globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 20th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): აშშ-ის პრეზიდენტის იანუგურაცია: პოსტსაბჭოთა სივრცის მღელვარე მოლოდინი // ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს დონალდ ტრამპის იმედი აქვთ

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: რამდენად გაზრდილია რუსეთთან „ბმის“ კოეფიციენტი „გაზპრომ“-თან დადებული შეთანხმებით?

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოს მთავრობას „გაზპრომ-ექსპორტ“-თან დადებული შეთანხმების გამო აკრიტიკებენ

«Новое время» (სომხეთი): ქართველებმა გაზის შესყიდვაში უპირატესობა სომხებს კი არა, რუსებს მიანიჭეს // ისარგებლა რა სომხური ტრანზიტის თემით, ოფიციალურმა თბილისმა „გაზპრომი“ დათმობაზე დაიყოლია

«Westfalen-Blatt» (გერმანია): მოვიდა, რათა დარჩეს: ქართველი ახალგაზრდა ბილეფილდში

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 20 იანვარი, 2017 წელი

http://www.ng.ru/editorial/2017-01-20/2_6908_red.html

აშშ-ის პრეზიდენტის იანუგურაცია: პოსტსაბჭოთა სივრცის მღელვარე მოლოდინი

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს დონალდ ტრამპის იმედი აქვთ

რედაქციისაგან

დღეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაა – დონალდ ტრამპი ოფიციალურად იღებს თავის უფლებამოსილებას. რაც არ უნდა თქვან მსოფლიოში ვაშინგტონის საგარეოპოლიტიკური აქტიურობის შემცირებასა და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სიტუაციისადმი მეტი ყურადღების დათმობაზე, აშშ-ის როგორ ზესახელმწიფოს გავლენა მაინც არ დაიკარგება – გინდაც ინერციის წყალობით, რომელიც უცებ არ გაქრება.

პოსტსაბჭოთა სივრცეში განმსაზღვრელი გახდება აშშ-რუსეთის ურთიერტობები. ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულტან ნაზარბაევთან სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ მას მდგომარეობის გაუმჯობესება და კრიზისიდან გამოყვანა სურს. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ვაშინგტონი მოსკოვზე თავის ზეწოლას შეამცირებს, ან საერთოდ უარს იტყვის. აშშ-ის დღევანდელი პოლიტიკის გაგრძელება კი, რასაკვირველია, რუსეთის შესაბამის საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევს, რომელიც მოსაზღვრე ქვეყნებზე გავლენის გაძლიერებაშიც იქნება გამოხატული. ბუნებრივია, ასეთი სავარაუდო სიტუაცია იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერებს აღელვებთ, რომლებსაც თავიანთ ტერიტორიებზე რუსეთის დომინირების  აღდგენა არ სურთ.

ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა მეთაურების შეფიქრიანება დაკავშირებულია აშშ-ის განცხადებასთან, რომლის თანახმად, ვაშინგტონს ავღანეთის პრობლემისაგან დაშორება სურს. ანუ ამერიკას შეუძლია არამარტო საერთოდ „თავიდან მოიშოროს“ ეს არასტაბილური ქვეყანა, არამედ უარი თქვას მთავარი ზედამხედველის როლზეც და ადგილობრივ მოთამაშეებს სრული თავისუფლება მისცეს. აშშ-ის ასეთი მიდგომა მკვეთრად გააძლიერებს საფრთხის რისკებს ცენტრალური აზიის რეგიონისთვის, სადაც არცთუ ისე იშვიათად თავს წამოყოფენ ხოლმე ავღანეთში მოქმედი სხვადასხვა ძალები. აშკარაა, რომ აქაურ სახელმწიფოები ამ პრობლემას საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებიან და თუ აშშ ავღანეთს „მიატოვებს“, ვერც ევროკავშირი ვერაფერს გააკეთებს (ევროპას თავისი პრობლემები აწუხებს) და რადგანაც არც ჩინეთი არ გამოიდებს თავს (პეკინი სხვისი პრობლემების მოგვარებაზე ნაკლებად ზრუნავს),  მაშინ ისინი იმედის მზერას მოსკოვს მიაპყრობენ.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსაც თავიანთი მოლოდინი აქვთ: ბაქოსა და თბილისს აწუხებთ, აისახება თუ არა დონალდ ტრამპის „გამეფება“ და მისი პირადი დამოკიდებულება საქართველოსა  და აზერბაიჯანთან სახელმწიფოთაშორისო  ურთიერთობაზე. დონალდ ტრამპმა, რომელიც ჯერ კიდევ „უბრალო ბიზნესმენი“ იყო, თავის დროზე ორივე ქვეყანაში ბიზნეს-პროექტები დაიწყო, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გააუქმა: აზერბაიჯანში – „წარმოუდგენელი მექრთამეობისა“ და საქართველოში – „გაუგებარი დაყოვნების“ გამო. შეფიქრიანებულია ერევანიც: დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში, ალბათ, ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც ხმების მიღების მიზნით, ამერიკაში არსებულ სომხურ დიასპორასთან გენოციდის საკითხზე „თამაში არ დაუწყია“.

დომალდ ტრამპის შესამჩნევი ინდეფერენტულობა სამხრეთ კავკასიისადმი არავითარ იმედებს არ აძლევთ აქაურ არაღიარებულ სუბიექტებსაც, საერთაშორისო არენაზე თავიანთი მდგომარეობის განმტკიცებისათვის და თუ ეს ასეა, მაშინ მათ უფრო მეტად მოსკოვის იმედი ექნებათ, რომელიც ამ რეგიონში საკმაოდ გააქტიურდა.

კიევი, რასაკვირველია, იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი მას მოსკოვთან დაპირისპირებაში დახმარებას გაუწევს. ამასთან, ცხადია, უკრაინა აცნობიერებს დონალდ ტრამპის განცხადებას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე. საეჭვოა, ამერიკამ თავისი მიდგომები შეცვალოს ყირიმისა და დონბასის მიმართ, მაგრამ შესაძლოა ვაშინგტონი „დაინტერესდეს“ იმით, თუ რატომ არიდებს თავს კიევი მისნკის შეთანხმების პირობების შესრულებას.

მოლდოვას, ალბათ, ჯერ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გადალახვა მოუწევს – პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის და როცა ეს კრიზისი მოგვარდება, მაშინ დავინახავთ, თუ საით იყურება კიშინიოვი საბოლოოდ – მოსკოვისკენ თუ ვაშინგტონისკენ.

რაც შეეხება ბელარუსს, მინსკის პოზიცია ყველაზე მეტად პროგნოზირებადია: მოსკოვზე კიდევ ერთხელ განაწყენებული ალექსანდრე ლუკაშენკო „ახალი მეგობრების“ ძიებაშია და შესაბამისად, იგი შეეცდება ვაშინგტონს ხელგაშლილი წარუდგეს. დაინახავს თუ არა დონალდ ტრამპი მის მოქმედებას – ერთია, დაიჯერებს თუ არა – მეორე, განსაკუთრებით მაშინ, თუ აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვა (რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე) და საქმე ერთმანეთს არ დაშორდება.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 19 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-conflicts-gazprome/3683457.html

საქართველო: რამდენად გაზრდილია რუსეთთან „ბმის“ კოეფიციენტი „გაზპრომ“-თან დადებული შეთანხმებით?

ნინო დალაქიშვილი

„გაზპრომ“-თან დადებული ხელშეკრულებით საქართველომ დაკარგა პოზიცია, რასაც ის წლების განმავლობაში ინარჩუნებდა. ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ესაა უკან გადადგმული ნაბიჯი და კიდევ ერთი მაჩვენებელი რუსული ლობის სიძლიერისა. საქართველოს მთავრობის წევრების რიტორიკაში კრიტიკა რუსეთის მიმართ არ იკითხება. ანალოგიური შეგვიძლია დავინახოთ საერთაშორისო ასპარეზზეც, როდესაც საქართველო თავს იკავებს და ცდილობს არ გამოჩნდეს რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის თუ სანქციების მხარდამჭერად. რა სიკეთე მოაქვს ასეთ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის? ამის გარკვევით „ამერიკის ხმა“ დაინტერესდა.

საქართველოს განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან რიტორიკის შერბილებას რუსეთის მიმართ ადგილი აქვს, თუმცა ამგვარი დამოკიდებულების კონვერტაცია რაიმე სახის პრაქტიკულ სარგებელში არ აისახება:

„თუ წინა ხელისუფლება ცდილობდა მუდმივად ყოფილიყო რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების წინა ხაზზე და ამაში ეძებდა თავის პოლიტიკურ ფუნქციას და ასეთ შეთავაზებას აკეთებდა დანარჩენი სამყაროსთვის, დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ ტიპის რისკებს არ დაექვემდებაროს, ის ამ მხრივ უფრო თავშეკავებულია. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ამ თვალსაზრისით არაფერი არ შეცვლილა. განვითარების გაცხადებული ვექტორი უცვლელია, ის სტრატეგიული ორიენტირები, რასაც ჰქვია ევროკავშირი, ევრო–ატლანტიკური სივრცე, უცვლელად დარჩა. შინაარსი არ შეცვლილა, თუმცა მოქმედებების ტაქტიკით, ურთიერთდამოკიდებულების ტაქტიკით განსხვავება საკმაოდ დიდია. მე პირადად ამას არ მივიჩნევ დათმობად. მე ვთვლი, რომ ამით, შესაძლოა, ვერაფერს ვერ ვიღებთ, მაგრამ რისკებს ვიშორებთ თავიდან“, – ამბობს გია ხუხაშვილი. იგი ახლანდელი და ყოფილი ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკას მკვეთრად მიჯნავს და არსებულ პოლიტიკას რაციონალურად მიიჩნევს:

„ვიცით ჩვენ რუსეთის დამოკიდებულება, ის არ არის ყოველთვის რაციონალური და როდესაც შენ მუდმივად ცდილობ, თვალში გაეჩხირო, ის ამ დროს რაღაც ზომებს იღებს. მიხეილ სააკაშვილის დროს, მაგალითად, ამას არანაირი პოლიტიკური მიზანი არ ჰქონდა, საბოლოო ჯამში კი ჩვენ მივიღეთ კონკრეტული პრობლემები. დღევანდელი პოლიტიკა ამ მხრივ უფრო პრაგმატულია. პრობლემა ის კი არაა, ჩვენ რას მივიღებთ, არამედ ის, ჩვენ რა შეიძლება დავკარგოთ იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად ფრონტის წინა ხაზზე ვიქნებით. თვითონ ფრონტის წინა ხაზზე ყოფნის კაპიტალიზაცია დასავლეთის თვალში, ეს პოლიტიკის ძალიან მიამიტი გაგება იყო. თუ შენ ამას აკეთებ, მაშინ ზუსტად, წინასწარ უნდა გქონდეს გარანტიები, რომ ამის სანაცვლოდ რაღაცას ვიღაც მოგცემს. საკუთარი ინიციატივით და ენთუზიაზმით ამას არ უნდა აკეთებდე. კი ბატონო, შეიძლება რისკების გაწევა მაშინ, თუ შენ ამით რაღაცას იგებ. რადგან ჩვენს შემთხვევაში  ასე არ ხდება ამიტომ რა გვრჯის, რომ მუდმივად წინა ხაზზე ვიყოთ?“.

იზრდება თუ არა რუსეთზე „ბმის“ კოეფიციენტი, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის წევრები ნაკლებს საუბრობენ. მათი მხრიდან მუდმივად ფიქსირდება, რომ საქართველოს დასავლური კურსი უცვლელია, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები რუსული კომპონენტის ზრდაზე მეტყველებს. ამის ცალსახა და ყველაზე მყვირალა მაგალითი „გაზპრომთან“ გაფორმებული ის ახალი ხელშეკრულებაა, რომლის წინააღმდეგ 18 იანვარს კანცელარიის წინ საპროტესტო აქციაც გაიმართა. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კი მიიჩნევს, რომ რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან ხელშეკრულების პირობების შეცვლით არაფერი იცვლება: „ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი, ქვეყნის სატრანზიტო ფუქნცია რეგიონში და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა. ისტერიისა და პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია ის განცხადებები, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ“.

შეშფოთების მიზეზი „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების ბუნდოვანებაცაა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი უარყოფს, აშკარაა, რომ სომხეთის მიმართულებით გატარებული აირის საკითხზე მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან ქართული მხარე გამარჯვებული არ გამოვიდა. მან პოზიციები დათმო და უარეს ვარიანტზე დათანხმება მოუხდა. რა მიიღო, ან მიიღო თუ არა საერთოდ რამე რუსული მხარისგან საქართველომ სანაცვლოდ, ამის თაობაზე მთავრობის წარმომადგენლები არაფერს ამბობენ. გასული წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით კი შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა არა მხოლოდ გასაიდუმლოებულად, არამედ ოფიციალურად და ღიად დადებული პირობებიც კი არ შეასრულა, რასაც 2011 წელს მოეწერა ხელი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ. ამ ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი იღებდა პირობას მიეცა შესაძლებლობა შვეიცარიული კომპანიისთვის აღერიცხა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამავალი ტვირთები. ეს შეთანხმება დღემდე არ შესრულებულა. ქართული მხარე ამ საკითხზე საუბრისას მუდმივად აცხადებს, რომ თავად „მზადაა და ჯერი რუსულ მხარეზეა“. წელს უკვე „ჯერ“-ის მეექვსე წელია.

გასაიდუმლოებულია „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების პირობები, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამის თაობაზე სპეციალური წერილითაც მიმართა სამინისტროს. საია ხელშეკრულების პირობების გაცნობას ითხოვს. პასუხისთვის სამინისტროს 10 დღე აქვს.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 19 იანვარი, 2017 წელი

http://www.bbc.com/russian/features-38672889

საქართველოს მთავრობას „გაზპრომ-ექსპორტ“-თან დადებული შეთანხმების გამო აკრიტიკებენ

რუსულ კომპანია „გაზპრომ-ექსპორტ“-თან მოლაპარაკების შედეგები საქართველოში ცხელი დებატების თემა გახდა: ოპოზიცია მთავრობისაგან იმ შეთანხმებასთან დაკავშირებული  ფაქტებისა და მასალების გამოქვეყნებას მოითხოვს, რომლის მიხედვით, სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტისათვის, ნატურალური გაზის ნაცვლად, საქართველო ფულად ანაზღაურებას მიიღებს, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ნინა ახმეტელი).

„ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის კორესპონდენტი, ქართულ და რუსულ მასმედიაში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძესა და „გაზპრომ-ექსპორტის“ გენდირექტორ ელენა ბურმისტროვას შორის გამართული მოლაპარაკებას. ავტორი ეყრდნობა აგრეთვე თვით მინისტრ კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ექსპერტთა მოსაზრებებს და ა.შ.

„ოპოზიციას მიაჩნია, რომ რუსულ „გაზპრომ-ექსპორტ“-თან დადებული შეთანხმება საქართველოსთვის წამგებიანი, რადგან ტრანზიტისათვის მიღებული ფულით იმდენ გაზს ვერ შეიძენს, რამდენსაც ადრე ნატურის სახით ღებულობდა, ანუ სომხეთისათვის რუსეთის მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზის 10 პროცენტს. შეთანხმებით უკმაყოფილოა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც, რომლებმაც მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. დოკუმენტს ასევე აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რომლის აზრით, ასეთი შეთანხმებით ზიანდება ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები“, – აღნიშნავს „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტი

სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს ქართულ-რუსული მოლაპარაკების დახურული ხასიათი, გაუმჭვირვალობა და ინფორმაციის სიმწირე შეთანხმების თაობაზე. დოკუმენტის ტექსტი არ გამოქვეყნებულა. „შეთანხმება საიდუმლოა, ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად, თუ რა პირობებია ჩადებული მასში, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ახლანდელი ძველზე უარესია, როგორც ტრანზიტის ანაზღაურების, ასევე გადახდის ფორმის მიხედვით“, – ამბობს ჟურნალისტთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ნაციონალური პლატფორმის“ თავმჯდომარე კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, მთავრობის აპელირება იმაზე, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში ტრანზიტის ანაზღაურება უკვე მხოლოდ ფულადი სახით ხდებაო, სრულიად უადგილოა: „ჩვენს შემთხვევაში საკითხი ეხება იმ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და რომელიც ენერგეტიკის სფეროში თვითონ იყენებს დისკრიმინაციულ მეთოდებს. რუსეთი ენერგეტიკულ პოლიტიკას ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს. ამიტომაც ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხია. თუ ჩვენ ყველა შემთხვევაში სომხეთისთვის მიწოდებული გაზის 10%-ს ვღებულობდით, ახლა რუსეთი გაზის სანაცვლოდ ფულს მოგვცემს და გვთავაზობს, რომ იმ ფულით ისევ მისი გაზი ვიყიდოთ, რომელიც არ გვეყოფა. თუ რუსეთი დააგვიანებს ფულის გადახდას ან საერთოდ აღარ მოისურვებს მოცემას, რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რუსეთზე ზემოქმედების საშუალება არ გვექნება“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან ინტერვიუში.

«Новое время» (სომხეთი), 19 იანვარი, 2017 წელი

http://www.nv.am/politika/55618-2017-01-19-06-42-42

ქართველებმა გაზის შესყიდვაში უპირატესობა სომხებს კი არა რუსებს მიანიჭეს

ისარგებლა რა სომხური ტრანზიტის თემით, ოფიციალურმა თბილისმა „გაზპრომი“ დათმობაზე დაიყოლია

არტემ ერკანიანი

(შემოკლებით)

ახალი წლის პირველ რიცხვებში საქართველოს მთავრობამ და რუსულმა კომპანია „გაზპრომ“-მა, როგორც იქნა, სომხეთისთვის მოწოდებული ბუნებრივი გაზის ტრანზიტისათვის ანაზღაურების ფორმაზე მოილაპარაკეს. ორი კვირა გავიდა, მაგრამ შეთანხმების დეტალები ჯერ ბოლომდე გამჟღავნებული არაა. ამასთან, უკვე ერთმნიშვნელოვნად ცნობილია, რომ აღნიშნული შეთანხმებით სომხეთისათვის გაზის მიწოდებაში შეფერხები არ იქნება, მაგრამ თითქმის ასევე აშკარაა, რომ არც ირანული გაზის სომხური ტრანზიტის პროექტიც აღარ განხორციელდება, ის უკვე აქტუალურობას კარგავს. იმედები, რომ სომხეთის ტერიტორია ენერგეტიკული დერეფანი გახდებოდა, როგორც ჩანს, ახლო მომავალში არ განხორციელდება.

(…)

თითქოსდა თბილისის მიერ რუსულ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება ჩვენს ინტერესებში შედის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აღნიშნული დოკუმენტის წყალობით სომხეთმა უფრო დიდი პროექტი დაკარგა. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ შარშან თბილისმა ირანის ნავთობის სამინისტროსთან გაზის ექსპორტის კომპანიასთან მოლაპარაკება დაიწყო ბუნებრივი გაზის საქართველოსთვის მიწოდების თაობაზე, სომხეთის ტერიტორიის გავლით. ივლისში ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანემ განაცხადა, რომ საქართველოს გაზის კომპანიასთან შესაბამისი წინასწარი, ოთხთვიანი სატესტო შეთანხმება უკვე დადებულიაო. სომხეთის მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ შექმნილიყო კომპანია, რომელიც ირანიდან საქართველოსთვის გაზის ტრანზიტს განახორციელებდა. სასწაფოდ დარეგისტრირდა კომპანია „ენერგოიმპექსი“… მოკლედ, ყველაფერი კეთდებოდა პროექტის რეალიზებისათვის.

სომხეთისთვის ირანული გაზის ტრანზიტი ძალიან მომგებიანი იქნებოდა და სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას ძალიან წაადგებოდა. გარდა ამისა, ტრანზიტული ქვეყნის სტატუსით ეფექტური გეოპოლიტიკური ბერკეტებიც გვექნებოდა: სომხეთი მომხმარებელი ქვეყნიდან შეიძლებოდა ისეთ ქვეყნად გადაქცეულიყო, რომელზეც მეზობლები იქნებოდნენ დამოკიდებულნი. შესაბამისად, შეიცვლებოდა სამხრეთ კავკასიაში წლობით დამკვიდრებული გეოპოლიტიკური კლიმატი, აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ გამოცხადებული ბლოკადა თავის აზრს დაკარგავდა.

მაგრამ, როგორც საბოლოოდ გაირკვა, საქართველოს ამგვარი სიტუაცია მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის ჭირდებოდა: თბილისისთვის მთავარი იყო მომგებიან პოზიციაში ყოფნა ორივესთან – რუსულ „გაზპრომ“-თანაც და აზერბაიჯანულ „სოკარ“-თანაც. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბაქოელ და მოსკოველ პარტნიორებს განუცხადა, რომ შეიძლებოდა სიტუაცია ისე განვითარებულიყო, რომ არცერთის გაზი არ გამოეყენებინა, თუ ისინი ფასებში დათმობაზე არ წავიდოდნენ. აზერბაიჯანმა ტარიფი უმნიშვნელოდ შეამცირა, რუსებმა კი ქართველებს მართლაც მომგებიანი პირობები შესთავაზეს: საჭიროების შემთხვევაში „გაზპრომი“ მათ დამატებითი მოცულობის ბუნებრივ გაზს შედარებით იაფად – 215 დოლარის ნაცვლად, ათას კუბმეტრს 185 დოლარად მიჰყიდის. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის გაზის მთავარ მიმწოდებლად – 75-80%-მდე – მაინც აზერბაიჯანი დარჩება (200 დოლარად ათასი კუბმეტრი).

ამრიგად, საქართველომ სომხეთის ტრანზიტის შესაძლებლობა იმისთვის გამოიყენა, რომ პარტნიორებისაგან შეღავათიანი პირობები უზრუნველყო. საბოლოო ჯამში, სომხეთმა ვერ სეძლო იმის მიღება, რაც უნდა მიეღო, თუმცა არც არაფერი არ დაუკარგავს. სხვათა შორის, საქართველომ მიანიშნა, რომ აზერბაიჯანული მონოპოლიისაგან გათავისუფლება შეუძლია. ის დივერსიფიცირება, რომელიც „გაზპრომ“-თან შეთანხმების წყალობით მოხდა, რეგიონში აზერბაიჯანის როლის შესუსტებას მოასწავებს. არადა, აშკარად ჩანდა ბოლო დრომდე, რომ  საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება აზერბაიჯანულ მონოპოლისტზე თითქოსდა გარდაუვალი იყო. საქართველოს მთავრობა რამდენიმე წელი ცდილობდა მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკული დიქტატისაგან გათავისუფლებას. ჩვენთვის ეს მომენტი მნიშვნელოვანია, რადგან ილჰამ ალიევის ხელში მოქცეული ბუნებრივი გაზი ბაქოს მიერ თბილისზე ზეწოლის მთავარი იარაღი იყო. სწორედ ამ ბერკეტის გამოყენებით, აზერბაიჯანის მმართველები ზოგჯერ საქართველოს ხელისუფლებას აშკარად ანტისომხური ნაბიჯების გადადგმაზე დაიყოლიებდნენ ხოლმე. ასე რომ, ქართულ-რუსული გარიგებას ჩვენთვის მინუსებიც აქვს და პლუსებიც.

რაც შეეხება სომხეთისთვის ტრანზიტორი სახელმწიფოს სტატუსს, მისგან გამომდინარე გეოპოლიტიკური შედეგებით, ამ თემაზე საუბარი, როგორც ჩანს, დროებით დაიხურა.

«Westfalen-Blatt» (გერმანია), 19 იანვარი, 2017 წელი

http://www.westfalen-blatt.de/OWL/Lokalsport/Bielefeld/Bielefeld/2666338-Futsal-Nick-Mdoreuli-findet-nach-Flucht-aus-Georgien-in-Bielefeld-eine-neue-Heimat-Gekommen-um-zu-bleiben

მოვიდა, რათა აქ დარჩეს: ქართველი ახალგაზრდა ბილეფილდში

ფილიპ ბურტელი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

როცა მისმა მშობლიურ ქალაქმა ომის სუსხი გამოსცადა, ნიკ (ნიკო) მდორეული 11 წლისა იყო. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს არმია ცხინვალში – სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში შევიდა. ასობით ადამიანი დაიღუპა კავკასიურ ომში, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის მოხდა. ნიკ მდორეულმა გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ სამშობლოს დატოვებას კიდევ ექვსი წლის ლოდინი დაჭირდა.

მართალია, ომი სულ რაღაც 10 დღეში დასრულდა, მაგრამ მან მძიმე შედეგები დატოვა. მთიან რეგიონში გაუსაძლისი გაჭირვებაა, ირგვლივ სიღარიბე ბატონობს… კვლავ არსებობს ორი არმიის შეტაკების საფრთხე: საქართველოს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დე-ფაქტო დამოუკიდებელ რეგიონზე გავლენის აღდგენა სურს. „ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ფული შეეგროვებინათ, ევროპაში წავსულიყავი და რაღაცისთვის მიმეღწია“, – ჰყვება ნიკ მდორეული.

მამამისმა ოჯახი ნაადრევად დატოვა, დედა კი რამდენიმე წლის შემდეგ გარდაეცვალა. ნიკს ამაზე საუბარი უჭირს. იგი ირინე ბებიამ გაზარდა, რომელიც მიწას 2013 წელს მიაბარა. „მე დამოუკიდებელი ადრეულ ასაკში გავხდი“, – ამბობს იგი. რუსეთის, უკრაინის და პოლონეთის გავლით, 17 წლის ნიკ მდორეული 2014 წელს გერმანიაში, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მხარის

ქალაქ ბილეფილდში აღმოჩნდა, სამშობლოსგან 3500 კილომეტრის მოშორებით.

ნიკ მდორეულს ბევრი რამ აინტერესებს, იგი თვითგანათლებისა და ცოდნის მიღებისაკენ ისწრაფვის. ნიკი ბილეფილდის მინი-ფეხბურთის (ფუსზალის) გუნდში თამაშობს, რომელიც რეგიონულ ლიგაში წარმატებით გამოდის. „ჩემთვის დისციპლინაა მთავარი, სიზარმაცეს ვერ ვიტან“, – ამბობს იგი, ნიცშესა და ზარატუსტრას სიტყვებით.

ნიკ მდორეული ღრმად რელიგიური ახალგაზრდაა, დღეში შვიდჯერ ლოცულობს. „უფალი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს. მეც მინდა ჩემი შანსი გამოვიყენო“, – ამბობს იგი.

———

«Westfalen-Blatt»ყოველდღიური გაზეთი, გამოდის გერმანიის ქალაქ ბილეფილდში 1839 წლიდან. ტირაჟი – 113 ათასი ეგზ.

Comments are closed