globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 19th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Газета.ru» (რუსეთი): საით მიჰყავს ქვეყანა „ქართულ ოცნებას“? // პარტიამ თავისი იდეოლოგია უნდა განსაზღვროს

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოში, იოსებ სტალინის სამშობლოში, საბჭოთა დიქტატორს ზოგიერთები ჯერ კიდევ პატივს სცემენ

«Forbes» (აშშ): კომუნიკაციების აღდგენა აზიაში: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ისტორია

———————-

«Газета.ru» (რუსეთი), 19 დეკემბერი, 2016 წელი

https://www.gazeta.ru/politics/2016/12/18_a_10436009.shtml

საით მიჰყავს ქვეყანა „ქართულ ოცნებას“?

პარტიამ თავისი იდეოლოგია უნდა განსაზღვროს

მართალია, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი მნიშვნელოვანი დაგვიანებით – სავარაუდოდ, 2017 წლის გაზაფხულისთვის – შევა ძალაში, მაინც უნდა ითქვას: ვიზალიბერალიზება „ქართული ოცნების“ პირველი პოლიტიკური გამარჯვებაა, რომელსაც მმართველმა პარტიამ მიაღწია ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მიღწეული ხმაურიანი წარმატების შემდეგ. ამასთან, ექსპერტები თვლიან, რომ პარტიას წინ რთული პერიოდი ელოდება. მიზეზი – იდენტურობის არარსებობა, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იულია მატიუნენკო), რომელშიც, „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული პრობლემების ფონზე, ზოგადად საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია არის განხილულ-გაანალიზებული.

განმარტავს რა პარტიის წარმატების მიზეზებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში („ოცნება“ მხოლოდ მაჟორიტარებმა იხსნეს!), ავტორი იმოწმებს ექსპერტებს, რომლებიც თვლიან, რომ მმართველი ძალის გამარჯვება განაპირობა არა იმდენად პარტიის პოპულარობამ, რამდენდაც არჩევნებში მონაწილე ცალკეული პერსონებისადმი მხარდაჭერამ. „პარტიის ამჟამინდელი შედარებით დაბალი პოპულარობის მიზეზი შიდასტრუქტურული პრობლემებია“, – აღნიშნავს ავტორი, – ფაქტიურად, პარტიასარ გააჩნია მკაფიო იდეოლოგიური პლატფორმა, ის ერთგვარი ცენტრისტული გაერთიანებაა, რომელმაც შეიძლება თანდათან დაშლა დაიწყოს.

„ჩვენთან არჩევნები შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ტარდება“, – ამბობს არასამთავრობო როგანიზაცია „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელი გიორგი კანაშვილი, – „პროპორციულმა სისტემამ კარგად აჩვენა ძალთა რეალური განლაგება ქვეყანაში: დაახლოებით 50%-მა ხმა მისცა „ოცნებას“, 25%-მა – „ნაციონალურ მოძრაობას“, შემდეგ – პატრიოტთა ალიანსს და სხვა პარტიებს. „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით მიაღწია. ასე რომ, ქვეყნის მმართველ ძალას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ მას არც ისეთი მტკიცე მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში, როგორც ეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებში ჩანს“.

„წარმატების მიუხედავად, დღეს „ქართული ოცნება“ განხეთქილების საფრთხის წინაშე დგას, კოალიციების სახით, რაც ძალიან ცუდი იქნება შემდგომ საარჩევნო ციკლში მსგავსი წარმატების მიღწევისათვის. პარტიას არ აქვს არათუ იდეოლოგია და მეტ-ნაკლებად მკაფიო საგარეოპოლიტიკური რიტორიკა, არამედ რეალური ლიდერიც არ ჰყავს. ამ ინსტრუმენტების გარეშე კი პოლიტიკური გაერთიანების ფუნდამენტი ყოველთვის სუსტია“, – წერს ავტორი.

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ხელისუფლების გადაცემას ხშირად თან მწვავე პოლიტიკური რყევები ახლდა ხოლმე, „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ჯანმრთელი კონკურენცია ჩამოყალიბდა. საერთოდ კი, ალბათ, სინამდვილესთან ახლოსაა ის აზრი, რომ 2012 წლის არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ განმტკიცებას ხელი თვით მიხეილ სააკაშვილმა შეუწყო – მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ამ მიზეზმა სააკაშვილის მოწინააღმდეგეები კოალიციად გააერთიანა. მაგრამ აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტისადმი გამოხატული სიძულვილი პარტიის სტაბილურობისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა: 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ კოალიცია ქართული ისტებლიშმენტის ცნობილმა პირებმა დატოვეს. მათგან ერთ-ერთი პირველი იყო მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. მართალია, მას პარტია რაიმე უთანხმოების გამო არ დაუტოვებია, იგი კვლავ აგრძელებს ორგანიზაციის დაფინანსებას და გავლენიან ფიგურას წარმოადგენს, მაგრამ მისი პარტიიდან წასვლა მაინც ფაქტია..

„ბიძინა ივანიშვილი როგორც პარტიის, ასევე ქვეყნის არაფორმალური ლიდერია. მან პრემიერ-მინისტრის პოსტი იმიტომ დატოვა, რომ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ სურდა. მისთვის უფრო იოლია სხვები დაადანაშაულოს პრობლემების მოუგვარებლობაში და თან არაფორმალურ ლიდერად დარჩეს“, – ამბობს დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმირ ევსეევი.

„მილიარდერის პარტიიდან წასვლამ სათავე ცნობილი ფიგურების დემარშებს დაუდო“, აღნიშნავს ავტორი და ამ საკითხზე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის თანამშრომელს ნანა გეგელაშვილს ესაუბრება, რომელმაც ყურადღება მიაქცია  მიმდინარე წლის მარტში „ქართული ოცნებიდან“ პარტიის ყოფილი აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის წასვლას. ნანა გეგელაშვილმა გაიხსენა არმაზ ახვლედიანის განცხადება „ძველი ნიანგების“ თაობაზე, რომელთა პარტიაში ყოფნით შეიძლება ქართული დემოკრატია დაიმარხოს. ექსპერტის აზრით, „ძველ ნინაგებში“ არმაზ ახვლედიანი, ალბათ, გიორგი ვოლსკისაც გულისხმობდა, რომელიც ადრე ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო კონფლიქტების დარეგულირების საკითხში.

არმა ახვლედიანი პარტიაში მისი დაარსების მომენტიდან მუშაობდა და პროდასავლური ფრთის ცნობილი წარმომადგენელი იყო. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მას შეეძლო აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელი გამხდარიყო, მაგრამ მან პარტიული მუშაობა არჩია: 2013 წელს არმაზ ახვლედიანი ჯერ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გახდა, ორი წლის შემდეგ კი პოლიტსაბჭოშიც იქნა არჩეული. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო პარტიის რეალური რეფორმირების დაწყება და ძველი რესტროგრადებისაგან გათავისუფლება“, – ასეთი კომენტარი გააკეთა არმაზ ახვლედიანმა წასვლის შემდეგ, – პრემიერმა გიორგი კვირკაშვილმა გუნდში ვერცერთი დემოკრატიული ცვლილება ვერ განახორციელა. იგი იმ „კეთილი ბიძიას“ როლს თამაშობს, რომლის ზურგსუკან ბნელი საქმეები იმალება.  პარტიის პრობლემად რჩება გიორგი ვოლსკი და სხვა წევრები, რომელთაგან გათავისუფლება კვირიკაშვილმა ვერ შეძლო. თუმცა მის ნაცვლად ამას ხალხი გააკეთებს…“.

პარტიის კურსის გამო იმედგაცრუებულები არიან არამარტო პროდასავლელი, არამედ პრორუსული პოლიტიკოსებიც: მიმდინარე წლის მაისში პარტია დატოვა თამაზ მეჭიაურმა, რომელიც ცნობილია თავისი ანტიდასავლური  განცხადებებით. მას პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ჰქონდა დაკავებული (…).

გიორგი კანაშვილის აზრით, ეს ყველაფერი კანონზომიერი ხასიათისაა: „დეზინტეგრაცია იმით აიხსნება, რომ პარტიის მიზნები შეიცვალა. 2016 წელი რომ 2012 წელს შევადაროთ, დავინახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზნები კოალიცია „ქართული ოცნების“ სუბიექტების მიზნებს ყოველთვის არ ემთხვეოდა. 2012-ში „ოცნებას“ ერთი მიზანი ჰქონდა – მიხეილ სააკაშვილის პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. იმ დროს კოალიციაში მონაწილე პარტიებს სხვა საკითხების მიმართ არავითარი პოზიცია არ გააჩნდათ. ეს ტაქტიკური ალიანსი იყო. სამი წლის განმავლობაში მათ ასე თუ ისე ერთიანობა შეინარჩუნეს, მაგრამ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდაკოალიციური ეროზია დაიწყო. 2016 წლის მიზანს თვით პარტია „ქართული ოცნების“ კონსოლიდირება წარმოადგენდა. ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუ „ოცნება“ არჩევნებში კვლავ კოალიციასთან ერთად მიიღებდა მონაწილეობას“.

სექტემბერში „ქართული ოცნება“ თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საგარეო პოლიტიკაში აქცენტს დასავლეთთან ინტეგრირებაზე გააკეთებდა, განსაკუთრებით კი ნატოსთან, ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. თუმცა, როგორც დსთ-ის ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმირ ევსეევი თვლის, თბილისის ურთიერთობაში ევროპასთან და ამერიკასთან ამჟამად ერთგვარი გაურკვევლობა შეიმჩნევა: გაუგებარია, მზადაა თუ არა ევროპა საქართველოს დასახმარებლად, როცა მას საკუთარი პრობლემებიც ბევრი აქვს – „ბრექსითის“ და ევროსკეპტიკოსების გააქტიურების გამო. ასევე გაურკვეველია, თუ როგორი იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მიმართ.

„პრობლემა იმაშია, რომ საქართველო დასავლეთს შეზღუდულად ჭირდება, – ამბობს ვლადიმირ ევსეევი, – ამერიკას საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა სურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელშიც ჩართვა „ქართულ ოცნებას“ უნდა. საქართველოსთვის ესაა რეგიონული კოოპერაცია, მაგალითად, „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის პროექტში მონაწილეობა, რომელიც რუსეტსა და თურქეთს შორის საქონელთბრუნვას უზრუნველყოფდა“.

ექსპერტები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ დღეს „ქართული ოცნების“ საგარეოპოლიტიკური არჩევანი ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ნაბიჯებს გადადგამს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ამერიკისა და კანადის ინსტიტუტის თანამშრომელი ნანა გეგელაშვილი თეთრი სახლის სიგნალებს საქართველოსთვის 20 იანვრის შემდეგ ელოდება: „ცხადია, ეს არ იქნება ნატოში გაწევრიანების შეთავაზება, მაგრამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიანიშნებს – სურს თუ არა მას თანამშრომლობა და როგორი სახით“. ამასთან, ექსპერტი თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ გაიმარჯვა, რომ ის ცენტრისტული ძალაა – ინარჩუნებს დასავლურ ორიენტაციას და იმავდროულად, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასაც აგრძელებს“.

კითხვაზე – არის თუ არა დღეს საქართველოში რომელიმე პარტია, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენცია შეუძლია – ექსპერტთა პასუხი ერთმნიშვნელოვანია: მომავალ საარჩევნო ციკლში მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და თამაზ მეჭიაურის პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ამჟამინდელ ტრიუმფატორებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ.

ჯერ-ჯერობით კი „ქართულ ოცნებას“ ხელში ორი კოზირი აქვს: საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და მმართველობის არცთუ ისე ცუდად გატარებული პირველი ვადა. თუმცა ეს საკმარისი არაა, რამეთუ პარტიული ელიტის შიგნით არის მოთხოვნა უფრო მკაფიო საგარეოპოლიტიკური კურსის გატარების თაობაზე. ამასთან, ისეთი პარტიული რიტორიკა, რომელიც საგარეო კონიუნქტურის გავლენაზე იქნება დამოკიდებული, სამომავლო არჩევნებში „ოცნების“ აბსოლუტურ გამარჯვებას ვერ უზრუნველყოფს: „მმართველი პარტიის მხარდამჭერ საშუალო ამომრჩეველს ძირითადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უფრო აინტერესებს, ვიდრე დიპლომატიური რევერანსები და ხელის ჩამორთმევები“, – ასკვნის სტატიის ავტორი.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 18 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.reuters.com/article/us-georgia-stalin-idUSKBN1441LU

საქართველოში, იოსებ სტალინის სამშობლოში, საბჭოთა დიქტატორს ზოგიერთები ჯერ კიდევ პატივს სცემენ

იოსებ სტალინის დაბადების მორიგი წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით  „როიტერი“ აქვეყნებს ვრცელ სტატიას საქართველოში, კერძოდ, გორში მცხოვრები სტალინის მოყვარულთა (ანუ შეიძლება ითქვას, გორელი სტალინისტების) შესახებ, რომელშიც მათი თვალსაზრისები, პოზიციები, იდეებია გადმოცემული (ავტორი – დავით მძინარიშვილი).

———

„ნაზი სტეფანიშვილის სახლში ერთი ოთახი ქართველი ხალხის ცნობილ შვილს, საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინს (ჯუღაშვილს) აქვს დაკავებული, რომელიც სავსეა ბელადისადმი მიძღვნილი პლაკატებით და წიგნებით. მართალია, სტალინის მმართველობის ეპოქა მასობრივი რეპრესიებით, „გულაგის“ უამრავი შრომითი ბანაკებით და შიმშილით აღინიშნა, 73 წლის პენსიონერი ნაზი სტეფანიშვილი ბავშვობიდან აღტაცებულია იოსებ სტალინით და ჯერ კიდევ  წლების წინ დაიწყო სამახსოვრო ნივთების შეგროვება. ოთახში თქვენ ნახავთ დიქტატორის ათობით სურათს, ფოტოგრაფიას თუ ნახატს, ბიუსტს – როგორც ბავშვობის, ასევე ხანდაზმულ ასაკში. „მე ყოველდღე შევდივარ ოთახში, რომ სტალინს „დილა მშვიდობისა“ ვუთხრა… ასევე ყოველთვის ვღებულობ მონაწილეობას იმ ღონისძიებებში, რომლებიც მისი დაბადების ან გარდაცვალების წლისთავს ეძღვნება, – ამბობს ნაზი სტეფანიშვილი, – იოსებ სტალინის უამრავი წიგნი და სურათი მაქვს, ძველი გაზეთები და სუვენირები. ბევრი ვიყიდე, ბევრიც ნაგავში გადაგდებული ავიღე და შევინახე“.

იოსებ სტალინი, რომელიც გორში 1878 წლის 21 დეკემბერს დაიბადა და 1953 წლის 5 მარტს მოსკოვის ახლოს მდებარე კუნცევოს სამთავრობო აგარაკზე გარდაიცვალა, დღევანდელ საქართველოში, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღიდგინა,  საკმაოდ შერისხულია. იმ დროიდან მოყოლებული ბელადის ძეგლები მასობრივად იქნა დემონტირებული. სულ ბოლო ძეგლი 2010 წელს აიღეს, რომელიც გორში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იდგა.

მაგრამ იოსებ სტალინი ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში ჯერ კიდევ პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ძირითადად მისი ხანდაზმული თაყვანისმცემლები არიან, რომლებიც ხაზს უსვამენ დიქტატორის როლს საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციის განხორციელებასა და ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში, მეორე მსოფლიო ომის დროს.

„სამწუხაროდ, ამჟამად სტალინი პოპულარული არ არის. ქართველების უმრავლესობა მას პატივს აღარ სცემს. მხოლოდ ჩვენ, კომუნისტური პარტიის წევრები ვაფასებთ დადებითად მის დამსახურებას“, – ამბობს ყოფილი მშენებელი, ამჟამად კი 70 წლის პენსიონერი ვასილ სიდამონიძე, რომელსაც ხელში სტალინის პორტრეტი უჭირავს. „მეც ყოველთვის ვცდილობ, რომ გორში ბელადის დაბადების დღისადმი მიძღვნილი არცერთი ღონისძიება არ გამოვტოვო. სამწუხაროდ, ჩვენმა ხალხმა აზრი შეიცვალა, ბევრი სტალინს უარყოფითად მოიხსენიებს, მხარს არ გვიჭერენ, გაგვირბიან ისინიც კი, ვინც ჩვენს ახლოს ცხოვრობს… მხოლოდ ფანჯრებიდან გვიყურებენ“.

ყოველ 21 დეკემბერს გორში, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმთან რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება და ყოფილი საბჭოთა ლიდერის დაბადების დღეს აღნიშნავს. ისინი აქციაზე ბელადის სადიდებელი სიტყვებით გამოდიან, შემდეგ კი იმ მოედნისაკენ მიაბიჯებენ, სადაც ადრე სტალინის ექვსმეტრიანი ქანდაკება იდგა და მის აღდგენას ითხოვენ.

იოსებ სტალინის მოწინააღმდეგეეები ამბობენ, რომ ასეთი მოქმედება საქართველოზე მოსკოვის ჯერ კიდევ შენარჩუნებული გავლენის აჩრდილს, მის სიმბოლოს წარმოადგენს. 2008 წელს რუსეთს საქართველოსთან ხანმოკლე ომი ჰქონდა, რომლის შემდეგ მოსკოვმა მისი რეგიონები – სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. „ვერ გეტყვით, თუ რამდენი ადამიანი გვყავს მხარდამჭერი, მაგრამ გვაქვს რეგიონული განყოფილებები მთელი საქართველოს მასშტაბით“, – ამბობს 77 წლის ჟიული სიყმაშვილი, საქართველოს გაერთიანებული კომპარტიის ლიდერი. ეს პარტია ერთ-ერთი მცირერიცხოვანია 3,7 მილიონიან საქართველოში: „სამწუხაროდ, ჩვენს ორგანიზაციაში ახალგაზრდები არ მოდიან. შესაბამისად, ჩვენი წევრები ძირითადად ხანდაზმული ადამიანები არიან“.

დიახ, კომუნისტური პარტია საქართველოში პოპულარული არაა – ქვეყანაში, რომელსაც მოსკოვის გავლენიდან გამოსვლა და ნატო-ევროკავშირში გაწევრიანება სურს. 2011 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ათობით საბჭოთა კავშირის დროინდელი ძეგლები და სიმბოლოები იქნა აღებული, სახელები გადაერქვა მრავალ ქუჩას და მოედანს, რომლებიც საქართველოს კომუნისტური წარსულს ასახავდნენ.

უფროსი თაობის ქართველები, განასაკუთრებით ისინი, რომლებთან რუსეთთან საქმიანი ან პირადი ხასიათის კავშირები აქვთ, წუხილს გამოხატავენ იმის გამო, რომ მოსკოვ-თბილისის ურთიერთობები გაურესებულია. სხვები კი, პირიქით, ამტკიცებენ, რომ რუსეთმა საქართველოს მხოლოდ უბედურება მოუტანა.

40 წლის თბილისელი ნათია ბაბუნაშვილი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს და ამჟამად უმუშევარია, იოსებ სტალინის ერთ-ერთ შედარებით ახალგაზრდა მხარდამჭერს წარმოადგენს. იგი თავის შვილებს საბჭოური პერიოდის წიგნებით ასწავლის. „მამაჩემი საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მაღალ პარტიულ თანამდებობაზე მუშაობდა. იოსებ სტალინი სწორედ მან შემაყვარა. მეც ჩემს შვილებს იგივეს ვეუბნები, ვუყვები ჩემი ბავშვობის წლებს, ვუხსნი იმას, თუ როგორ ბედნიერად ცხოვრობდა ხალხი საბჭოთა კავშირის დროს. ცხადია, რომ გაიზრდებიან, მათ საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდებათ, მაგრამ ამ მომენტში ისინი სიამოვნებით მისმენენ“, – ამბობს ნათია ბაბუნაშვილი.

«Forbes» (აშშ), 18 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.forbes.com/sites/wadeshepard/2016/12/15/reconnecting-asia-the-story-behind-the-emerging-baku-tbilisi-kars-rail-line/#dc2f01543e9c

კომუნიკაციების აღდგენა აზიაში: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ისტორია

ამერიკულ ჟურნალ „ფორბს“-ში გამოქვეყნებული სტატია ეხება სამხრეთ კავკასიის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო საშუალებას – ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებარე სარკინიგზო მაგისტრალს. მასში მოცემულია ვრცელი ინფორმაცია რკინიგზის შესახებ, ასევე საუბარია იმ დიდ წვლილზე, რასაც მაგისტრალი შეიტანს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში (ავტორი – უეიდ შეპარდი).

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, რკინიგზის ექსპლოატაცია ევროპასა და აღმოსავლეთ აზიის ბაზრებს შორის სავაჭრო გზის აღდგენაში ერთგვარი „ცენტრალური ნერვული სისტემის“ როლს შეასრულებს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით ტვირთების გადატანას ევრაზიის კონტინენტის ერთი ნაწილიდან მეორეში მხოლოდ 15 დღე დაჭირდება.

სტატიაში ყურადღება აქვს დათმობილი 826 კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობის ისტორიას – როგორ დაიბადა იდეა ჯერ კიდევ 1993 წელს, როგორ განხორციელდა 2007 წელს, როცა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რკინიგზის მშენებლობის შესახებ. ავტორი ხაზს უსვამს რკინიგზის მომგებიანობას – მხოლოდ აზერბაიჯანისათვის სავარაუდო მოგება წელიწადში 170 მილიონ დოლარს მიაღწევს.

პუბლიკაციაში საუბარია მშენებლობის დაფინანსებაზე, მისი დასრულების დაახლოებით ვადებზე. ავტორი არ ერიდება პროექტის რეალიზების დროს წარმოჩენილი ნაკლოვანებების მხილებასაც: „იმ დროს, როცა რკინიგზის მომგებიანობა წლების მანძილზე ყოველთვის აშკარა ჩანდა, მისი მშენებლობის დაფინანსება ყოველთვის დროული და უწყვეტი არ ყოფილა. როგორც აზერბაიჯანელი მკვლევარი მახირ გუმბათოვი ამბობს, პროექტისათვის თანხების გამოყოფაზე თავიდანვე უარი განაცხადეს შეერთებულმა შტატებმა, მსოფლიო ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და სხვა საფინანსო სტრუქტურებმა. ევროკავშირმა კი იმიტომ იყო წინააღმდეგი, რომ ბრიუსელს იმ ძველი სარკინიგზო მარშრუტის აღდგენა სურდა, რომელიც საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანს და თურქეთს ერთმანეთთან სომხეთის ტერიტორიის გავლით აკავშირებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ შეთანხმების სამივე სუბიექტს – აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს რკინიგზის მშენებლობა საკუთარი სახსრებით უნდა განეხორციელებინათ. აზერბაიჯანს და თურქეთს თავიანთ ტერიტორიაზე მშენებლობისათვის ფული ჰქონდათ, საქართველოს კი 178 კილომეტრიანი მონაკვეთის დაფინანსება არ შეეძლო. ამიტომაც თბილისს თანხა ბაქომ ორჯერ ასესხა მცირე პროცენტით – პირველად 112 მილიონი დოლარი, მეორედ კი – 323 მილიონი. ეს იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ იყენებს აზერბაიჯანი ნავთობით მიღებულ დოლარებს რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„მაგრამ რადგანაც სახელმწიფოს ყოველთვის არ შეუძლია ასეთი დიდი ხარჯების გაწევა, განსაკუთრებით ნავთობზე ფასების დაცემის დროს, პროექტის რეალიზებისათვის კერძო სტრუქტურების ჩართვა გახდა აუცილებელი, რაც, სამწუხაროდ, სწრაფად ვერ განხორციელდა. ამიტომაც რკინიგზის მსენებლობის დასრულება ძალიან გაჭიანურდა: თავდაპირველად მაგისტრალის ექსპლოატაცია 2010 წლისათვის იყო დაგეგმილი, შემდეგ 2013 წლისათვის გადაიდო, მოგვიანებით 2014 წელი დასახელდა… მაგრამ ისე გავიდა 2015 და მიიწურა 2016 წელიც, რომ რკინიგზის მშენებლობის დასრულებას საშველი არ დაადგა. ახლა ამბობენ, რომ სადღაც 2017 წლისთვის დასრულდებაო“, – აღნიშნავს ავტორი და იქვე ამატებს, რომ ტრასა რომ ამუშავდება, სამივე სახელმწიფოს დიდ მოგებას მოუტანს.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კომუნიკაციები – ბაქო-სუფსას და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი (ანუ „სამხრეთკავკასიური მილსადენი“) და ახლა უკვე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სამი სახელმწიფოს ინტეგრაციის ხელშემწყობი პროექტებია. მათი გამოისობით კიდევ უფრო ღრმავდება თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს თანამშრომლობა როგორც ეკონომიკის, ასევე თავდაცვისა და პოლიტიკის სფეროში.

„თუ თქვენ სამხრეთ კავკასიის რუკას დააკვირდებით, დაინახავთ რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარშრუტი გვერდს უვლის სომხეთს და რეგიონის ცენტრში მდებარე პატარა ქვეყანას გვერდზე, პერიფერიაში ტოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო-ეკონომიკურის გარდა, ამ სარკინიგზო პროექტს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს“, – ნათქვამია სტატიის ბოლოში.

Comments are closed