv» (ბელგია): უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ

«The Natioal Interest» (აშშ): დემოკრატიის ტესტი საქართველოში

«The National Interest» (აშშ): მომდევნო კრიზისი, რომელსაც არ ელოდებით: ნუ მოახდენთ სამხრეთ კავკასიის იგნორირებას!

———————–

«Независимая газета» (რუსეთი), 19 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-11-19/6_tbilisi.html

თბილისი მოსკოვისაგან სავიზო რეჟიმის გამარტივებას ელოდება

გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის პრაღის შეხვედრამ  ქართულ-რუსულ ურთიერთობის გაუმჯობესებას შეიძლება ახალი იმპულსი შესძინოს

„დღეს პრაღაში, სპეცწარმომადგენლების დონეზე, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს: რუსულ მხარეს გრიგორი კარასინი წარმოადგენს, ხოლო ქართულ მხარეს – ზურაბ აბაშიძე. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დიპლომატებმა უნდა განიხილონ, ესაა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი“, – ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორია იური როქსი, „ნეზავისიმაია გაზეტას“ პოლიტიკური მიმომხილველი.

პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომელიც მან გუშინ, პრაღის ვიზიტის წინ გააკეთა: დადგა დრო, რუსეთმა რაღაც კონკრეტული ნაბიჯი გადადგას სავიზო რეჟიმის გამარტივების სფეროშიო. ზურაბ აბაშიძის თქმით, ბოლო შეხვედრებზე უკვე იყო იმის მინიშნებები, რომ მოსკოვი მზადაა სიტყვიდან საქმეზე გადავიდეს. ორმხრივი ურთიერთობის ყველა დანარჩენმა არაპოლიტიკურმა საკითხმა უკვე ცივილიზებული ფორმა შეიძინა – ეს ეხება ვაჭრობას, კომუნიკაციებს, სატრანსპორტო მიმოსვლას, კულტურულ და ჰუმანიტარული სახის კონტაქტებს. უთანხმოება რჩება პოლიტიკური ხასიათის მქონე საკითხების მიმართ: მხარეები აღიარებენ, რომ მათი მოგვარება და საერთო ენის მონახვა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

უთანხმოების მიზეზი კი დიდი ხანია ცნობილია – რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარება და მოსკოვის ვალდებულება მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. თბილისი თვლის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ავტონომიური რესპუბლიკებია და მათ კვლავ საქართველოს ტერიტორიის შემადგენელ ნაწილებად მიიჩნევს, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. შესაბამისად, ქართველების მოთხოვნა ასეთია: რუსეთმა უნდა გააუქმოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების აქტი, გაიყვანოს თავისი ჯარები ამ ტერიტორიებიდან და ხელი შეუწყოს კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. აი, ამ მოთხოვნების შესრულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას უკვე ექნება შესაძლებლობა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის სრული აღდგენის საკითხზე იმსჯელოს.

გასაგებია, რომ რუსეთი ამ მოთხოვნების შესრულებას შეუძლებლად მიიჩნევს და ქართულ მხარეს მოუწოდებს, სიტუაცია რეალურად შეაფასოს და ახალ რეალიებს შეურიგდეს – თბილისმა უნდა აღიაროს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მათთან თანასწორუფლებიანი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს, რაც თბილისისათვის მიუღებელია. ალბათ, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ასეთი უკომპრომისო მოთხოვნების და უთანხმოების ფონზე საქართველომ და რუსეთმა მაინც შეძლეს ურთიერთობის ნაწილობრივი დარეგულირება გარკვეულ სფეროებში. გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის თქმით, მათ დათქვეს, რომ მხოლოდ იმ საკითხებს განიხილავენ, რომელთა მოგვარება შეიძლება და არ დაიწყებენ იმ პრობლემებზე საუბარს, რომელთა გადაწყვეტა დღეს უპერსპექტივოა.

როგორც ქართველი დიპლომატის გუშინდელი განცხადებიდან ჩანს, იგი არაა დარწმუნებული იმაში, რომ მოსკოვი სავიზო რეჟიმის გაუქმებას დათანხმდება ისე, როგორც ეს თავის დროზე საქართველომ გააკეთა, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ალბათ, დადგინდება საქართველოს მოქალაქეთა ის დამატებითი კატეგორია, რომლებთაც შესაძლებლობა ექნებათ რუსეთში წასასვლელი დოკუმენტები გამარტივებული სახით გააფორმოს. ანუ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვიზების სფეროში რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ელოდოს.

ასეთმა სავარაუდო სცენარმაც კი, როცა რუსულ-ქართული ურიერთობის „გარღვევა“ მოსალოდნელი არ არის, საპარლამენტო უმცირესობის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მძაფრი კრიტიკა გამოიწვია: ეს პარტია „აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატს“ თავიდანვე არაეფექტურად თვლიდა საქართველოსათვის. როგორც დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა პრაღის შეხვედრის კომენტირებისას, „მოლაპარაკება ძირითადად მეორეხარისხოვან თემებს ეხება, იშვიათადაა შედეგიანი და ისეთი საკითხები, როგორიცაა ოკუპანტების მიერ ჩვენი მოქალაქეების გატაცების ფაქტები, სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ა.შ. საერთოდ არ განიხილება“.

რასაკვირველია, ყოფილი მმართველი და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეფასებები პრაღის შეხვედრების შესახებ შორსაა ობიექტურობისაგან: ყველასათვის ცნობილია, რიომ მის მიერ ჩამოთვლილი საკითხები, მოსკოვისა და თბილისის შეთანხმების საფუძველზე, სულ სხვა ფორმატის – მრავალმხრივი კონსულტაციების დროს იხილება ჟენევაში, ხოლო აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების დროს, როგორც უკვე ვთქვით, არაპოლიტიკური საკითხებზე მსჯელობენ. რა თქმა უნდა, მოსკოვს შეუძლია სავიზო რეჟიმის საკითხში რაღაც სიმეტრია მოიფიქროს და გააუქმოს კიდეც, მით უმეტეს, რომ ის ფორმალური მიზეზი, რომლის გამოც სავიზო რეჟიმი დაწესდა, დღეს აქტუალური აღარაა და საერთოდაც, თავის დროზე ასეთი რეჟიმით არაფერი მოგვარებულა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო იმ მიზნით, რომ პანკისის ხეობიდან ჩეჩენი „ბოევიკების“ რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა არ მომხდარიყო. რასაკვირველია, სავიზო რეჟიმს „ბოევიკებისათვის“ რაიმე მნიშვნელოვანი ბარიერი არ შეუქმნია, მაგრამ, სამაგიეროდ, მშვიდობიან მოსახლეობას ცხოვრება ზალიან გაურთულა. მოგვიანებით, ქართულმა მხარემ თავისი სავიზო რეჟიმი მნიშვნელოვნად შეარბილა და ვიზების აღება სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტებში გახდა შესაძლებელი. სულ ბოლოს, კი თბილისმა რუსეთის მოქალაქეებისათვის ვიზები გააუქმა. ახლა ჯერი მოსკოვზეა.

«Euroactiv» (ბელგია), 18 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.euractiv.com/sections/enlargement/visa-free-travel-logical-next-step-georgias-eu-integration-journey-319575

უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ

უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, – ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერილში, რომელიც -მა ბელგიურ გამოცემა „ეურაქტივში“ გამოაქვეყნა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ე.წ. რბილი ძალის წარმატების მაგალითია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების განმტკიცების საუკეთესო გზა ადამიანების შორის კონტაქტია და ეს წესი ვრცელდება ურთიერთობების ნებისმიერ დონეზე, იქნება ეს პოლიტიკური, საქმიანი თუ ტურიზმის სფერო.

„პირადად მე ეს გამოვცადე ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ამ კვირაში ბრიუსელში გაიმართა. ამ სხდომაზე დადასტურდა ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. დისკუსიებისას აღიარებულ იქნა ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის ყოვლისმომცველი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობა, რომელთა შედეგადაც საქართველო უახლოვდება ევროპულ ნორმებს. ეს პროგრესი აისახა ჩვენი რეიტინგების სტაბილურ ზრდაში დემოკრატიული სტანდარტების ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა არჩევნები, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, გამჭვირვალობა და კორუფციის აღმოფხვრა. 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ პრიორიტეტებად გამოაცხადა მზარდი გამჭვირვალობა, სანიმუშო მმართველობა, პოლიტიკური ანგარიშვალდებულება და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, როგორც დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციისადმი ჩვენი ერთგულების გამოხატულება. გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ზომები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და პრესის თავისუფლების უზრუნველსაყოფად”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერი იმ პოზიტიურ შედეგებზეც საუბრობს, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა და რაც ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში გამოიხატება.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ხაზს უსვამს საქართველოს უნიკალურ მდებარეობას და ეხება აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა.

„საქართველო უპირობოდ ემსახურება ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების საქმეს. ამავე დროს, ჩვენ პროაქტიულად ვუწყობთ ხელს იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირიდან. ამის ნათელი მაგალითია პირველი საერთაშორისო კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა გასულ კვირას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურსა და გაეროსთან ერთად ორგანიზებულ ამ კონფერენციაზე გამოიკვეთა ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას საყოველთაო თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე”, – აღნიშნავს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია და საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უპასუხოს ვიზების ლიბერალიზაციის მოთხოვნებს. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ კომისიის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში პროგრესის შესახებ შევა პოზიტიური სიგნალი ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ევროპარლამენტარების მტკიცე მხარდაჭერა მოჰყვება.

«The Natioal Interest» (აშშ), 19 ნოემბერი, 2015 წელი

http://nationalinterest.org/feature/georgias-democracy-test-14388

დემოკრატიის ტესტი საქართველოში

„საქართველო საპარლამენტო არჩევნებისაკენ მიდის. რასაკვირველია, იდეალში პოლიტიკური დებატები ცხელი უნდა იყოს, მაგრამ არა მადესტაბილიზებელი. დისკუსია უნდა შეეხოს ისეთ პრობლემებს, რომლებიც ეკონომიკაში და საგარეო პოლიტიკაშია“, – აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ჩვენ, ჩვეულებრივად, „ხელისუფლების პირველ მშვიდობიან გადაცემას“ ვუწოდებთ. გადაცემა მართლაც მშვიდობიანად მოხდა, თუმცა საარჩევნო კამპანია ძალიან ხისტი და ცხარე იყო. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა, რაც ითვლება იმის ერთ-ერთ მიზეზად, რომ დღეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო დამარცხების გადატანა, შეინარჩუნა თავისი ამომრჩევლები, რესურსები და მასმედიის საშუალებები“, – აღნიშნავს ავტორი.

ვრცელ პუბლიკაციაში გაანალიზებულ-განხილულია საქართველოში დღეს შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია, ყურადღება განსაკუთრებით დათმობილი აქვს ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს, კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს.

«The National Interest» (აშშ), 18 ნოემბერი, 2015 წელი

http://nationalinterest.org/feature/the-next-crisis-youre-not-watching-dont-ignore-the-south-14366

მომდევნო კრიზისი, რომელსაც არ ელოდებით: ნუ მოახდენთ სამხრეთ კავკასიის იგნორირებას!

„ბოლო დღეების მსოფლიო მასმედიის მასალების სათაურები ძირითადად პარიზისა და სირიის ამბებითა განპირობებული, მაგრამ ასევე საკმაოდ დამაფიქრებელი სიტუაციაა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში, სადაც სუსტი მმართველობა და ომის დაწყების რისკი შეშფოთებას იწვევს. მართალია, რეგიონის ქვეყნებმა – აზერბაიჯანმა, საქართველომ და სომხეთმა საშინაო და საგარეოპოლიტიკური განვითარების სხვადასხვა გზა აირჩიეს, თუმცა სამივე რუსეთის მხრიდან მნიშველოვან ზეწოლას განიცდის. მიზეზი მარტივია – მოსკოვი გავლენის გაფართოებისათვის იღწვის. ასეთ დროს დასავლეთმა დაუყონებლივ უნდა იმოქმედოს, რათა შეამციროს ახალი ომის დაწყების ალბათობა და ხელი შეუწყოს პოლიტიკური პლურალიზმის დანერგვა-განმტკიცებას“, – აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორები არიან დენის კორბოი (ევროკავშირის ექს-ელჩი სომხეთსა და საქართველოში), კენეტ იალოვიცი (აშშ-ის ექს-ელჩი საქარტველოში) და რიჩარდ კოზლარიჩი (აშშ-ის ექს-ელჩი აზერბაიჯანში). აღსანიშნავია, რომ ამჟამად სამივე ყოფილი დიპლომატი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევიან ბრიტანეთისა და აშშ-ის სხვადასხვა ფონდებსა და დაწესებულებებში).

სტატიაში გაანალიზებულია სიტუაცია აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს მასმედიაზე და პრესის თავისუფლებას ზღუდავს, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. შესაბამისად, ორი კვირის წინათ, პირველ ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ფაქტიურად, გაყალბებულია: მოსახლეობის უმეტესობამ [შიშით] მხარი დაუჭირა მმართველ პარტიას, ოპოზიცია კი დამარცხდა. ადამიანის უფლებადამცველები საპყრობილეებში სხედან. ოფიციალური მასმედია ძირითადად პრორუსული და შესაბამისად, ანტიდასავლურია, რომელთა მეშვეობით ინტენსიურად ვრცელდება კრიტიკული მასალები ევროპული სტრუქტურების შესახებ. ნავთობზე ფასების ვარდნის გამო ეკონომიკა კრიზისულ სიტუაციაშია. ხელისუფლებაში განხეთქილება შეიმჩნევა, რაც ამას წინათ ყოვლისშემძლე უშიშროების მინისტრისა და მისი 80-მდე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება მოწმობს. გამორიცხული არაა, რომ მთიან ყარაბაღში, ცეცხლის გამმიჯვნელ ხაზზე სიტუაცია გამწვავდეს.

სომხეთში პოლიტიკური ვითარება საკმაოდ მშვიდია. მას შემდეგ, რაც რუსეთის ზეწოლით ერევანი წელში მოიღუნა და იძულებული გახდა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დადების ნაცვლად,  ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებულიყო, სომხეთმა კვლავ დაიწყო მოლაპარაკება ასოცირების შეთანხმების ნაწილის გადარჩენისთვის მაინც, ევროკავშირის ევრაზიულ კავშირთან „შესარიგებლად“. ამით სომხეთი თავის საგარეო პოლიტიკაში რაღაც ბალანსს ინარჩუნებს. ამასთან, ერევანი კვლავ მტრულ დამოკიდებულებას ავლენს აზერბაიჯანთან მიმართებით, მთიანი ყარაბაღის გამო. ასეთი სიტუაცია სომხეთისათვის ზიანის  მომტანია და მას მთლიანად რუსეთზე დამოკიდებულ ხდის.

საქართველო წლების წინათ პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების ლიდერისს რეპუტაციით სარგებლობდა, თუმცა ეს შეფასება დღეს უკვე საეჭვოდ მიიჩნევა. ამჟამად ქვეყნის ხელისუფლების პრობლემას დამოუკიდებელი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ფლობისა და კონტროლის საკითხი წარმოადგენს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. ტელეკომპანიის ფლობის საკითხის გარჩევის დროს სასამართლოში შეიმჩნეოდა იურიდიული მანევრირება და ტრანსპარენტულობის ნაკლებობ (სტატიაში საკმაოდ ვრცლადაა საუბარი თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ. აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი დადგენილება ტელეკომპანიის მმართველობის საკითხში რამდენჯერმე შეცვალა: ჯერ ახალი დროებითი მმართველები დანიშნა, შემდეგ კი ისევ ძველი მმართველები დააბრუნა, სააპელაციო პროცესის დასრულებამდე.

საქართველოშიც და დასავლეთშიც მიიჩნევენ, რომ სასამართლომ აშკარად ბოროტად ისარგებლა თავისი უფლებამოსილებით და თავისუფალ მედიაზე შეტევა განახორციელა, მაშინ როცა ხელისუფლების პოპულარობა სწრაფად კლებულობს. ეკონომიკური მაჩვენებლები მცირდება, მთავრობა სისუსტეს იჩენს. ინტრიგისა [და ყურადღების გადატანის მიზნით] მთავრობამ მოსახლეობას საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „რუსთავი-2“-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბარი გააცნო, რომელშიც სააკაშვილი გვარამიას „რევოლუციური სცენარის“ რეალიზებასა და ხელისუფლების გამოწვევას ურჩევს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს უნდა ჩატარდეს და ამჟამად იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც პრიორიტეტებში ჯერ ვერ გარკვეულა, უმრავლესობას წარმოადგენს.

ყველაზე სერიოზულ შეშფოთებას აზერბაიჯანში შექმნილი სიტუაცია იწვევს. არსებობს იმის პერსპექტივა, რომ ამ ქვეყნის ხელიასუფლებამ, მთიანი ყარაბაღის გამო, სომხეთთან სამხედრო მოქმედება განაახლოს.

კასპიის ნავთობის მოპოვება და მისი მსოფლიო ბაზარზე გატანა დასავლეთისათვის მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს, მაგრამ ენერგორესურსების ალტერნატივის გაჩენის, ნავთობ-გაზზე მსოფლიო ფასების დაწევის, ავღანეთში მყოფი ნატოს ჯარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შემცირების გამო, სამხრეთ კავკასია შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვან რეგიონად გადაიქცეს. თუმცა მისი საკვანძო მდებარეობა რუსეთს, თურქეთს, ირანსა და ახლო აღმოსავლეთს შორის ითხოვს იმას, რომ სამხრეთ კავკასიას პოლიტიკურ დონეზე დასავლეთმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს. მართალია, აზერბაიჯანისა და სომხეთის შერიგების მცდელობა დიდი ხანია მიმდინარეობს და შედეგი მაინც არ ჩანს, ამის მიუხედავავდ, ასეთი მცდელობები არ უნდა შეწყდეს და მთიან ყარაბაღში სამხედრო სიტუაციის გამწვავება თავიდან უნდა იქნეს აცილებული. გარდა ამისა, დასავლეთმა სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს აზერბაიჯანის მიმართ, წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების ავტორიტარული ქმედების სპირალს, უნდა მოითხოვოს პოლიტპატიმრების გათავისუფლება… და ბოლოს, დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან უფრო პირდაპირი დიალოგი უნდა წარმართოს დემოკრატიის პრინციპებისა და პრესის თავისუფლების საკითხებში. გარდა მისა, მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, თუ როგორ გავლენას მოახდენს ზემოთ ხსენებული დარღვევები ქვეყნის ევროატლანტიკურ სწრაფვაზე.

Comments are closed