globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 20th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): თბილისში ტელეარხ „რუსთავი-2“-ის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ევროპული ინტეგრაცია: როგორია საქართველოსა და უკრაინის ხედვა?

—————–

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 20 თებერვალი, 2017 წელი

http://www.bbc.com/russian/news-39021952

თბილისში ტელეარხ „რუსთავი-2“-ის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა

„ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მხარდამჭერ მიტინგში, რომელიც კვირას, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. „დავიცვათ სიტყვის თავისუფლება“, „რუსთავი-2“ ხალხს ეკუთვნის“, „ხელები შორს „რუსთავი-2“-საგან“ – ასეთი ლოზუნგები ჰქონდაც მიტინგის მონაწილებბს, რომელთა შორის იყვნენ ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები“, – ნათქვამია ვრცელ რეპორტჟში (ავტორი – ნინა ახმეტელი).

„ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ მთავრობას, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია“, – ხაზს უსვამს ავტორი ტელეარხის გენდირექტორის ზაალ უდუმაშვილის მიერ მიტინგზე გაჟღერებულ განცხადებას. საქმე იმაშია, რომ მალე უზენაესმა სასამართლომ ვერდიქტი უნდა გამოიტანოს ტელეარხის მფლობელის თაობაზე. ამ საკითხზე დავა უკვე წელიწადნახევარია მიმდინარეობს: „რუსთავი-2“-ის ყოფილი მფლობელი 2004-2006 წლებში ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ მას ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლებაზე უარი მაშინდელმა „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ იძულებით ათქმევინა. 2015 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ დავა მომჩივანის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც, ახლა ჯერი უზენაეს სასამართლოზეა.

თავის მხრივ, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა და ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის დაბრუნების მიზნით ქიბარ ხალვაშის მცდელობის უკან ხელისუფლების ინტერესებია გამოკვეთილი – ხელისუფლებისა, რომელიც ცდილობს კრიტიკის ჩახშობას და ტელეარხის გაკონტროლებას: „ჩვენ ბევრს არ ვითხოვთ – მხოლოდ სამართლიანობას“, – განაცხადა აქციაზე „რუსთავი-2“-ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ სიტყვის თავისუფლება კი არ უნდა დაიცვას, არამედ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს პრეცედენტიც უნდა შექმნას.

ავტორი ყურადღებას უთმობს ტელეკომპანიის როლს საქართველოში 2003 წლის ბოლოს მომხდარ ე.წ. „ვარდების რევოლუციაში“. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ მომდევნო პერიოდში ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ „რუსთავი-2“-ს მმართველი პარტია – „ერთიანი ნაცმოძრაობა“ აკონტროლებდა. Transparency International-ის მონაცემებით, 2004-2012 წლებში ტელეკომპანიამ მფლობელები თითქმის 20-ჯერ გამოიცვალა და ხშირად გარიგებებს საეჭვო ხასიათი ჰქონდა.

რეპორტაჟში გადმოცემულია მიტინგის ცალკეულ მონაწილეთა პოზიციაც: მაგალითად,   მოქალაქეები რიტა გრიგორიანი და ნაირა კობიაშვილი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ისინი „რუსთავი-2“-ს მხარს უჭერენ სიმართლისა და ობიექტურობის გამო: „ხელისუფლებას ტელეარხის გაკონტროლება და კრიტიკა ჩახშობა სურს. მთავრობას სურს, რომ ჩვენ არ გავიგოთ, თუ როგორ პრემიებს იღებენ და როგორ სასახლეებს იშენებენ. მთავრობას სურს, რომ ჩვენ თვალები დავიბრმავოთ, მაგრამ მათ ეს არ გაუვათ“, – ამბობენ საპროტესტო მიტინგის მონაწილეები.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ აქციას ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის პარლამენტის უმცირესობის ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.

„ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტს ესაუბრება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე: „თუ „რუსთავი-2“ მედიაბაზარს დატოვებს, ჩვენ მივიღებთ ერთპოლუსიან მედიასივრცეს, რაც კრიზისი და ავტორიატიზმია და შეიძლება დიქტატურასაც. ჩვენ რომ „რუსთავი-2“-ს ვიცავთ, ეს ნიშნავს, რომ ვიცავთ პლურალისტურ მედიასივრცეს – ორპოლუსიანს, მაგრამ პლურალისტულს… საკითხი ამ შემთხვევაში იმდენად ქიბარ ხალვაშსა და ნიკა გვარამიას არ ეხება, რამდენადაც სარედაქციო პოლიტიკას. რედაქციის დამოუკიდებლობის გარანტი ამ ტელეარხის ჟურნალისტები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაზე კარგად თვითონ ჟურნალისტებს ესმით. ამიტომაც მე მათ შეშფოთებას სიგნალად აღვიქვამ“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

———

„პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო მიტინგი გააშუქეს აგრეთვე სხვა უცხოურმა მედიასაშუალებებმაც: რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა – „ინტერფაქსმა“, „რია ნოვოსტიმ“, ამერიკულმა „ესოშეითედ პრესმა“, „რადიო თავისუფლებამ“, გერმანულმა რადიო „დოიჩე ველემ“… რაც შეეხება აქციის მონაწილეთა რაოდენობას, „დოიჩე ველე“, რუსულ „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით, იუწყება, რომ მიტინგში 30 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდაო (წყაროები: http://www.dw.com/uk/a-37625541, http://www.interfax.ru/world/550529).

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/european-integration-and-the-view-from-the-eastern-europe/3729888.html

ევროპული ინტეგრაცია: როგორია საქართველოსა და უკრაინის ხედვა?

ანი ჩხიკვაძე

ამერიკულმა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად, ბალკანეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან – საქართველოდან და უკრაინიდან საპარლამენტო დელეგაციებს უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოდან „ქართული ოცნების“ დეპუტატი კახაბერ კუჭავა და „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ელენე ხოშტარია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს თემაზე, თუ რას ელოდებიან ეს ქვეყნები დასავლეთისგან, როგორია ევროინტეგრაციის მომავალი და როგორი უნდა იყოს ბრიუსელის და ვაშინგტონის მიდგომა რეგიონისადმი – არსებული კრიზისების გათვალისწინებით.

ევროპა საიმიგრაციო კრიზისთან და ბრიტანეთის მიერ გაერთანების დატოვებასთან ერთად, პოპულიზმის აღზევებას განიცდის. ძლიერდება პოპულისტი და რადიკალი მემარჯვენე პარტიების მხარდაჭერა საფრანგეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. შეშფოთებას, გერმანიასა და საფრანგეთის მომავალი არჩევნების კვალდაკვალ რუსეთის საკითხი იწვევს.

„არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და როდესაც თავისუფალ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, თუ როგორია იმ ქვეყნების წარმომადგენლების მოსაზრება ვინც ევროპისკენ მიისწაფიან“, – აღნიშნა ალინა პოლიაკოვამ. იგი ატლანტიკურ საბჭოში ევრაზიის ცენტრის დირექტორის მოადგილეა.

ვაშინგტონში მოსკოვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხი მთავარ განსახილველ საკითხთა შორისაა. ამერიკის კონგრესი აშშ-ის ადმინისტრაციასა და რუსეთის კავშირების შესწავლას გეგმავს. ამ დროს, თუ როგორ პოლიტიკას აირჩევს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კრემლის მიმართ, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. ევროპაში შიშობენ, რომ მომავალ არჩევნებზე მოსკოვი შესაძლოა შეეცადოს პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე გავლენა მოახდინოს. აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნები და ბალკანეთის ქვეყნები ამ პროცესს ყურადღებით აკვირდებიან.

„საქართველო ცდილობს უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და NATO-ს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უფრო წინ წავალთ ამ გზაზე. ჩვენ მივყვებით ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს, ჩვენ გვაქვს გამოწვევები, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება და სწრაფი ზრდა, რომლისთვისაც საჭიროა მშვიდობა არა მარტო ქვეყანაში, არამედ რეგიონში. ჩვენ ვცდილობთ პროგრესისკენ ნაბიჯის გადადგას, ჩვენ გვაქვს გამოწვევები, რომლის გადალახვასაც მოვახერხებთ“ – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

„ამერიკის ხმის“ კითხვას, მიიჩნევს თუ არა „ქართული ოცნება“ პრობლემურად პრორუსული ძალების მიერ საქართველოში პოპულარობის ზრდას და პრორუსული პარტიის პარლამენტში შესვლას იმ ფონზე, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას აშფოთებს მთავრობის მიერ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება და ასევე, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ რუსული გავლენის შესამცირებლად, კახაბერ კუჭავამ განაცხადა: „ფაქტია ის, რომ პატრიოტთა ალიანსის ოთხმა წარმომადგენლმა ორპარტიულ ინიციტივას ევროინტეგრაციის შესახებ მხარი დაუჭირა“. რაც შეეხება რუსეთის გავლენის ზრდას, მისი თქმით, „ეს [რუსული გავლენის ზრდა] გლობალური ტრენდია და საჭიროა ამასთან ერთიანი ძალებით ბრძოლა“. „გაზპრომის“ თაობაზე დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს იყო „არსებული ხელისუფლების მოლაპარაკება“ და საქართველოს ენერგორესურსები „ამ კომპანიაზე არ არის დამოკიდებული“.

საუბარი ასევე შეეხო საკითხს, თუ რამდენად შესაძლებელია ველოდოთ რეფორმების გაგრძელებას რეგიონში ისეთ სიტუაციაში, თუ ევროკავშირსა და NATO-ში წევრობის დაპირება არ იქნება განხილვის საკითხი.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ვაშინგტონელ კოლეგებთან აღნიშნა, რომ „საქართველო განაგრძობს და გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებას, რათა დარჩეს დემოკრატიული განვითარების მაგალითი რეგიონში.“

თავის მხრივ, ახალი პარტიის „მოძრაობა თავისუფლებისკენ – ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ საჭიროა დასავლეთთან უფრო აქტიური მუშაობა:

„აღმოსავლეთ ევროპაში, როდესაც დემოკრატიული რეფორმების ტალღა ვიხილეთ, თქვენ იცით, რომ ეს პირდაპირ უკავშირდებოდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მშვიდობას და უსაფრთხოებას. შემდეგ, შემდეგი ტალღა ვიხილეთ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც დემოკრატიული რეფორმები მოიტანა და ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, შევინარჩუნებთ თუ არა ამ რეფორმებს… თუ გვსურს რეფორმების შენარჩუნება, უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნება ევროატლანტიკურ სივრცეში, ამისთვის საჭიროა იმის გაანალიზება, რომ ეს ქვეყნები ამ სივრცის ნაწილი არიან, როგორც პირველი ან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ცივი ომის შემდეგ მოხდა… პრობლემის არსი არის ის, რომ რუსეთს აქვს კოჰერენტული სტრატეგია და თანმიმდევრული პოლიტიკა, რაც მდგომარეობს მისი გავლენის გავრცელებაში, რაც ჩვენ ჩვენს რეგიონში ვნახეთ და ახლა აქ ვხედავთ…მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს პოლიტიკური ფასი არ გადაუხდია ამისთვის… [მოსკოვი] ცდილობს იმის ჩვენებას, რომ ის [რუსეთი] ტრადიციული ღირებულებების დამცველია მაშინ, როდესაც [კრემლი] გვეუბნება, რომ დასავლეთი ჩვენს ღირებულებებს ძირს უთხრის. დასავალეთს არ აქვს ერთგვაროვანი ხედვა. საჭიროა გამოკვეთილი სტრატეგიის არსებობა… ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვწუწუნებთ. პირიქით, ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშავოთ პარტნიორებთან, ვიყოთ ამბიციურები და ვაჩვენოთ, რომ ვართ ამ სივრცის ნაწილი და ვართ ერთგულნი საერთო ღირებულებების“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

უკრაინის უმაღლესი რადის წარმომადგენელმა, პარტია „სამაპომოშიდან“ ოლენა სოტნიკმა ისაუბრა უკრაინის მაგალითზე და აღნიშნა, რომ უკრაინის შემთხვევაში დასავლეთს უნდა ესმოდეს ის, რომ რეფორმების განცხორციელების ტემპი და შესაძლებლობა ბევრ რესურს მოითხოვს. „საჭიროა, იმის გაცნობიერება, რომ ამისთვის დრო და რესურსებია საჭიროა“, – განაცხადა ოლენა სოტნიკმა. მისი თქმით უკრაინის ისტორიის მანძილზე, მაიდანის რევოლუცია პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყანამ რეალურად გადაწყვიტა გაყოლოდა ევროინტეგრაციის გზას. „ეს იყო იმის მცდელობა, რომ თავი დაგვეღწია რუსეთისგან… და წავსულიყავით ევროპისკენ, – აღნიშნა მან. „უკრაინაში რეფორმების კუთხით შიდა, სამოქალაქო საზოგადოების წნეხი არსებობს. თუმცა დასავლეთიდან მხარდაჭერის ჩვენება საჭიროა. პრო რუსული ძალები თამაშობენ მოლოდინებით [ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით] და ჩვენ გვჭირდება სიგნალი იმისა, რომ უკრაინა პარტნიორია და რომ თანასწორი პარტნიორია“, – თქვა მან.

საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები ვაშინგტონიდან კალიფორნიაში გაემგზავრებიან. ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

Comments are closed