«РИА Новости» (რუსეთი), 19 იანვარი, 2015 წელი
http://ria.ru/cj_opinion/20150119/1043175133.html
ფიკრეტ სადიხოვი: ნატო საქართველოს თავის წევრად არ მიიღებს. მიხეილ სააკაშვილის მიზანი ალიანსში შესვლა იყო, მაგრამ ამას ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია
ინტერვიუში აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ფიკრეტ სადიხოვი სააგენტო „როსია სეგოდნიას” კორესპონდენტთან საუბრისას აანალიზებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და, სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯან-საქართველოს და ნატო-საქართველოს ურთიერთობების ასპექტებსაც ეხება.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან;
- როგორ შეაფასებდით აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობას – თბილისის პროდასავლური ორიენტაციისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანისათვის საქართველო სატრანზიტო დერეფნად ითვლება ევროკავშირის ქვეყნებთან დასაკავშირებლად?
- საქართველოს ჰყავდა პროდასავლური კურსის გამტარებელი პრეზიდენტი, თუმცა დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაში პროდასავლური ვექტორი მაინც და მაინც ძველებურად აშკარა აღარ არის. თბილისი მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებითაა დაინტერესებული, თუმცა ამ გზაზე ძალიან ბევრი პრობლემა და ბარიერია. ეს დაბრკოლებები უნდა გადაილახოს. ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს და მისი პოლიტიკური კურსის მიუხედავდ, მეზობელთან კარგი ურთიერთობა გვექნება. ცხადია, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება იმ ფაქტორს, რომ საქართველო ჩვენი ენერგოშემცველების სატრანზიტო ქვეყანაა.
- აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა მაღალი დონის დამოუკიდებლობით გამოირჩევა. შეიძლება თუ არა საქართველოს პროდასავლურმა კურსმა პრობლემები შეუქმნას აზერბაიჯანს?
- ბაქო მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკას ატარებს, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ საერთოეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა ჩაუყარა და რომელსაც მისი ვაჟი – პრეზიდენტი ილჰამ ალიევი წარმატებით აგრძელებს. ჩვენი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისათვის სწორედ ასეთი პოლიტიკის განხორციელებაა საჭირო, რომელიც მრავალი რისკისაგან დამცავ ერთგვარ სადაზღვევო პოლისს წარმოადგენს. ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ თანასწორუფლებიან პოლიტიკურ თანამშრომლობას და თუ ამ დროს პრობლემები წარმოიქმნება, მათ დიალოგის მეშვეობით ვწყვეტთ.
- როგორია ნატოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში? განა ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავების კვალობაზე ნატოს წევრი-სახელმწიფოები პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება? დაგვიცავს თუ არა ნატო, თქვათ, „ისლამური სახელმწიფოს” [რადიკალი] „ბოევიკებისაგან“, მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიაზე „ზომიერი ოპოზიციის” „ბოევიკები უნდა მომზადდეს?
- მე არ ვფიქრობ, რომ ნატო საქართველოს თავის წევრად მიიღებს, როგორც, ვთქვათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ჩემი აზრით, ნატოს ძლიერ რეგიონულ როლზე საუბარი არ ღირს.. მაგალითად, საქართველოს წინა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილმა[ მიზნად დაისახა ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ამას ქვეყნისათვის რაიმე კარგი არაფერი მოუტანია, პირიქით – საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია. რამდენადაც მე ვიცი, ჯერ-ჯერობით საქართველოს ხელისუფლებას ამ გეგმებზე უარი არ უთქვამს და კვლავ ნატოშო გაწევრიანებაზე ოცნებობს. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ოფიციალური თბილისი მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებასაც ცდილობს.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 20 იანვარი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2649847?isSearch=True
რუსეთთან ხელშეკრულების პროექტი უფრო ფართო იქნება, ვიდრე ამას ცხინვალი მოელოდა
ლენა პარასტაევა, ოლღა ალენოვა
(შემოკლებით)
სამხრეთ ოსეთის მთავრობამ მოსახლეობას წარუდგინა იმ ხელშეკრულების საბოლოო პროექტი, რომელსაც მხარეებმა ხელი მიმდინარე თვის ბოლოს ან მომავალი თვის დასაწყისში უნდა მოაწერონ. რუსეთ-სამხრეთ ოსეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების ბოლო ვერსია მნიშვნელოვნად განსხვავდება თავდაპირველისაგან: თუ ადრე განზრახული იყო ორივე მხარის ძალოვანი სტრუქტურების გაერთიანება, ახალი ვერსიის თანახმად, სამართალდაცვითი, თავდაცვის და საბაჟო სტრუქტურები სამხრეთ ოსეთი ხელისუფლების სისტემაში კვლავ რჩებიან.
ხელშეკრულების პროექტის პრეზენტაცია რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარტია „ახალი ოსეთის“ ლიდერმა დავით სანაკოევმა მოახდინა. მან დოკუმენტს „სამხრეთ ოსეთის ბედის განმსაზღვრელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ხელშეკრულების ტექსტის პრესაში გამოქვეყნება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული ეჭვების განეიტრალებას. „ორმხრივი დოკუმენტის პროექტზე მუშაობა თავიდანვე ხელოვნურად იყო პოლიტიზებული, – განუცხადა „კომერსანტს დავით სანაკოევმა, – 2014 წლის ბოლოს მასმედიასა და სოციალურ ქსელებში ბევრი ისეთი ნედლი ვერსია გაჩნდა, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ეს პროექტი კი ოფიციალურია და უკვე მზადაა რუსეთთან ერთად განსახილველად“.
„ოფიციალური“ პროექტის თანახმად, რუსეთი და სამხრეთ ოსეთი „საგარეო თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან კონტურს აყალიბებნ“, კერძოდ, „სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალებში იქმნება რეგიონული გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების შემადგენლობით“. გატარდება სამხრეთ ოსეთის არმიის რეფორმა – „ოპერატიულ-ტაქტიკური შესაბამისობის მიღწევის მიზნით“. სამხრეთ ოსეთის არმიის შეიარაღება, წრთვნები, ფინანსურ-მატერიალური უზრუნველყოფა რუსული არმიის სტანდარტების შესაბამისად მოხდება. ყველანაირი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების გამოყენების შესახებ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, შეთანხმებული უნდა იყოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან.
აი, სწორედ ეს პრინციპი განასხვავებს ხელშეკრულების ძველ და ახალ ვერსიებს ერთმანეთისაგან. სხვათა შორის, ძველი ვერსია ადგილობრივ მასმედიაში მმართველმა პარტია „ერთიანმა ოსეთმა“ გამოაქვეყნა, რომლის ლიდერებს მიზნად აქვთ დასახული სამხრეთ ოსეთის შესვლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, თუმცა ამ შემთხვევაში მათმა წინადადებამ საზოგადოებაში გარკვეული ნეგატიური რეაქცია გამოიწვია…
ოფიციალური პროექტის თანახმად, რესპუბლიკის ხელისუფლების სისტემაში ყველა ძალოვანი სტრუქტურა რჩება, ისინი რუსულ სტრუქტურებთან ერთად განაგრძობენ მუშაობას. სამაგიეროდ, შეთავაზებულია გაუქმდეს სამხრეთ ოსეთ-რუსეთის საზღვარზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები, ხოლო თვით საზღვრის დაცვის ფუნქცია მთლიანად რუსეთს გადაეცეს. ზოგიერთი ცხინვალელი ექსპერტი ამბობს, რომ ეს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის მკვეთრი შეზღუდვაა, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ „რადგან ხელშეკრულებაზე ხელმოწერა აუცილებელია, რაღაც დათმობაზე წასვლა მოგვიწევს“. მათი თქმით, ყველაზე მეტ აჟიოტაჟს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვრის გაკონტროლება იწვევს.
სხვათა შორის, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულმა პროექტმა სამხრეთ ოსეთის პარლამენტშიც გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნავენ, მთავრობის მიერ პრეზენტირებული პროექტი „მხოლოდ ვერსიაა და არა საბოლოო დოკუმენტი“. მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ ხელშეკრულების ყველაზე საბოლოო ვარიანტი მხოლოდ მოსკოვისა და ცხინვალის ერთობლივი განხილვის შემდეგ გამოქვეყნდება: „ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ასეთი ტექსტის წარდგენა, რომელიც ჯერ არსად დამტკიცებული არ არის და რომლის შესახებაც მხარეებს არც კონსულტაციები არ გაუვლიათ და არც რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღიათ“. ანატოლი ბიბილოვმა ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა არჩევნებში ხმა მათ პარტიას იმიტომ მისცა და „ერთიანმა ოსეთმა“ იმიტომ გაიმარჯვა, რომ მოსახლეობას რუსეთთან გაერთიანება სურს.
გუშინ „ერთიანი ოსეთის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრებმა (მათ საკანონმდებლო ორგანოში 34-დან ადგილი აქვტ დაკავებული) გაავრცელეს განცხადება, რომ ისინი ხელშეკრულების ამგვარი ოფიციალური ვერსიის რატიფიცირებას არ მოახდენენ.
„კომერსანტის“ მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამხრეთ ოსეთთან ხელმოსაწერ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს ვლადიმერ სურკოვი კურირებს. „დოკუმენტზე მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და დაამატა, რომ ხელმოწერის ვადების ცვლილებაზე ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი (ვლადიმერ სურკოვმა 2014 წლის დეკემბერსი აღნიშნა, რომ ხელშეკრულება 2015 წლის იანვრის ბოლოს უნდა გაფორმდესო). „კომერსანტთან“ მოსაუბრემ ხაზი გაუსვა, რომ „სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისათვის ყველაზე უფრო კარგი ხელშეკრულების პროექტის თავდაპირველი ვარიანტი იქნებოდა“, რომელიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს: სამხრეთ ოსეთის სამხედროების, სამართალდამცველების, სახელმწიფო მოსამსახურეების და პენსიონერების ხელფასები და პენსიები ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოკრუგში მოქმედ სტანდარტებს გაუტოლდება.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანს დიმიტრი პესკოვს, მან კომენტარისაგან თავი შეიკავა.
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი), 19 იანვარი, 2015 წელი
http://www.theguardian.com/world/2015/jan/18/russia-rouble-threat-nine-countries-remittances
რუსული რუბლის კრიზისი ცხრა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ეკონომიკას ემუქრება
„რუსული ეროვნული ვალუტის – რუბლის კრიზისი სერიოზულად ემუქრება რუსეთის მეზობელ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა ძალიანაა დამოკიდებული ჩრდილოელი მეზობლის მდგომარეობაზე. მხედველობაშია ის მილიარდობით დოლარი, რომელსაც რუსეთში მომუშავე კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეები სამშობლოში ოჯახებსა და ნათესავებს უგზავნიან, – აღნიშნავენ სტატიის ავტორები შონ უოკერი და ალბერტო ნარდელი.
„რუბლის კურსის 50%-ით დაცემამ არა მარტო შეამცირა გაგზავნილი თანხების რაოდენობა, არამედ მიგრანტებს რუსეთში მუშაობის საშუალებაც მოუსპო. „გარდიანის” მიერ მომზადებული ანალიზის თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეფუძნება, ცხრა სახელმწიფო, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი რუსეთიდან გაგზავნილ ფულზე, საერთო ჯამში, რუბლის ინფლაციის გამო, 2015 წელს 10 მილიარდ დოლარზე მეტს დაკარგავენ”, – ნათქვამია სტატიაში.
რუსეთის ვალუტის კურსის დაცემის გამო ქვეყნიდან მიგრანტებიც მიემგზავრებიან, რადგან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს ფასი აღარ აქვს – მათ 2014 წლის ბოლოს, 2013 წელთან შედარებით, ორჯერ ნაკლები ანაზღაურება მიიღეს. გარდა ამისა, ეკონომიკური ვითარების გაუარესების კვალობაზე, მოსკოვმა მიგრანტებს სამუშაოზე მიღების ნებართვის აღებაც გაურთულა. არადა, დღეს რუსეთში არალეგალურად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მილიონობით მოქალაქე მუშაობს.
რასაკვირველია, გასტარბაიტერებისათვის (მიგრანტებისთვის) ეს ძალიან ცუდის მომასწავებელია, მაგრამ არც რუსეთს დაადგება კარგი დღე: მიგრანტების შრომა ხომ ფართოდ გამოიყენება რუსეთის სამშენებლო პროექტების რეალიზების დროს, კერძოდ, 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გასტარბაიტერთა მიერ სამშობლოში რუსეთიდან გადარიცხული ფული შეადგენს: სომხეთის ეკონომიკისათვის – 21%, საქართველოსათვის – 12%, ყირგიზეთისათვის – 31,5%, მოლდოვასათვის – 25%, ტაჯიკეთისათვის – 42%, უკრაინისათვის – 5,5%, ლიტვისათვის – 4,5%, აზერბაიჯანისათვის – 2,5% და უზბეკეთისათვის – 12%.
საქმე ეხება მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონის ფინანსურ დამოკიდებულებას. თუ რუბლი დიდხანს იქნება დასუსტებული, ბალტიისპირეთზე ეს გავლენას მაინც და მაინც ვერ მოახდენს, მაგრამ ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ძალიან დაზარალდება – შესაძლოა მათი მთლიანი საერთო პროდუქტი 2015 წელს 10%-ზე მეტად შემცირდეს. ყველაზე მეტად ეს შეიძლება შეეხოს ცენტრალური აზიის სამ სახელმწიფოს – ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს, რომელთა ავადმყოფი ეკონომიკა და დიქტატორული რეჟიმები რუსეთში სამუშაოდ მყოფი მათივე მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულით იკვებება.
უზბეკეთის მოხუცმა დიქტატორმა ისლამ ქარიმოვმა 2013 წელს განაცხადა, რომ რუსეთში წასული მიგრანტები „ზარმაცები” არიან და მათ სამშობლოში მუშაობა არ სურთ. სინამდვილეში კი უზბეკეთში ძალიან ცოტა სამუშაო ადგილია, მაღალია უმუშევრობის დონე, თვეში 100 დოლარი კარგ ხელფასად ითვლება, ბევრ ქალაქში კი სამსახურს საერთოდ ვერ იპოვი.. სპეციალისტების აზრით, თუ გასარბაიტერული ფულის ნაკადი შეწყდება, ისლამ ქარიმოვის მსგავს მმართველებს სერიოზული პრობლემები გაუჩნდებათ.
როგორც ცენტრალური აზიის საინფორმაციო გამოცემა „ფერგანას” მთავარი რედაქტორი დანილ კისლოვი ამბობს, ნავთობის შემდგომი გაიაფების შემთხვევაში მიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან, შესაბამისად, სოციალური დაძაბულობა გამწვავდება. „რუსეთში დაახლოებით 2,4 მილიონი უზბეკი მუშაობს, მათი ოჯახები სწორედ რუსული რუბლით ცოცხლობენ. ფაქტიურად, რუსეთი უზბეკეთსა და ტაჯიკეთს რევოლუციებისაგან იფარავს… შესაძლოა, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ ორი და სამი წლის შემდეგ სოციალურ აფეთქებას უნდა ველოდოთ”.