globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 20th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): გრიპის ვირუსი საქართველოს და მის მეზობლებს უტევს

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოს ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია კვლავ სკანდალში გაეხვია // სომხური მასმედია ათი თანამემამულის სიკვდილში რიჩარდ ლუგარის ცენტრს ადანაშაულებს

«Голос Армении» (სომხეთი): ირან-სომხეთის გაზსადენი შეიძლება ტრანზიტული გახდეს

——————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 იანვარი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/virus-georgia-h1n1/3152726.html

გრიპის ვირუსი საქართველოს და მის მეზობლებს უტევს

ზაზა წულაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი საქართველოს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომდევნო კვირების მანძილზე, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობა, დიდი ალბათობით, მოიმატებს, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ამჟამად, H1N1 ვირუსი ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს.

ჯერჯერობით, გრიპის ვირუსით სიკვდილის მხოლოდ ერთი შემთხვევა აღინიშნა. პაციენტი ლანჩხუთის რაიონიდან თბილისში უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანეს. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი 14 იანვარს გარდაიცვალა. 2016 წლის პირველ თვეში, საქართველოს მასშტაბით, გრიპის ვირუსის დიაგნოზით, უკვე 9000-მდე პაციენტი აღირიცხა, ანუ ეს ნიშნავს რომ, ამ ეტაპზე, ყოველ 100 000 ადამიანზე ვირუსის 248 შემთხვევაა გამოვლენილი.

ექიმები განსაკუთრებით აფრთხილებენ ორსულებს, მოხუცებს, ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, რომ მოერიდონ მასიური თავშეყრის ადგილებს. მათი პროგნოზით, მომდევნო კვირებში, ვირუსის გავრცელების მატებას, არამდგრადი ამინდი და სასწავლო პროცესის განახლებაც შეუწყობს ხელს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი მოუწოდებს მშობლებს, რომ თუ კი ბავშვს, თუნდაც ერთი დღის განმავლობაში ექნება მაღალი ტემპერატურა (+38C და ზევით), დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს

„რაც ახლა გრიპია საქართველოში ყველა არის H1N1. ანუ, თუ ადამიანს აქვს გრიპი ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მას აქვს H1N1-ის ვირუსი. სტატისტიკით, ჯერ მხოლოდ ნახევარია იმის, რაც შეიძლება ჩავთვალოთ, ზამთარში, ეპიდემიურ გავრცელებად. ახლა არის, დაახლოებით 250 შემთხვევა 100 000 ადამიანზე, ეპიდემიოლოგიურ ზღვარი საქართველოსთვის არის 500 და მეტი შემთხვევა 100 000 ადამიანზე.“

საქართველოსგან განსხვავებით, გრიპის ვირუსის გააქტიურების გამო, გაცილებით რთული მდგომარეობაა ახლო და შორეულ სამეზობლოში. ბოლო ორი თვის განმავლობაში სომხეთში გრიპის ვირუსით უკვე 14 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ერთი საქართველოს მოქალაქე იყო, ჯავახეთის რეგიონიდან. იგი ჯერ გიუმრიში მკურნალობდა, შემდეგ ერევანში, სადაც 11 იანვარს გარდაიცვალა კიდეც.

„არმენპრესის“ ცნობით, ამჟამად რეანიმაციაში რჩება 100-მდე პაციენტი, ცხრა მათგანი ხელოვნული სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, 120-ზე მეტი დაავადებული კი ორსული ქალბატონია. თუმცა, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს ჯერ არ მიახლოებია.

ბოლო ორ თვეში, საქართველოს მოსაზღვრე, რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკებში, გრიპით გარდაცვალების 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 5 – დაღესტანში, 6 – ადიღეასა და 4 – ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე, კრასნოდარის მხარეში.

რთული სიტუაციაა ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც გუშინ ეპიდემიოლოგიური ზღურბლის გადალახვის გამო კარანტინი გამოცხადდა და გაურკვეველი ვადით, ყველა სასწავლო დაწესებულება და საბავშვო ბაღი დაიხურა. ვირუსი 3000-ზე მეტ ბავშვს აღენიშნა და ერთი მათგანი, სამწუხაროდ, კრიტიკულ მდგომარეობაშია. ვლადიკავკაზში ცდილობენ თავიდან აიცილონ, შარშანდელი სიტუაცია, როცა გრიპის ეპიდემიის დროს 13 ადამიანი დაიღუპა.

ურთულესი მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში, სადაც ბოლო სამ თვეში გრიპის ვირუსმა უკვე 47 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. არაოფიციალური ცნობებით კი ეს ციფრი 70-ს აჭარბებს. მათ შორის – 25 ადამიანი, 2016 წლის პირველ 19 დღეში გარდაიცვალა. გუშინ, კარანტინი გამოცხადდა სუმის, ჩერკასის, ხერსონის, ტერნოპოლის, ჟიტომირის, ასეევ ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ოლქებში, აქ სასწავლო დაწესებულებები იანვრის ბოლომდე დაიხურა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ზღურბლი ქვეყანაში სავარაუდოდ, მომავალ კვირას გადაილახება. პანიკის გამო, უკრაინის აფთიაქებიდან გაქრა პრეპარატი „ტერაფლიუ“. შვეიცარიული კომპანია „როშეს“ ეს პრეპარატი ცნობილი 2009 წლის გრიპის პანდემიის შემდეგ გახდა, როცა H1N1 ვირუსი მექსიკაში პირველად იქნა აღმოჩენილი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) მაშინ მხოლოდ ამ პრეპარატზე გასცა დადებითი რეკომენდაცია, რამაც მწარმოებელს მილიარდობით შემოსავალი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას კი მძაფრი კრიტიკა მოუტანა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, თუ რატომ უწოდეს 2009 წელს, ამ ვირუსს „ღორის გრიპი“ და რატომ არის შეცდომა დღეს ამ ტერმინის გამოყენება

„მაშინ როცა პირველად გამოვლინდა ეს ვირუსი, ანუ, როდესაც მან შეიძინა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პოტენციალი და ვირუსის პირველი გენეტიკური ანალიზი გაკეთდა, სპეციალისტებმა ახალი ვირუსის გენებში აღმოჩენილი გარკვეული ფრაგმენტი მიამსგავსეს, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გამოვლენილ, ღორის ვირუსის გენის ფრაგმენტს და მაშინ პირველად გაიჟღერა ტერმინმა – „ღორის ვირუსი“. თუმცა, შემდეგ მალევე და საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ვირუსი ღორთან დაკავშირებული არ იყო, გადადიოდა ადამიანიდან ადამიანზე. და იქედან გამომდინარე, რომ სეზონული გრიპის ვირუსიც არსებობდა a/H1N1-ის ფორმულით, იოლად რომ განესხვავებინათ, რომელ კონკრეტულ შტამზე იყო საუბარი, გამარტივებისთვის, ამიტომ შეარქვეს „ღორის გრიპი“. სინამდვილეში ღორებთან არანაირი კავშირი არ არსებობს. დღეს, აღარავინ არ უწოდებს ამ ვირუსს ღორის გრიპს, ეს შემორჩა ალბათ, მხოლოდ საქართველოში. უბრალოდ აღინიშნება, რომ ეს არის a/H1 ყოფილი პანდემიური ვირუსი.“

საინტერესოა, რომ წინა კვირას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციით მიმართა მოსახლეობას არ გაემგზავრონ მეზობელ ქვეყნებში და პარალელურად, გაამკაცრა ეპიდემიოლოგიური კონტროლი ქვეყნის აეროპორტებსა და სახმელეთო სასაზღვო პუნქტებში.

ოფიციალურმა ბაქომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანში გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, 121 ადამიანს მიაღწია. თურქეთში კი 2016 წლის იანვარში – გრიპით უკვე 8 ადამიანი დაიღუპა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიის (WHO) მონაცემებით, გრიპის სეზონი ოქტომბრიდან იწყება და აპრილამდე გრძელდება. ყოველ წელს, გრიპის ვირუსით მსოფლიოში 3 მილიონამდე ადამიანი ავადდება, აქედან, საშუალოდ, 500 000-მდე დაავადებული იღუპება.

«Независимая газета» (რუსეთი), 20 იანვარი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-01-20/7_gruzia.html

საქართველოს ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია კვლავ სკანდალში გაეხვია

სომხური მასმედია ათი თანამემამულის სიკვდილში სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრს ადანაშაულებს

საქართველო არ ეთანხმება სომხურ მასმედიაში გამოქვეყნებულ ზოგიერთ პუბლიკაციას, რომლებშიც შეინიშნება კავშირი თბილისის გარეუბანში მდებარე ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიასა და საზღვრისპირა რეგიონში გრიპით დაავადების გახშირებულ შემთხვევებს შორის. ქართული მხარე თვლის, რომ ასეთი სახის პუბლიკაციების მომრავლება „ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების დეზინფორმაციული მოქმედების შედეგია“. რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებია მხედველობაში – თბილისი ამას არ აზუსტებს (ავტორი – იური როქსი).

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, სომხურ მასმედიაში მოხსენიებული ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, ანუ როგორც მას სრულად ჰქვია – სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კვლევითი ცენტრი – ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიაა, რომელსაც უცხოური კომისიები მუდმივად ამოწმებენ და აკონტროლებენ. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ლაბორატორიაში თითქოსდა რაღაც ექსპერიმენტები მიმდინარეობს, სისულელეა. ეს ეხება იმ ჭორებსაც, რომელთა თანახმად, კვლევით ცენტრიდან ვითომდა სახიფათო ბაცილები და შტამები ვრცელდება, რომლებიც ადამიანთა დაღუპვას იწვევს.

სომხურ მასმედიაში ლაბორატორიის შესახებ სკანდალური პუბლიკაციების საბაბი გახდა ათი მოქალაქის გარდაცვალება ე.წ. „ღორის გრიპის“ გამო. დაღუპულთა დიდი უჯმრავლესობა სომხეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ცხოვრობდა. სწორედ ამ რეგიონში ხდებოდა ხოკლმე ბოლო წლებში „ღორის გრიპის“, „ფრინველის გრიპის“, ციმბირის წყლულით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებების შემთხვევები, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტებში ლაბორატორიის საქმიანობის კვალი ვერცერთხელ ვერ დადასტურდა. გარდა ამისა, დაავადების შემთხვევები „ეპიდემიად“ არ იქნა შერაცხული, რადგან სნეულების გავრცელება და რაოდენობა ეპიდემიის პარამეტრებში არ ჯდებოდა.

თბილისი ამჯერადაც კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ტერმინი „ეპიდემია“ იქნეს გამოყენებული: „ჩვენთან გრიპის შემთხვევები მატულობს, მაგრამ ეპიდემიამდე ჯერ შორს ვართ (500 ავადმყოფი ასი ათას ადამიანზე). ჩვენ ჯერ ნახევრამდეც არ მივსულვართ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი ტქმით, ის ავტორები, რომლებიც წერენ, რომ ლაბორატორია სახიფათო ავადმყოფობის გამომწვევიაო, ან დილეტანტებია, რომლებმაც ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას დაუჯერეს. „ასეთივე სტატიები ქვეყნდება არამარტო სომხურ მასმედიაში, არამედ ზოგიერთ ქართულ არასერიოზულ საიტებზეც“.

თავის დროზე ლაბორატორიის საკითხის გამო ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის მწვავედ აკრიტიკებდა: ამბობდნენ, რომ თბილისის გარეუბანში ამგვარი დაწესებულების დაარსება იმას ნიშნავს, რომ ამერიკა საქართველოს მეორეხარისხოვან ქვეყნად მიიჩნევს, ხოლო ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიცემული თანხმობა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ხალხის ფეხებზე დაკიდებაო, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოპოზიციონერმა კრიტიკოსებმა თავიანთი დაპირება „ქართველებზე ცდების ჩამტარებელი“ ლაბორატორიის გაუქმების თაობაზე დაივიწყეს. შეიძლება იმიტომაც, რომ იქ ადამიანებზე არანაირი ცდები არ ტარდებოდა.

რამდენიმე წლის წინათ, როცა  რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ, საქართველო-რუსეთის საზღვრისპირეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადების მატების გამო, ლუგარის ლაბორატორიის უთანაზიარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოითხოვა, თბილისმა რუსი ჟურნალისტების დელეგაცია მიიწვია. პაატა იმნაძის თქმით, რუსული ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ლაბორატორია დაათვალიერეს და დარწმუნდნენ, რომ მასში მხოლოდ მშვიდობიანი კვლევები ტარდებოდა. რიცარდ ლუგარის ცენტრი, პროფესიული თვსლსაზრისით, ღია დაწესებულებაა, მაგრამ, რასაკვირველია, მას საექსკურსიო ობიექტად ვერ გადავაქცევთ. მასში მუშაობენ არა მხოლოდ ამერიკელები, არამედ [წარმოშობით] რუსი, გერმანელი, თურქი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეცნიერები. ასე რომ, არაფერი დამალული არ არის“.

ობიექტურად თუ ვიტყვით, პ.იმნაძის ნათქვამი დიდად დამარწმუნებელი არგუმენტი ნამდვილად არ არის. ჟურნალისტებმა ნახეს მხოლოდ ის, რაც აჩვენეს და ბუნებრივია, მათ ყველაფერს არ აჩვენებდნენ. შესაბამისად, რა არის ღია და რა არის დამალული, ამის სიტყვაზე დაჯერება საეჭვოა. და მაინც, საიდან დაიწყო ეს მითქმა-მოთქმა ბაქტერიოლოგიური იარაღის სექმნის თაობაზე?

მიზეზი, ალბათ, მართლაც იმაშია, რომ საქართველოს-სომხეთის საზღვრისპირა რეგიონში სხვადასხვა დაავადებების ფაქტებმა იმატა, თუმცა აქ უკვე საკითხი აღრიცხვასა და სხვადასხვა მონაცემების გამჭვირვალობას ეხება. საბჭოთა კავშირის დროს ვეტერინარული კონტროლი მეტ-ნაკლებად მაღალ დონეზე იყო, მაგრამ სამაგიეროდ, საბჭოური ეპოქის კვალობაზე, როცა ყოველი დარგის ამსახველ ინფორმაციაზე შეიძლებოდა მკაცრი კონტროლი დაწესებულიყო, თუ პირუტყვი მასობრივად დაიღუპებოდა, ამ ფაქტის ფართოდ გავრცელება არ მოხდებოდა (აქ ავტორი იხსენებს საკუთარი თვალით ნანახ სიტუაციას, როცა 1970-იან და 1980-იან წლებში საქართველო-სომხეთის რესპუბლიკებს შორის არსებული საზღვარი რამდენჯერმე იყო დახურული ეპიდემოლოგიური თვალსაზრისით).

რ.ლუგარის ლაბორატორიის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ ადრე ამ ადგილებში მსგავს ავადმყოფობები არ იყოო. გასაგებია, მაგრამ განა ადრე რეგიონში და მსოფლიოშიც ვინმემ რაიმე იცოდა „ღორის“ ან „ქათმის გრიპის“ შესახებ?

რას შეეხება ლაბორატორიის „პასპორტს“: ობიექტი 2007 წელს აშენდა თბილისთან ახლოს, აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს დადებული როგორც ჩარჩო-ხელშეკრულების, ასევე ორივე ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. ლაბორატორიის დანიშნულებაა მოსახლეობასა და ცხოველებში სახიფათო ინფექციების აღმოჩენა, ეპიდემოლოგიური ზედამხედველობა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. რასაკვირველია, ლაბორატორიის კრიტიკა არც პირველია და არც უკანასკნელი არ იქნება. ეს დაწესებულება ყოველთვის აღმოჩნდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმ დროს, როცა მოსახლეობაში რომელიმე სნეულების ფაქტები მოიმატებს“.

«Голос Армении» (სომხეთი), 20 იანვარი, 2016 წელი

http://golosarmenii.am/article/36404/gazoprovod-iran—armeniya-mozhet-stat-tranzitnym

ირან-სომხეთის გაზსადენი შეიძლება ტრანზიტული გახდეს

პუბლიკაციაში განხილულია ირანის გაზის საექსპორტო ეროვნული კომპანიის დირექტორის ალი-რეზა კამელის განცხადება, რომლის თანახმად, ირანმა და საქართველომ, სომხეთის ტერიტორიის გავლით, გაზის მიწოდების წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს – ყოველწლიურად 500 მილიონამდე კუბმეტრის მოცულობით. „ირან-საქართველოს ურთიერთობა ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის სფეროში დღეს ყველაზე განსჯადი თემაა და, ბუნებრივია, ამ დროს ხშირად ლაპარაკობენ სომხეთის როგორც სატრანზიტო ქვეყნის შესახებ“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – არა მელიქსედიანი).

მასში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული თბილის-მოსკოვისა და თბილის-თეირანის მოლაპარაკებები გაზით უზრუნველყოფის საკითხში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებები დამატებითი გაზის საჭიროების შესახებ, რომელსაც ამჟამად აზერბაიჯანი საქართველოს ვერ აწვდის: „სიტუაციის კონტურები ასეთია: საქართველოს გაზის დამატებითი მოცულობა ჭირდება, მაგრამ მას უნდა, რომ ეს გაზის ტრადიციული მომწოდებლებისგან – რუსეთისა და აზერბაიჯანისაგან კი არ მიიღოს, არამედ ირანისაგან. ალბათ, თეირანი თბილისს მოსკოვზე და ბაქოზე უკეთეს პირობებს სთავაზობს. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას არც ის არ სიამოვნებს, რომ მას  ოპოზიცია ხშირად პრორუსულობაში ადანაშაულებს, ამიტომაც თბილისმა მზერა ირანს მიაპყრო. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ რუსეთის პოზიციის გამო აზერბაიჯან-თურქეთის ტანდემს ცუდი დრო დაუდგა, საქართველოს კი სურს, რომ მოვლენებისაგან თავი შორს დაიჭიროს. ამიტომაც თბილისი ინტერესი ირანული გაზისადმი სავსებით გასაგებია.

თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ირან-სომხეთ-საქართველოს გაზის მარშრუტის წინააღმდეგ შესაძლოა ისევ რუსეთი გამოვიდეს: „გაზპრომი“ თეირანს ქართულ და სომხურ ბაზარზე კონკურენტად მიიჩნევს და, შესაბამისად, მაქსიმალურად ხელს შეუშლის ამ პროექტის რეალიზებას. თითქოსდა ამაში რარაც ლოგიკა მართლაც არის, მაგრამ სინამდვილეში რუსეთის ეკონომიკისათვის ეს პროექტი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგანაც გაზის მოცულობა, „გაზპრომის“ მასშტაბებთან შედარებით, ძალიან მცირეა, სულ რაღაც ხუთასი მილიონი კუბმეტრი წელიწადში. საქმე რომ ირანის გაზის ევროპაში გატანას ეხებოდეს, მაშინ გასაგებია, მაგრამ თვითონ ირანელები ამბობენ, რომ ეს მარშრუტი ევრობაზარზე გასასვლელად არარენტაბელური და მიზანშეუწონელიაო.

უფრო მეტიც – ამჟამად ირან-სომხეთის გაზსადენის მილს მცირე დიამეტრი აქვს და ის ევროპაში გასატანი გაზის რაოდენობას „ვერ მოინელებს“. კიდევ ერთი მომენტი: „გაზპრომი“ თვითონაა დაინტერესებული ირან-სომხეთის მილსადენის სრულფასოვანი ფუნქციონირებით, რადგან ეს მილსადენი მისი ინვესტიციებითაა აშენებული და მას შვილობილი კომპანია „გაზპრომ-არმენია“ აკონტროლებს. მილსადენში, პროექტის თანახმად, წელიწადში 2,5 მილიარდმა ირანულმა გაზმა უნდა გაიროს, მაგრამ ფაქტიურად მხოლოდ 300-400 მილიონი კუბმეტრი გადის, ანუ მხოლოდ 20%-იანი დატვირთვით მუშაობს. შესაბამისად, „გაზპრომ-არმენია“ ნაკლებ მოგებას იღებს და ინვესტიციის დაბრუნების ვადები ჭიანურდება. ასე რომ, „გაზპრომი“ მილის მაქსიმალური დატვირთვით ნამდვილად დაინტერესებულია და მისთვის ეს მომგებიანია.

შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ: ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების მიხედვით, ირანული გაზის საქართველოსთვის მიწოდება სომხეთის ტერიტორიის გავლით, ეკონომიკური თვალსაზრისით, აწყობს როგორც თბილისს, ასევე მოსკოვსაც და თეირანსაც, ერევნისათვის კი ამ საკითხის მნიშვნელობა უფრო გლობალურია და ფინანსური ინტერესების ფარგლებს სცილდება: ფულს კი მივიღებთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ ამ პროექტის რეალიზება თურქეთ-აზერბაიჯანის მიერ სომხეთის იზოლაციის კონცეფციას ანგრევს. ანკარისა და ბაქოს მცდელობის მიუხედავად, სომხეთი  მსხვილ რეგიონულ პროექტებში ერთვება… აშკარაა, რომ ჩვენი სასტიკი მეზობლების მიდგომები მარცხს განიცდის. აი, სწორედ ამაში გამოიხატება თეირან-თბილისის გარიგების ნამდვილი მნიშვნელობა სომხეთისათვის.

მართალია, ამ დღეებში სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ერვანდ ზაქარიანმა განაცხადა, რომ ირანული გაზის მიწოდების საკითხი საქართველოსთვის, სომხეთის ტერიტორიის გავლით, განხილული არ ყოფილაო, მაგრამ ასეთი ნათქვამი არ გაგვიკვირდეს, რადგან მოლაპარაკება ჯერ დასრულებული არ არის. ბუნებრივია, თბილისიც და თეირანიც ერევანს მაშინ მიმართავენ, როცა ერთმანეთში შეთანხმდებიან. ეს ჩანაფიქრი გინდაც რომ არ განხორციელდეს, ერთი რამ მაინც აშკარა ხდება: თბილის უარს ამბობს მრავალწლიან მუდმივ როლზე თურქეთ-აზერბაიჯანის ფორმულით: „ყველა პროექტი – მხოლოდ სომხეთის გარეშე“. ეს კი უკვე პლუსია.

Comments are closed