globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 20th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ რევოლუციით თუ არა, არჩევნებით მაინც დაბრუნდება

«Московский комсомолец» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო მისია უკრაინაში: სალამი, იარაღო?

«BBC Украiна» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

«Press TV» (ირანი): საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოსთხოვა

«EurasiaNet» (აშშ): აღმოსავლეთ უკრაინა და აფხაზეთი: პარალელები

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): საქართველო რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილ შეთანხმებებში საფრთხეს ხედავს

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 20 თებერვალი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-02-20/7_saakashvili.html

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ რევოლუციით თუ არა, არჩევნებით მაინც დაბრუნდება

„უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით გასმოსვლილას განაცხადა, რომ იგი აუცილებლად დაბრუნდება სამშობლოში და არჩევნებში გაიმარჯვებს და კვლავ ქვეყნის მეთაური გახდება. გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა ხელისუფლებაში დაბრუნების რევოლუციურ გზაზე, არადა სულ ცოტა ხნის წინ იგი საქართველოში კიდევ ერთი რევოლუციის მოწყობით იმუქრებოდა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

რას ფიქრობს სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი და რას გეგმავს, ეს მხოლოდ თვითონ იცის. ფაქტი ისაა, რომ მისი განცხადებების გამო, „დღევანდელი ხელისუფლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მიაღწევს და მე უფრო ადრე დავბრუნდები, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ჰგონიაო“, ქართველი სამართალდამცველების გააქტიურება გამოიწვია: პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკვე წაყენებულ ბრალდებებს კიდევ ერთი დაამატა – „სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შემუშავება“ და უკრაინას მისი  ექსტრადირება მოსთხოვა. პარალელურად კი ქართველმა სამართალდამცველებმა ექს-პრეზიდენტის ძებნის საკითხი გააქტიურეს – ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“.

ჯერ-ჯერობით გაუგებარია, რა მოხდება, რადგან მიხეილ სააკაშვილს კვლავ გამოუჩნდნენ მფარველები – ცნობილი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები. ალბათ, არც ინტერპოლი დაუწყებს ძებნას და არც უკრაინა გადასცემს, მაგრამ ფაქტია, რომ „რუსთავი-2“თან ინტერვიუში ექს-პრეზიდენტი, ადრინდელთან შედარებით, უკვე წყნარად ლაპარაკობდა და რევოლუციების მოწყობით აღარ იმუქრებოდა, თუმცა მთავარ ოპონენტს, ბიძინა ივანიშვილს ერთი-ორჯერ მაინც უკბინა – „ჩვენ ევოლუციის სხვადასხვა საფეხურზე ვიმყოფებითო“.

რამ აიძულა მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ უარი ეთქვა რევოლუციაზე, რომლის შესახებაც სულ რაღაც ერთი თვის წინ ლაპარაკობდა? საქართველოში არსებულმა მდგომარეობამ, ამერიკელი მეგობრების რჩევებმა თუ უკრაინის ხელისუფლების თხოვნამ, რომელიც თბილისთან ურთიერთობაში გაჩენილ დაძაბულობას გრძნობს? არავინ იცის.

რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მიხეილ სააკაშვილის თავდაჯერებულობა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში გამარჯვება გარდაუვალია? ბევრი რამ არის დამოკიდებული არა იმდენად მასზე და მის პარტიაზე, არამედ ხელისუფლებაზე. მართალია, საქართველო ახლა იდეალურ მდგომარეობაში არ იმყოფება, პრობლემები ბევრია, მაგრამ ისეთი აპოკალიფსური სურათი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ტელეინტერვიუში დახატა, მაინცდამაინც ობიექტური არ არის. მის ნათქვამში სიმართლე მხოლოდ ისაა, რომ ქვეყნის მოსახლეობაში იმედგაცრუება და საპროტესტო განწყობა ნამდვილად მატულობს.

საქართველოს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ თავისივე ხმამაღალი და მრავალრიცხოვანი დაპირებების მძევალი აღმოჩნდა: 2012 წლის ოქტომბრამდე, არჩევნების წინ, კოალიცია ბევრ ლაპარაკობდა, მაგრამ გამარჯვების შემდეგ ცოტას აკეთებდა. ახლა დრო ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს: რაც უფრო მოახლოვდება 2016 წლის არჩევნები, ელექტორატის მოთხოვნები მით უფრო გამკაცრდება. რა თქმა უნდა, ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ ერთი წლის შემდეგ ამომრჩევლებს იმედები იმდენად გაუცრუვდებათ, რომ ყველა თავის ხმებს „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს, მაგრამ სერიოზული „მესამე ძალის“ არარსებობის პირობებში, რომელსაც ქართული საზოგადოება ელოდება და ვერადავერ ჩამოყალიბდა, „ნაციონალები“ თანდათანობით ისევ პოპულარულები ხდებიან. ისინი კარგად იყენებენ მათ ხელში არსებულ რესურსებს, მასმედიას… ასე რომ, მიხეილ სააკაშვილის დაპირებებმა ხელისუფლებაში არარევულუციური გზით დაბრუნების შესახებ შეიძლება კონკრეტული კონტურები შეიძინოს.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 19 თებერვალი, 2015 წელი

http://www.mk.ru/politics/2015/02/18/taynaya-missiya-saakashvili-na-ukraine-zdravstvuy-oruzhie.html

მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო მისია უკრაინაში: სალამი, იარაღო?

მარინა პერევოზკინა

„მათ ვერაფერი ვერ ისწავლეს და არაფერი არ დავიწყებიათ“, – ასე ამბობდნენ მე-19 საუკუნეში ბურბონების სამეფო დინასტიის წარმომადგენლებზე მას შემდეგ, რაც მათ საფრანგეთის ტახტი დაიბრუნეს. ისინი ისე იქცეოდნენ, თითქოსდა საფრანგეთში არანაირი რევოლუცია არ იყო მომხდარი, რომელმაც სამეფო დინასტიის პრივილეგიები გააუქმა. ასეთი მოქმედების შედეგი ის იყო, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი რევოლუცია მოხდა, რაც ბურბონთა სრული და საბოლოო დამხობით დასრულდა. რატომ ვყვები ამ ამბავს? იმიტომ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა და გაამხილა, რომ სანუკვარ მიზანს ერთი წლის შემდეგ შეისრულებს.

მიხეილ სააკაშვილის გააქტიურების ყველაზე მარტივი ახსნა შეიძლება ის იყოს, რომ გაზაფხული ახლოვდება, [!], მაგრამ მიზეზი მხოლოდ ეს არაა. საქართველოს პროკურატურა არ ისვენებს და მიშას თავს ითხოვს – ახლა უკრაინას გაუგზავნა მიმართვა, მანდ მიხეილ სააკაშვილი რომ გყავთ, უნდა გადმოგვცეო. კიევმა კი უპასუხა, საკითხს განვიხილავთო, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ: აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას უკრაინის ხელისუფლება არ დათანხმდება. მას ხომ მტკიცე ამერიკული „კრიშა“ აქვს, მას ვაშინგტონი მფარველობს. ამაზე თვითონ თქვა, „საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ჩემი დიპლომატიური პასპორტი რომ გააუქმა, ამერიკის მთავრობამ შიგ სამუშაო ვიზა ჩამირტყაო“. საინტერესო გულახდილი აღიარებაა. როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი? პასპორტს ადამიანს ის ქვეყანა აძლევს რომლის მოქალქეცაა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს ამერიკელებმა ან უკვე გაუქმებულ პასპორტში ჩაურტყეს ვიზა (თუ ასეა, გამოდის, რომ იგი ყალბი პასპორტით ცხოვრობს და არალეგალური იმიგრანტია), ანდა მას ამერიკის მოქალაქეობა აქვს მიღებული (თუ ასეა, იგი უკვე საქართველოს პრეზიდენტი ვეღარ გახდება). გაუგებარი სიტუაციაა: რა, ამერიკის მთავრობამ უკვე ქართული პასპორტების გაცემა დაიწყო? საინტერესოა, რას ფიქრობენ ამის შესახებ თბილისში.

კიდევ უფრო საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის პირველი ნაბიჯები პეტრო პოროშენკოს მრჩევლის რანგში. პირველ რიგში მან პრეზიდენტს ურჩია, რომ  უკრაინელ ჩინოვნიკებს ხელფასები მოუმატოს – თვეში რამდენიმე ათასი დოლარის ოდენობით. ნეტავ როგორია ამ ფაქტთან დაკავშირებით რიგითი უკრაინელი მოქალაქის თვალსაზრისი, ვისი საშუალო ხელფასი „მაიდნის“ შემდეგ 500-დან 200 დოლარამდე დაეცა? პენსიები კი უფრო დაბალ ნიშნულამდე – 70 დოლარამდე?

ისე, მიხეილ სააკაშვილს სხვა მიზნებიც აქვს, უფრო შთამბეჭდავი, რომელიც უკრაინის დასავლური იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს. იგი ამ საქმეში კოორდინატორის როლის შესრულებას აპირებს. ამასთან დაკავშირებით გასახსენებელია ის ერთ-ერთი ბრალდება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პროკურატურა უყენებს: არის ეჭვები, რომ მისი გარემოცვა და ახლობელ-ნათესავები იარაღით უკანონოდ ვაჭრობდნენო, კერძოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომლის საფრანგეთიდან ექსტრადირებას უშედეგოდ ცდილობენ ქართველი სამართალდამცველები. ქართული მასმედიის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ ნატოს მტკიცე სამხილები გადასცა იმისა, რომ ექს-პრეზიდენტის გარემოცვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გადაცემულ იარაღს უკანონოდ ყიდდა სირიაში.

ქართველი უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძის განცხადებით კი, საქართველოს „იარაღის მაფიის“ სათავეში მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია დგას და ამ მაფიის წევრებია აშშ-ში მცხოვრები ერიკ გუდისი და დავით კეზერაშვილი. უფლებადამცველების მტკიცებით, ‘იარაღის მაფიას“ წინააღმდეგობას უწევდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, რომელიც თავიდან მოიშორეს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იგი საქართველოდან გაქცევის შემდეგ ნიუ-იორკში, ბიძამისის ბინაში ცხოვრობდა. მოკლედ, იქმნება ასეთი სახის სქემა: ექს-პრეზიდენტი, რომელიც ამერიკელ პოლიტიკოსებთან თავის კავშირებს გამოიყენებს, დაარწმუნებს მათ უკრაინა იარაღით მოამარაგონ და ამ ნაკადს მიხეილ სააკაშვილი გააკონტროლებს. ალბათ, სავარაუდოდ, ამ იარაღის ნაწილი, უკვე ტრადიციული გზით, „მარცხნივ“ წავა… შესაძლებელია, სწორედ ეს საიდუმლო ბიზნესი იქნება პეტრო პოროშენკოს ახალი მრჩევლის მთავარი მისია.

«BBC Украiна» (დიდი ბრიტანეთი), 19 თებერვალი, 2015 წელი

http://www.bbc.co.uk/ukrainian/ukraine_in_russian/2015/02/150218_ru_s_saakashvili_interview

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

გუშინ საქართველოს პრეზიდენტყოფილმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა (იმავდროულად რეფორმების საერთაშორისო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ) მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს უკრაინულ სამსახურის კორესპონდენტს ვიაჩესლავ შრამოვიჩს.

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

„ბი-ბი-სი“: რით იქნებით დაკავებული რეფორმების განხორციელების საერთაშორისო საბჭოში?

მიხეილ სააკაშვილი: მე ამის თაობაზე პეტრო პოროშენკოსთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. შევკრებ გამოცდილ რეფორმატორებს ამერიკიდან, დასავლეთ ევროპიდან, ჩილედან, პერუდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, აზიიდან და შევეცდებით სხვადასხვა სფეროებში ანტიკორუფციული რეფორმები გავატაროთ, მოვახდინოთ დერეგულაცია, გავამარტივოთ ბიუროკრატიული სტრუქტურები… მოკლედ, განვახორციელებთ რეფორმებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედან კი საერთაშორისო დახმარების მობილიზებას მოვახდენთ. ბუნებრივია, ჩვენი მუშაობის რეკლამირებასაც დავიწყებთ, რადგან წარმატებები აუცილებლად გვექნება.

„ბი-ბი-სი“: თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინაში რეფორმებს საქართველოს მსგავსად განახორციელებთ? და ეს მაშინ, როცა უკრაინის ტერიტორია უფრო დიდია და თან დონბასში ბრძოლები მიდის?

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში რეფორმებს რუსეთის ზეწოლის ფონზე ვახორციელებდით. გარდა ამისა, ჩვენ სრული ეკონომიკურ-ენერგეტიკული ემბარგოს პირობებში ვცხოვრობდით, რუსეთიდან კი ათასობით ქართველი გამოაძევეს. ჩვენც ხშირად გვბომბავდნენ – ხან კოდორის, ხან პანკისის ხეობაში, ტერორისტულ აქტებს გვიწყობდნენ, ძირს გვითხრიდნენ, საინფორმაციო ომს გვიცხადებდნენ… მაგრამ მაინც დავიწყეთ რეფორმები და წარმატებებსაც მივაღწიეთ. რაც შეეხება უკრაინას, აქ უფრო იოლია რეფორმების გატარება. საქართველოში სამსახურებიდან უფრო მეტი გავათავისუფლეთ, ვიდრე დავტოვეთ. ამას დაემატა ისიც, რომ ჩვენთან უფრო ძლიერია ნათესაობა, ნათლიმამობა და ა.შ. ამიტომ უკმაყოფილო ძალიან ბევრი იყო. აქ, უკრაინაში, უფრო იოლია. მერე რა, რომ ომია და იბომბება. ომი მოქმედების სტიმულის როლს შეასრულებს, ყველა მიხვდება, რომ ჩვეულებრივი მეთოდებით წრეს ვერ გავარღვევთ. ამ თვალსაზრისით მე ოპტიმისტი ვარ.

„ბი-ბი-სი“: რამდენი დრო აქვს უკრაინას რეფორმებისათვის?

მიხეილ სააკაშვილი: მაქსიმუმ რამდენიმე თვე, რომ უკრაინული დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა გადარჩეს.

„ბი-ბი-სი“: უკრაინის მოქალაქეობის მიღებას ხომ არ აპირებთ?

მიხეილ სააკაშვილი: არა. ამიტომაც ვთქვი უარი მთავრობის ვიცე-პრემიერობაზე და ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორობაზე. მე არ მინდოდა გავმხდარიყავი შიდაუკრაინული პოლიტიკური თამაშების მონაწილე. მე ქართველი პოლიტიკოსი ვარ, თუმცა საქართველოსა და უკრაინის ბედი ერთმანეთსაა გადაჯაჭვული. ამიტომაც ვთვლი, რომ სრულიად ნეიტრალური უნდა დავრჩე.

„ბი-ბი-სი“: როგორ მიგაჩნიათ, საქართველოს პროკურატურის განცხადება თქვენი ექსტრადირების თაობაზე გააუარესებს თუ არა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას? ოფიციალურმა თბილისმა უკვე გამოხატა უკმაყოფილება უკრაინის ხელისუფლებაში ქართველი ოპოზიციურად განწყობილი ყოფილი ჩინოვნიკების დასაქმების გამო…

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკრაინის მთავრობაში დანიშნული ქართველებისა და ქართველი ხალხის გამო არანაირად არ გაურესდება. აბა, გავიხსენოთ, რომ „მაიდნის“ დროს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელსაც „გაზპრომის“ მსხვილი აქციონერი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ღიად გამოხატა უკმაყოფილება კიევში მომხდარი მოვლენების მიმართ. მათ ეგონათ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი გაუძლებდა. გავიხსენოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მსოფლიოს მოუწოდა, რომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდოთო. გარდა ამისა, საქართველომ არა მარტო უარი განაცხადა უკრაინის იარაღით დახმარებაზე და ანტირუსული სანქციებისადმი მიერთებაზე, არამედ გაეროში ხმა არ მისცა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციას. რომელი ერთი ჩამოვთვალო? საქართველოს ხელისუფლება დევნიდა და ახლაც დევნის იმ ქართველი ოფიცრების ოჯახებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ არ დაუშვებდნენ თბილისში „მაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელებას. ეს აშკარად კრემლის მაამებელი განცხადებებია.

ასეთი მოქმედება ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქართველების 100% უკრაინას მხარს უჭერენ. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთმა მოქმედებამ განაპირობა საქართველოს დღევანდელი პრორუსული მთავრობის არაპოპულარობა.

„ბი-ბი-სი“: რამდენ ხანს აპირებთ უკრაინაში მუშაობას და გეგმავთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

მიხეილ სააკაშვილი: რა თქმა უნდა, მე უკრაინაში დროებით ვარ და საქართველოში დავბრუნდები, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ უკრაინელთა დასახმარებლად. აქვე ვიტყვი, რომ უკრაინის რეფორმირება ტალანტიური, ენერგიული, საქმისმცოდნე უკრაინელი მოქალაქეების ამოცანაა, რომლებიც აქ ძალიან ბევრია – უფრო მეტი, ვიდრე თავის დროზე საქართველოში იყო.

«Press TV» (ირანი), 20 თებერვალი, 2015 წელი

http://www.presstv.ir/Video/2015/02/19/398187/Georgia-demands-Saakashvilis-extradition

საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოსთხოვა

19 თებერვალს ირანის სახელმწიფო ტელეკომპანია «Press TV»-ის ეთერში გადაიცა საკუტარი კორესპონდენტის სვეტლანა ალიმოვას რეპორტაჟი თბილისიდან, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:

„ქართველმა ხალხმა სერიოზული საბაბი აქვს, რომ უკრაინის მოვლენებს მეტი ინტერესით დააკვირდეს: ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის გადაცემასაც თბილისი ითხოვს ჩადენილი დანაშაულებების გამო, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი გახდა და რეფორმების გატარების საკითხში საერთაშორისო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებსაც შეასრულებს.

როგორც საქართველოს მმართველ პარტიათა კოალიციამ, ასევე სხვა პარტიებმაც მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტი უარყოფითად შეაფასეს და უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმეს.

ქართველი ხალხს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის პროვოცირება მოახდინა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 17 თებერვალს უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა, თუმცა კიევმა თბილისს უარით უპასუხა. ამასთან, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არაა მიღებული და საკითხი განხილვის პროცეშია.

ქართველი ექსპერტები [კახა კუკავა და სოსო ცისკარიშვილი] მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი საქართველო-უკრაინის ურთიერთობის გაუარესება არ უნდა გამოიწვიოს. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ ექს-პრეზიდენტის მიერ მიცემული რღცევები და რეკომენდაციები მაინცდამაინც სასარგებლო ვერ იქნება და უფრო მეტად სახიფათოა უკრაინის ხელისუფლებისა და ხალხისათვის.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გავლენიანმა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა „სამწუხარო, მაგრამ არატრაგიკულ ფაქტად“ შეაფასა. საქარღთველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი დაიბარა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა. საქართველოს მომქდმა პრეზიდენტმაც რეაგირება მოახდინა და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება „უხერხულ სიტუაციას“ ქმნის.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ გავლენას მოახდენს მიხეილ სააკაშვილის კარიერა ბოლო დრომდე მეგობრული სახელმწიფოების – უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე.

«EurasiaNet» (აშშ), 19 თებერვალი, 2015 წელი

http://www.eurasianet.org/node/72151

აღმოსავლეთ უკრაინა და აფხაზეთი: პარალელები

მაიკლ ჩეჩირე

მინსკის მეორე მოლაპარაკების შედეგებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მხოლოდ დროებით ზომადაა მიჩნეული და ეს ასეცაა, რადგან რუსეთის მიზნები უფრო შორს მიდის. საბოლოო ჯამში კრემლმა დონბასში (აღმ.უკრაინაში) კიდევ ერთი ტაქტიკური უპირატესობა მიიღო. საერთოდ, ამგვარი ზავი მოსკოვისათვის რაიმე სიახლედ არ უნდა მივიჩნიოთ, რადგან უკვე საკმაო ხანია „ახლო საზღვარგარეთში“ მდებარე სეპარატისტული რეგიონისადმი მხარდაჭერის პრეცედენტი არსებობს, კერძოდ, 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტში (ადგილობრივ სეპარატისტებსა და საქართველოს რეგულარულ არმიას შორის), რომელშიც, დონბასის მსგავსად, რუსეთი თავის მონაწილეობას უარყოფდა.

ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინაში, აფხაზეთშიც ადგილობრივ სეპარატისტულ უმცირესობას სამხედრო ძალებით რუსეთი დაეხმარა, „მოხალისე-ვოლოტერების“ სახით, რომლებიც სინამდვილეში გამოცდილი, პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. მოსკოვის ასეთი მხარდაჭერის შედეგად აფხაზმა სეპარატისტებმა გამარჯვება მოახერხეს, თორემ რუსეთის გარეშე მათ საქართველოს არმია ადვილად დაამარცხებდა.

საყურადღებოა, რომ აფხაზეთში ვოლონტერების მასობრივი შესვლა ქართული სამთავრობო სამხედრო ძალების თავდაპირველმა წარმატებებმის ფონზე მოხდა. 1992 წლის ზაფხულის ბოლოს ათასობით ქართველი ჯარისკაცის აფხაზეთში ყოფნა სეპარატისტების სწრაფ კაპიტულაციას მოასწავებდა, მაგრამ რუსეთის შუამავლობით 1992 წლის სექტემბერში ცეცხლი შეწყდა და ზავი დაიდო. შეთანხმების პირობების ტანახმად, სეპარატისტთა სამხედრო ფორმირებები უნდა დაშლილიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სამშვიდობო ზავი რუსეთმა ტაქტიკური მანევრებისათვის გამოიყენა და ოქტომბერში ბრძოლები ახალი ძალით გაჩაღდა. სწორედ იმ ხანებში აფხაზეთში რუსეთიდან ძალიან ბევრი მოხალისე შევიდა, რომლებმაც ავტონომიის ჩრდილოეთი ნაწილი (გაგრის რაიონი) კვლავ გააკონტროლეს.

კონფლიქტის მხარეებს შორის, ისევ რუსეთის ჩარევით, მომდევნო სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად დროებითი ზავი 1993 წლის ივლისში დაიდო. მხარეებს უკან უნდა დაეხიათ, უნდა განხორციელებულიყო დემილიტარიზება (მძიმე იარაღის არგამოყენება), სიტუაციას კი საერთაშორისო დამკვირვებლები გააკონტროლებდნენ, გაეროს ეგიდით (უკრაინაში კი ეუთოს მისიის მეშვეობით).

სამწუხაროდ, სეპარატისტებისადმი რუსეთის მხარდაჭერა ვერანაირმა უცხოურმა მისიამ ვერ შეაჩერა: 1993 წლის დაზავება ყალბი მშვიდობა აღმოჩნდა. სექტემბრის ბოლოს ბრძოლებმა ახალი სიმწვავით იფეთქა და ქართული ჯარი იძულებული გახდა აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი დაეტოვებინა, ასი ათასობით ქართველი ლტოლვილად და იძულებულ გადაადგილებულ პირად იქცა, აფხაზეთში ეთნიკური წმენდა დაიწყო. სამწუხაროდ, ლტოლვილები და იძულებით დევნილები დღესაც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა ადგილზე დროებით აგებულ თავშესაფრებში.

აფხაზეთის გაკვეთილები დღევანდელი უკრაინისათვის აშკარაა: პრობლემის მოგვარება უმჯობესია პოლიტიკურ-დიპლომატიური მოლაპარაკებით მოხდეს, ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ ორივე მხარის ძალთა ბალანსით მიიღწევა. ამ თვალსაზრისით უკრაინა ნაკლებად პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, რადგან არმია ზედიზედ მარცხს განიცდის. შესაბამისად, უკრაინისათვის აჟამად არ არსებობს ისეთი ხელსაყრელი სიტუაცია, რომ მოლაპარაკებამ რაიმე პოლიტიკურ-დიპლომატიური დადებითი შედეგი გამოიღოს. [დებალცევოში გარკვეული წარმატების შემდეგ] დონბასის პრორუსულ ძალებს ახლა უკვე დამატებით სტიმული მიეცემათ მარიუპოლის ალყაში მოსაქცევად, აშკარაა, რომ ისინი მინსკის ზავის პირობებს არ დაიცავენ, მოსკოვი კი მათ, ბუნებრივია, არ შეაკავებს.

ასე რომ, ყოველ პაუზას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დგება, რუსეთი თავის სასარგებლოდ იყენებს და პრორუსულ ძალებს დახმარებას აწვდის. სამშვიდობო შეთანხმება რომ ეფექტური იყოს, უკრაინამ უნდა შეძლოს ინციატივა დაიბრუნოს და პრორუსულ ძალებს შეტევის იმპულსი ჩაუქროს.

————–

მაიკლ ჩეჩირე არის აშშ-ში, ფილადელფიაში არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი.

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 19 თებერვალი, 2015 წელი

http://www.ft.com/intl/cms/s/0/cfa4e440-b78c-11e4-8807-00144feab7de.html#axzz3S9cknOBc

საქართველო რუსეთის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილ შეთანხმებებში საფრთხეს ხედავს

„რუსეთმა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ (საქართველოსაგან გამოყოფილმა რეგიონმა) ოთხშაბათს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრების შესახებ. თბილისმა ევროპაში ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის გეგმების თაობაზე იმ ორი რეგიონის მიმართ, რომლისთვისაც საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს იბრძოდა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ქეთრინ ჰილე).

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთთან საზღვრების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ანალოგიური დოკუმენტი აფხაზეთთან მიმართებითაც იგეგმება. გარდა ამისა, მოსკოვს და ცხინვალს უკვე მზად აქვთ სამოკავშირეო და ინტეგრაციის ხელშეკრულებაც, რომელშიც გათვალისწინებულია სამხრეთ ოსეთის საზღვრების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების კონტროლი რუსეთის მხრიდან. ფაქტიურად, ეს იგივე შინაარსიის მქონე დოკუმენტია, რომელიც შარშან ნოემბერში აფხაზეთთან გაფორმდა.

საქართველომ რუსეთ-სამხრეთ ოსეთის შეთანხმების გაფორმების ფაქტი ნეგატიურად შეაფასა და განაცხადა, რომ ესაა „საზღვრების შეცვლის კიდევ ერთი მცდელობა რუსეთის მხრიდან“. „ჩვენ დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებს მოვუწოდებთ თანმიმდევრული სიმტკიცე გამოიჩინონ, რათა რუსეთმა უკან დაიხიოს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.

„მოსკოვი ამ ორ მცირე „დამოუკიდებელ რესპუბლიკასთან მიმდინარე მოლაპარაკებას თავისი გავლენის სფეროების აღდგენის კონტექსტში განიხილავს, რომელიც საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდა“, – წერს ქეთრინ ჰილე.

„სეთანხმების თავდაპირველმა ვერსიამ საქართველოში ეჭვები გამოიწვია იმ მიზეზით, რომ რუსეთს ამ ორი „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ ანექსირება სურს. ამ სავარაუდო საფრთხეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას აძლევდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის განცხადებები იმის შესახებ, რომ „ჩვენ შორის საზღვარი არ უნდა არსებობდესო“. რუსი ჩინოვნიკებმა შემდეგ განმარტეს, რომ ვლადისლავ სურკოვის განცხადება საზღვარზე ადამიანთა გადასვლის გაიოლებასა და სავაჭრო ბარიერების მოხსნას გულისხმობდაო, მაგრამ ეს მიზნები რამდენიმე წლის წინ დადებულ შეთანხმებებში უკვე მიღწეული იყო. ასე რომ, ასეთი მოქმედებანათლად აჩვენებს იმას, რომ რუსეთის ამოცანები ძნელად შესასრულებელი იქნება“, – აღნიშნულია სტატიაში.

„რუსეთი აცხადებს, რომ მას არ სურს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი ხელშემშლელი ბარიერი იყოს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენაში“, – ამბობს ვარვარა პარხომენკო, სამხრეთ კავკასიის საკითხების ექსპერტი საერთაშორისო ანტიკრიზისულ ორგანიზაციიდან, – მაგრამ ეს შეუძლებელია“. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ის, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ ხდება, უკრაინის პერსპექტივის მანიშნებელია, რომ იქაც იგივე მოხდება: „აღმოსავლეტ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ნამდვილად შემაშფოთებელია“, – ამბობს ლანა პარასტაევა, პოლიტოლოგი სამხრეთ ოსეთიდან, – უკრაინაშიც სიტუაცია ისეთნაირადვე დასრულდება, როგორც სამხრეთ ოსეთში დასრულდა – მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა და აპათიაში ჩავარდა“.

Comments are closed